მერი მაცაბერიძე - სტატია

„სხვათა შორის, რომ არ დაგავიწყდე“… – II

, , ,

(პეტრე ოცხელის კვალდაკვალ)

II  ნაწილი

თამარ (თათული) ღვინიაშვილი (1924-2024), ნინო ოცხელის უახლოესი მეგობრის – ბარბარე (ბაბო) დადიანის[1] ქალიშვილი, ჩემთან საუბარშიიხსენებდა, რომ პეტრე ოცხელის დაპატიმრების შემდეგ დეიდა ნინა წელიწადში ერთხელ ტრადიციულად შინ აწყობდა ძმის ნამუშევრების გამოფენას. იწვევდა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებსა და თეატრმცოდნეებს.  თათული ღვინიაშვილის მოგონებები ღირებული ინფორმაციაა მხატვრის ბიოგრაფიის შტრიხების შესავსებად. გთავაზობთ ამ მოგონებებს, რომელიც პირველად ქვეყნდება.

* * *

დეიდა ნინა, პეტრე ოცხელის და, დედაჩემის, ბარბარე (ბაბო) დადიანის   ახლო მეგობარი იყო; უფრო მეტიც – მირონით ნათესავიც.  დედაჩემი ნინას ქალიშვილის – მარინას ნათლია იყო. მინდა, ის საოცრად საინტერესო საღამოები გავიხსენო, პეტრეს დაპატიმრების შემდეგ დეიდა ნინა წელიწადში ერთხელ ძმის ნამუშევართა გამოფენებს რომ მართავდა სახლში.  ეს იყო ნამდვილი ზეიმი და ამ საზეიმო განწყობას ქმნიდნენ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები. 

ქალბატონმა თათულიმ ვერ გაიხსენა შეხვედრების თარიღი, თუმცა ამ ცოტა ხნის წინ თეატრმცოდნე ნინო შვანგირაძის პირად არქივში წავაწყდი ნინო ოცხელის მოსაწვევს შვანგირაძისადმი.[2]   მოსაწვევი დათარიღებულია 1971 წლის 27 ივნისით. ჩემი აზრით, რაკი გამოფენებს ყოველწლიური სახე ჰქონდა და იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ოცხელები კონფესიით კათოლიკეები იყვნენ, იულიანური კალენდრის მიხედვით, ეს უნდა ყოფილიყო დაკავშირებული კათოლიკური ეკლესიის დღესასწაულთან – „თავთა მოციქულთა“, პეტრე-პავლეს ხსენების 29 ივნისის დღესთან.[3] 

სტუმრებისთვის მთავარი მოსაგონარი, რა თქმა უნდა, პეტრე ოცხელი იყო. ყველაზე კარგად მახსოვს – ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი, ვასო გოძიაშვილი, პიერ კობახიძე, გრიშა კოსტავა, დავით მაჭავარიანი, თამარ ვახვახიშვილი, ქიზიყელი ვასო გოძიაშვილი, რომელიც გამორჩეულად ენამოსწრებული იყო.  რა თქმა უნდა, ყოველთვის მოდიოდა გრიშა (გრიგოლ) კოსტავა.[4] იგი მაშინ მედეა ჯაფარიძის ქმარი იყო.

შეხვედრებზე თავიდან რამდენიმე წამით აბსოლუტური სიჩუმე ჩამოვარდებოდა. არავინ  იღებდა ხმას. შემდეგ ვერიკო ანჯაფარიძე იწყებდა სევდიან საუბარს, იხსენებდა პეტრეს. ვასო აჰყვებოდა და შეიქმნებოდა რაღაც განწყობა. მერე დანარჩენებიც ახმაურდებოდნენ. ხანდახან სესილია თაყაიშვილი და ვერიკო შეკამათდებოდნენ, რაღაცაზე ვერ თანხმდებოდნენ. ჰყვებოდნენ, როგორ ხუმრობდა პეტია რეპეტიციებზე, კულისებში – შესვენების დროს, დასთან. როგორ აშარჟებდა თავის სატანჯველ ორთოპედიულ კორსეტს, რომლის ტარებაც უწევდა.

 ვერიკო მუდამ ერთი და იმავე სავარძელში ჯდებოდა ღრმად და აღფრთოვანებით ლაპარაკობდა პეტრეზე. ლაპარაკობდა მშვიდად და წყნარად. იხსენებდა პეტრეს როგორც თავმდაბალ, მაღალი კულტურის, ღრმა აზროვნების ახალგაზრდას. მუდამ ხაზგასმით იგონებდა ივდითის კოსტიუმს („ურიელ აკოსტა“); ხელოვნების ნიმუშად თვლიდა. ამბობდა, რომ ჩავიცვი, იმდენად მომეწონა ჩემი თავი სარკეში, თვალებს არ ვუჯერებდი. ივდითის სამოსი ისე მომერგო, რომ  მაშინვე როლში შევედი, სრული გარდასახვა, განსხეულება განვიცადეო.  

გიორგი შავგულიძეც მახსოვს. ჟორა მეტად თავშეკავებული და თავაზიანი ადამიანი იყო. პეტრე ოცხელი მისი ვაჟის, შემდგომში მოქანდაკის – ნუკრის ნათლია ყოფილა. მგონი, სახელიც – ნურადინი – მან დაარქვა. აი, სერგო ზაქარიაძე არ მახსენდება ამ შეხვედრებზე; არადა, ისეთი პიროვნება იყო, მისი დავიწყება შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა, თუ არ ვცდები, პეტრემ სერგოსა და მერი ქორელის ახალდაბადებული ვაჟისთვის – გურამისთვის (გუგა) ბავშვის ორიგინალური, ორნამენტებიანი ხის საწოლის ესკიზი დახატა.

ქ-ნი თათული ნამდვილად არ ცდება. გთავაზობთ ამონარიდს სერგო ზაქარიაძის მიერ მერი ქორელისადმი სამშობიაროში გაგზავნილი წერილიდან „…პეტია ოცხელმა უკვე გააკეთა ესკიზი საწოლის, მაგრამ ეხლა თეატრში ისეთი არეულობა არის, რომ მრცხვენიან ვინმეს რამე ვთხოვო“… [5]

სტუმრად მოსულები იხსენებდნენ ყველა წვრილმანს; მაგალითად, როგორ უყვარდა პეტრეს გადაჭარბებულად მარილიანი საჭმელი ან რა შენიშვნებს აძლევდა მსახიობებს; ჰყვებოდნენ, რა ხდებოდა რეპეტიციების დროს, როგორ ბრაზობდა პეტრე, რატომ მოსწონთ ყველაფერი, რასაც ვაკეთებ; ნუთუ ყველაფერი მოსაწონიაო.

რაც მთავარია, იგონებდნენ მარჯანიშვილის დამოკიდებულებას პეტრეს მიმართ. იხსენებდნენ, როგორ უყვარდა კოტე მარჯანიშვილს იგი. კოტეს მუდმივი საფიქრალი პეტრეს ჯანმრთელობა იყოო. პლანეტარულს ეძახდა მის თეატრალურ მხატვრობას. მარჯანიშვილი კი არა, რიგითი ქართველი გლეხიც კი მიხვდებოდა, რომ პეტრე გენიოსი იყო.

ამ საღამოებიდან განსაკუთრებით დავით (ტუზიკა) მაჭავარიანის  მოგონებებიც დამამახსოვრდა.

რადგან სიტყვამ მოიტანა, გთავაზობთ ამონარიდს დავით მაჭავარიანის გამოუქვეყნებელი მონოგრაფიიდან –  „კოტე მარჯანიშვილი“. [6]

… „განსაკუთრებული მეგობრული სიყვარული და სიახლოვე მქონდა ე. ახვლედიანთან. მაგრამ არანაკლებ მიყვარდა ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი, ხოლო ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მეგობარი, უნიჭიერესი მხატვარი პეტრე ოცხელი – ჩვენი პეტია, პეტუშოკი, ასე ვეძახდით მას. ეს იყო წმინდა წყლის ბავშვი, მხიარული, ოხუნჯობის მოყვარული. მოხითხითე. როგორი შეუთავსებელია ყოველივე ეს მის მძლავრ ხელოვნებასთან მხატვრობაში!

მაშინაც კი, როდესაც ავად იყო, მას სპონდილიტი დაეწყო და ექიმები აიძულებდნენ სამედიცინო კორსეტი ეტარებინა, რომელიც აგრერიგად აწუხებდა, მაინც არ წუწუნებდა. აქაც მოიძებნა რაღაც სასაცილო..

ერთხელ ზაფხულში ჩვენი თეატრი დასასვენებლად და ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად, ხაშურში გაემგზავრა. მე და პეტიას ყოველთვის, როდესაც კი თბილისიდან სადმე მივემგზავრებოდით, ერთ ოთახს გამოგვიყოფდნენ ხოლმე. ღამე კორსეტს აივანზე ვკიდებდით.

ერთხელაც, როდესაც თეატრში მივიჩქაროდით, ფაცი ფუცით ჩავიცვით. როდესაც მივედით სამსახურში, შევამჩნიე, რომ პეტია გამუდმებით წრიალებს, თითქოს რაღაც ძალიან აწუხებს.  მე გადავწყვიტე, რომ იმ პაპანაქებაში განსაკუთრებით ძნელია კორსეტის მარწუხებში ყოფნა. ასე ჩაიარა მთელმა დღემ. მეორე დილით მესმის, რომ პეტრე აღელვებული მეძახის. და რას ვხედავ? მთელ კორსეტს ბაღლინჯოები დასევია. როგორც ჩანს, ისინი უკვე კარგა ხანია მყუდროდ მოკალათებულიყვნენ სახლში. იქ უკვე ბაღლინჯოების ახალი თაობაც ჩანდა.

იუმორის გრძნობა მას არასდროს ტოვებდა. ერთხელ მიდის თავის დასთან, ნინასთან ერთად ქუჩაში.  ისინი მდუმარედ მიუყვებოდნენ გზას. მათ წინ მიმავალი ორი მამაკაცი კი საკმაოდ ხმამაღლა დედას იგინებოდა. როდესაც პაუზა ჩამოვარდა, უცბად პეტრემ დას ჰკითხა: – „ჰო, მართლა, დედის გახსენებაზე. რატომ არ გვწერს დედა ასე დიდ ხანს“ ? მათი დედა მაშინ მოსკოვში ცხოვრობდა.

მახსოვს ჩვენი ყოველდღიური ხუმრობა. ქუთაისის თეატრის გვერდით იდგა დიდი სახლი, რომელიც ოდესღაც პეტიას და მის ნათესავებს ეკუთვნოდათ. ეს სახლი თეატრს მიუერთეს, საერთო   კედელში კი კარი გაჭრეს.  კარიდან უზარმაზარ ოთახში ვხვდებოდით, რომლის კუთხეში განთავსებული კიბე ზედა სართულებში ადიოდა.  ამ დარბაზში ყოველ დილით მე ვატარებდი გაკვეთილებს მთელ სამსახიობო დასთან, თავად ცეცილია წუწუნავასთანაც კი, მოკლე ქვედა კაბაში. ვისაც ახსოვს იგი, ადვილად წარმოიდგენს ამ სურათს.  ვინც გაკვეთილზე არ გამოცხადდებოდა ან დააგვიანებდა, მათ კ.ა.[7]  სასტიკად  სჯიდა ხოლმე.  ერთხელ გაკვეთილზე კ.ა.-ს ქალიშვილმა, ირინა დონაურმა, დააგვიანა, რომელიც თეატრში მასთან ერთად მოვიდა. კარი უკვე ჩაკეტილი მქონდა. მე იგი არ შემოუშვი, რის გამო კ.ა-ამ ძალიან შემაქო.

დილაობით, თავის სახელოსნოში მოსახვედრად, პეტრეს ჩემი კლასი უნდა გაევლო და კიბით ასულიყო მეორე სართულზე.  როდესაც   კიბის პირველი სართულის ბაქანზე ავიდოდა ხოლმე, ჩერდებოდა, მე კი დავალებას ვაძლევდი „მოსწავლეებს“. ვაიძულებდი მათ ჯერ გაეკეთებინათ Plie , შემდეგ კი წინ გადმოხრილიყვნენ, რათა  რაც შეიძლება მდაბლად დაეკრათ  თავი, პეტიას კი ხელით ვანიშნებდი, ხომ ხედავ, შენ ყველა გეთაყვანება-თქო!!!

აქამდე მიჭირს დაჯერება, რომ  აღარ არის ესოდენ სიცოცხლის მოყვარული, კრისტალურად პატიოსანი და სუფთა ადამიანი და ჩვენ მას ვერასდროს ვეღარ ვიხილავთ“. 

  დავუბრუნდეთ ისევ თათული ღვინიაშვილის მოგონებებს.

ერთ ხანს პეტრე მოსკოვში იყო, რასაც ნინა ძალიან განიცდიდა. განუყოფელი იყო ძმისგან. თითქოს ტყუპები იყვნენ.  ძალიანაც ჰგავდნენ ერთმანეთს. დეიდა ნინა მუდამ დარდობდა პეტრეზე განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მას ხერხემლის ტუბერკულოზი დაუდგინდა. 

დედის წასვლის შემდეგ კიდევ უფრო მეტად ზრუნავდა ძმებზე.

ერთ ინტერვიუში ნინა ამბობდა – ჩვენთვის, ბავშვებისთვის, უმძიმესი პერიოდი იყო; სკოლიდან დაბრუნებულებს დედა აღარ გვხვდებოდა და მამა საოცრად მოწყენილი იყოო. თუმცა, ჩვენთან იმასაც ამბობდა, რომ მამაჩემისთვის ყველაზე დიდი განსაცდელი მაინც 1937 წელს პეტრეს  უგზო-უკვლოდ გაქრობა იყოო. 

დეიდა ნინა იგონებდა, რომ პეტრე ბავშვობაში საოცრად საყვარელი, ჩუმი, წყნარი, ამავე დროს „шустрый мальчик“ – (ხშირად ამბობდა ამას დეიდა ნინა) იყო; სხარტი, იუმორით სავსე, მაგრამ საქმეში უაღრესად დაფიქრებული, სერიოზული და პასუხისმგებლობიანი. თუმცა სწრაფად ეცვლებოდა, თურმე, გუნება-განწყობა.  თუ რაიმე ისე არ გამოდიოდა, როგორც უნდოდა,  თავის თავში იკეტებოდა.  მარტოობაც უყვარდა, თურმე –  ამ დროს ყოფილა ყველაზე თავისუფალი და ბედნიერი.

დეიდა ნინა იგონებდა, რომ ფიქრებში წასულ პეტიას ხელში მუდამ ფანქარი ეჭირა და გაუჩერებლად ხატავდა. ჯერ კიდევ ბავშვი ჩანახატებს აკეთებდა.  საოცრად ბეჯითი, შრომისმოყვარე ყოფილა. თეატრიდან მოსული სახლშიც თავაუღებლად მუშაობდა, თურმე.  თავდავიწყებით ცეკვაც ჰყვარებია.  მუსიკალური მეხსიერება, სმენა, რიტმის შეგრძნებაც ძლიერ განვითარებული ჰქონია. ყოვლად შეუძლებელია, რომ არ ყოფილიყო მუსიკალური. დედამისსაც ჰქონდა რაღაც კავშირი მუსიკასთან; მგონი, ფორტეპიანოზე უკრავდა.

 პეტრე მუდამ ჩაფიქრებული ყოფილა. გარშემო ვერაფერს ამჩნევდა და ქუჩაში ადამიანებს ლანდებად აღიქვამდა, თურმე.   როგორც ჩანს, ბევრს ფიქრობდა. მის გონებაში ტრიალებდა ის, რაც შემდეგ ქაღალდზე უნდა გადაეტანა.

დეიდა ნინა პეტრეს  ხშირად ახსენებდა- „Мой Петушок, так умел„ – დაამატებდა ბოლოს რუსულად.   ასეთი ჩვევა ჰქონდა – ხუთ სიტყვას ქართულად რომ იტყოდა, ათს რუსულად დაამატებდა.

ისიც მახსოვს, დეიდა ნინა სარკეში რომ ჩაიხედავდა, თან დააყოლებდა – „Петушок, петушок как я похожа на тебя“.  პეტრეს ფოტოები საწერ მაგიდაზეც ედო და სასადილო ოთახშიც ეკიდა. უფრო მეტად მისი ნახატები ჰქონდა გამოფენილი.

დეიდა ნინა იხსენებდა, რომ ვერიკო ანჯაფარიძეს აღმერთებდა პეტრე. ქალის იდეალად თვლიდა. განსაკუთრებული ახლო მეგობრობა და პატივისცემა ჰქონია მსახიობ მერი ქორელთანაც; მოსკოვიდან წერილებსა და ამანათებსაც  უგზავნიდა მას, თურმე. 

ერთხელ ვკითხე დეიდა ნინას, პეტრეს ვინმე თუ მოსწონდა ან უყვარდა-მეთქი. არ ვიცი, არასდროს მიკითხავსო, მიპასუხა და იქვე დააყოლა – მგონი, მისი შეყვარებული თეატრი იყოო.

დეიდა ნინასგან გავიგე ისიც, რომ პეტრე დედის წასვლას ძალიან განიცდიდა.  თურმე, ქალი მაინც და მაინც შვილების ამბავს არც კითხულობდა.

პეტრეს მამა – გრიგოლ ოცხელი ნაკითხი ადამიანი იყო. წიგნიც ქონია დაწერილი საქართველოში ვაჭრობის განვითარებაზე; რევოლუციამდე თავადაც წარმატებული, შეძლებული ვაჭარი იყო. საერთოდ გულჩათხრობილი, ცოტა დეპრესიული ადამიანი გახლდათ, მაგრამ ავადმყოფებისა და მეზობლების მიმართ ძალიან გულისხმიერი. ისინიც დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ. მალარიის წამალს ამზადებდა გრიგოლი. მაშინ მალარია მძვინვარებდა.

მეც ხშირად მივდიოდი მათთან სწორედ იმიტომ, რომ მალარია მაწუხებდა და გრიგოლი თავის დამზადებულ ანტი მალარიკს მაძლევდა. მერე დამსვამდა ხოლმე და ვსაუბრობდით. აინტერესებდა, სკოლაში რა საგნებს ვსწავლობდით.  მაგალითად, ქართულში რას გავდიოდით. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ვაჟა-ფშაველასადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა,  მეკითხებოდა, აბა, ვაჟა-ფშაველასი რა ისწავლეთო.  ძალიან ბრაზობდა აკაკი წერეთელზე, 1913 წელს გაზეთ  „თემში“ რომ გამოაქვეყნა: „ენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო მაღალ მთისაო, თუმც კი გვითესავ მარგალიტს, მკითხველიც იმას მკისაო“…

თვალწინ მიდგას დღესაც პეტრეს მამა – კეთილი, კულტურული, ძალიან გულჩათხრობილი. ცოტა ჯმუხი, ტრაგიკული ბედის კაცი… გაკოტრდა, მეუღლე გაშორდა, უფროსი ქალიშვილი – ნატაშა პეტრეს დაპატიმრებამდე სისხლის მოწამვლით გარდაეცვალა. პეტრე გააქრეს, ნაბოლარა ლევანი კი სამამულო ომში წავიდა და დაიკარგა. ტყვეობიდან დაბრუნებულმა ლევანმა, მგონი, მამას ცოცხალს ვეღარც ჩამოუსწრო.  ფაქტობრივად, ოთხი შვილიდან მის გვერდით მხოლოდ ნინა დარჩა…

პეტრე კი, პეტია, მისი საამაყო შვილი, სიცოცხლის ბოლომდე მოუნელებელ ტკივილად დარჩა მამისთვის…

საუბარი ჩავიწერე 2016 წლის  აგვისტოს თვეში, აგარაკზე, დაბა წყნეთში, სადაც ქალბატონი თათული თავის შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ისვენებდა.


[1]  ბარბალე (ბაბო) დადიანი, 1903-1999. URL.

[2] ნ. ოცხელის მოწვევის წერილი ნ.შვანგირაძისადმი. 1971, თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი, ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა ფონდი, ს- N858.

[3] მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღე ახალი სტილით – 12 ივლისს აღინიშნება.

[4] გრიშა კოსტავა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი

[5].სერგო ზაქარიაძის პირადი არქივი. 1932, თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი. ფონდი-1,საქმე- 115, ხ-20865, 25692;

[6]დავით მაჭავარიანის პირადი არქივი, მონოგრაფია-კოტე მარჯანიშვილი, უთარიღო,  გვ. 75,76,78. თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი, ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა ფონდი-1,საქმე-762/720N#15-ა(2) ხ.-20 639/5;21511; თარგმანი რუსულიდან მ.მ.

[7]კ.ა. – კოტე ალექსანდრეს ძე-მარჯანიშვილი

სრულად: I ნაწილი

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…