ვფიქრობ, ერთი-ორი, ან მაქსიმუმ სამი-ოთხი სიტყვით როგორ შევაფასო ან წარვუდგინო მკითხველს ქალაქის თეატრში გიორგი ჯამბურიას მიერ დადგმული სპექტაკლი „ბერსერკები II – მზიანი მხარე“ და თავში იმდენი ეპითეტი და ზედსართავი სახელი მომდის, რომ ვერაფრით ვართმევ თავს ჩემ მიერვე „შემოგდებულ“ გამოწვევას.
წარმოგიდგენიათ?! სპექტაკლი ოთხ საათს გრძელდება (ერთი შესვენებით) და მე საკმაოდ დაღლილს, არ დამძინებია, გაგიკვირდებათ და არც ჩამთვლემია ბნელსა და თბილ პარტერში (სცენაზეც ბჟუტავდა შუქი და შექმნილი ინტიმური გარემო სიმშვიდისთვის განგაწყობდა, მაგრამ ვინ გაცალა, სცენაზე ისეთ ნაკვერჩხალს აღვივებენ მსახიობები, რომ ოთხი საათის განმავლობაში არ ნელდება). ისეთი ძალითა და ემოციით მოედინება მსახიობთა მიერ ხან რიხიანად, ხანაც მგზნებარებით წარმოთქმული ტექსტი სცენიდან თუ პარტერიდან, რომ მოდუნების შანსიც არ გაქვს. ენერგია უშრეტი, ნიჭიერი და ტემპერამენტმოზღვავებული „ბერსერკები II“-ის მსახიობები: მათე ხიდეშელი, სოფიკო გვიმრაძე, გვანცა ენუქიძე, მარიამ გაბუნია, ეთო ალექსაშვილი, თემო რეხვიაშვილი, ბექა ხაჩიძე, ნინი იაშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე – მოსვენებას არ გაძლევენ, პირისპირ მოგმართავენ, უშუალოდ გეხებიან და ბევრს ყვირიან, მაგრამ უცნაური ისაა, რომ მათი ხმამაღალი მონოლოგები არ გიხშობს სმენას, არ გაღიზიანებს, როგორც ბოლო პერიოდის ქართულ თეატრში დადგმული სპექტაკლების უმრავლესობაში, სადაც მთელი ძალ-ღონით გაჰკივიან მსახიობები, გაუმართლებლად, უმიზეზოდ.
„ბერსერკები II – მზიანი მხარე“ (პროდიუსერები: მარიამ პაიჭაძე, ლიზი ტყეშელაშვილი) გიორგი ჯამბურიამ ქეთი ნიჟარაძის პროზის მიხედვით სპექტაკლში მონაწილე მსახიობებთან ერთად დადგა. ერთად-თქო, იმიტომ ვთქვი, რომ შეგრძნება გრჩება, მსახიობები მხოლოდ რეჟისორის მითითებებს კი არ მიჰყვებიან, მხოლოდ შემსრულებლები კი არა, თანაავტორებიც არიან; ისინი მოიაზრებიან როგორც ინდივიდი-მოქალაქე-არტისტები. სპექტაკლში პროფესიონალებთან, ცნობილ და ნაკლებად ცნობილ (ნაკლებად აქტიურ) მსახიობებთან ერთად არაპროფესიონალებიც მონაწილეობენ, თუმცა ზღვარი მათ შორის წაშლილია. გიორგი ჯამბურიას სპექტაკლში მნიშვნელობა არ აქვს სასცენო მეტყველების კულტურის ხარისხს (არადა, ეს წუნი აქ ნათელია, მაგრამ პრინციპულად უმნიშვნელო განსხვავებით სხვა სპექტაკლებისგან). მთავარია, როგორ ურთიერთობს მსახიობი მაყურებელთან, სცენურ პარტნიორთან.
„ბერსერკები II – მზიანი მხარე“ გაგრძელებაა 2022 წელს, თეატრში „ჰარაკი“ დადგმული ჰაინერ მიულერის „მისია“ (თარგმანი და დადგმა გიორგი ჯამბურიას), იგივე „ბერსერკები I“, რომელიც თანამედროვე ქართული თეატრის თითქმის ერთფეროვანი რეპერტუარის ალტერნატივა იყო. რატომ? იმიტომ, რომ დამდგმელი ჯგუფი გვთავაზობდა ქართული თეატრისთვის სრულიად განსხვავებულ სათეატრო თხრობას, თამაშის არაორდინალურ სტილსა და მანერას, „შემხებლობით“ ინტერაქტივს, რომელიც არ გაწუხებდა და უხერხულობაში არ გაგდებდა. სპექტაკლი ეფუძნებოდა სხვა ტიპის თეატრის ენაზე გაცოცხლებულ მძიმე და სტილიზებულ ტექსტს, შტამპებისა და წესებისგან გათავისუფლებულ სამსახიობო ნამუშევარს.
„მისია“ მანიფესტის რანგის განაცხადი იყო და წესით გიორგი ჯამბურიასთვის კარი ყველა თეატრს უნდა გაეხსნა; განსაკუთრებით კერძო სივრცეებს, რომელთაც აქვთ ამბიცია, რომ არამეინსტრიმულ ქართულ თეატრს ქმნიან და ავანგარდში მყოფებად მოიაზრებენ თავს. მაგრამ ასე არ მოხდა.
ორი წლის შემდეგ „ბერსერკები II – მზიან მხარეში“ გიორგი ჯამბურია (ჯერ-ჯერობით) შემოქმედებითი და იდეური პრინციპების ერთგული დარჩა; ის არ გაითქვიფა და არ ადაპტირდა ქართული თეატრის უკვე დაქსაქსულ ელიტურ ჯგუფებთან. „აკიდებული ვალდებულებებისგან“ თავისუფალი – ამიტომაც დასცინის მათ და ვერ ვიტყვი, რომ უსამართლოდ. საკუთარ თავსაც დასცინის, არ კარგავს თვითკრიტიკის გამძაფრებულ უნარს. საღად, დისტანციურად აფასებს რეალობას, თეატრს, რომელიც დღეს იქმნება. ამიტომაც „ბერსერკების“ მეორე ნაწილიც შეიცავს მანიფესტის ნიშნებს; უფრო სწორად, სპექტაკლის ავტორები (მსახიობები აქაც თითქმის იგივენი არიან) აგრძელებენ დაკვირვებას, სოციუმის ანალიზს. დამდგმელი ჯგუფი მხატვრულ-პუბლიცისტური ხერხებით გვიხატავს მოცემულობას. მათი კრიტიკისა და გამოაშკარავების ობიექტი საზოგადოებაა. მეორე ნაწილი, პირველთან შედარებით, უფრო ახლოს დგას „ქართულ სინამდვილესთან“; აღარაფერია ირიბად და მეტაფორის ენით სათქმელი, ყველაფერს პირდაპირ, მოურიდებლად, სამართლიანად (დამსახურებულად) და დიდი გულწრფელობით გვიყვებიან, პირში გვახლიან – აქტუალურ თემებსა და პრობლემებზე გვესაუბრებიან.
პერფორმანსს ბევრი ღირსება აქვს. ვფიქრობ, მთავარი მსახიობები არიან; ცოცხლები, გაწაფულები, ლაღები და თავდადებულები. ნამდვილი გმირობაა და მაღალი პროფესიონალიზმი, რასაც ისინი „ჩადიან“ სცენაზე ერთმანეთის მონაცვლეობითა და ანსამბლურად.
მსახიობები ერთ სტილში მეტყველებენ; რეჟისორი მათ გარკვეულ ჩარჩოში აქცევს და ამ მოცემულობაში აძლევს სრულ თავისუფლებას; აქ ვლინდება თითოეული მსახიობის თვითმყოფადობა, განსაკუთრებული უნარები, გუნდურობა, პარტნიორობის კულტურა და ინდივიდუალიზმი. ისინი ხშირად გარდაისახებიან (ამ მხრივ ყველაზე მკვეთრი ბექა ხაჩიძე და მათე ხიდეშელი არიან), მაგრამ სულ გვახსენებენ, რომ მსახიობები არიან, მოქალაქეები და არა ისინი, ვისაც წარმოგვიდგენენ. ისინი ქმნიან განსხვავებულ სახე-ტიპაჟებს იუმორითა და სარკაზმით, ბევრს ხუმრობენ (გემოვნებიანად) და ირონიულებიც არიან, თვითირონიულებიც, შემგონებლებიც და არც მოწოდებას არიდებენ თავს, გვტუქსავენ, ზოგჯერ გვმოძღვრავენ კიდეც. მსახიობები არც ჩვენ (მაყურებელს) „გვინდობენ“ და არც – ერთმანეთს…
სოფიკო გვიმრაძე, გვანცა ენუქიძე, მარიამ გაბუნია, ეთო ალექსაშვილი „მაკბეტის“ კუდიანებს მოგაგონებთ, როგორც ერთ მთლიან ორგანიზმს. ისინი ლაპარაკობენ ბევრს, ძალიან ბევრს, დაუსრულებლად – ერთად, სინქრონულად, მაგრამ ცალ-ცალკეც ისეთივე ძლიერები და მოქნილები არიან, როგორც კვარტეტში მუშაობისას. მსახიობები ავლენენ სასცენო პარტნიორობის მაღალ დონეს, ანსამბლურობის უნარს, მოცემულ სიტუაციაში გარდასახვის განსაკუთრებულ ნიჭსა და პროფესიონალიზმს, რაც ვლინდება ადამიანური რესურსის მაქსიმალურად მაყურებლისთვის გაღებაში. დიდი (ფიზიკური და აზრობრივი) დატვირთვა აქვს სპექტაკლში ნინი იაშვილს. მსახიობის მისტიკური ვიზუალი და მეტყველი სახე ინტერესით განაწყობს მაყურებელს. ის მრავალფეროვანი გამომსახველობითი საშუალებით ახერხებს გახდეს ისეთივე მთავარი და გამორჩეული, როგორც სპექტაკლში მონაწილე ყველა დანარჩენი.
ქალებს ღირსეულ პარტნიორობას და სერიოზულ კონკურენციას უწევენ მამაკაცი მსახიობები – თემო რეხვიაშვილი, მათე ხიდეშელი, ბექა ხაჩიძე, ირაკლი ჩხიკვაძე. ისინი მონაცვლეობით, ხანაც „დუეტში“ მოდუნების საშუალებას არ გვაძლევენ, კრიტიკულ მომენტებში დარბაზშიც იჭრებიან და აცოცხლებენ მაყურებელს. მიმართავენ ინტერაქტივს და შესაბამისად იმპროვიზაციას, რომელსაც განსაკუთრებულად ბექა ხაჩიძე და ირაკლი ჩხიკვაძე ართმევენ თავს, რადგანაც ყველაზე მეტად პირდაპირი, შემხებლობითი ინტერაქტივი მაყურებელთან მათ უწევთ – ორგანულია. მსახიობებმა ვრცელი (ლამის დაუსრულებელ და „მრავალსართულიან“) მონოლოგის ექსპრესიულად, შეფარული და მიზანმიმართული პათეტიკურობით წარმოთქმაშიც გამოიჩინეს თავი. გამორჩეული ეპიზოდია აჭარელი შეყვარებულების სცენა მათე ხიდეშელისა და გვანცა ენუქიძის მონაწილეობით. მსახიობებმა გამოავლინეს იუმორის გრძნობა; ისინი კარგად იმიტირებენ ტიპაჟებს და ზუსტი ინტონაციებით, გროტესკულად ხატავენ პერსონაჟებს ისე, როგორც ბექა ხაჩიძე სხვადასხვა თაობისა და ხასიათის ქალს. მსახიობი ზედმიწევნით დამაჯერებელია და ორგანული. არაერთგზის გარდაისახება სცენაზე და ზედმიწევნით ზუსტად მონაცვლეობს ჟანრიდან ჟანრში; მსახიობისთვის ურთულესი, კომპლექსური ამოცანაა იმპროვიზაციასა და ინტერაქტივზე დაფუძნებულ სცენებთან ერთად სხვადასხვა ჟანრში წარმოგვიდგინოს სხვადასხვა პერსონაჟები ისე, რომ მათ შორის მკვეთრი ხაზი იყოს გავლებული. სასიამოვნო იყო კვლავაც თემო რეხვიაშვილის – „Курьерный мучение“ და „პათეტიკური მონოლოგების“ ავტორის – (უკვე აღიარებული მწერლისა და დრამატურგის) ხილვა სცენაზე; ის პროფესიულადაც დაღვინდა და დადინჯდა კიდეც.
სპექტაკლსა და ანტრაქტზე ცოცხალი მუსიკა ჟღერს; ზოგჯერ მხოლოდ მუსიკალური ფრაზები, ხმები, ხმაურები ისმის. მსახიობებზე ნაკლები დატვირთვა როდი აქვთ მუსიკოსებს: ზურაბ ბაბუნაშვილსა და სანდრო თედიაშვილს, ისე როგორც რეჟისორის თანაშემწეს, შალვა დევდარიანს, რომელიც ერთგვარი სუფლიორის როლსაც ასრულებს (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) და მსახიობის ამპლუაშიც გვევლინება ფინალს მიღწეულ ეპიზოდში.
„ბერსერკები II – მზიანი მხარე“ თითქმის ჩაბნელებულ სცენაზე მიმდინარეობს (სცენა და კოსტიუმები – თამარა მაღლაფერიძე), უკლებლივ ყველა მსახიობს შავი ფერის კოსტიუმი აცვია. სცენის სიღრმეში ვხედავთ დახატულ მზეს, რომელიც გარკვეულ ეპიზოდებში ნათდება კიდეც; წარმოდგენის მსვლელობისას სცენა ეტაპობრივად „შიშვლდება“ ისე, როგორც მსახიობთა მიერ შექმნილი სახე-ხატების ხასიათები.
რა გამოარჩევს გიორგი ჯამბურიას მეორე რეჟისორულ ნამუშევარს ქართული თეატრის რეპერტუარის სხვა სპექტაკლებისგან? სპეციფიკური თხრობის მანერა, ენის გასატეხებივით წარმოთქმული ფრაზები, მკვეთრად გამოხატული მეტყველება, რომელიც ჩიტების ჭიკჭიკს (ზოგჯერ სტვენას) ჰგავს, მსახიობები უმეტეს შემთხვევაში რეჩიტატივით საუბრობენ და აქცენტებს სიტყვებისა თუ ფრაზების იმ დაბოლოებებზე აკეთებენ, სადაც თანხმოვნები სჭარბობს. სწორედ აქ იჩენს თავს მანამდე ზოგიერთი მსახიობისთვის შეუმჩნეველი მეტყველების ერთგვარი წუნი, რომელიც ყურს ხვდება, მაგრამ მეორე ხარისხოვანია, რადგან წინა პლანზე ინაცვლებს მსახიობის ექსპრესიულობა (შესრულებაში) და წარმოთქმული ტექსტის შინაარსი, რომელიც ზოგჯერ აზრს კარგავს. განა მსახიობები არ წარმოთქვამენ სწორად? განა მაყურებელს არ ესმის რას ამბობენ? არა, ისინი ძალიან მკვეთრად წარმოთქვამენ თითოეულ სიტყვას, მაგრამ შინაარსი არ გესმის და შთაბეჭდილება რჩება, რომ მიზანმიმართულად. განსაკუთრებით ეს შეგრძნება მძაფრდება მეორე მოქმედების მეორე ნაწილში, როცა მაყურებელი მაინც იღლება, განსაკუთრებით გრძელი მონოლოგების ცქერა-მოსმენის დროს. უსამართლობა იქნება, ვთქვა, რომ მსახიობები აკლებენ მცდელობას. წარმოიდგინეთ პლატონი ან არისტოტელე რომ გაცოცხლდეს და რომელიმემ ოთხი საათი ისაუბროს აუდიტორიასთან, ორი საათის შემდეგ, რაც არ უნდა დიდი სიბრძნე სხვადასხვა გამომსახველობითი ხერხით იყოს მოწოდებული არენიდან, მაინც მოსაწყენი გახდება. ვფიქრობ, გიორგი ჯამბურიას პერფორმანსშიც იგივე პრობლემა იჩენს თავს. დამდგმელმა ჯგუფმა ამის შესახებ იცის, რადგან თავად მსახიობები ხუმრობენ ამ თემაზე(ც) (სხვათა შორის, ოსტატურად და ზომიერად) და მაინც არ წყვეტენ წარმოდგენას მაყურებლის (და, მგონი, საკუთარისაც) სულის ამოხდამდე, თუმცა წარმოდგენის შემდეგ, თეატრიდან გამოსულს ოდნავი „ტანჯვით“ მიღებულ განცდას ის სასიამოვნო ემოციები ფარავს, რომელიც უხვად იყო წარმოდგენაში.
„ბერსერკები II – მზიანი მხარე“ ძილის წინ სოცქსელის ასქროლვას ჰგავს, როცა უსასრულო ინფორმაცია მოედინება და შენც ინტერესით ადევნებ თვალს ყველაფერს, ერთმანეთისგან განსხვავებულ მინიატიურულ ამბებს, სქროლავ და ძილს იფრთხობ, რაღაცებს ინახავ ან მეგობარს უზიარებ. თითქმის ასეა გიორგი ჯამბურიას სპექტაკლი-პერფორმანსი, რომელიც გიჩენს სურვილს, მიუბრუნდე მის გარკვეულ ეპიზოდებს (აქ პროფესიული ინტერესიც იჩენს თავს, განსაკუთრებით ისეთი სცენების მიმართ, სადაც მსახიობები დარბაზთან იმპროვიზაციას მიმართავენ).
და ბოლოს, რა შუაშია სათაურში ნახსენები ბერიკაობა „ბერსერკებთან“? თავშია! ბერიკაობა არის იმპროვიზაციული, ნიღბების, ინტერაქტიური, სახალხო თეატრი. „ბერსერკებიც“ ამ პრინციპზე შექმნილი წარმოდგენაა, სადაც იმპროვიზაციასა და ინტერაქტივს ენიჭება მნიშვნელოვანი ფუნქცია, მსახიობები იყენებენ ნიღბებს – ქმნიან მრავალ სახე-ტიპაჟს და ლაპარაკობენ სახალხო თემებზე – ლაღად, ტკივილით, იუმორით, ირონიით, გულწრფელად და ღიად. სწორედ ამიტომაა „ბერსერკები“ ტრადიციული ქართული სათეატრო ფორმის – ბერიკაობის ყველაზე ზუსტი თანამედროვე ვერსია; მხოლოდ ორი განსხვავებით: წარმოდგენა შენობაში თამაშდება და მას ჰყავს ავტორები, რომლებიც მაყურებლის ტაშსა და პატივისცემას იმსახურებენ.
გინდათ ოთხი სიტყვით შევაფასო გიორგი ჯამბურიას „ბერსერკები II – მზიანი მხარე“? იმპროვიზაციული, ნიღბების, ინტერაქტიური, სახალხო თეატრი.