თამაზ ვასაძე სტატია

სირცხვილს და ბრალს შორის

, , ,

ფუნდამენტური ზნეობრივი კატეგორიების – სირცხვილის და ბრალის ურთიერთმიმართება, ურთიერთქმედება ვაჟა-ფშაველას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პოემების აზრობრივ-ემოციური წყობის, მორალური პრობლემატიკის და კონცეფციის ერთ-ერთი მსაზღვრელია.

ეს კატეგორიები ინტენსიურად და ნაყოფიერად გამოიყენება კულტუროლოგიაში, რომელშიც განასხვავებენ სირცხვილის და ბრალის კულტურებს იმის მიხედვით, მათ ეთიკურ სისტემებში სირცხვილია უპირატესი თუ ბრალი. ამგვარი კლასიფიკაცია უპირველესად დაამკვიდრა მკვლევარ რუთ ბენედიქტის წიგნმა იაპონური კულტურის შესახებ „მახვილი და ქრიზანთემა“.

რ. ბენედიქტის თქმით, „კულტურა, რომელიც ნერგავს მორალის აბსოლუტურ სტანდარტებს და ემყარება ადამიანებისთვის სინდისის გაღვივებას, ბრალის კულტურაა… სირცხვილის კულტურა, ბრალის კულტურათაგან განსხვავებით, ეფუძნება გარეგან სანქციებს და არა ცოდვის შინაგან აღიარებას. სირცხვილი რეაქციაა კრიტიკაზე სხვა ადამიანების მხრიდან… იგი მოითხოვს პუბლიკის არსებობას ან, ყოველ შემთხვევაში, მის წარმოსახვით არსებობას… სირცხვილი იაპონურ კულტურაში ისეთსავე ადგილს იკავებს, როგორსაც დასავლურ კულტურაში „სუფთა სინდისი“, „ღვთისნიერი ცხოვრება“ და ცოდვის ჩადენის შიში“.

ფსიქოლოგი და სოციოლოგი ი. კონი წერს:

„სირცხვილი სპეციფიკური კულტურული წარმონაქმნია, რომელიც „თავისიანების“ მიმართ მოვალეობების შესრულებას უზრუნველყოფს. მისი დადებითი კორელატია პატივი, დიდება, აღიარება, მოწონება… სირცხვილი თემურ-ჯგუფური მექანიზმია, იგი გულისხმობს გარშემომყოფთა შეფასების მუდმივ გათვალისწინებას: რას იტყვიან ან იტყოდნენ ისინი?

…სინდისი, დანაშაულის გრძნობა უფრო შინაგანი და სუბიექტურია, ეს თავისი თავის გასამართლებაა… იგი უფრო უნივერსალურია შინაარსობრივად, მორალური პასუხისმგებლობის სფერო აქ გაცილებით ფართოა, ვიდრე უშუალო მოვალეობები თავისი თემის წევრების მიმართ. ბრალის დადებითი კორელატი – საკუთარი ღირსების გრძნობა განსხვავდება პატივისგან, დიდებისგან ინდივიდუალურობით და შინაგანი ხასიათით: დიდებას ადამიანს არგუნებენ და შემოაძარცვავენ სხვები, თავის ღირსებას კი ადამიანი თვითონ ქმნის, იგი არ საჭიროებს გარეგან დადასტურებას… ბრალი შეიძლება განვსაზღვროთ როგორც სირცხვილი საკუთარი თავის წინაშე, ხოლო ღირსება პატივია, რომელსაც ადამიანი თავისთავს მიაგებს რაიმე უნივერსალური კრიტერიუმების საფუძველზე“.

ამ კონტექსტში ბუნებრივად ჩნდება კითხვა: ქართული კულტურა სირცხვილის კულტურაა თუ ბრალის? მასზე დასაბუთებული პასუხის გასაცემად სპეციალური კვლევის ჩატარებაა საჭირო, თუმცა მიახლოებითად შეიძლება ითქვას, რომ ქართულ მორალურ ცნობიერებაში სირცხვილის ელემენტი უფრო ძლიერი და აქტიურია, ვიდრე ბრალის ელემენტი, რომელიც, ცხადია, უცხო არ არის ამ ცნობიერებისთვის – იგი ბრალის ეთიკის დამამკვიდრებელი ქრისტიანობის ზემოქმედებით არის ფორმირებული.

* * *

თუ „ვეფხისტყაოსანი“ სირცხვილის გრძნობის პრიმატზე დამყარებული რაინდული ეთიკის კლასიკური გამოხატულებაა, ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში უპირატესობა მინიჭებული აქვს ბრალის ეთიკას, რომელსაც სირცხვილის ეთიკასთან დრამატულ ურთიერთმიმართებაში უწევს თავისთავის დაფუძნება და შენარჩუნება.

პირველად სირცხვილის და ბრალის ეთიკური ნაკადები ერთმანეთს ხვდებიან „გოგოთურ და აფშინაში“.

აქ ეპიზოდურად უკვე იჩენს თავს ის, რომ სირცხვილი ყოველთვის არ არის მორალური, სასიკეთოდ მოქმედი ძალა – გოგოთურის ცოლი სწორედ სირცხვილის გრძნობის გაღვივებით უბიძგებს ქმარს ყაჩაღობისკენ.

მაგრამ ამ პოემაში სირცხვილი ძირითადად პოზიტიური ფენომენია, ის ბრალთან ჯერ კიდევ არ არის დაპირისპირებული, მეტიც, მისი შემამზადებელია, წინა საფეხურია.

„გოგოთურ და აფშინას“ ყაჩაღი გმირი, ალუდა ქეთელაურის მსგავსად, ძირეულ სულიერ გარდაქმნას განიცდის და ამ გარდაქმნის პროცესში სირცხვილის სიმწვავის გამოვლით ბრალის ეთიკისკენ მოძრაობს.

სირცხვილი ანგრევს ამაყი, თავმომწონე და თავნება ყაჩაღის თვითშეგნებას, ახალ საძირკველზე აშენებს აფშინას ცნობიერებას.

გოგოთურის მიერ დაჯაბნა, მხილება და დამცირება, შერცხვენა აფშინასთვის მტკივნეული ტრავმის მიმყენებელია, რაც აუცილებელია მისი სულიერი განახლებისთვის. რათა ამ ადამიანის ზნეობრივი სახეცვლილება გაღრმავდეს და შეუქცევადი გახდეს, რათა ბოლომდე მოეჭრას უკან, ამორალურ ცხოვრებასთან დასაბრუნებელი გზა, მან კიდევ უფრო სასტიკი დარტყმა უნდა იგემოს – გოგოთურის მიერ დათქმული პირობისამებრ, თავის თემს უნდა გაუმხილოს, როგორი ფიზიკური და მორალური მარცხი იწვნია გოგოთურთან კონფლიქტში და, ამგვარად, მთელი საზოგადოების წინაშე იგრძნოს სირცხვილი.

მხოლოდ განცალკევებაში ხანგრძლივი ტანჯვის შედეგად შეძლებს იგი აღსარების თქმას და სირცხვილის ეს გადატანა ექცევა განსაწმენდელად, რომელშიც სამუდამოდ ემიჯნება უზნეო ცხოვრების წესს; სულიერად გაკეთილშობილებული და საზოგადოების მიერ შენდობილი, ამ საზოგადოების რელიგიურ-მორალური ლიდერი – ხევისბერიც კი ხდება.

მაგრამ აფშინას მეტამორფოზა, რომელიც ძუნწად, შეკუმშულად არის აღბეჭდილი, ამით არ სრულდება. მისი მორალური ცნობიერება სირცხვილის სტადიიდან გადაინაცვლებს ბრალის სტადიაზე და აქ საბოლოოდ მკვიდრდება; აფშინა რჩება თავისი გაღვიძებული სინდისის პირისპირ, სულიერ განმარტოებაში გამუდმებით ინანიებს თავის ძველ, ცოდვებით დამძიმებულ ცხოვრებას, რომელიც ღირსეული, გოგოთურისებურად ვაჟკაცური შეიძლებოდა ყოფილიყო:

„ამბობენ, ქვითინი მოდის

ღამ-ღამ ბლოს-თავით კაცისა:

„ვაჰ, მკვდარო ვაჟკაცობაო,

ცოცხლად დამარხვავ თავისა!“.

* * *

საზოგადოებაში, რომელშიც ალუდა ქეთელაური ცხოვრობს, სირცხვილის მორალი ბატონობს, უმთავრეს ფასეულობად ითვლება სირცხვილის დადებითი კორელატი – სახელი, დიდება, მოპოვებული მეომრული სიქველით. ცხადია, ალუდა საზოგადოების ამგვარი ფასეულობრივი ორიენტაციის გამზიარებელია.

მორიგმა საბრძოლო თავგადასავალმაც ალუდას დიდება უნდა შემატოს. საზოგადოება სწორედ ასე ფიქრობს – პირველი სიტყვები, რომელთაც ქისტებთან შეტაკების შემდეგ შატილში დაბრუნებულ ალუდას ეუბნებიან, ასეთია: „სახელიანიმც ხარია“. სახელიანობის ზუსტ საზომად თემს დახოცილი მტრებისთვის მოჭრილ მარჯვენათა რაოდენობა ესახება, მტრისთვის მარჯვენის მოუჭრელობა კი მის თვალში საეჭვო და სამარცხვინოა.

მაგრამ ალუდას თვალთახედვა უკვე სხვანაირია. მის არსებაში მიმდინარე გარდაქმნის შედეგია, რომ იგი უგულებელყოფს სირცხვილის მორალს, რომელიც ადამიანს ავალებს საზოგადოების მიერ სამარცხვინოდ მიჩნეულ საქციელს აერიდოს, საზოგადოების მხრიდან აღიარებას, მოწონებას ესწრაფოდეს:

„ვერ გავიმეტე მუცალი

მარჯვენის მოსაჭრელადა,

გული გამიწყრა, არა ჰქნა,

რაც საქმნელია ძნელადა:

„დაე, დააკლდეს სახელსა,

მე გირჩევნივარ მრჩევლადა“.

მუცალისადმი თანაგრძნობის გამო ალუდა შეგნებულად ამბობს უარს თავისი საზოგადოების ძირეულ ფასეულობაზე – სახელზე, აღიარებაზე.

სირცხვილის ეთიკისთვის ეს ზურგშექცევა ალუდას ძვირად უჯდება, საზოგადოება სასტიკ სასჯელს აკისრებს საჯარო შერცხვენის სახით: მას უწევს გამოცადოს უკიდურესი დამცირება, ლაჩრობაში, სიცრუეში დადანაშაულება, თანატომელთა მიერ გარიყვა. ეს, ბუნებრივია, მისთვის ძალიან მტკივნეულია („გაწირეს ქეთელაური გულითა ნარიანითა“), მითუფრო, რომ იგი გამორჩეულად სახელიანი მეომარია.

გარიყვით თემი უნებურად თვითონ უბიძგებს ალუდას, უკვე მთლიანად თავისთავში ჩაღრმავდეს, ჩაიძიროს და, როგორც მისი სიზმრიდან ჩანს, ბრალის მორალის არეალში მთლიანად დაფუძნდეს. ბრალეულობის გრძნობით ერთიანად მოცული ალუდა კი სავსებით მიუწვდომელი ხდება სირცხვილის მორალისთვის – ალუდას არაფრად უღირს საზოგადოების წინაშე თავისი რეპუტაციის აღდგენა მინდიას მიერ.

ბრალის მორალის კარნახს მიყოლილი, სირცხვილის მორალს დაცილებული და, შესაბამისად, სახელის, დიდების აღარაფრად ჩამგდები ალუდას მისწრაფებაა, თავისთავს კაციჭამიად აღარ აღიქვამდეს, სრულფასოვან, სულიერად სუფთა და ღირსეულ ადამიანად მიიჩნევდეს, რისთვისაც აუცილებელია საზოგადოებას მსხვერპლის გაღებით შეურიგებლად დაუპირისპირდეს.

„ალუდა ქეთელაურში“, განსხვავებით „გოგოთურ და აფშინასგან“, სირცხვილის მორალი საზოგადოების მიერ მომართული ხისტი მექანიზმია, რომელმაც სხვებზე სულიერად აღმატებული, დამოუკიდებელი ინდივიდუუმის დაბადება და მასიდან გამოცალკევება უნდა აღკვეთოს, ადამიანი სოციალურ სტანდარტებს, მათ შორის მკვეთრად ანტიჰუმანურს, სრულად უნდა დაუმორჩილოს.ამ მექანიზმის მოქმედებას მხოლოდ ბრალის ეთიკით გამოწრთობილი პიროვნება შეიძლება შედეგიანად შეეწინააღმდეგოს.

* * *

ვაჟა-ფშაველას სამყაროში სირცხვილის მორალი მასისთვის არის ორგანული, ბრალის მორალი – თავისთავადი პიროვნებისთვის. ამ მორალურ მიმართულებათა კონფლიქტი მასის და პიროვნების კონფლიქტის თანმდევია.

„სტუმარ-მასპინძელში“, „ალუდა ქეთელაურის“ კვალდაკვალ, თემი სირცხვილის გრძნობის, შერცხვენის მწვავე ძალას იყენებს ავტონომიური, თავისუფალი პიროვნების მოსათოკად, სოციალური სტანდარტების არტახებში მოსამწყვდევად.

ამავე დროს თემს გულწრფელად სჯერა სირცხვილის მორალის, რომელიც ადამიანისგან მოითხოვს სოციუმის და საკუთარი პატივის დაცვას, მის მიერ საზოგადოების მიმართ თავისი მოვალეობების შესრულებას ისე, როგორც ეს სოციუმს ესმის.

თემს თავისი ღირსების დაცვად მიაჩნია ანგარიშის გასწორება ზვიადაურისთვის _ მისი აზრით, ქისტეთში საგანგებოდ შეპარული სასტიკი მტრისთვის; ამ კაცის დაუსჯელად დატოვება, რომელმაც ქისტეთში შესვლა გაბედა, ქისტებისთვის სამარცხვინო იქნება:

„გაიგოს ჩვენმა დუშმანმაც,

არ გვაქვს უჯიშო გვარია…

ცხვირიდან უნდა ვადინოთ

ზვიადაურსა ძმარია,

თუ არა, დიაცთ დაუთმოთ

ჩვენი ხმალი და ფარია“.

ჯოყოლას უვნებელსაყოფად თემი მისთვისაც სირცხვილის გრძნობის გაღვივებას მიმართავს; ჯოყოლასთან ურთიერთობისას მოურიდებლად უწოდებს მას „შტერს“, „ჭკვათხელს“, ჭკუასუსტობა, სიბრიყვე კი ყველა საზოგადოებაში სამარცხვინოდ ითვლება.

ქისტი, რომელმაც ჯოყოლას მიერ თავის ოჯახში სტუმრად მიყვანილი ზვიადაური იცნო, თემს ეუბნება:

„სჩანს, რომ ჯოყოლა ვერ იცნობს,

არ უნახია თვალითა

ეგ ჩვენი ამომგდებელი,

ჩვენი მრბეველი ძალითა“;

შემდეგ კი ჯოყოლას საქციელს მისი უგუნურებით ხსნის:

„მიკვირს ჯოყოლას ჭკვისაგან,

მტერს რად გაუღო კარია,

ვისა ჰმასპინძლობს ჭკვათხელი,

ცნობაზე რად არ არია?!“.

თუ ამ გამონათქვამებს შევაჯერებთ, უნდა დავასკვნათ, რომ, თემის ფიქრით, ჯოყოლას „ჭკვათხელობის“ უპირველესი გამოვლინებაა არა თავისთან კონკრეტულად ზვიადაურის სტუმრად მიყვანა, რომელსაც ჯოყოლა ვერ ცნობს, არამედ ზოგადად ხევსურის ქისტურ თემში შეშვება და მასპინძლობა, რადგან იგულისხმება, რომ ყველა ხევსური ქისტების მტერია;  ჯოყოლა გულუბრყვილოდ და უპასუხისმგებლოდ ენდო ხევსურს მაშინ, როცა ქისტებს და ხევსურებს შორის დაუსრულებელი სისხლისმღვრელი კონფლიქტია.ამ კონფლიქტში ჯოყოლას ძმა ჰყავს დაღუპული, ისევე როგორც ზვიადაურს, მაგრამ თუ ზვიადაური ძმის სისხლის აღების ჟინს ქისტეთში მიყავს, ჯოყოლა კეთილგანწყობით და ნდობით ეკიდება უცნობ ხევსურს, რომელიც ატყუებს, თავის ვინაობას უმალავს.

თემის ხედვით, ხევსურებისადმი – მტრებისადმი ჯოყოლას მეომრული, შურისმაძიებლური სიფხიზლის სამარცხვინო მოდუნების შედეგია ის, რომ ქისტების საშინელმა, დაუნდობლობით გამორჩეულმა მტერმა ქისტეთში მოტყუებით შეღწევა მოახერხა; ჯოყოლა ვერ ხედავს რეალობას, მტრების ნამდვილ სახეს და ამიტომ ჯეროვნად ვერ ასრულებს თავის მოვალეობას როგორც თემის წევრი და მცველი, როგორც კაცი, რომელმაც მოკლული ძმისთვის შური უნდა იძიოს; თავისი სიბრმავით იგი საჩოთირო მდგომარეობაში აღმოჩნდა: „გიაურ“ მონსტრს, საკუთარი ძმის მკვლელს მეგობრულად მასპინძლობს. თემი ცდილობს, მძაფრად აგრძნობინოს ჯოყოლას სირცხვილი მისი „ჭკვათხელობის“ გამო, იმის გამო, რაც ამ „ჭკვათხელობას“ მოყვა.

ჯოყოლას მსჯელობასაც იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ გაწირავს ზვიადაურს ყველაფრის მიუხედავად, თემი სამარცხვინო ბოდვად აცხადებს („აბდაუბდაობ შტერადა“).

თემის შეფასებით, ჯოყოლასთვის განსაკუთრებით სამარცხვინო უნდა იყოს ის, რომ მას „გიაურ“ არაკაცთან – „გაუმაძღარ ღორთან“ სიახლოვე ზიზღს არ გვრის.

მაგრამ ჯოყოლა შეუვალია თემის მიერ მისი შერცხვენის შემტევი ცდის მიმართ, რადგან ადრიდანვე მყარად არის დამკვიდრებული ბრალის ეთიკის არეში, ემორჩილება მხოლოდ საკუთარ სინდისს, რომელიც ჩააგონებს, არ შეილახოს ღირსება, არ ჩაიდინოს ისეთი რამ, რაც შემდეგ დანაშაულის გრძნობით დაამძიმებს, რასაც თავისთავს ვერ აპატიებს.

* * *

ალუდა ქეთელაურის და ჯოყოლასგან განსხვავებით, სირცხვილის დამთრგუნველ ძალას ვერ უძლებს „გველის მჭამელის“ მთავარი გმირი და ეს ფატალურ როლს ასრულებს მის სულიერ-ზნეობრივ ტრაგედიაში.

მინდიას ზნეობრივი ცხოვრების საბედისწერო დინამიკა თავისი მიმართულებით ალუდა ქეთელაურის შინაგანი გარდაქმნის გეზის საპირისპიროა – დაღმასვლაა ბრალის მორალიდან სირცხვილის მორალისკენ.

სირცხვილის გრძნობის გამოწვევაა ის იარაღი, რომელიც მინდიას ცოლს – გოგოთურის ცოლის მსგავსად – აქვს მომარჯვებული, რათა აიძულოს ქმარი, საკუთარი მრწამსის საწინააღმდეგოდ იმოქმედოს და ოჯახის კეთილდღეობა ასე უზრუნველყოს. მზია თრგუნავს მინდიას იმისთვის კიცხვით, რომ ის ოჯახის წინაშე თავის მოვალეობას ვერ ასრულებს, ცხოვრების საყოველთაო, მასობრივ სტანდარტს ვერ ეთანადება. ცოლთან დიალოგში მინდია მწარედ იხსენებს მის საყვედურებს:

„შენ ჯიხვის ხორცსა ჰნატრობდი,

თუ ვის მოკლული გსმენია,

რამდენჯერ ჩემი გულმკერდი

ამ ჩივილს გაუსენია:

„ყმაწვილნ უხორცოდ დაზდილნი

რა ვაჟკაცობას იზამენ?

არსად არ გამიგონია

ასრე გაზდილნი სხვისა მენ“;

„ბერდიას რამდენ შეშა აქვ,

როგორ ცეცხლს ანთებს, ჰნახოდი“,

ცხოვრების მაგალითადა

ბრიყვები დამისახოდი“.

ასეთი, სირცხვილის გრძნობის გამღვივებელი საყვედურები გამიზნულია საიმისოდ, რომ განაწყონ მინდია, რჩეული პიროვნება, იცხოვროს ისე, როგორც სხვები, ყველანი ცხოვრობენ, დაემორჩილოს საშუალოადამიანურ, ტრაფარეტულ ქცევის წესს.

ის, ვისაც ცოლი „ცხოვრების მაგალითად“ უსახავს მინდიას და ვისაც მინდია „ბრიყვებს“ უწოდებს, ეგზისტენციალიზმში აღინიშნება ცნებით „ვიღაც“, „ვინმე უცნობი“. ეს არის იმ საყოველთაოდ გავრცელებული ზედაპირული შეხედულებების, შეფასებების, საგნებთან და მოვლენებთან იმ ზედაპირულ-შაბლონურ დამოკიდებულებათა პერსონიფიკაცია, რომელთაც ადამიანების მასა ანგარიშმიუცემლად იზიარებს. ვაჟა-ფშაველას პოემებში ვხედავთ, თუ როგორ ეფექტიანად განამტკიცებს მასის, მასობრივი ერთაზროვნების ბატონობას სირცხვილის გრძნობის, შერცხვენის შიშის აღძვრა.

მასობრივ სტანდარტს დაშორებული მინდიას ამ სტანდარტის ფარგლებში დაბრუნება და მის მიერ საკუთარი ინდივიდუალური ეთიკის უარყოფაც სირცხვილის გრძნობით მანიპულირების მეშვეობით მიიღწევა.

ეს უარყოფილი ეთიკა ბრალის ეთიკაა – როცა ბუნების მკვიდრთა, ცოცხალ არსებათა კვლაზე უარს ამბობს, მინდია ერიდება იმას, რასაც ცოდვად, ზნეობრივ დანაშაულად ჩაუთვლის თავისთავს, რაც ბრალეულობის გრძნობას, სინდისის ქენჯნას განაცდევინებს.

კანონზომიერია, რომ ამ მორალისგან განდგომილ, ბუნებაში სიცოცხლის ხელმყოფ მინდიას არამარტო ბუნებასთან ურთიერთობაში, არამედ საერთოდაც აღარ შესწევს საკუთარი ბრალის გაცნობიერების, აღიარების და ტვირთვის ძალა: ნათელმხილველობის, გრძნეულების ნიჭის დაკარგვისთვის პასუხისმგებლობას იგი ოჯახს აკისრებს და არა თავისთავს. ეს ნიშნავს, რომ მინდია სულ უფრო შორდება თავის თავისუფლებას, თვითმყოფადობას, ღირსებას.

ბრალის მორალის სიმაღლიდან დაცემული მინდია სირცხვილის შიშით ერთიანად არის შებოჭილი. მას, აფშინასგან განსხვავებით, არ შეუძლია აღსარება თქვას, არ შეუძლია საზოგადოებას გაუმხილოს ნათელმხილველობის ნიჭის დაკარგვა, რადგან აშინებს საჯარო შერცხვენა იმის გამო, რომ საკუთარ უნიკალურ, საზოგადოებისთვის, ომებში მისი გამარჯვებისთვის აუცილებელ შესაძლებლობებს ვერ გაუფრთხილდა. მინდიას ეს შიში განსაკუთრებულად ძლიერია იმიტომ, რომ ხალხი ამ ადამიანს თაყვანს სცემს, განადიდებს.

ბოლოს, როცა დაინახავს, რომ ხევსურები ომს მისი მიზეზით აგებენ, – მან ვერ შეინარჩუნა უჩვეულო უნარები, შერცხვენის შიშით ხალხს ეს ვერ გაუმჟღავნა და ბრძოლის დაგეგმვა მაინც იკისრა – ვაჟა-ფშაველას ყველაზე ტრაგიკული პერსონაჟი შეძლებს ბრალის ეთიკის განზომილებაში დაბრუნდეს, პასუხისმგებლობა სრულად იტვირთოს, თავისთავს უშეღავათო განაჩენი გამოუტანოს.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…