ქართულ-იტალიური თეატრალური დიპტიქი
შესავალი
„მარო“ და „წასული“ – ამ ორ დადგმაზე საუბრისას ერთი სიტყვა, ერთი იდეა ბუნებრივად ჩნდება: „დაბრუნება“.
„დაბრუნება“ ამ დიპტიქში არ არის მხოლოდ გეოგრაფიული მიმართულება. ის არის ემოციური და კონცეპტუალური ხიდი „მაროსა“ და „წასულს“ შორის, სადაც ორი განსხვავებული ისტორია ერთ სიტყვაში საერთო მნიშვნელობას იძენს: დაბრუნება ისტორიულ მეხსიერებასთან (ბრძოლა, თავგანწირვა, წარსული, რაც ეთიკურ მიმართულებას გვაძლევს) და ამავე დროს ემიგრაციიდან დაბრუნების სურვილი (დაკარგულთან დაბრუნების დაუმთავრებელი მცდელობა – მეხსიერებაში, ისტორიასა და ადამიანურ გამოცდილებაში), რომელიც ძალიან ხშირად არასდროს ხდება, მაგრამ მაინც რჩება იმ შინაგან ძალად, რომელიც ადამიანს ამოძრავებს.
„მაროს“ ამბავთან დაბრუნება, იმ 18 წლის გოგონას გმირობის გახსენება, რომელმაც ბრძოლა აირჩია და საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს იდეას შესწირა, ამავე დროს იმ ღირებულებებთან დაბრუნებაა, რომლებიც მის არჩევანს აზრს ანიჭებს. ესაა ეთიკური და ისტორიული დაბრუნება – წარსულში დაბრუნება, როგორც მეხსიერების აღდგენა, როგორც ბრძოლასა და თავგანწირვაზე ფიქრი. აქ დაბრუნება უკავშირდება იდეას, რომ რაღაც ღირებულის შენარჩუნება ღირს, თუნდაც ის უკვე დაკარგული იყოს ან ვერ განხორციელდეს.
ამგვარად, ორივე დადგმა ქმნის ერთიან თეატრალურ რუკას, სადაც საქართველო ერთდროულად არის ბრძოლაცა და წასვლაც – ისტორიის გმირული მეხსიერებაც და თანამედროვე ემიგრაციის არქივიც. თანაც თეატრს სცენაზე ხომ შეუძლია დააბრუნოს ისიც, რაც რეალურ ცხოვრებაში შესაძლოა, აღარ დაბრუნდეს: ადამიანები, ისტორიები, ხმები, ოჯახები, დაკარგული დრო.
ეს დიპტიქი არ გვთავაზობს პასუხებს. ის გვანახებს, რომ თეატრი არ არის მხოლოდ წარმოდგენის ადგილი, არამედ თეატრში ჩვენი დიალოგი ისმის და შეიძლება, საკუთარ თავთანაც. ამიტომ აქ წყდება თანამედროვე საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი დილემა: წასვლა თუ დარჩენა? დაბრუნება იმ იდეალურ სამშობლოში, რომელიც თითოეულმა საკუთარ მეხსიერებაში შექმნა.
თავი პირველი
„მარო“ – ინვესტიცია მომავალში
2024 წელს, როდესაც ფესტივალის – „საჩუქარი“ (GIFT) საერთაშორისო დირექტორატი საქართველოს თეატრალურ გარემოს კიდევ ერთხელ დააკვირდა, განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდა თაობას მიაპყრო. თანამედროვე კულტურული რეალობის პირობებში სულ უფრო აქტუალური გახდა კითხვა: როგორ უნდა იზრუნოს ქვეყანამ ახალგაზრდა ხელოვანებზე, მათ პროფესიულ განვითარებაზე, შემოქმედებით თავისუფლებასა და საერთაშორისო შესაძლებლობებზე?
ეს კითხვა მხოლოდ თეორიულ მსჯელობად არ დარჩენილა. სწორედ ამ ფიქრიდან დაიბადა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქართულ-იტალიური კულტურული ინიციატივა, რომელმაც უკვე პირველივე ეტაპზე მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა.
2025 წლის ივლისიდან მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრისა და საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის – „საჩუქარი“ გაერთიანებამ უნიკალური ინსტიტუციური მოდელი შექმნა. ეს თანამშრომლობა აერთიანებს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თეატრალურ მემკვიდრეობას და ქვეყნის უმსხვილეს საერთაშორისო სახელოვნებო პლატფორმას. ამ მოდელის მთავარი ღირებულება, გარდა მაღალი სახელოვნებო ხარისხის წარმოების, კურატორობისა და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებისა, სწორედ ახალგაზრდების მხარდაჭერა და ახალი შემოქმედებითი პროცესების სტიმულირება გახდა.
დღეს, როდესაც კაცობრიობა ომის, პოლარიზაციისა და იდენტობის კრიზისის წინაშე დგას, საქართველოს საერთაშორისო კულტურული ხილვადობისა და გავლენის გაძლიერება კულტურული დიპლომატიის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცევა. მსოფლიო კვლავ ეძებს ახალ პასუხებს თავისუფლებისა და ადამიანური ღირებულებების გამოწვევებზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კითხვა – ვის ვუტოვებთ მომავალს? სახელმწიფოს სიძლიერე მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებლებით, სამხედრო შესაძლებლობებით ან პოლიტიკური დეკლარაციებით ხომ არ განისაზღვრება? მისი ნამდვილი ძალა იმაში ვლინდება, რამდენად შეუძლია მოუსმინოს საკუთარ ახალგაზრდებს, ენდოს მათ და მისცეს სივრცე, სადაც ისინი საკუთარ ეპოქას შექმნიან. სწორედ ამიტომ, ქართულ-იტალიური თეატრალური თანამშრომლობა გაცილებით მეტია, ვიდრე საერთაშორისო კულტურული პროექტი. ეს არის ინვესტიცია ნდობაში; ნდობაში, რომ ახალგაზრდა ხელოვანს შეუძლია მნიშვნელოვანი სიტყვის თქმა; რომ კულტურას შეუძლია საზოგადოებრივი დიალოგის აღდგენა; რომ თეატრი დღესაცაა ადგილი, სადაც მომავალი პირველად წარმოითქმის.
მაროს დღიურიდან დაწყებული გზა, ვენეციიდან თბილისამდე გადებული ხიდი და ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილი ახალი ნამუშევარი გვახსენებს, რომ თავისუფლება მხოლოდ ისტორიული მეხსიერება არ არის. ის ყოველდღიური არჩევანია – პასუხისმგებლობა, გამბედაობა და მოქმედება. და თუ XXI საუკუნის საქართველოს სურს, საკუთარი ევროპული და კულტურული მომავალი არა მხოლოდ წარმოიდგინოს, არამედ შექმნას, მაშინ ეს მომავალი შესაძლოა, იქ იწყება, სადაც ახალგაზრდა ხელოვანს გზას უხსნიან, ენდობიან მის ხედვას და შესაძლებლობას აძლევენ, ჩაერთოს კულტურულ დიალოგში.
ამ გზის მნიშვნელოვანი ეტაპი მაშინ დაიწყო, როდესაც ფესტივალმა „საჩუქარი“, თუმანიშვილის თეატრთან, ვენეციის თეატრალურ ბიენალესა და იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოში პირველად გამოაცხადა კონკურსი საერთაშორისო ახალგაზრდულ პროგრამაში – „ბიენალე კოლეჯე“ – მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა განკუთვნილი იყო 40 წლამდე ასაკის ხელოვანებისთვის. მისი ინიციატორები იყვნენ ფესტივალის საერთაშორისო დირექტორატის წევრები – ვენეციის ბიენალეს დირექტორი ჯანი ფორტე და მილანის ახალი დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალისა და ფლორენციის Intercity Festival-ის სამხატვრო ხელმძღვანელი მიქელე პანელა. 2024 წლის ფესტივალის ფარგლებში ახალგაზრდა ხელოვანებს მიეცათ შესაძლებლობა, წარმოედგინათ საკუთარი მომავალი პროდუქციის ათწუთიანი პრეზენტაცია. ფორმატი სრულიად თავისუფალი იყო: თეატრი, ცეკვა, პერფორმანსი, მულტიმედიური პროექტი თუ სხვა ექსპერიმენტული მიმართულება. წარმოდგენილ ნამუშევრებს აფასებდა საერთაშორისო ჟიური, ხოლო გამარჯვებულ პროექტს თუმანიშვილის თეატრისგან და ფესტივალისგან გადაეცემოდა 20 000 ლარი, რათა სრულმასშტაბიანი წარმოდგენა 2025 წლის ფესტივალის პროგრამაში განხორციელებულიყო და მსოფლიო კულტურის წამყვანი ოსტატების გვერდით წარმოდგენილიყო.
მოლოდინმა სრულად გაამართლა. კონკურსზე წარმოდგენილი იყო 11 დამოუკიდებელი პროექტი. რაოდენობაზე მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იდეების მრავალფეროვნება და შემოქმედებითი ენერგია, რომელმაც ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში არსებობს ახალი თაობა, რომელსაც აქვს სათქმელი და რომელიც პროფესიული შესაძლებლობების მოლოდინშია. საერთაშორისო ჟიურიმ ყველა განაცხადი დეტალურად განიხილა და GIFT Festival Biennale College-ის პირველი გამარჯვებული პროექტი გამოაცხადა:MARO – „მარო“ – ქორეოგრაფიულ-თოჯინური სპექტაკლი მარო მაყაშვილის დღიურის მიხედვით, ფიზიკური თეატრის კომპანია „ჰოის“ ავტორობით (რეჟისურა, ქორეოგრაფია, სცენოგრაფია და კოსტიუმების მხატვრობა — თათა თავდიშვილი და ტატო გელიაშვილი; ტექსტის ავტორი – გურამ ჯახუტაშვილი; კომპოზიტორი – MICHEL).
პროექტი განხორციელდა იტალიის საელჩოს პატრონაჟით.
„მაროს“ გამარჯვება მხოლოდ ერთი სპექტაკლის წარმატებას არ ნიშნავდა. ეს იყო იმის დასტური, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა რეალურ შესაძლებლობად შეიძლება იქცეს ახალგაზრდა ქართველი ხელოვანებისთვის. პროგრამამ დაამტკიცა, რომ მიზანმიმართული მხარდაჭერის, პროფესიული მენტორობისა და საერთაშორისო პარტნიორობის პირობებში შესაძლებელია სრულიად ახალი სახელოვნებო პროცესების წარმოქმნა. ქართულ-იტალიური თეატრალური თავგადასავალი სწორედ აქედან იწყება – ახალგაზრდების რწმენით, საერთაშორისო პარტნიორობით და იმ პასუხისმგებლობით, რომელსაც კულტურა მომავლის წინაშე ატარებს.
გამარჯვებული პროექტის ავტორებისთვის მარო მაყაშვილის ისტორია მხოლოდ ისტორიული პერსონაჟის ბიოგრაფია არ არის. ეს არის თანამედროვე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საუბარი იდენტობაზე, თავისუფლებაზე, სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და მოქმედების აუცილებლობაზე. როგორც პროექტის ავტორები, თათა თავდიშვილი და ტატო გელიაშვილი აღნიშნავენ:
„იმ რეალობაში, რომელშიც დღეს გვიწევს ცხოვრება, აუცილებელია, რომ შემოქმედება თავისი შინაარსით იქცეს ბრძოლის იარაღად; იმ ხიდჩატეხილობის ამოსავსებად, სადაც საზოგადოების აზრი ორად იხლიჩება. ქართველობის იდენტობა ხშირად ჭარბი რომანტიზებით არის დამახინჯებული, რაც ფუნდამენტს აცლის საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას და მისი კულტურული ღირებულებების რეალურ არსს. თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეა უნდა გასცდეს აღმატებულ ფრაზეოლოგიზმებს და იქცეს ქმედითად დაუზოგავ, ნამდვილ და ხელშესახებ ძალად.
ჩვენი წინაპარი მარო მაყაშვილი ამის ყველაზე ნათელი მაგალითია – ახალგაზრდა ქართველი პატრიოტია, რომლის საქციელი, ერთი შეხედვით, შეიძლება ნაივურად მოგვეჩვენოს, თუმცა სინამდვილეში ძლიერი სიყვარულის და ბრძოლის მკაფიო მანიფესტია.“
თავი მეორე
„დარჩენილები“
(წინააღმდეგობასა და თანხმობას შორის)
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ ამჯერად წარმოგიდგენთ ქართულ-იტალიური თეატრალური თავგადასავლის კიდევ ერთ მნიშვნელოვან თავს – თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრისა და ემილია-რომანიის ეროვნული თეატრის უნიკალურ კო-პროდუქციას – „წასული“. მაგრამ სანამ სპექტაკლზე ვილაპარაკებთ, აუცილებელია, გავიაზროთ, რომ საქმე მხოლოდ თეატრალურ წარმოდგენასთან არ გვაქვს. ეს არის კვლევითი, სოციალური და პოლიტიკურ-ესთეტიკური პროცესი – მცდელობა, სცენაზე გადაიტანოს ის, რაც რეალურ ცხოვრებაში ხშირად უხილავი, დაუმთავრებელი და მტკივნეულია.
ეს თეატრალური პროექტი, რომელიც შეიქმნა იტალიური დოკუმენტური თეატრის კომპანიის KEPLER – 452 მიერ, ემილია-რომანიის ეროვნული თეატრისა და კულტურის ფონდის ATER თანამშრომლობით, ემიგრაციას არა როგორც სტატისტიკას იკვლევს, არამედ როგორც ადამიანურ გამოცდილებას.
ერთი შეხედვით, ქვეყნიდან წასვლა შეიძლება ჩანდეს როგორც გამბედაობა – უცნობისკენ ნაბიჯი, ახალი ცხოვრების ძიება, საკუთარი თავის გადარჩენის მცდელობა. მაგრამ დარჩენაც ხომ არის თავისებური გამბედაობა? დარჩენა იქ, სადაც ყველაფერი ყოველდღიურად გადარჩენის რეჟიმშია, სადაც ცვლილება უკეთესობისაკენ ნელა ან საერთოდ არ ხდება, სადაც იმედი ხშირად არა პრაქტიკულ მოქმედებად იქცევა, არამედ ოცნებად. და სწორედ აქ ჩნდება კითხვა, რომელიც არ არის მხოლოდ სოციოლოგიური, არამედ ღრმად ფილოსოფიურია: ვინ უფრო ძლიერია – ის, ვინც წავიდა, თუ ის, ვინც დარჩა?
შესაძლოა, შეკითხვას საერთოდაც არასწორი ფორმით ვსვამთ, რადგან არც წასვლა არის მხოლოდ გაქცევა და არც დარჩენაა მხოლოდ პატრიოტიზმი. ორივე შემთხვევაში ადამიანი იბრძვის – უბრალოდ, განსხვავებულ სივრცეებში და განსხვავებული ფასით.
ამიტომაც ვიკვლევთ.
ორივე არჩევანი – წასვლისა და დარჩენის – ერთი და იმავე ადგილიდან იწყება – ადამიანის შინაგანი მეხსიერებიდან, რომელიც ერთდროულად ძალაცაა და ტვირთიც. ის ქმნის შიშს, გამოცდილებას, არგუმენტს; ზოგჯერ კი – შეუვალ რეალობას, რომელსაც ვეღარ ეწინააღმდეგები. ამავე დროს, სწორედ მეხსიერება გვკარნახობს უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობასაც – იმ იმედს, რომ სხვაგან შეიძლება იყოს ადგილი, სადაც საკუთარი შრომა და ღირსება უკეთესად დაფასდეს. და ამ წინააღმდეგობაში იბადება ყველაზე რთული კითხვა: წასვლა უფრო ადვილია თუ დარჩენა?
დარჩენა, რომელიც ხშირად არ ჰგავს არჩევანს იმ კლასიკური, მკაფიო მნიშვნელობით, სადაც ადამიანი რაღაცას ირჩევს და სხვა რამეზე ამბობს უარს. ის უფრო ჰგავს უხილავ თანხმობას მშობლიურ ქალაქთან, ქვეყანასთან, რომელსაც ყოველდღე თავიდან აწერ ხელს. არა იმიტომ, რომ ის სრულყოფილია, არამედ იმიტომ, რომ მასში ხარ ჩართული: მის წინააღმდეგობებში, მის გაურკვევლობებში, მის იმედშიც და უიმედობაშიც. ამიტომ აგრძელებ საკუთარ ქვეყანაში ცხოვრებას არა მხოლოდ ინერციით, არამედ – პასუხისმგებლობით. შენი დარჩენა არ ნიშნავს დანებებას, არამედ დაპირისპირებას საკუთარ და სხვების „გველეშაპებთან“ – იმ შინაგანი პროტესტის, უხილავი შიშების, დაბრკოლებების წინააღმდეგ, რომლებიც ხშირად თავად ცხოვრებასაც მართავს.
თუ მაინც წასვლა სჯობს? გადარჩე მაშინ, როცა დარჩენა მხოლოდ ტკივილია. შექმნა ახალი ცხოვრება იქ, სადაც სხვა წესები და შესაძლებლობებია, აირჩიო სხვა ქვეყანა, სადაც საკუთარ შრომას, სხეულს ან სიცოცხლეს მეტი შანსი აქვს. ბრძოლა სხვა ტერიტორიაზე გადაიტანო, უფრო ეფექტური და სასარგებლო გახდე შენივე მშობლებისთვის, მაგრამ დაუსრულებლად ატარო დაშორების ტვირთი და იქცე გველეშაპებთან მებრძოლად. იქნებ, გაიმარჯვო კიდეც?
„წასული“ წასვლის შემდეგ დარჩენილი სივრცის კვლევაა. მოლოდინის, დაკარგვისა და დაბრუნების მუდმივი, დაუმთავრებელი სურვილი. იმის სცენური რეკონსტრუქციაც, რაც უახლოეს წარსულში გამოიცადა: პროტესტი, პატიმრობა, სოციალური უთანასწორობა, ემიგრაცია, ლტოლვილები, დაკარგული საქართველო…
სცენაზე არ გვხვდება კლასიკური დრამატურგიული სტრუქტურა. მის ნაცვლად ვხედავთ მოკლე სცენებსა და მინიატიურებს – სხვადასხვა პერსონაჟის ისტორიებს, რომლებიც რეალურ ადამიანებთან ჩატარებულ ინტერვიუებს ეფუძნება და ქმნის რეალობის ფრაგმენტულ, მაგრამ ზუსტ თეატრალურ ანარეკლს.
ამგვარად, „წასული“ თითქოს არაა დასრულებული სპექტაკლი – ის იწყება დაკარგვის და გადატანილის მეხსიერების ზონაში, მაგრამ წინასწარ ვერ ასრულებს დიალოგს. ეს არის დადგმა, რომელიც არა მხოლოდ გვიყვება მიგრაციის ისტორიას, არამედ როგორც დაუმთავრებელი წინადადება, თვითონ უსვამს შეკითხვას სამყაროს: რას ვკარგავთ, როცა ვტოვებთ და რას ვპოულობთ, როცა ვბრუნდებით; თუნდაც დაბრუნება მხოლოდ სცენაზე იყოს შესაძლებელი. სწორედ ამ დაუმთავრებელ კითხვაში იბადება დადგმის მთავარი – თანამედროვე საქართველოს ყველაზე უხილავი, მაგრამ ყველაზე რეალური დრამა.
„წარსული“
თეატრალური კომპანიის Kepler452-ის ორიგინალურ წარმოდგენა.
იდეა და ტექსტი: ენრიკო ბარალდი, ნიკოლა ბორგეზი, რიკარდო ტაბილიო.
რეჟისორები: ენრიკო ბარალდი, ნიკოლა ბორგეზი.
თარგმანი და ადაპტაცია: თათია მთვარელიძე.
სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი: სიმონ მაჩაბელი.
კომპოზიტორი: გოგი ძოძუაშვილი .
მონაწილეობენ: ნინო ბურდული, თემო ნატროშვილი, ნიკა წერედიანი, ლუკა ჩიბუხაია, კატო კალატოზიშვილი, პაატა ინაური, ქეთა შათირიშვილი, ლიზა ნიკვაშვილი, გიორგი ჩაჩანიძე. თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი.









