წერილი მერვე
(დასაწყისი 2022 №4; 2023 №2, №3; 2025 №1, №2, №4, №6; 2026 №1)
აკაკი ვასაძის ცნობილი განცხადების ნამდვილი არსის გარკვევისთვის
„ცილისწამებით, ჩვეულებრივ, თავს ესხმიან ღირსეულ ადამიანებს.“
ჯ. სვიფტი
კონფლიქტის ნამდვილი არსის გაცნობის შემდეგ დადგინდა აკ. ვასაძისა და აკ. ხორავას უდანაშაულობა ს. ახმეტელის რეპრესირებაში. აქამდე ამის „დამადასტურებელ“ საბუთად მოჰყავდათ აკ. ვასაძის ავტობიოგრაფიის ფრაგმენტი, რომელიც მან კომუნისტურ პარტიაში შესვლასთან დაკავშირებით დაწერა: „თვითგანვითარების მიზნით, მე, განსვენებულმა მსახიობმა ვიაჩესლავ ჯიქიამ და მიხ. ლორთქიფანიძემ განვიზრახეთ თეატრში ახალგაზრდა მსახიობთა თვითმოქმედი წრე დაგვეარსებინა, რომელიც შემდეგ ხალხის მტერმა, ალ. ახმეტელმა, კორპორაციული მეთოდებით, „დურუჯის“ სახელწოდებით უმსგავსო ორგანიზაციად გადააქცია და, თუმცა, ცენტრალური კომიტეტის მიერ იგი დაშლილ იქნა 1927 წ. 27 იანვარს, ახმეტელი განაგრძობდა კორპორაციული მეთოდებით მუშაობას თეატრში და ახალი ფაშისტური წრე ჩამოაყალიბა ფარულად, რომელიც, ცენტრალური კომიტეტის დახმარებით, ჩემი და აკაკი ხორავას მეთაურობით გამომჟღავნებული და განადგურებული იქნა რუსთაველის თეატრში“.
დღემდე ყურადღება არავის მიუქცევია, რომ ეს ყალბად შეფასებული „დოკუმენტი“ გასული საუკუნის 50-ან წლებში სწორედ მაშინ გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, როდესაც ლ. ბერიას ლიკვიდაციის შემდეგ ს. ახმეტელისა და რუსთაველის თეატრის რეპრესირებულ მსახიობთა რეაბილიტაციის საკითხი დადგა. ამით საზოგადოებაში განმტკიცდა აქამდე მოარულად არსებული აზრი დიდ მსახიობთა „ბრალეულობის“ შესახებ ამ ჯგუფის რეპრესირებაში.
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა განცხადება, დიდი ალბათობით, სპეციალურად გამოამზეურა; ამ ფაქტში კიდევ უფრო ვრწმუნდებით, როცა ვიგებთ, რომ ს. ახმეტელის სარეაბილიტაციო გამოძიების დამთავრების შემდეგ ამიერკავკასიის სამხედრო პროკურორმა – ა. ცუმარევმა საიდუმლო მოხსენებითი ბარათი გაუგზავნა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს – ვასილ მჟავანაძეს, რომლისგანაც ელოდა რჩევას, რა მექანიზმი გამოეყენებინათ აკ. ვასაძის წინააღმდეგ. ცხადია, ეს ვითარება რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩენილიყო და აკ. ვასაძე ქუთაისის თეატრის ხელმძღვანელად გადაიყვანეს. ამას ემატებოდა ისიც, რომ რუსთაველის თეატრის ახალგაზრდა მსახიობთა ჯგუფი მხატვრული ხელწერის შეცვლისთვის იბრძოდა და ამით ვითარებაც განიმუხტა; თეატრში ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა.
ეს ხელნაწერი დოკუმენტად რომც მივიჩნიოთ, გასათვალისწინებელია, რომ ის კონფლიქტის დასრულებიდან კარგა ხნის შემდეგ – 1938 წლის 9 თებერვალს დაიწერა. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მთავრობა სხვადასხვა დაწესებულებისა და შემოქმედებითი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ავალებდა უარყოფითი დახასიათებების დაწერას რეპრესირებულთა შესახებ. მოყვანილი ციტატაც, სავარაუდოდ, ამის შედეგია.
ზოგი მკვლევარი, სამწუხაროდ, არ ითვალისწინებს, რომ აკაკი ვასაძე არარსებულ ფაქტს მიიწერს. კორპორაცია „დურუჯის“ დაარსებასთან დაკავშირებულ დოკუმენტში ჩანს, რომ არავითარი „თვითმოქმედი წრე“ არ უძღოდა კორპორაცია „დურუჯის“ დაარსებას, რომელიც ს. ახმეტელის მეთაურობითა და აკ. ვასაძის აქტიური მონაწილეობით შეიქმნა.
არასწორია აკ. ვასაძის შემდეგი ფრაზაც – „ახალი ფაშისტური წრის ჩამოყალიბების“ შესახებ. არსებობს 1929-30 წლების სეზონის ანგარიში, რომელიც პოლიტიკური სამმართველოს მესამე განყოფილებამ მოამზადა. ქვესათაურში – „კორპორაციული განწყობილებების აღდგენა“ წერია, რომ ბავშვის დაბადების დღის საბაბით პლატონ კორიშელის ბინაზე მომხდარა შეკრება და ის დილის 4 საათამდე გაგრძელებულა. მასში მონაწილეობდნენ ახმეტელი, ხორავა, ვასაძე, დავითაშვილი, პატარიძე, კორიშელი, ლორთქიფანიძე, აბაშიძე და სარჩიმელიძე. მათ განიხილეს თეატრის მდგომარეობის საკითხი და აღინიშნა „დურუჯის“ აღდგენის აუცილებლობა თეატრის მტრებთან საბრძოლველად. აქ იგულისხმება ის მდგომარეობა, რომ პრესაში, დისკუსიებსა და თათბირებზე თეატრის შემოქმედებას აკრიტიკებდნენ და საჭირო ხდებოდა თავდაცვა. იქვე საინტერესო ცნობას ვხვდებით: „კორპორანტთა გულში წარმოიქმნება ახალი ოპოზიციური ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: ვასაძე, პატარიძე და ლორთქიფანიძე. ეს ჯგუფი იმითაა უკმაყოფილო, რომ თეატრში მთელი ძალაუფლება ხელში ხორავამ აიღო და თითქოს ახმეტელი მთლიანად ხორავას გავლენის ქვეშაა. ვასაძე მსახიობებთან საუბარში ამბობდა: „ახმეტელი მხოლოდ ხორავას ეთათბირება, მასთან ატარებს დროის დიდ ნაწილს, დანარჩენს კი – თავის ფავორიტ წულუკიძესთან“. ანალოგიური განცხადება გააკეთა პატარიძემაც მსახიობებთან საუბრისას: „მე, ფაქტობრივად, ახმეტელის მოადგილედ ვითვლები, მაგრამ ეს უკანასკნელი მხოლოდ ხორავასთან თათბირობს“. ჯერჯერობით ეს უთანხმოებები და ახალი ოპოზიციური განწყობები დასისთვის უცნობია“.
დოკუმენტიდან ჩანს, რომ აკ. ვასაძის დამოკიდებულება „დურუჯის“ აღდგენასთან დაკავშირებით სუბიექტურია და ის მოვლენებსაც სხვაგვარად წარმოსახავს.
ამ ფაქტის უფრო ნათლად წარმოსაჩენად მოვიყვან ს. ახმეტელის 1937 წლის 16 თებერვლის დაკითხვას:
კითხვა: 1927 წელს „დურუჯის“, როგორც მავნე და არასაბჭოთა გაერთიანების, დახურვის შემდეგ ვინმემ თუ მიიღო კორპორაციის აღდგენის ზომები. რა არის ამის შესახებ თქვენთვის ცნობილი?
პასუხი: ზაჰესის გაშვების წინა დღეს, ჩემთან საუბრისას, საქართველოს პოლიტსამმართველოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ ბერიამ მკითხა, ცნობილია თუ არა ჩემთვის, რომ კორპორაცია „დურუჯს“ ჰქონდა არალეგალური თათბირი აკაკი ვასაძის ბინაში. ჩემთვის ეს არ იყო ცნობილი. შემდგომში დავადგინე, რომ ამ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი; ამ არალეგალურ თათბირზე რომელი საკითხები განიხილებოდა, არ ვიცი, ვინაიდან კორპორანტები სპეციალურად შეთანხმდნენ ამ გარემოების დასაფარავად.
კითხვა: გამოძიებას აქვს მონაცემები, რომ 1928 წლის ბოლოს (დეკემბერი) კორპორანტ მსახიობის პლატონ კორიშელის ბინაში, თქვენი წინადადებით და სხვა კორპორანტთა მხარდაჭერით, განახლდა კორპორაცია „დურუჯის“ არსებობა. მოგვეცით ჩვენება.
პასუხი: დიახ, ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი.
კითხვა: მიეცით გამოძიებას განმარტება თქვენ მიერ კორპორაცია „დურუჯის“ არაოფიციალურ საწყისებზე აღდგენის მიზეზებზე.
პასუხი: ამ პერიოდში, 1928 წლის ბოლოს და 1929 წლის დასაწყისში რუსთაველის სახელობის თეატრი კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა იმ თავდამსხმელთა წყალობით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ქართული ინტელიგენციის გარკვეული ნაწილის მხრიდან. მეორე მხრივ, დიდი მხარდაჭერა საბჭოთა პარტიული ორგანიზაციებიდან თეატრს არ ჰქონდა. საკუთარი თავის ამარად დარჩენილი რუსთაველების კოლექტივი ყველა ღონეს მიმართავდა, რომ შეგვენარჩუნებინა და გადაგვერჩინა საკუთარი თავი განადგურებისგან. ეს პერიოდი გამოირჩეოდა ყველაზე მწვავე ბრძოლით მარჯანიშვილისა და რუსთაველის სახელობის თეატრებს შორის მოსკოვში გასტროლების გამართვის წინ. სრულიად მარტო დარჩენილი, ვეძებდი მხარდაჭერასა და ვთვლიდი, რომ მას ვნახავდი ჩემი ამხანაგებისა და „დურუჯის“ კორპორანტთა შორის. ამით ვხსნი კორპორაცია „დურუჯის“ ზოგიერთი ფორმის (საორგანიზაციო) აღდგენას.
კითხვა: როგორ რეაგირებდნენ კორპორაცია „დურუჯის“ წევრები კორპორაციის საბოლოო დაშლაზე?
პასუხი: ისინი ფიქრობდნენ, რომ მე გავყოყოჩდი, რომ მათთან აზრის გაზიარება არ მინდოდა. კორპორაციის აღდგენის საკითხი არაერთხელ დამიყენეს კორპორანტებმა 1930-31 წლებშიც, მაგრამ ამაზე უარყოფითად ვრეაგირებდი“.
როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, 1927 წლის 27 იანვარს, ლავრენტი ბერიას რეკომენდაციით, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ კორპორაციის გაუქმების შემდეგ, მსახიობთა ჯგუფს აკაკი ვასაძის ინიციატივით, განუზრახავს „დურუჯის“ აღდგენა. ამის შესახებ ს. ახმეტელს არ აცნობეს იმ საბაბით, რომ მას კორპორაციის დახურვის გამო ოფიციალური პროტესტი არ გამოუთქვამს. იმავე წელს გაიმართა ზაჰესის პირველი რიგის საექსპლუატაციოდ გადაცემის საზეიმო ცერემონიალი (დამდგმელი იყო ს. ახმეტელი), სადაც შედგა ლ. ბერიასა და ს. ახმეტელის საუბარი; ამის შემდეგ ეს წამოწყება აღარ გაგრძელებულა. კორპორაციის შემდგომი აღდგენის მიზეზებს ს. ახმეტელი დაკითხვაზე დამაჯერებლად ხსნის. აქედანვე ირკვევა, რომ რეჟისორმა კორპორაცია თავისი ინიციატივით დაშალა. ალბათ, იმიტომ, რომ ადრინდელ „დურუჯს“ ის სხვა მიზნები და ამოცანები ამოძრავებდა, რამაც მისი შექმნის აუცილებლობა გამოიწვია. ახლანდელ ეტაპზე კი კორპორაცია, შემოქმედებითი პროცესების მაგივრად, უფრო ორგანიზაციული საკითხების მომგვარებელ იმ ჯგუფად გადაიქცა, რომლის მუშაობამაც სათანადო შედეგი ვერ გამოიღო. ამ გარემოებებით უნდა ავხსნათ ს. ახმეტელის მიერ კორპორაციის შემდგომი აღდგენის ცდების უარყოფა.
საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ან პოლიტსამმართველოს დოკუმენტაციაში არ მოიპოვება აღდგენილი კორპორაციის გაუქმების დადგენილება. ეს საკითხი ოფიციალურად არც აკ. ვასაძესა და არც აკ. ხორავას არ დაუყენებიათ.
ვფიქრობ, „ახალი ფაშისტური წრის“ განადგურების ვერსია აკ. ვასაძემ თავის განცხადებაში ეფექტის მოსახდენად დაწერა.
მსგავსი განცხადება თვით კორპორაცია „დურუჯსაც“ აქვს გაკეთებული. 1926 წლის 17 ივლისის №125 ოქმში ვკითხულობთ: „დურუჯი“ მაგარი ცოცხით წმენდდა და ამხელდა ქართული თეატრის მტრების მოღვაწეობას“. შეგვიძლია კი ამის საფუძველზე უარვყოთ მისი არსებობის მნიშვნელობა? კორპორაციას სინამდვილეში მსგავსი ღონისძიება არ ჩაუტარებია. ამიტომ დოკუმენტაციისადმი ანალიტიკური დამოკიდებულება აუცილებელია.
ვინაიდან ამ ავტობიოგრაფიამ საზოგადოებაში მწვავე რეაქცია გამოიწვია, ჩვენ დავინტერესდით საბუთის შემდგომი ოფიციალური მსვლელობით. პარტარქივში, აკ. ვასაძის პირად საქმეში, მივაკვლიეთ პარტიაში შესვლის განცხადებას. იგი თეატრის ბლანკზეა დაწერილი და დათარიღებულია 1939 წლის 11 აპრილით:
„ლენინის ორდენის სახ. სახ. თეატრის პარტიულ ორგანიზაციას
აკაკი ალექსის ძე ვასაძის
განცხადება
ვინაიდან საქ. კ. პ. (ბ) წევრობის კანდიდატი ვარ 1938 წ. აპრილიდან, გთხოვთ მიმიღოთ წევრად პარტიის რიგებში.
აკ. ვასაძე“
ზემოაღნიშნული ავტობიოგრაფია ამ პირად საქმეში არ აღმოჩნდა. ამასთანავე ყურადღება არავის მიუქცევია, რომ ავტობიოგრაფიის ტექსტი შავი ეგზემპლარია, რომელიც ჩასწორებულია და თანაც რუსთაველის თეატრის მუზეუმის ბეჭედი აქვს დასმული. ცხადია, პარტიული ინსტანციისთვის განკუთვნილი დოკუმენტი, მისი ოფიციალური მსვლელობის მიცემისას, თეატრის მუზეუმში ვერ მოხვდებოდა, ამიტომ ამ ავტობიოგრაფიის ოფიციალურ საბუთად მიჩნევა არ შეიძლება.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ აკ. ვასაძესა და აკ. ხორავას უშუალოდ კონფლიქტის დროს არც პრესაში და არც თავის გამოსვლებში ს. ახმეტელი აუგად არ უხსენებიათ. როგორც იმ პერიოდში ჩატარებულ საქართველოს კომპარტიის ცკ-ის და ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის თათბირების სტენოგრამებიდან ჩანს, ს. ახმეტელის შემოქმედებით პრინციპებს იცავდნენ კიდევაც. ამიტომაც აკ. ვასაძის მიერ პოლიტიკური ვითარებებით განპირობებული და არასწორი მონაცემებით დაწერილი ავტობიოგრაფიის შავი პირი ს. ახმეტელის რეპრესირების პირდაპირ საბუთად არ გამოდგება.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ს. ახმეტელის რეპრესირების შემდეგ აკ. ვასაძე 1937-1954 წლების თავის გამოსვლებსა და წერილებში ს. ახმეტელის შემოქმედებას უარყოფითად აფასებს მაშინდელი იდეოლოგიური დაკვეთით, რასაც იმ პერიოდის ვერც ერთი ხელმძღვანელი მუშაკი თავის ოფიციალურ გამოსვლებში ვერ გაექცეოდა. აკ. ვასაძე თავის წიგნში „მოგონებები, ფიქრები“ ს. ახმეტელზე საბოლოო შეფასებებს გვაძლევს თავისუფალს ყოველგვარი პოლიტიკური მოთხოვნებისგან.
თამარ წულუკიძის ვერსიის შესახებ
დოკუმენტურ ფილმში „სცენიდან განდევნილი ადამიანები“ (საქ. სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანე“, 1989 წ. შემოქმედებითი გაერთიანება „სტუდია-87“, რეჟისორები შ. შონია, დ. კობახიძე) კონფლიქტთან დაკავშირებულ ეპიზოდებს თამარ წულუკიძე სუბიექტურად აღწერს, მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე ყველაზე კარგად იცოდა. სუკ-ის არქივში ჩემი შესვლითა და მასალების გაცნობით მოხერხდა ზუსტი ისტორიის აღდგენა.
თავის წიგნისგან განსხვავებით („მხოლოდ ერთი სიცოცხლე“, თბ. 1983, რუს. ენაზე), თამარ წულუკიძე ფილმში მოვლენებს უფრო დაწვრილებით და სხვაგვარადაც ხსნის. გთავაზობთ ამ გამოსვლის ფრაგმენტებს: ,,…სამწუხაროდ, მან (ახმეტელმა გ.მ.) არ შეიხედა მხოლოდ ერთ, ხორავასა და ვასაძის ცალკე საგრიმიოროში. ხორავას გამოსვლა მხოლოდ მეოთხე მოქმედებაში ჰქონდა. ამიტომ მეოთხე აქტამდე ყველაფერი კარგად იყო… ჩვეულებრივ ხორავა სცენაზე შემოჰქროდა – ეს ლამარას მამაა – იჩო. სცენაზე ელვასავით შემოფრინდებოდა. ამ როლში ის შესანიშნავი იყო. და აი, მე იმ წამსვე ვიგრძენი, რა მოხდა?! „რა უფრო ძვირფასია, რა უფრო ტკბილია – სისხლი, სისხლი…“ ეს ხორავას ხმა არ არის. სცენაზე გამოვედი და მისი თვალები დავინახე, მივხვდი, რაშიც იყო საქმე. წითელი, სისხლით აღსავსე თვალები, რაღაც წატორტმანებული მოძრაობები და ჩემკენ გამოწეული ხელები; მე რა უნდა ვქნა… მიზანსცენის შეცვლა შეუძლებელია, ვინაიდან მასზეა აგებული სპექტაკლის ფინალი. იყოს, რაც იქნება – აი, ასეთი მომენტია.
ვეხვევი მას მხრებზე და ჩამოვეკიდე მის ხელებს. ის მე ამიტაცებს და ამ დროს ვგრძნობ, თითქოს სადღაც მივფრინავთ… კიდევ ერთი წამი და იატაკზე დავეცემოდით, ისე ირწეოდა სიმძიმის ქვეშ; მსახიობები წამოხტნენ – ყველა მზად იყო, სცენაზე მყოფმა პერსონაჟებმაც მოირბინეს, „ლამარას“ ცხედარი ხელიდან გამოართვეს და უკვე მსახიობებს დაყრდნობილი, ისე დაჯდა, როგორც საჭირო იყო. ლამარას ცხედარი მუხლებზე დაუდეს და სპექტაკლიც დამთავრდა. წარმოგიდგენიათ, როგორ განრისხდა საშა? ეს ხომ სამარცხვინო ფაქტია რუსთველის თეატრში ასეთი მნიშვნელოვანი წარმოდგენისას… თეატრის საუკეთესო მსახიობი ისეთი მთვრალი მოდის, რომ, როგორც ამბობენ, ფეხზე ძლივს დგას და სცენაზე გადის. როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო…“
თ. წულუკიძის წიგნში აღნიშნულია, რომ აკ. ვასაძემ გრიმიორი აპოლონ გამყრელიძე ოთახში არ შეუშვა და გრიმიც თვითონვე გაუკეთა ხორავას. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ აკ. ვასაძეს ამ ამბის გახმაურება არ უნდოდა. თ. წულუკიძე არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ აკ. ხორავამ სუფრა ნაშუადღევს დატოვა, შემდგომ გ. სარჩიმელიძემ გამოსაფხიზლებლად ქალაქში ერთი საათი მანქანით ატარა, ხოლო მეოთხე მოქმედების დაწყებამდე თავის საგრიმიოროში ეძინა. აკ. ვასაძეც აღნიშნავს, მხნედ გამოიყურებოდა და მეოთხე მოქმედებამაც მშვიდად ჩაიარაო. რაც მთავარია, წაქცევის ან მაყურებლის მიერ სიმთვრალის შემჩნევის ფაქტი არ აღნიშნულა ცკ-ის სპეციალურ თათბირებზეც. კვლავ გავიხსენოთ ლ. ბერიას სიტყვები: „რომ დაცემულიყო მთვრალი მსახიობი სცენაზე, ხომ მოხდებოდა დიდი აურზაური“. ამ სიტყვებიდან ნათელია, რომ უცხო თვალისთვის შესამჩნევი არაფერი მომხდარა. სინამდვილეში არავის არაფერი გაუგია და სპექტაკლმაც ჩვეულებრივ ჩაიარა. სწორედ თ. წულუკიძემ უთხრა ს. ახმეტელს, რომ აკ. ხორავა მთვრალი იყო, თუმცა მას მხოლოდ სასმლის სუნი ეცა, როდესაც იჩომ ლამარა ხელში აიყვანა. ამიტომაც, ამ ინციდენტის სრული პასუხისმგებლობა თ. წულუკიძეს ეკუთვნის.
თ. წულუკიძე ასევე თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევს აკ. ვასაძის თეატრიდან წასვლას: „ამ ინციდენტთან დაკავშირებით ვასაძემ დაუყოვნებლივ დაწერა განცხადება თეატრიდან წასვლაზე, რითაც უკიდურესობამდე გაამწვავა მდგომარეობა…“ სინამდვილეში კი აკ. ხორავა ერთადერთმა აკ. ვასაძემ დაიცვა, რაც ს. ახმეტელს არ ესიამოვნა და ამ მიზეზის საფუძველზე დაწერა ბრძანება №42 – „განთავისუფლებულ იქნას რეჟისორის თანამდებობიდან აკ. ვასაძე 9 ივლისიდან. დატვირთვა 250 მან. მოეხსნას. განთავისუფლებულ იქნას, აგრეთვე, სტუდიის ხელმძღვანელის მოვალეობისაგან“. მხოლოდ ამ იურიდიულ საფუძველსა და რაიმე განმარტებას მოკლებული ბრძანების შემდეგ, პროტესტის ნიშნად, აკ. ვასაძემ თეატრიდან წასვლა ითხოვა. ამ შემთხვევაში ვითარება ს. ახმეტელმა გაამწვავა.
თ. წულუკიძის სიტყვებს: „დაინტერესებულ პირთა რთული სვლები, რომლებიც მოგვიანებით გაირკვა, მაშინ ჩვენთვის საიდუმლოდ რჩებოდა“, მოჰყვება 13 სექტემბრის დადგენილების მისეული კომენტარი: „ახმეტელის ადგილას ვასაძე დაინიშნა.“
ქალბატონი თამარის ამ ნათქვამიდან გამოდის, რომ „დაინტერესებულ პირებში“ აკ. ვასაძე იგულისხმება. სინამდვილეში აქ უკვე რეპრესიული მექანიზმი ამუშავდა. ს. ახმეტელი იყო თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. რეორგანიზაციის შემდეგ დირექტორად შეთავსებით დაინიშნა განსახკომის კომისრის მოადგილე ე. გორდელაძე, მოადგილედ გადმოიყვანეს შინსახკომის რწმუნებული გ. გუგუნავა, ხოლო აკ. ვასაძე სათავეში ჩაუდგა სარეჟისორო კოლეგიას. ასე რომ, აკ. ვასაძე სრულიად ახალ ორგანიზაციულ სისტემას ჩაუდგა სათავეში.
თ. წულუკიძე მოვლენებს ან სხვაგვარ ელფერს აძლევს, ანდა ორაზროვან დასკვნებს აკეთებს. ქალბატონი თამარის ნათქვამიდან ჩანს, რომ ამ ინციდენტში ყველაზე დაინტერესებული პირი და ორგანიზატორი ლ. ბერია ყოფილა, ხოლო „რთული სვლების“ განსახორციელებლად ორი დიდი მსახიობი გამოუყენებია: „А трагедия получилась потому что время было страшное. Во главе республики стоял Берия. Он их подобрал, все эти отдельные недовольства, все это скомпоновал, зажал их, этих двух людей, и на этом сыграл“. ამასთან დაკავშირებულია აკ. ვასაძის ავტობიოგრაფიის ცნობილი ფრაგმენტი (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იქ 20-იანი წლების მოვლენებზეა ლაპარაკი და არავითარი კავშირი არა აქვს კონფლიქტთან), რომელიც ისეა წარმოდგენილი, თითქოს იმ პერიოდში დაწერილიყოს. სამწუხაროდ, თ. წულუკიძეს მნიშვნელოვანი ფაქტი „გამორჩა“. ს. ახმეტელი გაათავისუფლეს საქ. კპ (ბ) ცკ-ის ბიუროს 1935 წლის 3 აგვისტოს დადგენილების შეუსრულებლობისათვის. თუკი ს. ახმეტელი მსახიობებს შეცდომებს არ პატიობდა, იმ პერიოდში ვინ შეარჩენდა ცკ-ის იგნორირებას? ცხადია, ამ გარემოებას პოლიტიკური სარჩული დაუდეს. თ. წულუკიძეს კი ისე გამოჰყავს, თითქოს ს. ახმეტელი თეატრიდან მისი ადგილის დაკავების მიზნით აკ. ვასაძემ განდევნა. ამ აზრს ავითარებს თ. წულუკიძე, როცა ამბობს: „ვასაძეს ჰქონდა უფრო დიდი პრეტენზიები, ის გაცილებით მეტს სთხოვდა თეატრის ხელმძღვანელობას“. არც ეს სუბიექტური მოსაზრებაა სწორი. ინციდენტი მოხდა აკ. ხორავასა და ს. ახმეტელს შორის. ამ ამბავში აკ. ვასაძე ჩაერთო, როგორც მეგობრის დამცველი. იგი ს. ახმეტელის მარჯვენა ხელი იყო, ხელმძღვანელობდა თეატრის სტუდიას და ირიცხებოდა სარეჟისორო კოლეგიაში, ჰქონდა ცალკეული დადგმები. ახლო მეგობრის გამო აკ. ვასაძეს ს. ახმეტელზე ზემოქმედების იმედი ჰქონდა, მაგრამ ფიცხ გულზე ს. ახმეტელმა მის წინააღმდეგაც გაილაშქრა. სხვა პრეტენზიები იმ მომენტისთვის არ წარმოქმნილა. ორივე მსახიობის აღდგენის შემთხვევაში კონფლიქტი არ გამწვავდებოდა და ს. ახმეტელსაც არ გაათავისუფლებდნენ. ამ საკითხზე კი არავინ დაფიქრებულა.
თ. წულუკიძე თავის გასამართლებლად ამბობს: „დარწმუნებული ვარ, საჭირო იყო გარკვეული ვადა, რათა მოვლენათა სიმწვავე შერბილებულიყო“. ამის დრო კი ს. ახმეტელს საკმაოდ ჰქონდა. იგი არაერთხელ იქნა გამოძახებული ცკ-ში, შედგა ოფიციალური თათბირები როგორც ცკ-ში, ასევე თეატრში. მდგომარეობის გამოსწორების მიზნითა და ს. ახმეტელის გასაფრთხილებლად მიღებულ იქნა საქ. კპ (ბ) ცკ-ის ბიუროს 1935 წლის 3 აგვისტოს სპეციალური დადგენილებაც „რუსთაველის თეატრის შესახებ“. ორ თვეში კი შესაძლებელი იქნებოდა ყველაფრის მოგვარება, თანაც ახალი სეზონის გახსნის მომზადება გვიანდებოდა. ს. ახმეტელის ხასიათი მისი ბედისწერა აღმოჩნდა. თათბირებზე იგი მსახიობთა აღდგენაზე თანხმდებოდა. მაშ, რა ხდებოდა შემდეგ? (ამის შესახებ აკ. ვასაძე თავის მოგონებებში წერს). 9 სექტემბერს რუსთაველის თეატრში ჩატარდა ბოლო კრება, რომელსაც შეეძლო ამ კონფლიქტის შეწყვეტა, მაგრამ ცკ-ისა და თეატრის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. ამის შედეგად გამოიცა საქ. სახკომსაბჭოსა და საქ. კპ (ბ) ცკ-ის ბიუროს 13 სექტემბრის დადგენილებაც.
Gubaz Megrelidze – In the Footsteps of Invisible History
Letter 8 (Beginning in 2022 No. 4; continued in 2023 No. 2 and No. 3; 2025 No. 1 and No. 2, No. 4, No. 6; 2026 No. 1)
The author discusses the events surrounding Sandro Akhmeteli and argues that the then-members of the troupe—Akaki Vasadze and Akaki Khorava—did not participate in the director’s expulsion from the theatre.
Having studied archival materials, the author believes that the views of Akhmeteli’s wife, the actress Tamar Tsulukidze, regarding Akaki Vasadze are subjective.
He attempts to reconstruct historical reality.









