ეკა თხილავა ესე

სარას ფატუმი

, , ,

„რატომ ასდის შენს კანს მუდამ გაზაფხულის სურნელი“?

ნემერ იბნ ალ ბარუდი

კანგაცლილები

ჟან პოლ ბასკიას, სამყაროს კიდევ ერთ გარდაუვალ გიჟს, უყვარდა კანგაცლილი, კანგარეცხილი ადამიანების ხატვა.

თითქოს აგლეჯდა ზედმეტს, რომ უფრო შიშველი ეჩვენებინა ადამიანი –

დაეყვანა ძარღვებამდე. სისხლძარღვებამდე. კუნთებამდე. მოციმციმე გულამდე. ხორხამდე.

არადა, უყვარს ადამიანს თავისი „დერმატოს“ – როგორც საფარი, როგორც საზომი თავისი ადამიანური საწყისისა, სილამაზისა და სიგონჯისა.

უყვარს, რადგან ჰგონია, რომ კანგაცლილი ყველა ერთნაირია დედამიწაზე.

და ეს ერთნაირობა აგიჟებს. აფრთხობს;

რენტგენის სურათად აქცევს – დაზნექილი ნეკნებითა და შავ-თეთრი გარსით.

ადამიანები გაურბიან „კანგაცლილებს“, როგორც კეთროვნებს.

ამიტომ იშვიათად მოდიან ასეთები – დაბადებულები კანგარეშე ან დაბადებულები კანშემოსაძარცვად.

ბასკია ერთ-ერთი იყო და თავისიანებსაც ამის გამო ხატავდა მუდამ; ძროხაც კი „კანგაცლილი“ იყო მასთან მუდამ. მგელიც. ადამიანიც – დაღრეჭილი და დაძარღვული.

იქნებ, ასეთია ბასკიასა და ბასკიასნაირთა სიყვარულიც – კანწართმეული.

ბრეხტი წერდა – „მწკრივში ჩამდგარან ცხვრები, უკრავენ ბარაბანს და თავადვე იძლევიან ტყავს ამ ბარაბნისთვის“…

ბრეხტს მაინც და მაინც არც სხვა უყვარდა და მით უფრო, არც „სხვისი“ ტყავი, მაგრამ უყვარდა ხმა ბარაბნისა – როგორც ხმა თვითშეწირვისა, თვითგანწირვისა და თვითგვემისა.

თავადაც არაერთხელ გასცა კანი ამ „ბარაბნისთვის“ და არაერთხელ იქცა კანგამცლელადაც.

თუმცა, დაბადებული „ცხვრის“ გასატყავებლად იყო სწორედ. 

ცხადია, კაცები უფრთხიან კანის გაცლას;

ქალები – მით უფრო –

განსაკუთრებული სიფაქიზით უყურებენ მას.

თავს ევლებიან.

უფრთხილდებიან და უფრთხიან.

ყველა ხაზს, წვრილ ძარღვს, უჯრედს „მისდევენ“.

ქალი კანია!

დაბადებული კანად!

კანიანად!

და იშვიათად ჩნდებიან ისეთები, უარს რომ ამბობენ მასზე; რომ გასცემენ; სხვას რომ დაუნანებლად გადაუნერგავენ და ჩონჩხადქცეულ რენტგენებად რჩებიან ბოლოს.

ისიც ასეთი იყო – წითური ქალი ლურჯი, გამჭვირვალე თვალებით;

ალქაჯის მომნუსხავი მზერითა და ხმით, ხორხიდან ამოსულს რომ არც ჰგავდა. რაღაც უფრო მეტი იყო მასში – ღვთიური. ღვთის ნაჩუქარი. ღვთისგან ხელდასხმული.

ფრანგ კრიტიკოსს – სარსის დაუწერია გაოგნებულს: „ეს არის ყველაზე მელოდიური ხმა, რაც კი ადამიანს ოდესმე სმენიაო.“

თუმცა, ყველაზე მელოდიური ხმის ქალს განსაკუთრებული სილამაზის „კანი“ სულაც არ ჰქონია; მისი რენტგენი ყველაზე ფაქიზი და ძლიერი აღმოჩნდა მაინც;

აღმოჩნდა, რადგან სარა ბერნარი იყო –

ქალი, გაზაფხულის უბადლო სურნელით!

ქალი – დაბადებული უცხო კანში!

სამი კუბო

„ყველა საკუთარ ცნობიერშია ჩაკეტილი, როგორც საკუთარ კანში და მხოლოდ მასში ცხოვრობს“ – ასე სჯეროდა არტურ შოპენჰაუერს;

სარა ბერნარი არც ამ ადამიანურ პოსტულატში ეტეოდა არასდროს.

არც საკუთარ ცნობიერს ცნობდა და არც – კანს, რომელიც დაბადებიდან „უცხო“ აღმოჩნდა მისთვის –

ტვირთად დაიბადა; არასასურველ შვილად ფრანგი ებრაელი კურტიზანისა, რომელმაც სიცოცხლის ბოლომდე არ გათქვა შვილის მამის ვინაობა.

ასე გაიწირა მარადიული უმამობისთვის ანრიეტ-როზი ბერნარი. თუმცა, ხანდახან მაინც იკვეთებოდა ალაგ-ალაგ მშობლის კვალი – ფარულ საჭირო დამფინანსებლად ევლინებოდა საჭირო დროს მუდამ გოგოს; თითქოს მხოლოდ ფული იყო მამა. თითქოს სულ ეს იყო! სხვა არაფერი…

უმამობასთან ერთად უდედოც აღმოჩნდა, ერთგვარად, ანრიეტი –

შორს – ბრეტანში გაგზავნა ქალმა, ძიძასთან ერთად, ბავშვი, ხელი რომ არ შეშლოდა. და ისიც ფულსა და საჩუქრებს აგზავნიდა სიყვარულის ნიშნად შვილთან.

ვინ იცის, მაშინ გოგო ფიქრობდა, რომ მონატრება ფული და ტკბილეულია მხოლოდ.

იქ დაიწვა სწორედ პირველად ცხოვრებაში „კანი“ გოგომ –  ბუხრიდან  ცეცხლი წაეკიდა კაბაზე და სასწაულით გადაურჩა სიკვდილს.

ასე „გამოიცვალა“ პირველი კანი სარა ბერნარმა…

დედამ – იუდიფ ბერნარმა – განსაკუთრებული გემოვნებისა და სილამაზის კურტიზანმა –  პარიზში წაიყვანა, მაგრამ გოგოს ხელახალი გაძიძებაც მარცხით დასრულდა – ხელიდან გაუვარდა აღმზრდელს იგი და ხელ-ფეხი მოიტეხა ბავშვმა.

თითქოს ვერ ძლებდა მარტო სარა. მარტოობაში. საკუთარ კანში იწვოდა. იბრძოდა.

თითქოს ხიფათიც სდევდა თან.

სიკვდილის სუნიც ასდიოდა, გაზაფხულის სუნთან ერთად, მის ჩვილ კანს მუდამ.

ასე გაგრძელდა სიცოცხლის ბოლომდეც – სიკვდილთან თამაშსა და გამარჯვება-დამარცხებაში.

დაიბადა, რომ არც გაზრდილიყო – სუსტი, ავადმყოფი, ჩონჩხისებრი, უკანო სხეულით, სუსტი ფილტვებით. მაშინ უწინასწარმეტყველეს პირველად გარდაუვალი სიკვდილი ჭლექით. საკუთარ ნახველში იხრჩობოდა გოგო.

მაშინ შეუყვარდა კუბოც, რომელიც დედამ წინასწარ უყიდა, რომ ბავშვის სიკვდილის მერე აღარ ეწვალა და დრო არ დაეკარგა.

სარა ბერნარი ჯიუტი აღმოჩნდა; სასწაულებრივად გადარჩა; გადარჩა, თითქოს, კუბოს ჯიბრზე! ამბობენ, რომ მასში იძინებდა კიდეც ბავშვობაში; მერეც, უკვე მოწიფულს, საკუთარ ოთახში ედგა კუბო, როგორც თილისმა! როგორც სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლო და ისევ წვებოდა მასში. წვებოდა გადარჩენისთვის.

მეტიც, სარა ბერნარს უყვარდა კუბოში ძილი. მისი საძინებელი თავის ქალებით იყო სავსე. ფულსაც იმავე ოთახში ინახავდა; კუბო კი ყველგან თან დაჰქონდა, სადაც მიდიოდა საგასტროლოდ. თითქოს ფიცრების არტახებში გამოჭედილი პოულობდა მხოლოდ სიმშვიდეს.

ეს იყო მუდმივი ბრძოლა საკუთარ კანთან – ბედისწერასთან! საკუთარ ფატუმთან!

ადამიანს მხოლოდ ერთი კუბო ჰყოფნის. და იმ ერთისაც სიკვდილზე მეტად ეშინია; გველნაკბენივით არიდებს თვალს, რაც არ უნდა ძვირადღირებული იყოს; ძვირფასი ფარჩით შემოსილი.

ვინ იცის, სარა ბერნარსაც ეშინოდა ფარულად მისი; იქნებ, ამ შიშის გამო ვერ ელეოდა; მუდამ თან დაჰქონდა. დაატარებდა, როგორც უკანასკნელი დღის, წამის, წუთის სიმბოლოს. როგორც ტვირთს – საკუთარი სხეულის – მოძრავი კუბოს სინონიმს.

ამიტომაც არ ეყო სარა ბერნარს ერთი კუბო.

სამი დასჭირდა.

ერთმა ბავშვობა გამოატარებინა და გადაარჩინა; მეორემ – შუა ასაკი და ტრიუმფალური წლები გადაათრევინა. მესამე – ვარდისფერი – მარადიულად გამძლე აღმოჩნდა – სამუდამოდ ჩაჭედა პერ-ლაშეზის სასაფლაოზე 78 წლისა.

ჰემინგუეის უთქვამს – „რაც უფრო პატარაა კუბო, მით უფრო მძიმეა მისი ტარებაო“. სარა ბერნარის ტარებაც არ იქნებოდა მარტივი არც თავად იმ სამი კუბოსთვის და არც იმ ოთხი კაცისთვის, სამარემდე რომ მიაცილა XIX-XX საუკუნეების ყველაზე კანწართმეული ქალი.

მაგრამ მანამდე უნდა გაევლო გზა უცხო კანში; არაერთხელ დაეთმო საკუთარი „დერმატოსი“; ათასჯერ, ათიათასჯერ მომკვდარიყო სცენაზე და ხელახლადაც შობილიყო ისევ სიკვდილისთვის, ისევ დასაწყისისთვის. 

ღმერთთან ახლოს

ბავშვობაში მონაზვნობაზე ოცნებობდა სარა ბერნარი.

პარადოქსია ამ გადასახედიდან.

მაგრამ ბავშვის კანი უფრო მგრძნობიარედ აღიქვამდა უფალს.

მისი გზაც უცნაურად მიდიოდა – 7 წლისა, უცნობი მამის ფინანსური მხარდაჭერით, ავტეის გარეუბნის პანსიონში ჩაირიცხა; ათი წლისა კი ვერსალის მახლობლად მდებარე პრესტიჟულ ოგუსტინელთა სასულიერო სკოლაში – გრანშანში აღმოჩნდა. აქ მხოლოდ პრივილეგირებული კლასის ადგილი იყო; მაგრამ კურტიზანი დედის უახლოეს გარემოცვაში აღმოჩნდა იმპერატორ ნაპოლეონ III-ის ნახევარძმა – შარლ დე მორნიც; კაცი, რომელმაც, ფაქტობრივად, ყველა ეტაპზე გადაწყვიტა  გოგოს ბედი და მსახიობობაც ურჩია წლების მერე სარა ბერნარს; უცნაურად ამოიცნო მისი ფატუმი. სცენას შეეძლო მხოლოდ გოგოს მგრძნობიარე, ელვარე კანი აეტანა.

თუმცა, მანამდე, გრანშანში ღმერთი და სარა ერთად იყვნენ.

1856 წელს ეზიარა პირველად კათოლიკე სარა ბერნარი (მაგრამ ყოველთვის უყვარდა და სტკიოდა თავისი ებრაული ფესვი).

უზომოდ ნერვიული გოგო ოთხჯერ გარიცხეს პანსიონიდან და ოთხჯერვე მიიღეს უკან; ცხადია, ერთი მხრივ, შარლ დე მორნის ხელი იქნებოდა გარეული ამ ამბავში და მეორე მხრივ, თავად სარას შარმი და მომხიბვლელობა.

არადა, სულაც არ სცოდავდა პანსიონში სარა…

ერთხელ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო გარიცხეს, რომ თავის გარდაცვლილ უსაყვარლეს ხვლიკს ქრისტიანულად აუგო წესი.

არადა, სარას ღმერთს, განსხვავებით მონაზვნებისგან, ხვლიკებიც უყვარდა.

პანსიონში ეს არავის ესმოდა – ბერნარის გარდა.

მერე, ბავშვობასთან და პანსიონის პერიოდის დასრულებასთან ერთად, ბევრჯერ იპოვა და დაკარგა ის ღმერთი, ხვლიკებიც რომ ადამიანებივით ეძვირფასებოდა…

დაუდნა თითებში ღმერთის სიყვარული. იმედგაცრუებულიც დარჩა…

აღიარა – „მე ვარ კათოლიკე და დიადი ებრაული რასის შვილი. ველოდები, სანამ ქრისტიანები უკეთესები გახდებიან“.

ქრისტიანებთან ერთად „მოიძულა“ ქრისტეც… იქამდეც მივიდა, კომპოზიტორ შარლ გუნოს გამოუტყდა – „არ ვლოცულობ არასდროს; ათეისტი ვარო“…

ბლეზ პასკალი წერდა – „თუ ღმერთი არ არსებობს და მე მწამს, არაფერს ვკარგავ; მაგრამ თუ ღმერთი არსებობს და მე არ მწამს, ყველაფერს ვკარგავო“…

იქნებ, ასე იფიქრა სიკვდილის წინ სარა ბერნარმაც, ან ის გოგო მოაგონდა უკანასკნელ წამს, ხვლიკს რომ ქრისტიანულად უგებდა წესს და თავის სათაყვანებელ ღმერთს ავედრებდა მის სულს; იქნებ, ამიტომ  მოითხოვა ზიარება სიკვდილის წინ თავადაც…

იმ წიაღში დაბრუნდა მაინც, საიდანაც დაიწყო – იქ – გრანშაშის პანსიონიდან!

ღვთაებრივი სარა

მონაზვნობაზე ოცნება „კომედი ფრანსეზის“ ულამაზეს ლოჟაში დასრულდა;

დედასთან, შარლ დე მორნისთან და ალექსანდრ დიუმასთან ერთად აღმოჩნდა იქ გოგო; თან პირველად იყო თეატრში; ჟან რასინის „ბრიტანიკი“ ნახა იმ დღეს. წლების მერე იგონებდა – „ფარდამ რომ დაიწყო ნელა აწევა, გავიფიქრე, რომ გონს დავკარგავდი. ეს იმას ჰგავდა, რომ იხსნებოდა ჩემი მომავლის ფარდა“…

ასეც მოხდა.

თუმცა, იმ დღეს ემოციისგან ხმამაღლა და დიდხანს იტირა.

იმდენად დიდხანს, რომ დედა და შარლ დე მორნი გაღიზიანდნენ. გაუწყრნენ. მხოლოდ დიუმამ აუბა მხარი და „პატარა ვარსკვლავი“ უწოდა.

იქნებ, სწორედ მაშინ მიხვდა შარლ დე მორნიც, უცილობლად რომ არტისტი უნდა გამხდარიყო სარა – თავისი ფაქიზი სულითა და გასაოცარი ხმით მხოლოდ იქ იყო მისი ადგილი!

არადა, სულ სხვა გეგმები ჰქონდა დედას – რომელსაც უნდოდა, 15 წლის გოგო მდიდარი ვაჭრისთვის მიეთხოვებინა; მაგრამ ფატუმი სხვაგვარად სჯიდა –

ისევ მორნი ჩაერია პროცესებში – პარიზის კონსერვატორიის ხელმძღვანელს – კომპოზიტორ დანიელ ობერსაც შეახვედრა იგი; დიდად ვერ მოიხიბლა გოგონათი ობერი – „ძალიან გამხდარია მსახიობობისთვისო“ – ჩაიბუზღუნა. მაინც არ დანებდა სარა; გამოცდებისთვის ალექსანდ დიუმა ამზადებდა გოგოს. საგამოცდო კომისია შედგებოდა ობერისაგან და „კომედი ფრანსეზის“ ხუთი გამორჩეული არტისტისაგან.

სარა ბერნარმა ლა ფონტენის „ორი მტრედის“ იგავით მოხიბლა იმ დღეს საგამოცდო კომისიის ექვსივე წევრი; რა თქმა უნდა, მორნის ავტორიტეტიც უთუოდ „წაეშველა“ ნიჭიერ გოგოს.

ასე დაიწყო უცნაური გზა, რომელზეც არასდროს უოცნებია სარა ბერნარს და რომელიც ასე არ ჰგავდა უფლის შეუცნობელსა და ბუნდოვან გზებს.

18 წლისა იყო სარა ბერნარი, პირველად რომ „კომედი ფრანსეზის“ სცენაზე შეასრულა აგამემნონის ქალიშვილის როლი ჟან რასინის ტრაგედიაში – „იფიგენია“.

დასაწყისი არასდროსაა იდეალური ან იდეალურთან ახლოს.

ასე მოხდა იმ დღესაც –

დასცინეს კიდეც სიგამხდრის გამოც.

გოგო დაბნეულიც იყო; შეამჩნია, რომ დედამ თავისი  ლოჟა დატოვა და გაუჭირდა თამაშის გაგრძელება. 

უცნაური ქალი იყო იუდიფ ბერნარი. კაცმა არ იცის, რატომ მიატოვა ამდენი ადამიანის პირისპირ მარტო შვილი? ფაქტია, იმ დღიდან სიცოცხლის ბოლომდე დარჩა სცენაზე გასვლის წინ შფოთვა სარა ბერნარს და მუდამ ეძებდა მაყურებელში იმ ერთს. მაგრამ ასეთი, იქნებ, არც არასდროს ხვდებოდა იქ? და, იქნებ, ასეც სჯობდა? სავარაუდოდ, იმ შფოთვაში იბადებოდა სარა ბერნარი სწორედ.  

იმდღევანდელი თამაში მაინც შეფასდა; თეატრის გავლენიანი კრიტიკოსი – ფრანსისკ სარსი  ფრთხილად, შემპარავად აღნიშნავდა სარაზე (ვინ იცის, იქნებ, გავლენიანი მორნი იდგა ამ ფაქტის მიღმაც) – „ის კარგად იქცევა და სტრიქონებს იდეალური სიზუსტით წარმოთქვამს. ჯერჯერობით მხოლოდ ეს შეიძლება ითქვას მასზე“.

არც თუ ურიგო შეფასებაა; თან – სარსისგან!

მერე სარაც იგონებდა – „მართალი იყო სარსი: ჩემი დებიუტი წარუმატებელი აღმოჩნდა. ეს არ იყო სცენის შიშის ბრალი; უფრო იმ შფოთვამ დამაბნია,  ლოჟიდან დედაჩემის მოულოდნელ წასვლას რომ მოჰყვა“.

თუმცა, მალე ყველაფერი შეიცვალა – ქალი, ნახევრად ალქაჯის მზერით, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა; ყველა მოხიბლა თავისი უბადლო მოძრაობებით; მყისიერად იცვლიდა სახის გამომეტყველებას, იცვლიდა ხმის ტემბრს, ინტენსივობას; გაუჩერებლად და გემოვნებიანად ტრიალებდა, ბრუნავდა; მალე უკვე იმასაც წერდნენ კრიტიკოსები, რომ ბერნარს კრუნჩხვებამდე და ელექტროშოკის შეგრძნებამდე მიჰყავდა აუდიტორია. არა მარტო თავად აღმოჩნდა დედასავით ემოციური,  გადამდები განცდებიც ჰქონდა. გონიც არაერთხელ დაუკარგავს მოჭარბებული,  ზედოზირებული გრძნობებისაგან.

მერე ერთი მაყურებელიც იგონებდა – „მოძრაობის სილამაზე მანამ არ ვიცოდი, სანამ სარა არ ვნახე. მისი შესრულება განსაცვიფრებელი და გამაოგნებელიაო“.

სწორედ გაოგნება და განცვიფრება სდევდა თან ბერნარს მთელი სიცოცხლე.

სკანდალებითაც გამოირჩეოდა;

ამიტომ აღმოჩნდა „კომედი ფრანსეზში“ მისი ყოფნა ხანმოკლე. იქაც იჩხუბა – უმცროს დას გამოესარჩლა ცნობილ მსახიობთან; ხელიც კი გაარტყა არტისტს და თეატრიც უყოყმანოდ დატოვა. თითქოს არც უყვარდა „კომედი ფრანსეზი“; სძაგდა კიდეც მისი გულცივი კედლები; ჭორები; ინტრიგები; ბრძოლები; სიმშვიდე მოენატრა მონასტერში გაზრდილს. ადამიანიც შესძულდა თეატრის ამ უთავბოლო და დაუსრულებელ ქაოსში.

გარიდების, სცენიდან გაქცევის დრო მუდამ დგება ერთხელ მაინც დიდი არტისტების ცხოვრებაში.

სარას ცხრამეტიოდე წლისას დაუდგა ეს დრო; ბელგიას შეაფარა თავი.

მერე ისევ დაუბრუნდა თავის პარიზს მეგობრების თხოვნით; პატარა სამოთხეში – თეატრ  „ოდეონში“ ამოყო თავი; ძალისა და სამსახიობო სოლიდარობის ადგილად მიიჩნევდა ამ ადგილს მუდამ; მოგონებებში წერდა – „ეს იყო თეატრი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა და რომელიც სინანულით დავტოვე; იქ ყველას გვიყვარდა ერთმანეთი;

…არადა, მახსოვს ჩემი რამდენიმე თვე „კომედი ფრანსეზში“. ეს იყო პატარა სამყარო – ჭორიკანა, შურიანი ხალხით. …იქ ყველა კაბებზე, ქუდებსა და ათასგვარ ისეთ რამეზე საუბრობდა, რასაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა ხელოვნებასთან.

მე „ოდეონში“ ვიყავი ბედნიერი. მხოლოდ და მხოლოდ სპექტაკლების დადგმაზე ვფიქრობდი და რეპეტიციებს გავდიოდით დილიდან საღამომდე“…

ასე დაიბადა სარა ბერნარის ოფელია; ასე შეიქმნა ერთდროულად ორი გმირის – ახალგაზრდა ქალისა და პატარა ბიჭის – ზაქარიას სახე ჟან რასინის უკანასკნელ ტრაგედიაში – „ათალია“; ზაქარია მამაკაცის ერთ-ერთი პირველი  როლი აღმოჩნდა მისთვის; ფეხბედნიერი როლი. მერე სარსი წერდა – „სარამ მაყურებელი პატარა ორფეოსივით მოხიბლაო“.

ვის არ მოხიბლავდა?

მისმა შესრულებულმა ჰამლეტმაც არაერთხელ შეძრა მაშინდელი სამყარო – ქალი ჰამლეტი შოკში ჩამგდები აღმოჩნდა XIX საუკუნის ბოლოსა და XX-ის დასაწყისის პედანტი, აფორიაქებული, რევოლუციებსა და ინტრიგებში ჩახლართული დედამიწისთვის. კაცადაც „უბადლო“ იყო – დაუჯერებელი ოსტატი, მერე რომ ვეღარავინ გაიმეორა იმ სიდიადით.

მილიონობით ადამიანმა, ვისაც საერთოდ არც ენახა სარა ბერნარი,  მისი სახელი იცოდა მაინც; პრესა ქალის ყოველ სიტყვასა და ნაბიჯს აკონტროლებდა; თუმცა, რთული გასაკონტროლებელი იყო ბერნარი; თავად თუ მისცემდა ვინმეს ფარულად კონტროლის „უფლებას“ პოპულარობისა და სკანდალისთვის, ასე რომ სჭირდება დიდ მსახიობს მუდამ. ამიტომ ავრცელებდა თავადვე თავის თავზე ექსცენტრულ ჭორებს; საკუთარი საძინებლის ფოტოებსაც ვითომ შემთხვევით უგდებდა ხელში პრესას (არადა, ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფის, ნადარის გადაღებული ფოტოკადრები შემთხვევით ვერავის ჩაუვარდებოდა ხელში); კუბოში ჩაწოლილი 30 წლის ცოცხალი  არტისტის კადრმა შოკში ჩააგდო მთელი საფრანგეთი.

საჭიროც იყო იმ გაყინული საზოგადოების შეფხიზლება, ნებისმიერ ფასად.

სხვანაირად არ გცნობდა. არც გაღიარებდა.

იცოდა სარა ბერნარმა, რომ მხოლოდ ნიჭი არ იყო საკმარისი მსოფლიო წარმატებისთვის.

ამიტომ არ იხევდა არაფერზე უკან.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 50 დოლარამდე ღირდა ბილეთი მის სპექტაკლებზე.

წარმოუდგენელი თანხა იყო იმ დროს! უდიდესი!

ბევრმა მის ვიზიტს ამერიკაში უწოდა „იმ წყეული გველის შემოსევა, რომელიც წმინდა ამერიკული მორალის მოსაშხამად ჩავიდა იქ“.

სკივრით 170 000 დოლარზე მეტი ჩამოუტანია შინ –  ევროპაში – ამერიკის ტურნედან სარას.

ძვირად ფასობდა ბერნარის ძვირადღირებულობა – მრავალ სკანდალსა და თავგადასავალზე გადიოდა. დროც არასდროს ჰყოფნიდა; 1873 წელს სპექტაკლისათვის „ფედრა“ 74 საათში დაუსწავლია როლი.

ბერნარის საბედისწერო როლად შვილ ალექსანდრ დიუმას „ქალი კამელიებით“ იქცა. სიცოცხლის ბოლომდე ათასჯერ შეასრულა; ათასჯერ აქვითინდა აუდიტორიაც მარგარიტას სიკვდილის ცნობილი სცენისას…

ერთ-ერთი სპექტაკლის შემდეგ აღელვებული ვიქტორ ჰიუგოც მიიჭრა არტისტთან, თურმე – „მადამ, თქვენ დიდებული და მომხიბვლელი იყავით! თქვენ შეაძრწუნეთ მოხუცი მეომრის გული. მე ვიტირე. გაჩუქებთ ჩემს ცრემლებს, რომელიც მკერდიდან ამომგლიჯეთ და ქედს ვიხრი თქვენ წინაშე!“

არაერთი ასეთი ცრემლი მიიღო საჩუქრად ბერნარმა.

არაერთხელ დაიმსახურა ასეთი ჯილდო საუცხოოდ გათამაშებული სიკვდილისთვის.

თეატრმაც შეაჩვია სიკვდილს სარა და სარას სიკვდილი.

დაუახლოვა ერთმანეთს.

გადააჯაჭვა.

კიდევ უფრო „გაუშინაურდა“ ქალი;

ამიტომ იყო ბოლომდე თავგანწირულიც მუდამ – უპირობოდ გამცემი საკუთარი „კანის“;

მაგრამ ამ „გაცემასაც“ მოჰყვა ერთხელ „ფეხის დაცდენა“ – გერმანიაში გასტროლებისას მძიმედ დაიზიანა ფეხი. სიკვდილთან გათამაშებულ-გათამამებულ სარა ბერნარს არასდროს სჯეროდა, რომ რაიმე მოერეოდა; ალბათ, ამ მიზეზით იუარა სასწრაფო ოპერაცია; ისევ განაგრძო ტურნე. არადა, სარას ფატუმი სულ სხვაგვარად სჯიდა – ფეხის ამპუტაციით დასრულდა 1914 წელს ყველაფერი.

სარა ბერნარი არასდროს ეტეოდა ჩარჩოებში – ფეხის პროთეზზეც უარი თქვა; არაფერი ხელოვნური არ იყო მისთვის მისაღები; სავარძელში „გადაჯდა“ და მსახიობობა მაინც განაგრძო. იმ დღიდან ისე ალაგებდნენ სცენაზე ნივთებს, რომ ქალს ადვილად შესძლებოდა დაყრდნობა; ერთ ფეხზეც შეეძლო წონასწორობის შენარჩუნება…  ნამდვილი ჯადოქარი იყო სცენაზე – ცალფეხა ჯადოქარი არარსებული „ორი“ ფეხით.

ვერც ფეხის ამპუტაციამ შეაჩერა მისი ქარიზმა; ენერგია; პირველი მსოფლიო ომის ჯარისკაცებისთვისაც ატარებდა წარმოდგენებს ფრონტის ხაზზე. არაფერი იყო შეუძლებელი მისთვის.

თეატრისთვის არც სიკვდილი გაუჭირდებოდა არასდროს.

პირველი ქალიც იყო, ასე თავგანწირულად რომ იბრძოლა პროფესიული დამოუკიდებლობისთვისაც.

1893 წელს, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებული გასტროლების შემდეგ, თეატრი „რენესანსი“ შეიძინა პარიზში; ასე დაიწყო გზა დამოუკიდებლობისკენ – თავად ირჩევდა და ასრულებდა როლებს; ქირაობდა მსახიობებს, უკვეთდა პიესებს. 5 წლის შემდეგ – 1898 წელს – კიდევ ერთხელ შეიძინა თეატრი შატლეს მოედანზე და იმ დღიდან  ათვლა დაიწყო სარა ბერნარის  სახელობის თეატრმა. სპექტაკლების პოსტერების მხატვრობა ჩეხ მხატვარს ანდო –  ალფონს მუხას – არტ-ნუვოს ლეგენდას. იმ დროიდან მოიწვია დასში სახელგანთქმული მოცეკვავეც რუსეთიდან – იდა რუბინშტეინი; ებრაულმა ფესვებმა კიდევ უფრო გადაკვეთა და გაამყარა მათი გზები; სამუდამო მეგობრობაშიც გადაზარდა. წლების მერეც, როცა ფეხმოკვეთილ სარას ბევრი აღარაფერი შეეძლო, იდა ედგა გვერდით.

თუმცა მანამდე კინოშიც გამოჩნდა – ესეც მოასწრო; 1912 წელს დედოფალ ელისაბედ I-ის როლი შეასრულა ფრანგულ დრამაში. 

უამრავი სტერეოტიპიც დაამსხვრია სარამ; გენდერული და ასაკობრივი სტერეოტიპებიც გააცამტვერა – 46 წლისამ ითამაშა 19 წლის ჟანა დ’არკის როლი; 70 წლისამ – 13 წლის ჯულიეტასი.  54 წლისამ ჰამლეტის როლი მოირგო; ასე იქცა პირველ ქალ „დანიის პრინცად“  სამყაროშიც.

უზღვავ საჩუქარს უმზადებდა ფატუმი ბერნარს; უამრავ სიხარულსა და მწუხარებას. ჯილდოთა შორის გამორჩეული ერთი იყო მაინც –  ნაპოლეონ III-ის სახსოვარი – ბრილიანტის ბროში, ახალგაზრდა ტრუბადურის როლისათვის რომ გაიღო ხელმწიფემ სარა ბერნარისთვის.

და განა მარტო ნაპოლეონს შეეძლო ასეთი ძვირადღირებული საჩუქრის გაცემა ქალისთვის?

სარა ბერნარის წინ ევროპას ჰქონდა ქედი მოხრილი!

ასეთი იყო მისი ფატუმი!

ფარდებს მიღმა

„ავწიე ფარდა და მაისმა აკოცა მინას;

ვინც მე მიყვარდა, ჩემთან არის და ჩემთან სძინავს“.

პაოლო იაშვილი

სარა ბერნარის ფარდების მიღმა დიდხანს არასდროს ეძინა ერთი და იმავე სიყვარულს.

ქალის ზღვა ემოცია ვერასდროს ეტეოდა ერთადერთში და მრავალში დაიფანტა. ყველა საყვარელთან წმინდანიც იყო და მეძავიც; ის წმინდანი, ბავშვობიდან რომ ცოცხლობდა მასში და ის ქალი, არაფრად რომ მიაჩნდა კაცთა ემოციები; მთავარი მათი სწორად შერჩევა იყო; ეს „სისწორე“ მემკვიდრეობით დაჰყვა დედისგან, რომელსაც  გამორჩეული, მაღალი კლასის საყვარლები ჰყავდა მუდამ.

დედას ფულისთვის სჭირდებოდა ისინი;

სარას – დიდებისთვის.

ამბობდნენ, რომ ბერნარმა ევროპის ყველა სახელმწიფო მეთაური „შეაცდინა“… გადაჭარბებულია, ალბათ, მაგრამ ამბობდნენ…

რომის პაპთან მის თბილ ურთიერთობაზეც ბუტბუტებდნენ ავად.

სარა მუდამ დუმდა. თითქოს არაფერი ესმოდა; თავს იყრუებდა. სიმართლესა და ტყუილს მნიშვნელობაც აღარ ჰქონდა; მთავარი ისაა, რომ ითქვა.

დიდხანს იყო განსჯის საგანი სარას ურთიერთობა უელსის პრინცთან, ინგლისის მომავალ მეფესთან – ედუარდ VII-თან; დანიის მონარქს – ქრისტიან IX-ს იახტაც უჩუქებია; ჰერცოგი ფრიდრიხი კი ოჯახის კუთვნილ ციხესიმაგრეს უთმობდა, თურმე.

სარას საძინებელს არასდროს უყვარდა უპოვარი და უსახელო; არც უსახური.

ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მსოფლიოს ლიდერები – გამორჩეულები და განსაკუთრებულები.

არადა, იყო დრო, დასცინოდნენ ბერნარს, რომელიც არასდროს ჯდებოდა ტრადიციული სილამაზის სტანდარტებში. მისი საუკეთესო თაყვანისმცემელი – დიუმაც იმას წერდა – „სარას ქალწულის თავი და ცოცხის სხეული აქვსო“. არადა, მამაკაცებს „ვნებიანი“ მსახიობი ქალები მოსწონდათ. მკერდჩამორეცხილი ქალი ვერ აიტანეს; სარამ კიდევ უფრო მჭიდრო კაბები ჩაიცვა საპასუხოდ; თავისი ფიცარივით ხმელი სხეული გამოკვეთა და კიდევ უფრო გააღიზიანა ოდნავ ხორცმორეული ფრანგი ქალებისგან გალაღებული მამაკაცები. 

მაგრამ გავიდა დრო და სარა ბერნარი ყველა მამაკაცის საოცნებო ქალად იქცა!

„ღვთაებრივი სარაც“ უწოდეს…

მაგრამ ეს „ღვთაება“ მხოლოდ მათ ეკუთვნოდა – მეფეებს, ჰერცოგებს, პრინცებს.

ასე „გადაეყარა“ ბელგიის ქუჩებში იქაურ პრინცს – ანრი დე ლინის.

სულ რაღაც 20 წლისა იყო პარიზიდან გაქცეული გოგო მაშინ.

იყო ამ სიყვარულში საბედისწერო – ჯერ კიდევ ჰქონდა შემორჩენილი მონასტრის მოყვითალო ფერი გოგოს; სჯეროდა კიდეც ადამიანების. პრინცისაც სჯეროდა, ალბათ.

ამბობენ, რომ  ანრი დე ლინის სურდა კიდეც სარა ბერნარის ცოლად შერთვა; არ დაანებეს; ჩამოაცილეს კურტიზანის შვილს, მაგრამ 1864 წელს მაინც დაიბადა მორისი  – სარას ყველაზე გულწრფელი, უღალატო, ნაღდი სიყვარული.

იმ დროს მარტივი არ იყო მარტოხელა დედობა.

სარა ბერნარმა გაუძლო. არც არასდროს მალავდა ამ ფაქტს.

წლების მერე კი, როცა მსახიობ ჟაკ დამალაზე დაქორწინდა, გამოტყდა, რომ ცოლ-ქმარი ცალ-ცალკე, მაგრამ მიმდებარე სახლებში ცხოვრობდა, რომ ერთმანეთი არ მოსწყენოდათ. არ დაეღალათ. თავისუფლება არ შეეზღუდათ ურთიერთისთვის.

სად იყო ამ ქორწინებაში სიყვარული, ძნელი დასადგენია.

ფაქტი ერთია, ერთადერთი კაცი, რომელსაც საკუთარ ჭერ-ქვეშ იტანდა და უპირობოდ უყვარდა, მორისი იყო – დედასავით ჯიუტი, ძლიერი, გამორჩეული დრამატურგი და რეჟისორი. „მე სცენისთვის და შენთვის ვცოცხლობო“ – მიუწერია შვილისთვის.

მორისმა მუდამ იცოდა, რაოდენ ძვირფასი იყო სამყაროსთვის მისი „maman“.

უფრთხილდებოდა.

ხელისგულზე დაატარებდა.

წლების შემდეგ ბელგიის პრინცისგან შვილად ოფიციალურად აღიარების შეთავაზებაც მიიღო მორისმა; ტიტულსაც შეჰპირდნენ.  ერთადერთი მიზეზით ეთქვა უარი ანრი დე ლინის – „სარა ბერნარის შვილობითაც სრულიად კმაყოფილი ვარო“…

ტიტულებში არ გაცვალა თავისი „maman“ მორისმა;

და არც „maman“ დარჩა ვალში –  ყველაფერი უანდერძა, რაც გააჩნდა – შენობები, სამკაულები, ავეჯი, ბიბლიოთეკა, კაბები. „არ არსებობს არც ერთი ძაფი, რომელიც ჩემს შვილს არ ეკუთვნის; მე მას ყველაფერს ვაძლევ“ – წერდა იგი…

 და ბოლოს, სწორედ მორისის  – ყველაზე საყვარელი მამაკაცის  მკლავებშიც აღესრულა სარა ბერნარი.

იქნებ, ასეთ სიკვდილზე ოცნებობდა ბავშვობიდან – ნამდვილი სიყვარულის გარემოცვაში. სიმშვიდეში. სიჩუმეში. უმტკივნეულოდ.

მის დაღლილ სხეულს სიმშვიდე ენატრებოდა ყველაზე მეტად, ალბათ…

ფრთოსანი ურჩხული

ავტოპორტრეტი სახიფათო რამეა.

საშიშიც.

ზედმეტად არც უნდა გასცე და არც უნდა გადამალო საკუთარი თავი.

სარა ბერნარმა, მსახიობობასთან ერთად, უნიჭიერესმა მხატვარმა და მოქანდაკემ ესეც იცოდა.

იცოდა, მაგრამ მაინც გასცა თავისი „კანის“ საიდუმლო – ბრინჯაოში ჩამოასხა თავისი ავტოპორტრეტი ფრთოსანი ურჩხულის – სფინქსის გამოსახულებით; ასეც უწოდა ქანდაკებას – „Le Sphinx“.

თავის ღვთაებრიობასა და ეშმაკეულობას გაუსვა ხაზი ქალმა; ხელების ნაცვლად ეშმაკის შემზარავი ფრთები გამოისხა…

ასეთი იყო მართლა – საშიშიც, ღვთიურიც, ავანტიურისტიც… ყველაფერს იტევდა თავის თავში… უდიდესი არტისტი, გამორჩეული მხატვარი და უნიჭიერესი მოქანდაკე გამოკეტა თავის კანში და მარადიული ტანჯვისთვის გაიმეტა…

მარმარილოს რბილი ფაქტურაც უყვარდა ბერნარს.

მისი კანი, იქნებ, ყველაზე მეტად მიაგავდა ამ ქვას, მაგრამ ავტოპორტრეტისთვის არჩევანი ბრინჯაოზე გააკეთა ბერნარმა მაინც, რადგან ასეთი მყარი იყო თავადაც სწორედ. 

მარმარილოში „სხვა“ ქალებს კვეთდა – მყიფეებს, ფაქიზებს, კანგამოუცვლელებს.

მსოფლიოს არაერთ ცნობილ მუზეუმშია გაბნეული სარა ბერნარის ნამუშევრები – ფერწერა და ქანდაკებები.  ვერავინ იჯერებს, რომ უცნაური ფრანგი „ფრთოსანი ურჩხულია“ მათი ავტორი – ქალი „უაილდის პროფილით… ცისფერი თვალებით.“

თმათეთრ ინფანტადაც იქცა მართლა სიცოცხლის ბოლოს;

მორისის, თეატრისა და ცხოველების ერთგული დარჩა ბოლომდე. როგორც კი ფული გაუჩნდა, ორი ძაღლი და ორი კუ შეიძინა; აქედან დაიწყო მისი ზოოპარკის ისტორიაც; „თავისიანებს“ უყრიდა იქაც თავს – ექსცენტრულ ცხოველებსა და ფრინველებს – ვეფხვებს, ლომებს, არწივებს…

ადამიანებს დიდად ვერ სწყალობდა. ბოლომდე ელოდა, როდის გახდებოდნენ ქრისტიანები უკეთესნი და ბოლომდე ებრაელად დარჩა შინაგანად;

ებრაელის კანში უფრო  ეტეოდა.

ქრისტიანობა აწუხებდა. ახსენებდა, როგორ დასაჯეს ხვლიკისთვის წესის აგებისთვის გრანშანში.

ახსოვდა და ყოველ წამს იძარცვავდა კათოლიკეს კანს სხეულიდან. ეშინოდა, არ მიმსგავსებოდა მათ, ვისაც ასე არ უყვარდათ ერთმანეთი.

ყოველ ჯერზე ემსგავსებოდა ფრთოსან ურჩხულს და მასავით შეუცნობლად დარჩა ბოლომდე.

ჯვარცმული სარა

ფოტოა შემორჩენილი ასეთი  – ახალგაზრდა სარა ბერნარი ჯვარზეა სიმბოლურად გაკრული; ულამაზესი კაბა აცვია. თვალები მაღლა აღუპყრია და მოლოდინშია – უნახავი, უცნობი მამის სევდით აქვს სავსე მზერა. მას ეძებს.

ასეთი ყოფილა მისი მზერა სიკვდილის წინაც –

მშვიდი. აუღელვებელი. მამის მოლოდინით სავსე.

იქ ბრუნდებოდა ისევ, თავის წიაღში, თავის კუბოსთან ერთად.

1923 წლის 26 მარტს სარა ბერნარი თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა. მისი სახელობის თეატრში სპექტაკლის პირველი მოქმედების დასრულებისთანავე დაუშვეს ფარდა. მაყურებელმა უხმოდ დატოვა შენობა. მსახიობები პირდაპირ სასცენო კოსტიუმებითა და მაკიაჟით გაემართნენ თავიანთი დიდებული სარა ბერნარის სასახლისკენ.

თითქმის მთელი პარიზი დაესწრო „თეატრის დედოფლის“ დაკრძალვას – 30 000-ზე მეტი ადამიანი მიაცილებდა. სამარისებური სიჩუმით მიჰყვებოდნენ არტისტის ვარდისფერ კუბოს  მალზერბის ბულვარიდან პერ-ლაშეზის სასაფლაომდე. გზები სარას საყვარელი კამელიებით დაფარეს.

იმ დღეს სიკვდილის გზა არრა იყო „ვარდისფერ გზის გარდა“.

და იმ მწკრივში არც არავინ უკრავდა ბარაბანს;

არ უკრავდა, რადგან სარას სამწყსოში არავინ იყო ცხვარი!

Eka Tkhilava – Sarah’s Fate

Eka Tkhilava’s essay is a kind of analysis of the life of the greatest French artist Sarah Bernhardt—filled with anxiety, contradictions, and scandals. The author notes: “Millions of people who had never even seen Sarah Bernhardt still knew her name; the press monitored every word and step of the woman. Yet Bernhardt was difficult to control; she herself would secretly grant someone the ‘right’ to control her for the sake of popularity and scandal—something a great actress always needs. Thus, she herself spread eccentric rumors about her own persona; she would ‘accidentally’ let the press get hold of photographs of her bedroom (though, in reality, photographs taken by the famous French photographer Nadar could not have fallen into anyone’s hands by chance). The image of the living artist, lying in a coffin at the age of 30, shocked all of France. It was necessary to awaken that frozen society—at any cost. Otherwise, it would not recognize you. Nor would it acknowledge you.”

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…