ბორის გეტმანოვიჩ-კაპლუნ – იყო ასეთი ოდიოზური კაცი პეტროგრადში;
ერთობ გავლენიანი და საშიში;
საშიში და საზარელიც.
პეტროგრადის ჩეკას შეფი – ურიცკი ენათესავებოდა და ასე გახდა, სავარაუდოდ, თავადაც ჩეკისტი.
25 წლისას უკვე საკმაოც „მდიდარი“ ბიოგრაფია ჰქონდა დაგროვილი; მისი ინიციატივით გაიხსნა პეტროგრადში პირველი კრემატორიუმიც;
კორნეი ჩუკოვსკი იგონებს, რომ – „კაპლუნს იმდროინდელი რუსული ბოჰემა თავის კრემატორიუმში როგორც თეატრში, ისე დაჰყავდაო“. თუმცა, კაცმა არ იცის, ვის ბრაწავდი შიგ; რით ატკბობდა მათ მზერას ან ვის ამზადებდა შესაბრაწად.
კარგი სანახაობა კი იქნებოდა მე და ჩემმა მზემ.
ცხადია, ეს კაპლუნიც 37-ში მიასიკვდილეს და ვინ იცის, იქნებ, თავისივე კრემატორიუმშივე „შებრაწეს“;
მაგრამ პეტროგრადს სარგებელი მაინც შემორჩა მისგან – კრემატორიუმი გადარჩა;
გადარჩა, როგორც თეატრი.
გამოდის, რომ კრემატორიუმი არის თეატრი და დასაწვავად გამზადებული „ცხონებული“ მიცვალებული – მსახიობი.
ისე არ არის ცუდი იდეა „დამწვარი“ მსახიობიც.
როლი არც თუ ურიგოა.
თან – მთავარი.
რაც ძალიან საინტერესოა, კაპლუნი მამალს ნიშნავს;
თანაც, ჯვარი აქაურობას და კასტრირებულ მამალს.
ვერ მოგახსენებთ, რა მდგომარეობაში იყო თავად ჩვენი კაპლუნი, მაგრამ მისი დილაუთენია ყივილიც ადრე დაასრულა სტალინურმა რეჟიმმა.
ეტყობა, ან ძალიან ხმამაღლა „ყიოდა“ დილაადრიან, ან „თეატრი“ დაუწუნეს და ან – თავად მკვდრები.
ახლა რატომ გამახსენდა ეს ამბავი –
რახანია თბილისში წუწუნებენ, გადაივსო დედაქალაქო საფლავებით და ეგებ, კოლუმბარიუმმა ჩაანაცვლოსო. დარდობენ, რომ კრემატორიუმი არა გვაქვსო…
არადა, თეატრიც ხომ თავისებური კრემატორიუმია და კრემატორიუმი – თეატრი;
რამდენი ტალანტი დაიფერფლა მის წმინდა კედლებში და ახლაც რამდენი იფერფლება.
გრძნობდა, იქნებ, ამას ცხონებული კაპლუნიც;
ოღონდაც, ის კეთილშობილი საბჭოთა კარიერისტი იყო და ფულს არ ახდევინებდა არც ერთ დამთვალიერებელს/მაყურებელს თავის „თეატრში“.
ახლა გინდ კრემატორიუმი იყოს და გინდ, თეატრი, იქ შესვლა ძალიან დაგვითხელებს ჯიბეებს.
მთავარია, დილას არ ვიყივლოთ ადრე.
ჯვარი გვეწეროს!
არ უყვართ ადრე მომყივანები!
გამოსავალი ერთადერთია –
გავუფრთხილდეთ თავებს!
იყავით ფხიზლად!








