ლუდვიგ ვიტგენშტაინი თარგმანი

კულტურა და ღირებულება

, , ,

I ნაწილი

(ფრაგმენტები)

1929

როცა ხე კი არ ლპება, არამედ ტყდება, – ეს ტრაგედიაა. ტრაგედიაში არაფერი ებრაული არ არის. მენდელსონი, ალბათ, ყველაზე არატრაგიკულია კომპოზიტორებიდან. ტრაგიკული სიღრმეში ჩადის, ჯიუტად ჩაჭიდება სიყვარულის ტრაგიკულ სიტუაციაზე ყოველთვის იდეალის საპირისპიროდ მეჩვენებოდა. გამოდის, რომ ჩემი იდეალი საცოდაობაა? არ ვიცი და ვერც განვსჯი. თუ საცოდაობაა, ეს ცუდია. ვვარაუდობ, რომ ჩემი იდეალი მშვიდობიანი და კეთილია. დაიფარე, ღმერთო, ჩემი იდეალი საცოდაობისა და ინფანტილიზმისგან!

1930

თანამედროვე კინო უწინდელთან შედარებით იგივეა, რაც თანამედროვე ავტომობილი იმასთან შედარებით, რასაც 25 წლის წინათ უშვებდნენ. შთაბეჭდილება, რომელსაც ძველი ფილმი ტოვებს, შეუსაბამო და უხერხულიც კია, ხოლო ფილმების წარმოებაში მიღწეული გაუმჯობესება ავტომობილის წარმოებაში მიღწეულის თანაფარდია. მაგრამ მე სულაც არ ვსაუბრობ – თუკი სწორად გამოვიყენებთ ამ გამოთქმას – არტისტული სტილის გაუმჯობესებაზე. ეს დიდწილად ეხება თანამედროვე საცეკვაო მუსიკასაც. ჯაზური ცეკვა, როგორც ფილმი, არის ის, რაც შეიძლება და უნდა იყოს უკეთესი. ყველა მსგავსი გაუმჯობესება რითაც განსხვავდება სტილიც ცვლილებისაგან, არის ის, რომ მათში სული არანაირ როლს არ თამაშობს.

დღეს, განსხვავება კარგ და ცუდ არქიტექტურას შორის იმ მომენტს ეფუძნება, რომ ცუდი არქიტექტურა ყოველგვარ ცდუნებას ნებდება მაშინ, როცა კარგი არქიტექტურა ეწინააღმდეგება.

როგორღაც შევნიშნე და იმედია, სამართლიანადაც: მანამდელი კულტურა თანდათანობით იქცევა ნაგვის გროვად, მერე კი მუჭა მტვერია; მაგრამ სული იძვრის მტვერზე.

წარმოვიდგინოთ თეატრი; ფარდა იწევა, და ჩვენ ვხედავთ, რომ ვიღაც კაცი დადის ოთახში, ეწევა სიგარეტს, ჯდება სავარძელში, ა.შ. და უცებ ვხვდებით, რომ ვაკვირდებით ადამიანს იმგვარად, როგორც ვერასოდეს დავაკვირდებით საკუთარ თავს; თითქოს უშუალოდ ვესწრებით პირად ბიოგრაფიას, და ეს ერთდროულად საშინელი და საოცარია.

გაკვირვებისთვის, ადამიანებმა – და შესაძლოა ხალხებმა – უნდა გაიღვიძონ.

საგნები ჩვენს თვალწინაა, და არანაირი ფარდა არ ფარავს. რელიგია და ხელოვნება სწორედ აქ იყოფა.

ყოველგვარ რიტუალურს (ასე ვთქვათ, უმაღლესი ქურუმის ძონძებს) კატეგორიულად უნდა გავურბოდეთ, რადგან ის ზეზეურად ლპება.

რა თქმა უნდა, კოცნაც რიტუალურია, მაგრამ მასში სიდამპლე არ არის; მაგრამ კოცნაზე გულწრფელი და სერიოზული რიტუალი არ უნდა დავუშვათ.

და აქ, ვეჯახებით პრობლემას: „ყველაფერი მიედინება“. იქნებ, სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ.

მუსიკა თავისი მრავალფეროვანი ნოტებითა და რიტმებით ზოგიერთ ადამიანს პრიმიტიულ ხელოვნებად ეჩვენება. მაგრამ მარტივი ის მხოლოდ ზედაპირზეა; მისი არსი, რომელიც შესაძლებელს ხდის შინაარსის გამოჩენას, უსასრულო სირთულეს შეიცავს, რაც სხვადასხვა ხელოვნებაში ჩანს, მუსიკაში კი თვალისგან დაფარულია. გარკვეული აზრით, ის ურთულესი ხელოვნებაა.

ენის საზღვრები იმ შეუძლებლობაში იჩენს თავს, რომ ვერ აღწერ წინადადების შესატყვის ფაქტს ისე, რომ თავად ეს წინადადება არ გაიმეორო.

შემიძლია თუ არა ვთქვა, რომ დრამას საკუთარი დრო აქვს, რომელიც ისტორიული დროის ნაწილი არ არის? სხვაგვარად, შემიძლია ვიმსჯელო მასში წარსულსა და მომავალზე, მაგრამ უაზრო იქნება შეკითხვა, მოხდა თუ არა მასში აღწერილი მოვლენები, მაგალითად, ცეზარის სიკვდილამდე ან შემდეგ.

დამამცირებელია საკუთარი თავი მიგაჩნდეს ცარიელ მილად, რომელიც მხოლოდ გატენილია ტვინით.

ჩვენ ვიბრძვით ენასთან. ჩართულნი ვართ ენასთან ბრძოლაში.

ტრაგედია თავისუფლად შეიძლება მუდამ დაიწყოს სიტყვებით: „არაფერი არ მოხდებოდა, რომ არა…“

(ტანსაცმლის კალთა რომ არ ჩაეთრია მანქანას?)

მაგრამ განა, გადაჭარბება არ იქნება, რომ უბრალოდ მივიჩნიოთ – ტრაგედია მხოლოდ აჩვენებს, როგორ შეუძლია ერთ შეხვედრას ცხოვრების შეცვლა?

ვფიქრობ, უნდა იყოს წარმოდგენები, სადაც ნიღბებით თამაშობენ. პერსონაჟები იქნებიან სტილიზებული ადამიანური არსებები. კრაუსის ნაწარმოებებში ეს აშკარაა. მისი პიესების შესრულება სწორედ ნიღბებით შეიძლება. ცხადია, ეს უკავშირდება ამ ნაწარმოებთა აბსტრაქტულობას. ნიღბების თეატრი, ვფიქრობ, ყველა შემთხვევაში ინტელექტის გამოხატულება იქნებოდა. ალბათ ამიტომაც დადიოდნენ ასეთ თეატრში ებრაელები.

საკუთარი თავის როგორი განცდა გვექნებოდა, არაფერი რომ არ ვიცოდეთ ქრისტეზე? ვიქნებოდით თუ არა მარტოსულები, წყვდიადში? განა, ამას ისე არ ვგრძნობთ, როგორც ბავშვები, რომ არ იციან, მათ გარდა, ოთახში ვინმე არის თუ არა? რელიგიური შეშლილობა არარელიგიურობიდან მოდის.

ვფიქრობ, ყოველგვარ შემეცნებას სჭირდება სიმამაცე; სიმამაცის გარეშე, უბრალოდ გონების თამაშია.

ქრისტიანობაში ყველაფერი ისეა, თითქოს ღმერთმა უთხრა ადამიანებს: არ ითამაშოთ ტრაგედია, დედამიწაზე არ მოაწყოთ არც სამოთხე და არც ჯოჯოხეთი, რამდენადაც სამოთხე და ჯოჯოხეთი ჩემი სფეროა.

(სურათი: ორი პროფესორი მშენებარე ხიდთან.) ხმა ზევიდან: „გაუშვი! ეი, გაუშვი-მეთქი! ახლა მაგრად მოუჭირე – ეგ არა, მეორე!“ – „სრულიად გაუგებარია, ძვირფასო კოლეგავ, როგორ შეიძლება აიგოს ამდენად რთული ნაგებობა ასეთი ენით.“

ჩვენ ყველას გვესმის მტკიცება, რომ ფილოსოფია არ ვითარდება, რომ იმავე პრობლემებით ვართ დაკავებულნი, რითაც – ბერძნები. ვინც ასე მსჯელობს, არ ესმის, რატომ ხდება ასე. საქმე ისაა, რომ ჩვენი ენა იგივე რჩება და იმავე პრობლემების გადაჭრისაკენ გვითრევს. სანამ არსებობს ზმნა „ყოფნა“, რომელიც ჰგავს ზმნებს „ჭამა“ და „დალევა“, სანამ არსებობს ზედსართავები – „იდენტური“, „ჭეშმარიტი“, „მცდარი“, „შესაძლებელი“, სანამ ვაგრძელებთ საუბარს დროის მდინარებასა და სივრცის უსასრულობაზე, ა.შ., ადამიანები ძველებურად შეეჩეხებიან გადაუჭრელ სირთულეებს, თვალით რომ ვერ განიმარტება და ვერც აიხსნება.

და ეს, სხვა ყველაფერთან ერთად, ზებუნებრივის წყურვილს აცხრობს, რადგან სანამ ადამიანები მიიჩნევენ, რომ უნარი შესწევთ იხილონ „ადამიანური გაგების საზღვრები“, ასევე ეჯერებათ, რომ მიღმა გახედვაც შეუძლიათ.

კლაისტმა სადღაც დაწერა, რომ პოეტი უნდა ისწრაფოდეს აზრების სიტყვების გარეშე გამოხატვისკენ. (რა უცნაური წყევლაა.)

ხშირად ამბობენ, რომ ახალი რელიგია ძველ ღმერთებს დემონებად აცხადებს. მაგრამ სინამდვილეში, ამ დროისთვის ისინი თავად იქცევიან დემონებად.

ფილოსოფოსები არცთუ იშვიათად ჰგვანან ბავშვებს, ცხოვრებაში პირველად რომ ჯღაბნიან ფურცელზე და უფროსებს ეკითხებიან: „ეს რა არის?“ ასეც ხდება: უფროსები ხშირად რაღაცას ხატავენ ბავშვებისთვის და ამბობენ: „ეს ადამიანია“, „ეს სახლია“ და ა.შ. და მერე ბავშვი ხატავს და კითხულობს: „და ეს რა არის?“

მავანი ადამიანებს ყოფს მყიდველებად და გამყიდველებად და ავიწყდება, რომ გამყიდველებიც მყიდველები არიან. თუკი ამის შესახებ შევახსენებთ, ამით გრამატიკა შეიცვლება?

კოპერნიკისა და დარვინის დამსახურება არა ჭეშმარიტი თეორიის შექმნა, არამედ სამყაროს ნაყოფიერი ხედვის გამოგონებაა.

Ludwig Wittgenstein – Culture and Value; Part I (Translated by Valeri Otkhozoria)

The journal offers a Georgian translation of the notes of the great Austrian-British philosopher of the 20th century – Ludwig Wittgenstein, which remain incomparable to this day. The notes characteristically show the essence of the thinker’s sharp and paradoxical thinking

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…