2025 წლის პროგრამის მიმოხილვა
ფესტივალი „საჩუქარი“ და გალაკტიონი
ნიცშეს მიხედვით, მხოლოდ იმის მიმოხილვა შეიძლება, რასაც ისტორია აქვს, რაც უკვე დასრულდა. ფესტივალი „საჩუქარი“, მადლობა ღმერთს, გრძელდება, მაგრამ უკვე აქვს ისტორია, რომლის საფუძველზეც შეიძლება ითქვას ცოტა რამ მის როლსა და მნიშვნელობაზე.
სხვაგან უკვე ვთქვი თანამედროვე დროზე ქართულ სათეატრო ხელოვნებაში, რომელიც ფესტივალების სიმრავლით გამოირჩა (აგერ, ახლახან დაარსდა კიდევ ერთი ახალი – თელავის თეატრალური ფესტივალი „მაჩაბელა“). ამ ფესტივალების სიმრავლეში „საჩუქარს“ („GIFT“) ისევე ადგას სამეფო გვირგვინი, როგორც გალაკტიონს – მის თანამედროვე პოეტთა შორის. ის დროც, გალაკტიონის დრო, პოეტების სიმრავლით გამოირჩეოდა, აშკარად პოეტებისა და პოეზიის დრო იყო… რომელიც საბჭოთა კავშირის ნგრევამდე გაგრძელდა. ვერც რეპრესიებმა, ვერც ცენზურამ პოეტები ვერ მოსპო და ვერც მათი რიცხვი შეამცირა. ისინი ჯეჯილივით აღმოცენდებოდნენ და იფურჩქნებოდნენ. განსაკუთრებით ეტრფოდნენ სამშობლოს, „ქართულს“, მემკვიდრეობას. ეს უკვე ბოლო პერიოდი იყო პოეზიის სინათლისა. ამის შემდეგ ოდნავ დაგვიანებული, მაგრამ ცინიკოსი პოსტმოდერნისტი პოეტების თაობა შემოიჭრა ქართულ ლიტერატურაში. ეს უკვე მაღალი პოეზიის სიკვდილის მაუწყებელიც იყო. და აქვე ჯეჯილივით ამოიყარა იუთუბ-პოეზია, რომელსაც იმდენადვე ეთქმის პოეზია, რამდენადაც რეპს – მუსიკა.
კიდევ ერთი რამ უნდა ვთქვათ პოეზიაზე: რამდენადაც მეტი იყო სისასტიკე, რამდენადაც მეტი იყო შეზღუდვები, პოეზიას უფრო მეტი ფრთა ესხმებოდა. მართალია, ამ ფრთების უმრავლესობა ამბივალენტური იყო თავისი ბუნებით – კონფორმული და მეამბოხე ერთდროულად, მაგრამ რას ვიზამთ: სადაც ახლოა ცელი, იქვე თავს იჩენს სიტყვის მოქნილობაც. პოეტებს ებრალებათ თავიანთი თავი ცელისთვის. ურჩევნიათ, შორიდან უყეფონ, როგორც ფინია შეჰყეფს პირგამეხებულ ზვავს… „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდისო“ – ნათქვამია, მაგრამ ეს პოეზიაზე არასგზით ითქმის, ცხადია.
ახლა პოეზიის ადგილს იჭერს თეატრალური ფესტივალები. მეტიც, თეატრალური ფესტივალები იმ სიცარიელესაც ავსებს, ე.წ. ქართული შოუ-ბიზნესის ნაუცბადევმა ფეხის გაფშეკამ რომ გამოიწვია… და სწორედ ამ ატმოსფეროში, ამ სივრცეში, თითქოს გალაკტიონზე არანაკლებად ამბივალენტურ როლს ირგებს ფესტივალი „საჩუქარი“; გალაკტიონის როლს, რადგან მას სურს, რომ იყოს მაღალი, დიდებული, სწორუპოვარი; და ხშირად გამოსდის კიდეც; ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის, როგორც, სხვათა შორის – თავად გალაკტიონს.
2025 წელი ფესტივალ „საჩუქრისთვის“ და ლენინის ორდენი – გალაკტიონისთვის…
გალაკტიონს ძალიან სურდა ლენინის ორდენი! ძალიან, ძალიან! და როგორც იქნა, მისცეს! მანამდე სიმონ ჩიქოვანმა „დაიმსახურა“ ჯილდო (სხვათა შორის, არ იყო ცუდი პოეტი!); გალაკტიონი ძალიან დარდობდა, როგორც იტყვიან, გული უკვდებოდა. მაგრამ ბოლოს მისცეს! და გალაკტიონმა ეს ორდენი (ნიშანი) დაკარგა… მთავარი იყო მისთვის არა ის, რომ მკერდზე ორდენით ევლო, არამედ – რომ მიეცათ, რომ ეღიარებინათ მისი პირველობა… კაცმა არ იცის, რა იყო გალაკტიონისთვის მთავარი, გარდა პოეზიისა. ალბათ, არც არაფერი. მხოლოდ პოეზია!
ფესტივალი „საჩუქარი“ ამითაც ძალიან ჰგავს გალაკტიონს: მისი უმთავრესი – თეატრია! „თეატრი უპირველეს ყოვლისა!“ ეს ფრაზა არაფერს ეკუთვნის დღეს უფრო ღირსეულად და ორგანულად საქართველოში, როგორც ფესტივალ „საჩუქარს“, რომლის სულისჩამდგმელი და სამხატვრო ხელმძღვანელი – ქეთი დოლიძე, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ სიმბოლოა ამ ფესტივალისა, არამედ მთავარი მამოძრავებელი, „მოტორი“, „მენტორი“ და ბევრი სხვა სიტყვა და ტერმინი… მაგრამ მე ისევ ნიცშე და „მისი“ ცხენი მახსენდება, ტურინის ცხენი… (და ამავე სახელწოდების ბელა ტარის „დაუსრულებელი“ ფილმი!)
არსებობს ლეგენდა, რომ ნიცშე ტურინში გაჩერებულ ჯაგლაგს, რომელსაც პატრონი უმოწყალოდ სცემდა, ტირილით ჩაეხვია, დიდხანს ღმუოდა და მერე ბოდვებში აიხლართა; მერე წაიყვანეს… ქალბატონი ქეთი დოლიძე და მისი ფესტივალი, რომელსაც, თავისთავად ცხადია, მიხეილ თუმანიშვილის სახელი ჰქვია, ნიცშესაც მაგონებს და ამ ჯაგლაგსაც (ბოდიში ამ შედარებისთვის!); რადგან ბევრჯერ გალახულა ეს ფესტივალი, მაგრამ ნიცშესეულ-დოლიძესეული ჩახუტებებით გადარჩა და ნიცშესგან განსხვავებით, ფესტივალი შეშლილობის ბოდვას ხელიდან დაუსხლტა, რაც ასე იოლი როდია დღევანდელ საქართველოში; მაგრამ დიონისურისა და აპოლონურის დიალექტიკა შეინარჩუნა! და სწორედ ესაა ამ ფესტივალის გამარჯვება! და ქეთი დოლიძის გამარჯვება!
წელს ფესტივალი „საჩუქარი“ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრს შეეფარა; მისი პატრონაჟი კულტურის სამინისტრომ აიღო თავის თავზე; შესაბამისად, ფინანსური პრობლემები ფესტივალს აღარ უნდა ჰქონდეს. ფესტივალი მრავალი წლის ტურბულენტური ზონიდან, როგორც იქნა, თავისუფალ ზონაში აიჭრა. მას უკვე შეუძლია ლაღად იფრინოს; როგორც ისურვებს, ისე…
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერა აისახა წლევანდელი პროგრამის რეპერტუარის სიმდიდრესა და ფესტივალის მთლიან ხანგრძლივობაზე, რომელიც თითქმის ერთი თვე გაგრძელდა – სპექტაკლებით, ვორქშოპით, პერსონალური გამოფენით, დრამატურგიული კრებულის პრეზენტაციით, კოლაბორაციული წარმოდგენის ჩვენებითა და ქართველი ახალგაზრდების თეატრალური ნამუშევრის პრემიერით.
შროშანების ღელვა და თრთოლა,
ანუ – რატომ არის მაყურებელი ამდენად თვალთმაქცი?!
25 ოქტომბერს, პაბლო პიკასოსა და, ასევე, ჩემი დაბადების დღეს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ფესტივალ „საჩუქარის“ პირველი საჩუქრის – იაპონური ცეკვის თეატრის – „სანკაი ჯუკუ – უშიუ ამაგაცუ“ ქორეოგრაფიულ-თეატრალური ნამუშევარი – „მეგურუ“ უჩვენეს.
სიტყვა „მეგურუ“, როგორც ფესტივალის გზამკვლევი, გვამცნობს, ნიშნავს ზოგადად ცირკულაციას, ბრუნვას (სეზონების, კლიმატის და ა.შ.). თავად ცეკვის თეატრის სახელწოდება „სანკაი ჯუკუ“ „მთიანი ზღვის სანაპირო სახლს“ ნიშნავს. მაშასადამე, გეოგრაფიულ-რელიეფური კონტრასტი და აქვე სულიერ-მატერიალური, სიცოცხლე-სიკვდილის, მოძრაობა-გაშეშებისა და ა.შ., – ყველა კონტრასტი სახეზეა…
კონტრასტებზე დაფუძნებული წარმოდგენა ჰარმონიით იყო გაჟღენთილი და წინააღმდეგობანი ჰარმონიზაციით გადადიოდა თავის სხვაში, შემდეგ ბლოკში, განყოფილებაში, გაგრძელებაში. ცეკვა იყო იმდენად ნატიფი, რომ გავიწყდებოდა, რომ ცეკვავდნენ. თუმცა, ბოლომდე ვერ ხვდებოდი, რას აკეთებდნენ. როგორც გზამკვლევში წერია, მართლაც, ამ ცეკვას გონების თვალით ვერ უყურებდი; რაც ასე უძნელდება დასავლური (ბერძნულ-ებრაული) კულტურის მკვიდრს. ჩვენ ყველაფერში გონებით ვმონაწილეობთ, გონება ლოცვაშიც ჩართულია. ამიტომ კულტურული განსხვავება, ნამუშევრის იაპონურობა, მძლავრად იჩენდა თავს მაყურებლისთვის. ეს ზედმეტად იაპონური ცეკვა გამოდგა ქართველი მაყურებლისთვის. თუმცა, მაყურებელს წარმოდგენის დასრულების შემდეგ უხერხულობა არ შეუმჩნევია, პირიქით, უმალ დაივიწყა მანამდელი თავისი ხვნეშა და უკმაყოფილება, უმეტესწილად მობეზრება, და იმდენი ტაში უკრა, იმდენი ოვაცია და „ბრავო“ გამოთქვა, რომ უკვე მე შევწუხდი. და გამიჩნდა კითხვა: „რატომ არის მაყურებელი ამდენად თვალთმაქცი?!“
მხოლოდ ქართველი მაყურებელი იქცევა ასე, თუ ყველა ქვეყნის მაყურებელი იმავენაირად იქცევა? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა არ შემეძლო. მაშინ დავიწყე მოტივაციის ძიება, რამ აიძულა მაყურებელს ასეთი ქცევა.
მივხვდი, რომ მაყურებელი არანაკლებ მსახიობია, ვიდრე მსახიობი. მაყურებლის „პერფორმანსი“ მეგურუს დასასრულს არანაკლებ შთამბეჭდავი გამოდგა. ადამიანები, რომლებიც წარმოდგენის უმეტეს ხანს სმარტფონებში იქექებოდნენ და მძიმედ ხვნეშოდნენ, ან სულაც ეძინათ, ბოლოს გამოფხიზლდნენ და ისეთ მგზნებარებაში ჩავარდნენ, უკეთესს რომ ვერ ინატრებდი. დიდი „სტუმართმოყვარეობა“ გამოიჩინეს… იაფფასიანი სნობიზმი იყო (იაპონელებს გაუკვირდათ კიდეც)! მაყურებელს თავდაჭერა უნდა შეეძლოს; ზომიერების განცდა უნდა ჰქონდეს. ტაში კარგია, მაგრამ ტაშსაც საზღვარი აქვს, „ბრავოსაც“… როგორც მამარდაშვილი ამბობდა – „თორემ ვნებები შეგვიპყრობენ“, – ერქვა ამას. მაყურებელი ვნებამ შეიპყრო. ეს ვნება დაცლილი იყო შინაგანი ჭეშმარიტებისგან და ჰგავდა სტუმრის ისეთივე დახვედრას, აპრიორი რომ ღმერთივით იღებ, თუნდაც ამ ღმერთის არაფერი გესმოდეს. წინასწარი რომ იცი – ღმერთია და სხვანაირად მოქცევა არ შეგეფერება! ერთი სიტყვით, მაყურებელი წინასწარდასწავლილი ეტიკეტის მიხედვით იქცეოდა, მაგრამ წარმოდგენის განმავლობაში სულაც არ ახსოვდა ეს ეტიკეტი: რომ სმარტფონში ყურება, ძილი, ხვნეშა და მობეზრება არ შეეფერება, სირცხვილია.
მე ამ ქორეოგრაფიულ სპექტაკლს ისე ვუყურე, რომ პროგრამის აღწერაში არ ჩამიხედავს. მხოლოდ შემდეგ წავიკითხე ის. ამდენად, საკუთარ აღქმაზე დაკვირვება და მისი ანალიზი ახლა ჩემთვის ყველაზე საინტერესო საქმეა.
გონების ბოლომდე გამორთვა ვერ შევძელი. როცა გონებას ვრთავდი, საკმარისად ვერ ვერთვებოდი; ხოლო როცა გონებით ვიყავი ჩართული, წაკითხვის სირთულე შინაგან წინააღმდეგობებში მხლართავდა. და მაინც, მეგურუს, როგორც ქრისტიანმა, ქრისტიანული კულტურის წარმომადგენელმა, ვუყურე. ვიხილე მასში გამოქვაბულიც, ვიხილე სამოთხეცა და სამოთხიდან განდევნაც, ვიხილე კატასტროფები, წარღვნა, სხვათა შორის ჰიროშიმა და ნაგასაკიც, რაც ანოტაციის მიხედვითაც ნაგულისხმევია. დანარჩენი, რაც მე განვიცადე, ფრაზებად მოვინიშნე ფურცელზე, რომლებსაც გაგიზიარებთ:
„სილამაზეს უდიდესი გაბედულება სჭირდება“: როდესაც საოცარ ჰარმონიას (შესრულებაში) და მოძრაობის აბსოლუტურ სინატიფეს ვუჭვრეტდი;
„ერთია დანის პირზე სიარული, მეორეა დანის პირზე დგომა“: შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მთელი ეს ცეკვა იყო ცეკვა „ზღვარზე“, თითქოს ყოველ მომენტში დანის პირზე დგებოდნენ, იმდენად მყიფე და ამავე დროს სტაბილური იყო ყოველი კუნთის დაძაბვა, ფეხის თითებისა და ტერფის ნაწილების მიწასთან შეხება;
„სიცოცხლისა და სიკვდილის ზურგებშუა ადგილი“: მე დავამატებდი – „ადგილის მონიშვნას“ ან „ადგილის გაზომვას“; შემექმნა განცდა, რომ ეს ცეკვა შექმნილი იყო ამ ორ ფენომენს შუა სივრცეში, მხოლოდ, ზურგის მხრიდან, არა მათი უშუალო ჩართულობით, არამედ მათ პრეზენსში, როცა ისინი (სიცოცხლე და სიკვდილი) ზურგებით დგანან და ნეიტრალური სივრცე ჩნდება, დისტანცია დისკურსისთვის; ეს ცეკვა, როგორც დისკურსი ამ სივრცეში;
„სივრცესთან კომუნიკაცია სუიციდალური კულტურის პრეროგატივაა“ და „არსადაა სივრცე ამდენად სივრცობრივი“: მეგურუს ცქერისას შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ეს ნამუშევარი შეეძლო მხოლოდ „სუიციდალურ“ კულტურას შეექმნა იქ, სადაც ესმით სივრცის, დისტანციის, მელანქოლიურად, მაგრამ არც ევროპული თვითგვემით და არც აზიური უდაბნოსეული წყურვილით, არამედ უსაზრისობით, სიცარიელით, ეს მხოლოდ იაპონური სიცარიელეა, რომელსაც შეუძლია საკუთარი სივრცე ამგვარი შროშანებით აავსოს; და მართლაც, სივრცე, სივრცე იყო ძალიან სივრცობრივი სცენაზე, რომელიც ამ ცეკვისაგან ხდებოდა ასე და ასეთად.
„შროშანი შუშანიკის წამებასავით“: აქ, რა თქმა უნდა, გადამძალა ქრისტიანობამ; შუშანიკმა; ჩემმა კულტურამ, როგორც აქტუალურმა, სულიერმა მემკვიდრეობამ; აქ მე ჩავერთე ქართული დისკურსით და ქრისტიანულად ვიძალადე, ესე იგი განსჯას და დასავლურ პოეტიკას (მეტაფორას) დავუქვემდებარე ის, რაც ამ ჟანრს არსობრივად არ ეკუთვნის; ამასთან დაკავშირებით მახსენდება ერიხ ფრომის „ყოფნა თუ ქონის“ პირველი თავი, სადაც ყვავილის შესახებ სამ ლექსს (ერთ-ერთი, ლოგოცენტრული, გოეთესია) ადარებს ერთმანეთს და ყოფიერების მიმართ სამ კულტურულ დამოკიდებულებას აღნიშნავს;
„ულამაზესი ღელვა“: აქ გონება თითქმის გამოვრთე; მაგრამ ესთეტიკური განსჯა, როგორც ხედავთ, მაინც დამრჩა; და „ულამაზეს ღელვად“ აღვიქვი სხეულების უწყვეტი მიხრა-მოხრა, რაც, ვფიქრობ, სინამდვილესთან საკმაოდ ახლოა;
„თეთრი ღელვა“: მოცეკვავეები იყვნენ შეთეთრებულნი და ეცვათ თეთრები;
„ბირთვული ომის გამოცდილება ღია პირებში“: მოცეკვავეები პირებს აღებდნენ, საშინელი სანახაობა იყო; რაღაც კატასტროფულის კვალი… აქ მე დავემთხვიე იმას, რაც ისედაც იდო სპექტაკლში;
„ყველაზე საინტერესოა, როგორ მივიდნენ ისინი აქამდე“: აქ მიკვირს ამ წარმოდგენის თვითკმარობა, შეკრულობა, ჰერმეტულობა, ჰეტეროგენულობა; ვცდილობ, იაპონური აღქმის ლაბირინთებში ჩავიდე, რაც ჩემთვის მიუწვდომელია;
„პერმანენტული დაბადება და ქმნადობის უწყვეტობა“: წარმოდგენას ვკითხულობ ბერძნულ-ებრაულად, პლატონისტურად და ბიბლიურად;
„წამის აუტანლობა და სიხარული“: დაძაბულობისა და დაცლის პერმანენტულობას აღვნიშნავ;
„მუსიკა, როგორც დროსა და ყოფიერს შორის შუამავალი“: მუსიკა (ტაკაშ კაკო, იას-კაზ, იოიჩირო იოშიკავა) მართლაც მოქმედებდა ჩემზე, სივრცესთან ერთად ის ქმნიდა ამ სივრცეში ლიკვიდურობის განცდას, თითქოს სივრცე ივსებოდა წყლით, ეს იყო მაცოცხლებელი წყალი და წარღვნის წყალი;
და ისევ მუსიკაზე: „სივრცეში, სადაც არაფერი არ არის, ცარიელ სივრცეში მუსიკა ხდება ლანდშაფტი, უსასრულო და უსაზღვრო“;
„გრავიურებიანი კედელი, რომელიც შოკოლადის დიდ დაფას ჰგავს – სრულიად შესაბამისი შედარება“: ერთ-ერთ მონუმენტურ დეკორაციულ ელემენტზე, უკან, დიდ კედელზე ვამბობ; უფრო ნამარხის შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე ამ კედელმა, არქეოლოგიური მონაპოვრიდან რეკონსტრუირებულისა;
„ცხოველი, რომელიც, მაშასადამე, მე ვარ“: ასე ჰქვია ჟაკ დერიდას ერთ წიგნს, რომელიც ადრე წავიკითხე და მეგურუს ცქერისას ასოციაციურად მომაგონდა (მსახიობების ეპითეტად); ამ მომენტში, როგორც ჩანს, თავი გავაიგივე მსახიობებთან;
„მჭვრეტელობითი“: წარმოდგენის ბუნებას აღვნიშნავ მაყურებლისთვის; მაგრამ ეს მაინც შეფასებაა ევროპელისა, რომელიც ჭვრეტის მწვერვალად იმაგინაციის, ფანტაზიის უნარს იცნობს, ხოლო აღმოსავლური მედიტაცია მისთვის ტექნიკაა, დანამატია, „ჯიმ“-ის მოდუსია, და არა ყოველდღიური კულტურული პრაქტიკა ან ყოფის წესი;
„ვითა პეპელა არხევს ნელ-ნელა სპექტაკლ შროშანას, ლამაზად ახრილს“: ნიკოლოზ ბარათაშვილის „საყურე“ მომაგონდა; ვფიქრობ, სწორედ ამ მომენტში შევძელი მაქსიმალურად მივახლოებოდი მეგურუს; მაგრამ დისტანცია მაინც დარჩა, თუნდაც ამ ლექსის სახით.
ქართველის მეგურუ ნიკოლოზ ბარათაშვილია და მისი „საყურე“…
წასულები, წამსვლელები, დარჩენილები და დასარჩენები…
ნიკოლა ბორგეზისა და ენრიკო ბარალდის კომპანია Kepler-452 თანამედროვე დოკუმენტური თეატრის ნამდვილი საოცრებაა. პრესტიჟული პრიზებით დახუნძლული ეს კომპანია და მისი ორი ახალგაზრდა რეჟისორი თუმანიშვილის თეატრის მსახიობებთან შეკავშირდა ფესტივალ „საჩუქრის“ მეოხებით და მათი ერთობლივი ნამუშევრის სამუშაო ვერსია – „წასული“ წარმოადგინეს.
სპექტაკლი ემიგრაციის იმ ტკივილზეა, რომელსაც მსახიობები პირადი ბიოგრაფიებიდან ჰყვებიან. აქვე მოისმენთ გიორგი ჩაჩანიძის დაჭერის ამბავს და რამდენიმე წუთში განიცდით იმას, რაც ბეღურამ გადაიტანა. ლუკა ჩიბუხაია ასახიერებს თავის ლექციაზე მისვლას მაშინ, როცა გარეთ აურზაურია, აქცია მიმდინარეობს და ლუკას გული აქციისაკენ მიუწევს; იქ უნდა, სადაც ხალხია… სიცილი და სევდა ერთმანეთს ერწყმის. ლუკა ჩიბუხაია შესანიშნავად ახერხებს კომიკურის შლეიფით იმ დილემების მაყურებლის გულში ჩადებას, რომელთა წინაშეც ბევრი ქართველი ახალგაზრდა აღმოჩნდა.
კატო კალატოზიშვილი და პაატა ინაური ოჯახურ დრამას გაითამაშებენ იმასთან დაკავშირებით, წავიდნენ უცხოეთში თუ არა (კატოს დედა ამერიკაში ჰყავს, თავად კი ვიზა არ მისცეს). ქეთა შათირიშვილი სკრუპულოზურად წარმოგვიდგენს ჩვენი სამომხმარებლო ბაზრის სიძვირეს… და ეს ყოველივე სიცილსა და ცრემლს ერთად იწვევს. სპექტაკლი დინამიკურად, უშუალოდ, რასაც ჰქვია, „თეატრალურად“ ვითარდება. მთელი ეს სპექტაკლი სიცოცხლეა!
სპექტაკლის ბირთვი ლიზა ნიკვაშვილის ისტორიაა – დედასთან განშორების 11 წელი; დედა, რომელიც ერთადერთი იყო ოჯახიდან, მის მსახიობობას რომ მხარს უჭერდა; ლიზა მსახიობი ხდება, მაგრამ დედა ამ პროცესს ვერ ესწრება… და, აი, ახლა, ლიზა ურეკავს დედას და ლაივ-რეჟიმში რთავს უშუალოდ სპექტაკლში, აჩვენებს, როგორ დგას სცენაზე და როგორი ანშლაგია… პერიოდულად ჩამესმის ლაშა ჩხარტიშვილის ქვითინი და ალუდა ქეთელაური მახსენდება, რომელიც „ატირდა, როგორც ქალიო“…
ნიკა წერედიანის, მსახიობი აფხაზეთიდან, მონოლოგს აგრძელებს თემო ნატროშვილის ამერიკაში ტაქსისტობის ძალიან სასაცილო და სევდიანი ნომერი; ნინო ბურდული კი ყველაფერს აჯამებს ზედმეტი დრამატიზმით, რომელსაც უცებ ბაროკო შეაქვს დოკუმენტურ სპექტაკლში.
დაბოლოს, ლიზას გაცილების სუფრა… რომელიც სასაცილოც არის, სატირალიც, ძალიან ქართულიც და ანტიკურიც, სერობასაც ჰგავს, პლატონის ნადიმსაც და არც „მაიმუნობა“ აკლია…
ერთი სიტყვით, ეს ძალიან ცოცხალი, ნამდვილი, წრფელი, სახალისო, სევდიანი, სასაცილო და სატირალი წარმოდგენაა, რომელიც, პრინციპში, უკვე მზადაა საპრემიეროდ, მაგრამ დამდგმელი რეჟისორები მის უფრო დახვეწასა და 2026 წლის მაისში ჩვენებას გვპირდებიან.
ზოგი რჩება, ზოგი მიდის, მაყურებელი კი ამასობაში შინაგან ემიგრაციაში გადადის…
ანდრე & დორინი
„კულუნკა თეატრი“ – ასე ჰქვია ესპანელი მსახიობების გარბინიე ინსაუსტისა და ხოსე დაულტას მიერ დაარსებულ თეატრალურ კომპანიას, რომელმაც სწორედ ამ სპექტაკლით მოიპოვა მსოფლიო აღიარება. უამრავი ჯილდო, რომელიც სპექტაკლმა მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალზე, ნამდვილად მოწმობს მის დიდ მნიშვნელობას. სპექტაკლს გულგრილი არც ქართველი მაყურებელი დაუტოვებია.
წარმოდგენა მარჯანიშვილის თეატრში შედგა 28 და 29 ოქტომბერს. ესაა მოხუცი ცოლ-ქმრის ამბავი; ქალს დემენციის დაავადება თანდათან იპყრობს. მსახიობებს ნიღბები უკეთიათ და ამ ნიღაბ-პერსონაჟებს აცოცხლებენ. ნიღბები საოცრად აცოცხლებს მაყურებლის ფანტაზიასა და ემოციას – ისინიც ამ ნიღბების მატარებელნი ხდებიან, თითქოს დორინის დაკარგული ცნობიერება ცოცხლდება მაყურებლის თვალებში, – თითქოს მაყურებელი თავად დორინია, რომელიც თავის გაუცხოებულ მე-ს მაყურებლის თვალებით უცქერს, – როცა ქალს დემენციის დაავადება იუფლებს…
ქალი მუსიკოსია, კაცი – მწერალი. მათ ოჯახური სცენები სავსეა სიყვარულით და კომედიით. გზადაგზა ცოცხლდება მათი ახალგაზრდობა, შეხვედრა, შეყვარება და შეუღლება და ეს საოცრად ამაღელვებელი და სასაცილოა… დემენცია ქალს ისე იპყრობს, როგორც გაბზარულ ხომალდს ოკეანის ცივი და მლაშე წყალი, მაგრამ აქ, უცოლშვილო ვაჟი დედის მსახურს დაიმსახურებს!… ერთი სიტყვით, სევდა რჩება, მაგრამ ჩნდება ახალი სიხარულიც და რაც მთავარია, ცხოვრება გრძელდება!
მსახიობები – გარბინიე ინსაუსტი, ედუ კარკამო და მიკელ ინსაუსტი – ნამდვილად იმსახურებენ საუკეთესო სამსახიობო ანსამბლის პრიზს, რომელიც 2015 წელს ლოს-ანჯელესში მიიღეს. მე გამოვარჩევდი გარბინიე ინსაუსტის დორინის როლის შესრულებისთვის და „Premio Max“-ს, რომელიც მან 2017 წელს დაიმსახურა, მთელი გულით დავეთანხმები.
რაც არ უნდა კომიკურად ჟღერდეს, ვეთანხმები ყველა იმ პრიზს, რომლებიც სპექტაკლმა დაიმსახურა, მათ შორის – საუკეთესო დრამატურგიისთვის, საუკეთესო მუსიკისთვის; და მაყურებლის ჯილდოც, რომელიც პორტუგალიაში, 2013 წელს გადაეცათ, ნამდვილად დაიმსახურეს წელსაც, მარჯანიშვილის თეატრის მაყურებლისგან.
დედა
ღრმა ალეგორიული წარმოდგენა, რომელსაც შეიძლება ეწოდოს, როგორც თეატრალური სპექტაკლი, ასევე პერფორმანსი და ცოცხალი ინსტალაცია, მისი სტრუქტურისა და კომპოზიციის მიხედვით, მოგვითხრობს რეალურ-მითურ, კონკრეტულ და ამავე დროს გლობალურ, ინდივიდისა და ამავე დროს კაცობრიობის ამბავს, როცა ვაჟს დედა ჭაში ჩაუვარდება და მის ამოყვანას ესწრაფვის… მაგრამ როგორ ესწრაფვის ვაჟი დედის ჭიდან ამოყვანას, რა მეთოდებით? რა „ტექნოლოგიას“ (ეს სიტყვა ისე ჟღერს სპექტაკლიდან, როგორც ტიკ-ტოკის ვიდეოებში, პრიმიტივიზმის ცინიკური ხაზგასმით) იყენებს ვაჟი ამისთვის? და რა მდგომარეობაშია დედა?
ქართული სიტყვის – „დედა“ მთელი ჰერმენევტიკა იხსნება ამ სპექტაკლში, ამ ჭაში: დედააზრიდან და დედაბოძიდან – დედამიწამდე და დედასამშობლომდე… პოეტური ენით გადმოცემული კაცობრიობის განსაცდელი, რომელიც სულ უფრო მძიმე და საბედისწერო ხდება… მოტივი – „ტეხნე“ – რომელიც ასე ძალიან ადარდებდათ ეგზისტენციალისტებს, უპირატესად ჰაიდეგერს, აქ თითქოს ანტიკური დრამის ჭრილშია გადმოცემული. სპექტაკლის სტრუქტურა კლასიკური და არაკლასიკურია ერთდროულად: ქალი მარცხნივ განიცდის ხმით, მხატვარი შუაში სპონტანურად ხატავს დრამატულ დისკურსს, ხოლო მარჯვნივ მუსიკოსს კონტრაბასით პერმანენტული დასკვნა გამოაქვს, ანდა ერთ ლაიტმოტივს ატრიალებს შინაგანი ვარიაციებით.
სპექტაკლის წარმომდგენია იტალიის რავენას თეატრი ალბე პრიმავერას თეატრთან თანამშრომლობით. სასცენო ლექსი ეკუთვნის მარკო მარტინელის, შემსრულებლები კი არიან: დედა – ერმანნა მონტანარისი, მხატვარი – სტეფანო რიჩი, მუსიკოსი – დანიელ როკასტო. თითქოს ბრმა ჰომეროსის შვილთაშვილის პოემა ჩაგვესმის პოსტტროიანულ ომზე, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, შინაგანი ომია, „სულის კრიზისი“, როგორც ვალერი იტყოდა. სამი ელემენტის მომნუსხველი კომპილაცია ბოლომდე პარალელიზმს ინარჩუნებს, როგორც სამი პარალელური სხივი; უკუნ წყვდიადში სწორედ ეს სამი სხივი მიიწევს წინ საოცარი თავგანწირვითა და წყურვილით; და ჩვენ ვიცით, რომ ჭაში, სადაც დედაა, მით უფრო ბნელა. მაგრამ დედა ჩვენზე ძლიერია და თავს უშველის, დედა გადარჩება; საკითხი აქ ჩვენზე უფრო დგას: ჩვენ რას დავმართებთ ჩვენს თავს… გადავრჩებით კი, ჩვენ, დედის გარეშე?…
გრძელი დღის შემოღამება
ანუ – სად იყო დღე და სად იყო ღამე?…
იუჯინ ო’ნილის ამ ცნობილ პიესაში არ არსებობს დრამატურგიულად არასაინტერესო არცერთი პერსონაჟი, თითოეულ პერსონაჟს სხვასთან თავისი კონფლიქტი აქვს და, ცხადია, კონფლიქტი აქვს საკუთარ თავთან; ერთი სიტყვით, ესაა სანიმუშო პიესა, რომელიც თვალის მოხუჭვისა და მშვიდად სუნთქვის საშუალებას გართმევს.
თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლი განახორციელა ცნობილმა რეჟისორმა დიმიტრი ტროიანოვსკიმ, რომელიც ინსცენირების ავტორიცაა. თარგმანი ეკუთვნის გოდერძი რუხაძეს, ქორეოგრაფია – თიკო ქოიავას. მერი ტაირონს (ცოლი და დედა) თამაშობს ნინელი ჭანკვეტაძე, ჯეიმს ტაირონს (ქმარი და მამა) – პაატა ბარათაშვილი, ჯეიმი ტაირონს (უფრო ვაჟი და ძმა) – ბექა ჯუმუტია, ხოლო ედმუნდ ტაირონს (უმცროსი, ავადმყოფი ვაჟი და ძმა) – ლუკა ჩიბუხაია.
სპექტაკლში ასახულია დაშლის პირას მყოფი ოჯახის ერთი დღისა და ღამის ამბავი, ოჯახისა, რომლის დაშლის წინააღმდეგია ყველა, მაგრამ თითოეული წევრი ამავე დროს მეტ-ნაკლებად მონაწილეობას ამ საყოველთაო ნგრევაში. და მაინც, რატომ ინგრევა ოჯახი? იმიტომ, რომ ოჯახის ყოველ წევრს თავისი პირადი კრიზისი აქვს, გამომდინარე მათი წარსულიდან, აწმყოს ამბიციებიდან და მომავლის პერსპექტივიდან.
მერი ტაირონი (ნინელი ჭანკვეტაძე) ნარკოდამოკიდებული ქალია, რომელმაც ვერ დაძლია საბოლოოდ ეს სენი; ამჟამად ის სწორედ ამ წინააღმდეგობაში იწვის.
ჯეიმს ტაირონი (პაატა ბარათაშვილი) ცნობილი მსახიობია, აწ უკვე ვეტერანი, მძიმე ბავშვობიდან გამოყოლილი საშინელი სიძუნწის კომპლექსით, რაც მას საბედისწერო მომენტებში ოჯახის წევრების მიმართ აუცილებელი ემპათიის უნარს ართმევს და უგრძნობი კლდესავით ტოვებს დაცემისათვის განწირული უახლოესი და უძვირფასესი ადამიანების წინაშე.
ჯეიმი ტაირონი (ბექა ჯუმუტია) უფროსი ვაჟია, მამის კვალზე დამდგარი – მასაც მსახიობობა სურდა, მაგრამ დიდად ვერ შედგა; ამჟამად სამორინესა და საროსკიპოში ახერხებს გულის მოოხებას; მისი სუსტი ბუნების გამოძახილია ის, რომ სასიკვდილოდ განწირული უმცროსი ძმა სძულს, რომელმაც (და არა, რატომღაც, მამამ!) მასში არასრულფასოვნების კომპლექსი გამოიწვია!
ედმუნდ ტაირონი (ლუკა ჩიბუხაია) ოჯახის ყველაზე ნათელი წერტილია, მაგრამ როგორც ყოველი მზე, ისიც თავის თავში ატარებს მომაკვდინებელ შავ ხვრელს – სასიკვდილო დაავადებას, ყოველდღე რომ სიკვდილს უქადის…
ამ ოთხი პერსონაჟის სურვილი თუ მცდელობა ოჯახური იდილიის მიღწევისა, თავისთავად ცხადია, კრახით მთავრდება. მაგრამ სწორედ ეს კრახი, კრახის პროცესი ასახვას პოვებს ემოციურ თუ ფიზიკურ ორთაბრძოლებში ოჯახის წევრთა შორის და ოჯახის წევრებისა – საკუთარ თავთან. სპექტაკლი წარმოდგენილია პერსონაჟთა შორის სცენებად, ამავე დროს თითოეულ პერსონაჟს სპექტაკლის განმავლობაში ეთმობა მონოსცენაც და ეს სპექტაკლის კომპოზიციურ სრულყოფილებას ქმნის. მისი დრამატული სტრუქტურა, ფაქტობრივად, შიგნიდან და გარედან გვაჩვენებს კონფლიქტის ანატომიას.
თუმცა, მთლიანობაში, სპექტაკლით დიდად კმაყოფილი ვერ დავრჩი. სპექტაკლის შინაარსისა არ იყოს, თავად სპექტაკლიც საკმაოდ მორყეულის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ერთი მხრივ, გამაღიზიანა მსახიობების მეტყველებამ, როდესაც ზედმეტად ხშირად იყენებდნენ სიტყვას – „გესმის?!“ და ზედმეტად ხშირად იმეორებდნენ მსგავს ფრაზებს: „მიდი, მიდი, მიდი“, „ჰო, ჰო“, „ვიცი, ვიცი, ვიცი“, „რა ისწავლა შენგან! რა ისწავლა შენგან!“ და ა.შ. მომეჩვენა, რომ მსახიობები არ იყვნენ როლთან შეჩვეულნი. სპექტაკლი პიესის ვერბალური რეკონსტრუქციის მცდელობას უფრო ჰგავდა; თითქოს რადიოპიესას ვუსმენდით: ხომ დგამენ რადიოგადაცემებში კამერას, რომელიც მოსაუბრეებს ირეკლავს; დაახლოებით ამგვარი პროცესი იყო, სულ ოდნავ მეტი…
მომეჩვენა, რომ თამაშში, ეს ეხება, ფაქტობრივად, ოთხივე მსახიობს, დომინანტური იყო ჭარბი ექსპრესიული სტილი, რამაც პიესის ფსიქოლოგიური ბადე დააზიანა, ხოლო გარღვეული ბადით, მოგეხსენებათ, ბევრ თევზს ვერ დავიჭერთ… ბევრი ჟესტიკულაცია, ბევრი მოძრაობა, სხეულის არასწორი ენა… პიესა მის თითქმის ყოველ უჯრედში ეფუძნება შინაგან დაძაბულობას, ხოლო სცენაზე მსახიობები, ფაქტობრივად, ერთმანეთს ლაპარაკს არ აცლიდნენ. სივრცე და დისტანცია იყო უმეტესად ფიზიკური და ნაკლებად ფსიქოლოგიური… ფსიქოლოგიური შლეიფი დამაკლდა.
რეკვიზიტებთან მსახიობების ურთიერთობა ძირითადად ხელოვნური და ყალბი იყო.
ვერ მოვიხიბლე ვერც სცენოგრაფიით, რომელიც ავთო მოდებაძეს ეკუთვნის. ზედმეტად გაშლილი სივრცე ოჯახური სიმყუდროვის ატმოსფეროს ფანტავდა. „დეესპეების“ მსგავსი კედლები უფრო საბჭოთა კავშირის დროის სახელმწიფო დაწესებულების ასოციაციას აღძრავდა ჩემში. ძვირფასი და დიდებული სახლის ასოციაციას არ აღძრავდა ჩემში სცენოგრაფია, რასაც ვერ ვიტყვი რეკვიზიტებზე; ისინი და სწორედ ისინი, პირიქით, მარწმუნებდნენ, რომ ეს, დიახაც, სახლია! რასაც მსახიობები სიტყვით ამტკიცებდნენ, მათ გრძნობაში არ იკითხებოდა; სპექტაკლი უფრო აქცია-დემონსტრაციას ჰგავდა.
45-ე წუთზე, ედმუნდისა და დედის სცენაში, სიტუაცია შესამჩნევად გამოსწორდა. მომინდა, რომ ნინელი ჭანკვეტაძეს თითებზე გრძელი ფრჩხილები ჰქონოდა. ამ პერსონაჟის შინაგანი ექსტრავაგანტურობის ფონზე, მისი გარეგნული ექსტრავაგანტურობა დამაკლდა.
მონოსცენები ძირითადად შთამბეჭდავი იყო. გამოვყოფდი ნინელი ჭანკვეტაძის შთამბეჭდავ შესრულებას, რომელიც თავისი მონოსცენის პირველ ნახევარში ბრწყინვალე იყო, მაგრამ მეორე ნახევარში მოისუსტებდა.
კონფლიქტების ნაცვლად სცენაზე ჩხუბი, ამ სიტყვის პრიმიტიული გაგებით, მეტი იყო. საერთოდ ვერ მივხვდი, რატომ ყვიროდნენ მსახიობები, რატომ ანჩხლდებოდნენ; მომეჩვენა, რომ სცენის ჭეშმარიტებას ყვირილი, როგორც გარედან ნასროლი ქვა ფანჯარას, ამსხვრევდა, რამაც გამაღიზიანა (რადგან ყვირილი არაერთი იყო).
მამის მონოლოგი ყალბი იყო; ამხელა სპექტაკლის გასაკეთებლად გაცილებით მეტი შრომა, რუდუნება და ჩანაფიქრია საჭირო. სხვანაირად, მივიღებთ საშუალოდ (ან სულ ოდნავ უკეთ) შესრულებულ სპექტაკლს, როგორიც მივიღეთ.
მამა – ჯეიმს ტაირონი, იგივე პაატა ბარათაშვილი, განასახიერებს სიბერის ტყეში შემავალ, კარიერაში წარმატებულ, თუმცა პირად ცხოვრებაში დაცემულ ადამიანს. მან მიაღწია დიდებას სცენაზე, მოიხვეჭა ფულიც, მძიმე ბავშვობის შემდეგ, ფაქტობრივად, აქვს ის მატერიები, ადრეულ წლებში რომ აკლდა; მიწათმფლობელია, ყიდულობს და ყიდულობს ნაკვეთებს, მაგრამ იმდენად ძუნწია, და ეს არაცნობიერი, პათოლოგიური მომენტია მისი ბუნებისა, რომ სახლში შუქს არ ართვევინებს ოჯახის წევრებს. ცხადია, ამ კაცს ემპათიის სერიოზული პრობლემაც აქვს, მაგრამ მთლად უგულოც არ არის; გადამწყვეტ მომენტებში ვხედავთ, რომ ვაჟი ებრალება, ცოლის მიმართ ლოიალურია და ა.შ.
პაატა ბარათაშვილი გვაგრძნობინებს, რომ ის არის მთავარი ბოძი სახლისა, რომ მისი დისციპლინა მუშაობს ოჯახში, თუკი მუშაობს; რომ მისი ვარსკვლავი ბრწყინავს ჯერ კიდევ; მაგრამ იმასაც ვხედავთ, რომ ამ ადამიანის სიცოცხლის ხე დაბზარულია და ეს ბზარები უფრო და უფრო ღრმავდება; ეს ასაკის გამო იმდენად არაა, რამდენადაც პიროვნების შიგნით არსებული არასრულფასოვნების მიზეზით, რომლის კატალიზაციასაც ოჯახში მიმდინარე ქაოსი ახდენს. პაატა ბარათაშვილის გმირი ხშირად ყვირის, ხისტია, გაღიზიანებადი, მაგრამ არა ემოციური; მას სწორედ ემოციები აკლია. ერთი ვაჟის სახელს მეორე ვაჟს ეძახის ხოლმე, მაგრამ ვფიქრობ, ეს უფრო მსახიობის შეცდომაა, ვიდრე რეჟისორული ჩანაფიქრი. სწორედ ბატონ პაატას ჰქონდა ამ ოთხი მსახიობიდან ყველაზე მეტად ტექსტთან ურთიერთობის პრობლემა. ის იმეორებდა ყველაზე ხშირად ერთსა და იმავე ფრაზასა თუ მის ნაწყვეტს რამდენჯერმე. თუკი რეჟისორული ჩანაფიქრი იყო ასეთი, მე ამ ჩანაფიქრის სარგებლიანობას საერთოდ ვერ ჩავწვდი…
მერი ტაირონი – ნინელი ჭანკვეტაძე, ნარკომანი ქალის რაღაცნაირ მომნუსხველობას (რომანტიზების გარეშე) ატარებს; ეს მომნუსხველობა მისი განწირულობიდან მომდინარეობს. საშინაო ხალათმოცმული, მოუწესრიგებელი თმით – ქალისთვის თმა იგივეა, რაც ნაკრძალისათვის – ტყე, – ცოტა გაფანტული, ცოტა მშფოთვარე, პერმანენტული დანაშაულის გრძნობით, მაშასადამე, გამოსყიდვის სურვილით, რომელიც მცდელობაში ხორცს ვეღარ ისხამს, მაგრამ უიღბლო და უმწეო მცდელობებით; აი, ასეთი პერსონაჟი შექმნა ქალბატონმა ნინელი ჭანკვეტაძემ. სიმართლე ითქვას, ცოტა დამაკლდა ვაჟებთან, განსაკუთრებით ედმუნდთან (ლუკა ჩიბუხაია) ურთიერთობის სიღრმე და ბუნებრიობა; იგრძნობოდა სქემატიზმი და ეს ურთიერთობა ბოლომდე დამარწმუნებელი არ იყო. მესმის, ძნელია სპექტაკლისთვის ორი მძიმედ ავადმყოფი, ერთმანეთისთვის უახლოესი და უძვირფასესი ადამიანების – დედისა და უმცროსი ვაჟის ურთიერთობა იმდენად ორგანული იყოს, რომ ხელოვნურობის ეჭვები გაფანტოს; მაგრამ მეორე მხრივ, ეს ორი პერსონაჟი უაღრესად ღრმა და, ასე ვთქვათ, „ლირიკულია“ განწირულობით; ისინი ნებისმიერ შემთხვევაში ობიექტურად გამორჩეულად ურთიერთსოლიდარულნი არიან ამ თავიანთი „წყვდიადით შეპყრობილობით“. ისინი ერთმანეთს განიცდიან „ექსკლუზიურად“, განსხვავებით ჯეიმსისა (პაატა ბარათაშვილი) და ჯეიმისაგან (ბექა ჯუმუტია), რომლებიც, სხვათა შორის, ასევე ერთმანეთს ჰგვანან, ასევე „ექსკლუზიურად“, იმით, რომ ფიზიკური ჯანმრთელობის მხრივ არაფერი სერიოზული არ აწუხებთ, მაგრამ სამაგიეროდ ღრმა შინაგანი კომპლექსები და არასრულფასოვნება ღრღნით… ამ მსგავსებიდან გამომდინარე, სავსებით გამართლებულია მამისა და უფროსი ვაჟის სიხისტე და უხეშობა ერთმანეთის მიმართ.
ბექა ჯუმუტია ჯეიმი ტაირონს წარმოგვიდგენს როგორც ფიზიკურად აქტიურ, მაგრამ სულიერად გაუწონასწორებელ პიროვნებას. ის ხელმოცარული და მარტოხელა კაცია, რომელმაც ვერ შექმნა თავისი ვერც სახლი, ვერც ოჯახი, ვერც სამყარო… მთვრალი ჯეიმის აღსარება, ბექა ჯუმუტიას მონოსცენა შთამბეჭდავი და დამაჯერებელია. აქ მსახიობი თითქოს ბოლომდე ერწყმის პერსონაჟს.
ლუკა ჩიბუხაიას (ედმუნდ ტაირონი) განწირული მარტოსულობა მაყურებელს მის მიმართ თავიდანვე თანაგრძნობას უჩენს. თოლია, რომელიც სიმბოლურად კარადის თავზეა შემოდგმული, ედმუნდის მონოსცენისთვის იცდის, ამ პერსონაჟის რომანტიკული გაფრენის მცდელობას ამძაფრებს, ეს მცდელობა თავიდანვე განწირულია. ლუკა ჩიბუხაია, ჩემი აზრით, ბოლომდე დარწმუნებული არ არის თავის პერსონაჟში, არც საკმარისად ღრმად არ არის შესული მის სამყაროში. მომეჩვენა, რომ მას შემოცმული უფრო ჰქონდა ამ პერსონაჟის ქარგა; ცოტათი დამაკლდა ამ პერსონაჟის სუვერენულობა და ავტონომიურობა.
ამ სპექტაკლმა და პიესამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩეხოვის სევდის მოტივი და გავლენა უსაზღვროა.
ჰელიოსის ოქროსფერი და ადამიანის რუხი მოტივი
თეატრი „კონტაქტი“ „პირაღმა მდინარის“ სტილში გაცქერინებს თავის ნამუშევრებს. აქ სხვა ადამიანები თამაშობენ (მსახიობებთან ერთად) და მათი ბგერა, მათი ჟესტი, მათი იმპულსი სულ სხვა სტრუქტურის მქონე და სულისკვეთების გადმომდებია. ირა კოხრეიძისა და გიორგი მიქაბერიძის ინკლუზიური თეატრი იმ პატარა მეტეორის ჩამოვარდნას ჰგავს ქართულ თეატრში, რომელიც უამრავ ნაპერწკალს აფრქვევს და სასარგებლო დამწვრობას უტოვებს მაყურებელს.
„ეთერშია ჰელიოსი“ ჰქვია ნამუშევარს, რომელიც ფესტივალ „საჩუქრის“ ფარგლებში წარმოადგინეს სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. მონაწილეობენ: ნანო გორდაძე, ვასო კიპაროიძე, მაშიკო თვალაბეიშვილი, გვანცა ჯავახიშვილი, გიორგი გვასალია, ტატო სიხარულიძე, მანჩო კოხრეიძე, ლევან ბირკაძე, ლუკა უშვერიძე, სესილია ღვინჯილია, ნინი ბიკოვი, სანდრო დარსაველიძე, თაკო უჯმაჯურიძე, მაიკო მინჯია, ანანო ჩიტაძე, დაჩი ზერაკიძე. მათი თამაში აღძრავს საოცარ ემოციებს და გიჩენს მათი მარადიული დაბრუნების წყურვილს.
„მაროს“ ვნება…
„მარო“ – ასე ჰქვია მარო მაყაშვილის დღიურებით ინსპირირებულ წარმოდგენას, რომლის რეჟისურა, მხატვრობა და ქორეოგრაფია ტატო გელიაშვილმა და თათა თავდიშვილმა იტვირთეს თავიანთ თავზე, მიხეილ ზაქაიძის მუსიკალური გაფორმებით. წარმოდგენის ტექნიკური რეჟისორი სოფო ორჯონიკიძეა, ხოლო მსახიობები – მირიან კოხრეიძე, ლიზა ნიკვაშვილი, ნინო ნოზაძე, გიორგი ყიფშიძე, შაკო ჩალაგაშვილი და ლუკა ჩიბუხაია არიან.
პროექტი „ბიენალე კოლეჯეს“ ახალგაზრდული კონკურსის 2024/25 წლის გამარჯვებულია. ამ წარმოდგენით ფესტივალი „საჩუქარი“ დასრულდა და ამ წარმოდგენას გარკვეული ინტრიგით ელოდნენ, რადგან არ იცოდნენ, „რა გამოვიდოდა“. სპექტაკლზე შესვლის წინ ნაცნობმა მითხრა – „გამოსულა, კმაყოფილები არიანო“…
წარმოდგენის ნახვის შემდეგ ვერ ვიტყოდი, რომ ის „გამოვიდა“. ხოლო რა გამოვიდა, ერთად განვიხილოთ…
ამ წარმოდგენის მიმოხილვა ჩემთვის საინტერესოა იმდენად, რამდენადაც მისი ნაკლოვანებები იმ სიმპტომატიკის გამოხატულებაა, რომელიც ქართულ თეატრს სახადივით შეჰყრია და თითქმის სინდრომად ექცა…
კერძოდ, არსებობს ქართულ თეატრში გარკვეული (ხაზს ვუსვამ, გარკვეული და, მადლობა ღმერთს, არა – დომინანტური!) ტენდენცია, რწმენა თუ სურვილი, მე უფრო ვიტყოდი – ბრმა ვნებით ნაკარნახევი „აქსიომა“: მაღლა აწეული ფეხი, ძლიერი ქშენა, კედელთან მიჯახება ან ყვირილი თავისთავად ფასეულ მოვლენად მიიჩნიონ… მაგრამ მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ ის ბანალური ჭეშმარიტება, რომ ფიზიკური თეატრის ნებისმიერი ელემენტი, თავისთავად, იმაზე აზრიანი და ფასეული როდია, ვიდრე წყლის მოტანილი და ნაპირზე გამორიყული (თუკი გამორიყვა ეღირსა!) ნაფოტი… ტატო გელიაშვილისა და თათა თავდიშვილის ნაფოტებს კი გამორიყვა არ ღირსებიათ, ტივტივებდნენ და ტივტივებდნენ მღვრიე წყალში და ეხლებოდნენ ხან რას და ხან რას, და რა თქმა უნდა – ერთმანეთსაც…
მეორე, კიდევ უფრო მომაკვდინებელი მალემრწმენობა დღევანდელ ქართულ თეატრში (აქაც, ვიმეორებ, ეს გარკვეული და არა დომინანტური ფაქტორია, მადლობა ღმერთს!) უკავშირდება შემდეგს: ჯერ ერთი, თავს იჩენს მგზნებარება მაინცდამაინც წაეტანონ, წაეპოტინონ და მოეჭიდონ რაღაცას საკრალურს, სამსხვერპლოსა და სისხლიანს და რომ წაეტანებიან, შემდეგ ამ მომენტის სცენაზე გამოტანა თავისთავად სენსაცია ჰგონიათ! მეგობრებო, ბოდიში უნდა მოგიხადოთ, ვისაც უძვირფასეს ცრურწმენას დაგიმსხვრევთ: ეს სენსაცია კი არა, შეიძლება პროფანაცია იყოს! ამიტომ, ძალიან დიდი სიფრთხილე, კრძალვა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება მართებთ ხელოვანებს, რომლებიც ისტორიული ტრაგედიის, ამავე დროს წმინდა და საკრალური რომაა, რეკონსტრუქციას (რეპრეზენტაციას) ეცდებიან… ნებისმიერი რეპრეზენტაცია რომ აპრიორი პროფანაციაა, ეს უკვე ასი წლის წინათ დიდებულმა ანტონენ არტომ გვითხრა და მთელი ხმით ყურში ჩაგვძახა…
მაგრამ გვესმის კი, ოდნავ მაინც, ანტონენ არტოსი?! – ეჭვი მეპარება.
თუკი არტოსი არ გვესმის, მაშ, ვისი გვესმის?
„იმ რეალობაში, რომელშიც დღესდღეობით გვიწევს ცხოვრება, აუცილებელია, რომ შემოქმედება თავისი შინაარსით გახდეს ბრძოლის იარაღი იმ ხიდჩატეხილობის ამოსავსებად, სადაც საზოგადოების აზრი ორად იხლიჩება.
ქართველობის იდენტობა ხშირად ჭარბი რომანტიზირებით დამახინჯებულია, რაც აცლის ფუნდამენტს საქართველოს დამოუკიდებლობას და მისი კულტურული ღირებულების რეალურ არსს. თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეა უნდა გაცდეს აღმატებულ ფრაზეოლოგიზმებს და გახდეს ქმედითად დაუზოგავი, ნამდვილი, ხელშესახები.
ჩვენი წინაპარი მარო მაყაშვილი, ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ახალგაზრდა ქართველი პატრიოტისა. ერთი შეხედვით მისი საქციელი ნაივურია თუმცა, მეორე მხრივ, ძლიერი სიყვარულის და ბრძოლის მკაფიო მანიფესტია“.
ასეთია ორი ახალგაზრდა შემოქმედის განაცხადი „მაროს“ დადგმისთვის. გრამატიკულ შეცდომებს ყურადღებას ნუ მივაქცევთ, თქვენ ის მითხარით, შინაარსობრივად თუ გამოიტანეთ მკაფიო აზრი ამ განაცხადიდან.
„ბრძოლის იარაღში“, ალბათ, „საშუალება“ იგულისხმეს (იარაღებითა და ბრძოლებით, მე რამდენადაც ვიცი, ხიდებს ანგრევენ…), რაც შესანიშნავი განზრახვაა; მაშ, ბატონი ტატო და ქალბატონი თათა უდიდესი პრობლემის – საზოგადოებრივი აზრის ორად გახლეჩისა და ხიდჩატეხილობის „ამოვსებას“ (ამოვსებულს წყალი წაიღებს, აქ აშკარად სხვა სიტყვა, სხვა ზმნა გვჭირდება…), ანუ გადაჭრას ისახავენ მიზნად, თანაც თავიანთი „მაროთი“… ვნახოთ, როგორ „ამოავსეს“ მათ ეს პრობლემა…
მეორე, ანდა პირველის საფუძველპრობლემა, რომელთან გამკლავებასაც ასევე მიზნად ისახავს ორი ახალგაზრდა ხელოვანი, „ქართველობის იდენტობის“ „ხშირად ჭარბი რომანტიზირებით დამახინჯებაა“… ხშირად, ის ფრაზები, რომლებსაც პირველად დაწერ, უნდა გადაწერო, რომ მიხვდე, რამდენად მახინჯია თავად ფრაზა და დამახინჯებულია ამ ფრაზაში ნაგულისხმევი აზრი…
„თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეა უნდა გაცდეს აღმატებულ ფრაზეოლოგიზმებსო“ – გვეუბნებიან და, ალბათ, სწორედ ამ მისიამ განაპირობა, რომ მარო სპექტაკლში „მარო“ მხოლოდ ერთი მცირე აბზაცის ხელა მონოლოგს ამბობს დასაწყისში (რომელსაც ისე ამბობს, რომ მკაფიოდ არ ისმის და თუკი აბსოლუტური სმენის მქონე მავანმა გაიგონა, ვერ დაიმახსოვრა…) და მერე ვუცქერთ 50 წუთის განმავლობაში „ბრძოლას“, დაცემას, ადგომას, დაცემას, ადგომას, განუწყვეტლივ ქშენას, ცოცხალ მაროს, თოჯინა მაროს, ზეწარს და ბოლოს – მარცხენა კედელზე – მსახიობების დატაკებას – იმედი მაქვს, ჩასწვდით მეტაფორას, გადავლახოთ კედელი, შევძლოთ შეუძლებელი, გავთავისუფლდეთ და ა.შ. – და მარჯვენა კედელზე მსახიობების დატაკებას… – არა! ვერ გადავლახეთ! ვერ გავიმარჯვეთ! მაგრამ ჩვენ ვიბრძოლეთ! თავი გავწირეთ! არაფერი არ დაგვიზოგავს, რაც კი შეგვეძლო!… და ა.შ. ხიდჩატეხილობა არა მგონია ამით მოისპოს, მაგრამ იმედი მაქვს, არცერთ მსახიობს არაფერი მოტყდა…
მარო მაყაშვილის პერსონა არა მხოლოდ ისტორიული და ტრაგიკულია, არამედ საკრალურიცაა. როგორც ჟანა დ’არკი არ არის მხოლოდ ისტორია და მხოლოდ მსხვერპლშეწირვა. ორივე შემთხვევაში საქმე ეხება ახალგაზრდა ქალიშვილს და ამ ქალიშვილის კეთილშობილურ, ამაღლებულ, იდეალურ რწმენას და ამ რწმენისათვის თავდადებას… როგორც ანტიგონეს შემთხვევაში… თუ თეატრის ენაზე ვიტყვით, როგორც ჟანა დ’არკის, ასევე მაროს არქეტიპი ანტიგონე და თუ გნებავთ, ასევე, იფიგენიაა… მაგრამ როცა დგამ ნაციონალურ დრამას, აშკარად საკრალურს ეხები. და ეს წარმოდგენა, ჩემი აზრით, ეს იყო სწორედ უდიდესი ნაკლი „მაროსი“ – დაცლილი იყო საკრალურისგან და ჩვენ სცენაზე მივიღეთ ხელოვნურად დადგმული ვნება… რაც სამწუხაროა, თავისთავად.
მამარდაშვილი ამბობდა: მხოლოდ იმის სურვილით, რომ შემიყვარდეს, ვერ შემიყვარდება…
სტრუქტურულად, სპექტაკლი მცირე მონოლოგია დასაწყისში და შემდეგ – ქორეოგრაფია მძაფრი სახის ემოციებითა და გახშირებული სუნთქვით, რასაც თან ახლავს ხმები, ამოძახილები, შეძახილები, რომლებიც ჩემი განცდით ხელოვნურია და ჩაფიქრებულ ეფექტს არ ახდენს. მთელი სპექტაკლი კომპილაციის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს, ვიდრე ორგანული და ავთენტური პერფორმანსისა.
წარმოდგენა დატვირთულია სიმბოლიზმით. ვიდრე სპექტაკლი დაიწყება – მე წინ ვიჯექი, პირველ რიგში, ვხედავთ რამპაზე დალაგებული ტყვიის პატრონებს, რომლებშიც ლურჯი იები აწყვია. შესანიშნავი მეტაფორაა! მაგრამ ამავე დროს ბანალური… თუმცა, ეს პოეტური კონტრასტი შთამაგონებელი და დასაფასებელია. შემდეგ, სპექტაკლში ჩნდება გამჭვირვალე ჩემოდანი (ქეისი), რომლის ერთი მხარე სავსეა გადასახვევი ე.წ. „ბინტით“, მეორე მხარე კი – კვლავაც ლურჯი იებით.
მსახიობები ჯერ მოთეთრო კოსტიუმებში არიან, შემდეგ მაღლიდან ეშვება ლურჯი მოსასხამები, რომლებსაც მსახიობები იცვამენ. მეტაფორა გასაგებია, მაგრამ ერთი და იმავეს ზედმეტად ბევრი გამეორებაა და განცდა გამიჩნდა, რომ ხუთი წლის ბავშვისთვის დადგმულ სპექტაკლს ვუყურებდი და მეც ხუთი წლის ბავშვი უნდა ვყოფილიყავი…
ტექნიკური თვალსაზრისით, კოსტიუმების დაკიდება მეტალის ჯოხიან ტროსებზე, მათი ჩამოსვლა და ასვლა და ასე ჰაერში გამოკიდება ცარიელი, მეტალისჯოხებიანი ტროსებისა, მიჩენდა პრიმიტიული გადაწყვეტის შთაბეჭდილებას („ჭუჭყის“ დამამცირებელი შეგრძნება, როდესაც მაყურებელი ხარ…). წარმოდგენის ვიზუალური მხარე ამ და სხვა ასპექტების გათვალისწინებით საკმაოდ „ჭუჭყიანი“ იყო, რამაც, ცხადია, ჩემში, როგორც მაყურებელში, უსიამოვნო გრძნობა აღძრა და მიმანიშნა რეჟისორების მოუმზადებლობაზე…
საბოლოო ჯამში, რა მოგვცა „მარომ“? გვაჩვენა, როგორ დაიხოცნენ კადეტები მაროსთან ერთად? გვაჩვენა, როგორი მძაფრი და შეუპოვარი იყო ეს ბრძოლა? ეს ხომ ისედაც ვიცოდით? რა საჭირო იყო ამის ასე ხელოვნურად, ბრტყლად და ერთობ „ცარიელა“ დადგმა? მეზიზღება პატრიოტიზმის პროპაგანდა და დემაგოგია.
მსახიობები, რაც მართალია – მართალია, ბოლომდე დაიხარჯნენ, მაგრამ, განა, ეს საქმეს შველოდა?… ოფლი მსახიობების სახეებსა და ტანებზე და მათი დაქანცვა, ბევრს ვერაფერს შესძენს ხელოვნებას… ძალიან არადამაჯერებლები იყვნენ გოგოები ან როგორ არ იქნებოდნენ, როცა სპექტაკლს პრაქტიკულად კონცეფცია არ აქვს?! დამდგმელნი არ ჩაძირულან ამ თემაში… „წინააღმდეგობა“ არ არის თემა. წინააღმდეგობას აქვს თავისი პეიზაჟი და ლანდშაფტი, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ…
ეს იყო უფრო რეპრეზენტაცია, დაახლოებით იმგვარი, უნივერსიტეტის სტუდენტები რომ რეფერატს „ფაუერ ფოინთში“ წარადგენენ… ყველაზე დიდი „ქრინჯი“ კი ერთ-ერთი „მაროს“ გამოსვლა იყო მაღლა აწეული მკლავებით, როცა ორივე ხელით ტყვიების ასხმა – ჩურჩხელებივით! – უჭირავს და ნაბიჯ-ნაბიჯ ყრის ამ ასხმის დეტალებს… ალუზია ყურძენზე/ვაზზე?! და მერე?!… ერთი სიტყვით, მათი „მარო“ ბანალური მათარით მოითხუპნა…
და მარო-თოჯინაზე რაღას ვიტყვით? იდგა თუ არა თოჯინის აუცილებლობა ამ სპექტაკლში? არ იდგა. ყოველ შემთხვევაში, თოჯინა ამ წარმოდგენაში არაფერს განსაკუთრებულს არ ახდენს. მაშ, რატომ გამოიყენეს? რა თქმა უნდა, სპექტაკლის შესავსებად, პლუს ერთი ელემენტი… რა კარგია!…
ჩვენ უკან საბჭოთა წარსულია, როცა ბანალურად და ბრტყლად შეიძლებოდა დაგედგა, დაგეწერა, გელაპარაკა და გემტკიცებინა მარქსიზმ-ლენინიზმი მთელი თავისი აბსურდით, როგორც მტკნარი ჭეშმარიტება. და ამაზე ყველა ტაშს უკრავდა, რადგან ყველას ტაში უნდა დაეკრა! ასეთი იყო წესი, კანონი, ვალდებულება.
დღეს საქართველოში ნაციონალური ეპოქაა და ნებისმიერი ნაციონალური მოტივი წინასწარ მიღებულია, როგორც მარქსიზმ-ლენინიზმი საბჭოთა კავშირში. მაგრამ კარგმა ხელოვანმა ამით როდი უნდა ისარგებლოს და დათვურად გამოიყენოს ის, რაც მის ფესვებშია… როცა პატრიოტულ მოტივს იღებ, ასმაგად დიდი ხელოვანება გმართებს, რომ „მარქსიზმ-ლენინიზმი“ არ გამოგივიდეს. დარბაზში ტაშითა და თვალებზე ცრემლით მე ვერ მოვტყუვდები. მე ვხედავ იმას, რასაც ვხედავ და ვამბობ იმას, რასაც ვხედავ.
„პაკლონზე“ გამოსული ტატო გელიაშვილი წარმოგვიდგა უზარმაზარი, გამჭვირვალე სათვალით, რომელსაც შეგვიძლია „კოსმოსური სათვალეც“ ვუწოდოთ… ჩაცმულობა მართლაც ავანგარდული ჰქონდა, „ჰიპსტერული“: „ღრუბელი შარვალში“…
ერთხელ მერაბ მამარდაშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ არ ჰქონდა ტატუები, განსხვავებული („ჰიპური“) თმის ვარცხნილობა, საყურეები ან პირსინგები, რაზეც მამარდაშვილმა მიუგო: ამდენი დრო რომ დამეთმო საკუთარი ტუალეტისთვის (თუმცა, ყველასათვის ცნობილია, რამდენადაც უყვარდა ჩაცმა-დახურვა ამ ფილოსოფოსს!) მაშინ ფილოსოფიისთვის დრო აღარ დამრჩებოდაო…
არ მინდა ესთეტიკურ ფაშიზმში ჩამეთვალოს, მაგრამ ბატონ ტატო გელიაშვილს ვეტყოდი, – მამარდაშვილს მიჰბაძოს, როცა შემდეგი სპექტაკლებზე იმუშავებს (ისევე იღვაწოს სპექტაკლისთვის, როგორც საკუთარი ჩაცმულობისთვის!).
არც მაროს თემა და არც სხვა წამებულისა, ერთი ხელის მოსმით არც ასაღები და არც დასადგამი არ არის. გასაგებია, რომ ყველა სპექტაკლი და წარმოდგენა ერთნაირად წარმატებული ვერ იქნება, მაგრამ მეორეა დამოკიდებულება, რომელიც საკითხის/მოვლენის მიმართ გვაქვს… როცა იმგვარად ხსნი შენს კონცეფციას, როგორც ზემოთ მოყვანილი ციტატა მოწმობს, მაშინ წინასწარ იდეოლოგიის ტყვეობაში ხარ. არ შეიძლება ენჯეო-ენა მარო მაყაშვილის ტრაგედიას მისწვდეს. უბრალოდ ვერ მიწვდება. მარო გაცილებით მაღლაა, თითქმის იქ, სადაც ენაც კი ვეღარ ადის… მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გაუთავებელი „ბრძოლა“, რომელიც უბრალოდ გამეორებაა ერთი ბანალური იდეისა, სადმე შორს წაგვიყვანს…
ჩვენმა ორმა ხელოვანმა აშკარად ვერ დაძლია იალბუზი. წარმატებას ვუსურვებ მათ შემდეგი მცდელობისას!
თუმცა, კიდევ ერთხელ, უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი მიზანი ვინმეზე პიროვნული თავდასხმა როდია (ჩვენ საქმე არ გვაქვს პიროვნებებთან, მხოლოდ ავტორებს ვეხებით, რაც (ავტორი) საჯაროა და ხელმისაწვდომია). მეტიც, ჩემი მიზანი არც ჟანრის დაკნინებაა. როგორც სპექტაკლი თავისთავად და როგორც ჟანრის რეპრეზენტაცია, „მარო“ არც თუ ისე ცუდი ნამუშევარია ; იმსახურებს იყოს რეპერტუარში და ჰყავდეს მაყურებელი. მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ თეატრის კრიტიკოსი არ არის უბრალოდ სპექტაკლის მაყურებელი; თეატრის კრიტიკოსი სპექტაკლისა და მაყურებლის მაყურებელია; ესე იგი, თეატრის მაყურებელია. ამდენად, ეს მოსაზრებები წარმოშვა ამ პერსპექტივიდან მიმართულმა მზერამ; ჩვენ არა მხოლოდ სპექტაკლს ვუცქერთ, არამედ მაყურებელსაც, რომელიც სპექტაკლს უცქერს და მისთვის სანახავს და მისგან დანახულს ვაკრიტიკებთ. თუკი აქ რეჟისორების სახელები გაჟღერდა ყველაზე მეტად, ეს ბევრს არაფერს მეტყველებს, გარდა იმ პასუხისმგებლობისა, რომ რეჟისორს მართებს ამ პერსპექტივიდანაც შეხედოს თავის ნამუშევარს (გეთანხმებით, ძნელია!).
დაბოლოს, როცა მაყურებელი ამდენად თვალთმაქცია, კრიტიკოსისგან ცინიზმი, თუნდაც ოდნავ აღვირახსნილი – თუმცა, ცინიზმი უკვე თავისთავში აღვირახსნილია, არ უნდა გაგვიკვირდეს.
***
ფესტივალი „საჩუქარი“ წელს გამორჩეულად მრავალფეროვანი და შინაარსით მდიდარი იყო. თუმცა, მე შარშანდელი და შარშანწინდელი პროგრამა უფრო მომეწონა. მთავარია, ფესტივალმა შეინარჩუნოს ქართული თეატრის დედოფლის გვირგვინი და მრავალფეროვნებას არ დაუქვემდებაროს ხარისხი.
Valeri Otkhozoria – The Gift of “Gift” – A Review of the 2025 Program
The author reviews the productions of the Tbilisi International Theatre Festival “Gift” and analyzes each performance. He notes: “The ‘Gift’ Festival continues, yet it already has a history, on the basis of which something can be said about its role and significance.” He examines precisely this role and significance, assessing its place within contemporary Georgian theatrical culture, and writes: “The ‘Gift’ Festival, which lasted almost a month this year, was exceptionally diverse and rich in content. However, I preferred last year’s and the year-before-last’s programs. The main thing is that the festival preserves the crown of the queen of Georgian theatre and does not subordinate quality to diversity.”









