ეკა თხილავას ესე

ადამის ვნებანი

, , ,

ანუ რობერტ უილსონის შავ-თეთრი სიზმრების გაგრძელება

„არ გიყვარდეს, შვილო, მამა!“
ბესიკ ხარანაული

ფართოდ გახელილი თვალებით

ვნებას მუდამ აკლია ობიექტურობა. ყოველთვის სუბიექტურია. სუბიექტურია ვნების საგანიც.

და როგორი უიმედოდ ცივი, დამთრგუნველია საგნადქცეული ობიექტი.

სახიფათოა ვნება.

მაცდურიც.

სამყაროს ყველაზე ვნებამოჭარბებული კაცი – შექსპირი იმასაც აღიარებდა დარდმორეული, რომ „რაც უფრო ძლიერია ვნება, მით უფრო სევდიანია მისი დასასრული“.

დაეჯერება შექსპირს, ადამის სისხლით რომ ჰქონდა „გამოძეძგილი“ ძარღვები. არც არასდროს უჩიოდა „სისხლნაკლულობას“! მეტიც! იხრჩობოდა პირველმამის სევდამორეულ, ბლანტ გენეტიკაში.

ვნება მიდის და მოდის.

მიდიან და მოდიან ადამებიც.

მაგრამ არის ერთი უცნაური პარადოქსი მაინც!

ევა ბევრია სამყაროში! ყველა ქალშია თითქმის მისი ნამსხვრევი, ნატეხი, ნამცეცი, თუნდაც – ნაყოფი.

ადამი ცოტაა. ძალიან ცოტა.

დღენაკლულადვე იღუპებიან უმეტესწილად.

ვერ აღწევენ სრულწლოვანებას თითქოს.

ეს სასჯელიცაა, ალბათ, ერთგვარი.

სასჯელი ყელში გაჩხირული ვნების გამო, სირცხვილის გამო, სიტიტვლის დათმობის გამო. იმ დარდის გამო, სევდიანი დასასრული რომ მოჰყვა. სამოთხის გარეშე დარჩენილი ვნებების გამოც.

ახსოვს ყველა ადამს სადღაც, შორს, სიღრმეში, როგორი იყო ვნება იქ – იმ ხის ნაყოფამდე.

ახსოვდა რობერტ უილსონსაც თავისი „სიტიტვლე“ სამოთხის ბაღში.

თავისი მარტოობა.

თავისი ცხოვრება ევამდე, რომელიც უარყო. დასაჯა. მიატოვა შეხვედრისთანავე და მხოლოდ ბაღით ტკბობაში იპოვა შვება.

ადამები უმეტესწილად გაურბიან ევას.

თითქოს შეცდომის გამეორების ეშინიათ ჯოჯოხეთში ჩარჩენილებს.

თითქოს ასე დაუსხლტებიან ხელიდან იმ „ხეთა ნაყოფთ“.

ამიტომაც პოვებენ შვებას მარტოობაში. დარდში.

ბევრჯერ დაიტირა თავისი თავი რობერტ უილსონმაც, მთელი სიცოცხლე რომ სამოთხე ენატრებოდა.

მუდამ ეძებდა სამოთხის ანარეკლებს.

ეძებდა მანამ, სანამ ყველა გზა ისევ რომში არ მივიდა;

სანამ სადღაც 2009 წელს ვატიკანში არ მიიწვია რომის პაპმა – ბენედიქტე XVI-მ.

რომის პაპი უდავოდ იყო ერთ-ერთი „ადამთაგანი“; კლასიკური მუსიკისა და ფორტეპიანოს მოყვარულიც აღმოჩნდა. არც მოცარტის მასონობას დაუფრთხია არასდროს და მისეულ კლარნეტის კონცერტსაც უსმენდა ხშირად;

2009 წელსვე ჩაწერა პაპმა თანამედროვე კლასიკური მუსიკის ალბომი, რომელშიც თავადვე მღეროდა და  აღავლენდა ლოცვებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი.

იქნებ, ამ ლოცვისას  „შეიქმნა“ მის გონებაში უცნაური „მიწიერი სამება“; დიდი  ამერიკელი რეჟისორი – რობერტ უილსონი და დიდი ესტონელი კომპოზიტორი – არვო პიარტი იხმო ღმერთების ქალაქში.

ასე გადაიკვეთა სამი ადამი – „სამი მეგობარი“ – რომის პაპი და მისი ორი რჩეული, ემილი დიკინსონისეული ფორმულა რომ დაამტკიცეს – „დიდი სიგიჟე ღვთაებრივი ნიჭი ყოფილა“.

მხოლოდ  ბენედიქტე XVI-ს, მოცარტის ფონზე ღვთისმშობლისადმი მლოცველს,  შეეძლო ამ დიდი სიგიჟის მიღმა  „ღვთაებრიობაც“ დაენახა.

დაინახა და შეხვედრაც შედგა ვატიკანში.

დაიწყო მიმოწერა ამერიკიდან ესტონეთში.

ესტონეთიდან ამერიკაში.

ფუსფუსი.

საუბრები დაკარგულ სამოთხეზე.

ქვეცნობიერიდან ამოძახილი.

ყველა ადამმა ერთად ამოხეთქა ამერიკასა და ესტონეთს შორის და ყველა ადამის ტკივილმაც ერთად ამოიდგა ენა.

სამოთხიდან გამოძევებული ადამის მწუხარება და ვნება უსასრულოა; ახსოვდათ იმ დაკარგული ბაღის მადლიც და ტკივილიც – ადამის უპირველესი ტკივილიც – „ადამიანები ჩემგან აღმოცენდებიან და გამრავლდებიან. ყველა დაიტანჯება, მტრულად იცხოვრებს და ერთმანეთს დახოცავს“.

იქნებ, ამიტომაც გაექცა, არვო პიარტისგან განსხვავებით, რობერტ უილსონი ევას? იქნებ, ამიტომაც თქვა ბიოლოგიური შვილების გაჩენაზე უარი?

იქნებ, ასე დაიცვა დაუბადებლობით ისინი?

სამოთხეში „ჩატოვა“.

ჯოჯოხეთში „გამრავლება“ ეგოცენტრულ სწრაფვადაც აღიქმება ერთგვარად.

უილსონი არასდროს იყო ეგოცენტრული!

არც არვო პიარტი გამოირჩევა ეგოცენტრულობით; მეტიც – „კომპოზიტორ ბერსაც“ ეძახიან. ამით განსხვავდებოდა მუდამ რობერტ უილსონისგან, რომელიც „ბერად“ ვერასდროს შედგა. ვერც დამდგმელ ბერად, მაგრამ „დამდგმელი“ ღმერთობა აიღო თავის თავზე.

იცოდა ეს ბენედიქტე XVI-მ. გრძნობდა და ამიტომაც იხმო თავისთან არვო პიარტთან ერთად უილსონიც.

რაღაც დიდსა და ამოუხსნელს შეეჭიდა სამივე.

პაპს, ალბათ, სურდა დაბრუნება ადამთან.

უილსონსაც მუდამ სტკიოდა ადამის სისხლი.

პიარტი 40 წელი წერდა მუსიკალურ ფრაზებს. ნოტებს. ხაზებს და გრძნობდა, რომ მისეული ბგერები სადღაც  დაკარგული სამოთხის გზაზე გადიოდა, მაგრამ „ჩუმად“ იყო; არ უნდოდა დაკარგული სამოთხის გზის საიდუმლოს „გაცემა“.

არ უნდოდა, რადგან სჯეროდა, რომ „ყოველთვის არსებობს დასაწყისი. ყოველთვის არსებობს დასასრულიც. ყოველი წამიც დასასრულია… უმჯობესია, ის ყოველთვის საიდუმლოებით იყოს მოცული. უდიდესი სასწაულები საიდუმლოდ ხდება.“

ამიტომ „ატარა“, „ათრია“ ზურგზე მოგდებული პ(ი)არტიტურა 40 წელი „უდაბნოში“ პიარტიმ.

ატარა მანამ, სანამ „აღთქმულ მიწამდე“ – რობერტ უილსონამდე არ მიაღწია.

ისიც მუდამ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად გააღწევდა იქამდე; თავისი ბგერის ძალასაც იცნობდა და მადლსაც; „მე ვარ ხარისხიო“ – ესეც უთქვამს ერთხელ! უთქვამს, რადგან ზუსტად იცის, სხვა სინჯისაა მისი ბგერა! სხვა სამყაროდან წამოსული!

„რეჟისურის ღმერთმაც“ მაშინვე გაიგონა მის კოსმოსურ მუსიკაში სამოთხის პირველი და უკანასკნელი მამაკაცის – ადამის ხმა.

იპოვა სამოთხის კვალიც.

თავისი თავიც აღმოაჩინა „იქ“. პიარტიც. ბენედიქტე XVI-ც. კიბოთი შეჭმულ მამასაც  შეხვედრია „იქ“.

აქედან დაიწყო ყველაფრის შეკვრა და ერთ დიდ მამად – სამოთხეში დაბადებულ ადამად ქცევა!

იმ ადამად, თავის თავშიც რომ იპოვა, მაგრამ არა და არ აქცია კაცობრიობის პირველმამად!

ამითაც განსხვავდებოდა არვო პიარტ-ადამისაგან, რომელიც 40 წელი „ალაგებდა“ და „აშალაშინებდა“ ღმერთისა და თიხისგან ახლადგამოჩორკნილი პირველადამიანის ხმებს. ხმებსაც და – სიჩუმესაც…

ამ ხმებთანაც  და სიჩუმესთანაც უცნაური ომი „წამოიწყო“ უილსონმა.

აუმბოხდა.

იცოდა, რომ ადამის შთამომავლები მუსიკას მუდამ დახუჭული თვალებით ვუსმენთ.

თითქოს ღია თვალებით ყურები იხშობა. ბგერების აღქმა გვიჭირს.

ამიტომ მოინდომა, ისეთი რამ დაედგა, თვალების დახუჭვა პიარტის მუსიკის მოსმენისას, უბრალოდ, დაგვიწყებოდა.

უნდოდა, ისე მოეტანა მუსიკა ჩვენამდე, ყურები დაგვიწყებოდა. თვალები გაგვხსენებოდა უპირველესად. თან სურდა, ჩვენშიც არეკლილიყო დაკარგული სამოთხე; აი, ის სამოთხე, ოსკარ უაილდი რომ წერდა – „სილამაზე მნახველის თვალებშიაო“… ასე „ჩაგვისახლა“ თვალებში პირველყოფილი ხმების ღმერთი – პიარტი!

„ადამის ვნებებად“ დაგლიჯა  კაცნი, სახელად იოზეფ ალოის რატცინგერი (ბენედიქტე XVI), არვო პიარტი, რობერტ უილსონი და თავად ადამი – პირველმამა! სამოთხის პირველი და უკანასკნელი ბინადარი მამაკაცი!

იმ სამოთხის, ასე რომ ენატრება დღემდე გაუცნობიერებლად ყველა მამრს. ყველა მამას. ჯოჯოხეთში ჩარჩენილ ყველა ადამიანს!

პროექტის დაწყებიდან 6 წელიწადში, 2015 წლის 12-16 მაისს,  „ნობლესნერის“ რკინის ქარხნის ყოფილ ჩამომსხმელ საამქროში „ადამის ვნებანის“ პრემიერა შედგა!

მოქმედება საათნახევარი ვითარდებოდა შენელებული, დამთრგუნველი, ინერტული მოძრაობებით. მაყურებლის მიღმა  ორკესტრი ირეკლებოდა.  ორივე მხრიდან გუნდი იდგა.

გზა სამოთხემდე არ იყო მარტივი – სამნაწილიანი ორატორია („ადამის გოდება“, „Tabula rasa“, „Miserere“) შერეული გუნდისა და სიმებიანი ორკესტრისათვის წმინდა სილუან ათონელის ტექსტზე დაიწერა 2010 წელს.

დადგმის, დიზაინისა და განათების კონცეფცია რობერტ უილსონმა ითავა; მუსიკალური ხელმძღვანელობა მიანდვეს ესტონელ ტინუ კალიუსტეს, რომელიც მამის – ჰეინო კალიუსტეს გზას აგრძელებდა; ევას როლი რობერტ უილსონმა  ლეგენდარულ ამერიკელ მოცეკვავეს – ლუსინდა ჩაილდს ანდო, ადამის როლში კი ბერძენი მსახიობი – მიხალის თეოფანუსი მიიწვიეს.  ესტონეთის ფილარმონიის კამერულ გუნდთან ერთად შემთხვევით არ იყო ჩართული  რომის ოპერის ორკესტრი და გუნდიც.

2015 წლის 12-16 მაისს ყველა გზა ესტონეთისკენ და ესტონეთში – ქალაქ ტალინისკენ მიდიოდა.

ამბობენ, რომ ტალინი ვერტიკალური, ინტროვერტული ქალაქია, სავსე გოტიკური კოშკებით.

ამ ინტროვერტულობითაც უნდა აიხსნას „ადამის ვნებანით“ დარბაზის გაუსაძლისი ტკბობა.

მაყურებელი ფართოდ გახელილი თვალებით ელოდა სასწაულს, რომელზეც არვო პიარტს უთქვამს მერე – „დაცემული ადამიანი წარმოადგენს კაცობრიობას ზოგადად და თითოეულ ადამიანს კერძოდ“…

იმ დღეებში დარბაზში ისხდა უამრავი ადამი და ევა, რომელთაც დროის მდინარებაში დავიწყებოდათ თავიანთი პირველხმები და თვალებზე ცრემლმომდგარნი უცქერდნენ დაკარგულ წარსულს!

წარსულს, სახელად მამა!

დარბაზში იყო არვო პიარტიც, რომელიც სწორედ პროექტზე მუშაობისას, 2010 წელს დაუბრუნდა ზუსტად 30 წლიანი განშორების შემდეგ ესტონეთს –

თავის გოდებას!

ვნებას!

საწყისს!

სასრულს!

თავის ალტერ ეგოს!

და დაკარგულ, არაერთხელ უარყოფილ, უმიზეზოდ დასჯილ მამას!

თუმცა, რატომ უმიზეზოდ?

იქნებ, დამნაშავეცაა ყველა მამა!

დამნაშავე, ჯოჯოხეთის ლუკმად ქცევისთვის რომ იმეტებს, თავისდაუნებურად, მუდამ შვილს და ვერც ვერაფრით შველის გოლგოთის გზაზე –

ვერასდროს ახერხებს, ზიდოს შვილისთვის განკუთვნილი ჯვრის ტვირთი!

ადამის ტკივილიც ესაა მუდამ – განწირული მამობა და შვილის ტანჯვით გამოწვეული ტკივილი!

იმ დღეებში ძველი ქარხნის უხეშ, სქელ, საბჭოურ კედელთა ნანგრევებში მაინც გამოკრთა დაკარგული სამოთხის სილუეტი; სილუეტი, სადაც ჩვენი პირველმამა დაბადებამდე დაგვტიროდა ქვითინით!

ადამის გოდება

„ხანდახან რისხვა ვინატრე ზეცის,
ხანდახან მსურდა ღმერთთან გოდება,
ადამიანი ყოფილა მხეცი,
რომელიც თან მძულს, თან მეცოდება“.
გალაკტიონი

სცენაზე სამყაროს შექმნის მეექვსე დღეა.

ათვლიდან მეექვსე დღე.

ადამიანმა არ იცის, რომ მხეცის ნიშანიც დაჰყვება მეექვსე დღიდან.

ღმერთს ვერ ვხედავთ, მაგრამ შინაგანად ვგრძნობთ, როგორ ზელს თიხისგან პატარა გუნდებს. როგორ აგემოვნებს ნელა და ტაატით წყალგარეული თიხის  ნაჭრებს თითებს შორის.

არ იქნებოდა მარტივი „ხატის“ შექმნა.

მზის ჩასვლამდე გამოიკვეთა სახე. გრძელი კიდურები. მეტყველი თვალები –  ოდნავ ალმაცერი მზერით. შავი მოკლე თმით.

უცნაურად განათებულ სცენაზე ღრუბლებსა და მიწას შორის ჰაერის ბურთულებია გართხმული.

ჰორიზონტზე ის ჩანს – ჩვენი მამა – სახელად ადამი…

ტიტველი მამა!

მაგრამ იმ რეალობაში, იმ წამს ჩვენც სამოთხის ნაწილნი ვართ და ვერ ვგრძნობთ, არ გვაწუხებს, არ გვეხამუშება მამის სიშიშვლე.

ვერც აღვიქვამთ, მაგრამ ვგრძნობთ, რა კარგია სამოთხეში. ცის კიდეს შერჩენია ღმერთის თვალი – დაბლანდული და დამკვირვებელი მზერა.

დიდი მამის მზერა, რომელიც არასდროსაა თბილი.

შიშმა უნდა შექმნას სიყვარული, ასე რომ გვაკლია. ამიტომ თვალს ვარიდებთ.

მამას უფრო ვადევნებთ თვალყურს – გაშეშებულს, ახლადშექმნილს. ჯერ კიდევ თიხის სუნით გაჟღენთილსა და გახევებულს.

სევდა გვახრჩობს –

„წმინდა მამის“, უცოდველი მამის სევდა.

გვახრჩობს და გვიყვარს თავისი სისუფთავით, რომელიც ტალახში ვერასდროს გაისვრება, რადგან ისედაც ტალახია.

გვახსოვს ეს და გულზე გვეშვება!

მამა კი ნელა ამოძრავებს ოციოდე წუთის მერე ხელ-ფეხს. მიისწრაფვის რაღაცისკენ – ხის ტოტს რომ მიაგავს. მიისწრაფვის და თავზე იხურავს მოხერხებულად.

ესაა მამის პირველქმედება სამყაროში – გაფარჩხული ტოტის, ანუ გვირგვინის წინარე ფორმის თავზე წამოსკუპება.

თურმე, გვირგვინისთვის დაბადებულა მამა;

ჩვენი მამა – სუფთა ტალახი.

ვაცნობიერებთ ამას და გვეტირება.

გვეტირება და გვინდა, რომ ვიყვიროთ –

„მამა შიშველია! გაუმარჯოს მამას!“

Tabula rasa

„ხელუხლებელი, როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი, როგორც ედემი“.
გალაკტიონი

სამოთხეში იბადება ევაც – იბადება, რათა აცდუნოს.

გონი გაუხსნას ადამს და აუმბოხდეს ღმერთს!

ევა დიდებულია თავისი განწყობებით! ემოციებით! მაგრამ დაბადებიდანვე მობერებულია.

თითქოს ვაშლის ნაყოფის ჭამამდეც დაჰყვა იმ ნეკნიდან სხვა გონი – მეამბოხე და მძვინვარე.

ევა არასდროსაა შიშველი. იქაც – სამოთხეშიც „გამჭვირვალე ბლონდებშია“ შემოსილი, რადგან დაბადებულია ცოდვილად. ცოდვის ჩასადენად. ამიტომაა შეფარული სამოსში. იქ ჩაუჩურთავს თავისი თავგანწირული, სულისშემძვრელი მზაობა ცოდვისთვის.

ადამი არასდროს უახლოვდება მას.

თითქოს იცის; მხეცივით სუნით გრძნობს შორიდან საფრთხეს.

გაურბის ევას – მომჩვარულს. გონიერს. ძლიერს. შემაძრწუნებელს. პირველდედობისათვის დაბადებულს.

ევაა, ვინც პირველმა იგემა აკრძალული ხილის ნაყოფი; პირველს აეხილა თვალი და პირველი მიემსგავსა ღმერთს; პირველმა შეიცნო სიკეთე და ბოროტებაც.

ევაა საწყისი კაცობრიობის გონისა და გონიერებისა.

მან გადაწყვიტა სწორედ, რომ ადამიანმა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად უნდა დატოვოს სამოთხე! თავი გამოიძევოს „დამტკბარი“ ყოველდღიურობიდან!

გაიქცეს!

გაიქცეს, რათა გადარჩეს! იაზროვნოს და, მაშასადამე, იარსებოს!

მანამდე კი… მანამდე ადამიანი თოჯინა იყო მხოლოდ – თიხის მსხვრევადი თოჯინა, მოზელილი ღმერთის გასართობად.

ევამ  წაართვა ზეცას ადამის თავი, თორემ თვითონ არც არასდროს ყოფილა თოჯინა უფლის ხელში. ვერც ვერასდროს მოდრიკა ღმერთმა ქალი. მეტიც, არასდროს თვლიდა თავს ადამზე კი არა, უფალზე „ნაკლებადაც“. შობაც შეეძლო და აზროვნებაც. სიკეთესა და ბოროტებასაც მშვენივრად არჩევდა.

ამიტომ არ ენატრება ზეცა არასდროს ევას. მუდამ მიწაზეა მყარად. ძლიერად. ფესვებგადგმულად, განსხვავებით ადამისგან, ჩვენი ცოდვილი მამისგან, რომელიც საბრალოდ დაათრევს კიბეს, მისტირის ცას. ვერ სწვდება. ვერ ადის. ვერ უახლოვდება ღმერთს. თოჯინობა მონატრებია და სიძულვილი სჭამს ევასი, რომელმაც სამოთხე წაართვა. ჩვენი მამის ქვეშეცნეული აზრით, ღმერთმა კი არა, ქალმა გააძევა იქიდან… ამიტომაც სჯის დღემდე.

ადამის გოდება ზეცას სწვდება. მხოლოდ გოდება.

მუსიკისა და სინათლის ენით ელაპარაკება უფალს, რომელიც მიმოფანტულია ცაში. აღარც მზერა ჩანს მისი. იგრძნობა მხოლოდ; იგრძნობა მწველი, განრისხებული, ხელჩაქნეული მზერა.

ადამს არ ესმის ბოლომდე, რა აწყენინა დიდ მამას ასეთი?

იქნებ, სულაც ის, პირველმა რომ არ შეჭამა ხე ცნობადისა ნაყოფი?

იქნებ, ის, ყელში რომ გაეჩხირა ვაშლის ქერქი?

იქნებ, მისმა გოდებამ და სამოთხეში თოჯინად დაბრუნების სურვილმა გააღიზიანა უფალი?

პასუხი არ არის!

არ არის, რადგან ღმერთი გაფანტულია მიწასა და ცას შორის.

შორსაა ძალიან.

კიბით იქ ვერ ავა ჩვენი საწყალი მამა, რომელსაც უსამოთხობაც აწუხებს, ბავშვობაც, რომელიც არასდროს ჰქონია და მოხუცებულობაც, რომელიც არ იცის, რანაირია, რადგან პირველადამიანია და არასდროს უნახავს ხანდაზმული ადამიანი. ეშინია.

ამიტომ ერთმანეთში ებლანდება თავისი არარსებული ბავშვობა და გარდაუვალი სიბერე, სიკვდილი რომ უნდა მოჰყვეს უცილობლად. არც სიკვდილი უნახავს არასდროს. პირველმა უნდა გაიაროს ეს გზაც.

იტანჯება.

დაუბადებელი და დასაბადებელი შვილებიც ტანჯავს.

მაგრამ არც ის იცის, რა არის შვილი?

როგორი გრძნობაა, იყო მამა!

იმისაც ეშინია, ვაითუ, დედას მიემსგავსონ.

მაგრამ ღმერთის ირონიაც, ცინიზმიცა და სასჯელიც ესაა სწორედ; რობერტ უილსონს ასე სჯერა!

სპექტაკლში ბიჭი, მოხუცის სახით, გვირგვინის ნაცვლად წიგნსა თუ აგურს იღებს მიწის წიაღიდან.

ან რამ გაყო წიგნი და აგური ერთმანეთისგან? – ერთიც „აშენებს“ და – მეორეც…

ბიჭი ევას ჰგავს სიბერითაც. გონითაც. მიზანსწრაფულობითაც.

კიბე არც მას აინტერესებს.

გამომწვევად დაატარებს თავზე შემოდებულ წიგნ-აგურს ურჩი შვილი მამის თვალწინ. იმ მამისა, ცის ცქერაში მიწა რომ „გამორჩა“; მუდმივ გოდებაშია; ტირის, რადგან კაცის ცოდვის გამო დაიკარგა სიმშვიდე და სიყვარული დედამიწაზე, რომელიც ჯოჯოხეთად იქცა მისი შეცდომის გამო.

მამა შეშინებულია. უსუსური. დაბნეული.

და ისევ სასტიკად გვინდა ტირილი, რადგან მამა ჩაცმულია! გაუმარჯოს მამას!

Miserere

„შვილო, რატომ შეშინდი? რა დაგემართა?
შეხე, მამა, ღელისპირს მეფე თხმელნართა!
გვირგვინი აქვს! კუდი აქვს! ხევს დაჰყოლია!
არა, შვილო, დამშვიდდი, ნისლის ზოლია“
იოჰან ვოლფგანგ გოეთე

სცენიდან გაუსაძლისი ხდება მამის ტანჯვა. ჩვენც უცნაური სინანულით ვიტანჯებით.

გვტკივა  ჩვენი დაბნეული, დაფანტული მამა – მარადიული სევდისთვის განწირული. 

მამა, რომელმაც დაგვკარგა და რომელიც დავკარგეთ!

მარადიული მამა, რომელიც ჩვენც ვართ და ჩვენ მერეც გაგრძელდება!

მამა, სახელად ადამი – ვნებული და სამუდამოდ ვნებადამცხრალი.

რობერტ უილსონმა  მამის ხსოვნას მიუძღვნა წარმოდგენა სწორედ;

იმ მამისა, რომელსაც არასდროს ესმოდა შვილის. რომელიც მასაც ტანჯავდა და თავადაც იტანჯებოდა მუდამ;

მამისა, რომელიც მოკვდა.

მაგრამ გრძნობდა უილსონი, რომ უნდა გვიყვარდეს უცილობლად მამა! უნდა დაგვტანჯოს მისმა სიკვდილმა!

ისიც იცოდა, როგორი სევდაა მამის სიკვდილი; თუნდაც ჯიუტი მამის სიკვდილი.

იმ წამიდან იქცევა ცა მარადიულ ნისლის ზოლად; ზოლად, საიდანაც ღმერთის ხმა ვეღარასდროს აღწევს და სამუდამოდ მარტონი ვრჩებით!

Eka TkhilavaThe Passion of Adam, or the Continuation of Robert Wilson’s Black-and-White Dreams

Eka Tkhilava’s essay concerns the joint project The Passion of Adam by two great artists—the American director Robert Wilson and the Estonian composer Arvo Pärt. The premiere took place in Tallinn on May 12–16, 2015, in the former foundry hall of the Noblessner shipyard.

The author studies the psychological contours of Adam and Eve and concludes that “Eve is also born in Paradise—born in order to tempt; to awaken Adam’s reason and to rebel against God. Eve is aged from birth. It is as though, even before tasting the apple, another mind—rebellious and fierce—followed her from that rib. Eve is never naked, for she is born sinful. Adam never approaches her. … It is Eve who first tasted the forbidden fruit; the first whose eyes were opened; the first to resemble God; the first to know both good and evil. Eve is the origin of humanity’s knowledge and intellect. Before that, man was merely a doll—a fragile clay doll kneaded for God’s amusement.”

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…