დავით ანდრიაძე

რედაქტორისგან

, , ,

ძალიან გაუჭიანურდა გორდონ კრეგს მოსკოვის სამხატვრო თეატრში „ჰამლეტის“ დადგმა. 1908-1911 წლებში მიდიოდა რეპეტიციები. იმ პერიოდში „აუხირდა“ სწორედ სტანისლავსკის, ჰამლეტის როლი შენ უნდა  შეასრულოო. შეშფოთებულა კონსტანტინ სერგეევიჩი – სად მე და სად – ჰამლეტი… ჩემი ხრინწიანი ხმით, აბა, ეგ როგორ გამოვაო?

პასუხი იყო უცნაური და უცნაურად დამაბნეველიც –

ჰამლეტი მხოლოდ დიდმა ადამიანმა უნდა ითამაშოსო.

ასეც მოხდა – მეორე დიდმა ადამიანმა – ვასილი კაჩალოვმა „ითავა“ ჰამლეტობა.

თურმე, რა არის საჭირო დიდი როლისთვის –

იყო დიდი! დიდი არტისტი! დიდი კაცი! დიდი მოაზროვნე!

მოდით და შევედავოთ. არ გვაქვს საფუძველი.

იქნებ, ბევრი რამ ახსნას ამ უცნაურმა ისტორიამ; გავიგოთ, სად გაქრნენ დიდი პრემიერი არტისტები?

სად გადაიკარგნენ?

ნუთუ დიდ ადამიანებს ვეღარ ბადებს XXI საუკუნე?

ან, იქნებ, ბადებს, მაგრამ ამ საუკუნის სენია, ვერა და ვერ აღმოვჩნდეთ ჩვენს ადგილზე. ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენს კანში. იქნებ, არ არის ჩვენი ის „კანი, რომელშიც ვცხოვრობთ“.

აგერ, აინშტაინი წერდა, ალბერტი – „ყველანი გენიოსები ვართ! მაგრამ თუ თევზს ხეზე ასვლის უნარით შევაფასებთ, მთელი ცხოვრება იმ აზრით იცოცხლებს, რომ სულელიაო.“

მხოლოდ ერთ მონაკვეთში არ ვეთანხმები  – ღმერთი ისეთი „ძუნწია“, გენიოსს კი არა, ნიჭიერსაც  მილიონში ერთ ადამიანს გვითმობს.

და ეს ისეთი იშვიათობაა, გენიოსად ვრაცხთ ლამის ყველას, წერა-კითხვა რომ მეტ-ნაკლებად მოუხერხებია.

ცხადია, ჩვენს თეატრსაც მოაკლდა დიდი ადამიანები; ჰამლეტების მეტი რა იყო დღემდე, მაგრამ დიდი – უშანგი ჩხეიძე აღმოჩნდა მხოლოდ;

ოტელოც არაერთი ვნახეთ, მაგრამ ხორავას სადღაც კუჭქვემოთა ჯირკვლიდან ამოხავლებაზე გვეწყება ცახცახი მხოლოდ.

მეტიც, დღემდე ვერ ვუსწორებთ თვალს ჩვენამდე მოღწეულ დეზდემონას დახრჩობის სცენას.

სხვათა შორის, ცხონებულმა შურა თოიძემ გამანდო ერთხელ  – ხორავა რომ ღრიალით მოდიოდა ჩემკენ, შიშისგან გული მიმდიოდა ლამის; დარწმუნებული ვიყავი, მართლა დამახრჩობდაო.

მადლობა ღმერთს, არ დაკარგა გონი ბოლომდე არც ერთხელ როლში შეჭრილმა ხორავამ და გადაგვირჩა ჩვენი მრავლისმომსწრე თოიძის ქალი.

გადაგვირჩა, მაგრამ, ცხადია, დიდ ადამიანებს სულ სხვანაირად სჩვევიათ  თამაში.

აღმატებული!

თუმცა, შეიძლება, დიდი არტისტი იყო, მაგრამ არა – დიდი ადამიანი!

ესეცაა, დღეს თანამედროვე ოტელომ ძველებივით  რომ ცადოს დაიღრიალოს ქართულ სცენაზე, სულ მცირე, ღიმილისმომგვრელი იქნება (ვიღიმებით კიდეც!).

იქნება, რადგან დიდება დააკლდება ოტელოს.

დიდების (და სიდიადის) გარეშე კი ოტელი მხოლოდ მავრია!

ჩვეულებრივი, მოკვდავი მავრი და მეტი არც არაფერი!

სულ არაფერი!

XXI საუკუნის სენი ყოფილა – დიდების სიკვდილი…  თუმცა, რატომ XXI საუკუნის?

კარგა ხანია დაგვტოვეს დიდებმა ან  ხეზე ასვლით შეიქციეს თევზებმა თავი…

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…