დავით ანდრიაძე

რედაქტორისგან

, , , ,

იყო ასეთი შეგონებაც ჩემს ბავშვობაში – „პატივი ეცით დამლაგებლის შრომას“.

ეტყობა, ყველას სჭირდებოდა ამის შეხსენება და ამიტომ გვასწავლიდნენ ლენინის შეგონებების პარალელურად ამ ფრაზასაც.

სტალინსაც ჰქონია თავისი ფაქიზი დამოკიდებულება დამლაგებლების მიმართ, თურმე.

მეტიც, ერთ გვიან ღამეს 60-ოდ წლის დამლაგებელი შესჩეხებია კრემლის დერეფანში; სახლში გაუშვია და მიუძახია – „როგორც ჩანს, მხოლოდ მე და შენ ვმუშაობთო“…

პოლიტიკური ძალაუფლებისგან „დამძიმებულ“ არაერთ დიქტატორს უყვარს მოულოდნელი „გულმოწყალება“ და „ადამიანურობა“.

არც სტალინი იყო გამონაკლისი – დერეფნებში „შემოფეთებული“ ქალი მეორე ხარისხის სტალინური პრემიით – 50 000 მანეთით დააჯილდოვა და თვალთვალიც დაავალა გარკვეულ პირებს – აინტერესებდა, სად წაიღებდა კრემლის დამლაგებელი ფულს… ან თუ გავიდოდა პენსიაში.

ქალი უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა – თავისი სოფლის ბიბლიოთეკას აჩუქა სტალინის ძღვენი…

ვინ იცის, სიცოცხლეც გადაირჩინა ამით…

კაცმა არ იცის, კიდევ თუ შეეჩეხა იმ დღის მერე კრემლის დერეფნებში ის საცოდავი სტალინს, რომელიც თავადაც მუდამ „ასუფთავებდა“ გარემოს.

ზედმეტი გულმოდგინებითაც ასუფთავებდა…

ახლა საბედნიეროდ, კრემლიც შორია და სტალინიც, მაგრამ ისევ აქტუალურია – „პატივი ვცეთ დამლაგებლის შრომას“…

ისე, აგერ ახლახან (პირი ქვისკენ მიქნია და) იმავე რუსეთში ერთი ცნობილი თეატრმცოდნე გარდაიცვალა – დიდი შექსპიროლოგი – ალექსეი ბარტოშევიჩი; ამბობდა ერთგან – რა საშინელებაა! ყოველ საღამოს თეატრში უნდა ვიყო და ათიდან ცხრა სპექტაკლი ნაგავიაო…

თეატრში ნაგავს რა დალევს?

თუმცა, შეძლებისდაგვარად მაინც ვცეთ პატივი „დამლაგებლის“ შრომას!

სხვათა შორის, თამაზ ჭილაძე წერდა – ბოლოს და ბოლოს, ჰერაკლეც დამლაგებელი იყოო.

ჩვენთან ჰერაკლეს მსგავსი დამლაგებლები არც არასდროს ყოფილან, მაგრამ როგორებიც გვყავს, მოვუფრთხილდეთ მაინც…

პატივი ვცეთ დამლაგებლის შრომას!

თუმცა, ახლა ისეთი უცნაური საუკუნე და დროა ჩვენში, რომ „დამლაგებელმა“ შეითავსა „დამნაგვიანებლის“ ფუნქციაც.

აი, მეეზოვე (дворник) მუდამ სულ სხვა იყო – დახვეტაზე მეტად ჩაშვება ევალებოდა ყოველთვის; ეზოს კონტროლი. ეზოს ერთგვარი „მოძღვარიც“ იყო.

ახლა მეეზოვეებიც სადღა არიან?

დასუფთავების სერვისის ოპერატორებმა ჩაანაცვლეს.

ეს „ოპერატორიც“ რა ამაყად ჟღერს; სულ ვერ მიხვდები, დაგვა და ნაგვის გატანა რომ ევალება.

ღმერთმა დალოცოს ისევე ჩვენი „დამლაგებლები“;

ტარიელ ჭანტურიას აქვს ერთგან შვილთან გალექსილი დიალოგი ღამის 4 საათზე მეეზოვეების დანახვისას:

„- ხედავ? როგორ გვიან გვიან!

              – კი, ნამდვილად გვიან გვიან.

 – უფრო სწორად – ადრე გვიან“…

ასეა! ზოგს გვიან გააქვს ჩვენი ნაგავი და ზოგსაც – ადრე.

მთავარია, სანამ სუნი აუვა, მანამ მოგვაშორონ!

კულტურის ნაგავი – მით უფრო!

განსაკუთრებით მძიმე სუნი აქვს!

თუმცა, „И дым отечества нам сладок и приятен.“

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…