ესე შინდისფერი სიყვარული

შინდისფერი სიყვარული

, , ,

ქართულ თეატრსაც ჰყავდა თავისი ქარიზმა! მუზა! იდეა! ზეიმი! ადამიანი -ორკესტრი! ხმა! ხმაური! დალაგებული ქაოსი და – სინდისი!

დიმიტრი (დოდო) ალექსიძის სინდისი!

დღეს ეს სინდისი რიბირაბოდღა თუ შემორჩა ქართულ თეატრსაც და განახლებულ, დამოუკიდებელ საქართველოსაც, რომელიც სულაც არ უნდა ჰგავდეს, ობიექტურად, საბჭოურს.

არც ჰგავს.

მაგრამ ადამიან- ორკესტრებს ვეღარ იტევს! ვეღარც ბადებს! და ვეღარც – ინელებს.

ამ სივრციდან ვერც დოდო ალექსიძის თავისუფლებას ვწვდებით და ვერც მის მოუთოკავ ტემპერამენტს.

ასეა, მარწუხი ხანდახან ყველაზე დიდ თავისუფლებას შობს.

ეს თავისუფლება იყო, ალბათ, ასე რომ იზიდავდა დოდო ალექსიძის ირგვლივ ყველასა და ყველაფერს. თავის კასკადში ითრევდა.

თავისუფლება და ტალანტი! დიდი ტალანტი!

„ნიჭი, ძამიკო, ნიჭი“! ის ნიჭი, ქვედინებებმა რომ გაიყოლა თან.

დოდო ალექსიძეს რომელი ქვედინება მოერეოდა რომელ დროში?

ვერც ერთი!

სხვა ქვედინებას შექმნიდა თავად და სხვა კალაპოტში გააგრძელებდა სვლას.

თან ერთგულ გუნდსაც რა გამოულევდა – სტუდენტთა და ყოფილ შეგირდთა არმია დაჰყვებოდა თან!

სხვათა შორის, ძლიერი არმია!

ჰოდა, ამ სტუდენტებსა და ყოფილ სტუდენტებს ერთხელაც ადამიანი -ორკესტრისთვის ხელნაკეთი ალბომი („самиздат“) მიურთმევიათ.

ალბათ, როგორ ღელავდნენ და ელოდნენ „განაჩენს“ მათზე ათიოდ წლით უფროსი მასწავლებლისგან.

შინდისფერ ხავერდის ყდაზე წარწერაც გაუკეთებიათ – თითბრის ფირფიტაზე ამოუტვიფრავთ – „სტუდენტებისგან“…

მერე და როგორ უყვარდა დოდო ალექსიძეს თავისი „არმია“!

მთავარსარდალივით გაიმართა წელში ალბომის დანახვისას, ალბათ!

ფაქიზად გადაშალა პირველი გვერდი –

„რედაქტორი – ნ.დ. ჩხეძე

ყდა და მხატვრული გაფორმება -პ.გ. მირველოვის

ინტერპოლატი – ც.დ. ხომასურიძე

ტირაჟი – 1“…

ამ სამი გვარიდან მხოლოდ ნოდარ ჩხეიძე შემოგვინახა დრომ. დანარჩენი – დაიკარგა; მაგრამ შემოგვრჩა ვინმე მირველოვისეული, აკვარელში დახატული პორტრეტი დოდო ალექსიძისა.

„მთავარსარდალი“ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და თვალებში ის ცეცხლი უკრთის, ასე რომ განასხვავებდა იმთავითვე ყველასგან.

ალბომის ხავერდის ყდაზე თეატრალური ფარდის იმიტაციაც უცდიათ.

მეათე გვერდზე ნოდარ ჩხეიძეს მიუწერია – „პიესას კარგი პირი უჩანს. თინიკო ავად გახდა“; 18 თებერვალი, 1946 წელი..“

ზუსტად 10 წელია გასული სანდრო ახმეტელის ტრაგიკული „ექსორიიდან“; თეატრალურ ინსტიტუტს ლეგენდარული აკაკი ხორავა უდგას სათავეში.

ომიც ახალდასრულებულია. დენთის სუნი ისევ იგრძნობა ჰაერში და ხალხი, დაწრეტილი და დაცლილი, „თეატრითაც“ ივსება.

დოდო ალექსიძეც ცნობილი რეჟისორია უკვე. რუსთაველის თეატრში ანშლაგებით მიდის მისი „ალკაზარი“, „პროფესორი მამლოკი“, „ჭიქა წყალი“, „პეპო“, „საპატარძლო აფიშით“…

ალექსიძის სტუდენტთა „გუნდიც“ იკვეთება ნელ-ნელა.

თუმცა, დრომ არ შემოგვინახა, თინიკო ვინ არის; ვინ გახდა ავად პრემიერის დღეს და როგორ მოგვარდა პრობლემა. მაგრამ ამ ხელნაკეთი ალბომის წყალობით ის კი ვიცით, როგორ ტიროდა რიგითი „ჯარისკაცი“ ქალი რეპეტიციაზე ემოციებისგან. როგორ ლბებოდა თეატრის კედლები მისი ნაჟურით.

დოდო ალექსიძესთან მუშაობა არ იყო არასდროს იოლი. მხოლოდ ისეთ ენერგიას მოითხოვდა, „რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს“.

დოდოს ისე მოსწონებია ალბომი, სიცოცხლის ბოლომდე ატარა ყველგან. თან დაჰქონდა თავისი „არმიის“ შინდისფერი სიყვარული და ის სინდისი, ყველა რომ „მოწამლა“ ირგვლივ…

ასეა, სულაც არ არის მარტივი სინდისით ცხოვრება!

მაგრამ დოდო ალექსიძეს რას გაუგებ?

P.S. 1974 წლიდან თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარეობა დედასთან „მიახლოების“ გზადაც ექცა დოდო ალექსიძეს – მარიჯანი იქვე ცხოვრობდა – მაშინდელი ჯაფარიძის ქუჩაზე. შესვენებებზე ქვაბებით მიჰქონდა დედისთვის ცხელი კერძები დოდოს, თურმე, და ერთად ატარებდნენ 1  საათს… მარიჯანი 1978 წელს გარდაიცვალა 88 წლისა… შვილი – 6 წლის მერე – 1984 წელს. მაშინ დოდო ალექსიძე სულ რაღაც 74 წლისა იყო…

ამასობაში, აგერ ახლახან, 8 მარტის ჭინჭყლიან დღეს, 115 წელიც მოუყრია დოდო ალექსიძეს…

დიდ დოდო ალექსიძეს!

Burgundy God

The editorial is dedicated to the 115th anniversary of the birth of the great Georgian director and teacher, chairman of the Georgian Theater Society – Dimitri Aleksidze. The letter focuses on the gift given to the maestro by Dimitri Aleksidze’s students in 1946 – a handmade album with humorous texts.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…