დავით ანდრიაძის ესე

უხმაურო პრომენადები

, , ,

„ცხოვრება შეხედვაა და მიდგომა“…
დემნა შენგელაია; „ტფილისი“

ბელინსკი ამ ჩემს გადაღლილ ტვინში რაღაც სხვაგვარ ფიქრებს მიწეწავს ხოლმე.
ბესარიონ ბელინსკიზე კი არა, ბელინსკის ქუჩაზე მოგახსენებთ.
არადა, ტიპური თბილისური ქუჩაა. ველური ქუჩა – მძიმე აღმართით, ქვაფენილით, ბათქაშშემოფცქვნილი სახლებით, „იტალიური“ ეზოებით, გრილი სადარბაზოებით…
ბელინსკის ხსენებაზე თემო მაჭავარიანი მაგონდება. ისევ ქუჩას ვგულისხმობ და არა – მშფოთვარე რუს კრიტიკოსს.
დღეს არც ერთი აღარაა – არც ბელინსკის ქუჩა და არც – თემო მაჭავარიანი, მაგრამ ვერის აღმართის უცნაური სევდა შემორჩა მხატვრის შემთვრალი სიფხიზლით მოხატულ ტილოებს…

მე მინახავს რუკა ძველი საქართველოისა – ნიკოფსიიდან დარუბანდამდის გადაჭიმული რუკა. მაგრამ მე არასდროს მენახა თბილისის რუკა ჩემს ბავშვობაში. მგონი, ასეთი რამ ჩვენს უახლოეს ჩაწითლებულ წარსულში არც არსებობდა. ყოველ შემთხვევაში, კომუნისტები ერიდებოდნენ ქალაქური რუკების აფიშირებას, რათა „შპიონებს“ არ ჩაეგდოთ ხელში (ახლა ტურისტების საკბილო თბილისის რუკების მეტი რაა? მაგრამ ვაი, ამ რუკებს და ვაი, ამ თბილისს).

მაშინ კი, ჩვენს შორეულ ბავშვობაში, ქალაქური ტოპოგრაფია მხოლოდ წარმოსახვაში არსებობდა. ანდა ზეპირი ინსტრუქციების სახით გვქონდა დამახსოვრებული.

„გასტრონომს რომ გასცდები, აუხვევ კუთხეში. მწვანედ შეღებილი ჭიშკარი შეგხვდება წარწერით: „ფრთხილად, მაღალი ძაბვაა“; ცოტას კიდევ გაივლი“… დაახლოებით ასე ვუხსნიდით ერთმანეთს თბილისს – ჩვენს სიყვარულს.

ქალაქის რუკა ნაცნობ-მეგობართა ბინებს შორის მარშრუტებს უფრო წარმოადგენდა; შეხვედრებისა და ვიზიტების პუნქტებს. გეოგრაფიულ მიმართულებათა დასახელებებიც იარლიყები უფრო იყო.

მოკლედ, ჩვენ, ძირძველ ქალაქელებს, „თხემის ტერფამდე თბილისელებს“, გონებაში ბავშვობიდანვე ჩაგვეხატა შინაგანი კარტოგრაფია, პარალელებისა და მერიდიანების ვირტუალური ბადე, რომლის ცენტრიც ჩვენივე სახლი იყო; ჩვენივე ბინა.

ეგ კი არა, ზოგიერთი ავეჯს ახალ ბინაშიც ძველებურად ალაგებს.

ასეა, ჩვენ მიწიერ მიგრაციაშიც რაღაც საგანგებო, შინაგანი კარტოგრაფიის წესებით უფრო ვმოქმედებთ. ეს უკვე გეო-გრაფია კი არა, ბიო-გრაფიაა, ანდა – გეო-ბიო-გრაფია. თუნდაც  – ტოპო-ბიო-გრაფია…

ამბობენ, დოსტოევსკი თავის პეტერბურგულ რომანებშიც ქვეცნობიერად თავისი მშობლიური მოსკოვის ტოპოგრაფიას შიფრავდაო. ამბობენ… ბევრ რამეს ამბობენ. მე კი ვწერ…

აი, ეს შინაგანი რუკა წაეფინება კოორდინატთა გარეგან, ობიექტურ გეოგრაფიულ სისტემას; ჩვენ კი რაღა დაგვშთენია – ამ ორი რუკის იდეალური უნისონი; ისევ და ისევ, შინაგანი კომპასის მეშვეობით… ბევრს ასეთი „კომპასი“ არცა აქვს. და ასე გადავაწყდებით ხოლმე „მარადიული ჟიდის“ ფენომენს.

პირი ქვისკენ მიქნია და, მხოლოდ პოლიტიკოსებმა არ უწყიან, მგონი, წარსული. და პლანეტის რეალური კარტოგრაფიის პრივატიზაციასაც ამიტომ ლამობენ. არადა, ჩვენი პოლიტიკური ნევროზულობაც ჩვენსავე შინაგან „ნულოვან მერიდიანსა“ და რეალობას შორის სხვაობით ხომ არ განიზომება?!

მახლას, ეტყობა, მავანთათვის ბავშვობის ქუჩა აღარ არსებობს რეალურ (პოლიტიკურ) გეოგრაფიაში. ანდა, უფრო მოდურად თუ ვიტყვით, გეოპოლიტიკაში. იქნებ, ისიც „სხვათა“ ბავშვობის ქუჩებს წაეფინება და ასე მოგვევლინა ხსოვნის ახალ ტოპოგრაფიად?! კითხვა-ძახილები! კითხვა-ძახილები…

ასეა თუ ისე, თემო მაჭავარიანი სწორედაც ნოსტალგიური კარტოგრაფიის მაძიებელია, ბავშვობის დაკარგული ქუჩების (და დაკარგული ბავშვობის ქუჩების) მაძიებელი.

რაო, ამ ორი გეო-ბიო-გრაფიის გარითმვა არა ღირს ყოველდღიურობის პოეტიზაციის მასალად? ღირს, რა თქმა უნდა; ღირს. ყოველ შემთხვევაში, თემო მაჭავარიანს ნამდვილად უღირდა. მე ხომ მიღირს და მიღირს!

თუმცა ეს სიმპათიური მხატვარი არც შაგალისეული ვიტებსკის მსგავსი ქალაქის, როგორც ჰიპოთეტური ეკომუზეუმის მითს თხზავს, არც თბილისის, როგორც ტოპოსის რაიმე არქაულ-მითოსური ტექნიკის „გახურებას“ ცდილობს; არც აღმოსავლური ქალაქ-ბაზრის დისკურსს აგორებს… ამდენადვე, არც ჩვენ გვიბიძგებს კულტურულ-ეკუმენისტური რეკონსტრუირებისაკენ. უფრო უტრილოსავით მიჰყავს სადაგი დღეების რეპორტაჟები ქალაქური ლანდშაფტებიდან. თბილისი მისთვის არც „აბსოლუტური სამშობლოა“; ამიტომ ხელოვნური იქნება რაიმენაირი ცდა მაჭავარიანის ქალაქური უბნების აბსოლუტიზაციისაკენ.

მოკლედ, თბილისი მისი ნდობის ტოპოსია; მარგინალური აღმართია, რომელიც ვერასოდეს იქცევა ცენტრალურ ვაკედ.

არსებობს ქალაქი-ხსოვნა; არსებობს ქალაქი-შეხვედრა; არსებობს ქალაქი-ფიქცია…

თემო მაჭავარიანის ხსოვნის ქალაქი კოლექტიური ისტორიის ნაკვალევითაა მოკირწყლული. ამ ქალაქში არა მხოლოდ ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, არამედ თვით ქალაქიც მოდის შესახვედრად და ისე გამოგვეცნაურება ხოლმე, როგორც კარგა ხნის დავიწყებული ადამიანი. ადამიანი – მართლა როგორ ამაყად ჟღერს. მოქალაქე – მით უფრო. ქალაქელს ხომ, ნუღარ იკითხავთ!

ამ „ორი“ ქალაქიდან კი – ქალაქი-ხსოვნიდან და ქალაქი-შეხვედრიდან – ქმნის მხატვარი ქალაქ-ფიქციას, თავისი წარმოსახვის ქალაქს.

და მაინც, ეს სულაც არ არის ძველი ქალაქი. ყბადაღებული „ძველი თბილისი“. ცისფერპერანგა ჩატრუკული ბიჭების მადევარი კინტოებისა და ორთაჭალის აშაღლარი „აფრინდა ქალების“ ქალაქი.

თემო მაჭავარიანისეული ქალაქი თანამედროვე ქალაქი უფროა. ამ ქალაქის თანამედროვეობა, ანდა, უმჯობესია, თანამედროვეობის იდეალი, ისტორიულადაა აკუმულირებული. მისეული „არსენალის მთაც“ სეზანისეული სენ-ვიქტუარის ნისლითაა ხშირად დაბურული.

ბოდლერს ერთ პოეტურ ციკლში აქვს ლექსი, სადაც ფანჯრის რაფასთან გარინდებული პოეტი ხედავს, თუ ჰორიზონტზე ეკლესიათა სამრეკლოები როგორ ერითმებიან ფაბრიკების მილებს. თავის დროზე ჟან სტარობინსკიმ გაუკეთა კომენტარი ამ ლექსს და მიანიშნა, რომ ამ ორი ელემენტის თანაარსებობა განსაზღვრავს თანამედროვეობას, ანდა, უკეთ: თანადროითობას. ამასთან (და ეს ერთობ საგულისხმო შტრიხია) პოეტის მზერა ცალკე აღებულ არც ერთ მოტივთან არ ახდენს იდენტიფიკაციას.

თანამედროვეობის იდეალი სწორედაც რომ მჟღავნდება იმ ფორმებში, რომელშიც „ცვლიან სიტყვებს: ჟანრები, რათა მერე ქალაქური გარემოს ახალი კომპონირება გახადონ შესაძლებელი. ქალაქური გარემო თემო მაჭავარიანისთვისაც ამგვარი სიტყვების გაცვლაა.

„ხსოვნის ქალაქიდან“ „შეხვედრის ქალაქამდე“ მოკლე მანძილია, თუმცა ეს შეხვედრები ჩვენს მხატვართან არაა პერსონიფიცირებული. ეს ქალაქი, უწინარეს ყოვლისა, ქუჩებია, აღმართები, დაღმართები, სახლები, ცა, შუქი, ჰაერი… და მათი მოძრაობა.

ქალაქი ალიონია, შუადღეა, საღამოა, დაისია და ისინი ქმნიან ქალაქის აურას. და კიდევ, ქალაქი სუნია, ანდა, უმჯობესია, სურნელი…

მაჭავარიანი თბილისურ ამინდში, ტერნერის მსგავსად, თითქოსდა, წელიწადის ოთხივე დროის ერთდროულობას ჭვრეტს.

ასეთი ქალაქი მოლოდინიცაა, რომანტიკული მოლოდინი. გარდა ამისა, ფსიქოანალიტიკოსები რომ უწოდებენ, ისაა „გაფანტული ყურადღება“. ამბობენ, ასეთი „ყურადღება“ ახლდაო ანდრე ბრეტონის სეირნობებს. ქალაქი ამ დროს უნებლიე წერტილად იყინება; გარინდებულ უძრავ წერტილად; ქალაქის ფორმასაც აირეკლავს და იმ ზოგად წესრიგსაც, ქალაქური შეხვედრები რომ ემორჩილება.

ამ „შეხვედრებს“ ჯიუტად არ გვიჩვენებს მხატვარი. ისეთ დროს „გამოდის“ ქალაქში, როცა მის „სატრფოს“ – ქალაქს – ან არ გაუღვიძია, ან უკვე სძინავს. ან კიდევ „მკვდარი საათი“ აქვს.

უკაცრიელ ქალაქში უფრო აშკარად მოისმის ნაბიჯის ხმა.

როლან ბარტს აქვს მცირე ესეი – „ენის გუგუნი“, სადაც იგი ხმაურს გუგუნს უპირისპირებს. და ეს გუგუნი – bruissement – ხმაურის არარსებობას აღბეჭდავს. იდეალურად სრულყოფილია და ამიტომაც უხმაურო მანქანის ხმიერებას გამოსცემს. ასეთი ხმაური გვე-ხმა-რება, გავიგოთ თვით ხმაურის გაქრობა. და თემო მაჭავარიანიც, თითქოსდა, ხმაურის გაქრობის ხმას გვაგონებს. ანდა, დიახაც, გვაყურებინებს, თუ როგორ ქრება ქალაქის ხმაური და ან – პირიქით.

აი, საცაა ახმაურდება ქალაქი და როგორმე უნდა მოვასწროთ გასეირნება – ეს უხმაურო პრომენადა ანდა სულაც – ფლანიორობა. ასეთია ყოველდღიურობა!

ყოველდღიურობის „დამუღამებას“ სხვა კულტურა უნდა. უფრო ზუსტად, ტრადიცია. ყოველდღიურობა ჩვეულებაა. რჯულზე უმტკიცესი ჩვეულება. ყოველდღიურობის კონსტრუირება შეუძლებელია. შეიძლება ცხოვრების რაღაც სტილის კონსტრუირება, ოღონდ არა – ყოველდღიურობის. ეს სტილი კი ყოველდღიურობად მაშინ იქცევა, როცა ის განვლილია, განცდილია, გამოცდილია… მოკლედ, ნაცხოვრებია!

ანრი ლეფევრისა არ იყოს, ყოველდღიურობაა ნამდვილი შემოქმედების ლოკუსი. ამ ლოკუსში იქმნება ყოველივე ადამიანური და თავად ადამიანიც.

ედმონ ჟალუ წერდა, ის რაც გააკეთა ვერმეერმა დელფტისათვის, პირანეზიმ რომისთვის, გვარდიმ და კანალეტომ ვენეციისთვის, უისტლერმა ლონდონისთვის, უტრილომ ეს აღასრულა პარიზისთვისო.

თემო მაჭავარიანმაც რაღაც ამგვარი „ჩაიდინა“ თბილისისთვის. მან თავის წილ შექმნა ფერწერის თბილისური ტექსტი და დილბოს მერე ჩვენი ქალაქის ასეთი ფლანერული ნარატივი არავის დაუტოვებია. თბილისის სუვენირული პატერნი კი არა, ონტოლოგიურად განცდილი სუნთქვა გვაგრძნობინა… სუნთქვა და ისევ და ისევ უხმაურო გუგუნი და დუდუნიც.

 ენის გუგუნი მისივე უტოპიააო – იტყვის იგივე ბარტი და თემოს თბილისურ ფერწერულ ტექსტებშიც სწორედ ეს უტოპოსი მიგვიძღვება. კონკრეტული მარშრუტით გვიკვალავს გზას და იმავდროულად ქმნის ქალაქური ხედების, როგორც ხმიერი პეიზაჟების უკანა პლანს, მის სახვით ფონსაც და ფონემატურ სახვითობასაც… და ისევ და ისევ უხმაურობისგან წარმოქმნის ხმაურს; ხმაურს, როგორც ვალიორებით დაოკებულ გუგუნს; ესაა იშვიათი გრძნობადი სიამოვნების აღმძვრელი ეფექტი, რომელშიც მოულოდნელად და მაცდურად იღვიძებს ეროტიზმი; ეროტიზმი ამ სიტყვის უფართოესი (თუნდაც სუზან ზონტაგისეული) გაგებით. ეროტიზმი, როგორც შინაგანი იმპულსი და ნონ-ფინალური პროცესუალობის (ვ)ნება… ის მთვლემარე ინტენცია, ადამიანს ბუნების წიაღშივე რომ აბრუნებს.

ისე, რა კარგი დრო იყო, ბელინსკი რომ ბელინსკობდა (ისევ ქუჩაზე მოგახსენებთ); ვერა რომ ვერობდა, თბილისი რომ თბილისობდა, საბჭოთა საქართველო რომ საქართველოობდა. ნაღდი ყოველდღიურობის განცდა მაშინ იყო თუ იყო.

„პრაზნიკებმა“ ჩაიარა. ყოველდღიურობის რუტინიზების დრო დადგა. „სოვოკური პრაზნიკიც“ ახლა რუტინიზირდება. ყოველდღიურობა, როგორც არადღესასწაული, არაიდეალი, უფრო რთული დასახატია. ასეთ ყოველდღიურობაში გაცილებით ძნელია არტისტული იდენტიფიკაცია. ქაოტური ყოველდღიურობის კომპოზიციაც უფრო ძნელი მოსახელთებელია.

საერთოდ, თემო მაჭავარიანში ყველაზე მეტად კომპოზიციის შეგრძნება მხიბლავს; ქალაქური ლანდშაფტური კომპოზიციის შეგრძნება; კომპოზიციის სტრუქტურა კი არა, კომპოზიციის სიტუაცია. ალბათ, კომპოზიციის რეალიზმიც ესაა.

ჰერტრუდა სტაინი სეზანზე რომ წერდა, სწორედ ამ თვისებას აღნიშნავდა -კომპოზიციის რეალიზმს.

თემო მაჭავარიანიც ასეა! სანამ მიადგება თუ დაადგება ვერის რომელიმე ქუჩას, მას მოიაზრებს როგორც რეალობას; ჩვეულებრივ სადაგ რეალობას! აი, მას შემდეგ, რაც მხატვარი ლანდშაფტურ რაკურსს „დათირავს“, ანუ როგორც უკვე ვთქვი, დაადგება ამ ქუჩას, კიდევ უფრო ზუსტად, თვალს დაადგამს ამ ქუჩას, უცებ იცვლება მისი კომპოზიციაც და ამ კომპოზიციის რეალობაც ნაბიჯ-ნაბიჯ, სულ უფრო თვალში საცემი ხდება.

თემო მაჭავარიანს ვიწრო ქუჩები  უყვარს. ამ ქუჩებში კომუნიზმი მართლაც ვერ შემოეტეოდა. მას აქაურობის გაჩერება სჩვევია; ქუჩებისა და სახლების. ჰო, ჰო, სახლები მოძრაობენ; ჩვენთან ერთად მოძრაობენ. ჩვენს აღქმაში მოძრაობენ. მხატვარი კი სახლს აჩერებს. ნივთსაც აჩერებს. აჩერებს მზერით; ხან მყისიერი და ხან – დაჟინებული მზერით.

თემოსაც შეეძლო, გოგლასავით ეთქვა: „გამოვვარდები, ხარ თუ აღარა“; მერე კი – „და მიხარიან, რომ ისევ დგეხარ“!

ახლა ძველი ვერის ფერსაც დავადგათ თვალი. თემოს სურათებში ფერი სულაც არ არის თვითრეფერენტული.  მხატვარი დროსა და ისტორიას გვიყვება; მიუყვება უბნის ისტორიას, ქუჩის ისტორიას, სახლის ისტორიას, აღმართის ისტორიას, დაღმართის ისტორიას. აი, საქართველოს ისტორიას არსად გვიყვება.

მოკლედ, ფერი მთლიანად ემორჩილება გამოსახულების თხრობით სტრუქტურას და მოულოდნელად იძენს რაღაც მეორე პლანს; ხდება არა კონკრეტულად ამა თუ იმ სახლის ფერი, არამედ, საერთოდ, აგურისფერი, საერთოდ, კედლისფერი, საერთოდ, ხისფერი ანდა, საერთოდ, ცისფერი. ასეთი ფერი თითქოს საბოლოო მიზეზისგანაც თავისუფლდება.  

აშკარაა, რომ ყოველი ფერი „რაღაცას“ აღნიშნავს. ანდა, მაინც აღნიშნავს „რაღაცას“: რახან „რაღაც“ ფერი საგნობრივად არსებობს, რაღაც „ეიდოსითაც“ უნდა იყოს გამაგრებული;  ეტყობა, მხატვრობა ამ „რაღაცასა და „ეიდოსს“ შორის ძაფების გაბმაცაა.

აი, ეს იცოდა თემო მაჭავარიანმა! ფერწერა მასთან განიცდება, როგორც ფერების მიერ საქმის გარჩევა ქუჩაში. აი, ამაში მჟღავნდება მისი ფერწერის ქალაქური ჟარგონი. სწორედაც ქალაქელებს სჩვევიათ ასეთი დისკურსი. და ფერებიც ასევე არჩევენ ერთმანეთში თავიანთ პოზიციებს, მტყუანსა და მართალს; ბოლო-ბოლო კი ერთ დამჯდარ ტონალურ ჰარმონიამდე მიდის. საინტერესო თვით ეს პროცესია -„მიახლოებისა და განზიდვის ძალთა“ განლაგების პროცესი. ცივთა და თბილთა, უხეშთა და დელიკატურთა, უძრავთა და მოძრავთა დავა და კამათი, რომელიც არასდროს გადაიზრდება ხელჩართულ ბრძოლაში. და საერთოდ, თემო მაჭავარიანის სურათებზე პოეტი ვერ იტყვის: „შეშლილი სახით კიოდა ქუჩა“.

თემო არასდროს კლავს ქუჩის დისკურსს. მუდამ ინარჩუნებს დილის, შუადღის, საღამოს თუ, სულაც, ღამის ატმოსფეროს. დიახ, არა განათებას, არამედ – ატმოსფეროს.

და მაინც, მხატვრისეულ მოტივებს მუდამ აზის რაღაც გა-მოგონებულის დამღა. გა-მოგონებულისა და არა – შეთხზულისა. მოტივზე მუშაობისას, ასე მგონია, არასოდეს ტოვებდა გა-მოგონების სევდა. ესაა მოგონების გახსენება. და ამ მოგონებასა და მის გახსენებას შორის ისეთივე დროითი ცეზურაა, როგორიც გამოსახულებასა და მის მატერიალურ-ფერადოვან სუბსტანციას შორის.

მხატვარს ყოველდღიურობის ილუზიით სურს ცხოვრება, თუნდაც თავის გატანა ან – დროის გატარება. არადა, რა ძნელია ყოველდღიურობის ილუზიით ცხოვრება. მით უფრო ძნელია საგნისა და მისი ფერწერული ეკვივალენტის ადგილას მოაქციო რეალობის სრული ილუზია. ძნელია კი არა, მგონი, სულაც, შეუძლებელია! ეს ხომ ქალაქური ეთოსის განცდისა და მისი ტოპოლოგიური მოტივაციის მთელი გამაა. გაუვაკებელი აღმართია, ფერებისა და პლანების, შუქ-ჰაეროვანი პერსპექტივისა თუ კომპოზიციური სვლების  გამოსახულებითი მიმართებების სისტემად წარმოდგენა და მერე მისი განსხეულება – სურათი. ასეთი არეული ტაქტებიც სჩვევია ჩვენს მხატვარს.

თემო მაჭავარიანთან  გამოსახულება კი არ გეძლევა, არამედ – „ხდება“. ერთხელ „ხდება“ ისე, როგორც ერთხელ იბადება ადამიანი და ერთხელაც კვდება. სიკვდილის მერე დაბადება მხოლოდ და მხოლოდ ფიქცია ყოფილა. თემო მაჭავარიანი კი არასდროს ყოფილა ფიქციონალისტი. ის არც პარტიზანი მოდერნისტი ყოფილა. მუდამ რეალისტი იყო; უფრო ზუსტად, ნეორეალისტი. თანაც იმ გაგებით, რომ რეალობას კი არ პოულობდა, არამედ გამოსახულება მიჰყავდა (თუ აჰყავდა) იქამდე, რომ მას თავად აღმოეჩინა თავი.

თემო მაჭავარიანის საგნები, სეზანისეული ხილისა არ იყოს, პირს არ დაგაკარებინებს, სანამ პირობას არ დაგადებინებს, რომ მარტოოდენ სამზერად გჭირდება. ახლა თვითონ მზერა? ესეც უცნაური პროცესია – საგანზე მზერა, მზერის შეჩერება, სულ მცირე დაყოვნებაც კი შეიძლება, ძალიან ძვირი დაგიჯდეს. ერთი მყისიერი მონასმისთვის რამხელა დრო უნდა გაიღო; განცდის დრო… აი, ეს განცდის დრო გეძლევა მის სურათებში. მთელი სისავსით გეძლევა.

თემო ქუჩას, საგანს, ადამიანს კი არა, მათდამი სიყვარულს ხატავდა. თითქოსდა, რა უბრალო ამბავია, არა? თანაც როგორი ბანალურია ეს ყველაფერი. და მაინც, როგორი სანდო, ნამდვილი, ავთენტური; ანდა, უბრალოდ, ნაღდი.

თემო მაჭავარიანს გონიერი ხელი ჰქონდა: „ხელი, ეს სააშკარაოზე გამოტანილი თავის ტვინი“ (ი. კანტი).

უცხო იყო მისთვის ფემინური ისტერიულობა და არც ექსტაზი იყო მისი „საქმე“. არადა, ჟორჟ ბატაისა არ იყოს, ექსტაზშიც შეიძლება მოეშვა და ამ დროს გეძალება კმაყოფილებაცა და –   უხამსობაც.

ისე, ჩვენს სამამულო ფერწერაშიც ხომ გვყავდა ერთი-ორი ასეთი „უხამსი ექსტატიკოსი“? ეს ისე, სხვათა შორის.

და კიდევ: თემო მაჭავარიანმა იცოდა, სადამდე უნდა „გაშიშვლებულიყო“, როგორც მხატვარი.

აქ ერთი პარადოქსიცაა – კვლავაც ბატაისეული პარადოქსი: არცოდნა გვაუწყებს ექსტაზს.

და ეს არცოდნა, პირველყოვლისა, სევდაა; მაგრამ ექსტაზი დაგიცხრება, თუ გაგივლის სევდა; თანაც – „სევდა წაუბაძველი“.

თემო მაჭავარიანს კი სევდა არასოდეს ტოვებდა; სევდა ცოდნის „მეორე სახელია“; მისივე ეპისტემოლოგიური ჰორიზონტია და მის მოსახილველად არ საჭიროებს მდგომარეობიდან გამოსვლას.

თემო მაჭავარიანი არც პეიზაჟისტი იყო და არც – ლანდშაფტისტი. მისი ინტერესის საგანი იყო არა ქალაქის ხედი, არამედ ქალაქი, როგორც სხეული; ქუჩა, როგორც სხეული; აღმართი, როგორც სხეული, თუნდაც მოძრავი სხეული.

ეს სხეული, როგორც ბერნჰარდ ვანდენფელსი იტყვის მორის მერლო-პონტის გამო, სულაც არაა ის, რაც მოიხილება პერსპექტივით, არამედ თავად ადგილმდებარეობაა; ესაა თვალ-საზრისი – „აქ“ და „ახლა“.

თემო მაჭავარიანი ამ შესაძლებელ „აქ“ – „ახლა“ – კონსტელაციებს ეძებდა; ანუ სხეულებრივად „აქ“ და „ახლა“ იმყოფებოდა და იმავდროულად სადღაც სხვა ადგილზეც იყო.

ამიტომაც თითქოს დროსაც უსწრებდა წინ და „უკანა რიცხვითაც“ აღ-გვიწერდა თავის უხმაურო პრომენადებს.

აი, რატომ არ იყო მისი „პეიზაჟები“ – რეპორტაჟები!

ანდრე სალმონი წერდა უტრილოზე, ეს მხატვარი არსაიდან მოვიდაო. თემო მაჭავარიანი ავთო ვარაზიდან მოდიოდა. ასეა! ვარაზის წრესთანაა თემოს მხატვრობა აფილირებული, თუმცა ავთოს შვილობა მაინც ვერ გამოდგა იმის პირობად, რომ მისი ცხოვრებაც ლეგენდად „გაფორმებულიყო“.

თუმცა, ვარაზისგან განსხვავებით, თემო მაჭავარიანი არ ცდილობდა (თუ არ რისკავდა) თვითპროვოცირებას „სხვა“ სივრცეების დასალანდად. გრძნობდა, რომ სივრცე ძველი იყო, მაგრამ დრო – ახალი და ერთსა და იმავე აღმართსაც  ვერ აივლიდა ორჯერ (წყლისა არ იყოს). Panta rei! ჰეტეროტოპიულობაზე აქცენტიც იმის ნიშანი იქნებოდა, რომ ქალაქური კულტურის სინქრონიაც დარღვეულია, ძველი ქალაქის დროც წა(რ)სულია და ჰეტერეტოპიის სიმეტრიულად ჰეტეროქრონია გამეფებულა. რაღაც ამდაგვარს ლატენტურად განიცდიდა კიდეც მხატვარი და ბოლო ხანს, იქნებ, ამიტომაც ადიოდა „სულ ზევით“, რათა ვერიდან მოეხილა არსენალის მთა (რომელიც ფიროსმანის „არსენალის მთა“ აღარ“ იყო).

ასე, შემპარავად ეთამაშებოდა განსხვავებულ სივრცეებს, თუმცა ისიც იცოდა, რომ ზედმეტად არ უნდა გაგიტაცოს ჰიპერუტოპიათა ძიებამ, რადგან ის საშიში ზონაა. აქ ძალაუფლების ისტორიულ ფორმათა ლანდები მეფობს.

თვალის რეფლექსიას ერთი უცნაურობა ახლავს – იმის მაგიერ, რომ რაიმეს უცქირო, ამ ცქერაზე ფიქრს იწყებ და ამასობაში ეს „რაიმე“ ფერს იცვლის; ნირს იცვლის. სახეს იცვლის. ნიღაბსაც იცვლის. უცებ შეხედავ და სადღაა „ის“ საგანი? ლოკოკინასავით თავის ჯავშანში შემძვრალა და გატვრინულა… შენ კი ისევ გაიძახი – „აი, ის“, მაგრამ სადღაა?! ამიტომაცაა, რომ ნებისმიერი სურათი მაინც ანონიმური ობიექტის გამოსახულებაა.

თემო მაჭავარიანისეულ ქალაქურ მოტივებსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ, ვთქვათ, ბელინსკის ქუჩა, რადგან ეს სურათის სახელწოდება კი არა, ქუჩის იმდროინდელი სახელწოდებაა. თორემ პლენერული ეგზერსისიდან მოტივამდე გარდასახვისას ქუჩა სახელსაც იცვლის და – სახელსაც.

ბელინსკის ქუჩასაც რა ხანია აღარ ჰქვია ძველი სახელი. აღარც სახე აქვს ძველი.

და რა დარჩა მისგან? ნოსტალგიური ტოპოსი!

ტექსტუალიზების პროცესში თემო მაჭავარიანმაც შეიცვალა სახეცა და სახელიც. და რა დარჩა მისგან? ნოსტალგიური ტოპო-გრაფი. მერე კი, უბრალოდ, გრაფი! წასული გრაფი!

ფიროსმანსაც გრაფს ეძახდნენო…

Davit andriadze – Silent promenades

The essay, which features the great Georgian painter Temo Machavariani (1945-2020), discusses a unique cycle of images created by the artist, which appear as Tbilisian pictorial texts. The author, through numerous philosophical and culturological allusions and parallels, manages to hermeneutically interpret the artist’s work and creates a unique iconological field of pictorial cartography of the city.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…