დავით ანდრიაძე

რედაქტორისგან

, , , ,

არტოს „ნაკბილარი“

ძიგა ვერტოვის დამაბნევლად დიდ ფილმში – „ადამიანი კინოაპარატით“ გაირბენს ერთი მოულოდნელი კადრი – მანეკენის უსიცოცხლო ხელი, რომელიც სულაც არ არის, უბრალოდ, მკვდრის ხელი; ის მოკლულია ანანკასტური ჰიგიენისგან გაბინძურებული გარემოს მიერ. XX საუკუნე „წმენდის ეპოქა“ იყო. წმენდის, და არა განწმენდის საუკუნე. რაც უფრო ვიწნინდებოდით, მით უფრო ვბინძურდებოდით!

 უღმერთოდ დარჩენილი საუკუნეც აღმოჩნდა XX საუკუნე . მოკლეს, ან – უარყვეს იგი. მერე ნიცშე წუხდა – მსოფლიოში ერთადერთი ქრისტიანი იყო და ისიც ჯვარზე გააკრესო. არადა, სწორედ XX საუკუნემ შვა  არაერთი ქრისტიანი, ჯვარზე გასაკრავად რომ დაიბადა. დედამიწა ერთგვარ ეზოტერიკულ ორთქლში იხარშებოდა და შვა ერთეულნი მრავალთა შორის, რომელნიც, საბოლოოდ, ჰიგიენის ზედოზირებამ იმსხვერპლა; მარჯვენა ან, იქნებ, სულაც, მარცხენა (რა მნიშვნელობა აქვს?) ხელი მოაჭრეს სათითაოდ ყველას. მოაჭრეს და კინოაპარატით მორბენალ ახალ ადამიანებს მიუგდეს საექსპერიმენტოდ.

1896 წელს „დაორთქლილი“ ეზოტერიკული საუკუნის კიდევ ერთი ტანჯული სული დაიბადა. დაიბადა, რომ ანტუან მარი ჟოზეფ არტოდან ქცეულიყო ანტონენ არტოდ; მოხარშულიყო ორი მსოფლიო ომის სისხლში და დაევიწყებინა ღმერთის ხმა. არადა, 19 წლის ასაკიდან გრძნობდა ყურთან გამუდმებით  სევდიან სუნთქვას… თითქოს არტოც ქრისტე იყო ჯვარზე გაკრული და ნაზარეველივით ხმამაღლა უხმობდა მამას; „მამისგან“ მიტოვებულობის განცდამ შეაძულა (ალბათ) ღმერთი არტოს. იქნებ, მასაც ჩაესმოდა ფსიქიატრიული კლინიკების კედლებიდან – „ჯვარს აცუ! ჯვარს აცუ ეგე!“  იქნებ, ამიტომაც ბრაზობდა –  „ღმერთი თუ არსებობს, მხოლოდ იმ პირობით, რომ ის განავალია; და თუ ის განავალი არაა, მაშინ მას არც უარსებია“. იქნებ, ამ „ბრაზის“ მიზეზი „იქ“ –  ფსიქიატრიულ კლინიკებში უნდა ვეძებოთ. არტოს დაბადებამდე ნახევარი საუკუნით ადრე წერდა ნიცშე – „ფსიქიატრიულ კლინიკაში ერთი უბრალო გასეირნებაა საკმარისი იმაში დასარწმუნებლად, რომ ძალა არაფერს ნიშნავს“. არტოს არასდროს უსეირნია ფსიქიატრიულ კლინიკებში. მას აწამებდნენ. 11 წლიანმა შოკური თერაპიით მკურნალობამ კიდევ უფრო უბიძგა, ალბათ, ღმერთის „მკვლელობისკენ“. ჯვარზე გაკვრა მძიმე ტვირთი აღმოჩნდა კლინიკის უმზეო ოთახებისგან დანესტილი და თვალდავსილი არტოსთვის. ყველა ავტოპორტრეტიდანაც ამიტომ გვიყურებს, ალბათ,  დაღლილი და სიქაგამძვრალი. „კბილებდაყრილი“; თითქოს, სათითაოდ დააძვრეს ისინი (თუ თავად ამოიგლიჯა?), რომ ნაკლებად „დაეკბინა“ კაცი თუ ღმერთი. თუმცა, არტოს „ნაკბილარი“ დინოზავრის გახუნებული ნაკვალევივით შემორჩა დედამიწას. დღემდე ახსოვს ამ პლანეტას ღმერთის უარმყოფელი დიდი ქრისტიანის ფრაზა – „თქვენ გსურთ, ჩემს სიცოცხლეს ტყავი გააძროთ. მე თავად მოგახლით სახეში ამ სიყვარულს“. ეს „მოხლილი“ სიყვარული სტკივა დღემდე კაცსაც და (ალბათ) ღმერთსაც. სტკივა, მაგრამ სადო-მაზოხისტური განცდით ვერ შორდება მას. ვერ ივიწყებს. არტოს „ნაკბილარი“ საკრალურია. მაგიურიც. შემზარავიც. სისასტიკით შედუღებულია ნივთები, „რომლებიც შექმნილის გეგმას შეადგენს“… აქ არ არსებობს სიკეთის მიერ ბოროტების მარცხი… სიკეთე ფასადურია. ბოროტებაა შიგთავსი, მაგრამ ის აუცილებლად უნდა დაპატარავდეს უკანასკენ წამს და ფრაქტალებად შეერიოს ქაოსს (თუ ქაოსმოსს). აქაც, ფაქტობრივად, კვლავ და მაინც გოდოს ელის ადამიანი –  ანუ მოელის იმ უკანასკნელ წამს, რომელიც არავინ იცის, ოდესმე თუ დადგება.

P.S. დღეს არტოს „ნაკბილარობას“ ბევრი „იჩემებს“ საქართველოში; იმის საფრთხეცაა,  არტოს პროფანაციაც არ დაიწყონ ახალმოდის „ცისფერყანწელებმა“; ურცხვად არ ამოეფარონ მის ჩამოცვენილ კბილებს. მე შენ გეტყვი და გაუჭირდებათ იქაც კი თავშესაფრის პოვნა!

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…