იტალიელი ფილოსოფოსის – ჯანი ვატიმოს ერთ-ერთ ბოლო წიგნს „მჯერა, რომ მჯერა“ ჰქვია… ისტორია, რომლითაც იწყება წიგნი, ერთი შეხედვით, უბრალოა და ბანალური – ქალაქის ცენტრში დგას და მობილურით საუბრობს ფილოსოფოსი. თანამოსაუბრე მოულოდნელად აწყვეტინებს საუბარს და ცოტა არ იყოს, აგრესიულად ეკითხება – „მისმინე, შენ მართლა გჯერა“?.
მე მჯერა, რომ მჯერაო, – ასეთი იყო ვატიმოს პასუხი.
ერთმა ღმერთმა უწყის, რამ გააღიზიანა თანამოსაუბრე…
ან რისა სჯერა ვატიმოს…
ან ჯერა კი?
იქნებ, არც ჯერა?
მხოლოდ იმის თქმას ვცდილობ, რომ მეც მჯერა რაღაც…
ან, იქნებ, არც მჯერა…
თუმცა, მჯერა ლეგენდების და მითებისაც მჯერა…
ურჩხულებისაც კი მჯერა…
ან როგორ არ დავიჯერო?
რამდენი მარტო მედუზა გორგონა გადამღობებია გზაზე…
იმისიც მჯერა, რომ გუშინდელი დღევანდელს არ ჰგავს და არც ხვალ იქნება დღევანდელი…
იმისიც მჯერა, რომ ცხოვრების თეატრს გემოც შეეცვლება დროთა მანძილზე, ფერიც, აღქმაც, გაგებაც…
მჯერა, რომ არ მოგვეწონება.
გუშინდელს მივეტანებით…
თეატრის ცხოვრება მაინც წავა თავისი გზით – XXI საუკუნესავით ტექნოკრატიულად და ბიზნესის ნაწილად უფრო იქცევა, ვიდრე – ხელოვნების…
მჯერა, ესეც XXI საუკუნის ნაწილია…
თუმცა, ერთი დეტალი არ უნდა გამოგვრჩეს – აი, ვოლტერმა რომ თქვა XVIII საუკუნეში –
„ქაღალდის ფული, ადრე თუ გვიან, უბრუნდება თავის პირვანდელ ღირებულებას – ნულს“…
მთავარია, ბიზნესადქცეულმა თეატრმაც ქაღალდის ფულის ბედი არ გაიზიაროს მსოფლიოში…
ხელოვნებას დღეს ტანჯავს ციფრები… თეატრსაც, მათ შორის…
ცდუნებაა ფული და სახელი…
დიდი ცდუნება…
მე მაინც მჯერა, რომ მჯერა…
მჯერა, რომ XXII საუკუნეში მაინც გაახსენდებათ ადამიანებს საუკუნეებში ჩაკარგული ვოლტერი და ქაღალდის ფულის ბედის შეეშინდებათ…