1957 წელია..
სტალინი აღარაა.
მოეშვა ხალხი…
ამოისუნთქა…
მაგრამ 1956 წლის 9 მარტი ახსოვთ მაინც…
კორუფციის პირველი ნიშნებიც გამოჩნდა…
ასე იცის მოშვებულმა და უსტალინო ხელმა..
თეატრალურ საზოგადოებაშიც აღმოჩნდა ფინანსური გარღვევა…
ალბათ, არც თუ ისე მწირიც, რაკი შეამჩნიეს…
საზოგადოების თავმჯდომარე მისივე დამაარსებელი – შალვა დადიანი იყო.
ნამდვილი თავადი.
დაიბარეს ცეკაში – თანაც ბიუროს სხდომაზე.
მოემზადნენ მინიმუმ მის გასაკიცხად პარტიულები.
შემოვიდა შალვა აზიაცკებსა და ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი; აწკეპილი ულვაშებით; თეთრი გადაპენტილი ჯაგარა თმებით და ყველა სიყვარულით მოიკითხა.
გაუღიმა. სათითაოდ ჩამოუარო ბიუროს წევრებს – ვასილ პავლეს ძე მჟავანაძის თამადობით.
მხარზე ეამბორა თავადიშვილურად ყველას…
ისე შემოვიდა, მთელი ბიურო წამოუდგა ფეხზე…
უხერხულობისგან ერთმანეთს გადახედეს.
რამ შეგაწუხათ, რა ხდებაო, მოუკითხავს შალვას. ხომ გვაქვს მშვიდობაო…
„წაუწუწუნიათ“ ბიუროს წევრებს აქეთურ-იქითურზე. კორუფციის ხსენებას ვინღა გაბედავდა.
მოისმინა. თავი გადააქნია. დაამშვიდა ბიურო და აუღელვებლად, ღიმილით გამოემშვიდობა ყველას.
დარჩნენ პარტიულები გაშეშებულ-გამშრალნი.
არადა, რა იშვიათად იბნეოდნენ.
ვერაფერი თქვეს, ისეთი პერფორმანსი ჩაუტარა მხცოვანმა დადიანმა ნომენკლატურას..
ასე მოუწყო თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ პირველი პერფორმანსი კომუნისტებს.
ეს იყო პერფორმანსი თუ იყო…
იმის მერე ყველა უნიჭო მას ეფარება…
ან რა უნდა საქართველოში პერფორმერს?
ვის აქვს პერფორმერობის თავი?
სტალინიც ისტორიას ჩაბარდა და ნამდვილი პერფორმერებიც…
როგორიცაა დღევანდელობა, ისეთები არიან ისინიც…
თორემ მარინა აბრამოვიჩი არც არასდროს გვყოლია და ვერც გვეყოლება…
არც შალვა დადიანის „დაბრუნების“ იმედი უნდა გვქონდეს…
აი, იმ დადიანის, პირველი პერფორმერობა რომ იკისრა საქართველოში და ჯერ კიდევ კომუნისტებამდე, საუკუნის დასაწყისში, მევალისგან თავის დასაღწევად კუბოშიც ჩაიწვინა თავი…
ეს ისტორია ყველამ იცის!
დიდი „გუშინდელის“ ისტორია!