1936 წლის 28 იანვარს გაზეთ „პრავდაში“ ერთი ხელმოუწერელი წერილი გამოერია –
„Сумбур вместо музыки“…
ხელმოუწერლობა უკვე განაჩენს ნიშნავდა იმთავითვე.
არც 28 იანვრის „პრავდა“ იყო გამონაკლისი.
თმით ათრიეს, თურმე, შოსტაკოვიჩის ოპერა – „Ле́ди Ма́кбет Мце́нского уе́зда“.
კაკოფონია ეძახეს და წვრილბურჟუაზიულ ნოვატორად გამოაცხადეს ახალგაზრდა დმიტრი დმიტრიჩი.
ისედაც არ იყო, თურმე, დიდად გულითადი კაცი.
ან რანაირად უნდა ყოფილიყავი იმ დროს გულითადი?
რის საფუძველზე?
გაფითრებულა.
მიხვდა, რომ მაკბეტივით შავ დღეში იყო…
ასეც მოხდა –
ლენინგრადის ოპერის მცირე თეატრში რეპერტუარიდანაც მოხსნეს „Ле́ди Ма́кбет Мце́нского уе́зда“.
შოსტაკოვიჩის მეოთხე სიმფონიაც აიკრძალა…
დმიტრი დმიტრიჩი ჩარაზული ფანჯრებიდან ხელოვნურად გამოჩორკნილ ჭუჭრუტანაში აკვირდებოდა, თურმე, შავი „ემადინების“ მოძრაობას სახლის წინ.
უკვე ხედავდა თავის სახიჩარ სხეულს სადმე მიგდებულს, ალბათ.
ერთ-ერთმა კიევურმა გაზეთმა პირდაპირ გამოაცხადა „ხალხის მტრადაც“.
მაგრამ შოსტაკოვიჩი გადარჩა…
გადარჩა, რადგან სტალინს ჰყვარებია, თურმე და დარწმუნებული ყოფილა მის სანდოობაში…
აქ მთავარი ერთი ფაქტია, სტალინს რომ ჰყვარებია!
არადა, ამბობენ, არ იცოდა (თუ არ შეეძლო) სიყვარულიო…
ან რანაირი დასაჯერებელია სტალინის სიყვარული?
თუმცა, შოსტაკოვიჩი ისედაც ყოველ დღე „კვდებოდა“ იმ ფანჯარასთან …
ისე, ვინ იყო, ნეტა, ის კაცი, წვრილბურჟუაზიულ გადმონაშთად რომ გამოაცხადა შოსტაკოვიჩი?
რა პროფესიის?
მუსიკოსი? მუსიკათმცოდნე? მუსიკის მოყვარული?
ან, იქნებ, როიალის გაწვრილებული ხმებით გულშეწუხებული უკულტურო მეზობელი?
ვინ იცის?
უკულტუროებს რა დალევს ყოველ ეპოქაში?
იქნებ, დმიტრიზე „შეყვარებული“ სტალინიც კი იყო თავად…
ვერაფრით დავადგენთ…
ერთი კი ცხადია, „ანონიმები“ ისევ ყველგან არიან და ყველგან აცეცებენ გამურულ თითებს…
ან სად წავლენ და რატომ?
ფანქარი გამოელევათ, ფურცელი თუ „პრავდა“, რომელიც ყველა „სიმართლეზე“ მაღლა დგას.
სხვათა შორის, რუსებს ერთი საინტერესო პოეტი ჰყავდათ – მიხაილ სვეტლოვი; ვარლამ შალამოვთან საუბარში უთქვამს ერთხელ, თურმე – შეიძლება, მე ცუდი პოეტი ვარ, მაგრამ არასდროს არავინ „ჩამიშვია“; და იქნებ, ეს უფრო მეტია, ვიდრე, თუნდაც, „გრენადას“ დაწერაო…
ამბობენ, რომ სვეტლოვი, გარდა იმისა, რომ გაუსვრელი იყო, აფორიზმებიც გამორჩეული ჰქონია; ღიმილით ქირქილებდა, თურმე გარკვეულ ადგილებში მუდამ – „кавычки- для идиотов“ („ბრჭყალები იდიოტებისთვისააო“)…
ვინ იცის, იქნებ, არც ცდებოდა ცხონებული…
Leave a Reply