ლაშა ჩხარტიშვილი

ერთმორწმუნე მტრის მიერ ერთმანეთის მოძულედ ქცეული საზოგადოება

, , ,

ისტორიულ თემატიკაზე სპექტაკლები იშვიათად იდგმება თანამედროვე ქართული თეატრის სცენაზე, მეტადრე, თუ ის საქართველოს ისტორიის გარკვეულ პერიოდებს ეხება. ამ მიმართულებით, ქართულ დრამატურგიაში, ჩვენს თანამედროვეობაში, მუშაობს გურამ ბათიაშვილი, რომლის პიესები არც ისე ინტენსიურად იდგმება. ისტორიულ თემატიკაზე კი რეჟისორებს შორის, ფაქტობრივად, მუშაობს მხოლოდ გოჩა კაპანაძე, რომელმაც საქართველოს სხვადასხვა თეატრებში შექმნა სპექტაკლების მთელი სერია, რომელშიც ცოცხლდება საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპები.

მორიგი მასშტაბური პროექტი – „გურიის დედოფალი“ – გოჩა კაპანაძემ განახორციელა ოზურგეთის თეატრში  სამხატვრო ხელმძღვანელის – ვასილ ჩიგოგიძის მიწვევით;

ვასილ ჩიგოგიძის სარეპერტუარო პოლიტიკა ორიენტირებულია სწორედ თემატურსა და ჟანრობრივ მრავალფეროვნებაზე, განსხვავებული თაობის, მსოფლმხედველობის რეჟისორების თეატრში მიწვევაზე. „გურიის დედოფალი“ გოჩა კაპანაძის პირველი სპექტაკლია ოზურგეთის თეატრში.

დოკუმენტური დრამა, თამარ პაპავას ნაწარმოების მიხედვით, გურიის სამთავროს უკანასკნელი დედოფლის, მამია V გურიელის ქვრივის, სოფიოს მოღვაწეობის შესახებ მოგვითხრობს; სოფიო XIX საუკუნის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო და  რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძოდა. სპექტაკლში წამოჭრილია საქართველოს (გურიის სამთავროს მაგალითზე) პოლიტიკური ორიენტაციისა და არჩევანის საკითხი ორ იმპერიას შორის; სიუჟეტის ერთადერთი და მეინსტრიმული ხაზი, ფაქტობრივად,

პატრიოტული განწყობაა.

რეჟისორი  ცალსახად აკეთებს აქცენტს  იმაზე, რომ რუსეთის იმპერია, რომელიც ერთმორწმუნეობასაა ამოფარებული, ცდილობს არა მხოლოდ ქვეყნის მიტაცებას, არამედ ქართული საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირებასაც. ამიტომაც ეუბნება სოფიო ოპონენტებს – „ერთმანეთის მოძულედ როგორ გვაქცია ერთმორწმუნე მტერმა?“ ეს რიტორიკული კითხვაა ერთგვარი რეზიუმეც მთელი სპექტაკლისა და   ლოზუნგივით ჟღერს.

გოჩა კაპანაძე ისტორიის კონტექსტში წარმოაჩენს დღევანდელ მერკანტილურსა თუ ფასეულობებზე ორიენტირებულ ქართულ რეალობას, გაორებულსა და გაყოფილ, დანაწევრებულ საზოგადოებას, ერსა და ბერს,  ეკლესიის როლსა და გავლენას პოლიტიკაზე.

თამარ პაპავას პროზაული თხზულება რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ დამატებითი ისტორიული წყაროებისა და დოკუმენტების მოხმობით გაასცენურა (სპექტაკლში გამოყენებულია ქველი ჩხატარაიშვილის ნაშრომი „გურიის სამთავროს შესახებ“). პროზის ინსცენირება ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული, რადგან მხატვრული ან, თუნდაც, ისტორიული ტექსტი სცენაზე გადასვლისას ქმედით სიტყვად არ ჟღერს. ამ პრობლემას თავად დრამატურგები და ინსცენირების დიდოსტატებიც აწყდებიან ხშირად.  არც გოჩა კაპანაძეა გამონაკლისი. „გურიის დედოფალში“ დრამატურგიული სტრუქტურა კლასიკურ ჩონჩხზე დგას, მაგრამ სიუჟეტურ კონსტრუქციაში მაინც შესამჩნევია მოვლენათა დინამიკურობის, მათი ეტაპობრივი განვითარების შეფერხება, ასევე გამოსაკვეთია პერსონაჟთა ის სახასიათო დეტალები, რომელიც მაყურებელს მათზე ფართო წარმოდგენას უქმნის.

პრობლემები, რომელსაც გოჩა კაპანაძე სპექტაკლში „გურიის დედოფალი“ სვამს, სამწუხაროდ, დღესაც უაღრესად აქტუალურია; დღესაც გვიწევს გამკლავება ერთმორწმუნე მტერთან, დღესაც ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიების 20%.

რეჟისორის ამოცანებისა და მიზნების ამოკითხვა რთული არ არის…  სპექტაკლში მაყურებელიც აქტიურადაა ჩართული. ისმის ოვაციებისა და ტაშის ხმა – ამ ჟესტით ამხნევებენ, მხარს უჭერენ და ეთანხმებიან სცენაზე გაცოცხლებულ პერსონაჟებს.

ქართულ (და სხვათა შორის, არა მარტო) თეატრში ისტორიულ თემატიკაზე დადგმულ სპექტაკლებში შეიმჩნევა პათეტიკურობა, ზეაწეული ტონი; მსახიობთა მეტყველების მანერა უტრირებულია, რაც დღეს აღარ მგონია სწორი მიდგომა; უაღრესად ემოციური ტექსტის წარმოთქმაც შესაძლებელია დამატებითი ემოციების გარეშე; გაორმაგებული ემოცია წარმოშობს პათეტიკას, სცენურ სიყალბეს და მიზანი (მაყურებელზე ემოციური ზემოქმედება) კარგავს თავის არსს. მსგავსი ეპიზოდები გვხდება ოზურგეთის თეატრის სპექტაკლშიც, სადაც მოჭარბებულ ემოციას მუსიკალური ფონიც აძლიერებს (მუსიკალური გამფორმებელი გოჩა კაპანაძე). საგანგებოდ ამ სპექტაკლისთვის რეჟისორმა მიიწვია სასცენო მეტყველების სპეციალისტი – იური ფოფხაძე, რომელმაც სარეპეტიციო პროცესის პარალელურად მსახიობებთანაც იმუშავა. თუმცა, ვფიქრობ, არსებულ დეფექტებზეც უნდა ეფიქრა.

გოჩა კაპანაძე გვიჩვენებს XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართულ საზოგადოებას – ჭრელსა და წინააღმდეგობრივს, რომელიც სხვადასხვა პოზიციაზე დგას. ისტორიული პარალელები თანამედროვეობასთან  ნათელია… თუმცაღა სპექტაკლის ფორმა და სტილი უფრო განვლილ თეატრს უკავშირდება…

ისტორიული ჟანრი ეპოქის ავთენტურობის წარმოსაჩენად თითქოს ითხოვს პათეტიკას, ამაღლებულ ტონს, მაგრამ რატომ არ შეიძლება წარსული სცენაზე სტილისტიკური თვალსაზრისით გათამაშდეს როგორც დღევანდელი ამბავი. ვერ ვიტყვი, რომ სიჭარმაგე შერეული სათეატრო ფორმა დღეს ჩვენს მაყურებელზე ემოციურ ზეგავლენას ვერ ახდენს, მაგრამ ზომიერების დაცვა გაცილებით დადებით შედეგს მოიტანს.

გოჩა კაპანაძე ისტორიულ ამბავს თანამედროვე გოგონას – ციცის საშუალებით გვიყვება. მსახიობი ციცი ბუცხრიკიძე აღმოაჩენს დამტვერილ წიგნს, რომელიც გურიის უკანასკნელი დედოფლის – სოფიოს შესახებ მოგვითხრობს. ისტორიული ჟანრი ფინალში ფანტასმაგორიაში გადადის – ციცი დედოფალ სოფიოს ხვდება და მათ შორის საინტერესო დიალოგი იმართება. ეპიზოდი მსახიობებს პათეტიკურობისა და თეატრალურობის გარეშე მიჰყავთ, სცენაზე ნამდვილი და გულწრფელი ურთიერთობები მყარდება.

საინტერესოდ გადაწყვიტეს სპექტაკლის სცენოგრაფია გოჩა კაპანაძემ და მხატვარმა ლომგულ მურუსიძემ. ავანსცენაზე ვხვდებით ჭაობის მცენარეებს, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ გარემო, რომელშიც მოქმედება ვითარდება, ხავსმოკიდებულია და ლპება. შესაბამისად, ჩნდება განცდა, რომ მაშინაც და ახლაც ჩვენი საზოგადოება ჭაობიდან ამოსვლას ლამობს, მაგრამ – უშედეგოდ. სცენა მაქსიმალურად განტვირთულია სამოქმედო სივრცისთვის, თუმცა ფინალში მას ავსებს ზემოდან დაშვებული ეკლესიის უზარმაზარი ზარი, რომელიც მომავლისა და იმედის მეტაფორად აღიქმება.

შემოქმედებითი ჯგუფი იყენებს პროექციასაც – ვხედავთ ტაძრების ფრესკებს, რომელიც თეთრად იღებება, როცა მღვდელი რუსების ვანდალობაზე მოგვითხრობს…

 კოსტიუმებზე იმუშავეს ქეთი ციციშვილმა და თეო კუხიანიძემ; მათ შექმნეს ეპოქისთვის დამახასიათებელი სამოსი, რომელიც ამავდროულად პერსონაჟთა სოციალურ სტატუსს, ხასიათსა და პროფესიასაც კი გამოხატავს.

დედოფალი სოფიოს როლს ოზურგეთის თეატრის წამყვანი მსახიობი – თამარ მდინარაძე ასრულებს. ბოლო პერიოდში მან არაერთი დასამახსოვრებელი და განსხვავებული მხატვრული სახე შექმნა. ამჯერად მას ისტორიული პერსონაჟის, გმირის განსახიერებაც მოუხდა. ეფექტურია დედოფლის პირველი გამოჩენა – სცენაზე შორეული სივრციდან შემოსვლის სცენა, დიალოგი როდანთან (ბელა კიკვაძე) და ციცისთან (ციცი ბუცხრიკიძე), თუმც არის ეპიზოდები, სადაც დედოფლის ხმამაღალი და მუდმივად დაძაბული ტონალობა სჭარბობს.  სოფიო ხსნას ოსმალეთში ხედავს; მისი ინტერესები ორი იმპერიის მიზნებს ეჯახება და სასოწარკვეთილებაში ვარდება. ამ პასაჟით რეჟისორი იმაზეც მიანიშნებს, რომ იქნებ დადგა დრო, რადიკალიზმი უარვყოთ, არჩევანი მხოლოდ ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ გავაკეთოთ და ხსნის გზა არა ქვეყნის გარეთ, არამედ ჩვენშივე ვიპოვოთ.

სოფიო წინააღმდეგობრივი გმირია – შეცდომებსაც უშვებს, აქვს დადებითი და უარყოფითი თვისებები, რაც მეტ ხიბლსა და ინტერესს სძენს პერსონაჟს. გოჩა კაპანაძე არ გვიჩვენებს იდეალურ პერსონაჟებს და მაყურებელს უტოვებს ფიქრისა და ანალიზის სივრცეს გმირთა ქმედებების შესაფასებლად.

სპექტაკლში ისმება პასუხისმგებლობის საკითხი მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც შედეგად მსხვერპლი მოაქვს. ერთ მხარეს ფიზიკური განადგურება და სიკვდილი დგას, მეორე მხარეს კი – თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეა. სწორედ ამ და ერთადერთ მნიშვნელოვან ეპიზოდში ჩნდება როდანი – ბელა კიკვაძე. მსახიობს სცენა დრამატულად და პროფესიონალურად მიჰყავს. ის ქმნის დედის განზოგადებულ ტრაგიკულ სახეს, რომელიც ომმა და ბრძოლებმა მორალურად გაანადგურა, მაგრამ თავისი პოზიციის (რომლის მხარესაც არის გარკვეული სიმართლე) მიუხედავად, გადამწყვეტ მომენტში ის ღირსეულად იქცევა და არჩევანს მაღალ იდეალებზე აკეთებს.

 საინტერესო და დასამახსოვრებელი ტიპაჟი შექმნა ზაზა ჯინჭარაძემ (მღვდელი), რომელმაც შეძლო არტისტული გარდასახვა, რაც მხოლოდ გარეგნობაში (გრიმსა და კოსტიუმში) კი არ გამოიხატა, არამედ შინაგან სამყაროში, დაბალანსებულ განცდასა და ემოციაში. სპექტაკლში მონაწილეობს თხუთმეტამდე მსახიობი, რომლებიც ეპიზოდურ როლებს ქმნიან.

გოჩა კაპანაძის სპექტაკლის გაჩენა ოზურგეთისა და არა მხოლოდ ქართული თეატრის რეპერტუარში მნიშვნელოვანი მოვლენაა იმ თვალსაზრისით, რომ მას აქვს თავისი სათქმელი და მიზანი; ამიტომაც  აუცილებლად ეყოლება აუდიტორია, რომელიც ამ სათქმელს გაიზიარებს.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…