ჩემი სახლის ტერასიდან მაღალსა და უთავბოლოდ მიმობნეულ შენობებს შორის მაინც გამორჩეულად მოჩანს ცირკი – ძველი დროის დიდების ნაშთი და იმავე დროის სიმბოლო… კუკლაჩოვი, შუიდინი, ნიკულინი, პოპოვი ცნობილ საბჭოთა პარტმუშაკებზე პოპულარულები იყვნენ და ლიდერები არა მარტო ცირკის, საბჭოთა ცირკის, არამედ მთლიანად საბჭოეთისაც… „სახელმწიფო მნიშვნელობის კლოუნებს“ ტყუილად კი არ ეძახიან. ეგ კი არა, იმ ავბედით დროს თვით „სახელმწიფო ცირკის“ სტატუსსაც კი ერიდებოდნენ. უხერხულად ჟღერდა. არადა, სახელმწიფო თუ გაქვს, ცირკი და ზოოპარკიც უნდა გქონდეს. და დიდ კავშირშიც არიან ცირკი და ზოოპარკი ერთმანეთთან პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
მოკლედ, არის რაღაც მაგიური კავშირი ლიდერობასა და კლოუნობას შორის…
ბევრი კლოუნი ხდება ლიდერი და ბევრი ლიდერი ასრულებს ასპარეზს კლოუნობით…
ასე რომ ვთქვათ, ლიდერი და კლოუნი არც თუ ისე შორეული მეგობრებია…
თავის დროზე ლენინიც „გააკლოუნეს“, მაგრამ სიკვდილმა შეიწყალა და სიკვდილმავე აჩუქა მარადიული ლიდერის ფუნქცია…
საბჭოთა მმართველებისგან, ფაქტობრივად, სტალინმა შეინარჩუნა დისტანცია კლოუნისაგან, რასაც ვერ ვიტყვით ვერც ხრუშჩოვზე, რომელიც კლოუნის გენიალური ნიმუში იყო და არც ბრეჟნევი ჩამორჩებოდა…
სამკვირიან გენსეკებზე თუ არ შევჩერდებით, გორბაჩოვიც კლოუნად იქცა ბოლოს, როგორც კი ხალხში გავიდა, გაიღიმა და მხარზე ხელი მოუთათუნა მშრომელ გლეხს…
ამას წინ რუსეთის ტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარე – საგალაევი იხსენებდა, დღემდე არ ვიცი, მართალი ვიყავი თუ არა, ელცინის ცეკვა რომ ვაჩვენე ტელევიზიითო…
ცეკვა ლიდერებს არ უხდებათ, არც გამოდით, ეგრევე კლოუნად იქცევიან, მაგრამ თანამედროვეობის მოდაა, ლიდერი იყოს კლოუნი და მოცეკვავე.
ლიდერი უნდა ცეკვავდეს…
სხვათა შორის, შევარდნაძის აცეკვებაც სცადა თავის დროზე ცნობილმა მსახიობმა – ვანესა რედგრეივმა.
უშიშროების სკოლაგამოვლილ შევარდნაძეს არ შეეშლებოდა ეს…
თავაზიანად მოიშორა ანგელოზივით ქალი და გადარჩა, მაგას თუ გადარჩენა ჰქვია…
მოკლედ, ლიდერი, რომელიც ცეკვავს, უკვე განწირულია!
არადა, რამდენი აცეკვებული და აცეტებული ლიდერი გვინახავს და ვნახავთ…
რამდენს გააკლოუნებს მომავალშიც ცხოვრება…
თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ კლოუნი მასხარაა და ყველა ქვეყნის ყველა ხელისუფალს სჭირდება ყოველთვის ერთი მასხარა მაინც – ოღონდ ნამდვილი მასხარა – კაცი, რომელმაც იცის და ამბობს, „მეფე რომ შიშველია“…
Leave a Reply