(როგორ ვითამაშეთ (ოდესღაც) შექსპირი)
ყველაფერი იმით დაიწყო, რომსამხატვრო აკადემიის ინგლისური ენის პედაგოგებს – მარინა ჩხიკვიშვილსა და ქეთი მეგრელიძეს გაუჩნდათ იდეა, აკადემიის სტუდენტებისთვის სამსახიობო ოსტატობის მასტერ-კლასი ჩაგვეტარებინა და სპექტაკლი ინგლისურ ენაზე გვეთამაშა.
მსურველი სტუდენტი უამრავი აღმოჩნდა; შესაბამისად, ისეთი პიესის მოძებნა გახდა საჭირო, რომელშიც ბევრი მოქმედი პირია. 2014 წელი შექსპირის წელიც იყო და თან ინგლისურ ენაზე უკეთესი პიესის მოძებნა შეუძლებელიცაა. ამიტომ, გადავწყვიტეთ „შუაზაფხულის ღამის სიზმრის“ დადგმა.
„შთაგონებული მხატვრის თვალი დედამიწიდან ცის სფეროს სწვდება, მიწის წიაღს ჰკვეთს ზეციდან და არარსებულ, უსხეულო, უსულო საგნებს, რომელიც მხოლოდ წარმოსახვით თუ აღიქმება, მხატვრის კალამი ხორცს შეასხამს, სახელს დაარქმევს და ქვეყანაზე თავის ადგილს მიუჩენს ხელად“ – სწორედ ეს შექსპირული სიტყვები გახდა ჩვენი სპექტაკლის ამოსავალი წერტილი.
სტუდენტებისთვის ამბავი უფრო „ახლობელი“ რომ გამხდარიყო, გამოვიგონეთ ახალი პერსონაჟი – მხატვარი, რომელმაც ორიგინალური კონცეფციისკენ გვიბიძგა: ათენის მთავარი – თეზევსი ამორძალების დედოფალ იპოლიტასთან ქორწილისთვის ემზადება და მხატვარს საგანგებოდ შეუკვეთა პორტრეტი; საცოლესთან ერთად პოზირებს მის წინ; მითოლოგიური გმირი, მრავალ ბრძოლაში გამარჯვებული თეზევსი ხელოვნების მოტრფიალე და კოლექციონერია. დარბაზებში გამოფენილი აქვს უამრავი გენიალური მხატვრული ქმნილება, რომელიც შექმნილა ან მომავალში შეიქმნება (შექსპირთან ხომ დრო პირობითი ცნებაა? განსაკუთრებით, ამ პიესაში) – პომპეისა და ალ ტამირას კედლის მხატვრობიდან დაწყებული დღემდე.
პირველი სცენა სწორედ მხატვრის სახელოსნოში მიმდინარეობს. ღამით კი მუშაობაში გართული და მუზებთან მარტო დარჩენილი არტისტი ფიქრობს სიყვარულზე, სიგიჟეზე, შემოქმედებაზე, ხელოვნების არსზე: „შთაგონებული მხატვრის თვალი დედამიწიდან ცის სფეროს სწვდება…“ მეფის დარბაზში გამოფენილი შედევრები თითქოს „ცოცხლდებიან“ და მოლბერტებიდან გადმოდიან; ციდან ვარსკვლავი ეშვება და მხატვარს წარმოსახვის, მუზებისა და ფერიების სამყაროში აიტაცებს.
ხელოვნების გაუვალ ტყეში ხეები მოლბერტები და გიგანტური ფუნჯები არიან; ჭინკებად და სულებად კი ადამიანთა ხელით შექმნილი შედევრები დაფარფატებენ; მეფის კარის მხატვარი აქაურობის ხშირი სტუმარია.
ამ სამყაროში მას, „მხიარული სახის რაინდს“, პაკიჰქვია. ის ფერად-ფერად ფერია-მუზებთან მეგობრობს, ტანზე პალიტრის „აბჯარი“ აცვია, „ცხენად“ კი უზარმაზარი ფუნჯი ემსახურება და დაქრის, ანცობს, ფანტაზიორობს.
ობერონი და ტიტანია ხელოვნების ტყის მბრძანებლები არიან. მათი ნების გარეშე არც ერთი შედევრი არ შექმნილა და არც შეიქმნება. თუმცა, ახლა ობერონი დეპრესიაშია; ძონძებში გახვეულა, თბილი ჩუსტები ჩაუცვამს და დედამიწაზე აღარ აგზავნის შედევრებს, გენიოსებსაც აღარ ბადებს და ამის გამო „ის მდელოები, სადაც ლაღი მოლხენა გვქონდა, ყველა ტალახით აიზილა, ზამთარი ზამთარს აღარ ჰგავს, ზაფხული – ზაფხულს, სულ აირია შემოდგომა და გაზაფხული.“ სწორედ ამიტომ ეჩხუბება მას ტიტანია; დედოფალს კარგად ესმის, თუ ასე გაგრძელდება, დაიღუპება კაცობრიობა: „ჩვენა ვართ ბრალში, ეს ამდენი უბედურება ქვეყნად ჩვენ გამო დატრიალდა, ჩვენმა ჩხუბმა ქნა, ჩვენა ვართ მისი სათავე და წარმომშობელი.“
და იწყება დიდი სიგიჟე – კარნავალი, შუაზაფხულის ღამის სიზმარი, სადაც მისტიკურად თანაარსებობს ნამდვილი და მოჩვენებითი, ეჭვი და ნდობა, ბრძოლა, ლტოლვა, შემოქმედება, სიკვდილი და აღმაფრენა, შერიგება და სინანული, უკვე შექმნილი და ჯერაც კიდევ შეუქმნელი შედევრები, ჯადოქრობა, სილაღე, სიანცე, თავგანწირვა და… სიყვარული. სიყვარული. სიყვარული!!!
როდესაც ვირად გადაქცეული, დაბნეული და შეშინებული ფსკერა გაქცევას აპირებს, ტიტანიას ბრძანებით, შედევრები გზას უღობავენ. ხეპრე ვერ ხვდება, მაგრამ გრძნობს, რომ საოცარი, უცნაური ძალა აჩერებს და ატყვევებს. შეყვარებული ტიტანია გადაწყვეტს, „მიწით დამძიმებული“ არსება ხელოვნების იდუმალებას აზიაროს, განწმინდოს და სული გაუფაქიზოს: „შენს სხეულს, მიწით დამძიმებულს, ისე გავწმენდ და ისე გარდავქმნი, ცაში იფრენ ფერიასავით“ – ასეთია დედოფლის მოვალეობა. სახედრის სიყვარულით ანთებული ტიტანია მიჯნურს ვოკალის გაკვეთილს უტარებს. თავადვე ჯდება აფერადებულ ინსტრუმენტთან და ვირს ამღერებს. ისიც, მონუსხული, ცდილობს, ცდილობს და ბოლოს გამოსდის! ერთად მღერიან! მუზების სამყაროში ზეიმია! ტიტანია ვირს რაინდად აკურთხებს და აღტაცებულები, შეყვარებულები, სასიამოვნოდ დაღლილები იძინებენ.
შუაზაფხულის ჯადოქრობის ღამე მთავრდება. „ყურთასმენას ტოროლების ატკბობს სტვენა“. თენდება. დროა, ყველაფერი თავის ადგილას დადგეს. პაკი „აბჯარ-პალიტრასა“ და „ფუნჯ-შუბს“ უბრუნებს მუზებს, ემშვიდობება, მადლობას უხდის შთაგონებისთვის და ჯერ შეუქმნელი შედევრის ჩარჩოში უჩინარდება. ფერიები არეული ტყის დალაგებას იწყებენ. „ხეები“ ისევ ჩვეულებრივ მოლბერტებად გადაიქცევიან და შედევრებიც კვლავ თეზევსის საგამოფენო დარბაზს უბრუნდებიან. პაკად ყოფნისას მიღებული შთაბეჭდილებით კი მხატვარი ასრულებს მეფე-დედოფლის პორტრეტს.
რეპეტიციები რთული იყო და საინტერესო; ხალისით ვაკეთებდით ეტიუდებს, ფსიქო-ფიზიკურ სავარჯიშოებს წარმოსახვასა და ყურადღებაზე, ვმუშაობდით მეტყველებაზე.
სამხატვრო აკადემიისა და არტ-ვილა „გარიყულას“ თანამშრომლობით გაჩნდა იდეა, რომ ახლადშეკრული დასი მცირე „შემოქმედებით მივლინებით“ გარიყულაში წასულიყო. ასე დაიწყო ნამდვილი ზღაპარი!
თითქოს პიესის ჯადოსნური, უხილავი ხელი გვმართავდა! გარიყულაში რეალურად დაგვხვდა სპექტაკლის ლამის მთელი დეკორაცია – სასახლე, ტყე, მდინარე და ვირიც კი!
პირველი რეპეტიცია 15 ივლისს, ანუ „შუაზაფხულის ღამეს” ჩავატარეთ ტყეში. გავეცანით პიესას, გავანაწილეთ როლები, განვიხილეთ თითოეული პერსონაჟი, ვიმსჯელეთ სავარაუდო შემსრულებელზე და ყველას მოსაზრებას გავეცანით.
ოქტომბერში რეპეტიციები აკადემიაში განვაახლეთ. მუშაობის მეორე ეტაპი ტექსტის სწორ გააზრებასა და ათვისებას მოვანდომეთ. პარალელურად ვმუშაობდით მომავალი სპექტაკლის დეკორაციის ესკიზებსა და კოსტიუმებზე.
არქიტექტურის, ფერწერის, ქსოვილების, მოდელირების ფაკულტეტების სტუდენტებმა თავად შეკერეს კოსტიუმები, დაალაგეს მიზანსცენები, შეარჩიეს მსოფლიო ფერწერული შედევრები და შექმნეს დეკორაციისთვის საჭირო ასლები; სტუდენტები სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებაშიც იყვნენ ჩართულები და ვოკალისა თუ პლასტიკის გაკვეთილებიც გაიარეს.
პრემიერა 2014 წლის 5 და 6 ნოემბერს დაინიშნა თუმანიშვილის თეატრში.
წარმოდგენის დაწყების წინ ერთად გავიმეორეთ შექსპირის სიტყვები –
„შთაგონებული მხატვრის თვალი დედამიწიდან ცის სფეროს სწვდება, მიწის წიაღს ჰკვეთს ზეციდან და არარსებულ, უსხეულო, უფორმო საგნებს, რომელიც მხოლოდ წარმოსახვით თუ აღიქმება, მხატვრის ყალამი ხორცს შეასხამს, სახელს დაარქმევს და ქვეყანაზე თავის ადგილს მიუჩენს ხელად!“
დიდი ხნის წინ დაიწყო ეს „სიზმარი“. სასარგებლო სიზმარი.
ვინ იცის, ეგებ, გაგრძელებაც უწერია ბედად…