ვალერი ოთხოზორიას სტატია

სიცოცხლის თეატრი

, , ,

სენაკის თეატრისკენ

ქალაქ სენაკის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი უდიდესი მსახიობის – აკაკი ხორავას სახელს ატარებს. თეატრის სახელოვანი, უძვირფასესი შენობის წინ სწორედ აკაკი ხორავას ბიუსტი დგას, თეთრი თეთრის წინ, მაგრამ სანამ თეატრში შევიჭყიტებით, მანამდე თვალი მოვავლოთ ქალაქს.

სენაკი სამეგრელოს ერთ-ერთი მთავარი ქალაქია, დადიანების სატახტო ზუგდიდთან და ნიკო ნიკოლაძის აშენებულ, საპორტო ფოთთან ერთად. მოსახლეობა არც ისე ბევრია, 22 ათასამდე მცხოვრები. ესაა აგურის ლამაზი სახლებით მორთული ტერიტორია, ძირითადად ვაკე, რომელსაც გარშემო მთები აკრავს, მაგრამ არა მაღალი, რადგან ეს კოლხეთის  დაბლობია, შიგ შუაგული კოლხეთი, ზღვის დონიდან სულ რაღაც 28 მეტრზე.

პოეტი შოთა იათაშვილი რომელიღაც ჟურნალში იხსენებდა სენაკში გატარებულ ბავშვობას და ნამდვილ „ევროპულ ქალაქად“ მოიხსენიებდა საბჭოთა სენაკს (რომელსაც ერქვა ცხაკაია – კომუნისტი რევოლუციონერის გვარი). ეს ნამდვილად ასე იყო, თუ გავითვალისწინებთ ქალაქის მრეწველობას (სხვადასხვა პროფილის რამდენიმე ქარხანა), სავაჭრო და საყოფაცხოვრებო რუტინას: სენაკი რეგიონის სატრანსპორტო კვანძია, როგორც საავტომობილო, ასევე სარკინიგზო მიმართულებით, ასე რომ, ყველა მეგრელმა და მანამდე, აფხაზეთის მკვიდრმა იცოდა სენაკი, მაგრამ თბილისი-ბათუმის  მიმართულებით მოძრავი მგზავრი სენაკს არ გაივლის, არამედ სამტრედიიდან აუხვევს გურიისაკენ, ამიტომაც ბევრი ადამიანი შემხვედრია, ვისაც ამ ქალაქის სახელი არ გაეგო (ჩვენ ხომ არა გვაქვს ტრადიცია საქართველოს რეგიონებში მასობრივად მოგზაურობისა, ძირითადად იმ კუთხეს ვსტუმრობთ, საიდანაც ვართ, სადაც ნათესავები ან მეგობრები გვყავს). სენაკის ბაზარი ადგილობრივი ვაჭრობის ერთ-ერთი ეპიცენტრი იყო. იქ მცხოვრები ებრაელები, ისევე, როგორც ქუთაისში, თავიანთ „ჩრდილოვან ეკონომიკას“ აწარმოებდნენ, საბჭოთა მოქალაქისთვის ძალზე მიმზიდველსა და უალტერნატივოს. მაგრამ საბჭოთა კავშირი დაინგრა, ქარხნები დაიშალა, ბაზარი დარჩა და თურქული პროდუქციის შემოდინებით კიდევ უფრო გაცხოველდა. შემდეგ, ეს სიცხოველეც მიყუჩდა, და სენაკი ოდნავ სევდიანად დამშვიდდა, დაწყნარდა, გარკვეულწილად კიდეც დაცარიელდა. ირაკლი ადამია, სენაკის თეატრის ამაგდარი, მეუბნება, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდები ქალაქიდან მიდიან, ძირითადად დედაქალაქის უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ სწავლას, მაგრამ უკან დაბრუნების სურვილი, საცხოვრებლად, ბევრს აღარ უჩნდება… მაშასადამე, რაც სენაკს აცოცხლებს, ეს ბავშვობაა, მოსწავლე-ახალგაზრდობა, ყმაწვილები; და მართლაც, ქალაქში ელავს მათი სახით სიცოცხლის ნაპერწკლები. სწორედ მათზე გავამახვილებთ ქვევით ყურადღებას, ახლა კი შიგ შუაგულ ქალაქში შევიდეთ.

ქალაქის და სულის არქიტექტურა

სენაკის არქიტექტურა, გარდა აგურის კოხტა სახლებისა, მოიცავს სრულიად გამორჩეულ რამდენიმე შენობას, რომლებიც თითქოს ქალაქისა და მისი მაცხოვრებლების სულისკვეთებას ირეკლავს. ესაა, უპირველეს ყოვლისა, სენაკის დრამატული თეატრი, აშენებული 1956 წელს, რკინიგზის სადგური, სამხატვრო გალერეა, ჟ. შარტავას სახელობის მუზეუმი… ჩამოთვლილთაგან პირველი სამი ჩემთვის შინაურია, რამდენადაც მათთან შეხება მიწევდა ბავშვობიდან. სენაკი, როგორც სატრანსპორტო კვანძი, ბნელ წლებში რკინიგზის ხაზით ემსახურებოდა ჩემს გამგზავრებას თბილისში, ანდა გამომგზავრებას თბილისიდან. მე და დედა, დევნილები, ბებიაჩემისგან ან ბებიისაკენ მიმავალნი, დატვირთული ჩანთებით, – ბევრჯერ უტკენია ჩემთვის ხელი იმ მძიმე ჩანთებს, რომელთა წაღებასაც მარტო დედას არ ვანებებდი, – სენაკის რკინიგზის სადგურში ვიღებდით ჩვენთვის, როგორც დევნილებისთვის, შეღავათიან მატარებლის ბილეთს, ბილეთები ხშირად არ იყო, არცთუ იშვიათად კი თავად მოლარეები არ ყიდდნენ, რადგან ცდილობდნენ, უფრო ძვირად გაყიდვას „ფულიანებზე“ და მეტის მოგებას თავიანთი ჯიბისთვის, შევარდნაძის პერიოდში სასაცილო ანაზღაურება იყო, რომელიც კორუფციის გარეშე არავის ჰყოფნიდა; ყოველთვის მაოცებდა სენაკის სადგური ესთეტიკური შარმით, მიუხედავად ჩემი მცირე ასაკისა, ნათლად მახსოვს, რამხელა სიამოვნებას ვიღებდი ამ შენობასთან მიახლებით, მასში ყოფნით, იქიდან გამოსვლითა და ბაქანზე დგომით; ის ჩემთვის „დიდი სხვა“ იყო…

ხანდახან სენაკამდე ბებია მოგვყვებოდა, გვაცილებდა, თავად ორმოცი კილომეტრის დაშორებით ცხოვრობდა, ჩხოროწყუს რაიონის ერთ-ერთ სოფელში. დამქანცველი ორსაათიანი გზის შემდეგ (ავტობუსით), რადგან გზები დალეწილი იყო ვარდების რევოლუციამდე; შევივლიდით სენაკის ბაზარში, ვიყიდდით ყველს და სადგურისაკენ გზაზე მხვდებოდა ის – განუმეორებელი, მარადისობის პატარძალი – სენაკის თეატრი…

ნეობაროკოს ტიპის (მაშინ ბაროკოს შესახებ არანაირი წარმოდგენა არ მქონდა) შენობა სიკოხტავითა და სიმსუბუქით მაჯადოებდა (რომელსაც ახლა უკვე ვადრი მუსიკალურ სიუიტას). წინ მართკუთხა მოედანი, რომელიც გზიდან აშორებდა მას, ხელუხლებელსა და მიუწვდომელს ხდიდა თეატრს ჩემთვის და შენობა მარად წარმომიდგებოდა სიმბოლოდ, რომელიც სხვა სამყაროს ეკუთვნის, მაგრამ აქაა, როგორც ყანაში ამოსული ექსტრავაგანტური ყვავილი (რომლის სახელიც არ ვიცოდი).

ერთხელ, სენაკის კინოთეატრის წინ მწვანე მოლი თეთრი შველების სკულპტურებით მორთეს და ეს ორი ხატი – თეთრი შვლებისა და თეთრი, სინამდვილეში თეთრ-ცისფერი, თეატრისა იმდენად ესატყვისებოდა ერთმანეთს, რომ წლევანდლამდე ის შველები თეატრის წინ ოთხკუთხა მოედანზე გაქცეულებად დამამახსოვრდა.

სენაკის თეატრის ახალი სიცოცხლე

ა) აპოლონის დაბრუნება

სენაკის თეატრი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსული ბომბებისაგან დაზიანდა, „ქართუ ჯგუფმა“  განაახლა სრულიად; 2021 წელს კი სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა რეჟისორი ვახტანგ (ვახო) ნიკოლავა, რამაც სასუნთქი ფილტვები გაუხსნა თეატრს და ნამდვილად ახალი სიცოცხლე შთაბერა.

სენაკის თეატრის დაბადება მოლიერის პიესით იწყება და ვახტანგ ნიკოლავამაც გაიმეორა ტრადიცია, სპექტაკლით „ჰარპაგონი“ („ძუნწის“ ინტერპრეტაცია), რომელიც გამოირჩეოდა დახვეწილი ესთეტიკითა და ევროპული ხიბლით, რომელიც სენაკისაა და რეჟისორმა თეატრის სცენაზეც შექმნა. „ჰარპაგონს“ მოჰყვა ოთხსაათიანი „რომეო და ჯულიეტა“, გამორჩეული თეატრალური ეფექტითა და მასობრივი სცენებით, რომლებშიც უკვე ვახტანგ ნიკოლავას მიერ სრულიად უსასყიდლოდ შექმნილი თეატრალური სტუდიის ბავშვები მონაწილეობდნენ.

თეატრალური სტუდია, რომელიც სიცოცხლისა და შემოქმედებითი წვის პატარა ჩანჩქერია, – მდინარე ტეხურის ყმაწვილ-მსახიობური განსხეულება, – ცალკე აღწერას იმსახურებს, მანამდე კი ვახტანგ ნიკოლავას თეატრის განვითარების პროგრამა და ფილოსოფიური კონცეფცია, რომელსაც ეფუძნება მისი მოღვაწეობა სენაკის თეატრში, ორიოდე სიტყვით მიმოვიხილოთ.

ვახტანგ ნიკოლავა გაჯადოებს თავისი საუბრით. მას აქვს გავლილი, როგორც რუსული თეატრალური სკოლა, ასევე – ქართული. თემურ ჩხეიძესთან სწავლის ფუფუნება, სხვებთან ერთად, ვახტანგ ნიკოლავასაც არ დაჰკლებია. ბატონი ვახტანგი, შინაურებში ვახო, სამყაროს ხედავს სიკეთისა და ბოროტების, იგივე კოსმოსისა და ქაოსის დაპირისპირებად, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლად. იგივე ბრძოლა არანაკლები სიმძაფრით, მისი აზრით, არსებობს ხელოვნებაში. ხელოვანმა, ამბობს სენაკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თავიდანვე უნდა აირჩიოს პოზიცია, როგორი ხელოვნების მოციქული იქნება, ქაოსის შემომტანი თუ წესრიგისა. როდესაც ვახოს ვუსმენ, მახსენდება ნიცშეს კონცეფცია აპოლონური და დიონისური ძალების  დაპირისპირებისა და ვასკვნი, რომ სენაკის თეატრის ამჟამინდელი თავი აპოლონის აპოლოგეტია. რატომ უნდა დაამატო ქაოსი ისედაც ქაოსისკენ ლტოლვილ სამყაროს? – ამბობს ბატონი ვახტანგი. „ეს ხომ ავადმყოფური ხელოვნებაა, მე ეს არ მინდა! ისედაც იმდენი რამე გადაიტანა ჩვენმა ხალხმა, იმდენი აგრესიაა გარშემო, ყველგან ქაოსია! არ ჯობს, რომ სიკეთის, სიყვარულისა და მშვენიერების ზეიმი აჩვენო ხალხს?! რწმენა დაუბრუნო ქაოსში მყოფ ადამიანებს?!“ ვგრძნობ, რომ სენაკის თეატრში „აპოლონის კულტი“ ბრუნდება.

ვახოს გვერდში უდგას ბატონი ირაკლი ადამია (მსახიობი და რეჟისორი), რომელიც ახალ სამხატვრო ხელმძღვანელამდე თავად იყო სენაკის თეატრის გამგებელი. სწორედ მან, შესანიშნავი მსახიობებით დაკომპლექტებულ დასთან ერთად, მოიტანა თეატრი 2021 წლამდე. და კი არ განუდგა ვახოს, არამედ ყველანაირად გვერდში დაუდგა და დღეს ისინი ერთი ოჯახის წევრებივით არიან. ირაკლი ადამია ისეა შესისხლხორცებულია თავის თეატრს, რომ პარიზის ოპერა გარნიეს ფანტომი მახსენდება: ლეგენდის თანახმად, ის მარადიულად იქაა და თეატრის საძირკვლის სიმყარეს განაპირობებს.   

ბ) თეატრალური სტუდიის სასწაული

გარდა ახალი რეპერტუარისა, რომელმაც სენაკის თეატრის დასს მისცა იმედი და მომავლის პერსპექტივა, აქტუალობა შემატა თეატრს, მოტივაცია აუმაღლა მსახიობებს, უმთავრესი, რაც ვახტანგ ნიკოლავას შემოქმედებას ეკუთვნის, თეატრალური სტუდიის შექმნაა.

„როდესაც თეატრში მოვედი, აღმოვაჩინე, რომ დასში ახალგაზრდები არ იყვნენ, საგონებელში ჩავვარდი, რადგან ყველაფერი, რაც შემეძლო გამეკეთებინა, ვეღარ პოვებდა გაგრძელებას, უბრალოდ დროის გასაყვანად ან სტატუსისთვის კი არ მოვედი, მინდოდა, ჩემ შემდეგ თეატრს ჰქონოდა ხერხემალი, რაც ახალი თაობის, ახალგაზრდა მსახიობების გარეშე წარმოუდგენელი იყო“,- ამბობს სამხატვრო ხელმძღვანელი. „თეატრალური უნივერსიტეტის ბოლო კურსდამთავრებული თეატრში ირაკლი ადამია იყო. შემდეგ არც ერთი მსახიობი არ შემატებია თეატრს. მივხვდი, რომ უნდა მეშველა აქაურობისთვის, უნდა შემექმნა ახალი თაობა. ამიტომაც დავაარსე სტუდია“,- დასძენს ის.

დღეისათვის ვახტანგ ნიკოლავას თეატრალური სტუდია ორმოცამდე ყმაწვილ-აღსაზრდელს ითვლის, 6 წლიდან 18 წლამდე. ბატონი ვახტანგი მათ უსასყიდლოდ ამეცადინებს. „ბავშვები სახლში არ მიდიან! თავიდან სკოლასაც აცდენდნენ!“ –  ამბობს ირაკლი ადამია აღტაცებით. თუმცა, სკოლის გაცდენის ან ცუდად სწავლის მავნე პრაქტიკა ბატონმა ვახტანგმა მალევე ალაგმა. ის, ვინც ცუდ ნიშნებზე ისწავლიდა ან სკოლას გააცდენდა, სტუდიას ვერ ეღირსებოდა. ამ მიდგომამ, თურმე, „წარმოუდგენლად გაამართლა“. ბავშვების აკადემიური მოსწრება გაუმჯობესდა, მათი ენთუზიაზმი და მოტივაცია გაიზარდა, როგორც თეატრის, ასევე სასკოლო განათლების კუთხით.

„უფროსების“ ნალაპარაკევს ზედ ერთვის „პატარების“ სხაპა-სხუპით გულიდან ამოთქმული („ამოყრილი“). როგორც მჩვევია, ვეკითხები ყმაწვილებს „ცხოვრების შესახებ“, ისინი კი ისეთი სიბრძნეებით მიპასუხებენ, რომ გაოგნებული ვარ. კითხვაზე, საიდან იციან ასეთი „მისტერიები“, მომიგებენ: „ბატონმა ვახტანგმა გვასწავლა!“ იმდენი სიყვარული და სითბო დევს ამ ერთ ფრაზაში… შეუძლებელია, უსმინო და უცქირო ამ ბავშვებს და გული არ აგიჩუყდეს. და მტირალა ფილოსოფოსის – ჰერაკლიტეს მდგომარეობაში ვვარდები, მხოლოდ, მადლობა ღმერთს, პირადი მეგალომანიის გარეშე.

სენაკის თეატრის მიღწევები შეუმჩნეველი როდი დარჩა. არც მეტი, არც ნაკლები, რუსთაველის თეატრმა მიიწვია და 2025 წლის 23 მაისს ორი სპექტაკლის საგასტროლო ჩვენება მოეწყო: „ჩიპოლინო“, საბავშვო, 14:00 სთ-ზე და „კაცია-ადამიანი?!“ 19 სთ-ზე. ორი სპექტაკლის მოკლე ანალიზით შეგვიძლია, წარმოდგენა შევიქმნათ სენაკის თეატრის „სიცოცხლის ხარისხსა“ და „მხატვრულ დონეზე“.

დაუვიწყარი ლუარსაბი

ილია ჭავჭავაძის უკვდავი სატირული თხზულება რეჟისორმა ვახტანგ ნიკოლავამ ლიტერატურულ სპექტაკლად წარმოადგინა, ფსიქოლოგიური და ესთეტიკური დრამის ელემენტებით.

ლიტერატურული თეატრის ჟანრი, მოგვეხსნება, უპირველეს ყოვლისა, პატივს სცემს ლიტერატურულ ნაწარმოებს და მის ვიზუალიზაციას, სცენაზე გაცოცხლებას ესწრაფვის. თუმცა, ვახტანგ ნიკოლავას „კაცია-ადამიანი?!“ კლასიკური ლიტერატურული სპექტაკლიც არ არის. ის თავისუფლად გადადის ფსიქოლოგიურ დრამაში ისე, რომ არ კარგავს მთავარ როლს – იყოს ლიტერატურის მეგზური, დამხმარე და მხარდამჭერი.

რეჟისორის ჟანრული არჩევანი მისი თეატრის პოლიტიკის ნაწილია და ამ პოლიტიკითაა ნაკარნახევი. ესაა სპექტაკლი, როგორც სკოლებისთვის (აფიშაზე ვკითხულობთ, რომ „სპექტაკლი განკუთვნილია 12+ ასაკის მაყურებლისთვის“), ასევე ე.წ. „თავისუფალი მაყურებლისთვის“. ყველა სახის მაყურებელი აქ თავის სანახავს ნახავს და თავის გასაგონს გაიგონებს.

ლომგულ მურუსიძის სცენოგრაფია, მალხაზ კორთხონჯიას სამხატვრო შესრულებით, დახვეწილი და მაღალესთეტიკურია. სცენაზე დაფენილია „იატაკიც“, დეკორაციის ყოველ დეტალზე გულმოდგინედ ნამუშევარია. აწყობილი სათამაშო სივრცე ტოვებს დასრულებული კოლაჟის შთაბეჭდილებას. ლუარსაბ თათქარიძის საცხოვრისის „არქიტექტურული შეუმდგარობა“ ნაჩვენებია სიმბოლურად, ნახევრად აგებული კედლისა ან ბუხრის სახით. როგორც სცენოგრაფია, ასევე მუსიკა (კომპოზიტორი – ლევან მიქელაძე), ასევე სამსახიობო შესრულება და რეჟისორული გადაწყვეტა იმდენად დახვეწილი და „სუფთაა“, რომ მთელი სპექტაკლის ერთსიტყვიან ეპითეტად სწორედ ეს სიტყვა – „დახვეწილი“, მადგება პირზე.

სპექტაკლის დასაწყისის მუსიკამ კვენტინ ტარანტინოს „საძულველი რვის“ დასაწყისი გამახსენა (მუსიკასთან ერთად, თავისი როლი ითამაშა სცენოგრაფიამაც, რომელმაც „ჰორიზონტზე გაჭრის“ საშუალება მომცა) და ვიგრძენი, რომ მძიმე გაგრძელება გველოდა. მართლაც, ჯავრიანი ლუარსაბი (მსახიობი თენგიზ თოფურიძე) უზარმაზარ სცენაზე რამპის მარცხენა ბოლოში დადგმულ ტახტზე იჯდა. ლუარსაბს კაეშანი ჭამდა, მაგრამ შემდეგში როგორც ვნახავთ, ამ კაეშანს თავისებური ექსცენტრულობით ებრძოდა, თუმცა სულაც ვერ ერეოდა.

„მეხი დაგეცა! მეხი დაგეცათ ყველას!“ – სწორედ ამ ფრაზით იწყება სპექტაკლი. ფრაზა, რომელსაც დარეჯანი (მსახიობი თამარ აბშილავა-კობახიძე) წარმოთქვამს… სპექტაკლის ესთეტიკურ-იდეური ჩარჩოს ექსპოზიციაც მზადაა! (შემდეგში, ლუარსაბი გაიმეორებს ისტორიაში ლუი XV-ის მოტივად დამახსოვრებულ ფრაზას: ჩემს შემდეგ ქვა ქვაზედ არ დარჩენილა…)

„მადლიანი დედაკაცია!…“ – შენიშნავს ლუარსაბი, და უკვე იქსოვება ფარსი მათი „რიტორიკისა“!… კომიკური სარჩული, იმდენად დიდია ტრაგედია, მაყურებლის ბაგემდე ვერ ამოდის. სამაგიეროდ, სიცილი გაისმის ისეთ დეტალებზე, როგორიცაა დათო მოურავის (მსახიობი ჯამბულ ჭანტურია) ენის წამოკიდება ანდა ლამაზისეულის (მსახიობი სოფი ჩალაშვილი) გამეორებათა ობსესია. და ეს გასაგებიცაა: იმდენად სუფთა და დახვეწილი მეტყველებითაა სპექტაკლი ნაქსოვი, რომ განზრახი ლინგვისტური ობსტრუქციები, როგორც კაცის ქუჩაში წაქცევა, მყისიერ სიცილს იწვევს.

ლუარსაბსა და დარეჯანს შორის სივრცული დისტანცია იგრძნობა, შორი-შორს სხედან; როცა მაგიდას უსხედან, იქაც, თავსა და ბოლოში განლაგდებიან. მათი ერთად ყოფნა რაღაცნაირი, „დეკორატიულია“. ამ „დეკორაციას“ უმეტესად ლუარსაბი აჯანჯღარებს. მათი ყველაზე ინტიმური სცენა (ჩემი ფავორიტი, ფინალთან – ლუარსაბის სიკვდილთან, ერთად) მაშინ ხდება, როცა ნაღვლიანი მტრედებივით თავებით მიეჭდობიან ერთმანეთს და ღმერთს შესთხოვენ, დავითის – ლუარსაბის ძმისა და მისი ცოლის, გულების გასახეთქად, ბავშვი აჩუქოს…

დარეჯანი – მშვენიერი თამარ აბშილავა-კობახიძე, მხოლოდ ლიტერატურულად თუა „შეუხედავი“, სცენაზე კი შესანიშნავ კოსტიუმში (მხატვარი – სოფი ჩალაშვილი, შემსრულებელი – მაკა კილასონია) კოხტად გამოწყობილი, მშვენიერი მსახიობი ქალი ზომიერად სევდანარევი, ზომიერად მბრძანებლური ხმითა და კილოთი, რომელმაც პავაროტის ნამღერი არიებისკენ წამიყვანა, სპექტაკლის უმეტეს ხანს, საქსოვი ჩხირებით ხელში, სკამიდან არც კი დგება. სამაგიეროდ, ლუარსაბია, რომელიც ვერ ისვენებს. მაშინ, როცა დარეჯანი ფრანგი ჰერცოგინიასავით მუნდშტუკით ეწევა, ლუარსაბი დიდ ყალიონს არ აგდებს ხელიდან.

თენგიზ თოფურიძემ, ჩემი აზრით, ლუარსაბის დაუვიწყარი პერსონაჟი შექმნა. ჩვენი საუკუნის მოვლენა – ლუარსაბის – ჟანრი ლოლაშვილის (რეჟ. რობერტ სტურუა) შემდეგ, ვფიქრობ, თენგიზ თოფურიძე შესანიშნავად გაუმკლავდა თავის ამოცანას და რეალურ ტრავმებსა და ტკივილებზე დაფუძნებული პიროვნება წარმოადგინა სცენაზე, თავისი ნაკლებითა და შესაძლოა, ორიოდე კარგი თვისებითაც. ლუარსაბი ხშირად ხარხარებს და ეს ხარხარი ნაღვლით სავსეა; თითქოს თავდაცვის მექანიზმია იმისთვის, რომ სინამდვილეს თვალებში არ ჩახედოს; სინამდვილეს, რომელიც დარეჯანის დაღუპვის შემდეგ მასვე დაეჯახება და სულს გააფრთხობინებს…

თენგიზ თოფურიძის ლუარსაბი ფსიქოლოგიურად საინტერესო და მომხიბვლელი გმირია სცენაზე. მის მომხიბვლელობას იწვევს მისი ფსიქოლოგიური სიღრმე, რომელიც მისი სხეულის ენის მეშვეობით მეტყველებს.

მთელი სპექტაკლის განმავლობაში ლუარსაბი ერთხელაც არაა გამართული; ის რაღაცნაირად მოხრილია, არა იმდენად მხრებში მოხრილი და კუზიანი, რამდენადაც წელში მოხრილივით, ძირითადად შუბლშეკრული და ყმების „დაშინება“ (თოფის გასროლით აშინებს ხოლმე) თითქოს სადისტურ სიამოვნებაში გადასდის. თითქოს, მისი ცნობიერების რომელიღაც შრე გრძნობს მის „ჩაშვებულობას“, მის გადაგვარებას და შორიდან უყვირის.

ლუარსაბი ონტოლოგიური შფოთვითაა შეპყრობილი, ძრწის არარას წინაშე, რადგან შვილი არა ჰყავს. „ეს ყველაფერი ოხრად უნდა დამრჩეს“ მოტივი გულს უღრღნის.

კოსტიუმები და სცენოგრაფია რეჟისორს ოდნავ „ფრანგულ“ სტილში აქვს გადაწყვეტილი. იმაზე მეტი სიმდიდრე და პეწი იგრძნობა, ვიდრე ნაწარმოებშია; თითქოს, რეჟისორი ნიშანს აძლევს საშუალო ფენას და სპექტაკლს სწორედ საშუალო ფენისთვის დგამს.

ამ სპექტაკლის და, ზოგადად, ლიტერატურული თეატრის უპირატესობა ისაა, რომ ნაწარმოებს იმაზე ღრმად გაკითხებს, ვიდრე იქამდე წაგიკითხავს. ვაღიარებ, რომ მეც ასე დამემართა. ლუარსაბისა და დარეჯანის ბუზებსა და ჩიხირთმა-ბოზბაშზე ბჭობაში ვიგრძენი მათი სალონური წყურვილი… თუკი ილიას ტექსტში ამ სასაცილო დისკუსიას ეროტიკული ელფერი დაჰკრავს, ვახტანგ ნიკოლავას სპექტაკლში, მომეჩვენა, რომ ლუარსაბს ფრანგული სალონის პრინცად ყოფნა სწყუროდა. უნდოდა, როგორც ადრე ვთქვი – ცნობიერების რომელიღაც შრეში ყოფილიყო გონებამახვილი, განსწავლული და ცივილიზებული; ჰქონოდა ნამდვილი სალონი, რომლის დიასახლისიც მისი სანაქებო დარეჯანი იქნებოდა…

კიდევ ერთი „აღმოჩენა“ იყო ლუარსაბის მსოფლმხედველობის პარადიგმული სურათი, რომელიც სრულფასოვნად ვიხილე სპექტაკლის მეშვეობით. კერძოდ, ლუარსაბის კოსმოლოგიურ-მესიანისტური ბოდვა, რომელიც ლიტერატურულ ტექსტში ბუზების თემის ვარიაციაა; სპექტაკლში ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია – წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, – ლუარსაბისთვის, რათა თავი კაცად იგრძნოს და ფეხქვეშ მიწა არ გამოეცალოს. ერთი სიტყვით, იმ ფსიქოლოგიურ სტრუქტურას, რომელიც ლუარსაბის ტრაგიკომედიას ქმნის, სპექტაკლმა რეალისტურ-სიმბოლურ ჟანრში ხორცი შეასხა.

და ეს ყოველივე მოთმინებითა და რუდუნებით დადგმული თეატრალური ნარატივის ფორმით, რომელშიც რამდენიმე ვიზუალურად შთამბეჭდავი სცენაა, მაყურებელს ჭვრეტასთან ერთად სმენისკენ, ანუ აზროვნებისკენ უბიძგებს.

შთამბეჭდავი სცენების მომსწრე ვხდებით სცენის მარცხენა სიღრმეში, ეტლის სცენები, რომელიც სხვადასხვა ეპიზოდში სამჯერ ჩნდება: ეტლი და ქორწილი, ეტლი და ხატის მოლოცვა, ეტლი და სიზმარი. გაფანტული კვამლი ნისლის ეფექტს ქმნის და სცენის ნაწილებისაგან საოცრად დახვეწილი კომპოზიციები იქსოვება.

ლამაზი სცენაა სცენის მარჯვენა სიღრმეში სუფრის გაშლა, სუფრისა, რომელიც არც იმდენად ღარიბულია, დიდი, ყვავილებით სავსე ლარნაკებით, სუფთა სუფრით, ჭურჭლითა და მდიდრული საკვებით; არ იგრძნობა არც „ღორის ქონი“ ფანჯრებზე… ჩაის სერვიზიც აქვთ და პატარა ზანზალაკიც მსახურთა მოსახმობად. სცენის მარჯვენა რამპასთან დიდი ქოთანიც დგას, ქოთანში ბუჩქით, რომელსაც ლამაზისეული წყალს უსხამს. 

სპექტაკლი ორი მოქმედებისგან შედგება. მეორე ნაწილი უფრო მუსიკალური, ლაკონიური, ლირიკული და დრამატულია. პირველი ნაწილის მთავარ სცენებში იგრძნობა სტატიკა და სისადავე.

მეორე მოქმედების ტრაგიკული სცენაა, როცა ლუარსაბი ეფერება „ფეხმძიმე“ ცოლს მუცელზე. ლუარსაბი ნელ-ნელა სიზმრის, უფრო ზუსტად – კოშმარის, სამყაროში გადადის. აქ თითქოს სპექტაკლი გესიზმრება. ლუარსაბის სიკვდილის წინა, ტრაგიკულ სიზმარში თანაგრძნობა გიჩნდება მის მიმართ. სწორედ ამ სიზმრისეულ ატმოსფეროში ჩნდება ცეცხლის „სპეცეფექტი“ – ჯადოს დაწვა, ბავშვის „გაჩუჩუნებაზე“ კი მაყურებელი ტაშს უკრავს და გულით იცინის. „ვენაცვალე შენს სტომაქსა! ახლა შიგ პატარა თათქარიძე ზის და ასე მგონია, ღვინოში ჭყუმპალაობს…“ – გაჰყვირის აღტყინებული ლუარსაბი. ხარხარი და ხველება ბოღმის ამონთხევის უიღბლო მცდელობებია ლუარსაბის მხრიდან. „თვალი არ დაუდგება დავითსა!“ – ასეთია საფინალო ფრაზა: რეჟისორმა შურისა და სიძულვილის მომენტი წამოსწია წინ და ლუარსაბის უბედურების მიზეზად ზნეობრივი დაცემა (შური და ბოროტება) მიიჩნია. და კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ შიში არის უბირი ადამიანის უსაშინელესი სინდრომი.

სცენა ბნელდება, ზარის რეკვა ისმის, თითქოს ორთქლმავალი გვირაბში გაიჭედა. ეს „ორთქლმავალი“ სრულიად მარტო დარჩენილი ლუარსაბია, რომელსაც სული ორთქლივით ამოსდის. ლუარსაბის სიკვდილის სცენა ამ სპექტაკლის ბრწყინვალე, შავი გვირგვინია თენგიზ თოფურიძის შესრულებით. მსახიობი შესანიშნავად გაუმკლავდა არცთუ იოლად გასამკლავებელ პერსონაჟს.

აღსანიშნავია ჯამბულ ჭანტურიას შესრულებული დათო მოურავი. ამ პერსონაჟს ცოცხალი იმპულსი შემოაქვს სცენაზე და სიხალისე. შთაბეჭდილებას ახდენს ეკა კოღუას ელისაბედი, დარეჯანის პირისპირ პერფორმანსით. ასევე, აღსანიშნავია ტარიელ ზურაბაშვილის მოსე გძელაძე და ლალი გაბელაიას მკითხავი ხორეშანი, ზურაბ ზურაბაშვილის მოსე გძელაძის ვაჟი და ზვიად ზურაბაშვილის მღვდელი. ბაბალეს თამაშობს მსახიობი ეთო მაღლაკელიძე, ახალგაზრდა დავით თათქარიძეს კი – მსახიობი გიორგი მურუსიძე. მსახიობების მიერ შესრულებული ეპიზოდური როლები სპექტაკლის კომპოზიციას ჰარმონიულად ავსებს და მოძრავი მხატვრობის ეფექტს ქმნის.

ახალგაზრდა ლუარსაბ თათქარიძეს, ახალგაზრდა დარეჯანსა და ელისაბედს თეატრის დრამატული სკოლა-სტუდიის აღსაზრდელები თამაშობენ: ამირან მალანია, თეკლა ბაბილუა და მარიამ შარტავა. სპექტაკლში მონაწილეობენ, ასევე, სტუდიის აღსაზრდელები: რაულ კიკალეიშვილი, ანასტასია ზუხბაია, ცოტნე კაცია, ანა ნატრიაშვილი, დიანა თურქია, ლუკა გრიგოლია.  

სპექტაკლს გამსჭვალავს საერთო ჰარმონია, რომელიც, უდავოდ, სენაკის თეატრის შინაგანი ჰარმონიაცაა, სხვანაირად ის სცენაზე ვერ გამოჩნდებოდა.

ჩიპოლინო

ჯანი როდარის „ჩიპოლინოს თავგადასავალი“ ნიკოლავას მიზანსცენით მხიარული, ფერადი, აუცილებლად კოსტიუმირებული, მუსიკალური, საბავშვო (4+ ასაკის მაყურებლისთვის) სპექტაკლია, რომელშიც მთავარი ძალა სკოლა-სტუდიის ბავშვი-მსახიობები არიან. დაუვიწყარია თავად ჩიპოლინო – ყველაზე ცოცხალი „ხახვი“ მსოფლიოს ხახვებს შორის – რაულ კიკალეიშვილი, რომლის თავზეც მწვანე ფოჩი პატარა ბავშვის სიხარულით მავსებდა მთელი წარმოდგენის განმავლობაში; „ხახვის“ მამა – ჩიპოლონე, არის ტარიელ ზურაბაშვილი. სენიორ პომიდორის თამაშობს ზურაბ ზურაბაშვილი, პრინც ლიმონე გახლავთ ლადო კოკაია (ორი ეგზოტიკური და ბავშვების საყვარელი გმირი); გრაციოზული მეზღაპრეა ირაკლი ადამია; ძია გოგრა, რომელსაც სახლს ართმევს კორუმპირებული ხელისუფლება – პრინც ლიმონეს, სენიორ პომიდორისა და სხვა ბოროტების ანკლავით, არის ჯამბულ ჭანტურია; ლალი გაბელია თამაშობს მომხიბვლელ ყურძენიას; გრაფინია ალუბლები, გონებაშეზღუდული, გაფუყული, დიდგვაროვანი ქალბატონები, რომელთა სიმულაკრებსაც, სამწუხაროდ, არც დღევანდელი თბილისი (და, შესაძლოა, სენაკიც) არ უჩივის, არიან: ეკა კოღუა და თამარ აბშილავა-კობახიძე. გიორგი მურუსიძე ადვოკატი ცერცვია, დიანა თურქია – ბოლოკინა, ამირან მალანია – ალუბალა, ანასტასია ზუხბაია კი – მარწყვუჩა. სპექტაკლში ასევე მონაწილეობენ სკოლა-სტუდიის მოზარდი მსახიობები: მარიამ შონია, თეკლა ბაბილუა, ცოტნე კაცია, ზუკა ლემონჯავა, ანა ნატრიაშვილი, ლუკა ჭანტურია, ლუკა გრიგოლია, ნიკა გრიგოლია, მარიამ შარტავა, მანუჩარ დგებუაძე, რომა ტყებუჩავა, ელენე ადამია, საბიანა კარანაძე, ნათია ჩიქობავა, ანი ბაღათურია, ანა ალთუნაშვილი, არჩიბალდ მაისაია, მათე ვადაქარია, ანდრია ქიტიაშვილი, ვეფხვია ძაძამია.

ჩიპოლინოს „დრამას“ სამი ეპიცენტრი აქვს: ჩიპოლინოს მამის დატყვევება და ამის გამო ჩიპოლინოს ამბოხი, საბოლოოდ კი – რევანში; გოგრისთვის სახლის წართმევა და საბოლოოდ – დაბრუნება; და ალუბალა-ბიჭუნას (ამირან მალანია) დრამა, რომელსაც იდიოტი მამიდები (გრაფინია ალუბლები) არ უშვებენ გლეხის ბავშვებთან სათამაშოდ; ამასობაში, ალუბალას უყვარდება მარწყვუჩა (ანასტასია ზუხბაია); არც მარწყვუჩაა გულგრილი მისადმი, საბედნიეროდ. საბოლოოდ, მამას გაათავისუფლებენ, კორუმპირებული ხელისუფლების წარმომადგენლები ბოდიშს იხდიან ჩადენილი უსამართლობებისთვის; გოგრას უბრუნებენ თავის სახლს; ალუბალა-ბიჭუნას გლეხის ბავშვებთან თამაშის უფლებას აძლევენ და არც მარწყვუჩასთან მეგობრობას უკრძალავს ვინმე. ჩიპოლინო და ჩაგრულნი ბედნიერები და თავისუფლები არიან!

ეს ყოველივე ხორციელდება თვალწარმტაცი სანახაობით, ემოციების ზღვაში, პატარა მაყურებლებთან უშუალო კონტაქტით: პარტერში შეჭრილი ცოცხალი პერსონაჟები ჟივილ-ხივილს იწვევს მაყურებელ ბავშვებში; ყველა მიიწევს მათკენ ფიზიკური შეხებისათვის; რუსთაველის თეატრში ბავშვების ტრაფიკია!

რაც მთავარია, სპექტაკლიდან ჟღერს სწორი მესიჯები, მართალი მორალი – პოლიტიკური, სოციალური და პირადი თავისუფლების ზღაპრული მანიფესტი!

შესანიშნავი სიმღერები და მუსიკა ეკუთვნის კოტე მალანიას. ქორეოგრაფიაზე იმუშავა გია მარღანიამ. კოსტიუმების მხატვარი ტრადიციულად სოფი ჩალაშვილია, შემსრულებელი კი – მაკა კილასონია. ტექნიკური რეჟისორია ლალი გაბელაია, შუქის მხატვარი მრავალმხრივ ნიჭიერი და სენაკის თეატრზე გადაგებული ლაშა ჟვანიაა, ხმის რეჟისურა ხვიჩა ძველაიას ეკუთვნის.  

სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა

ყველაზე დიდი და გემრიელი ლუკმა ბოლოსთვის მოვიტოვეთ! ესაა სასკოლო თეატრალური ოლიმპიადის გრანდიოზული პროექტი, რომელიც ვახტანგ ნიკოლავამ მოიფიქრა და თეატრის დასისა და თავისი პატარა მსახიობების დიდი მხარდაჭერით ახორციელებს, რა თქმა უნდა, ირაკლი ადამიასთან ერთად. პროექტის ნაწილობრივ დაფინანსებას უზრუნველყოფს ქალაქის მერია, ბიზნეს-სექტორიც აქტიურად ცდილობს, მხარში დაუდგეს ამ სასიქადულო  საქმეს.

სასკოლო თეატრალური ოლიმპიადის შინაარსი ასეთია: ყოველი წლის მაისში აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში სკოლების კონკრეტული კლასები წარმოადგენენ თეატრალური დადგმას, რომელიც ეძღვნება ყოველ წელს წინასწარ განსაზღვრულ თემას; თემას ირჩევს სენაკის თეატრი, სასკოლო პროგრამის მიხედვით. წლევანდელი საკონკურსო თემა იყო „საქართველოს მეფეები“; ესე იგი, კლასებს შეეძლოთ, ეხელმძღვანელათ, როგორც ისტორიიდან, ასევე ლიტერატურიდან. წლევანდელ ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო 12-მა სკოლამ ქალაქ სენაკიდან და შემოგარენი სოფლებიდან. საკმარისია იმის წარმოდგენა, როგორ სკასავით იყო გადაჭედილი მთელი თეატრი ოლიმპიადის ბოლო დღეს (გამარჯვებულების გამოცხადება და დაჯილდოება)…

ვახტანგ ნიკოლავას ინიციატივა უზრუნველყოფს თეატრის პედაგოგიური წვლილის ზრდას სასკოლო განათლების პროცესში. ბავშვებში იზრდება როგორც სწავლის მოტივაცია, ასევე ემოციური და შემოქმედებითი ინტელექტი თეატრალურ აქტივობაში ჩართულობით. ამასთან, აღნიშნული ღონისძიებით ხდება ახალგაზრდა მაყურებლის დაახლოება თეატრთან; ოლიმპიადა მაყურებლის მოზიდვის შესანიშნავი ხერხია. რადგან სენაკის თეატრის ბიუჯეტი მწირია და სალაროდან შემოსულ თანხებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ახალი სპექტაკლების წარმოებისთვის, ვახტანგ ნიკოლავამ უნიკალური პროგრამა შეიმუშავა: ქველმოქმედება (სასკოლო განათლების მხარდაჭერა, ბავშვებისა და მოზარდების თეატრალურ ცხოვრებაში ჩართვა) და თეატრის გაძლიერება (თეატრის პუბლიკის გაზრდა) ერთდროულად. პროექტი იმდენად მასშტაბური გამოდგა თავისი სამოქალაქო და სახალხო მნიშვნელობით, რომ წელს ოზურგეთიდან და ზესტაფონიდანაც იყვნენ სტუმრები ჩამოსულნი არასაკონკურსო ჩვენებებით.

სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა დღითიდღე ითქვამს სახელს და უახლოეს ხანებში მოსალოდნელია ამ პროექტის გაფართოება და გაძლიერება.

ვახტანგ ნიკოლავას, სენაკის თეატრში ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, საპატიო სენაკელის წოდება მიენიჭა.

ყოველ თეატრს, რომელსაც მეტ-ნაკლებად ვიცნობ, ჩემს აღქმაში ერთ, დომინანტურ თვისებას ვუძებნი და ამ თვისების შესაბამისად გამოვარჩევ. სახელსაც ასე ვუგონებ ხოლმე. მაგალითად, ზუგდიდის თეატრი დღეის მდგომარეობით, ჩემს აღქმაში „ეგზისტენციალური თეატრია“.

რაც ეხება სენაკის თეატრს, მე ის, როგორც „სიცოცხლის თეატრი“ დავინახე. რატომ? იმიტომ, რომ ეს ყველაზე ცოცხალი თეატრია იმათგან, რომლებსაც ვიცნობ; იქ ახალი თაობის ენთუზიაზმი და ჩართულობა ყველაზე მეტია. ამ თეატრის სპექტაკლებიც, საბოლოო ჯამში, თითქოს, ყველაზე მეტად სიცოცხლის იდეას ეძღვნება (საოცარი შეგრძნებაა, რომელიც თავადაც, როგორც მაყურებელს, გაცოცხლებს).

Valery OtkhozoriaTheater of Life

The “Theater” journal is launching a new column dedicated to the regional theaters of Georgia, their formations and transformations. The author notes that over the past few years, we have been witnessing more and more signs of the revival of regional theaters, which puts us in front of a new reality: the revival of theatrical life in the regions has begun! The author also traces the paths of the region’s recent past.

The first guest of the column is the Senaki State Professional Drama Theater, which bears the name of the great actor Akaki Khorava. The author has studied the theater’s recent performances and characterizes them positively.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…