„ალუდა ქეთელაურის“ მთავარი გმირის რადიკალური სულიერი სახეცვლილების განმაპირობებელი ერთ-ერთი ღრმა ფაქტორი ისიც არის, რომ სიკვდილის წინ მუცალმა მისი ვაჟკაცობა აღიარა – საჩუქრად თოფი დაუტოვა.
არქაულ საზოგადოებებში (და არამარტო) საჩუქრის მიძღვნა სწორედ ადრესატის აღიარების გამოხატულებაა; ამასთანავე ჩუქება გულისხმობს ორმხრივობას, სანაცვლო საჩუქრის მიძღვნას – საპასუხო აღიარებას, კეთილგანწყობას (პ. რიკიორი).
მუცალის უჩვეულო საჩუქარმა, მუცალის მიერ მისი ღირსების გაუთვალისწინებელმა აღიარებამ ალუდას ცნობიერებაში ძლიერი გამოძახილი პოვა და მასაც მტრის ღირსების აღიარებისკენ უბიძგა.
მუცალის მოულოდნელი, არაორდინარული ქცევა ალუდაზე მძაფრ შთაბეჭდილებას ახდენს, რამდენადაც მტრის, თანაც “ურჯულოს“, ღირსების აღიარება, მითუმეტეს დამარცხებული, სიკვდილის პირას მყოფი ადამიანისგან, მის იშვიათ სულის ძალას და სილაღეს მოწმობს.
ეს ადამიანი საჩუქრის გაცემით უსიტყვოდ მოითხოვს თავისი ღირსების სანაცვლო აღიარებას, რაც ამ შემთხვევაში უწინარესად იმით შეიძლება გამოვლინდეს, რომ ალუდამ არ შეურაცხყოს მისი ცხედარი, მარჯვენა არ მოკვეთოს მას – ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ მუცალმა იცის, როგორ ექცევიან მოკლული “ურჯულო“ მტრის ნეშტს იმ სინამდვილეში, რომლის მკვიდრიც არის.
მუცალი ალუდასთვის თოფის მოულოდნელი ჩუქებით, მისი ვაჟკაცობის უჩვეულო, უცნაური აღიარებით უთქმელად მასაც არასტანდარტულად მოქცევას, განსაკუთრებული სულგრძელობის გამოჩენას ავალებს.
ალუდას საპასუხო ჩუქება-აღიარების აქტი ბევრად უფრო დიდსულოვანი და უხვია, ვიდრე მუცალი შეიძლება ითხოვდეს – არამარტო მარჯვენას არ ჭრის და აპატიოსნებს მუცალის ცხედარს, არამარტო მის ვაჟკაცობას აღიარებს, არამედ ცხონების ღირსად, ღვთის სრულფასოვან შვილად, თავის მოყვასად მიიჩნევს „ურჯულო“ მტერს და მას შესწირავს საკუთარ მაღალ პრესტიჟს, წარმატებულ ცხოვრებას მშობლიურ მხარეში, მისი გულისთვის სასწორზე შეაგდებს საკუთარ სიცოცხლეს.
მაგრამ მუცალის საჩუქარმა ალუდაზე კიდევ უფრო ღრმა ფსიქოლოგიური და მორალური ზემოქმედებაც მოახდინა. ალუდა რომ იძულებს მკვლელობას, სისხლისღვრას, სისასტიკეს, მას დანაშაულის გრძნობა, თავისი „კაციჭამიობის“ მიმართ ზიზღი და განწმენდის მოთხოვნილება რომ უჩნდება, ამაში მუცალის მიერ ნაჩუქარი იარაღის წილი დიდია.
სიზმარში, რომელიც ნაწარმოების მთავარი პერსონაჟის შინაგან სამყაროში მიმდინარე დრამატული პროცესის ყველაზე ტევადი და მკვეთრი გამოსახულებაა, ის ხედავს:
„ერთ წამს ხელ ვინამ დამტაცა,
ტარი ჩამიდვა ხანჯრისა.
შავხედენ, მუცალი იყო,
ტანთ ეცვა ჯაჭვი რვალისა…
„მინდა სიკვდილი, არ ვკვდები,
მამკალო, – მითხრა ხვეწნითა,
– თქვენ დაგრჩესთ წუთისოფელი,
მე კი წავიდე ქვეყნითა.
დაძეღით, ხევსურთშვილებო,
ლაშქრობით, ხმლების ქნევითა!“.
ამას მოსდევს ალუდას მიერ თავისი თავის კანიბალად დანახვა და ეს მუცალის ქმედების გამო ხდება, რომელმაც მტკივნეული სიცხადით უჩვენა, რომ საზარელი მკვლელია, უჩვენა იმით, რომ ხანჯალი გადასცა როგორც კაცისკვლის მოყვარულს, ამ საქმის ოსტატს და სთხოვა, მოეკლა იგი.
საიდან ჩნდება აქ ხანჯალი? ჩნდება იქიდან, საიდანაც აღმოცენდება მუცალის სიზმარეული სახის მეორე დეტალი, რომელიც ალუდას ასევე მტკივნეულად აგრძნობინებს, რომ ის მკვლელია:
„გულზედ ეჩნივა ნიშანი
მე-დ იმის ბრძოლის წამისა,
ეფივა ნატყვიარშია
ლეგა საფევი ბრძამისა“.
ცხადია, რომ ალუდას სიზმარში არეკლილია მისი და მუცალის ორთაბრძოლა. ოღონდ თუ მუცალის მიერ ჭრილობაში ბალახის ჩაფენამ რეალობიდან სიზმარში უცვლელად გადაინაცვლა, თოფი სიზმარში მუცალის სხვა იარაღად, ხანჯლად გარდაისახა, ალუდასთვის თოფის გადაცემა სიზმარში ხანჯლის გადაცემად იქცა. ასეთი გარდასახვა, ჩანაცვლება ფსიქოანალიზში სიზმრის ერთ-ერთ ძირეულ მახასიათებლად არის მიჩნეული – რეალური საგნები, არსებები, მოვლენები სიზმარში სახეს ისე იცვლიან, რომ თავიანთ არსობრივ იდენტობას, რაობას ინარჩუნებენ.
მუცალის საჩუქარი, სიზმარში სხვა სახით მოვლენილი, ორაზროვანია – თუ ეს, ერთი მხრივ, ალუდას ღირსების აღიარებაა, მეორე მხრივ, ეს თოფია, მომაკვდინებელი იარაღია. სიცოცხლის მომსპობი იარაღის ჩუქებამ ალუდას სულის სიღრმეში სასტიკ მკვლელად აღაქმევინა საკუთარი თავი და მტანჯავი სინდისი გაუღვიძა.
მუცალის ნაჩუქარი იარაღის წყალობითაც არის, რომ ალუდაში კვდება ბრუტალური ადამიანი და იბადება სინდისიერი, ჰუმანური პიროვნება.
თითქოსდა ჩეხოვის ცნობილი გამონათქვამის შესატყვისად (რომ თოფი, რომელსაც მაღალი დონის სპექტაკლის დასაწყისში დავინახავთ, ბოლოს აუცილებლად გაისვრის), მუცალის მიერ ნაჩუქარი იარაღი შემდეგ ისევ გაჩნდა და დაეხმარა ალუდას, სინდისის ძალით დაეთრგუნა თავისი არსების აგრესიული საწყისი. მუცალმა ალუდას თოფთან ერთად უნებლიეთ განსაკუთრებულად მგრძნობიარე და მოუსყიდველი სინდისი აჩუქა.
* * *
საჩუქრის, ჩუქების ფენომენის როლი „სტუმარ-მასპინძელშიც“ მნიშვნელოვანია.
აქ თუმცა ზვიადაური არ იჩუქებს ახლადგაცნობილი ქისტის ნანადირევის ნაწილს, მაგრამ ამის გადამფარავ საგანგებო საჩუქრად გვევლინება ჯოყოლას მიერ ქისტებთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული ტომის წევრის თავისთან სტუმრად მიპატიჟება, რომელსაც იგი თანხმდება.
მ. ენაფის თქმით, რომელმაც საჩუქრის ფენომენი, მისი ინტერპრეტაციების ისტორია სპეციალურად შეისწავლა, სტუმართმოყვარეობა, სტუმარმასპინძლობა არის „დამოკიდებულება სხვისადმი როგორც ჩუქების დამოკიდებულება და ორმხრივობის მოთხოვნა. ლაპარაკია არა საჩუქარზე როგორც მოწყალებაზე, არამედ მტკიცე კავშირზე, რომელიც წარმოიშობა მასპინძლობის შეთავაზების ჟესტში და ითვალისწინებს შეხვედრისთვის პოზიტიური მნიშვნელობის მინიჭებას და პასუხის შესაბამისი ჟესტით გაცემის აუცილებლობას“.
„სტუმარ-მასპინძელში“, ისევე როგორც „ალუდა ქეთელაურში“, საჩუქარი მისი მიმღების აღიარების გამოხატულებაა. ქისტების და ხევსურების ეთნიკურ-რელიგიური მტრობა ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთს სრულფასოვან ადამიანებად არ თვლიან და ამგვარ ვითარებაში ყველაზე ძნელი და ამდენად ღირებულიც მათ მიერ ერთმანეთის ღირსების აღიარებაა.
ჯოყოლამ შეჭირვებული ხევსურისთვის თავისი სტუმართმოყვარული სითბოს და მზრუნველობის ჩუქებით მისი ადამიანური ღირსება აღიარა – მოულოდნელი, უჩვეულო რამ გააკეთა, არასტერეოტიპულად მოიქცა, ხოლო ზვიადაურმა მიპატიჟებაზე დათანხმებით ასევე აღიარა ჯოყოლას ღირსება.
გარეგნულად ეს, ჯოყოლას დამსახურებით, ხდება უბრალოდ და ადვილად, თითქოს სხვანაირად არც შეიძლება იყოს, თითქოს ამაში განსაკუთრებული და პრობლემური არაფერია. სინამდვილეში ზვიადაურის და ჯოყოლას სტუმარმასპინძლობა ჩანასახშივე არაორდინარულია და ორივესთვის დიდი პოტენციური საფრთხის შემცველია.
ზვიადაური მიდის ქისტურ თემში, რომლის წევრებსაც იგი ბევრჯერ უნახავთ სასტიკი, საშინელი მტრის სახით და ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ ქისტები ვერ იცნობენ და ანგარიშს არ გაუსწორებენ. მაგრამ ზვიადაური მაინც იღებს ჯოყოლას მიწვევას – არამხოლოდ იმიტომ, რომ არქაულ საზოგადოებებში საჩუქარზე უარის თქმა მტრული დამოკიდებულების გამომჟღავნებად ითვლება, რომ აქ საჩუქრის მიღება და შემდგომში საპასუხო საჩუქრის გაცემა სავალდებულოა; რაც მთავარია, ზვიადაური მიწვევას თანხმდება იმიტომ, რომ ჯოყოლას მოულოდნელმა და უჩვეულო გულისხმიერებამ, სულის სიუხვემ, ნდობამ, ჯოყოლას მიერ მის სრულფასოვან, კეთილი დამოკიდებულების და მზრუნველობის ღირს ადამიანად გაუთვალისწინებელმა, უცაბედმა აღიარებამ მასშიც კეთილმოსურნეობა და ნდობა დაბადა, იგი ჯოყოლას ღირსების მადლიერი აღიარებისთვის განაწყო; და მან ჯოყოლას უცნაური სიუხვის სანაცვლოდ სავსებით რეალურ სასიკვდილო საფრთხეს არ აარიდა თავი.
ჯოყოლას მიერ არასტანდარტულ სიტუაციაში გამოვლენილი სტუმართმოყვარული სიუხვე მისთვის ასევე სახიფათოა. ქისტებს და ხევსურებს შორის განუწყვეტლივ მიმდინარე კონფლიქტის პირობებში მტრული ეთნოსის და რელიგიის წარმომადგენლის საკუთარ თემში სტუმრად მიწვევა რომ სახიფათო ნაბიჯია, ამას ჯოყოლა უჩუმრად გრძნობს და აცნობიერებს. ეს ერთბაშად იჩენს თავს ჯოყოლას პირველ რეაქციაში კრიტიკულ სიტუაციაზე, რომელიც იქმნება მაშინ, როცა მის ოჯახს თავს დაესხმებიან:
„ნამდვილ აკლებას გვიპირებს,
გვღალატობს ჩვენი სტუმარი;
ძმობით და მეგობრობითა
შემოგვაპარა ლაშქარი!“.
აშკარა ხდება, რომ ჯოყოლამ თავისი სიცოცხლე და თავისი თემის უსაფრთხოება რისკიანად ანდო ზვიადაურს, რომელმაც ასევე მიანდო მას საკუთარი სიცოცხლე.
„სტუმარ-მასპინძლის“ მთავარი გმირების მიერ საჩუქრის გაცემა და მიღება, ამით მიღწეული მათი უჩვეულო ურთიერთაღიარება საბოლოოდ ტრაგიკულად იქცევა ერთმანეთისთვის სიცოცხლის შეწირვად.
Tamaz Vasadze – Unusual Gifts
The critic and literary scholar, in his own unique perspective, approaches the new interpretations of two poems by the brilliant Georgian poet – Vazha-Pshavela – “Guest-Host” and “Aluda Ketelauri”.