საბა მეტრეველის სტატია

სალონებში ჩაკარგული ქართული რომანტიკული თეატრი…

, , ,

გრიგოლ ორბელიანის არტისტული პროფილი

პირადი წერილების მიხედვით

III ნაწილი

რომანტიკული თეატრი ჩვენს სინამდვილეში მრავალი მიზეზის გამო ვერ შეიქმნა, თუმცა ამ ეპოქაში თავისუფლებადაკარგულ კოლონიურ საქართველოში კარგად ესმოდათ თეატრის მისია და დანიშნულება. გრიგოლ ორბელიანი წერდა: „პირველი სალხინო ადგილი არს თეატრი, რომელიცა გამოაჩენს ხარისხსა ერის განათლებისასა და აქვს დიდი ძლიერება ზნეობასა ზედა, რამეთუ თეატრი არს ცხოვრებისა ჩვენისა წარმოდგენა… თეატრი არის პირველი განმწმენდელი ზნეობისა ჩვენისა ყოველთა სიბილწეთაგან. მუნ ვხედავთ ყოველთა ჩვენთა ნაკლულოვანებათა“. როგორც პროფესორი იუზა ევგენიძე წერდა: „გრ. ორბელიანის მსჯელობაში ბრწყინვალედ არის გაცხადებული თეატრის, როგორც ესთეტიკური, ასევე ეთიკურ-სოციალური და ეროვნული მიზანდასახულობა, რაც რასაკვირველია დიდი ქართველი რომანტიკოსის აზრს ქმედით ძალას ანიჭებს ჩვენი ხალხის კულტურული ცხოვრებისათვის“ (ევგენიძე, 1995, 79-80).

რადგან რომანტიზმი სუბიექტის შინაგან აქტივობაზეა დამყარებული, ქართულ რეალობაში თეატრალური ცხოვრება სალონურმა ყოფამ ჩაანაცვლა. მან შეითავსა ის, რაც პიროვნების შინაგანი მოთხოვნილება იყო – ხმამაღლა გაენდო თავისი სათქმელი სხვისთვის. როგორც უკვე ვთქვით, მანანა ორბელიანი უშეღავათო კრიტიკოსი ყოფილა. სწორედ მან გააკრიტიკა 1835 წელს გრიგოლ ორბელიანის მიერ სალონში წასაკითხად გამოგზავნილი მუხამბაზი „სულით ერთო, მოლხინენო, აწ შეკრბით“ და ავტორს შეულამაზებლად მისწერა: „ვერაფერი გახლდათ შენი ლექსი „დიპლიპიტო“ (ლექსის ყოველი მეხუთე ტაეპი ბოლოვდებოდა სიტყვებით: დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ!“ – ს. მ.). შენ დღეში ამისთანა უგემური ლექსი არ გითქვამს“. ასევე, არსებობს მანანა ორბელიანის წერილი, რომელშიც დაბეჯითებით სთხოვს გრიგოლ ორბელიანს „რუსლან და ლიუდმილას“ ქართულად თარგმანს. მერე გრიგოლმა მისწერა ნინო ჭავჭავაძეს: „გიჟი მანანა უფრო გაგიგიჟებიათ, გადამკიდებია,  მითარგმნეო“.

გრიგოლ ორბელიანის არტისტული  კარიერის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. 1844  წ. ალ ჭავჭავაძემ თარგმნა კორნელის ტრაგედია „სინნა“, რომელიც უნდა წარმოედგინათ მისსავე სახლში. ამ სპექტაკლში მონაწილეობდნენ: თვით ალ. ჭავჭავაძე, ნ. ბარათაშვილი, გრ. ორბელიანი, გრ. დადიანი (კოლხიდელი) და სხვ. თუმცა, ალ. ჭავჭავაძის ეს წამოწყება არ განხორციელებულა.

გრიგოლ ორბელიანის პირადს წერილებზე მუშაობისას ჩვენი ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ, მიუხედავად პოეტის რუტინული სამხედრო კარიერისა, რომელიც ძალაუნებურად თრგუნავდა ყოველგვარ რომანტიკულს, მაინც იგრძნობოდა სათეატრო ხელოვნების მიმართ მისი დაუოკებელი ინტერესი და სიყვარული. ეს არ იყო მხოლოდ დრამატული თეატრით გატაცება. წერილებში აშკარად ჩანს, რომ არც ერთი შემთხვევა პოეტის პირადი ცხოვრებიდან, როცა ის რაღაც ფორმით იყო დაკავშირებული თეატრთან, არ დარჩენილა ემოციურად შეუფასებელი. აღსანიშნავია, რომ პოეტს განზრახული ჰქონია თავისი შეხედულებების სისტემური და ჩამოყალიბება თეატრის შესახებ, თუმცა ჩვენამდე მხოლოდ სათაურებმა მოაღწია, მათ შორის:. „Влиание театра на нравственность“, „აღწერა თეატრისა, სადაც არ არის, მუნ არცა არს განათლება ხალხისა“.

გრიგოლ ორბელიანს ყოველთვის ჰქონდა რეფლექსია თეატრალურ მოვლენაზე. საილუსტრაციოდ რამდენიმე პასაჟს მოვიხმობთ:

1831 წლის ოქტომბრიდან – 1832 წლის თებერვლამდე იმყოფება პეტერბურგში და თეატრებში ესწრება წარმოდგენებს:

  • კარლა მარია ვებერის მიერ როსინის, სპონტანისა და რომანის მუსიკაზე შექმნილ ბალეტს „ლაღი მსროლელი“;
  • ანტუან ტიტიუსის მიერ დადგმულ პანტომიმურ ბალეტ „კია-კინგს“;
  • ბალეტმაისტერ ბლაშის მიერ დადგმულ ბალეტს – „დონ-ჟუანი, ანუ დამარცხებული უღმერთო“;
  • გრიბოედოვის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „ვაი ჭკუისაგან“;
  • ბომარშეს პიესის მიხედვით შექმნილ ჯოაკინო როსინის ოპერას „სევილიელი დალაქი“.

ჯერ კიდევ XIX საუკუნის 30-იან წლებში გენერალ ნიკიტა პეტრეს ძე პანკრატიევის დავალებით მოსკოვსა და პეტერბურგში მყოფი პოეტი თავის დღიურებში ვრცლად გვესაუბრება სათეატრო ნაგებობების შესახებ. 1832 წლის აპრილში სანიმუშო ქვეით პოლკთან ერთად დგას ნოვგოროდის მისადგომებთან და თავის შორეულ ნათესავს, მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს, გიორგი ავალიშვილს, სწერს წერილს, რომელშიც დაწვრილებით მოუთხრობს პეტერბურგში ყოფნისა და იქედან ნოვგოროდამდე მისვლის ამბებს. მათ შორის საგანგებოდ გამოყოფს: „მრავალჯერ ვიყავ თეატრშიც, მარამა მოსკოვის თეატრი არს უმჯობეს ძვირფასის შენობითა და სიდიდითა“.

1835 წლის მარტში იმყოფება რიგაში. ესწრება თეატრალურ წარმოდგენას, მაგრამ ისეთი აღფრთოვანებული არ არის, როგორც – მოსკოვისა და პეტერბურგის თეატრებით.

1850 წლის იანვარში, როცა ქართული თეატრი აღადგინა გიორგი ერისთავმა და კომედია „გაყრა“ წარმოადგინა, გრიგოლ ორბელიანი თემირხანშურში (საოლქო ქალაქი დაღესტანში, ამჟამად ბუინაკსი) იმყოფებოდა, სამხედრო მოვალეობას ასრულებდა. როგორც კი შეიტყო თბილისში სათეატრო ცხოვრების გამოცოცხლების შესახებ, სასწრაფოდ წერილი გაუგზავნა ძმას და სთხოვა: „ჩემო საყვარელო ძმაო ილიკო! შენი წერილი ამ მინუტში მომიტანეს, რომელშიაც მწერ თეატრში თამაშობასა. სწორედ გითხრა, ძალიან ვნანობ, რომ ეგ პირველი ქართული კამედია ვერა ვნახე. ჩემო ილიკო გთხოვ გამომიგზავნო ეგ კ[ამედი]ა, რომელიცა არ წამიკითხავს“.

ამავე წლის 25 იანვარს თემირხანშურადან წერილს  სწერს მიხეილ ვორონცოვს, მადლობას უხდის იმისთვის, რომ მისი მზრუნველობით თბილისში დაიდგა გიორგი ერისთავის „გაყრა“ (წყარო: გაზეთი „ივერია“, 1889, 6 ოქტომბერი, N211, გვ. 2).

1853 წლის 2 იანვარს პოეტი თემირხანშურშია და წერილს სწერს ილია ორბელიანს, რომელსაც სიხარულით ატყობინებს: „შურაში გავმართეთ თეატრი ასე კარგად, რომ ძალიან მოგეწონება; ქალებიც თამაშობენ, და მეტადრე მადამ პაღარ-ჟელსკაია დიდად გამოჩენით;  კაცებში კნიაზ ბაგრატიონი და სემენოვი საუცხოვოდ ჰსთამაშობენ“. თამაშის ხელოვნებით გატაცებულ რომანტიკოს პოეტს სჯერა, რომ „ტყუილის თვალების ტრიალებით და მიმოკანკლედობით თავს ვერავინ მოაწონებს, თუ არ ჭეშმარიტის მშვენიერებით, ანუ ჭკუითა“ (1847 წლის 13 იანვარს რძლისთვის მიწერილი წერილი).

1865 წლიდან პოეტის ბარათებში უკვე თბილისური თეატრალური ყოფის დეტალები გამოჩნდება, მაგალითად: ბარბარე ბაგრატიონი-ორბელიანისადმი გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ: ზამთარი გადის ძალზედ მხიარულად; რომ აღარაფერი ვთქვა იტალიურს თეატრსა და ერთობ სასიამოვნო საღამოებზედ დიდს კნიაზთან, ძალზედ ხშირად ეწყობა ხოლმე კეთილშობილი სპეკტაკლები საქველმოქმედო მიზნითა. ერთ-ერთ მათგანში, პიესაში `დილა~ ხელმძღვანელთან ბრწყინვალედ აჩვენა თავი ნინა ოპოჩინინამ და მასთან ერთად მეინდორFმაპოზენმა,Fილოსოოვმა, ზინოვიევმა, ბებუთოვმა; კონცერტებზედ გამოირჩევიან ყორღანოვი, კარმალინა და განსაკუთრებით ახალგაზრდა ოგარევა _ ახალი Fრეილინა. ხმა მისი სწორედ რომ ფლეიტაა“.  

ამავე წლის მარტში ისევ ბარბარე ორბელიანს პოეტი მისწერს: „გავიდა ზამთარი, არ გვინახავს არცა ყინვა, არცა თოვლი…  თბილი, ნათელი დღეები უხმობდნენ ბინადართ სხუადასხუა გართობებისთვის: საღამოები, ბალები, თეატრები, სპეკტაკლები“.

გრიგოლ ორბელიანისათვის თეატრალური ცხოვრება ასოცირდება პროგრესთან: „თბილისი მხიარულობს მთელის ძალითა: მუშთეიდს რუსული თეატრია, მონპლეზირში სეირნობანი, სანსუსში აგრეთვე რუსული თეატრი. ხომ მართლაც საოცარი პროგრესია? “ – ეკითხება ბარბარე ორბელიანს.

პოეტისთვის ერთდროულად მნიშვნელოვანია რუსული დრამატული თეატრიცა და იტალიური ოპერაც. 1863 წელს ნიკო ჭავჭავაძეს სწერს: რუსის თეატრი არის დიდად გაჩაღებული და მრავალი ხალხიც დაიარება, თუმცა იტალიანსკის ოპერაც ისევ ისე მიჩნეულია და შეყვარებული“.

1872 წელს პოეტი გახარებულია იმით, რომ: „ამ ზამთარს არის დიდად გაჩაღებული არტისტიჩესკის კრუჟოკი, სადაცა ყოველს კვირას ერთხელ, ორჯელ, ხან აქვს ბალი, ხან მასკარადი, ხან თეატრი. თითქმის მთელი ქალაქი არის ჩაწერილი ჩლენად ამ კრუჟოკში და არის დიდი გაკვრა-გამოკვრა, მხიარულება, ტანციობა დიდს ხანსა“. გარდა ამისა, გრიგოლ ორბელიანი აღფრთოვანებას ვერ მალავს იმის გამო, რომ: „Русскiй Театр вообще удовлетворителен, но опера с каждым годом становиться безталантнее. Одно только Оркестр в самом деле превосходен по прежнем“ (1872 19 იანვარი).

თეატრალური ხელოვნებაზე ასე შეყვარებულ გრიგოლ ორბელიანს ძნელია დასწამო უყურადღებობა და უსულგულო დამოკიდებულება ქართული პროფესიული თეატრალური დასის აღდგენის მიმართ. ილიას თაობის ამ ინიციატივას ის ნაადრევად მიიჩნევდა, საამისო ნიადაგს ვერ ხედავდა და თავის თვალსაზრისს ასე ასაბუთებდა: „გავჰბედავ კი და გულწრფელობით მოგახსენებ, რომ არა ვარ თანამგრძნობი ქართულის თეატრის ამ ჟამად დაწესებისა, რომელზედაც დახარჯული ფული მგონია დაკარგულად. მე არ მესმის, როგორ უნდა დაემყაროს თეატრი, რომელსა არა აქუს თავისი შენობა, რომელსა არა ჰყავს გასწავლული აქტიორები, რომელსა არ შეუძლიან შენახვა თავისა თვისისა? და თუ ქართულის ენის მოყუარენი წარმოადგენენ რასმე წელიწადში ორჯერ, სამჯერ, ხომ ეხლაც არის ამგუარი თეატრი… ვინ იტყვის, რომ შვილების აღზრდა, სახალხო შკოლები, თეატრი, არ იყოს საჭირო ჩუენთვის? ვინ არ იცის, რომ სამივე ესე საგანი არის ხალხისა სულითა ამაღლება, გონების გახსნა და თვით ეკონომიური შემატება. მაგრამ არა მგონია, რომ ჩუენსა ბანკსა ჰქონდეს ისეთი შეძლება, რომ ეს სამივე მეტად დიდი და ძნელი საქმე, ერთსავე დროისა, დაამკვიდროს საფუძვლიანად, შეურყევლად“- წერს პოეტი და მიიჩნევს, რომ „ქართველები ვართ ბუნებით გულმსწრაფნი; გვინდა ხვალვე იყოს მზად ყოველი, რაცა გვსურს. ჰსჯობს ნელ-ნელა წავიდეთ წინა, ვიდრე სიჩქარით დავრჩეთ შუაგზაზე დაღალულნი“ (მეუნერგია 1957: 265-266).

სათეატრო ხელოვნების მიმართ გრიგოლ ორბელიანის განსაკუთრებულმა ინტერესმა და სიყვარულმა განაპირობა ისიც, რომ ამდენმა ნანახმა და განცდილმა მასში კრიტიკოსის უნარები განავითარა. ის არ ყოფილა გულუბრყვილო შემფასებელი მხატვრული მოვლენისა. საილუსტრაციოდ პოეტის ეს რეპლიკაც გამოდგება: „იმჟამად თეატრები (იგულისხმება 1834 წელი და პეტერბურგი..)  ბრწყინავდნენ ბალეტებით „კიაკინგი“, „დამარცხებული უღმერთო“, „ვაი ჭკუისაგან“, „სევილიელი  დალაქი“ და ყველას ვერც გაიხსენებ კაცი. და მე უკვე თავად გავხდი მკაცრი შემფასებელი მსახიობის ტალანტისა“. რაოდენ სამწუხაროა, რომ სათეატრო კრიტიკის მისეულმა ჩანაწერებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია, თუმცა ადვილი წარმოსადგენია, რამდენად ბასრი იქნებოდა მის მიერ გამოთქმული შენიშვნები.

დასასრულ, კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ერთდროულად წარმოაჩენს გრიგოლ ორბელიანის, როგორც დიდი თეატრალის ანტურაჟს, ისე – მის ესთეტიკასაც. 1867 15 სექტემბერს ალექსანდრე ოლდენბურგელისთვის გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ: „რუსული თეატრი ძალზედ კარგია; იტალიური ოპერა გამოირჩევა ახალის პრიმადონით, რომელიც შესანიშნავადა მღერის, მაგრამ ძალზედ, ძალზედ შეუხედავია და ამის გამო მე მას ვუსტვენ. აბა, შენ რას იზამდი?“

რაოდენ უცნაური და მრავლისმთქმელია ის, რომ63 წლის პოეტს შეუძლია (თანამედროვე ტერმინით თუ ვიტყვით) თინეიჯერივით მოიქცეს – იჯდეს ოპერის თეატრში, უსმენდეს გამართულ ვოკალს, მაგრამ არ მოსწონდეს მომღერლის ვიზუალი და თავგამოდებით უსტვენდეს პარტერიდან. ასეთი გრიგოლ ორბელიანის წარმოდგენა მართლაც, რომ ზუსტად გამოკვეთს მის არტისტულ პროფილს!

ჩვენ ახლა წარმოვადგენთ პოეტის ცხოვრების მატიანიდან ყველა შემთხვევას, რომლებიც რაღაცით უკავშირდებოდა თეატრალურ ხელოვნებას:

1831

8 ოქტომბერი

საღამოს მიდის დიდ თეატრში, სადაც იმართება სამი წარმოდგენა: მოცეკვავე დარია ლაპუხინა-რიშარის ბენეფისი ჟან-ანრი-ფერდინან ლამარტელიერის ისტორიულ ბალეტში „თავისუფალნი მსაჯულნი, ანუ ბარბაროსობის დრონი“, ეჟენ სკრიბის ვოდევილი „პირველი სიყვარული“ და ლუი მილონის ბალეტი პანტომიმა „ნინა, ანუ სიყვარულით გაგიჟებული“. თეატრში ხვდება ოქროპირ ბატონიშვილს, რომელიც თავისთან იწვევს. დღიურში აკეთებს ჩანაწერებს ამ დღის მოვლენების შესახებ.

წყარო: დღიურის ჩანაწერი, სეა, საისტორიო არქივი, 2-1-2015, გვ. 190r.

1831

11 ოქტომბერი

საღამოს ესტატე თარხნიშვილსა და ვახტანგ ციციშვილთან ერთად მოსკოვის დიდ თეატრში ესწრება ვიქტორ დიუკანჟისა და დინოს დრამას „ქაღალდის მოთამაშის ცხოვრება“ პავლე მოჩალოვის მონაწილეობით. დღიურში აკეთებს ჩანაწერებს ამ დღის მოვლენების შესახებ.

წყარო: დღიურის ჩანაწერი, სეა, საისტორიო არქივი, 2-1-2015, გვ. 190r.

1831

13 ნოემბრის შემდეგ

წერილს სწერს პეტერბურგიდან თბილისში სიძეს, მელიტონ ბარათაშვილს. უზიარებს ქალაქის სანახაობებითა და თეატრით გამოწვეულ შთაბეჭდილებებს.

წყარო: მელიტონ ბარათაშვილის წერილი გრიგოლ ორბელიანს, სეა, საისტორიო არქივი, ფონდი 2, აღწერა 1, საქმე №2115, გვ. 90r-v.

1831

13 ნოემბრის შემდეგ

წერილს სწერს პეტერბურგიდან თბილისში სიძეს, მელიტონ ბარათაშვილს. უზიარებს ქალაქის სანახაობებითა და თეატრით გამოწვეულ შთაბეჭდილებებს.

წყარო: მელიტონ ბარათაშვილის წერილი გრიგოლ ორბელიანს, სეა, საისტორიო არქივი, ფონდი 2, აღწერა 1, საქმე №2115, გვ. 90r-v.

1832

1831 15 ნოემბრიდან-1832  6 იანვრამდე

დღიურის ჩანაწერებში დაწვრილებით აღწერს პეტერბურგს: ალექსანდრე ნეველისა და სმოლნის მონასტრებს, პეტრე-პავლეს ციხეს, იმპერატორის აკადემიას, კადეტთა კორპუსებს, ობოლთა თავშესაფარს, ხელოვნების აკადემიას, ეკატერინესა და მარიას ინსტიტუტებს,  სამშობიარო ინსტიტუტს, ღარიბთა საავადმყოფოს, მარმარილოს, თავრიდისა და ზამთრის სასახლეებს, პეტრე პირველის ძეგლს, თეატრებსა და პარკებს.

წყარო: დღიურის ჩანაწერი, სეა, საისტორიო არქივი, 2-1-2015, გვ. 192r, 183r-186v, 199r-200v, 202r-203v, 1457-1-21, გვ. 44rv, 59v-63r.

1832

20 იანვარი

გამოსამშვიდობებლად მიდის ფარნაოზ ბატონიშვილთან, შემდეგ თეატრში ესწრება ალექსანდრ გრიბოედოვის პიესის „ვაი ჭკუისაგან“ წარმოდგენას.

წყარო: დღიურის ჩანაწერი, სეა, საისტორიო არქივი, 2-1-2015, გვ. 201v.

1832

აპრილი

გიორგი ავალიშვილს სწერს წერილს, რომელშიც დაწვრილებით მოუთხრობს პეტერბურგში ყოფნისა და იქედან ნოვგოროდამდე მისვლის ამბებს: „მრავალჯერ ვიყავ თეატრშიც, მარამა მოსკოვის თეატრი არს უმჯობეს ძვირფასის შენობითა და სიდიდითა“.

წყარო: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა, ტ. 2, გრიგოლ ორბელიანი, ნაწილი 1, თბ., უნივერსალი, 2012. გვ.14-15.

1831 ოქტომბრიდან – 1832 თებერვლამდე

პეტერბურგის თეატრებში ესწრება წარმოდგენებს: კარლ ვებერის ბალეტს „ლაღი მსროლელი“, ანტუან ტიტიუსის მიერ დადგმულ პანტომიმურ ბალეტ „კია-კინგს“, ბალეტმეისტერ ბლაშის მიერ დადგულ ბალეტს – „დონ-ჟუანი, ანუ დამარცხებული უღმერთო“ და ბომარშეს პიესის მიხედვით შექმნილ ჯოაკინო როსინის ოპერას „სევილიელი დალაქი“.

წყარო: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა, ტ. 2, გრიგოლ ორბელიანი, ნაწილი 1, თბ., უნივერსალი, 2012. გვ.14

1834

სექტემბრის შემდეგ

წერილს სწერს თეოდორ გელშერტის. უყვება სამი წლის განშორების შემდეგ  საკუთარ თავგადასავალს და, ბოლოს, აღნიშნავს: იმჟამად თეატრები (პეტერბურგში..)  ბრწყინავდნენ ბალეტებით „კიაკინგი“, „დამარცხებული უღმერთო“, „ვაი ჭკუისაგან“, „სევილიელი  დალაქი“ და ყველას ვერც გაიხსენებ კაცი. და მე უკვე თავად გავხდი მკაცრი შემფასებელი მსახიობის ტალანტისა.

წყარო: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა, ტ. 2, გრიგოლ ორბელიანი, ნაწილი 1, თბ., უნივერსალი, 2012. გვ. 51-56.

1835

20 მარტამდე

იმყოფება რიგაში. ესწრება თეატრალურ წარმოდგენას, მაგრამ ისეთი აღფრთოვანებული არ არის, როგორც მოსკოვისა და პეტერბურგის თეატრებით.

წყარო: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა, ტ. 2, გრიგოლ ორბელიანი, ნაწილი 1, თბ., უნივერსალი, 2012. გვ. 63-65.

1835

11 აპრილი

იმყოფება ვილნოს (დღევანდელი ვილნიუსი) გუბერნიაში და საპასუხო წერილს სწრს ნინო ანდრონიკაშვილ-ერისთავს: „დროცა  მიდის მხიარულად фორტოპიანოს დაკრვაში,  ტანციობაში, სიმღერაში, სეირნობაში და მრავალგუარ შექცევაში.  ამას წინათ ვი[ყავ] რიღის ქალაქში, სადაცა არის თეატრი, მაგრამ პეტერბურღის და მოსკოვის თეა[ტრებსა] ვერ შეედრება“.

წყარო: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა, ტ. 2, გრიგოლ ორბელიანი, ნაწილი 1, თბ., უნივერსალი, 2012. გვ. 65-67.

1847

13 იანვარი

იმყოფება სახანო სოფელ  ჯუნგუთში (დაღესტანი, ამჟამინდელი ბუინაქსკის რაიონი) და მოკითხვის  წერილს სწერს ძმის, ზაქარიას, მეუღლეს – ქეთევან დიმიტრის ასულ ალექსი-მესხიშვილი-ორბელიანს,რომელსაც აცნობს  თეიმხანშურის საამო ცხოვრებას: „ირწმუნე, ძალუავ, თემირხანშურაში დიდი შექცევაები არის: სობრანიე, კლუბი, თეატრი, კავალკადები… აქ ტყუილის თვალების ტრიალებით და მიმოკანკლედო[ბით] თავს ვერავინ მოაწონებს, თუ არ ჭეშმარიტის მშვენიერებით, ანუ ჭკუითა“.

წყარო: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა, ტ. 3, გრიგოლ ორბელიანი, ნაწილი II, თბ., უნივერსალი, 2012. გვ. 51-52.

1847

28 აპრილი

ჯუნგუთაიდან მოკითხვის  წერილს უგზავნის ძმის, ზაქარიას, მეუღლეს – ქეთევან ალექსი-მესხიშვილი-ორბელიანისას; ატყობინებს, რომ, გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, დასრულდა მეჯლისები და თეატრები თემირხანშურაში   და ახლა საზოგადოება ბაღში სეირნობით ირთობს თავს.

წყარო: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა, ტ. 3, გრიგოლ ორბელიანი, ნაწილი II, თბ., უნივერსალი, 2012. გვ.65-67.

1850

25 იანვარი

იმყოფება თემირხანშურში (საოლქო ქალაქი დაღესტანში, ამჟამად ბუინაკსი), იღებს  ძმის, ილია ორბელიანის წერილს და პასუხად სწერს, რომ გაუგზავნოს პირველი ქართული კომედია „გაყრა“, რომელშიც თავად ილიკოც თამაშობდა: „ჩემო საყვარელო ძმაო ილიკო! შენი წერილი ამ მინუტში მომიტანეს, რომელშიაც მწერ თეატრში თამაშობასა. სწორედ გითხრა, ძალიან ვნანობ რომ ეგ პირველი ქართული კამედია ვერა ვნახე. ჩემო ილიკო, გთხოვ გამომიგზავნო ეგ კ[ამედი]ა, რომელიცა არ წამიკითხავს… აфიშკა ჩემთვის გამოეგზავნა მთავარმართებელსა, რომლისათვისცა ამასთანავე ვწერ მადლობასა“.

წყარო: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა, ტ. 3, გრიგოლ ორბელიანი, ნაწილი II, თბ., უნივერსალი, 2012. გვ.139-140.

1853

2 იანვარი

იმყოფება თემირხანშურში და წერილს სწერს ძმას, ილია ორბელიანს, რომელსაც ულოცავს ახალ წელს, მოკითხავს ახლობლებს. შენიშნავს, რომ: „შურაში გავმართეთ თეატრი ასე კარგად, რომ ძალიან მოგეწონება; ქალებიც თამაშობენ, და მეტადრე მადამ პაღარ-ჟელსკაია დიდად გამოჩენით; კაცებში კნიაზ ბაგრატიონი და სემენოვი საუცხოვოდ ჰსთამაშობენ“.

წყარო: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა, ტ. 5, გრიგოლ ორბელიანი, ნაწილი IV, თბ., უნივერსალი, 2014. გვ. 9-10.

1865

11 იანვარი

წერილს სწერს თბილისიდან ლონდონში რძალს – ბარბარე ბაგრატიონ-გრუზინსკაია-ორბელიანისას, რომელსაც აცნობებს იტალიური თეატრის, მეფისნაცვალ მიხეილ რომანოვთან გამართული საღამოების, საქველმოქმედო სპექტაკლების შესახებ.

წყარო: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა, ტ. VIII, გრიგოლ ორბელიანი, ნაწილი VII, თბილისი, გამომცემლობა „უნივერსალი“, გვ. 10-13.

1866

12 იანვრამდე

იმყოფება ქართულ თეატრში და ხვდება ნინო ჭილაშვილ-ყიფიანს.

წყარო: ნინო ჭილაშვილის წერილი დიმიტრი ყიფიანს. სლმ. 15068.

1867

30 იანვარი

წერილს სწერს თბილისიდან დაღესტანში ნიკო ზურაბის ძე ჭავჭავაძეს. უბოდიშებს, რომ დროს ვერ პოულობს წერილის მისაწერად ოპერის, რუსული თეატრის, საღამოების, ახალი კლუბის გახსნისა და სხვა გასართობების გამო.

წყარო: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა, ტ. VIII, გრიგოლ ორბელიანი, ნაწილი VII, თბილისი, გამომცემლობა „უნივერსალი“, გვ. 134-136.

1879 

18 მაისამდე

იღებს მოსაწვევს ილია ჭავჭავაძისგან, რომლითაც ეპატიჟება 18 მაისს ქართული თეატრალური საზოგადოების დამფუძნებელ კრებაში მონაწილეობის მისაღებად.

წყარო: გრ. ორბელიანი, წერილი ილია ჭავჭავაძესთან, გაზ. „ბახტრიონი“, 1922, № 21.

1879

18 მაისი

წერილს უგზავნის ილია ჭავჭავაძეს და ატყობინებს, რომ თეატრთან დაკავშირებით გამართულ კრებაზე ვერ მივა, რადგან უნდა დაესწროს ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების სხდომას. წერს, რომ ქართული თეატრის აღდგენა ნაადრევად ეჩვენება, რადგან არ არსებობს შენობა და არ გვყავს პროფესიონალი მსახიობები.

წყარო:   გრ. ორბელიანი. წერილი ილია ჭავჭავაძესთან, გაზ. „ბახტრიონი“, 1922, № 21.

Saba Metreveli – Georgian Romantic Theater Lost in Salons… Grigol Orbeliani’s Artistic Profile; According to Personal Letters. Part III

The article analyzes the attitude of the Georgian Romantic poet Grigol Orbeliani towards the theatrical life and salon aesthetics of 19th century Georgia. Based on the studied materials, the author comes to the conclusion that, despite the poet’s routine military career, which involuntarily suppressed all romanticism, Orbeliani’s insatiable interest and love for theatrical art was still felt in his personal letters. It was not that dramatic theater was merely a hobby. The letters clearly show that not a single incident from the poet’s personal life, when he was somehow connected with the theater, remained emotionally unappreciated.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…