ქართული რომანტიკული თეატრის ანარეკლები
II ნაწილი
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდალი გახდა ქართველი და რუსი სამხედრო არისტოკრატიის სავანე. აქ ხშირად იკრიბებოდნენ კავკასიაში გადმოსახლებული დეკაბრისტები, რომელთა წრეში ძალიან პოპულარული ყოფილა გრიბოედოვის ახლად დამთავრებული კომედიის „ვაი, ჭკუისაგან“ კითხვა.
ჭავჭავაძეთა სალონი იყო აღმოსავლური და დასავლური კულტურის შეხვედრის ადგილი. აქ ისმოდა ზმები და შაირები, უკრავდნენ აზიურსა და ევროპულ მუსიკას. ნინო და ეკატერინე ფორტეპიანოზე მუზიცირებით გამოხატავდნენ საკუთარ ფიქრებს, ემოციებს, თავად ალექსანდრე ჭავჭავაძე ჩონგურზე უკრავდა და მღეროდაო. „შიგადაშიგ იმართებოდა კამათი, სჯა-ბაასი ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე, ყოველდღიურ საჭირბოროტო კითხვებზე და პოლიტიკაზე. რა თქმა უნდა, ასეთ ლხინს თან ახლდა ქართული და ევროპული ცეკვა-თამაში“ (გერსამია 1950: 18). რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ნიკოლოზ ბარათაშვილს „ბედი ქართლისა“ სწორედ ამ სალონში წაუკითხავს.
სხვადასხვა დროს ალ. ჭავჭავაძის სახლში, თბილისსა თუ წინანდალში, იყვნენ: იენის უნივერსიტეტის პროფ. კ. კოხი, ესპანელი რევოლუციონერი ვან-გალენი, პროფ. ი. პაროტი, ინგლისელი პოლკოვნიკი რ. უილბრეჰემი, საფრანგეთის კონსული გამბა, ფრანგი ლეტელიე, დეკაბრისტი პოეტები – იაკუბოვიჩი, კიუხელბეკერი, ა. ოდოევსკი… ალ. გრიბოედოვი ხომ ამ ოჯახის სიძე გახდა~ (ლიტერატურის ისტორია 1972: 51). სავარაუდოდ, ალ. ჭავჭავაძის ოჯახს სტუმრად უნდა სწვეოდნენ ალ. პუშკინი (გ. ლეონიძე, „საქართველოში პუშკინის ყოფნის გამო“, კრებული „ალექსანდრე პუშკინი საქართველოში“ , 1938, გვ. 202- 203 ); , მ. ლერმონტოვი (Ир. Андроникашвили, лермонтов в Грувии в 1837 году. Тб., 1958, გვ.51-109.4. т.III); , ი. პოლონსკი და სხვ. წინანდლით მოხიბლული პროფესორი კოხი 1837 წ. წერდა: „ჩავედით რა ალექსანდრე ჭავჭავაძის რეზიდენციაში წინანდალს… დავათვალიერეთ თავადის შესანიშნავი კარ-მიდამო. წინანდალი უაღრესად წარმტაცი ადგილია ევროპიელისათვის. არსად ამიერკავკასიაში მსგავსი არაფერი მინახავს. აქ ყველაფერი მეტყველებდა დიდ მხატვრულ გემოვნებაზე თავადისა, რომელმაც ჩაუყარა საფუძველი თავის სახლ-კარს და თავისი ბინა იტალიურ სტილზე მოაწყო“ (А. Чавчавадзе, ТБ., 1957, გვ. 108).
1829 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სოლომონ დოდაშვილი ბრუნდება საქართველოში და აარსებს „ამხანაგურ წრეს“, რომელიც, როგორც ზ. ჭიჭინაძე შეაფასებს, „არსებობდა ქართველთა გამოსაფხიზლებლად, ქართული მწერლობის ასაღორძინებლად და მწერლობაში კარგი იდეის შესატანად“ (ჭიჭინაძე 1919: 11). სოლომონდოდაშვილის „ამხანაგური წრის“ შეხვედრები სრულიად ახალი ეტაპია ქართული საზოგადოებრივი-კულტურული ცხოვრებისა, რადგანაც მიზანი უფრო მწვავედ გამოხატული სურვილია ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენისკენ მიმართული. როგორც ცნობილია, აქ იგეგმებოდა ბიბლიოთეკისა და სტამბის შეძენა, ნიჭიერი ახალგაზრდების უნივერსიტეტში სწავლების დაფინანსება: „ყველა ესენი ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ რა მოეგონათ კეთილი საქმე საქართველოსათვის. მე შევიტანე წინადადება, შეგვეგროვებინა შემოწირულობა და ამ შეკრებილი ფულით გვეყიდნა ბიბლიოთეკა, სტამბა და დავხმარებოდით გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეებს“ (გოზალიშვილი 1938: 140). დღესაც არ კარგავს სიმწვავესა და აქტუალობას დოდაშვილის სიტყვა, რომლითაც მიმართავდა წრის წევრებს: „ქართველებო, გაახილეთ თვალები! ქართველებო, ნუ გძინავთ, ნუ ლოთობთ, მამულებს ნუ ფლანგავთ, იზრუნეთ მომავლის ცხოვრებისათვის, თორემ მომავალში ჩვენ ყველანი გასაკიცხები გავხდებით და ჩვენი შთამომავლობა არ გვაპატიებს, კიცხვით მოგვიხსენებენ! ვიზრუნოთ საქართველოს შესახებ, თორემ დავიღუპებით, დავიქცევით და დავნელდებით! ქართველებო, მოდით გონს! ახალგაზრდებო, გაახილეთ თვალები და დაანებეთ არშიყულ ლექსების და ბაიათების წერას თავი. ლექსები სწერეთ საქართველოს შესახებ, ქართველი ერის წარსულზედ, რომ ქართველმა ოდესმე კვლავ დაიბრუნოს დანაკარგი“ (ბალახაშვილი 1940: 85-86).
წარსულის დიდებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის უზენაესი იდეა არც ერთი ქვეყნის რომანტიზმისთვის უცხო არ ყოფილა. ეს ხმები ისმის ფრანგულ, გერმანულ, უნგრულ, რუსულ, პოლონურ, იტალიურ… თეატრში. მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს ისტორიაში ცნობილია რამდენიმე აჯანყება, მათ შორის: 1804 წლის მთიულეთის, 1810 და 1819 წლების ამბოხებანი იმერეთში, 1812 წლის კახეთის გლეხთა აჯანყება და 1832 წლის შეთქმულება. ქართული თეატრი ვერა, მაგრამ ქართველი სწავლულების სალონები მოიცვა ეროვნულ-პატრიოტულმა სულისკვეთებამ, თავისუფლების დიადმა ხმამ. ამ ფონზე სრულიად ბუნებრივია ის, რომ გრიგოლ ორბელიანის სახლში 1832 წლის შეთქმულები იკრიბებოდნენ. მრავლის მეტყველია ფაქტიც, რომ 1825 წლის დეკემბრის აჯანყების საპროგრამო ტექსტი რილეევის „ნალივაიკოს აღსარება“ თარგმნა თავად გრ. ორბელიანმა და შეთქმულებს თავადვე წაუკითხა.
გამორჩეულად დიდი მნიშვნელობისა იყო „ჩვენებურ მადამ რეკამიედ“ (იონა მეუნარგია) წოდებული მანანა ორბელიანის სალონი. ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა, რატომ შეადარეს ცნობილ ფრანგ ლამაზმან მადამ რეკამიესა და არა, ვთქვათ, რუსეთის კულტურული ცხოვრების მკვეთრად გამორჩეულ ფიგურას – ზინაიდა ვოლკონსკაიას?!
სხვათა შორის, ზინაიდა ვოლკონსკაია, მართლაც, გამორჩეული ფიგურა იყო რუსულ კულტურაში, ალექსანდრე პუშკინმა მას უძღვნა ლექსი: „მოსკოვში, მრავალ გასართობს შორის, / სად სხდომებია ვისტის, ბოსტონის, / იქ, სადაც ისმის ხმა ცეკვის, ჭორის, / გიყვარს ზეიმი შენ აპოლონის. / როგორც მუზების დედოფალს გრძნეულს, / ხელში გიჭირავს – მშვენებით რჩეულს – / შთაგონებათა სკიპტრა დიდებით. / შენი შუბლია ოცნებით სავსე, / ორმაგ გვირგვინით შემკობილ თავზე / წმინდა გენია კრთის მორიდებით. / მცირე შეწირვა და აღმაფრენა / შენით მოხიბლულ მგოსნისა სცანი, / მსუბუქ ღიმილით მომაპყარ სმენა, / როგორც მგზავრობის დროს კატალანი / ბოშის ქალს უსმენს თავის სალხენად“ – თარგმანი ვალერიან გაფრინდაშვილისა. (გაფრინდაშვილი ვ., ლექსები, პოემა, თარგმანები, ესსეები, წერილები მწერლის არქივიდან,თბილისი: გამომცემლობა „მერანი“, 1990, გვ. 341).
როგორც ცნობილია, ჟიული რეკამიეს სალონი იყო პარიზის პოლიტიკური და ლიტერატურული ცენტრი. აქ იკრიბებოდნენ ნაპოლეონისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირები. ბუნებრივია, ეს შეუმჩნეველი არ იქნებოდა ოფიციოზისათვის და სწორედ, ნაპოლეონისვე ბრძანებით, 1805 წელს პარიზიდან გაასახლეს ჟიული რეკამიე. გადასახლებიდან პარიზში დაბრუნებულმა, ფინანსური სირთულეების მიუხედავად, კვლავ ჩამოაყალიბა სალონი. მერე ის გადასახლდა აბე-ო-ბუის მონასტერში და აქაც კი მის სალონში იკრიბებოდნენ პოლიტიკური მოღვაწეები, ლიტერატორები, მეცნიერები, მათ შორის ფრანსუა-რენე შატობრიანი, ჟან-ჟაკ ამპერი და სხვები. თავისი შეუდრეკელი ხასიათისა და არაჩვეულებრივი მომხიბვლელობის გამო რეკამიე ევროპის მასშტაბით ცნობილ ფიგურად იქცა. მის შესახებ საუბრობდნენ ყველგან: რუსეთში, ინგლისში, იტალიასა და გერმანიაში… მადამ რეკამიეს შეადარეს მანანა ორბელიანიც, ესეც ჩვენთვის ავთენტური – ევროპული ორიენტაციის გამოძახილია.
პოლიტიკური საქმიანობა არც მ. ორბელიანისათვის იყო უცხო. ისტორიული ფაქტია მისი მონაწილეობა 1832 წლის შეთქმულებაში. დასტურად კავკასიის მთავარმართებელ გრიგოლ როზენის წერილი გამოდგება 1833 წ. ალ. ჩერნიშევისადმი მიწერილი: „დღეისათვის ცნობილი გახდა, რომ შეთქმულების ამბავი იცოდა დავით ორბელიანის ქვრივმა მანანამ. როცა ბატონიშვილი თამარ იულონის ასული დავაპატიმრეთ, მანანა ორბელიანი თავად მოვიდა ჩემთან და გადმომცა წერილობითი ჩვენება შეთქმულების შესახებ. რაკი მან ეს თავის ნებით აღიარა, არ დავაპატიმრებ, მაგრამ მისგან ჩამორთმეული იქნება დამატებითი ახსნა-განმარტებანი, რადგან ამ ქალს ჰქონდა ძალიან ხშირი ურთიერთობანი თავ. ალ. ჭავჭავაძესთან და, ალბათ, კიდეც ეცოდინება მისი მონაწილეობა“. ცნობილია ისიც, რომ საგამოძიებო კომისიამ იგი VII კატეგორიის დამნაშავედ მიიჩნია და დატოვა სასტიკი მეთვალყურეობის ქვეშ.
მანანა ორბელიანმა შემოიკრიბა ახალგაზრდობა, შემოქმედებითი ნიჭით გამორჩეული ადამიანები – პოეტები, სცენის მოყვარენი, მომღერლები, მოცეკვავენი… „მისი მეთაურობით მისსავე სახლში ხშირად იმართებოდა ნახევრად ოფიციალური და შინაურული სხვადასხვა სახის საღამოები“ (გერსამია 1950: 24-25).
„მანანას სახლი, საიდანაც ერთ დროს მამულის განთავისუფლება უნდა დაეწყოთ პატრიოტ ქართველებს, ახლა ბრწყინვალე სალონად იქცა“ (კიკილაშვილი 1958: 10). როგორც ლუკა ისარლიშვილი იგონებს: „აქ „ცისკრის“ გამოცემასა და თეატრს მიეცა დასაწყისი… იკრიბებოდნენ და კითხულობდნენ ლექსებს ტატო (ნიკო ბარათაშვილს ასე ეძახდნენ), გიორგი ერისთავი, ბირთველიჩი (იგივე მიხეილ თუმანიშვილი – ს.მ.), მაღალაშვილი, ხანდახან ყიფიანი და სხვ. ერთ საღამოს სთქვეს: მოდი, ერთი, ჟურნალი გამოვსცეთო… ვარანცოვი მანანასთან ხშირად დადიოდა და იქ შეიტყო ამ განზრახვის შესახებ… მოიწონა და შემწეობა მისცა ჟურნალის გამოცემისა და თეატრისათვის“ (ისარლოვი 1940: 387). იონა მეუნარგიას მიხედვით, მანანა ორბელიანის სალონში „თამაშობდა ის (ნიკოლოზ ბარათაშვილი – ს.მ.), აქ ლხინობდა, ოხუნჯობდა, არშიყობდა, აქ ღუპავდა თავის ყმაწვილკაცობას“ (მეუნარგია 1945: 27-28).
მანანა ორბელიანისთვის მიუძღვნია „რომეო და ჯულიეტას“ თარგმანი დიმიტრი ყიფიანს. თარგმანზე წარწერილი გვამცნობს: „…ხოლო რუსულიდგან კნეინა მანანა ორბელიანისათვის ქართულსა ენაზედ გარდმოღებული ყიფიანის მიერ ტფილისის აპრილის დღესა წელსა“ (აღწერილობა 1965: 140). როგორც თ. ჯოლოგუა წერს: 1970-იან წლებამდე ცნობილი იყო დიმიტრი ყიფიანის თარგმნილი „რომეო და ჯულიეტას“ ერთადერთი, უცნობი ხელით გადაწერილი და ელეონორა გურიელის მიერ „ქშწ – კგ. საზოგადოებისთვის“ შეწირული პირი, რომელსაც წინ ეს მინაწერი უძღოდა (ჯოლოგუა 2016: 438). 1970-იან წლებში დიმიტრი ყიფიანის თარგმანის ავტოგრაფული ტექსტი აშშ-ში – ჩიკაგოს უნივერსიტეტში აღმოჩნდა და იქ მანანა ორბელიანი არ არის ნახსენები (ვრცლად იხ. ყიასაშვილი 1992: 99-102).
მანანა ორბელიანის სალონში წაუკითხავს ნ. ბარათაშვილს საკუთარი თარგმანი ლაიზევიცის ტრაგედიისა „იულიუს ტარენტელი“. ი. ბალახაშვილი გამოთქვამს ვარაუდს, „მანანა ორბელიანის შეკვეთითვე ხომ არ არის თარგმნილი ლაიზევიცის ტრაღედიაც“ (ბალახაშვილი 1941: 35). საქმე ისაა, რომ მას სჩვეოდა ამ ტიპის შეკვეთები (სამაგიეროდ, საკუთარი ხელით მოუქსოვდა ქისებსა და წინდებს), მაგალითად: არსებობს წერილი, რომელშიც დაბეჯითებით სთხოვს გრიგოლ ორბელიანს „რუსლან და ლიუდმილას“ ქართულ თარგმანს. მერე გრიგოლმა მისწერა ნინო ჭავჭავაძეს: „გიჟი მანანა უფრო გაგიგიჟებიათ, გადამკიდებია – მითარგმნეო“ (ორბელიანი 1931: 34).
გრიგოლ ორბელიანი 1846 წელს თავის ერთ წერილში ასე სწერს „გიჟ მანანას“: „თქვენი გაბრწყინვალებული სალონი სავსეა ანგლიჩანებით, ფრანცუზებით, ჰინდოელებით. ჭეშმარიტად მშურს მათი ბედნიერება და ვამბობ, ნეტავი, მათ რიცხვში მეც ვიყო“ (ორბელიანი 1936: 119). ზოგადად, ისიც შეიძლება ითქვას, რომ სალონური ევროპეიზმი ბუნებრივად შეერწყა ქართულ ნიადაგზე ტრადიციულ დარბაზობას, სუფრის კულტურას და, ბუნებრივია, რომ ამ ერთგვარი ეგზოტიზმის გამოც იხიბლებოდნენ უცხოელები.
ერთ თავის წერილში მ. ორბელიანი გადასახლებაში მყოფ გრიგოლს სწერდა: „მე არა მაქვს თავი, რომ მოგწერო აქაური დროის გატარებები, თორემ ბევრს იცინებდი. ახ, გრიგოლ! ნეტავი, ერთი, მოგიყვანა და გაყურებინა აქაურს ჩვენს შაქცევებს. გაშტერდები!“ (კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Q კოლექციის ბარათების კონა, N155 (ბ)). იმდენად დიდი მოვლენა იყო მანანა ორბელიანის სალონი, რომ თვით ლევ ტოლსტოიმ თავის „ჰაჯი მურატში“ აღწერა ვორონცოვთან დაახლოებული წრე, მათ შორს მოიხსენია მანანა ორბელიანიც. აქ ეგულებოდა გრიგოლ ორბელიანს „წელნაზი თამარ, გულ-ტრედი ქეთევან, კრასავიცა ბაბალე, მინაზებული სოფიო“…
სალონში არ ისხდნენ მხოლოდ პასიური მსმენელები. აქ წაკითხულ თხზულებათაგან ხოტბა გამონაკლისებს ხვდებოდათო. თითქოს სამწერლო ასპარეზზე ლეგიტიმაციას ანიჭებდნენ ღირსეულთ. ი. ბალახაშვილს თუ დავესესხებით, თითქოსდა სარეცენზიოდ აქ იგზავნებოდა მწერალთა ნაშრომები. მანანა ორბელიანის სალონში კამათობდნენ, დავობდნენ, იწონებდნენ და იწუნებდნენ… სალონი იძენდა კრიტიკული აზრის სტატუსს. თუ კრებული წაკითხულს მოიწონებდა, ავტორს უკვე ჰქონდა შესაძლებლობა, მწერალთა შორის პატივდებული ყოფილიყო. როგორც ამბობენ, სალონის დიასახლისი უშეღავათო კრიტიკოსი ყოფილა. მან 1835 წელს გრიგოლ ორბელიანის მიერ სალონში წასაკითხად გამოგზავნილი მუხამბაზი „სულით ერთო, მოლხინენო, აწ შეკრბით“ მკაცრად გააკრიტიკა და ავტორს შეულამაზებლად მისწერა: „ვერაფერი გახლდათ შენი ლექსი „დიპლიპიტო“ (ლექსის ყოველი მეხუთე ტაეპი ბოლოვდებოდა სიტყვებით: დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ!“ – ს.მ.). შენ დღეში ამისთანა უგემური ლექსი არ გითქვამს“ (ორბელიანი 1936: 118).
ძალიან საინტერესოა სალონური ცხოვრება იმ სიახლეებითა და ახალი გამოწვევებით, რომლებიც სალონის წევრთა ურთიერთობებში, მათს ყოფითს ცხოვრებაშიც იკიდებს ფეხს. ამ მხრივ უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს გრიგოლ ორბელიანის კრიტიკულ მოსაზრებას მანანა ორბელიანის სალონში შეკრებილი საზოგადოების მიმართ. ზოგადად, რომანტიზმის ფილოსოფია თეიზმის პოზიციაზე დგას. ამიტომ, სრულიად ბუნებრივია პოეტის წუხილი იმის გამო, რომ სალონებით გატაცებულებმა დაივიწყეს სულიერი ცხოვრება, ნანობს მათ მიერ უქმად დაკარგული დროს, სარწმუნეობის მიმართ გულგრილობას:
„ჩემო საყვარელო ძალუავ, მანანავ!… თქვენ და ნინო ჰშთაფლულ-ხართ ამ სოფლის წარმავალს სიამოვნებაში და არა ჰფიქრობთ სულისათვის, საუკუნო ცხოვრებისათვის, რომელიცა მიგველის ჩვენ და, რომელიცა ესრეთ მწარედ დაგივიწყებიათ. დროა, დროა, გეყოფათ! ორმოცი წელიწადი გირაკუნებსთ კარსა! აბა, მომხედეთ მე. წინ მიძევს დავითნი და ყოველ დილით თითო კანონს ვჰკითხულობ ცრემლითა და შენანებითა, რომ ესოდენნი წელიწადნი ჩემნი წასულან ამაოდ, უფიქროდ, უსარგებლოდ სულისათვის ჩემისა და არცა მოყვასთა ჩემთათვის საკეთილოდ. დღეს დადგა დიდმარხვა, ვაი თქვენდა შეუნანელთა; ვაი ნინოს და მანანას, რომელთა გამოფხიზლება ამაო ცხოვრებისაგან იქმნების საზარელ, რომელთა აღარას უშველის არცა კბილთა ღრჭენა, არცა სასოწარკვეთილება! თუ დამიჯერებთ, მოიქეცით თქვენ და ნინო გზასა ზედა ჭეშმარიტებისასა, დაუტევეთ ეშმაკი, რომელიცა წინაგიძღვისთ თქვენ სულისა თქვენისა წარსაწყმედელად“ (ორბელიანი 1936: 119-120).
სხვათა შორის, უფრო ადრე გიორგი ერისთავი გამოეხმაურა რუსულ ენაზე გამართულ შეკრება-საღამოებს და თავის ერთ სატირულ ლექსში იმ ფარულ თუ აშკარა საფრთხეებზეც მიანიშნა, რომლებიც ემუქრებოდა ეროვნულ სულსა და ტრადიციული ცხოვრების წესს:
„ყველა გამხდარა გრძელი თმიანი / ვიღა გაარჩევს კაცებში ქალსა… რაღაცა „ბალიც“ შემოუღიათ, / უცხოს, უცხოსა გულს ეხვევიან, / მოურიდებლად ზედ ეკვრებიან… ვისღა ექნება სიმართლის სული, / ქმარნი ცოლებსა აღარ დასდევენ, / იმ რუსებს შორის ვერას იგებენ“ (ლიტერატურის მუზეუმი, ხელნაწერი S – 1659). მოგვიანებით, 1893 წელს, გიორგი წერეთელი წერდა: „ქალები გატაცებული იყვნენ ფრანცუზულ შლიაპებით, გულღია მკერდის გამოჩენით და უცხო ენაზე ლაპარაკით. ოჯახებს სტოვებდენ ბალებში ტანცაობის გულისთვის, მოსწონდათ ულვაშ გაწკიპინებული გვარდიის ოფიცრები და მათთან კეკლუცობა. კაცები კი გულისძგერით მოელოდენ პატიჟობის წერილს დიდებულს ბალებში და მასკარადებში, ეძებდენ შემთხვევას ლანცკეხტი ეთამაშნათ, დიდ ჩინიანებთან თავი გამოეჩინათ და უცხო ენაზე მათთან ლაპარაკით თავისი ევროპულობა დაემტკიცებინათ, თუმცა მათს გონებას და ჭკუას ევროპის სწავლა-მეცნიერების ნაპერწკალი ჯერ არც კი მოხვედროდა“ (წერეთელი 1893: 15).
როგორც ვხედავთ, თავისუფალი ცხოვრების წესი ნელ-ნელა ფეხს იკიდებს არისტოკრატთა ყოფაში. სიახლე ბევრისთვის მიუღებელია, სულიერებისა და მორალის კრიზისად ფასდება, თუმცა დრო თავისას შვრება. ის ცვლის ვექტორებს, შემოაქვს თავისი ტენდენციები და იდეები, მოტივები და სიახლეები… ავად თუ კარგად პროცესი დაწყებულია, კულტურული ცხოვრება ზიგზაგებით, მაგრამ მაინც წინ მიდის. ლიტერატურული ცხოვრების პარალელურად უკვე ჩნდება სალონური, საოჯახო, შინაური წარმოდგენებიც.
ცნობები საოჯახო წარმოდგენების შესახებ
ნახევარი საუკუნე დასჭირდა ქართული პროფესიული თეატრის აღდგენას (1850 წ.), ამიტომ რომანტიზმის ეპოქა მოსამზადებელ პერიოდად შეიძლება მივიჩნიოთ. ზოგადად კი შეკითხვა „აქვს თუ არა კავშირი ქართულ თეატრს რომანტიზმთან“ (ქართველიშვილი 2006: 197) შეკითხვადვე რჩება, რადგანაც მისი ანარეკლები მკრთალად, მაგრამ მაინც იკვეთება სალონურ წრეებსა და, შესაბამისად, – საოჯახო წარმოდგენებში. თეატრალური ცხოვრება უფრო გამოცოცხლდა მე-19 საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისშივე, 1932 წლის შეთქმულების აღმოჩენამდე. ამის დასტურია ერეკლე მეორის ასულის, თეკლა ბატონიშვილის, ვაჟების ალექსანდრე და ვახტანგ ორბელიანების ოჯახში ჩამოყალიბებული თეატრალური წრე. დიმიტრი ყიფიანი თავის „მემუარებში“ ვრცლად იგონებდა იმ ფაქტს, რომ ყველიერში უნდა ეთამაშათ პ. კარატიგინის ვოდევილი „ნაცნობნი უცნობნი“ (მისივე თარგმანით), მაგრამ, სადადგმო ხარჯების არქონის გამო, ვერ დაიდგა (ყიფიანი 1930: 137-138). წარმოდგენები და შეკრება – საღამოები იმართებოდა ალექსანდრე ჭავჭავაძის და სხვა ქართველ მოღვაწეთა სახლებში. 1832 წ. თბილისში გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“ წარმოუდგენიათ, რის შესახებაც ცნობას გვაწვდის „სალიტერატურო ნაწილნი ტფილისის უწყებათანი“ (1832 წ. №2). 30-იან წლებში თბილისში იმართებოდა სპექტაკლები, რომლებშიც მონაწილეობას იღებდა 1832 წლის შეთქმულთა ერთი ნაწილი. არც ისაა შემთხვევითი, რომ „მე-19 საუკუნის ქართველ მწერალთა შემოქმედებაში ფორმირდება თეატრის შექმნის იდეოლოგია. ისინი ამზადებენ ნიადაგს ახალი პროფესიული თეატრისათვის“ (კიკნაძე 2003: 56).
პიესების თარგმნა პირდაპირი მარკერია სასცენო ხელოვნების განვითარების სურვილისა. „პირველი სალხინო ადგილი არს თეატრი, რომელიცა გამოაჩენს ხარისხსა ერის განათლებისასა და აქვს დიდი ძლიერება ზნეობასა ზედა, რამეთუ თეატრი არს ცხოვრებისა ჩვენისა წარმოდგენა… თეატრი არის პირველი განმწმენდელი ზნეობისა ჩვენისა ყოველთა სიბილწეთაგან. მუნ ვხედავთ ყოველთა ჩვენთა ნაკლულოვანებათა“ – იტყვის გრიგოლ ორბელიანი (ქართველი რომანტიკოსები… 1980: 76).
სხვათა შორის, 1832 წლის შეთქმულების მონაწილემ ზ. ავთანდილიშვილმა საგამოძიებო კომისიას ასეთი ჩვენება მისცა: „ვახტანგ ორბელიანმა გვთხოვა მე და ჩემ მასწავლებელ ყიფიანოვს, აგვეღო როლები მის მიერ რუსულიდან ქართულად გადმოთარგმნილი კომედია „ნაცნობნი უცნობნიდან“. მაშინ ჩვენ ხშირად დავიარებოდით რეპეტიციებზე, რომლებიც შეწყდა იმის გამო, რომ არ აღმოჩნდა თანხა იმის დასადგმელად“ (გოზალიშვილი 1935: 153).
1832 წლის 4 თებერვალს ილია ორბელიანი გრიგოლ ორბელიანს სწერს: „აქ ხშირად ვაწყობთ თეატრს. გიორგი ერისთავი, ვახტანგ ორბელიანი, ბევრი სხვები და მეც მათ შორის ჩქარა მოვაწყობთ ქართულ წარმოდგენას… მათ გადათარგმნეს პიესები რუსულიდან ქართულ ენაზე“ (იხ. საყვარელიძე 1955:).
დიმიტრი ყიფიანი იგონებს, რომ მანანა ორბელიანის სალონში თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის მოსწავლეებს გამოცდების დამთავრების შემდეგ გაუმართავთ „საჯარო აქტების“ წარმოდგენა. ინიციატორები თავად მანანა ორბელიანი და ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული ნინო ყოფილან. „წარმოდგენაში მონაწილეობას იღებდნენ უფროსი კლასების ხუთიოდ-ექვსი მოწაფე – მათ რიცხვში გახლდით მეც“ (ყიფიანი 1930: 9).
როგორც ცნობილია, ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით, 1907 წელს დაარსდა საქართველოს საისტორიო – საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომელმაც განადგურებას გადაარჩინა ქართული კულტურის არაერთი თვალსაჩინო ძეგლი. დღეს უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება საქართველოს საისტორიო – საეთნოგრაფიო საზოგადოების ფონდი, რომელიც 20 000-მდე ისტორიულ – მხატვრული და სამეცნიერო ღირებულების საბიბლიოთეკო დოკუმენტს აერთიანებს. სწორედ ამ ფონდში აღმოჩნდა ერთი ხელნაწერი (N232), რომლის თავფურცელზეც არსებული მინაწერი ერთადერთი ცნობაა იმის შესახებ, რომ მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში გაიმართა ქართული წარმოდგენა: „ქორწილი იმერეთის თავადისა, კამედია ქმნილი აზნაურის ოქროპირ წერეთლისაგან და წარმოდგენილი თავის საკუთარ სოფელში 1 აპრილს 1845-სა წელსა“. როგორც გაირკვა, ოქროპირ წერეთლის სოფელი იმერეთში მდებარეობს და მას გორისა ჰქვია. ამდენად, უკვე პერიფერიაში, სოფელში ხალხური თეატრის – ბერიკობისა და ყეენობის გვერდით პირველად გაჩნდა „დრამატურგიული ტექსტით გამართული სპექტაკლიც… რომლის სიუჟეტური აღნაგობა: ნიშნობის, ქორწილის, მიჯნურობა-ტრფიალის, გარდაცვალებულის დატირების სცენები ბერიკების თეატრისგან არის შთაგონებული (ჯანელიძე 1938: 80; 1983: 296).
და კიდევ ერთი წარმოდგენის შესახებ მოღწეული დოკუმენტი, რომელიც რომანტიზმის ეპოქას უკავშირდება, უკვე სოლომონ ხუციშვილმა მოიძია. პიესას ეწოდება „გამოუცდელობა ანუ დროებითი განშორება საყვარელთა“: „ლენინგრადში, მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ქართულ ხელნაწერებში (მარი ბროსეს არქივი) შენახულა ერთი ძვირფასი ცნობა ქართული თეატრის ოფიციალურად განახლებამდე დადგმული პიესის შესახებ. პიესის ტექსტი, საყურადღებო ცნობების დართვით, ბროსესთვის გადაუცია ავტორს – დიმიტრი მეღვინეთუხუცესს, 1846 წელს. ამის შესახებ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი საკუთარ საიტზე წერს: „დიმიტრი მეღვინეთუხუცესი (1815-1878) – ისტორიკოსი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. 1847 წლიდან მარი ბროსემ ჩააბა ისტორიული მასალების შეკრების საქმეში. მასთან ერთად ეწეოდა ისტორიული წარწერების, საბუთების, ხელნაწერების შეგროვებას. შემდეგ დამოუკიდებლად იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და შეკრებილი მასალა მ. ბროსეს გაუგზავნა პეტერბურგში. მონაწილეობდა ქართული თეატრის აღდგენაში (1851). წერდა პიესებსა და ლექსებს. 1852 მეფისნაცვალ მ. ვორონცოვის დავალებით წამოიწყო არქეოლოგიური გათხრები უფლისციხეში. მისი ხელნაწერი ნაშრომების, ნარკვევებისა და ისტორიული მასალების ძირითადი ნაწილი დაცულია სანკტ-პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელნაწერთა განყოფილებაში, მ. ბროსეს ფონდში (იხ. მისამართი: http://manuscript.ge/old/index.php?m=354). დაზუსტებას მოითხოვს თარიღი იმის შესახებ, თითქოს დ. მეღვინეთუხუცესმა ბროსეს 1846 წელს გადასცა, რადგან მარი ბროსე საქართველოში 1846 წელს არ ჩამოსულა. სიმართლეს არ შეესაბამება არც ე. ქავთარაძის ცნობა, რომ თითქოს დ. მეღვინეთუხუცესი პირველად მარი ბროსეს 1849 წლის მარტში გორში შეხვდა, როცა ბროსე ქართულ სიძველეთა შესასწავლად მოგზაურობდა საქართველოში (იხ. ქავთარაძე 2010: 284). როგორც ცნობილია, 1847-48 წლებში ბროსემ აისრულა დიდი ხნის წადილი და იმოგზაურა საქართველოში. მეცნიერმა მოიარა თითქმის ყველა კუთხე, შეკრიბა დიდძალი მასალა: ხელნაწერები, სიგელ-გუჯრები, წარწერები, მონეტები… არაუადრეს 1847 წლისა იგი შეხვდებოდა დიმიტრი მეღვინეთუხუცესს. 1902 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა დ. კარიჭაშვილის წერილი მარი ბროსეს ღვაწლის შესახებ, რომელშიც ვკითხულობთ: „ბროსე მოვიდა ჩვენს ქვეყანაში 1847 წლის მარიამობისთვეში და მოიარა თერთმეტს თვეში სხვა-და-სხვა კუთხე“ (კარიჭაშვილი 1902: 2). საქართველოში ბროსეს არქეოლოგიური მოგზაურობის თარიღად 1847-48 წწ. ასახელებს გაზეთი „ივერიაც“ (ივერია 1902, N19). ასე რომ, ვერც 1846-სა და ვერც 1849 წელს ბროსე და დიმიტრი მეღვინეთუხუცესი ვერ შეხვდებოდნენ ერთმანეთს. უკვე 1849-1860 წლებში გორიდან მარი ბროსეს სახელზე გაგზავნილია ღერბიან ქაღალდზე ნაწერი 20-ზე მეტი წერილი დიმიტრი მეღვინეთუხუცესისაგან (აბუაშვილი 1982: 3).
დიმიტრი მეღვინეთუხუცესი ბროსეს კორესპონდენტი იყო, ცხოვრობდა გორში, სახლი ჰქონდა ხიდისთავშიც… (პიესა) გორში ზედიზედ დაუდგამთ 1845 წლის 1 და 8 მაისს, 11 ივლისსა და 7 აგვისტოს. ხსენებული პიესა ერთმოქმედებიანია ოთხი გამოსვლით. იგი განკუთვნილი ყოფილა შინაური წარმოდგენისათვის“ (ხუციშვილი 1950: 4). გ. ბუხნიკაშვილი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გორში გამართულ ამ ოთხ წარმოდგენას, თუმცა არა როგორც გორის თეატრის ისტორიის დასაწყისის აღმნიშვნელს, რადგან ეს წარმოდგენები საჯარო ხასიათის არ იყო და ამის შემდეგ გორს კარგა ხანს (1865 წლის 26 ივლისამდე) არ ღირსებია ქართული წარმოდგენა (ბუხნიკაშვილი 1965: 11). შეუძლებელია, არ გაიზიარო ეს შეხედულება, რადგან სალონში მოიაზრება ოჯახური გარემო, მეგობართა და ნათესავთა წრე, სახლის ტოპოსი და არა საჯარო სივრცე. ამიტომ, ნებისმიერი მცდელობა თარიღების გადათამაშებისა მინიმუმ მკვლევრის კომპეტენციას აყენებს ეჭვქვეშ.
Saba Metreveli – Georgian romantic theatre, lost in salons… Part II
Saba Metreveli’s historical-analytical work concerns the specific nature of the Georgian Romantic Theater of the 19th century and considers its processes in the context of salon aesthetics. According to the author, “The era of Romanticism expressed interest in the feelings of the individual. The person, with his spiritual world, became a priority for the performing arts. In the Romantic theater, the dramatic conflict shifted from a social problem to a psychological one.”