როსტომ ჩხეიძის სტატია

ნაცნობი და უცნობი პიესები

, , ,

(ქართული დრამატურგიის საძირკველი)

როდესაც ქართული დრამატურგიის ქრესტომათიისათვის თამარ შარაბიძე და თამარ ციციშვილი ნაცნობ და უცნობ პიესებს მოამზადებდნენ ისტორიული დამსახურებისა და პოპულარობის კვალობაზე, პირველ ტომში ნაცნობი ტექსტები უნდა განმეორებულიყო:

ალექსანდრე ორბელიანის დრამები – „დავით აღმაშენებელი ანუ უკანასკნელი ჟამი საქართველოსი“ და „ბატონიშვილის ირაკლის პირველი დრო ანუ თავდადება ქართველებისა“;

გიორგი ერისთავის კომედიები – „გაყრა“, „ძუნწი“ და „დავა ანუ ტოჩკა და ზაპეტაია“ და  ზურაბ ანტონოვის კომედიები – „ტივით მოგზაურობა ლიტერატორთა“ და „მზის დაბნელება საქართველოში“.

თვითეულ ავტორზე ბიოგრაფიული ცნობებიც რომ დაერთოდა კვლევის თანადროული დონის გათვალისწინებით, არსებითად – პორტრეტული მონახაზები, დაწურულად რომ ითქმოდა ბევრი რამ, ისევე როგორც შემდგენელთა საერთო შესავალში, რომელშიც მეტად საგულისხმო დაკვირვება-მოსაზრებანიც და რეალიებიც უნდა ამოგვეკითხა, როგორც ენობრივ-სტილური, ისე ბიბლიოგრაფიული ხასიათისა.

ბიბლიოგრაფიული თვალსაზრისით ჯერ მარტო გიორგი დვანაძის, მსახიობისა და დრამატურგის, პიესის მიკვლევა რად ღირს, ხელოვნების სასახლის არქივში ავტორის ლექსებთან რომ შერეულიყო, რაკიღა წინა ყდა აკლდა და მის ჟანრობრივ თავისებურებას არავინ ჩაჰკვირვებოდა, ვიდრე ქრესტომათიის შემდგენლები გამოავლენდნენ მის დრამატურგიულ სტრუქტურას.

სათაურს ვეღარ ივარაუდებდნენ, ყდა რადგანაც ჩამოსცილდებოდა, იმას კი იფიქრებდნენ, რომ:

ეს არ უნდა ყოფილიყო „სახლი კუკიაზე“, რომელსაც სერგო გერსამია გიორგი დვანაძეს მიაწერდა და დაკარგულად მიიჩნეოდა.

ამ უსათაურო ნიმუშში არ ფიგურირებდა კუკიაზე მდებარე არც კონკრეტული სახლი ან ოჯახი და არც თბილისის ამ უბანს ექცეოდა განსაკუთრებული ყურადღება. მართალია, ერთი მეორეხარისხოვანი პერსონაჟი ცხოვრობდა კუკიაზე, მაგრამ მის გამო პიესას ეს სახელწოდება რატომ დაერქმეოდა?!

ქრესტომათიაში გამოსაქვეყნებლად შეარჩევდნენ ალექსანდრე მეიფარიანის ორმოქმედებიან კომედიას „ქმრები გავაბით მახეში“, 1853 წელს თბილისში კავკასიის მეფისნაცვლის სტამბაში დაბეჭდილს, რომელსაც იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკაში მიაგნებდნენ, საიდანაც – სხვათა შორის – ისარგებლებდა ელგუჯა თავბერიძეც, როდესაც ამ კომედიის ქუთაისურ დადგმას გაიხსენებდა დოკუმენტურ რომანში „ცამეტი წელი (ქუთაისის თეატრის ხარაზოვული ოდისეა)“ , ეფროსინე კლდიაშვილის ტრიუმფად რომ გადაიქცეოდა თვალამაისას როლის შესრულებისათვის.

ბიოგრაფიულ ცნობებს კი ვერსად მიაკვლევდა ავტორზე და ქრესტომათიის შემდგენელნიც სინანულით აღნიშნავენ:

ალექსანდრე მეიფარიანის შესახებ ცნობები ვერ მოვიპოვეთო.

სამაგიეროდ ალექსანდრე ცაგარელის ცნობის მეშვეობით მიაგნებდნენ გიორგი ჯაფარიძის პიესას „მაიკო“, რომელიც… გიორგი ერისთავის 1867 წლის პიესათა კრებულში დაბეჭდილიყო შეცდომით, არადა სწორედ ამ პუბლიკაციის წყალობით შემოგვენახებოდა.

ამ შეცდომაზე მიუთითებდნენ ანტონ ფურცელაძეც და იონა მეუნარგიაც.

ასე რომ:

გიორგი ერისთავის თხზულებათა კრებულიდან „მაიკო“ ამიერიდან დაუბრუნდება მის ნამდვილ ავტორს – გიორგი ჯაფარიძეს.

ანტონ ფურცელაძე გამოთქვამდა ეჭვს: ეს პიესა გადმოკეთებული უნდა იყოსო, – თუმც პირველწყარო მიუგნებელი დარჩებოდა.

შემდგენელნი თავიანთი მხრივ დასძენდნენ:

პიესაში წამოჭრილი საკითხი – ქალს არ მოიყვანდა ცოლად ვაჟი, თუ იგი ქალიშვილი არ იყო – ქართული სინამდვილისთვისაც ნიშანდობლივი გახლდათ და აგერ ტრაგედიის დონეზეც აყვანილიო.

გადაწყვეტდნენ ქრესტომათიაში შეეტანათ ლავრენტი არდაზიანის „მოგზაურობა ტფილისის ტროტუარზედ“, მიუხედავად იმისა, რომ:

ის არ წარმოადგენს კლასიკურ პიესას და არც არსად დადგმულიყო.

მაგრამ ყოველთვის აღიქმებოდა ორიგინალური ფორმის პუბლიცისტურ დრამად.

თამარ შარაბიძისა და თამარ ციციშვილის სარწმუნო მტკიცებით:

მას ჰქონდა როგორც პიესის, ასევე „მოლაყბის“ წერილებისაგან განსხვავებული ფორმა, რაც ლავრენტი არდაზიანამდე ქართულ სინამდვილეში არავის გამოეყენებინა, მას შემდეგ კი ხშირად მიმართავდნენ.

ამ დრამა-ნარკვევით მწერალს შეექმნა ტიპური სახეები ურცხვაძის, ახმახის, ველიკოუმოვის, ოსტროუმოვის… თვითეულის წარმოსახვისას ლავრენტი არდაზიანი შესაბამის პროტოტიპს რომ გულისხმობდა.

საინტერესოდ ეჩვენებოდათ შემდგენლებს, რომ:

ეს წერილი-დრამა დაყოფილიყო არა თავებად ან მოქმედებებად, არამედ ადგილებად თბილისის ტროტუარზე – „სივრცე საშუალ შტაფისა და ტროტუარისა“, „პირველი სკამი ტროტუარზე“, „სივრცე საშუალ პირველის და მეორის სკამებისა“…

თხზულება დოკუმენტურად ასახავდა თბილისის ცხოვრების მრავალ ყოფით მხარეს ერთი სივრცის დაყოფით მონაკვეთებად, რაც უზრუნველყოფდა ამ სივრცის – ტროტუარის – მკვიდრთა ეთნოსოციალურ წარმოჩენას. მრავალფეროვნებას განსაზღვრავდა მონაკვეთთა განსხვავებული სიტუაციები, ხოლო ტიპურ გარემოს ჰქმნიდა მწერლის მხატვრული ოსტატობით დანახული გარემოებანი და რეალურ პერსონაჟთა სახეები.

ამ დრამა-ნარკვევში, ისევე როგორც გიორგი ერისთავის კომედიაში „ძუნწი“ და ზურაბ ანტონოვის პიესებში „ტივით მოგზაურობა ლიტერატორთა“ თუ „მზის დაბნელება საქართველოში“ დიალოგები რუსულ ენაზე გვხვდებოდა და მათ თარგმანსაც მიაწვდიდნენ მკითხველს თამარ შარაბიძე და თამარ ციციშვილი, შესავალ სტატიას ამ სტრიქონებით რომ დაასრულებდნენ:

პიესათა უმრავლესობა რუსულიდან ან ევროპული ენებიდან არის გადმოკეთებული, თუმც ყველა დრამატურგთან მოქმედება საქართველოშია გადმოტანილი და პიესები იმდენადაა გაქართულებული, რომ ორიგინალებთან მათ თითქმის აღარაფერი აკავშირებთო.

ბარემ ისიც აღინიშნოს, კიდევ რა პიესებია გათვალისწინებული მეორე ტომში:

ივანე კერესელიძის დრამა „შვილი უმანკოებისა“

და

ბარბარე ჯორჯაძის კომედიები – „რას ვეძებდი და რა ვპოვე“ და „შური“.

***

შესანიშნავი წამოწყებაა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტისა, ირმა რატიანის ხელმძღვანელობით შემუშავებული პროექტი, ასეთი პროფესიულობით რომ ხორციელდება თამარ შარაბიძისა და თამარ ციციშვილის მიერ, უსათუოდ რომ უნდა გაგრძელდეს და რამდენიმე წელიწადში ხელთ გვქონდეს ქართული დრამატურგიის საერთო პანორამა, ის ძირითადი პროსპექტი, ამ ჟანრის ისტორიას რომ წარმოაჩენს ჩვენი ლიტერატურის მდინარებაში, მსოფლიო რანგის ქმნილებებითაც რომ დამშვენებულა მისი ქართული ნაირსახეობა.

მრავლისაღმთქმელია „ქართული დრამატურგიის ქრესტომათიის“ ეს პირველი ნაწილი, როგორც მყარი საძირკველი დიდი ნაგებობის დასაშენებლად.

XIX საუკუნე კომედიოგრაფთა თვალით

1879 წელს კვლავ რომ აღდგებოდა პროფესიული თეატრი საქართველოში, თუ ვინმე გამოეხმაურებოდა აღტაცებით ამ საზოგადოებრივ-კულტურულ მოვლენას, გიორგი ჯაფარიძეც, რომელიც თეატრს გააიგივებდა სარკესთან, დამნახველად მახინჯური სახისა:

თუ კაცმა სარკეში არ ჩაიხედა, სრულებით ვერ დაინახავს თავის სახეს, ძალიან მახინჯი რომ იყოს, არ ეცოდინება თავის თავის სიმახინჯე. თეატრი არის დამნახველი ხალხის ცუდი ხასიათებისა და საქციელებისა, რომლებსაც წარმოდგინებულნი დასცინიან, რომ მოსპონ, არამცთუ გახშირდეს.

გიორგი ჯაფარიძე იდგებოდა სათავეში გიორგი ერისთავის მიერ ჩამოყალიბებული ქართული თეატრალური დასისა, ხიდისთავიდან რომ უნდა დაწყებულიყო ეს უმნიშვნელოვანესი პროცესი, მერე გადაენაცვლა გორში და მერეღა თბილისში, და გიორგიც – გარდა ელვარე მსახიობური ნიჭისა – გამოირჩეოდა იმ ღირსებითაც, რაც სერგო გერსამიას შეფასებით ასე წარმოგვიდგება:

ერისთავის პირველმა ქართულმა თეატრმა შექმნა საზოგადო მოღვაწე აქტიორის ტიპი, შემდეგში ეს ტრადიცია მტკიცედ დამკვიდრდა ქართულ სცენაზე და დღემდე ურყევად არის დაცული.

ჰაერივით გვესაჭიროება ამ ტრადიციის აღდგენა, მსახიობი საზოგადო მოღვაწედაც რომ გვევლინებოდეს – თუნდ აგერ გიორგი ჯაფარიძესავით.

დრამატული უნარიც მომადლებოდა და ზოგ პიესას დაწერდა და ზოგსაც გადმოაკეთებდა რუსულიდან, მათ შორის „მაიკოს“, რომელსაც გამომცემელნი… შეცდომით შეიტანდნენ გიორგი ერისთავის თხზულებათა 1867 წლის გამოცემაში.

ამ შეცდომას იმთავითვე შენიშნავდნენ ალექსანდრე ცაგარელიც, ანტონ ფურცელაძეც და იონა მეუნარგიაც, ასე რომ, როდესაც კვლავდაკვლავ გამოიცემოდა გიორგი ერისთავის დრამატურგიული ნაწერები, იქ უკვე აღარ განმეორდებოდა ეს შეცდომა, მაგრამ „მაიკოს“ აღარ ეღირსებოდა მზის სინათლე, ვიდრე თამარ შარაბიძე და თამარ ციციშვილი შეიტანდნენ „ქართული დრამატურგიის ქრესტომათიის“ – რომელიც აერთიანებს ნაცნობ და უცნობ ტექსტებს – მეორე ტომში.

როდესაც ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ამ კიდევ ერთ წარმატებულ წამოწყებას – პროგრამას ირმა რატიანი რომ უხელმძღვანელებდა – გამოვეხმაურებოდი, პირველი ტომისადმი მიძღვნილ რეცენზიაში იმედს გამოვთქვამდი შესაფერისი გაგრძელებისა, რისი ნიმუშიც უკვე ხელთ გვაქვს – კიდევ ახალი ტომის მომლოდინეთ.

პარადოქსია, მაგრამ რეალობაც ეს არის:

მართალია „მაიკოს“ გიორგი ერისთავს მიაწერდნენ და ამ სახით დაიბეჭდებოდა, მაგრამ ეს შეცდომა რომ არა, ისიც ისევე დაიკარგებოდა, როგორც გიორგი ჯაფარიძის სხვა კომედიები.

ასე, ამ გზით კი უნდა გადარჩენილიყო და აგერ თავისი ნამდვილი ავტორითაც გამოჩნდებოდა და ჩაერთვოდა სალიტერატურო მიმოქცევაში, ამ პიესას შემდგენელნი ცალკე რუბრიკად რომ გამოჰყოფდნენ გიორგი დვანაძისა და ალექსანდრე მეიფარიანის პიესებთან ერთად, ერთისა სათაურდაკარგული კომედია რომ არის და მეორისა „ქმრები გავაბით მახეში“.

რუბრიკა კი სხვა რა შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ არა გამოკვეთა ამ ლიტერატურული სკოლისა:

„გიორგი ერისთავის თეატრის მსახიობი-დრამატურგები“.

ალექსანდრე მეიფარიანი ერთადერთი აღმოჩნდებოდა ამ კრებულში, რომლის ბიოგრაფიული ცნობების მოძიებაც ვერ მოხერხდებოდა, თუმც ადრე თუ გვიან ესეც გამოირკვევა, როგორც კონდრატ კლდიაშვილის ბიოგრაფია ამოანათებდა საარქივო მასალებში მიგნებულ-მოკრებილი ნამცეცებიდან მერაბ კეზევაძის გამოისობით, მესამე ტომში რომ არის გათვალისწინებული ამ ქრესტომათიისა.

გიორგი დვანაძეც სათავეში იდგებოდა გიორგი ერისთავის თეატრალური დასისა, მისი გარდასახვის საუცხოო უნარს საგანგებოდ რომ აღნიშნავდნენ თანამედროვენი. პიესების გარდა ლექსებსა და პოემებსაც რომ წერდა, და „ცისკარში“ გამოქვეყნებული მისი ლექსები ისეთ პოპულარობას მოიპოვებდა, მათზე სიმღერები შეიქმნებოდა.

ვერც ციხეს გადაურჩებოდა და თავის სიკვდილსაც იწინასწარმეტყველებდა:

ვინღა იპოვნის ჩემსა საფლავსა, ვინ სცნობს, ვიქნები სად დამარხულიო.

და-ძმის კომედიები გვერდი-გვერდ დაიბეჭდებოდა ქრესტომათიაში:

ბარბარე ჯორჯაძისა და რაფიელ ერისთავის.

რაფიელი ერთ უპირველეს პოეტად აღიარებულიყო თანამედროვეთა შორის, და დრამატურგადაც, მკვლევარადაც, საზოგადო მოღვაწედაც, საზოგადოებრივ ცნობიერებას ერთადერთი ლექსით რომ შემორჩებოდა:

„სამშობლო ხევსურისა“ – ვიდრე სატელევიზიო თეატრი წარმოადგენდა მის კომედიას „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწილეს“ გიორგი კახაბრიშვილის რეჟისორობით, ქრესტომათიაში ამ პიესასთან ერთად ხელახალი სიცოცხლე რომ უნდა ეპოვნა „ბიძასთან გამოხუმრებასაც“.

ბარბარე ჯორჯაძის სახელი ბოლო ხანსღა წამოიწევდა, რაკიღა მკითხველის აღქმაში რჩებოდა ილია ჭავჭავაძის „პასუხის“ ერთ-ერთ პერსონაჟად, არადა მრავალმხრივი ნიჭითაც გამოირჩეოდა, როგორც პოეტური, ბელეტრისტული, დრამატურგიული და კრიტიკულ-ესთეტიკური თხზულებების შემქმნელი. და – „სამზარეულო წიგნისაც“.

პირველი მწერალი ქალი აღმოჩნდებოდა ჩვენში, ვინც მიმართავდა იუმორს.

მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა პიკარესკული პროზის განვითარებაშიც.

მის პიესებს – რომელთაგან ქრესტომათიისათვის შეირჩეოდა „რას ვეძებდი და რა ვიპოვე“ – გიორგი ერისთავისა და ზურაბ ანტონოვის კომედიებთან ერთად, საკმაო საზრდო უნდა მიეცა ახალფეხადგმული ქართული თეატრისათვის.

აკაკი წერეთელი ბარბარე ჯორჯაძეს ადარებდა სოფიო ლიონიძეს ანუ იმ ქალთა დასს, რომელთაც ასეთ დითირამბებს აღუვლენდა ნიკოლოზ ბარათაშვილი „ბედი ქართლისაში“, შენატრიდა და მაგალითად სახავდა; თავის მხრივ კი აკაკი იმასაც იტყოდა:

– იგი კეთილად ამოქმედებს თავის გონებას და განჭვრეტა საგნების რიგიანი და მართალი აქვს.

ბარბარე ჯორჯაძე აკაკისათვის უნდა გაეცნო ალექსანდრე ორბელიანს, რომელიც ძალიან აფასებდა მწერალ ქალს და უქებდა გაბედულებასაც, როდესაც საზოგადოებაში მწვავედ შეებმოდა გიორგი მუხრან-ბატონს, რომელიც ქართული ენის გარდუვალ სიკვდილს ირწმუნებოდა თავისი ბროშურით და ურჩევდა თვისტომთ, დროზე გარუსებულიყვნენ, რაკიღა საქმე მაინც აქეთ მიდიოდა.

კამათში ბარბარე ჯორჯაძე პოლემისტის დიდ უნარს გამოავლენდა, სიღრმესაც და მახვილგონიერებასაც, და ის ცხარე დიალოგი, რაც საჯაროდ გაიმართებოდა ამ ორ პირს შორის, ალექსანდრე ორბელიანს უნდა შემოენახა, პირდაპირ რომ არის შესატანი პოლიტიკური ყაიდის პიესაში და ბარბარე ჯორჯაძეც ადრე თუ გვიან კიდეც წარმოდგება პერსონაჟად ამ ჟანრის თხზულებისა: არა პროტოტიპად, არამედ თავისივე გვარ-სახელით.

კარგი იქნებოდა, შემდგენელთ ეს დიალოგი ჩაერთოთ ბარბარე ჯორჯაძისადმი მიძღვნილ შესავალ ნარკვევში – უდავოდ დაშვენდებოდა.

მას ნათელმირონობა აკავშირებდა ივანე კერესელიძესთან, რომლის სახლშიც სტუმრობდა ხოლმე სოფლიდან ჩამოსული დედაქალაქში, აკაკის სწორედ იქ რომ გაიცნობდა.

ივანე კერესელიძეც მრავალმხრივი ნიჭისა გახლდათ, მოთხრობებსაც რომ წერდა, პიესებსაც, კრიტიკულ-პუბლიცისტურ სტატიებსაც და ლექსებსაც, ორ ნიმუშზე ცნობილი რომანსები რომ შეიქმნებოდა: „დაჰკარ გრძნობით დაირასა“ და „ჩემო თვალის სინათლევ“.

როდესაც გიორგი ერისთავი ჩამოსცილდებოდა „ცისკარს“, ამ ჟურნალის აღდგენა და გაძღოლა სწორედ ივანე კერესელიძეს უნდა ეთავა ალექსანდრე ორბელიანის დიდი თანადგომის წყალობით. და კიდეც უნდა გაეხსნა გზა ახალი თაობისათვის, 60-იანელთა სახელით რომ დამკვიდრდებოდნენ და გარდამტეხ როლსაც შეასრულებდნენ საქართველოს კულტურულ-საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების გეზის გამართვასა და მის ბუნებრივ მდინარებაში.

„შვილი უმანკოებისა“ უნდა გადმოეკეთებინა ავგუსტ კოცებუს დრამიდან, და თუმც გაჰყვებოდა გერმანელი მწერლის სიუჟეტურ ხაზს, პიესას მთლიანად გააქართულებდა და მარჯვედ მიუსადაგებდა ქართულ სინამდვილეს.

დაუმთავრებელი კი დარჩებოდა ეს დრამატურგიული ნიმუში, რადგანაც ის თემატურად მიუღებელი გამოდგებოდა ცენზურისათვის, რომელიც არ დაუშვებდა ივანე კერესელიძის კიდევ ერთ კომედიას „სიქსტი V“, ტექსტიც ჩვენამდე რომ ვეღარც მოაღწევდა.

თუმც შესავალ ნარკვევში ისიცაა აღნიშნული, რომ:

დრამატურგი ზოგიერთი ეპიზოდით ისარგებლებდა და მათ ახალ კომედიაში – „ნუ დაჰკარგავ ძველსა გზასა, ნურცა ძველსა მეგობარსა“ – გამოიყენებდა.

შემდგენელთა ერთი საგულისხმო გადაწყვეტილებაც თავის სხივს შეჰმატებდა ქრესტომათიას.

რა გადაწყვეტილება და:

ლავრენტი არდაზიანი სამუდამოდ შემორჩებოდა ჩვენს ლიტერატურას „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის“ შექმნით, მართლაც რომ ეპოქის დოკუმენტისა, ქართული ენის გადახალისებისთვისაც რომ უნდა დაეჩნია სასიკეთო კვალი.

მიყრუვდებოდა მისი რომანი „მორჩილი“, უილიამ შექსპირის „ჰამლეტის“ თარგმანსაც მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობა შერჩებოდა, თუმც ლავრენტი არდაზიანის პუბლიცისტიკა და ლიტერატურული წერილები სანდო მეგზურია იმჟამინდელი რეალობის სიღრმეებსა და ნიუანსებში გასარკვევად, ერთი ასეთი ნიმუში „მოგზაურობა ტფილისის ტროტუარზედ“ დიალოგის სახითაა შექმნილი, და ეს მისცემდათ საშუალებას ქრესტომათიის შემდგენელთ, ეს ნაწარმოები გაეაზრებინათ სცენებადაც და… ძალდაუტანებლად ჩაერთოთ კრებულის ავტორთა შორის.

ყოველმხრივ რომ დაშვენდებოდა ამ წიგნს:

თავისთავადი მხატვრული და საზოგადოებრივი მნიშვნელობითაც და ღირსეული კაცის ერთხელ კიდევ გაცოცხლებითაც, აკაკი წერეთელი მის დასახასიათებლად ამ განსაზღვრებას რომ გამოიყენებდა:

ლავრენტი არდაზიანის ქართველობას საზღვარი არ ჰქონდაო!..

****

„ქართული დრამატურგიის ქრესტომათიის“ პირველ ტომს მრავლისაღმთქმელად რომ მოვიხსენიებდი და მყარ საძირკვლადაც დიდი ნაგებობის დასაშენებლად, უკვე კედლების ამოყვანაც დაწყებულია და იმედიც კიდევ უფრო განმტკიცებული.

წინ კი:

არაერთ სიახლესა და მოულოდნელობას უნდა ველოდეთ თამარ შარაბიძისა და თამარ ციციშვილისაგან, მათი ენერგიული მაძიებლური სწრაფვისაგან.

Rostom Chkheidze – Familiar and Unknown Plays (The Foundation of Georgian Drama)

The author reviews the first volumw of the “Chrestomathy of Georgian Drama” and notes – “The project developed by the Institute of Georgian Literature under the leadership of Irma Ratiani is an excellent initiative, implemented with such professionalism by Tamar Sharabidze and Tamar Tsitsishvili, that it should undoubtedly be continued and in a few years we will have at our disposal a general panorama of Georgian dramaturgy, the main prospectus that presents the history of this genre in the stream of our literature, whose Georgian variety has been adorned with world-class creations.”

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…