ქალდეადან ბაზალეთის ტბამდე

, , ,

(გიორგი ლეონიძის მესიანისტური ძიებანი)

ბასილი კესარიელი რომ ამბობდა:

ექიდნას საშო არ გააჩნია, ის გამოსჭრის დედის გვერდებს და იბადებაო.

გიორგი ლეონიძისათვის წმინდა მამის ეს სიტყვები გარკვეული პირველბიძგი და გზამკვლევი აღმოჩნდებოდა ქართულ მესიანიზმზე ფიქრისას, ძალდაუტანებლად რომ უნდა დაინტერესებულიყო:

სად იყო ნეტა ჩვენი საშო?

ჩვენ გამოგვეფატრა ყველა გვერდი და ჩვენი სხეულიც აგვეკეპა, მაგრამ ვერ გვეპოვნა დათესლილი საშო… საშო – ექიდნა…

ესეც პირველი დამტკიცება მისთვის:

უძველესნი რომ ვიყავით ღმერთზედაც, რაკიღა საშოც არ გვახსოვდა.

და კიდეც აქედან უნდა დაწყებულიყო მესიანიზმი მოსხლეტილი ბუდის.

რაო, აპოკალიფსური ჩვენებაც გვენება დაკარგული ბუდისა?

იოანე მთაწმინდელი მოგვეგონებინა, ჩვენი ნათესავების მისაგნებად ჩვენი ფესვების საძიებლად ესპანეთის იბერიისათვის რომ მიეშურებინა.

გიორგი ლეონიძე კი ეროვნული ფესვების ძიების წყურვილს ქალდეამდე უნდა მიეყვანა, ცისფერყანწელური გზა-ბილიკი საითაც მიუძღოდა. და კიდეც ბოლომდე გაჰყოლოდა პოეზიის გრძნეული ძალით.

იქით ქალდეა…

აქეთ იბერია…

ამ ძველ ნიღბებში დაგვეკარგა ხორცი და საშო და ჩვენი სული დაჰკიდებოდა აფრიალებულ პერანგს.

აქედან მოდიოდა თუ მოდიოდა წმინდა კვართის მესიანიზმი.

ჭანგიან კავკასიას აღარ გავეშვით და მიველურსმეთ ჩახეთქილ ქედებს.

მაშინ ჩვენ დაგვერქმია ამირანი და რევანშისათვის შეგვექმნა ტიტანური რელიგია.

კავკასიაში ჩვენ უკვე მოვსულიყავით საფლავში ჩასაწოლად და… სამარეში განძრევის ნაცვლად არტახებში დაგვეწყო რწევა, რადგანაც კიდევ მოვიგონებდით ჩვენი დემონური ორბის სიჭაბუკეს.

აქედან მოდიოდა თუ მოდიოდა ჩვენი მეტაფიზიკური გენეალოგია.

მაგრამ ამ კუბოში სამუდამოდ დაშინდებოდა რასის ხერხემალი და შეიქნებოდა ფსიქოლოგია გადარჩენის.

და საქართველოს შემდგომი პოლიტიკა გიორგი ლეონიძეს ამ ერთადერთ მისწრაფებაში უნდა ჩაეტია:

პოლიტიკა გადარჩენის.

ბუდე, რომელიც უნდა შექმნილიყო საზარი ფანტომი, ათამაშებდა ქალის მოღვედილი ჩვენება. ამ სუსტი თითებით მოდიოდა რასის ხსნა და გადარჩენა:

ღვთისმშობელი –

მტრედისფერი კალთით დამდგარი საქართველოზე, მის ლურჯ მზერას მოეღვედა რასის მაგარი სიმტკიცე. და ეს ქალური გამოხედვა ბოლომდე უნდა გამოჰყოლოდა საქართველოს ისტორიას:

მარიამ დედოფლამდე, რომელსაც ხანჯლით დაესრულებინა ძველი საქართველო.

გიორგი ლეონიძეს ხელს აძლევდა ეს ვერსია, თითქოსდა გიორგი XII-ის ქვრივს, მარიამ დედოფალს თავისი ხელით განეგმიროს გენერალი ლაზარევი, რომელიც უდიერად აჩქარებდათ მასაც და მის შვილებსაც რუსეთში გადასასახლებლად; და არა დედოფლის დაცვის წევრს, რომლის ნამოქმედარსაც დაიბრალებდა მარიამი, რათა იმ ვაჟკაცური აქტის აღმსრულებელი ჩამოხრჩობისაგან დაეხსნა.

თუმც… რაკიღა დედოფალი დაიბრალებდა მკვლელობას, სიმბოლურ პლანში მაინც ხომ არ შეიძლება მარიამ დედოფალი სწორედაც ხანჯლით ხელში წარმოვიდგინოთ და მეტაფორულად კიდეც მივიჩნიოთ ძველი საქართველოს დამასრულებლად?..

გიორგი ლეონიძეს ასეც გაეხედა იმ სიმბოლური ხატებისათვის და ამიტომაც ვერ გამოტოვებდა ხანჯალშემართული დედოფლის სახებას მესიანისტურ ძიებებში, რომელიც არ წარმოიდგინებოდა ამ ორი უმთავრესი ხატის გარეშეც, ღვთისმშობელთან ერთად:

წმინდა ნინოსი –

სუმბულის თმით, რასაც დაედნო საქართველოს დუღაბი. მისი მოსვლა სამუდამო ირონიად უნდა შერჩენოდა ქართულ სიმტკიცეს, შემდგომ მისი განედლებული ჯვარი საფუძვლად რომ უნდა დასდებოდა  ქართულ სკიპტრას.

და თამარ მეფისა –

რომელშიაც კვლავ უნდა გაეღვიძა ბებერ თესლს:

– უფალმან აღმიღო და მცხო ზეთითა ცხებულითა მისისათა.

– მე თამარ, მიწა შენი და მიერივე ცხებულებასა ღირსმყავ და თვისობასა.

და წარწერა თამარის ფულზე:

– თამარ, ასული გიორგისა, შემწე მესსიისა.

და თავის მხრივ გიორგი ლეონიძეს უნდა მიესადაგებინა ეს პოეტური ფორმულა:

თამარში საქართველო ცხადდება, როგორც გაწმენდილი ტიტანი, რომელშიც ღმერთი ამჟღავნებს თავის სახესო.

და როგორ არ გაეხსენებინა მემატიანის სიტყვები ლაშა-გიორგის დაბადებაზე:

– ტაბახმელასა, ბეთლემ მყოფელმან, მუნ შვა ძე სწორი ხთისა.

როგორც უმაღლესი დამტკიცება ქართული მესიანიზმისა.

თამარის მეორე სახედ კი მიიჩნევდა იმ ზორტებდაჭიმულ გორგასლიან-დავითიან დროშას, რომელიც ატარებდა საქართველოს გარუჯულ სახეს სარკინოზთა და სელჩუკთა ატეხილ ურდოებში. და მარტო ეს დროშა რომ ტრიალებდა თამამად ყველა ცეცხლში და იერუსალიმის მკაცრი ალაყაფიც გარღვეულიყო ქართული დროშის შრიალით.

და აქ უნდა ჩართულიყო ულუ-დავითის სიტყვები:

– არა არს წესი ჩვენი ქართველთა, რათა ვიხილოთ მტერი ჩვენკენ მომავალი, შეუბმელად ზურგი შემოვაქციოთ, გინდ იყოს სიკვდილი.

ოღონდ განაზოგადებდა და ამიტომაც სახელდებით არ მოიხსენიებდა მის მთქმელს, რათა მოეწყვიტა კონკრეტული ეპოქისა და ვითარებისათვის და შეერაცხა ეროვნული ხასიათის არსებით ნიშნად და თვისებად; და კიდევ ერთ თვალსაჩინოებად, პირველად იერიშზე მუდამ ქართველები რომ გადიოდნენ.

ესახელებოდა გიორგი ლეონიძეს, რომ:

ამ დროშას არ ატარებდა ანგარება, ეროვნული ეგოიზმი – ეს ძველი აღთქმის იუდეანობა, არამედ სხვა დანიშნულება, ვიდრე ის, ჩვენი მეზობლების თვითშეგნება ხშირად პირად გაღმერთებაში რომ გადადიოდა.

ის კი რითი აგვეხსნა, საქართველოს ქრისტიანობა რომ დაებერებინა?

ესეის ავტორს თავისი ახსნა გამოეძებნა და სწორედ იმ დიდი გადმოსახედიდან – მესიანიზმისა:

ქრისტიანობისათვის ჩვენ შეგვეტია მაგარი ეროვნული ენერგიით. ამ ძალით ქრისტიანობას ჩვენში თავისი სოციალური და უნივერსალური მნიშვნელობისათვის მიეღწია. ამიტომაც მოეშურებინა ქრისტიანობას საქართველოსათვის, როგორც კულტურული, ისტორიული მემკვიდრისათვის.

და ბუნებრივი ეჩვენებოდა:

შემდგომ ქრისტიანობა საქართველოს ეროვნული ფაქტებით რომ გაეღრმავებინა.

ჩვენ ყველაზე მეტად იმიტომაც გვესმოდა ქრისტიანობის არსი: როგორც ხსნა ახლობლისა, მეზობლისა.

და თავმომწონედ ჩაიღიმებდა გიორგი ლეონიძე, რომ:

ამგვარი გაგება არა ჰქონოდა არც ბიზანტიას და არც იმპერიალისტურ რუსეთს (რაკიღა ესეი „ბახტრიონის“ 1922 წლის მე-2 ნომერში დაიბეჭდებოდა, ავტორი იძულებული იყო, გაემიჯნა ორი რუსეთი, თითქოსდა ეს „დემოკრატიული“ რუსეთი ნაკლებიმპერიალისტური გახლდათ მეფისდროინდელ რუსეთზე!) და მესიანისტურ პოლონეთსაც კი პრინციპად ჯერ თანამემამულეთა ხსნა მიეღო.

თუ – შელინგის დოქტრინით – ახლა დგებოდა ეკლესია იოანესი: სამყარო სიყვარულისა და ენთუზიაზმის, – განსხვავებით პეტრეს ანუ სინთეტური და პავლეს ანუ დოქტრინების ეპოქის ეკლესიებისაგან – როგორ არ აღენიშნა გიორგი ლეონიძეს სიამაყით, რომ:

ჩვენმა ეკლესიამ არ იცოდა ერესები, არც ცხარე დოქტრინები და თავიდანვე გახლდათ ეკლესია იოანესი ანუ სიყვარულისა და ენთუზიაზმის.

ისტორიულ ერს თავისი დანიშნულების აღსასრულებლად უნდა ეარსება. და ყოფა საქართველოსი არა ყოფილა ეპიზოდური – უბრალო ეთნოგრაფიულ-ისტორიული ფაქტი, მოკლებული ცოცხალ ისტორიულ ძალას.

ჩვენ დაგვებურღა ჩვენი ჯიშიანი ფესვებით და გაგვენაყოფიერებინა კავკასიის სხეული, და ამიტომაც ერჩივნათ კავკასიის წვრილ ერებს თავისუფალი შეზრდა საქართველოსთან, ვიდრე დახრჩობა თურანისა თუ ძველი (ეს „ძველიც“ პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით ითქმოდა) რუსეთის ზღვაში.

და მეტი თვალსაჩინოება რა გვენება ამისათვის, თუ არა ქართველ მეფეთა ტიტულატურა:

– მეფე მეფეთა, იესიანი, დავითიანი, სოლომონიანი, ბაგრატიონი, ნებითა ღვთისათა, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შანშა და შარვანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა, ჩრდილოეთისა, ვიდრე დასავლეთამდის მქონებელ მპყრობელი და თვით ხელმწიფე მფლობელთა.

რაო, მიემსგავსებოდა ჩვენი მეფეების ტიტულატურა აზიის თვითმპყრობელთა ჰიპერბოლას?

მაგრამ, დაე, ყური მიგვეგდო გიორგი ლეონიძესავით ამ ჩამონათვალისათვის და მოგვესმინა და განგვეცადა:

როგორ რეკდა მასში მესიანიზმის სპილენძი.

ნურც იმას დავივიწყებდით, რომ:

საქართველოს მეფეს სუფრაზე თორმეტი მეფე ეჯდა – ორი ოსთა, კახთა მეფე, წანართა მეფე, სამნი ტაოელნი მეფენი, სომეხთა მეფე, ტრაპიზონელი და ორიც შირვანშა.

შემდგომ ქართული ტიტულატურის მესიანიზმს გადაიღებდნენ რუსები იმ სიგელებიდან, რომელთაც თბილისი უგზავნიდა მოსკოვს.

ევროპელი მოგზაური ჟან შარდენი ძალზე გაეკვირვებინა ვახტანგ V-ის ბარათს, მიწერილს პოლონეთის მეფესთან, რადგანაც ამ ბარათში მჟღავნდებოდა საქართველოს რჩეულობა – როგორც პოლიტიკური, ისე რელიგიური.

მოგზაურ მარკო პოლოსათვის კი ოქროს ურდოში ყოფნისას ეცნობებინათ, რომ:

ქართველ ბაგრატიონებს ცალ ბეჭზე დაბადებითვე დაჰყოლოდათ არწივის გამოსახულება.

და გიორგი ლეონიძის თვალთახედვაში ამოიზრდებოდა კაპრიზებიც ჩვენი კარის ეტიკეტებისა, თავბრუდამსხმელი ცერემონიალებიც და უჩვეულო პერსონაჟებიც ქართული ისტორიისა, დამაბრმავებელი პორფირებიც – სისხლით, ღალატითა და შეთქმულებით. და დედოფალი ამორძალებიც, თვალდათხრილი მეფეებიც, სასახლის ქსელიც, როგორც ობობასი, სისხლით დაწურული გულებიც, ინტრიგებიც მტარვალთა და ბრძოლის გაგიჟებული პათოსიც.

და ამ ყოველივესათვის სხვა რა დაერქმია, თუ არა:

საქართველო, როგორც გაფრენილი კარნავალი.

შეგვახსენებდა იმ ქართველ თავადსაც, რომელიც ფლორენციის კრებას გააკვირვებდა არამარტო დარბაისლობითა და მეფურობით, არამედ… კოსტიუმითაც. ამ გარემოებას განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ კათოლიკური ქრონიკები.

და ეს არა ყოფილა გაგიჟება, როდესაც თეიმურაზ მეფე შვიდას ცხენოსანს ოქროს ნალებად დააკრავდა მთელ ხაზინას და ისე შევიდოდა კონსტანტინეპოლში; ის მეფე, რომლის ნათესაობასაც ეძიებდა ფილიპე მეორე, როგორც იუწყება პაპი კლიმენტი VIII. და ამ ნათესაობის სადღეგრძელოს შესვამდა ჟან შარდენთან შაჰნავაზ მეფე ანუ ვახტანგ V.

ისიც ნიშანდობლივი გახლდათ, აზიელები ასე რომ მოიხსენიებდნენ ქართველებს:

ყველა ნათესავთა უმეტეს რჩეულად.

ხოლო ქართველ მეფეებს:

მესიის ნათესავებად.

აქ იგულისხმებოდა ბაგრატიონთა თესლი – გენეალოგიით იესო ქრისტეს რომ ერგებოდნენ ნათესავებად.

ბაგრატიონები შემოსულიყვნენ როგორც მესიანიზმის კონკისტადორები, მათ სისხლში შემოჰყოლოდათ გახურებული სახელი მესიისა და აცხადებდნენ საქართველოს მესიის მემკვიდრედ.

და ყოველ მანიფესტში გამოჰქონდათ თავიანთი მესიანისტური საშო – იესოს ძირი.

აქეთ არაბული ქრონიკები და მონღოლთა სარდლები იგონებდნენ მათ უმაღლეს ნათესაობას და აღმოსავლეთის მპყრობელნი ყველაზე უმაღლეს ტიტულატურას უწერდნენ ქართლის მეფეთ, იქით ვატიკანისა და საფრანგეთის მეფე მიმართავდნენ: ბრწყინვალე და ძლევამოსილ იბერიის მეფეებს.

გიორგი ლეონიძე ამ ყოველივეს ხსნიდა:

ვახტანგ გორგასლის ალესილი ხმლის ზვიადობით, დავით აღმაშენებელის ათლიტრიანი რახტის ჭექითა და ქართველ ბაირახტართა სულით.

უკანასკნელი მესიანისტური ხმალი აღმოჩნდებოდა მეფე ერეკლესი, რომლის მეფურ სახელსაც იმპერატორი ფრიდრიხი თავის ფულზე მოაჭრევინებდა.

და ესეის ავტორი ერეკლე მეორეს მოიხსენიებდა:

უკანასკნელ ლომად, სადავითო სახლიდან მყვირალად, აზატხანის დამმარცხებელი მისი ბაირაღი რომ გახლდათ დროშა ქართული მესიანიზმისა…

გრძელი იყო გზა გეთსიმანიის…

მესიას უცდიდა ჯვარი…

მანამდე კი იქნებოდა:

თურანიდან დაშვებულ მონღოლთა ცხენების თქარუნი, აზიაში დაბურდული ჩინგიზის ოქროს ურდო, მონღოლის კნუტი, სისხლში დასველებული თემურ-ლენგი, რომელსაც უნდა მოეთხარა საქართველოს სული, ჯალალედინი გუმბათზე, მარაბდა… თავდაჭრილი მეფეები, ვით ნათლისმცემელნი, პილიგრიმის დასიცხული გზები: მცირე აზია, ირანი, სინდეთი, ავღანისტანი, ყანდაარი… კრწანისის მწუხრი…

მერე კი…

მერე „ფლეიტა ძვლებისაგან“, ციმბირის თეთრი ჯოჯოხეთები… პოლარულ ღამეთა თენება, ინკვიზიციები, სახრჩობელაზე ასული არმიები მუშების, რასაც საქართველოსათვის უნდა მიეცა ატაცებული ხალხის ცხოვრება, თავის მხრივ სამუდამო სანქციას რომ აძლევდა ქართულ ისტორიას.

კვლავ უნდა შემოჭრილიყო პოლიტიკური წნეხისაგან გამოწვეული ფრაზები, თუმც ჩვენი ეროვნული ხვედრი და ბედისწერა კვლავაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჭიდილის ჭრილში უნდა გააზრებულიყო, და გიორგი ლეონიძის რწმენითაც:

საქართველო ვერ მოურიგდებოდა აზიის ჩალმას, რადგანაც ქართული საკითხი გახლდათ ფაზისი დიდი აღმოსავლეთის საკითხის.

აზიის მიჯნაზე სარკინოზის წინაშე გამოსულ ქართველში ევროპა ებრძოდა აღმოსავლეთს, და ამიტომაც ვერავითარი პოლიტიკური ურაგანი ვერ შეარყევდა მის მიერ დგომას.

და სიამოვნებით დაიმოწმებდა პლატონ იოსელიანის სტრიქონებს, რომლის გახსენებაც არა გვწყინდება:

– მის დამეხებულ თავზე აილესა ხმალი მაკედონელის და სატევარი რომის. პომპეის დროს მას შეესმა ველური ჟღრიალი რომის ლეგიონერთა იარაღის. საუკუნეებში იგი აჩლუნგებდა ხოსროების, კობადების, კირუსის და ლუკულლის ბასრ მახვილს. ყოველი სოფლიო ჭექა თავს ასკდებოდა; მაგრამ ეს თავი იღუნებოდა, იხრებოდა საშინელებათა წინაშე, მაგრამ არ ირღვეოდა.

ხოლო XVIII საუკუნეში რომ სწამდათ: საქართველოს თავი მიებჯინა ღვთაების ტახტს და მალეც ავა ტახტზეო, – უკეთესი დასტური რაღა გვენება, თუ არა სოლომონ ლიონიძის (გიორგისათვის – ლეონიძის), კანცლერისა და მესიანისტის, წინასწარმეტყველება:

– ბედნიერის ტახტზედ ჯდომა გეღირსოს, ყოველს წინა საუკუნეზედ უფრო იდიდე, ამაღლდი, უფროს გაბედნიერდი, ცანი ქუხილით გრგვინავდენ ძალსა შენსა, სფერა ქვეყანის გეძრწოდა ფერხთა ქვეშე.

და მიადევნებდა გიორგი ლეონიძე:

ამ სპილენძის ცემაში ირეკება გამძლეობა ქალდეადან ვიდრე საქართველომდეო…

რეკვა გამძლეობისა: სწორედაც და უსათუოდაც და უთუმცაოდაც ქალდეადან მოკიდებული – აბა ისე როგორ!..

და კვლავ პლატონ იოსელიანს უნდა მიბრუნებოდა, რათა დაე დაერეკა მის ლათინურ სულს, კიდევ უფრო მოუწყინრად გასახსენებელი სტრიქონებით:

– ქართველთა მრავალ საუკუნებითა, გამოცდილთა და ცეცხლში ვითარცა პური გამომცხვართა, ვერა ერეოდა ვერცა შინაგანი და ვერცა გარეგანი მწუხარება. დაღელებული თავისუფლებითა და გალაღებული მთებით; ეცინოდა ბედსაცა და უბედობას. ქართველთა შეჭამეს იმპერია რომისა, ვითარცა იტყვის პლინიოს, გამოსწოვეს ტვინი სპარსთა და თვით დარჩნენ შეუჭმელად მათთვის, რომელნიც ჰგონებდნენ მათსა შეჭმასა.

მიზეზს ამ უთანასწორო ჭიდილში ასეთი წარმატებით გამოსვლისა იქ თუ იპოვნიდი, იმ გამოუსწორებელ ძაღლის კუდის მეტაფორაში, შვიდი დრაკონი რომ დაეხრჩო:

– განახლდეს ვითარცა ორბისა სიჭაბუკე შენი.

ხოლო ბაზალეთის ტბა რას დაეყენებინა და:

საუკუნეებში დახარჯულ ცრემლებს.

და დაემსგავსებოდა მეწამულ ზღვას, და შიგ იწვებოდა ქართლის მესია – პატარა ბავშვი, ისე, როგორც ებრაელთა მეფეთა წიგნში გამოცხადებულიყო.

თამარ მეფის საშოს ვერ დაეტია მესია?

აგერ მიწის საშო უფრო მოძარღვულიც გახლდათ და დაუტევნელიც.

ბაზალეთის ტბის ლეგენდას როგორც ჩანს ხალხურ გადმოცემად მიიჩნევდა გიორგი ლეონიძეც და არა ილია ჭავჭავაძის  მიერ შეთხზულ გამოცხადებად ახალი დროისა…

შეთხზულად თუ… ნაგრძნობად და ნაწინასწარმეტყველებად?

უფრო ეს – ნაგრძნობიც და ნაწინასწარმეტყველებიც, მარტოდენ პოეტური წარმოსახვის ნაყოფი რომ არ იქნებოდა ის მესიანისტური ლექსი „ბაზალეთის ტბა“ და ღვთაებრივი ექსტაზით მოგვრილი ხილვა შობდა, ლირიკულ გარსს რომ შემოიკრებდა და ჩამოისხმოდა ისეთ პოეტურ თქმულებად, საუკუნეებში გამოვლილ-გამოწრთობილს რომ დაემგვანებოდა და სახალხო ნატვრასა და ოცნებას ჩაიხვევდა, რათა ეროვნული ცნობიერების ემბაზში ამოვლებული ხელმეორედ მოვლენოდა ქართველობას, როგორც იმ ღვთაებრივი ექსტაზისას გადებული ხიდი მემატიანის ხილვასთან: ტაბახმელაში მყოფ თამარს, თითქოსდა ბეთლემში გადანაცვლებულს, რომ უნდა ეშვა ძე, სწორი ღვთისა…

ბაზალეთის ყრმა გახლდათ სწორედაც თამარის მიერ ნაშობი, ოღონდ აუცილებელი გამხდარიყო მისი გამოშუშება ტბის ფსკერზე, ამირანისა არ იყოს, ხარის ფაშვში რომ უნდა გამოშუშებულიყო.

მიწის საშო უფრო მოძარღვულიც გახლდათ და დაუტევნელიცო…

იქით გაიხედავდი და:

ებრაელთა შეგნება დაეწვა იერუსალიმის კედლის აშენებას.

აქეთ გამოიხედავდი და:

რუსეთიც მესამე რომის შენებაში იმყოფებოდა.

ჩვენ კი…

ჩვენ უარგვეყო უსულო ქვები და ჩვენი საკუთარი სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი გვეწამებინა – ბავშვი მესია.

ეს ბავშვი მესია კი როგორ წარმოუდგებოდა გიორგი ლეონიძეს?

როგორ და:

ვისშიც შედედებულიყო ორი სული: რუსთველისა და სააკაძის.

და თვალსაჩინოებად იმისა, თუ როგორ უყვარდა ქართველ ერს ქართველი მადონა, ქართული მესიანიზმის ეს ერთი უმთავრესი საყრდენი, ეს ლექსიც გამოდგებოდა:

ხომალდში ჩავჯექ, ზღვას გაველ,

ფრანგის ქვეყნები ვნახეო.

ანთებულ სანთელს გამსგავსე,

ცისკრის ლოცვაზე გნახეო.

ხელში გეჭირა ყმაწვილი

ფარსაგ ვერ დაგინახეო.

აკაკი წერეთელი ამ ლექსით აღტაცებას იმით გამოთქვამდა, რომ: ინტერპოლაციის გუნებაზე დადგებოდა და მიადევნებდა და მიადევნებდა თავის სტრიქონებს, საბოლოოდ იმხელა პოეტური ნიმუში რომ გამოუვიდოდა, გარეგნულად ინტერპოლაცია ამ ხალხურ მარგალიტს უფრო დაერქმეოდა, რაკიღა აკაკის ტაეპებში ლამის ჩაიკარგებოდა… თუმც ისე მოხდებოდა, რომ თვით აკაკიც ვერ გადააჭარბებდა მხატვრული ძალით ხალხურ ლექსს და მისი სტრიქონები ვრცელი პოეტური კომენტარი უფროა…

გიორგი ლეონიძე კი ამ ლექსით აღტაცებას იმით გამოთქვამდა, რომ თავისებურ გვირგვინად მოიშველიებდა ქართული მესიანიზმის ერთიანი სურათის წარმოსახვისას, შთამბეჭდავ მოთავებად წინასწარმეტყველური განცდისა და სწრაფვისა, ამჯერად მეტის თქმას რომ აღარც აპირებდა, და თუ რაიმე დარჩებოდა წარმოსაჩენი – პრობლემა: რუსთაველი და სააკაძე – ცალკე ესეისათვის გადადებდა, ესეისათვის, რომელიც დაუწერელი უნდა დარჩენოდა…

ნეტა როგორ აპირებდა ამ პრობლემის გაშლას?

ნეტა როგორ უნდა წარმოეჩინა ამ ორი სახელის ჰარმონიულობა და განუყრელი თანაარსებობა, მაშინ როდესაც თუ რაიმე ჰქმნის ორ საპირისპირო პოლუსს, მათ შორის უთუოდ და უთუმცაოდ შოთა რუსთველისა და გიორგი სააკაძის სახებანი და სახელები.

პოლიტიკური რეალობა შეუბორკავდა ხელს, კვლავაც გაჰყოლოდა ქართული მესიანიზმის კვლევასა და კიდევ უფრო კანთიელი და სრული სურათის წარმოჩენას, მესიანიზმისა, ქალდეური ეპოქა რომ ასაზრდოებდა და ორბის სიჭაბუკესაც ის უნარჩუნებდა ქართულ მოდგმას, პლინიუსიც რომ ადასტურებდა, აქეთ ჩვენს შესაჭმელად დაღერილი რომი იქით რომ შემოგვეხრამუნებოდა სპარსელებთან ერთად…

და სოლომონ ლიონიძის წინასწარმეტყველებას ილია ჭავჭავაძის წინასწარმეტყველება გააგრძელებდა და დააგვირგვინებდა ბავშვი მესიის ხატით, ბაზალეთის ტბის აკვანში რომ იკრებდა ძალას თავისი ჟამის დადგომის მოლოდინში, ქალდეური სული რომ ასაზრდოებდა.

მანამდე კი… მანამდე დაე ძველებურად სიცილით შევგებებოდით ბედსაცა და უბედობასაც!..

Rostom Chkheidze

From Chaldea to Bazaleti Lake

(The Messianist quest of Giorgi Leonidze)

In the author’s search for the ancient era of Georgian ancestry, Giorgi Leonidze’s essay Georgian Messianism fits in naturally – created in the early 1920s when Georgia was reconquered by Russia and the writers’ resistance became particularly intense to restrain the dictated regime. The defeat on the political front-line shouldn’t have given rise to the despair and moral infirmity in people’s psychology and for this, it was crucial to promote and highlight Georgian Messianism as a historic reality, as well as a call to hearten the nation.

Giorgi Leonidze’s essay is one of the best samples of this endeavor.

Many an example is provided that help depict in relief the fundaments which underlay Georgian Messianism and what was the distinguishing factor of its essence, power and viability, these all haloed by the three images raised to the rank of a symbol – those of Mary, the Mother of God, Nino the Apostle and King Tamar.

The article accentuates the importance of Giorgi Leonidze’s essay Georgian Messianism as that of a literal and esthetic monument and also a political pamphlet that we are still in need for inner courage as we set out to be fully engaged in the life of mankind.

სურათები

  1. როსტომ ჩხეიძე   – გიორგი ლეონიძე  ვაჟაობაზე
  2. როსტომ ჩხეიძე 1. – გიორგი ლეონიძე ილიას კაკალთან საგურამოში
  3. როსტომ ჩხეიძე 2. – გიორგი ლეონიძე ლავრენტი ბერიასთან და  ფილიპე მახარაძესთან ერთად
  4. როსტომ ჩხეიძე 3. – გიორგი ლეონიძის დაკრძალვა
  5. როსტომ ჩხეიძე 4. – გიორგი ლეონიძე და ოთარ ჩხეიძე
სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…