სტატია როსტომ ჩხეიძე

„მხოლოდ დიდ საქმეებს უნდა ეჭიდებოდე!“

, , ,

(ბიოგრაფიული ნატეხებიდან დავით წერედიანზე „ულეგენდოდ ლეგენდაში“)

ერთხელაც ფრანგულ პიესებზე რომ ვკითხავდი:

პიერ კორნელისა და ჟან რასინის, –

ხომ არ აპირებდა მათ ხელმეორე გამოცემას, წაიბურტყუნებდა:

– ერთხელ ხომ დაიბეჭდა და…

არადა ხელმეორედ გამოცემის აუცილებლობას უპირველესად იმაში დავინახავდი, რომ:

 იმ ერთხელ ეს სამივე პიესა ფრანგული დრამის ვეება ტომში შესულიყო, „მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკის“ სერიით რომ გამოქვეყნდებოდა 1982 წელს და ათი დრამატურგიული ნიმუში მოიყრიდა თავს, სხვების თარგმანებიც და დავით წერედიანის მიერ გადმოღებული:

პიერ კორნელის კომედია „ცრუპენტელა“ და ჟან რასინის ტრაგედიები: „იფიგენია“ და „გოთოლია“, –

იმ ნიმუშებს შეერეოდა და… მიიკარგებოდა და მიყრუვდებოდა დავითის ღვაწლი ამ ჟანრში, თვითონ ხსენებითაც რომ აღარ ახსენებდა და არც სხვანი შეიწუხებდნენ თავს მათ შემოსატანად ლიტერატურულ მიმოქცევაში, თორემ რეჟისორები ხომ არ დაინტერესდებოდნენ და არა.

ცალკე წიგნად დასტამბვას ამ პიესებისა ეგებ რეჟისორებიც დაეინტერესებინა, თორემ მკითხველისათვის მეტად საგულისხმო აღმოჩნდებოდა, გარდა ფრანსუა ვიიონისა, დავით წერედიანს ფრანგული მწერლობის ეს ორი კლასიკოსიც რომ აემეტყველებინა ქართულად.

თანაც – განსხვავებით ლიონ ფოიხტვანგერისა და ჰალდორ ლაქსნესის რომანების ქართულ ვერსიათაგან – ამ ნამუშევრებით უკმაყოფილო არ უნდა ყოფილიყო, თორემ არ მოერიდებოდა იმის თქმასაც:

იმ ერთხელაც არ იყო გამოსაცემი, თორემ ხელმეორედ რა გამოსაქვეყნებელიაო.

გასულიყო კლასიციზმის ეპოქაც და შესაფერისი ლიტერატურული გემოვნებაც თვით საფრანგეთში?

და როგორ გინდოდა საკითხავად გექცია საქართველოში იმდროინდელი, იმ ეპოქის გემოვნებას მორგებული კლასიკური მხატვრული ქმნილებანი, რომელნიც – განსხვავებით შექსპირულ ხასიათთა შუქ-ჩრდილებისაგან – მკვეთრად გამიჯნულ სიკეთესა და ბოროტებას წარმოსახავდნენ, თეთრსა და შავ ფერებს შორის ამაოდ რომ დაუწყებდით ძებნას გარდამავალ ფერებს?!.

თანაც პიერ კორნელის „ცრუპენტელა“ გადმოსაღები გამხდარიყო კრებულის მრავალფეროვნებისათვის, თორემ კორნელი რომელი კომედიოგრაფი გახლდათ, ამაოდ რომ მოინდომებდა ჟან-ბატისტ მოლიერთან გაჯიბრებას და „ცრუპენტელათი“… სულაც მარცხი უნდა განეცადა.

„გოთოლია“ მთლად მარცხადაც არ იხსენიებოდა, მაგრამ:

ჟან რასინისათვის ნაკლებ დამახასიათებელ ქმნილებად კი მიიჩნეოდა.

კრებულის წინასიტყვაობად დართულ გასტონ ბუაჩიძის ესეიში: „მაღალი ჭმუნვა და მდაბალი სიცილი“ – „იფიგენია“ უნდა შედარებოდა ვერსალის ბაღებსა თუ ნიკოლა პუსენის ფერწერას იმ თვალსაზრისით, რომ:

ჟან რასინის პიესაშიც პერსპექტივა გეომეტრიული სიმეტრიის კანონზომიერებით უნდა გადაშლილიყო – მარტოოდენ მამაკაცთა რეპლიკებს პირველ მოქმედებასა და მარტოოდენ ქალთა რეპლიკებს მეორე მოქმედების დასაწყისში ზუსტი პარალელიზმი უნდა შეექმნა, რასაც – პიესის სხვა ესთეტიკურ კატეგორიებთან ერთად – ერთგვარად უნდა გაეწვრთნა მაყურებლისა თუ მკითხველის გემოვნება.

პიესის მთავარი კონფლიქტი პირადული გახლდათ და არა სახელმწიფოებრივი:

ორი ქალის – იფიგენიასა და ერიფილეს – რაყიფობა, ორივეს რომ უნდა შეჰყვარებოდა აქილევსი, რომლისთვისაც იფიგენია უნდა ყოფილიყო სატრფოდ შეგულებული.

მაგრამ შემდგომ ამ კონფლიქტს სახელმწიფოებრივი და რელიგიური სარჩული უნდა გამოჰკერებოდა.

წინასწარმეტყველის თქმით:

ღმერთები მოითხოვდნენ იფიგენიას გაწირვას მსხვერპლად და ეს მსხვერპლი თვით მამამისს, მეფე აგამემნონს უნდა გაეღო.

სწორედ ამ საკულმინაციო მომენტიდან მოყოლებული უნდა გადაშლილიყო ვნებათაღელვის გადმოცემის რასინისეული ოსტატობა.

ინტრიგა რამდენიმე განშტოებად უნდა გახლართულიყო, პერსონაჟთა ურთიერთმიმართებას მოულოდნელი ცვლილებანი მოჰყოლოდა, ერთხელ მიღებული გადაწყვეტილებანი გაუქმებულიყო და ახალი ბრძანებები გამოცემულიყო. და კლასიკური ჩარჩოს მოწესრიგებულ ფარგლებში ეს უნდა ყოფილიყო ვნებათაღელვის ნამდვილი ქარბორბალა.

და რასაც გასტონ ბუაჩიძე ფრანგულ „იფიგენიაზე“ იტყოდა, უშუალოდ უნდა მორგებოდა მის ქართულ ორეულსაც, ვნებათაღელვის ნამდვილი ქარბორბალა მთელი გზნებით რომ უნდა გადმონაცვლებულიყო ახალ ენობრივ სამოსელშიც.

ტრაგედიისათვის დართულ წინათქმაში ჟან რასინს უნდა აღენიშნა, რომ:

მართალია, იფიგენიას მსხვერპლშეწირვაზე ცნობილი სიუჟეტი პოეზიაში არ არსებობდა, მაგრამ ყველა პოეტი როდი თანხვდებოდა ერთმანეთს ამ მსხვერპლშეწირვის უმთავრეს გარემოებათა გამო, ზოგი რომ ირწმუნებოდა იფიგენიას სისხლის დანთხევას, ზოგი მიჰყვებოდა იმ ვერსიას, თითქოს ქალღმერთ დიანას შეჰბრალებოდა ხელმწიფის ნორჩი ასული და მის ნაცვლად ფურირემი შეწირულიყო, ზოგის აზრითაც – ეს სულ სხვა იფიგენია გახლდათ.

ყველა ამ განსხვავებული შეხედულებიდან ფრანგი დრამატურგი მიენდობოდა პავსანიას გადმოცემას, რასაც უმადლოდა თავის ბედნიერ აღმოჩენას – ერიფილეს, ურომლისოდაც ამ ტრაგედიას ვერ დაწერდა.

რა შთაბეჭდილება შეიძლება მოეხდინა, რომ წაებილწა სცენა ისეთი სათნო და მომხიბლავი არსების საზარელი სიკვდილით, როგორადაც უნდა წარმოდგენილიყო იფიგენია?

ანდა ტრაგედიის კვანძი ქალღმერთისა და მანქანების საშუალებით, მეტამორფოზის მეშვეობით რომ გახსნილიყო, რასაც ევრიპიდეს დროს შესაძლოა ჯერაც ნდობით ეკიდებოდნენ, მაგრამ კლასიციზმის ხანაში სრულიად მიუღებელი და დაუჯერებელი იქნებოდა?

ამიტომაც მიიჩნევდა ბედის გაღიმებად, როდესაც ძველ წყაროებში წააწყდებოდა ამ მეორე იფიგენიას, რომელიც შეეძლებოდა ისე გამოეყვანა, როგორც მოინდომებდა.

ასე უნდა გამიჯვნოდა ევრიპიდესეულ ქარგას, ვნებათა გამოხატვისას კი ეცდებოდა უფრო ზუსტად მიჰყოლოდა.

აღიარებდა, რომ:

მისი ტრაგედიის საკმაოდ ბევრი ადგილი ევრიპიდესაგან მომდინარეობდა და… ყველაზე დიდი მოწონებაც მათ, სწორედ ამ ადგილებს, ხვდომოდათ წილად.

ამას მით უფრო სიამოვნებით აღიარებდა, რომ:

ამ მოწონებას კიდევ უფრო უნდა განემტკიცებინა მისი მოწიწებაც და პატივისცემაც ანტიკურ ქმნილებათა მიმართ.

დააკვირდებოდა, თუ რა შთაბეჭდილებას ახდენდა ახალ თეატრზე ყოველივე ის, რაშიც ჰომეროსსა და ევრიპიდეს ჰბაძავდა, და კმაყოფილებით უნდა დარწმუნებულიყო:

საღი აზრი და კეთილგონიერება ყველა საუკუნეში ერთნაირი  ყოფილაო.

პარიზისა და ათენის გემოვნება მსგავსი აღმოჩნდებოდა და ჟან რასინის მაყურებელსაც ის აღელვებდა, რასაც ოდესღაც ცრემლი უნდა ეღვრევინებინა საბერძნეთის უგანათლებულესი ერისათვის, რომელსაც ევრიპიდე პოეტთა შორის „ყველაზე ტრაგიკულ პოეტად“ შეერაცხა, რადგან საოცარი ძალით შეიძლებდა გამოეწვია თანაგრძნობა და ძრწოლა, ტრაგედიის ჭეშმარიტი ეფექტები.

რას იმღელვარებდა ჟან რასინის აქილევსი და:

ჩემს სულს თანდათან მძვინვარების ცეცხლი ედება.

მიდით, წაბრძანდით სამსხვერპლოზე, რაღას აყოვნებთ.

მეც იქ გავჩნდები და თუ ღმერთებს სიკვდილი შიათ,

დავუცხრობ შიმშილს, მთელ სამსხვერპლოს ცხედრებით მოვფენ.

ჩემს ბრმა სიყვარულს ვერაფერი ვერ დააოკებს,

თვითონ ქურუმი შეიქნება პირველი მსხვერპლი

და კოცონი რომ დაუნთიათ თქვენს დასაწვავად,

იმ კოცონს თქვენი ჯალათების ხელით ჩავაქრობ.

„გოთოლიას“ წინათქმაში დრამატურგს უნდა შეეხსენებინა მკითხველისათვის ძველი აღთქმის სათანადო ადგილები, რათა არ შებრკოლებულიყვნენ ტრაგედიის კითხვისას.

მისთვის ჟან რასინს შეეძლო დაერქმია „იოასიც“, სახელი იმ პერსონაჟისა, რომელიც ძუძუთა ბავშვობისას უნდა გადაერჩინათ გარდუვალი მოკვლისაგან, გადაემალათ და… საბოლოოდ ასულიყო სამეფო ტახტზე და ვეღარ მოესპოთ დავით წინასწარმეტყველის მოდგმა, რასაც ასეთი ჟინითა და დაუოკებლობით ესწრაფოდა გოთოლეა, რომლის სიკვდილითაც უნდა დასრულებულიყო სისხლიანი კალო.

ისტორიას არ დაეზუსტებინა იოასის გამეფების დღე, ოღონდ ზოგიერთი გადმოცემის კვალობაზე ეს ამბავი დღესასწაულისას რომ მომხდარიყო, ებრაელთა სამ უდიდეს დღესასწაულთაგან ჟან რასინს უნდა აერჩია ერგასობა, რაკიღა ამ დღეს რჯულისღებას ზატიკობდნენ და ამასთან ღმერთს ახალი მოსავლის პირველ პურებს სწირავდნენ.

ამ გადაწყვეტილებას დრამატურგი მიიღებდა პირწმინდად მხატვრული მიზნით:

საშუალება მიეცემოდა, ქოროს საგალობლებში მეტი მრავალფეროვნება შეეტანა.

ეს ქორო ლევის ტომის ასულთაგან რომ შედგებოდა, დრამატურგს მის სათავეში უნდა ჩაეყენებინა ერთ-ერთი ქალიშვილი, რომელიც ქოროსთან ერთად მღეროდა, ქოროსთან ერთად ლაპარაკობდა და საერთოდ იმ პერსონაჟის მოვალეობას ასრულებდა, ძველ ქოროებში კორიფე რომ ეწოდებოდა. ძველების მიბაძვითვე მოქმედება უწყვეტად მიმდინარეობდა, სცენა არასოდეს ცარიელდებოდა, შუალედები კი მოქმედებებს შორის ივსებოდა ქოროს სადიდებლებითა და შეგონებებით, რომელნიც მომხდარ ამბებს უკავშირდებოდნენ.

ქორო რას მღეროდა და:

წინ, აარონის შთამომავალნო!

ამაზე წმინდა საქმისათვის ჯერ არცერთ ქურუმს

არ აუღია ხელში მახვილი.

ბრძოლად მიდიხართ სჯულიერი თქვენი მეფისთვის,

თქვენი ღმერთისთვის მიდიხართ ბრძოლად.

წინ, აარონის შთამომავალნო!

და ერთი ხმა რომ გაისმოდა:

ღმერთო, სად არის შენი რისხვა სამართლიანი და შენი მეხი, უკეთურთა დამამხობელიო?

მეორე ხმაც უნდა წამოსწეოდა:

მოგვხედე, ღმერთო,

იაკობის მფარველო ღმერთო!

ნუთუ შენამდე ჩვენთა ცოდვათა,

ჩვენთა ცთომათა ხმა აღწევს მხოლოდ

და ვეღარ აღწევს

ხმა გოდების და სინანულის?

ქოროს შემოსვლას უნდა გაემრავალფეროვნებინა ქართული ორეულის ლექსთწყობაც, მოხდენილად შემორეოდა თოთხმეტმარცვლოვან საზომს, ხალხურიდან წამოღებულს ბესიკ გაბაშვილის მიერ, ახალი სუნთქვით ავსებულს ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელით, ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი ქართულ შექსპირიანას რომ მოარგებდნენ და… კიდეც ამ საზომით უნდა გამართულიყო თარგმნილ პოეტურ ნიმუშთა უმეტესობა – უპირატესად დრამატურგია და ეპიკა, დავით წერედიანსაც ეს საზომი რომ უნდა მოემარჯვებინა ფრანგული პიესების ასამეტყველებლად ქართულ ენაზე, ჟან რასინთან ერთად პიერ კორნელისაც, რომლის „ცრუპენტელაც“ ლოპე დე ვეგას ჩანაფიქრს დაემყარებოდა, თუმც:

ბევრ რაიმეს კი ისესხებდა მომხიბლავი დედნიდან, მაგრამ რაკიღა პერსონაჟებს მთლიანად გააფრანგებდა და სრულიად ახალ სამოსელში გამოაწყობდა, იმდენად ცოტა რამღა მოიძებნებოდა საერთო ესპანურსა და ფრანგულს შორის, ვინც ჩაძიებას მოინდომებდა, კმაყოფილებას კი არ მიიღებდა, არამედ გული გაუწვრილდებოდა.

როდესაც პუატიეში განათლებამიღებული დორანტი… წუხილს გამოთქვამდა:

სად პარიზი, სად პუატიე! აქ იმ ხერხებით ფონს ვერ გახვალ, ჩაიძირები. რაც სხვაგან მოსწონთ, ის პარიზში ყავლგასულია. პროვინციული ქცევები და საუბრის კილო უმეტესწილად იწვევს მხოლოდ დამცინავ ღიმილს… აქ კი ვერავის ვერ შეაყრი თვალებში ნაცარს, ვერავის ყალბი ბრწყინვალებით ვერ დააბრმავებ. როცა ამდენი ღირსეული ხალხია ირგვლივ, შენც ღირსეული თუ არა ხარ, ვინ ჩაგთვლის რამედო.

ეს წუხილი სასაცილოდ არ უნდა ჰყოფნოდა კლიტონს:

აი, რას ნიშნავს, რომ სრულებით არ იცნობთ პარიზს

და მის ავ-კარგზე ყურმოკრული ამბებით მსჯელობთ.

პარიზი დიდი ქალაქია, სადაც ზღვა ხალხი

მიდის და მოდის, აქ ერთმანეთს ცუდად იცნობენ,

სულ იოლია, გაასაღო ტყუილი მართლად

და ჩვეულებრივ იმად ფასობ, რა ფასსაც იდებ.

კომედიის ჟანრი მოითხოვდა, საუბრები მოკლე-მოკლეც ყოფილიყო, თითო-ოროლა ფრაზით მონაცვლე, რაც თავის სირთულეს ჰქმნის ხოლმე ლექსად დაწერილი პიესების გადმოტანისას, დავით წერედიანი ამგვარ გადასვლათა დინამიკურობასა და სიცინცხალესაც რომ შეინარჩუნებდა და იუმორსა და კომიზმს თავისთავად, თორემ წაგვიკითხავს უცხოურ პიესათა თარგმანები,  იუმორისა და კომედიურობის ნატამალიც რომ ვერ გვიპოვია და ვერ გაგვიგია, კომედიად რატომ მიიჩნეოდა დედანში.

დრამატურგიულ ნიმუშებს უმთავრესად რეჟისორთა დაკვეთით რომ თარგმნიან, ამ შემთხვევაში გამომცემლობას უნდა გამოეჩინა თაოსნობა, ვახტანგ ჭელიძეს რომ უნდა წამოეწყო ეს სერია „საბჭოთა საქართველოს“ დირექტორობისას და წინასწარვე შეეგულებინა მთარგმნელები, და დავით წერედიანსაც ასარჩევად რომ შესთავაზებდა არაერთ ავტორს, იგი საბოლოოდ ამ სამი პიესის გადმოქართულებას რომ დათანხმდებოდა.

და უკვირდა და როგორ არ გაჰკვირვებოდა ვახტანგ ჭელიძეს მისი ასეთი განზე დგომა დაბეჭდვა-გამოცემებისაგან, ძნელად დასაყოლიებელ ავტორად რომ მიიჩნევდა და ყოველნაირად შეეცდებოდა მის ჩართვას თუნდ ამ სერიაში, აგერ ბოლოსდაბოლოს კიდეც რომ დაიყაბულებდა…

ამ სიტყვებს კი პირადადაც ეტყოდა და საქვეყნოდაც განაცხადებდა:

დავით წერედიანი მხოლოდ დიდ საქმეებს უნდა ეჭიდებოდესო!..                   

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…