როსტომ ჩხეიძე - სტატია

მცირე ანთოლოგიის სივრცე

, , ,

(პეტერ ჰანდკე, ვოლფრამ ლოცი, ვერა შინდლერი)

– გთხოვთ, ნუ შექმნით ჩემგან ჯამბაზს.

ეს იქნებოდა უკანასკნელი ფრაზა ზდენეკ ადამეცის გამოსათხოვარი წერილისა, იმ ყმაწვილკაცისა, რომელიც მთელს სამყაროს აუჯანყდებოდა და პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობით დაასრულებდა სიცოცხლეს – ბენზინს გადაისხამდა და თავს დაიწვავდა.

დიდი რამ ხმაური არ მოჰყვებოდა ამ ტრაგიკულ აქტს და მალევეც ამოიშლებოდა საზოგადოებრივი ცნობიერებიდან, პეტერ ჰანდკეს რომ უნდა დაებრუნებინა და კანთიელადაც აღებეჭდა პიესით, რომელიც იმ უჩვეულო ბიჭის გვარ-სახელითვე დასათაურდებოდა: „ზდენეკ ადამეცი“.

ნობელიანტი მწერლის ავტორიტეტსა და, რაც მთავარია, დრამატურგიული ქმნილების მხატვრულ შთამბეჭდაობას კიდეც მოჰყვებოდა შესაფერისი აჟიოტაჟი – მკითხველისაც და მაყურებლისაც, საუკეთესო რეჟისორები რომ მოჰკიდებდნენ ხელს მის სცენურ ხორცშესხმას.

და, აი, პეტერ ჰანდკეს ეს პიესა ქართულადაც უნდა ამეტყველებულიყო მაია ლიპარტელიანის მიერ და გამოქვეყნებულიყო კრებულში: „თანამედროვე გერმანულენოვანი დრამატურგიის ანთოლოგია“ („კენტავრი“, 2022), რომელშიც კიდევ ორი პიესა უნდა შესულიყო:

ვოლფრამ ლოცის „ღიმილისმომგვრელი წყვდიადი“ და ვერა შინდლერის „ჯიჯიუანდერ. ერთი ფეხის ამბავი“, რომლებიც გიორგი ჯამბურიას უნდა ეთარგმნა და მასვე დაერთო წინასიტყვაობაც კრებულისათვის, ლაკონიურად და ტევადად რომ წარმოაჩენდა ამ პიესების მნიშვნელობასაც და მხატვრულ თავისებურებებსაც.

***

პეტერ ჰანდკე, ცნობილი თავისი ეპატაჟური, პროვოკაციული სტილისტიკით, ხანდაზმულობისას მშვიდ, ლირიკულ ტონალობას რომ ამჯობინებდა, ამის ნიმუშადაა მოხსენიებული წინასიტყვაობაში „ზდენიკ ადამეციც“ და მიდევნებულია, რომ:

მწერალი ამ ისედაც სულისშემძვრელ ამბავს ძალზე ფრთხილად მიუდგებოდა, პატივს მიაგებდა ტრაგიკული მეამბოხის უკანასკნელ სურვილს და მას არაფრისდიდებით არ აქცევდა ჯამბაზად.

პიესის სიუჟეტური ქარგა აიგებოდა პერსონაჟთა მსჯელობაზე, ზდენეკ ადამეცის გამაოგნებელი საქციელის ახსნას რომ ლამობენ. ამიტომაც მოქმედება ნაკლებია, ის, რაც ასე რიგად აუცილებელია სპექტაკლისათვის, თუმც გიორგი ჯამბურია მაინც „ძალიან თეატრალურ ტექსტად“ მოიხსენიებს პიესას და დასძენს:

– ამ სპეციფიკური თეატრალურობის პოვნა და მისი სცენაზე გაცოცხლება ნებისმიერი რეჟისორისათვის არც თუ მარტივად დასაძლევი, მაგრამ უაღრესად საინტერესო გამოწვევაა.

იგულისხმება, რომ ქართველმა რეჟისორებმაც უნდა მიიღონ ეს გამოწვევა.

პეტერ ჰანდკეს პიესა სხვა მხრივაც აგვაფორიაქებდა და ეს იმიტომაც, რომ:

ძალდაუტანებლად წამოგვაგონებს ჩვენში მომხდარ მსგავს უჩვეულო აქტს – გია აბესაძის თვითმკვლელობას ასევე ბენზინის გადასხმითა და ცეცხლის წაკიდებით, ერთდროულად ტრაგიკულ და ჰეროიკულ საქციელს – არა პროტესტის ნიშნად, არამედ დაპირისპირებულ მხარეთა შესარიგებლად, რათა არ მომხდარიყო სამხედრო გადატრიალება და დამოუკიდებლობამოპოვებულ ქვეყანას ბუნებრივად განეგრძო ცხოვრება და არ აღმოჩენილიყო ქაოსში.

ეს სახება ჯანსუღ კორძაიას ბალადაში უნდა განივთებულიყო, თუმც სხვა მხატვრულ ჟანრებსაც მოითხოვს და უპირველესად მაინც პიესას – სცენიდანაც რომ შემოგვანათოს იმ ცეცხლის, უფრო კი იმ სულის მგზნებარებამ.

სიუჟეტის ზოგადი ქარგა ჰანდკესგანაც რომ ვისესხოთ, ეგებ, არც დაგვეძრახებოდეს – ბოლოს და ბოლოს განსჯაში მონაწილე პერსონაჟთა ხასიათები სულ სხვაგვარად წარმოისახება და თვითონ განსჯის თემატიკა-პრობლემატიკაც, მისი სიმძაფრეცა და სიღრმეც მთლიანად ქართველი დრამატურგის ხელოვნებაზე იქნება დამოკიდებული…

ეს ისე, სხვათა შორის, „ზდენეკ ადამეცის“ მხატვრული შთამბეჭდაობა ასე რიგად რომ მოქმედებს მკითხველის ფსიქიკაზე, თორემ ჩვენს დრამატურგებს შეუძლიათ ორიგინალური, არანაკლებ მოხდენილი სიუჟეტური ქარგა გაშალონ და სცენიდანაც მოგვევლინოს თბილისის ცხოვრების მდინარების ეს კიდევ ერთი სულისშემძვრელი ეპიზოდი; და შესაფერი შარავანდითაც შეიმოსოს.

ხოლო ის ორი დრამატურგიული თხზულება აბსურდის სტილისტიკით არის ნასაზრდოები და ვოლფრამ ლოცი ამას ქვესათაურშივე მიანიშნებდა:

– რადიოპიესა ფრენსის ფორდ კონრადის „წყვდიადის გულის“ მიხედვით.

ღიმილით რომ შეურწყავდა ერთმანეთს ფრენსის ფორდ კოპოლასა და ჯოზეფ კონრადის გვარ-სახელებს, ერთის რომანის სახელწოდებას რომ გაიმეორებდა, მეორის ფილმს კი: „აპოკალიფსი ახლა“ – იგულისხმებდა.

ჯეიმზ ჯოისი ჰომეროსთან გასდებდა იდუმალ ხიდს, რათა თანადროული ყოფის ამოყირავება წარმოესახა, ნაცვლად რომანტიკისა – მისი გაპარტახებული ვერსია, ნაცვლად ამაღლებისა – დაცემა, ნაცვლად გადახსნილი სივრცისა – ხუფში მოქცეული სინამდვილე.

ასე შეიქმნებოდა „ულისე“ „ოდისეას“ პაროდიად.

ტომას სტერნზ ელიოტს იმავე სწრაფვით დანტე ალიგიერთან უნდა გაედო იდუმალი ხიდი და:

„ბერწი მიწა“ შეექმნა „ღვთაებრივი კომედიის“ პაროდიად.

ვოლფრამ ლოცი ასე შორს აღარ გაჰყვებოდა გარდასულ ჟამს და ჟოზეფ კონრადს შეარჩევდა იდუმალი ხიდის მეორე ნაპირას და…

ასე უნდა შექმნილიყო „ღიმილისმომგვრელი წყვდიადი“ „წყვდიადის გულის“ პაროდიად.

ცხადია, გერმანელი მწერლის დრამატურგიული თხზულება ვერ გაუტოლდება ვერც ირლანდიელი პროზაიკოსის რომანსა და ვერც ანგლო-ამერიკელი პოეტის პოემას, მაგრამ თავისთავად საგულისხმო მოვლენაა და არ ჩაითქმის დიდი სახელების ფონზე, მითუმეტეს, ასე რომ მოჩქეფს იუმორი მთელი თავისი მრავალფეროვნებით – მახვილგონიერებიდან სატირულ ისრებამდე, ასე რიგად რომ აშიშვლებს ღმერთდაკარგულ ყოფას, რომელსაც ადამიანი მიჰყავს შეშლილობამდე,

წინასიტყვაობაში საგანგებოდ აღინიშნებოდა, რომ ეს პიესა ეხებოდა თანამედროვე ევროპული თეატრისა და დრამატურგიის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას:

– როგორ შეიძლება დაწერო ან ითამაშო რაღაც ისეთი, რასაც საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებით არ იცნობ, როგორ შეიძლება შეიცნო შენთვის უცხო კულტურა თუ ადამიანები, როდესაც საკუთარი თავისაც ბევრი არაფერი გაგეგება…

პიესები კრებულისათვის იმ მიზნითაც შეირჩეოდა, რომ:

გარდა უკვე აღიარებული ნიმუშებისა, გავცნობოდით გერმანული თეატრალური სამყაროს ანდერგრაუნდსაც.

საამისოდ კი ვერა შინდლერის „ჯიჯუანდერ. ერთი ფეხის ამბავი“ უნდა თარგმნილიყო, ტრაგიკომიკურ ამბავს – მუშას უნებურად ფეხს რომ დაუბეტონებდნენ და… გამოსავლად ისღა რჩება: ან მოჰკვეთონ, და ან დარჩეს საბრალო კაცი ასე, ბეტონში ჩაშენებული, თავისივე თავის ძეგლად – ღრმა განზოგადებამდე რომ უნდა მიეღწია და თანამედროვე გლობალისტური რეალობა ჩაეწურა ამ უცნაურ ეპიზოდში.

გიორგი ჯამბურია ამ პიესის განსაკუთრებული მნიშვნელობის წარმოსაჩენად მკითხველს ყურადღებას მიაქცევინებდა, რომ:

– ის თანამედროვე გლობალიზებული, ტექნო-ფეოდალისტური სისტემის ბნელ მხარეებს არამარტო აღწერს, არამედ გარკვეულწილად უმხედრდება და ამარცხებს კიდეც.

რისი მეშვეობით და:

ყვლეფა-ჩაგვრაზე დაფუძნებულ ამ სისტემას დრამატურგი სწორედ იმას უპირისპირებს, რის დათრგუნვასაც სისტემა ყველაზე მეტად ლამობს:

თავისუფალ, შეუპოვარ ფანტაზიას!..

ამისათვის კი დრამატურგიულ სტრუქტურასაც ლაღად რომ მოეპყრობოდა, შეეცდებოდა და წარმატებითაც – აღედგინა ქორო.

ეს მცდელობა – ანტიკური ტრაგედიებიდან თანადროულ პიესებშიც გადმოეტანათ ქორო და მისი მონოლოგები – ინგლისურენოვან სამყაროში დაუკავშირდებოდა ტომას სტერნზ ელიოტის სახელს, ქართულ ლიტერატურულ სივრცეში კი – სახელს ოთარ ჩხეიძისა.

გერმანულენოვან სამყაროში, იქნებ, აქამდეც დასესხებიან ძველბერძენ დრამატურგებს, ყოველ შემთხვევაში, ვერა შინდლერის პიესაში მარჯვედაა ჩართული ეს მონოლოგები.

დრამატურგიული ექსპერიმენტების გვერდით წინასიტყვაობაში რომ აღინიშნება ამ პიესის ენობრივი ექსპერიმენტებიც, ადვილი მისახვედრია, რაოდენ რთული ამოცანის წინაშე იდგებოდა მთარგმნელი ამ ექსპერიმენტთა მახვილგონივრული ენობრივი თამაშის გადმოღებისას, მარჯვე შესატყვისები რომ დაეძებნა.

გალერეის მფლობელის მონოლოგის გასაქართულებლად კი ის სირთულე წამოიჭრებოდა:

მთელს ტექსტში ერთი სასვენი ნიშანიც რომ არ არის და… როგორ გინდა ქართულადაც ისე მოედინებოდეს მონოლოგი, მკითხველმა ვერც იგრძნოს მათი არარსებობა და ოდნავადაც არაფერმა შეაფერხოს, არამც თუ შინაარსი გაუბუნდოვანდეს.

და ეს სირთულეც წარმატებით დაიძლეოდა!..

როდესაც თარგმნილი ტექსტი ღრმა შთაბეჭდილებას ახდენს, ისედაც საგულვებელია, რომ:

ქართული ვერსია შესაფერი სიზუსტით მიჰყვება ორიგინალს, თუმც, ცხადია, თავისი მნიშვნელობა ენიჭება დადასტურებას იმ პროფესიონალთა მიერ, რომელთაც დედანში წაუკითხავთ ესა თუ ის თხზულება და შეუძლიათ მათი შედარება.

და თბილისის წიგნის ფესტივალზე „თანამედროვე გერმანულენოვანი დრამატურგიის ანთოლოგიის“ წარმოდგენისას მაია ლიპარტელიანსაც და გიორგი ჯამბურიასაც ისე უნდა შეეფასებინათ ერთიმეორის ნამუშევარი:

შენარჩუნებულია სტილური თავისებურებანიც, ნიუანსებიცა და ქვეტექსტებიცო.

ამ ყოველივეს მიღწევა რომ არა, წაკითხვასაც ვერ დაუდებდი გულს, რადგანაც სამივე პიესაში განზეა დარჩენილი ამბავთა გარეგნული მხარე და მთელი ყურადღება დრამატურგებისა გადატანილია სულიერ პროცესებზე.

ახლა კი ამას ვეღარც გრძნობ, ისე გითრევს თხრობაცა და დიალოგებისა და მონოლოგთა დინამიკაც.

გულგასახარია, რომ:

ჩვენს რეჟისორებს ამ კრებულის წყალობით კიდევ ერთი მადლიანი მასალა ჩაუვარდებათ ხელთ, უპირველესად მაინც პეტერ ჰანდკეს დრამატურგიული ქმნილებით რომ დაინტერესდებიან და მის გაცოცხლებასაც მოინდომებენ ახლა უკვე ქართულ სცენაზეც.

***

და არც ის გამიკვირდება, „ზდენეკ ადამეცის“ გაცნობა რომელიმე რეჟისორს ამასაც რომ ანატრებინებდეს:

ახ, ერთი კარგი პიესა გია აბესაძეზეო!..

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…