როსტომ ჩხეიძის სტატია

ტრაგიკომედია: ჟანრად და ცხოვრებად

, , ,

(ციკლიდანცეცხლისპირული ჩაფიქრებანი)

როდესაც მოშურნენი და მეტოქენი მოერეოდნენ ლორენცო და პონტეს და იძულებული შეიქნებოდა, ვენას გასცლოდა, უკიდურეს გასაჭირში ჩავარდნილს გაახსენდებოდა, ჯაკომო კაზანოვას მისი რამდენიმე ასეული ფლორინი რომ მართებდა, და გადაწყვეტდა, გზად გამოერთმია ეს ფული, მთლიანად თუ ვერა, ნაწილი მაინც.

ის რისი დამბრუნებელი გახლდათ… სამაგიეროდ შესთავაზებდა: სამ რჩევას მოგცემთ, ქვეყნად ყოველგვარ განძზე უფრო ძვირფასი რომ უნდა იყოსო.

რას ურჩევდა და:

– თუკი მართლა გსურთ სიკეთეს ეწიოთ, პარიზში ნუ წახვალთ, ლონდონში წადით; იქ მყოფი კი ნურც იტალიელთა კაფეში შეხვალთ ოდესმე და ნურც ხელს მოაწერთ რასმე.

და თუ რაიმე დაურჩებოდა სანანურად და პონტეს: ნეტა მრწამსად მექცია და მის ამ რჩევებს მივყოლოდიო!..

ყველა სიავე და დანაკარგი, რასაც ამ ქალაქში იწვნევდა – წინასწარგანზრახული პარიზის ნაცვლად სწორედაც ლონდონში რომ ამოჰყოფდა თავს – იქიდან დაიდებდა სათავეს, იტალიელთა კაფეს რომ მიაკითხავდა; და ასევე წინდაუხედავად და ანგარიშმიუცემლად რომ აწერდა ხელს აქეთ-იქით.

სიკეთედ დაღვრილი კაცი სულ იმას რომ ცდილობდა, ვის როგორ დახმარებოდა, წამდაუწუმ მიამიტურად ებმებოდა თაღლითთა, მზაკვართა, ვერაგთა მიერ გაბმულ მახეში და დაუსრულებლად ზარალობდა და ზარალობდა. ჭკუას კი მაინც ვერ ისწავლიდა და, ნაცვლად კეთილდღეობისა, ვაივაგლახით თუ გაიტანდა თავს, ოთხმოცი წლისა და საქვეყნოდ აღიარებული, როგორც მსოფლიო რანგის ოპერების ლიბრეტოთა ავტორი, კვლავინდებურად ლუკმაპურის ძიებაში რომ იქნებოდა.

როდესაც მისი მოგონებანი გამოქვეყნდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც კიდეც დაასრულებდა სიცოცხლეს ევროპის ქვეყნებში გამოვლილი საკმაოდ ფათერაკიანი ცხოვრების შემდგომ, გამოეხმაურებოდა ჯუზეპე მონტანი, იტალიელი პოეტი, პროზაიკოსი და ლიტერატურის კრიტიკოსი, და პონტე მას ბრძენსა და კეთილსინდისიერს რომ უწოდებს; საქებარ სიტყვებსაც არ დაიშურებდა მოგონებების მიმართ და თავშეკავებულად და ცივილიზებულად მიუთითებდა ნაკლსა თუ შეცდომებზეც.

და პონტე მადლობელი დარჩებოდა უშურველი ქებისთვისაც და იმ მცირედი შენიშვნებისთვისაც, რომელნიც ცთომილებებს დაანახვებდნენ და შთაგონებითა და მხნეობითაც აღავსებდნენ მათ გამოსასწორებლად.

თუმც მიუხედავად მართებული მოწიწებისა ამ დახვეწილი მოაზროვნე ლიტერატორისადმი, ორი ადგილი ყურს მოჭრიდა და მოგონებათა მეორე გამოცემაში შეეცდებოდა, თავს თუ არ გაიმართლებდა, ერთგვარად მაინც შეემსუბუქებინა ბრალი.

კრიტიკოსი ნიმუშად მოიხმობდა მიშელ კოლომბოსა და მისი წერის მანერას, როგორც ორიენტირს, თუ როგორ უნდა შეენაცვლებინა და პონტეს თავისი სტილი.

ლორენცო და პონტეს არაერთხელ წაეკითხა და კიდეც შეესწავლა თავისი ძვირფასი და საყვარელი მეგობრის კოლომბოს ნაწერები და – ვინჩენცო მონტისთან ერთად – მას მიიჩნევდა ყველაზე უფრო მომხიბვლელ, დახვეწილ და მიბაძვის ღირსად ახალი საუკუნის მწერალთაგან, მაგრამ სულაც არა ფიქრობდა, თითქოს იმისი „კადმიტის“, ლექციებისა თუ ნარკვევების სტილის გადმოღებას იმაზე უფრო ფასეული და პოპულარული გაეხადა მემუარების ეს წიგნი, ვიდრე ამ ორიგინალურ წერის მანერას, რომლისთვისაც გამიზნულად აერჩია უბრალო, იოლი, ბუნებრივი, ნაკლებად ნაჯახირები და ნაწვალები სტილი, აფორიზმების, რიტორიკული სამკაულებისა და ნასესხობების, წვერზე ზმნაწამოცმული გრძელ-გრძელი წინადადებების გარეშე, სადაც იქნებოდა უფრო საყოველდღეო და არა ნაცხრილი და განაცერი, დრომოჭმული და ნაკლებად გამოყენებული სიტყვები, მსხვილ საცერზე ანარჩენი.

მეორე ნაკლად მიუთითებდნენ თხრობისას მოვლენათა შორის ურთიერთკავშირის ერთგვარ ნაკლებობას და დასძენდნენ:

ერთადერთი ღირსება, რაც ესოდენ აღტაცებას იწვევს კაზანოვას მოგონებებშიო.

პასუხად და პონტე განაცხადებდა, რომ:

თუმც ყოველივე, რაც მოგონებებში წრფელად დაეწერა, წმინდა წყლის სიმართლე გახლდათ, გონივრული და მართებული ეჩვენებოდა ზოგ რაიმეზე არაფერი ეთქვა. და შესაძლოა ამ გამოტოვებული მოვლენების გამოისობით ზოგჯერ წყდებოდა კიდეც თხრობის ძაფი და სხვადასხვა მოვლენა ნაკლებ დაკავშირებული ჩანდა.

ჯაკომო კაზანოვა პირიქით მოქცეულიყო:

ხშირად დუმდა იმაზე, რაც კრიტიკოსის მოვალეობიდან გამომდინარე შეეძლო ან ვალდებულიც იყო ეთქვა; ხოლო ასეთუისე რომ შეევსო ის სიცარიელე და მოვლენების შედნობა მოეხერხებინა, ნებაზე მიეშვა თავისი ნაყოფიერი კალამი და ბევრი რამ სულაც შეეთხზა.

ამას იმიტომ არ იტყოდა და პონტე, თუნდ იოტისოდენაც რომ მოეკლო კაზანოვასა და მისი მემუარების ღირსებისათვის, დიდი ოსტატობით რომ დაიწერებოდა და ზოგადად ერთობ საამო საკითხავიც იქნებოდა; მაგრამ და პონტეზე უკეთ ამ უცნაურ კაცს არავინ იცნობდა და შეეძლო დაერწმუნებინა მკითხველი, რომ:

იმისი თხზულებების ამოსავალი ღირებულება ჭეშმარიტების სიყვარული არა ყოფილა.

ამას თავის გასამართლებლად კი არ განაცხადებდა, არამედ იმიტომ, რომ შეცდომისაგან დაეცვა და გამოერკვია ისინი, რომელთაც ბაჯაღლო ოქრო ეგონათ ყველაფერი, რაც კაზანოვას ეწერა. არადა მის მონათხრობში ბევრი უმნიშვნელო ამბავი ჩართულიყო, რომლებშიაც ეჭვის შეტანის უფლებას ვერავინ წაართმევდა და პონტეს, განსაკუთრებით კი ვერ მოითმენდა, კაზანოვა სათანადო პატივს რომ არ მიაგებდა იმპერატორ იოზეფის და პონტესათვის სათაყვანებელ ხსოვნას, კაცისა, ვინც დიდ ამაგს დასდებდა კულტურის აღორძინებას საერთოდ და საოპერო ხელოვნებას კერძოდ.

და პონტეს იმიტომაც მოსჭრიდა ყურს აშკარა გაზვიადებანი თუ სულაც შეთხზვანი ჯაკომო კაზანოვას მოგონებებში, რომ თვითონ სწორედაც რომ განუხრელად მისდევდა სიმართლეს და გაბუქვასაც კი ერიდებოდა, არამცთუ პირწმინდად გამოეგონებინა რაიმე და მემუარები ექცია ტრაბახის ასპარეზად, რისი თვალსაჩინოებაცაა კაზანოვას მონათხრობი მის სასიყვარულო თავგადასავლებზე, ქადილის ეშხში შესული – როგორც საერთოდაც ხდება – ცრუპენტელობაშიც იოლად რომ გადაიჭრებოდა ხოლმე და აღარ დაგიდევდა, მკითხველი დაუჯერებდა თუ არა სამიჯნურო თავგადასავალთა სიუხვე – უკიდეგანობას, თვითმიზნად რომ გადაქცეოდა ეს ლტოლვა და ხორციელი ნეტარება-კმაყოფილების იქით ვეღარც გაეღწია.

მთლად ასე ამურული არა ყოფილა და პონტეს ცხოვრება, თუმც სასიყვარულო თავგადასავლები არც მას მოჰკლებია – და როგორი სიფაქიზით იხსენებს ამ ყოველივეს, ტრაბახის ნასახიც რომ არ ურევია, და მხოლოდ თხრობის ძაფი მოითხოვს მათ ჩართვასაც, სიმართლის ერთგულება ავალდებულებს, თორემ კრინტსაც არ დაძრავდა, რაკიღა მისთვის გზის მანათებელი დანტე ალიგიერის „ახალი ცხოვრება“ უფრო იქნებოდა, კიდევ ერთი ბიოგრაფიული ყაიდის თხზულება, იტალიური ლიტერატურის მშვენება, მეორე პოლუსს რომ ჰქმნიდა ჯაკომო კაზანოვას ავტობიოგრაფიულ თხზულებასთან შედარებით, რაკიღა თავით ბოლომდე სულიერებით გაჟღენთილიყო, ხორციელი ლტოლვის ნასახსაც რომ ვერც ჰპოვებდით მის ფურცლებზე.

მათ გვერდით შეიძლებოდა გაგვეხსენებინა ბენვენუტო ჩელინის, ოქრომჭედლისა და მოქანდაკის, ავტობიოგრაფიული რომანიც, რომლის წამკითხველსაც – ჩემი არ იყოს – ისეთი შთაბეჭდილებაც შეიძლება დარჩეს, თითქოს ამირან დარეჯანისძისა თუ უინფრედ აივენჰოს მემუარებს კითხულობდეს, იმდენი ორთაბრძოლაა აღწერილი, ხელოვანის ცხოვრების კვალობაზე – სწორედაც რომ უზომო.

ლორენცო და პონტეს ცხოვრების ხანაში დროება რომ შეიცვლებოდა, ცხადია, მას აღარ მოუწევდა ორთაბრძოლები, თუმც ინტრიგები კი არ მოაკლდებოდა და დევნა-დევნით მოუხდებოდა ამერიკამდე ჩაღწევა, დევნა კი სულ უფრო გაუძლიერდებოდა, რაც წარმატებას წარმატებაზე მიაღწევდა და საბოლოოდ ყველა დროის უდიდეს ლიბრეტისტადაც შევიდოდა მუსიკისა და საერთოდაც თეატრალური ხელოვნების ისტორიაში; და თუნდ ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის საოპერო მიღწევანიც – „ყველა ლედი ასე იქცევა“, „ფიგაროს ქორწინება“ და „დონ ჯოვანი“ – დავალებული იქნებოდა და პონტეს ლიბრეტოებით, მათ მიერ შექმნილი ოპერა კომედიის ჟანრს რომ გასცდებოდა და ახალ ჟანრად წარმოდგებოდა: ტრაგიკომედიად, და პერსონაჟთა ხასიათებიც საკმაოდ რთული გახდებოდა მათ ხელში, ტრაგიკულსა და სასაცილოს შორის მერყევნი.

როგორც მუსიკათმცოდნენი გვამცნობენ:

მოცარტს, იქნებ, მეტი თანაგანცდა ჰქონდეს ადამიანისა, და პონტეს კი – ავანტიურისტულ-პიკარესკული გამოცდილება, მაგრამ მაინც ძნელი სათქმელია, ვისი დამსახურება უფრო გახლდათ ამ ტრაგიკომიკურობის სიღრმე – კომპოზიტორისა თუ ლიბრეტისტის.

ლორენცო და პონტეს ავტობიოგრაფიული რომანი, გაჟღენთილი ტრაგიკომიკურობით, ასე რომ არის დასათაურებული: „ჩენედელის მოგონებანი“ – ეს ჩენედა მისი მშობლიური ქალაქი გახლდათ, რომელიც დღესდღეობით რუკაზე აღარც იძებნება: 1866 წელს მოსაზღვრე ქალაქ სერავალეს რომ გაუერთიანდებოდა და ორი ქალაქი ერთ ადმინისტრაციულ ერთეულად გადაიქცეოდა, მეფე ვიტორიო ემანუელე მეორის პატივსაცემად ვიტორიო-ვენეტო დაერქმეოდა და ჩენედა მის ერთ უბნად ჩამოქვეითდებოდა.

სამაგიეროდ ერთი საუკეთესო ავტობიოგრაფიული წიგნის სახელწოდების წყალობით მოიპოვებდა უკვდავებას, წიგნისა, რომელიც იტალიურიდან მშვენივრად უნდა ეთარგმნა მაია დონაძეს, შესანიშნავი შესავალი ნარკვევიც დაერთო და ისე ჩინებულად შედგენილი შენიშვნებიც, ცალკე საკითხავადაც რომ აქცევდა რომანის ამ აუცილებელ ნაწილს და ყოველმხრივ გაუადვილებდა მკითხველს ამ მიმზიდველი და მღელვარე სამყაროს შუაგულში ყოფნას „არტანუჯის“ ამ ახალი სერიის „სხვა კლასიკა“ წყალობით ჩვენი წიგნის თაროებისა ისეთივე დამამშვენებელი რომ შეიქნებოდა, როგორც ლორენცო და პონტე ცდილობდა თავგადაკლული, თავისი წიგნის სავაჭროს მეოხებით ამერიკულ სივრცეში დაემკვიდრებინა იტალიური ლიტერატურა, ეზიარებინა ამერიკელები ამ დიდებული მხატვრული მიღწევებისათვის, შეემეცნებინა და შეეყვარებინა.

დაემტკიცებინა ამ ქვეყნისთვისაც და მთელი მსოფლიოსთვისაც, რომ:

ბევრს ჰკარგავდნენ, იტალიური ენა და იტალიური მწერლობა ნაკლებმნიშვნელოვნად რომ მიაჩნდათ და ბევრად ამჯობინებდნენ ბრიტანულ, გერმანულ, ფრანგულ თუ ესპანურ ენებსა თუ სულიერ მონაპოვრებს. დაე გაცნობოდნენ და თვითონვე დარწმუნებულიყვნენ, იტალიური ენაც და იტალიური ხელოვნებაც იმ ქვეყნების ტოლსწორად რომ უნდა ეღიარებინათ.

ლორენცო და პონტე იმიტომაც მიიჩნევდა აუცილებლად ამ მემუარული წიგნის შექმნას, რომ იზიარებდა თვალსაზრისს:

უფრო მეტი შეიმეცნება ერთი ადამიანის კერძო ცხოვრების წაკითხვით, ვიდრე ხალხებისა და ერების შესახებ ვრცელი მონათხრობითო.

და გულისტკივილით დასძენდა:

ჩემს ახალგაზრდობაში რომ წამეკითხა ვინმეს ამბავი, ვისაც იგივე გადახდენოდა, რაც მე გადამხდა, და მათი ქცევაც მეტ-ნაკლებად ჩემი ქცევის მსგავსი ყოფილიყო, რამდენ შეცდომას ავირიდებდი, რომელთა შედეგიც ცრემლის ფასად ვიწვნიე და მწარედ ანაღვლიანებს ჩემს ბეხრეკ სიბერეს ახლაცო!..

თხრობის მანერას იოლსა და უბრალოს რომ აირჩევდა, არც სტილური თამაშები აღმოჩნდებოდა მისთვის უცხო: თითქოს რამდენიმე ფურცელი ამოეხია… ანდა უნებურად მელანი გადასხმოდა ნაწერზე და ერთი გვერდი ასე დაკარგოდა.

ეს თამაში, ასე რომ შეეხარბებათ ჩვენი დროის პოსტმოდერნისტებს, ლორენს სტერნისაგან უნდა მოდიოდეს, მისი იმ სტილისტიკით უნდა იყოს დავალებული, ასეთი შთამბეჭდაობით რომ გადმოიღვრებოდა განთქმული რომანის – „ჯენტლმენ ტრისტრამ შენდის ცხოვრება და შეხედულებანი“ – ფურცლებიდან.

ზღაპარს მიამგვანებდა თავის ტრაგიკომიკურ ცხოვრებას ლორენცო და პონტეც და პიეტრო მეტასტაზიოს კვალობაზე გაიმხნევებდა თავს: ჩემი ზღაპარი ჯერ არ დასრულებულაო, – მოწაფეებს მოწაფეებზე რომ იკრებდა, რათა თავის შემდგომ მძლავრი შტო დაეტოვებინა იტალიური ენისა და კულტურის მხურვალე აპოლოგეტებად.

ვერ შეაღწევდა, ვერაფრით ვერ შეაღწევდა უნივერსიტეტში.

მისი ცხოვრების ზღაპარიც მიიკუნწებოდა: ტრაგიკულიც, კომიკურიც.

ჩენედაც განწირულიყო სხვა ქალაქში ჩასანთქმელად.

მაგრამ რჩებოდა „ჩენედელის მოგონებანი“ ძეგლად დიდი შემოტრიალებისა მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში და მღელვარე თავგადასავლად მძაფრ ჭიდილსა და თავდასხმებში გამონატანჯი, მაგრამ მაინც თავისი ამქვეყნიური მისიის აღმსრულებელი კაცისა.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…