როსტომ ჩხეიძის სტატია

ავანსცენა და კულისები

, , ,

(ერთი პოლიტიკური ბეზღობის კვალზე)

ავტობიოგრაფიულ რომანში „გამოთხოვება მოგონებებთან“ ვასილ კიკნაძე გაიხსენებდა იმასაც, თუ როგორ დაიწყებოდა სანდრო ახმეტელის რეაბილიტაციისათვის ბრძოლა 1956 წლიდან, თუმც მარტო პოლიტიკური რეაბილიტაცია არაფერს ნიშნავდა, რადგანაც ამას უსათუოდ უნდა მოჰყოლოდა შემოქმედებითი სახელის აღდგენაც და ქართული თეატრისა და კულტურის ისტორიაში ამ დიდებული რეჟისორის საკადრისი ადგილის გამოძებნაც და მტკიცედ დამკვიდრებაც.

და რაკიღა ვასილ კიკნაძე იტვირთებდა ამ მისიის შესრულებას, კიდეც უნდა ჩაეტარებინა ათობით გამოკვლევა, გამოექვეყნებინა წერილები, შეეგროვებინა ოდესღაც სახელოვანი რეჟისორის ნაწერები და მათ გამომზეურებაზეც ეზრუნა.

მართალია, ახმეტელის თეატრის ევოლუციისა და ჩამოყალიბების მთელი პროცესის თავისებურების გარკვევას ისედაც დიდი დრო ესაჭიროებოდა, მაგრამ თეატრმცოდნეს საქმეს დამატებით ურთულებდა პოლიტიკური რეალობაც – ეს ყოველივე ხომ საბჭოთა სისტემაშივე უნდა მომხდარიყო და წუთითაც ვერ დაივიწყებდი იმ იდეოლოგიურ მოდელს, რომლის პირობებშიაც ყალიბდებოდა ახმეტელის პოლიტიკური თეატრის ახალი ესთეტიკა. თანაც სანდრო ახმეტელი რეჟისორობამდე ხომ პოლიტიკური მოღვაწე გახლდათ ანუ ანტიპარტიული, როგორც მას უწოდებდნენ საბჭოთა ხელისუფლების ჩამოყალიბებისთანავე, და 1923 წლამდე არც დაშლიდა თავის პარტიას.

ამასთან:

გადასალახი დახვდებოდა ფსიქოლოგიური ბარიერიც – ისეთი შთაბეჭდილება დარჩებოდა ვასილ კიკნაძეს, რომ სანდრო ახმეტელის სახელის მოსალოდნელი აღდგენა ყველას შეაშინებდა და შეაფიქრიანებდა – ბრალიანსაც და უბრალოსაც, თითქოს მისი ღვაწლი ვიღაცებს გადაენაწილებინათ და ახლა იძულებით უნდა დაებრუნებინათ უკანვე.

ზოგს კი იმისი შეეშინდებოდა, რომ კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის, აკაკი ხორავას, აკაკი ვასაძისა და სანდრო ახმეტელის კონფლიქტიდან ბევრი რამ ამოტივტივდებოდა.

და თეატრმცოდნეს რომ ეგონა, ყველას გაახარებს უდანაშაულოდ დასჯილი კაცის სახელის დაბრუნებაო, საქმე მთლად ასე მარტივიც არ აღმოჩნდებოდა და მოულოდნელად თავს იჩენდა ათასგვარი სიძნელე.

სანიმუშოდ ერთ ეპიზოდს გაიხსენებდა.

ერთხელ ბესო ჟღენტი და ეთერ გუგუშვილი წყნეთში, თავიანთ აგარაკზე დაპატიჟებდნენ ანტონ წულუკიძეს, ნოდარ გურაბანიძესა და ვასილ კიკნაძეს და შესანიშნავადაც მოილხენდნენ, რადგანაც ბესო არაჩვეულებრივ მასპინძლობას გამოიჩენდა. და როცა ეზოში გამოაცილებდათ, უეცრად ეტყოდა:

– ვასო, შენთვის ჯერ ვერ მოვიცალე, უნდა გაგაკრიტიკო, შენს წერილში ახმეტელი მარჯანიშვილის გვერდით გყავს მოხსენიებული. ეს როგორ შეიძლება?!

ერთი სიტყვით, კარგად შეახურებდა.

და მერეც თუ ვინმე იქნებოდა შეურიგებელი მოწინააღმდეგე სანდრო ახმეტელის სახელისა და ღვაწლის აღდგენისა, უპირველესად სწორედ ბესო ჟღენტი.

რუსეთშიც რომ გამოჩნდებოდნენ ახმეტელის მოწინააღმდეგენი, ზოგჯერ ერთიანი ფრონტითაც შეუტევდნენ ქართველები და მოსკოველები ამ „ნაციონალისტ ხალხის მტერს”.

პროფესორი გოიანი მოსკოვის პრესაში სტატიას გამოაქვეყნებდა ახმეტელის წინააღმდეგ. ვასილ კიკნაძე პასუხს დაწერდა და „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქციაში მიიტანდა. დასაბეჭდადაც გამზადებული იქნებოდა, უკვე კორექტურასაც წაიკითხავდა სტამბაში, ნომერში მიდიოდა, წინ რაღა უნდა დადგომოდა, მაგრამ… პარასკევს გადაშლიდა გაზეთს და წერილს კი ვერ იპოვნიდა.

გაირკვეოდა, რომ:

მწერალთა კავშირის მდივნის – ბესო ჟღენტის მითითებით არ დაებეჭდათ.

ბესოსთან კარგი ურთიერთობა კი ჰქონდა ვასილს, მაგრამ აღმოაჩენდა, რომ ახმეტელის თემა მისი სუსტი ადგილი ყოფილიყო.

შემდგომ შეიტყობდა, რომ:

სანდრო ახმეტელს ძალით დაედებინა ხელწერილი ბესო ჟღენტისათვის, რომ მის წინააღმდეგ არაფერს დაწერდა.

წერილის ასეთი უხეში, ყოვლად გაუმართლებელი ამოგდება გააცოფებდა ავტორს და თეატრალური საზოგადოების პლენუმზე მკაცრად გააკრიტიკებდა ბესოს, რომელსაც გამოექომაგებოდა თეატრალური ინსტიტუტის რექტორი ილია თავაძე:

– კიკნაძე და შვანგირაძე ჩვენი საზოგადოებიდან კოსტუმის ღილებივით უნდა მოწყვიტო და გადაისროლო.

ეს არ შეეპუებოდა:

– ვიცი, ამხანგო ილია. თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, სიამოვნებით გააკეთებდით ამას, მაგრამ თქვენი დრო წავიდა.

ამ შემოპასუხებაზე რექტორი პრეზიდიუმიდან წამოდგებოდა და გავიდოდა. ეს უფრო მკაცრ სიტყვებსაც დაადევნებდა, რადგან ნიკა აგიაშვილისაგან სმენოდა, რომ ილია თავაძეს ცუდი როლი ჰქონდა შესრულებული ლადო ასათიანის პირველი წიგნის დაჭრასთან დაკავშირებით – პარტიის ცენტრალური კომიტეტით ძალამოცემულს.

სანდრო ახმეტელის რეაბილიტაციის წინააღმდეგ ბრძოლას მოქიშპეთა ერთი ნაწილი კულისებში წარმართავდა, მეორე ნაწილი – აშკარადაც.

იმისი თაობიდან დამცველი თითქმის აღარავინ მოიძებნებოდა.

აკაკი ხორავა და აკაკი ვასაძე ხმას ვერ იღებდნენ, რაკიღა მათ ირგვლივ ცუდი ატმოსფერო სუფევდა.

მემუარისტი ამ ვითარებას იმით ახსნიდა, რომ:

ხალხს ერთმანეთში აერეოდა 1935 წლის კონფლიქტი ახმეტელსა და ამ მსახიობებს შორის 1937 წლის ტრაგედიასთან. მართალია, თვითონ მიიჩნევდა, რომ საქმე არ ყოფილა ასე მარტივად და სწორხაზოვნად, მაგრამ მაშინ ყველაფერი ჯერ კიდევ ნათელი არ გახლდათ.

როცა დაინახავდნენ, რარიგ უკომპრომისოდ იბრძოდა ვასილ კიკნაძე სანდრო ახმეტელის დასაცავად, ვიღაც-ვიღაცები დაიწყებდნენ წერილების გამოგზავნას, არაერთგვაროვანისას. ზოგი აქებდა და მოითხოვდა ემხილებინა ახმეტელის დამღუპველები, ზოგიც – ემუქრებოდა…

ყველაფერს აღარ გაჰყვებოდა ავტობიოგრაფიულ რომანში, მხოლოდ ზოგადად იტყოდა, რომ:

საოცრად რთული და მრავალპლანიანი გამოდგებოდა სანდრო ახმეტელის ფაქტობრივი რეაბილიტაციისა და შემოქმედებითი ავტორიტეტის დაბრუნების პროცესი.

როცა ძალიან გაუჭირდებოდათ, ის და ნინო შვანგირაძე მოიფიქრებდნენ, რომ ვასილ მჟავანაძემდე მიეტანათ ეს პრობლემა, რადგან მოსალოდნელი იყო ჩაშლილიყო ახმეტელის იუბილე.

ნინო შვანგირაძე შორეულად ენათესავებოდა ვასილ მჟავანაძეს. გარისკავდა და ეახლებოდა ბინაზე და მოუყვებოდა ყველაფერს, რაც უსამართლოდ დასჯილი რეჟისორის ირგვლივ ხდებოდა.

კიდეც დაარწმუნებდა და ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი მალევე განაცხადებდა ერთ-ერთ თათბირზე:

– ვინც ახმეტელს ებრძვის, მას ან სინდისი არა აქვს სუფთა, ან მისი დიდი სახელისა ეშინია.

სიტყვა-სიტყვით უნდა იყოს განმეორებული ნინო შვანგირაძის ნათქვამი.

მაგრამ მიუხედავად ასეთი მკაცრი გამოხმაურებისა, იუბილის საქმე წინ ვერ წაიწევდა.

ასე გავიდოდა წლები – მწვავე ბრძოლაში ამ დიდი სახელის დასაბრუნებლად.

ამასობაში ვასილ კიკნაძე სანდრო ახმეტელის შესახებ გამოაქვეყნებდა ხუთ წიგნს (მათ შორის ერთს – ბიოგრაფიულ რომანს), დაბეჭდავდა ათობით სტატიას, წაიკითხავდა ათეულობით მოხსენებას, ბევრ რადიო და ტელეგადაცემასაც მიუძღვნიდა და… კიდეც მოაწევდა სანდრო ახმეტელის დაბადებიდან 100 წლის იუბილე.

და საჭირო დოკუმენტაციასაც მოამზადებდა მთავრობაში გასაგზავნად.

ამდენი ხნის თავდადებული გარჯა ბოლოსდაბოლოს ნაყოფს გამოიღებდა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით შეიქმნებოდა საიუბილეო კომისია.

და ამ საიუბილეო კომისიაში არ შეიყვანდნენ… ვასილ კიკნაძეს.

არც ნინო შვანგირაძე აღმოჩნდებოდა მის წევრებს შორის.

სამაგიეროდ… სამაგიეროდ კომისიაში თავს მოიყრიდნენ სანდრო ახმეტელის მოძულენი!..

ვასილ კიკნაძეს აღარ ეცოდინებოდა, რა ეწოდებინა ასეთი ფაქტისათვის – უსინდისობა? უმადურობა? უვიცობა? ყველაფერი ერთად თუ ამას საერთოდ არც ერქვა სახელი?!.

საშინელ გულისტკივილს განიცდიდა და ღამეები არ ეძინებოდა.

– რატომ არიან ადამიანები ასეთი დაუნდობლები მკვდრებისა და ცოცხლების მიმართ? – ეკითხებოდა თავის თავს და პასუხი ვერ ეპოვნა.

მიამიტობა და ასეთი?!.

თან ხომ ხედავს, თუ რა პოლიტიკური რეჟიმის პირობებში ცხოვრობს და თან მაინც არა სჯერა, რომ სიცრუე, სიყალბე, თვალთმაქცობა არის არა კერძო გამოვლინებანი; არამედ საბჭოთა სისტემის არსია, მისი საფუძველი და გულისგული.

და ამ სისტემას მარჯვედ მორგებული ადამიანები ჯერ ამათუიმ ღირსეული პიროვნების დასმენით, ჩაქოლვით, განადგურებით შოულობდნენ კარიერას, ქონებას, სახელსა და აღმატებულ მდგომარეობას, და მერე იმავე პიროვნებათა ქება-დიდებით, ამ მხრივ თუ ვინმე, ბესო ჟღენტიც საკმაოდ რომ გამოიჩენდა თავს.

ალბათ, ისედაც მიხვდებოდით:

ვასილ კიკნაძის კუთვნილ ადგილს სანდრო ახმეტელის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი საღამოსა და სხვადასხვა ღონისძიებათა საიუბილეო კომისიაში ბესო ჟღენტი რომ დაიკავებდა და ისეც შეიფერებდა, თითქოს ძალ-ღონე არ დაეზოგოს დიდებული რეჟისორის სახელისა და ღვაწლის აღდგენა-დამკვიდრებაში.

ამ დეტალშიც რაოდენ სახიერად ირეკლება საბჭოთა-კომუნისტური რეჟიმის პარადოქსული, აბსურდული ბუნება.

კულისებში გადავიდოდა ის ეპიზოდი, უკვე დასაბეჭდად გამზადებული გაზეთიდან ბოლო წამს რომ ამოაგდებინებდა ბესო ჟღენტი რეჟისორის დასაცავ წერილს – მწერალთა კავშირის მდივნის სავარძლითა და კიდევ სხვა თანადგომითაც მორჭმული, ისევე როგორც კულისებში იტრიალებდა ის ეპიზოდი, სანდრო ახმეტელს ძალით რომ დაედებინებინა ხელწერილი მისთვის, რათა აღარ გაებედა ტენდენციური, საბჭოურ-ბოლშევიკური სულით გაჟღენთილი წერილების წერა რუსთაველის თეატრსა და მის ხელმძღვანელზე.

კულისები შემოინახავდა სიმართლეს, ვიდრე ავტობიოგრაფიული რომანის ფურცლებზე აღიბეჭდებოდა, თუმც არსებობდა ამბები, ეპიზოდები, დეტალები, რომლებიც კულისებამდეც ბუნდოვნად აღწევდა, ანდა საერთოდაც ვერა.

მაგრამ ეს სულაც არა ნიშნავს, რომ სამუდამოდაც დაფარული დარჩებოდა.

საიდუმლო არქივების გახსნა-გამომზეურება ბევრ ამგვარ „დაფარულს“ ამოიტანდა მზის სინათლეზე, მათ შორის იმ ამბავსაც, თუ რა მოჰყოლოდა ვასილ კიკნაძის მიერ კულისებიდან წიგნში ჩართულ შეხლას რეჟისორისა და კრიტიკოსისა.

ამოიტანდა დოკუმენტურად, გუბაზ მეგრელიძე რომ გამოაქვეყნებდა „თეატრის“ ფურცლებზე (2020, #3) დასმენის წერილს საქართველოს პოლიტსამმართველოს არქივიდან, 1930 წლის 30 ოქტომბრით დათარიღებულს, რომელიც იუწყებოდა, რომ:

24 ოქტომბერს სპექტაკლის – „ანზორ ჩერბიჟი“ – გენერალურ რეპეტიციაზე, სადაც მოწვეულნი იყვნენ რიგი პასუხისმგებელი მუშაკები და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები, სანდრო ახმეტელი შეამჩნევდა რა მათ შორის „ლეფოვეც“ ბესარიონ ჟღენტსაც, დაიწყებდა ყვირილს და მოითხოვდა განმარტებას, თუ ვის შემოეშვა ჟღენტი თეატრში. მერე განაცხადებდა, რომ რეპეტიციას ხსნიდა, აიღებდა პალტოსა და ქუდს და დემონსტრაციულად დატოვებდა თეატრს, რომლის დირექტორი დადიანიც მოელაპარაკებოდა ჟღენტს, რომ მას იქაურობა დაეტოვებინა. და ამის შემდეგ ხანგრძლივი თხოვნისა და მოლაპარაკების წყალობით სანდრო ახმეტელი დაბრუნდებოდა და განაცხადებდა:

– ჟღენტი და მისი თანამოაზრე ლეფელები არიან ჩვენი თეატრის მოწინააღმდეგენი. განხილვაზე მისი დაშვებით ხვალვე დაიწყებდა დადგმის გინებას.

ინფორმატორი ამასაც დასძენდა:

გასულ სეზონში ბესარიონ ჟღენტი დისპუტებზე აცხადებდა, რომ თეატრს მტკიცე სარეპერტუარო მიმართულება არ გააჩნდა. ამ გამოსვლების შემდეგ დაიწყო მტრობა რუსთაველის თეატრსა და ლეფელებს შორის და ამით აიხსნება ჟღენტის მიმართ ულამაზო საქციელიო.

და ამ შესავალს მოჰყვებოდა ბესარიონ ჟღენტის დასმენის წერილი საქართველოს კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის ცენტრალური კომიტეტის კულტურისა და პროპაგანდის განყოფილების გამგის სახელზე, ოღონდ მანამდე გუბაზ მეგრელიძე, მცოდნე თეატრალური და ლიტერატურული კულუარებისა, ჩაურთავდა, თეატრალური საზოგადოების ერთ-ერთ პლენუმზე მძაფრი კამათის შემდგომ როგორ გაიხმობდა ცალკე ბესო ჟღენტი ნინო შვანგირაძეს, რათა ეგებ ხელი აეღებინებინა თავგამოდებულ ბრძოლაზე სანდრო ახმეტელის რეაბილიტაციისათვის:

– ჩემო ნინო, შენ არ იცი ვინ იყო ახმეტელი. მისგან ფიზიკური ტკივილებიც მახსოვს.

ახლა კი ის ბეზღობის ბარათი, „განცხადების“ სახელით რომ შეინიღბებოდა.

ბესო ჟღენტი თავს გამოიდებდა როგორც საბჭოთა კულტურისა და ლიტერატურის ერთ-ერთი აქტიური მუშაკი, მთელი რიგი სახელოვნო და სალიტერატურო ორგანიზაციების ხელმძღვანელ ორგანოთა წევრი, რომელიც მონაწილეობდა თითქმის ყველა თეატრალურ დისპუტში და ყველგან მისი გამოსვლა ატარებდა იდეურ-პრინციპულ ხასიათს.

ირწმუნებოდა, რომ არასოდეს არავისათვის მიეყენებინა პირადი შეურაცხყოფა და არ გამოეჩინა საკითხისადმი არავითარი მიკერძოებითი, რამე პირად განწყობილებაზე დამყარებული დამოკიდებულება, არამედ:

რუსთაველის თეატრის მხატვრულ პრაქტიკას აკრიტიკებდა კომუნისტური პარტიის სახელოვნო პოლიტიკისა და ლენინის კულტურული რევოლუციის იდეური პოზიციიდან.

და ბრალს დასდებდა სანდრო ახმეტელს, რომ:

არა ზოგავდა არავითარ საშუალებას, საჯაროდ შეურაცხყოფა მიეყენებინა მისთვის, სახელი გაეტეხა, ტერორის ქვეშ დაეყენებინა და აეძულებინა ხელი აეღო ლიტერატურულ-კულტურულ მუშაობაზე.

დაიმოწმებდა მთელ რიგ ამხანაგებს, მათი თანდასწრებით რეჟისორი ახმეტელი არაერთხელ როგორ მიაყენებდა შეურაცხყოფას უშვერი ლანძღვა-გინებითა და მუქარით, ქუჩაშიც თუ მოჰკრავდა თვალს.

მეტსაც იტყოდა:

რეჟისორ ახმეტელის მოქმედება ჩემს მიმართ სცილდება ყოველგვარ საზღვრებს. იგი გადადის უკვე აშკარა ბანდიტურ თავდასხმის ფორმებზე, ფაშისტურ ტერორის მეთოდებზეო.

და გაიხსენებდა გასული წლის 24 დეკემბერს მომხდარ შემთხვევას, თუ როგორ მივიდა რუსთაველის თეატრში ახალი დადგმის – „თეთნულდი“ – სანახავად ცოტა დაგვიანებით და, ვინაიდან მოქმედება უკვე დაწყებულიყო, იცდიდა ფოიეში. და თავისი კაბინეტისაკენ მიმავალი ახმეტელი დაჟინებით მისცემდა წინადადებას, შეჰყოლოდა კაბინეტში, სადაც ჩაუკეტავდა კარს, ფიზიკური ძალდატანებით ჩასვამდა სავარძელში და დაუწყებდა უშვერი, ქუჩური სიტყვებით ლანძღვა-გინებასა და სიკვდილის მუქარას რევოლვერზე ხელმოკიდებული.

რას გაეგულისებინა ასე ძალიან სანდრო ახმეტელი და:

– შენ ხარ უმთავრესი მიზეზი ჩემი და კოტე მარჯანიშვილის ბრძოლისა, სისტემატურად მაბეზღებ სახელმწიფო პოლიტსამმართველოში და ეწევი ინტრიგებს რუსთაველის თეატრისა და პირადად ჩემს წინააღმდეგ.

ეს კიდევ თავის მართლებას შეუდგებოდა:

– მე მხოლოდ იდეური კრიტიკის იარაღით გამოვდიოდი და არასოდეს არავითარი ინტრიგები არ მომიწყვია და არ გავრეულვარ თქვენსა და მარჯანიშვილის ურთიერთობაში.

ის არ დაუჯერებდა და აიძულებდა დაეწერა ხელწერილი, რომ:

არასოდეს დაწერდა და არც არას იტყოდა რუსთაველის თეატრის შესახებ.

ამას არ იკმარებდა და აიძულებდა დაეწერა ფართე ხელწერილიც, რომ:

აქამდე ამხანაგ ამაღლობელთან ერთად სისტემატურ ინტრიგებს რომ ეწეოდა რუსთაველის თეატრისა და მისი ხელმძღვანელის – ახმეტელის წინააღმდეგ, ამიერიდან ამას აღარ ჩაიდენდა.

თავს ედგომებოდა რევოლვერით ხელში, კარნახობდა ტექსტს რუსულად და თვალს ადევნებდა, რამდენად სწორად წერდა მის ნაკარნახევს. ბოლოს დაასმევინებდა თარიღსაც და ფაქსიმილესაც.

ამის შემდეგაც გააგრძელებდა მუქარას, რომ მოკლავდა, თუ რაიმეს დაწერდა ან იტყოდა რუსთაველის თეატრზე; გააქრობდა ისე, რომ ვერავინ ვერაფერს გაიგებდა; და მსახიობები „დაგლეჯდნენ“ ისე, რომ ამისათვის პასუხს არავინ აგებდა.

კიდევ რას უმტკიცებდა და:

გარდა რეჟისორისა გახლდათ კიდევ სხვა რაღაც, რომელსაც მისი მოსპობა შეეძლო; და თბილისს ჯერაც არ დავიწყებოდა მისი რეჟისორობამდელი ამბები.

კიდევ რას ემუქრებოდა და:

რომ მისგან ვერ იხსნიდა ვერავითარი პოლიტსამმართველო და ვერავითარი ხელისუფლება;

და რომ მას არაფრისა ეშინოდა და პოლიტსამმართველოში სიკვდილით დასჯის მოლოდინში ვაჟკაცურად და გმირულად ეჭირა თავი.

დასასრულ გააფრთხილებდა, რომ:

თუ ამ შემთხვევას ვინმე გაიგებდა, აღარ აცოცხლებდა რამდენიმე საათსაც კი.

დასძენდა, რომ:

ყოველთვის პირველი გაიგებდა, თუ მის შესახებ ვინმე სადმე რამე განცხადებას შეიტანდა.

საბუთად დაასახელებდა, რომ ხელთ ჰქონდა სერგო ამაღლობელის მიერ მის წინააღმდეგ შეტანილი ყველა განცხადება და საბუთი ცენტრალურ საკონტროლო კომისიასა და სხვა ორგანოებში.

ასეთი მუქარით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფითა და გინებით დაემთავრებინა ეს „მოლაპარაკება“.

მეორე დღეს ეს ამბავი მთელ ქალაქს ეცოდინებოდა, მაგრამ არავის გააკვირვებდა და არც ყურადღებას მიაქცევდნენ.

ბეზღობის ავტორი ამასაც სანდრო ახმეტელსა და მის თანამშრომლებს დააბრალებდა:

ალბათ, თვითონვე ავრცელებდნენ ხმებს და „ტრაბახობდნენ“ ასეთი „გმირობითო“.

კიდევ ერთხელ გაიმეორებდა, რომ:

ახმეტელი მოკვლას უპირებდა, თუ რაიმეს დაწერდა ან იტყოდა მისი თეატრის შესახებ.

და, აჰა, ფინალიც, შესაფერი საბჭოური ეპოქის პოლიტიკურ დასმენათა სტილისათვის, ბესო ჟღენტი სხვა პროვოკატორებს კიდეც რომ გადააჭარბებდა იარლიყთა გამოძებნითა და ფერების რაც შეიძლება გამუქება-დამძიმებით, არც ფაშისტის ძახილს რომ არ მოაკლებდა და არც ბანდიტისა, რაკიღა ეროვნული ბრძოლების მონაწილე გახლდათ და ცხადია 1924 წლის მეამბოხეც, კინაღამ რომ დახვრეტდნენ…

და ახლა პოლიტსამმართველო სათანადო დასკვნებსა და ღონისძიებებს თუ არ მიმართავდა სანდრო ახმეტელის წინააღმდეგ, ლეგალობა მიეცემოდა ასეთ ბანდიტიზმს და არამარტო ბესო ჟღენტისათვის, არამედ სხვებისთვისაც შეუძლებელი გახდებოდა რაიმე იდეურ-პრინციპული მუშაობა, ლენინის კულტურული რევოლუციის მოთხოვნების შესაფერისი.

რას ითხოვდა ცხვრის ტყავში გახვეული პროვოკატორი და:

სათანადო ღონისძიებათა მიღებას, რათა დაცული ყოფილიყო ასეთი ბანდიტური ტერორისაგან რეჟისორ ახმეტელისა და მის თანამშრომელთა მხრიდან, რადგან ეს გახლდათ აშკარა ფაშისტური შებრძოლება და თავდასხმა საბჭოთა მწერლობასა და კრიტიკაზე. და პროლეტარიატის დიქტატურის სახელმწიფოში ასეთი თავხედური და კაბალური მოქმედების უფლება არავის უნდა ჰქონოდა.

„ძვირფას“ დოკუმენტს მიართმევდა ბესო ჟღენტი საიდუმლო სამსახურს, დოკუმენტს, რომელსაც საჭიროებისთანავე ამოუფრიალებდნენ შერისხულ რეჟისორს და ამისთანა პროვოკაციებითა და „მამხილებელი“ მასალებით, ამისთანა დასმენებით მიიყვანდნენ კიდეც სამარის კარამდე.

საბჭოთა იდეოლოგიის სადარაჯოზე მდგარი ბესო ჟღენტი აბა თავს როგორ დაზოგავდა, სანდრო ახმეტელის სახელისა და ღვაწლის ამომზევებას წინ არ აღდგომოდა აშკარა თუ ფარული ბრძოლით, ამ მხრივ დიდი გამოცდილება რომ შეეძინა… მაგრამ შეცვლილიყო მთლად დრო თუ არა, რაღაც-რაღაცები ამ დროში, სახელოვანი რეჟისორი მთელი თავისი ახოვანებით რომ დაუბრუნდებოდა საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების მდინარებას, იუბილესაც თავისი როლი რომ უნდა შეესრულებინა ამ პროცესში და… აქ უკვე ბესო ჟღენტსაც უნდა მოეღერებინა ყელი სხვა მოწინააღმდეგეებთან ერთად, კვლავინდებურად სიძულვილით რომ ავსებულიყვნენ, მაგრამ ღიმილს გადაიფენდნენ სახეზე პრეზიდიუმში მსხდომარენი… და საკმაოდაც იყელყელავებდნენ…

ახალგაზრდები გამოდიოდნენ ასპარეზზე, გარდასული ამბები გადმოცემებით რომ იცოდნენ, და მოინდომებდა ბესო ჟღენტი ჩაეგონებინა მათთვის, თუ როგორ მეგობრობდა სანდრო ახმეტელთან და ახლაც თუ ვინმეს, მასაც არ დაეზოგა ძალ-ღონე სახელოვანი რეჟისორისათვის კუთვნილი ადგილის მისაჩენად თეატრალური ხელოვნების ისტორიაში.

ავანსცენიდან ამასა და ამისთანებს იმოძღვრებოდა, თან მალიმალ ისწორებდა ნიღაბს: აცა არ ჩამომვარდესო!..

მაგრამ საბედნიეროდ არსებობს კულისები, სადაც ნიღბები ჩამოხსნილია და სიმართლე ჯიუტად და დაჟინებით მოიკვლევს გზას.

და არსებობს კულისების კულისებიც, დოკუმენტური შევსება და დადასტურება იატაკქვეშა ისტორიით მოღწეული სიმართლისა, ყველას თავთავისას რომ მიაგებს ბედი-მდევარი:

ნამდვილ გმირთაც და ზვარაკთაც და ნიღბოსანთაც ანუ ცხვრის ტყავში გახვეულ მგლებსაც…

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…