როსტომ ჩხეიძე

დისკუსიები სპექტაკლებად

, , ,

(ნინო კასრაძის ერთი მოსაზრების კვალზე)

ნინო კასრაძე რომ გაეცნობოდა ჩემს თეატრალურ რომანს – „შექსპირული სიზმარი და კულისების ლაბირინთები“, გაშლილს 1964 წელს გამართული დისკუსიის სიუჟეტურ ქარგაზე, ის შთაბეჭდილება დარჩებოდა:

მისი დადგმაც კი შეიძლება სპექტაკლადო.

მძაფრი განხილვის შუაგულში მოექცეოდა მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმული პიესა უილიამ შექსპირისა „ზაფხულის ღამის სიზმარი“, თავისი დროის სიახლე რომ აღმოჩნდებოდა ეს დადგმა და… პოლიტიკური სარჩულიც გამოეკერებოდა, არამც თუ ხელოვნების თვალთახედვით მისდგომოდნენ ასე დაუნდობლად, გიგა ლორთქიფანიძეს ის განცდაც რომ გაუჩნდებოდა:

დარბაზიდან გასვლის შემდეგ მიხეილ თუმანიშვილმა ვაითუ თავიც მოიკლასო.

ჩემი მხატვრულ-დოკუმენტური თხზულება დაეყრდნობოდა ნათელა არველაძის მიერ არქივიდან გამომზეურებულ მასალებს, ცალკეულ მონაწილეთა პორტრეტულ შტრიხებს რომ შევავსებდი და დავუმატებდი იმ ამბებსაც, რასაც სხვათა თუ ჩემი მოგონებებიდან დავისაჭიროებდი.

მისი გასპექტაკლება აზრადაც არ მომსვლია, ის კი არა, ნინო კასრაძე ამ მოსაზრებას რომ გამიზიარებდა, ცოტა არ იყოს, დაეჭვებული შევხედავდი:

ამ წიგნიდან სპექტაკლი როგორ უნდა ამოვიდეს-მეთქი…

თუმც ნინომ შიგნიდან იცის თეატრი – როგორც ერთმა გამორჩეულმა მსახიობმაც და როგორც მრავალმხრივ განათლებულმა პიროვნებამაც, ისეთ შრეებსა და ნიუანსებსაც რომ შეუძლია ჩასწვდეს, რაც ადვილი დასანახი არ არის.

თეატრალიზებული სახით წარმოდგენაც მოუხდებაო, – დასძენდა, – და ვიდრე სპექტაკლადაც იქცეოდეს, იქნებ, ორმა ან მეტმაც, მსახიობმა ცალკეული სურათები წავიკითხოთ სცენიდანო.

ერთია სურვილი და მეორე – მისი ხორცშესხმა, მითუმეტეს, ჩვენს ყოფით რეალობაში, როდესაც ბევრგვარი ბარიერი იჩენს თავს და ეს ჩანაფიქრი ამიტომაც გადაიდებოდა…

თუმც კინორომანი „სინემა: გარიჟრაჟი“, გაშლილი 1971 წელს გამართული დისკუსიის სიუჟეტურ ქარგაზე, ნინო კასრაძეს აფიქრებინებდა, რომ:

სპექტაკლად მისი დადგმაც შეიძლებოდა.

და ეს ორი სანახაობა ერთმანეთს შეავსებდა.

მძაფრი განხილვის შუაგულში ამჯერად მოექცეოდა ქართული კინოს დასაბამის თარიღი და პირველი რეჟისორის ვინაობის დადგენა და… პოლიტიკური სარჩულიც გამოეკერებოდა, არამცთუ ხელოვნების თვალსაზრისით შეხლოდნენ ერთმანეთს დაუნდობლად დისკუსიის მონაწილენი.

ჩემი ეს მხატვრულ-დოკუმენტური თხზულება ამჯერად დაეყრდნობოდა მიხეილ მგალობლიშვილის მიერ შემონახულ საარქივო მასალებს, მისი შვილიშვილი მიხეილ ანთაძე – თვითონ ოსტატი დოკუმენტური ჟანრისა – ჩემთვის რომ გაიმეტებდა, ახლაც ცალკეულ მონაწილეთა პორტრეტულ შტრიხებს რომ შევავსებდი და დავუმატებდი იმ ამბებსაც, რასაც ჩემი თუ სხვათა მოგონებებიდან დავისაჭიროებდი.

არც მისი გასპექტაკლება მომსვლია აზრად, ვიდრე ნინო კასრაძე გამიზიარებდა ამ მოსაზრებას, თუმც ამჯერად დაეჭვებული აღარ შევხედავდი „სინემა: გარიჟრაჟის“ სცენურ ხორცშესხმას.

თავიდან ისიც შესაძლოა, თეატრალიზებული დადგმის სახით მოისინჯოს:

ორმა ან მეტმაც მსახიობმა ცალკეული სურათები წაიკითხონ სცენიდან.

ისეთი კოლორიტული პერსონაჟები მონაწილეობენ თეატრალურ რომანშიც და კინორომანშიც, ისეთი მრავალფეროვანია ყოფითი სინამდვილიდან გადმოტანილი ეს გალერეა, ისეთი ინტრიგები იხლართება და ისე ხელშესახებად წარმოისახება მთელი ეპოქა, ის ტრაგიკომიკური ხანა, თანაც დოკუმენტალიზმი ისე მოსძალებია ლიტერატურასაც და ხელოვნებასაც, როგორც მეტად მნიშვნელოვანი ნაკადი, ადრე თუ გვიან, ალბათ, ამ ჩანაფიქრსაც თავი მოებმის და… ნინო კასრაძე ხომ ერთხელ კიდევ გაიბრწყინებს, მსახიობობასთან ერთად სცენარისტობასაც რომ შეითავსებს.

***

გახსოვთ, გურამ დოჩანაშვილის ერთი პერსონაჟი – ვასიკო კეჟერაძე რომ ამბობს: მე და ჩემი ერთი ძმა თუ სამოთხრობე ხალხი ვართ, ის მესამე ძმა სარომანეაო?

და ამ სიტყვების კვალს რომ გავყვეთ:

ჩვენი თეატრალური და კინორეჟისორები, თეატრმცოდნეები და კინომცოდნეები სასპექტაკლე ხალხიც ყოფილან.

ნინო კასრაძეც ასე ხედავს თავის წარმოსახვაში… ჯერ მხოლოდ წარმოსახვაში…

Section – Tribune

Rostom Chkheidze – Discussions from plays (Following an opinion of Nino Kasradze).

The author talks about his two books – “Shakespeare’s Dream and Backstage Labyrinths” and “Cinema Dawn”; During the presentation of the books, the idea arose to stage performances based on both books and to revive the documentary stories told in the books, which restore the discussions of the Georgian theater and film of the 1960s and 1970s.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…