დრამაში ხელმოცარული ისტორიული გმირი
II ნაწილი
ჰოტსპერი ამაღლებული სტილით მეტყველებს მთელ პიესაში და ამ პასაჟშიც. პრინცი ჰენრიც ასევე მეტყველებს, ოღონდ, მხოლოდ სამეფო კარზე, მამასთან საუბრისას და ბრძოლისას.
მომაკვდავი, პრინც ჰენრისთან ორთაბრძოლაში დამარცხებული, ჰოტსპერი წუხს, რომ მისი სახელ-დიდება გადავა პრინც ჰენრიზე, რომელსაც მანამდე ტოლ-სწორად არც კი მიიჩნევდა.
მანამდე, პრინცი ჰენრი უბრალოდ ჰალი იყო და ფოლსტაფს ამფსონობდა, მის წრეში ტრიალებდა (პოინზი, ბარდოლფი, პისტოლ, ნიმი), მასავით ლოთი-ფოთობდა, დათარეშობდა და კანონიერება-უკანონობის ზღვარზე გადიოდა, მდაბიურ ენაზე მეტყველებდა და მახვილგონიერებაში ტოლს არ უდებდა თვით ფოლსტაფს.
ფოლსტაფი
ჰალ, შენს გაზრდას, რომელი საათია?
პრინცი ჰენრი
ისე გაგიტკბა ძველი ღვინის წრუპვა, ნავახშმევს ქამრის მოშვება, ნასადილევს კიდევ სკამლოგინზე ხვრინვა, რომ ტვინი ქონად გექცა და ახლა აღარც კი გახსოვს, რისი კითხვა გსურდა. აბა რა ჯანდაბა გესაქმება, რომელი საათია? . . . (მოქ. 1 ს. 2)
ან იქვე:
ფოლსტაფი
ჰოდა, როცა მეფე გახდები-მეთქი, გენაცვალე, ნებას ნურავის მისცემ, რომ ჩვენ ღამის რაინდებს დღიური სილამაზის მძარცველები გვიძახონ. დე, ვიყოთ დიანას მეტყევეები, სიბნელის რაინდები, მთვარის საყვარელი ბიჭები. . . .
პრინცი ჰენრი
კარგად ამბობ, სრული ჭეშმარიტებაა. ჩვენ ხომ მართლაც მთვარის ხალხი ვართ და ჩვენი დოვლათიც, ზღვის მიქცევა-მოქცევასავით, ხან იკლებს და ხანაც იმატებს. . . .
ფოლსტაფი
მართალს ამბობ, ღმერთმანი. რას იტყვი, ტკბილი ქალი არ არის ამ სასტუმროს დიასახლისი?
პრინცი ჰენრი
ჰიბლას თაფლივით ტკბილია, ძმობილო, კამეჩის ქურთუკზე რაღას იტყვი, ხომ ტკბილი მოსასხამია საპყრობილეში?
ფოლსტაფი
რას ამბობ, კაცო, რას გადამეკიდე, შე უქნარა! რა გუდა სტვირივით ააწყვე? კამეჩის ქურთუკი რა ჯანდაბად მინდა.
პრინცი ჰენრი
მაშ, მე რაღა დოზანად მინდა ჩვენი სასტუმროს დიასახლისი?!
თუმცა კი მახვილგონიერებაში ერთმანეთს ტოლს არ უდებენ, მაინც არ ავიწყდებათ ვინ არიან; განსაკუთრებით პრინც ჰენრის, რომლის ერთი მონოლოგი მაკიაველური ჰუბრისის ნამდვილი ნიმუშია:
პრინცი ჰენრი
რა შვილიცა ხართ, კარგად გიცნობთ, მაგრამ ჯერ მაინც
ხელს ვუწყობ ამ თქვენს თავაშვებულ ლაზღანდარობას
და ბრწყინვალე მზეს ვბაძავ ამით, რომელიც ზოგჯერ
ბნელი ღრუბლების საბურველში გამოეხვევა
და მთელ ქვეყანას დაუმალავს თვის სილამაზეს.
(1.2)
კონტრასტის დრამატურგიულმა ხერხმა უნდა გვიჩვენოს პრინცი ჰენრის სახეცვალება, მამის ცოდვისაგან გათავისუფლება, სამეფო კარისაგან დაშორება, ფსკერიდან მწვერვალზე ასვლა, დამდაბლება და ამაღლება, რამაც დრამატული ეფექტი უნდა გამოიწვიოს და კათარსისთან მიიყვანოს მაყურებელი, გადაარჩინოს ანუ გაამითიუროს ისტორიული გმირი და დრამატული/ტრაგიკული გმირის ხასიათი მიანიჭოს.
სწორედ კონტრასტისათვისაა შექმნილი და შემოყვანილი ისტორიულ პიესაში ფოლსტაფის ირონიული, კომიკური გმირი, რომელსაც ისტორიულ პარალელს კი უძებნიან, მაგრამ თუნდაც ჰყავდეს ისტორიული პროტოტიპი, მაინც შეთხზული გმირია და შექსპირის გენიალური წარმოსახვის გამორჩეული ნიმუშია.
მეფესა თუ პრინცს უნდა ჰყავდეს სიმართლის პირში მთქმელი ადამიანი, ნათესავი, მეგობარი ან მასხარა. ჰამლეტისათვის ასეთი კაცია ჰორაციო, მეფე ლირისათვის – კორდელია და მასხარა.
პრინცი ჰენრის მასხარა კი სერ ჯონ ფოლსტაფია.
ხელს ვუწყობ ამ თქვენს თავაშვებულ ლაზღანდარობასო, ამბობს პრინცი ჰენრი ანუ ჰალი, ფოლსტაფსა და მის ამფსონებზე, მაგრამ როცა დასერიოზულების დრო დაუდგება, გვერდიდან არ იშორებს არც პოინზს, არც ფოლსტაფს, არც ბარდოლფს და არც სხვებს.
ზნეობრივი გარდაქმნის, სასახლეში წასვლის წინ, როცა თითქოს ძველი ამბები უნდა დაივიწყოს, მძინარე ფოლსტაფს ჯიბეებს დაუცარიელებს და დასცინის.
სასახლეში მამის წინაშე თავს გაიმართლებს, გამოსწორების პირობას დებს და უმაღლეს ძალაუფლებას მიიღებს.
მერე კვლავ ფუნდუკ „ტახის თავს“ მიაშურებს და კვლავ ფოლსტაფთან და სხვებთან ლაზღანდარობს, მაგრამ დაავალებს კიდეც, თუმცა იცის, რომ ფოლსტაფისათვის სერიოზული საქმის დავალება არ შეიძლება; იგი, ქრთამის სანაცვლოდ, ჯანსაღ ჯეელებს გაუშვებს და მათ ნაცვლად უბადრუკ მაწანწალებს მოაგროვებს ჯარისათვის; ამას ხედავს პრინცი ჰენრი და არად აგდებს. ეს პასაჟი დაუნდობელი კრიტიკაა ინგლისის არმიაში ახალწვეულების გაწვევის სისტემისა.
ფოლსტაფი
დამარილებული ქაშაყი ვიყო, თუ ჩემი ჯარისკაცების გამო მე თვითონვე არა მრცხვენოდეს. ძალიან ბოროტად გამოვიყენე მეფის ბრძანება – ჯარი შემიკრიბეთო. ასორმოცდაათი ჯარისკაცის ნაცვლად სამას გირვანქაზე მეტი შევაგროვე…
(მოქ. IV ს. 2)
პრინცი ჰენრი შეუპოვარია შრუსბერის ბრძოლაში; არცთუ მის მხარდამხარ, მაგრამ იქვე სერ ჯონ ფოლსტაფიცაა და საომარ სცენებში (მოქ. V) მეომართა ამაღლებულ, ცეცხლოვან პოეტურ მეტყველებას ფოლსტაფის მდაბიური და კომიკური პროზა გააგრილებს.
პრინცი ჰენრი დაამარცხებს და კლავს ჰენრი ჰოტსპერს, ფოლსტაფი ებრძვის დაგლასს და თავს მოიმკვდარუნებს.
ჰოტსპერი
გათავდა, ჰენრი! შენ წარმტაცე მე სიჭაბუკე!
ფუყე სიკვდილი როდი მიმძიმს, ისღა მაწუხებს,
ჩემი ზვიადი სახელი რომ შენზე გადმოვა.
. . .
მაგრამ სიკვდილი მიწისა და ყინულის ხელით
ენას აწვება . . . არა პერსი, შენ მტვერიღა ხარ,
ლუკმა, საკვები . . .
(კვდება)
პრინცი ჰენრი
მატლებისა . . . მამაცი პერსი!
მშვიდობით, გმირო და სულდიდო ადამიანო! . . .
ცუდად ნაქსოვო ზვიადობავ, ვით დავიწროვდი.
. . .
მთელი დრამატული მონოლოგი ემოციურია და ამაღელვებელი, რასაც ოსტატობა განაპირობებს, თუნდაც ის რად ღირს, ჰოტსპერის შეწყვეტილ ფრაზას ჰენრი რომ აგრძელებს,
ჰოტსპერი
ლუკმა, საკვები…
პრინცი ჰენრი
მატლებისა . . . მამაცი პერსი!“
ჭეშმარიტად დიდოსტატური გადასვლაა და ასევე ოსტატურად გრძელდება:
პრინცი ჰენრი „შენიშნავს მიწაზე განრთხმულ ფოლსტაფს“:
შენა ხარ, ძველო მეგობარო? ამდენმა ხორცმა
ნუთუ ნამცეცი სულიც ვეღარ შეინარჩუნა?!
მშვიდობით, ფოლსტაფ, საცოდავო! ასე ძალიან
არ ვინაღვლებდი, ალბათ, შენზე უკეთეს ხალხსაც.
. . .
კეთილშობილი პერსის გვერდით იცურე სისხლში,
ვიდრე საფლავში, გამოშიგნულს, არ დაგმარხავენ.
პრინცი ჰენრი „კეთილშობილ პერსის“ უტოლებს ფოლსტაფს ანუ თავადაც უტოლდება, თავის ტოლად და სწორად მიიჩნევს?
შემგომ კი ის ხდება, რომ:
( [პრინცი ჰენრი] გადის. ფოლსტაფი წამოდგება.)
ფოლსტაფი
გამოშიგნულსო, თუ მართლა მოახერხებ ჩემს გამოშიგვნას, ნებას მოგცემ დამამარილო და ხვალ შემახრამუნო კიდეც. კიდევ კარგი, ვითვალთმაქცე და დროზე მოვიმკვდარუნე თავი… ხომ მკვდარია ეგ თოფისწამალი პერსი, მაგრამ მაინც მეშინია. ერთიც ვნახოთ, თავს იმკვდარუნებდეს ჩემსავით . . . ჰოდა, ახლა არავინ მიყურებს. აბა, ინებეთ, ძმობილო, ახალი ჭრილობა ბარძაყში (ჩასცემს ხმალს.) და მე გამომყევით.
კვლავ ოსტატური გადასვლა, ტრაგიკულიდან კომიკურზე და, ალბათ, არ გაემტყუნებოდა ინგლისელ მაყურებელს, ყველაზე მეტად ამ პასაჟის რომ დროს იცინოდა.
ბრძოლის შემდეგ, ამაღლებულ განწყობილებაზე მყოფი, აღტაცებული და გულდამძიმებული პრინცი ჰენრი, ლოგიკურად უნდა გაჯავრებულიყო ამ სულმდაბალი ქცევის შემტყობი, მაგრამ იგი აქაც შეუნდობს ფოლსტაფს და გმირობის თანამონაწილედაც გაიხდის.
პრინცი ჰენრი
მსგავს ყალთაბანდსაც, ჩემო ძმაო, ვერსად შეხვდები,
გასწი, ეგ ტვირთი მორიდებით ატარე ზურგით.
სხვა რაღა გითხრა, თუ გიშველის ჩემი ტყუილიც,
მოვაოქროვებ, როგორც ძალმიძს, და მოგაშველებ.
აქაც ერთად არიან პრინცი ჰენრი და ფოლსტაფი. ჰალი ხელს უწყობს ფოლსტაფის სახელის განთქმას, რასაც მორიგი „გმირობა“ მოჰყვება მომდევნო ბრძოლაში; რაინდი სერ ქვაბულელი, უბრძოლველად ნებდება „სახელგანთქმულ“ სერ ჯონ ფოლსტაფს.
და „ჰენრი მეოთხის“ მეორე მოქმედების მეორე სურათშიც ერთად ვხედავთ განუყრელ წყვილს. პრინცი ჰენრი პოინზს გამოუტყდება, რომ:
პრინცი ჰენრი
მართლაც არა მქონია მეფური გემოვნება, რადგან, თავს გეფიცები, ნამდვილად მომინდა ის უბადრუკი წყალწყალა ლუდი. მაგრამ ეს მდაბიური სურვილები სულ სხვაა, ჩემს დიდებულებასთან ხელი არ აქვს. არა, მართლაც რომ ახირებულია, მე და ჩემმა ღმერთმა. მუდამ შენი სახელი მაგონდებოდეს, საცა არ უნდა შეგხვდე, გიცნო და ისიც კი ვიცოდე, რამდენი წყვილი აბრეშუმის წინდა გაქვს: ეგა, ატმისფერი . . . ანდა შენი პერანგების ანგარიში მე რაში უნდა მეკითხებოდეს – სულ ზეპირად ვიცი, რა გაცვია და გამოსაცვლელი რა გაქვს; თუმცა ჩოგბურთის მოედნის დარაჯმა ჩემზე კარგად იცის ამის ანგარიში, რადგან სათამაშოდ რომ არ მოხვალ, ეს იმის ნიშანია, რომ თეთრეულის საქმე კარგად ვერა გქონია, ხოლო რაკი დიდი ხანია იქ აღარ მისულხარ, გამოდის, რომ შენმა ქვემოთა ქვეყნებმა, ფეხებმა, ბოლო მოუღეს ჰოლანდიას, ჰოლანდიურ ნიფხავს. ეშმაკმა უწყის, შენი საცვლის ნაგლეჯებში გახვეული ჭყიპინები სასუფეველს თუ დაიმკვიდრებენ! თუმცა ბებიაქალები გვარწმუნებენ, ბალღებს არაფერი ბრალი მიუძღვითო. თანაც ამის წყალობით მოსახლეობა იზრდება და ნათესაობაც მრავლდება.
ეს გახლავთ ერთ-ერთი, ყველაზე საგულისხმო პასაჟი პრინცი ჰენრის დრამატულ მონოლოგებს შორის. პრინცი ჰენრი მდაბიურად მეტყველებს და მდაბიურ სურვილებს ამჟღავნებს. ნიკო ყიასაშვილი წერს, ჰენრი IV-ის კომენტარებში, მთელი პასაჟი რთული ორაზროვანი გამოთქმებითა და სიტყვათა თამაშით არის დატვირთულიო. რაღა თქმა უნდა, მაგრამ მონოლოგი რამდენიმე შეკითხვასაც აჩენს და მთავარი შეკითხვაა, – ვის მიმართავს პრინცი ჰენრი? – ალბათ, პოინზს, რაკი სწორედ იგი უდგას გვერდით და მანამდე მას ესაუბრებოდა. პრინცი წყალწყალა ლუდს მოინატრებს Doth it not show vilely in me to desire small beer? და პოინზი ეუბნება, ეტყობა ცუდად გაუზრდიხარ, თორემ ასეთი უბადრუკი სურვილები არ გაგიჩნდებოდაო. ამას მოსდევს პრინცის პასუხის პირველი ნაწილი, სადაც ჯერ იმას ამბობს, მართლაც არ მქონია მეფური გემოვნებაო, მერე კი საწინააღმდეგოს – ამ მდაბიურ სურვილებს ჩემს დიდებულებასთან ხელი არ აქვსო. ეს სიტყვები პოინზის პასუხადაა, რასაც მოსდევს დრამატული მონოლოგი, რაც, ეგებ, არცაა დრამატული მონოლოგი და პრინცი არც პოინზს მიმართავს და არც – მაყურებელს; თავის თავს ელაპარაკება ანუ თავის ალტერ ეგოს, ანუ სერ ჯონ ფოლსტაფს?! ვისაც დასცინის, ოინებს უწყობს, ლანძღავს, ემუქრება, მაგრამ გვერდიდან არ იცილებს ანუ გვერდიდან არ სცილდება.
ფუნდუკ „ტახის თავის“ ერთ სცენაში პოინზთან ერთად მსახურად გადაცმული პრინცი ჰენრი, ოინს მოუწყობს ფოლსტაფს, არადა, ხომ გახსოვთ? სულ ახლახან შეჰფიცა გამოსწორება მეფეს და მძიმე ბრძოლა გადაიტანა, მძვინვარე შერკინებაში დაამარცხა ჰოტსპერი.
გადაცმისა და ნიღბების ხერხი ხომ უხვადაა დრამატურგიაში და შექსპირიც ხშირად იყენებს, რადგან მაყურებელს მოსწონს გამოაშკარავების დრამატული, უფრო ხშირად კი კომიკური ეფექტი. მართლაც რომ კომიკურობის ნიმუშია ფოლსტაფის მოხერხებული და მახვილგონიერი თავდასაცავი მეტყველება, პრინცისა და პოინზის მოსაგერიებლად და შემოსარიგებლად. აქ მას ვერავინ შეედრება – ვერც პრინცი და ვერ სამეფო კარი თუ არმია. სწორედ ეს მოსწონს პრინც ჰენრის და აქ გრძნობს თავს ლაღად.
ამრიგად, ფოლსტაფური ჩანართები თუ გადახვევები ჰენრი მეოთხეს უფრო ხალისიან, საყურებელსა და მოსასმენ პიესად აქცევს, ვიდრე მის გარეშე იქნებოდა. შექსპირის კომენტატორები აღნიშნავენ ფოლსტაფის სახის მნიშვნელობას და, არცთუ იშვიათად, გადაჭარბებულადაც ასხამენ ხოტბას, პავლე მოციქულის ეპისტოლედან თუ ძველი თუ ახალი აღთქმიდან მოტანილი ციტატებით. ჩემი აზრით კი, ფოლსტაფს არ სჭირდება ზედმეტი განდიდება; ამ ირონიული გმირის ლიტერატურული დონე გადაჭარბებას არ საჭიროებს. შექსპირის დრამატურგიული ოსტატობა უმაღლეს მწვერვალზეა. მისი ფოლსტაფი ირონიულ-პაროდიული გმირია და ასე დარჩება პიესის ბოლომდე.
ხოლო, ჰალს ანუ პრინც ჰენრის, ანუ მეფე ჰენრი მეხუთეს, ისტორიულ პირსა და ისტორიული ქრონიკის პერსონაჟს, შექსპირი, არათუ მაღალმიმეტურ გმირად, არამედ ეპოსისა და, მეტიც, მითოლოგიურ გმირად ამზადებდა.
სიჭაბუკე ცელქობასა და თავაშვებულობაში გაატარებინა, შელახა, გააბუნდოვანა, დააკნინა და აღმძვრელი შემთხვევისათვის მოამზადა. და შემთხვევამაც არ დააყოვნა, ჰარი ჰოტსპერი გამოვიდა ბრძოლის ველზე! და პრინცი ჰენრი დაბრუნდა, დაუბრუნდა სარდლის მოვალეობას, წარუძღვა ლაშქარს, იბრძოლა და გაიმარჯვა. მაგრამ წარსულთან კავშირი რომ ვერ გაუწყვეტია?!
ჰარი ჰოტსპერთან გამარჯვებით შექსპირმა დაბალმიმეტური, ირონიულისაკენ დაქანებული გმირი შემოაბრუნა და მაღალმიმეტურ გმირამდე აზიდა.
ამის შემდგომ იწყება მისი ზეობა. იგი მეფე გახდება. ინგლისის ლაშქარს ახალი ბრძოლისათვის მოამზადებს და გაუძღვება საფრანგეთისაკენ, სადაც, შექსპირისა და ინგლისელი მაყურებლის აზრით, სამართლიანად მოითხოვს საფრანგეთის ტერიტორიებსა და, თვით სამეფო გვირგვინს.
ჩანართის სახით, გავიხსენოთ, რომ მეფე ჰენრი მეოთხე, თავდაპირველად წმინდა მიწაზე გასალაშქრებლად და მაცხოვრის საფლავის გამოსახსნელად ემზადებოდა.
საფრანგეთში მოლაშქრე მეფე ჰენრი მეხუთე მხნე და თავდაჯერებული სარდალია, გონიერი და ბრძენი სტრატეგი და რაც მთავარია, მას აღარ ახლავს სერ ჯონ ფოლსტაფი, მისი ჭაბუკური ანცობის მოწმე, მისი უარყოფითი მხარე, მისი ცოდვიანი ალტერ ეგო.
მეფემ განაგდო მაცდური:
მეფე ჰენრი მეხუთე
მე შენ ვერა გცნობ, ბერიკაცო, ჯობს რომ ილოცო.
მასხარად ყოფნა შენს ჭაღარას სულაც არ შვენის.
. . .
უფალმა უწყის და ქვეყანაც მალე გაიგებს,
რომ წარსულს ჩემსას მე თვითონვე ვაქციე ზურგი,
და ამგვარადვე მტკიცედა ვგმობ ძველ ამფსონებსაც.
ეს ხომ სულ სხვა ჰენრია, მეფური მოვალეობით დამძიმებული; იგი მაღალ მიზნებს ესწრაფვის და ამაღლებული სტილით ესაუბრება როგორც სხვებს, ასევე საკუთარ თავს, განმარტოებისას, როცა გრძნობს იმ ტვირთის სიმძიმეს რაც მეფეს დასწოლია და უნდა ზიდოს ქვეყნისა და ქვეშევრდომთა წინაშე, კვნესით აღმოხდება:
მეფე ჰენრი
. . .
ოჰ, მძიმე ვალო.
შენ სიდიადის ტყუპის ცალო, ყოველი ბრიყვის
კილვის საგანო, ვისაც მხოლოდ თავისი ტანჯვა
აწუხებს ქვეყნად. რაოდენი შვება და ლხენა,
რომლითაც ხარობს ყველა კაცი ჩვეულებრივი,
უნდა მოიკლონ მეფეებმა. რა აქვთ ისეთი,
რასაც ყოველი კაცი მუდამ მოკლებულია?
მხოლოდ მეფური ბრწყინვალება და ბრწყინვალება.
მაგრამ რა ხარ შენ, ბრწყინვალებავ, ფუჭო, ამაო?
რა ღვთაება ხარ უცნაური, რომელიც უფრო
მეტად იტანჯვი, ვიდრე შენი თაყვანისმცემნი? (IV, 1)
. . .
ჩემი აზრით, ეს საუკეთესო მონოლოგია ჰენრი მეხუთისა. და ასეთი ხასიათი და პათოსი რომ შერჩენოდა, იგი გაიმარჯვებდა არა მხოლოდ როგორც ისტორიული, არამედ დრამატული გმირიც.
აზენკურის ბრძოლის წინ იგი ამაღლებული სიტყვებით მიმართავს მებრძოლებს და არა მხოლოდ მათ გამხნევებას და სულიერ განმტკიცებას ცდილობს, არამედ ღრმადაა დარწმუნებული და ამ რწმენას სხვებსაც გადასცემს, რომ ღვთაებრივი დანიშნულებით და შთაგონებით უნდა იბრძოლონ და გაიმარჯვონ.
მეფე ჰენრი
. . .
ამ დღევანდელ დღეს კრისპიანეს დღეს უწოდებენ!
ვინც გადარჩება დღეს, უვნებლად შინ დაბრუნდება,
თავს მხნედ წამოსწევს, ზეაღსდგება იგი ყოველთვის
ამ დღის და წმინდა კრისპიანეს გახსენებაზე.
. . .
ჩვენს ამბავს კაცი გაკვეთილად ეტყვის თავის შვილს
და კრისპიანეს დღე არასდროს დაავიწყდებათ.
დღეიდან ვიდრე დედამიწის აღსასრულამდე.
ჩვენც მასთან ერთად მოგვიგონებს ყოველი კაცი,
ორიოდ მუჭა ბედნიერ ძმებს, ორიოდ მუჭას.
იგი, ვინც ჩემთან ერთად დაღვრის სისხლს ამ ბრძოლაში,
ჩემი ძმა არის; რა მდაბიოც უნდა იყოს ის,
ეს დიადი დღე გადააქცევს კეთილშობილად.
(IV. 3)
მეტი რაღა სჭირდება ეპიკურ გმირს, წმინდა კრისპიანე, ღვთის მოციქული მასთანაა და წინ მიუძღვის სამართლიან ბრძოლაში. და ჰენრი შეასრულებს მეფურ მოვალეობას, მხნეობისა და სიმამაცის მაგალითს უჩვენებს თავის მეომრებს, იმარჯვებს ბრძოლაში და უმაგალითო გამარჯვებას – როცა უამრავი ფრანგი დიდებულისა და მეომრის სანაცვლოდ, მხოლოდ რამდენიმე ათეული ინგლისელი იღუპება – იგი მთლიანად ღვთის წყალობას მიაწერს და სხვებსაც მოუწოდებს, რომ ღმერთს შესწირონ მადლობა ასეთი არგაგონილი სასწაულის მოვლენისათვის.
ეპიკური თხზულების წესის მიხედვით აქ ჰუბრისი უნდა ეწვიოს გმირს და ისიც არ იგვიანებს. გაქცეული ფრანგები შეჩერდებიან და თავგანწირულ შეტევაზე გადმოვლენ. დიდსულოვანი მეფე ჰენრი შეიცვლება, სისხლიან, დაუნდობელ დესპოტად გადაიქცევა და დაუნდობელ, შემზარავ ბრძანებას გასცემს:
მეფე ჰენრი
გესმით? განგაშის ხმა გაისმის ისევ ახალი!
ფრანგებმა თავი მოუყარეს დაფანტულ ძალებს.
ყველამ დახოცოს თავისი ტყვე დაუყოვნებლივ!
ყველგან გაეცით ეს ბრძანება. (4. 7)
და სადაა აქ მისი მდაბალი ალტერ ეგო, სერ ჯონ ფოლსტაფი? – არსად! სცენაზე დგას მეფე, დიდებული და გამარჯვებული, ტრაგიკული და დასაცემად მზადმყოფი, მტრის რისხვა და ტყვეების მჟლეტი, რომ მისი მხატვრული სიდიადე სხვა გმირებს გაუტოლდეს შექსპირისას.
აქ თითქოს უნდა დასრულებულიყო დრამა; ნუთუ შექსპირს უნდა გასჭირვებოდა შესაფერისი საზეიმო დასასრული კვარცხლბეკზე მდგარი, ოდნავ შელახული ისტორიული და დრამატული გმირისათვის?!
მაგრამ შექსპირი ასე არ მოიქცევა; იგი არ ივიწყებს ჭაბუკ ჰალს, მის ცელქობასა და ლაზღანდარობას, მის სიყვარულსა და მიდრეკილებას მდაბიო არამზადებთან მეგობრობისა; ფოლსტაფის აჩრდილი მუდამ იქ ტრიალებს, სადაც ჰალია, იმ ფოლსტაფისა, რომელიც ლონდონის ბინძურ ფუნდუკში გლოვობს განდევნას, უარყოფასა და ღალატს, მეგობრებისაგან მიტოვებული.
დიდების მწვერვალზე ასული, უამრავი გმირობის ჩამდენი, ბრძენი და განმსჯელი მეფე ჰენრი კი არ დაიზარებს ოინებსა და ლაზღანდარობას რიგით ჯარისკაცებთან, მათთვის თვალის ახვევას და ვითომ ორთაბრძოლაში გამოწვევას, ბრძოლის შემდეგ.
არა, არ აღირსა შექსპირმა ჰენრის მეფური დიდებულებით შემოსვა და ასე გასვლა პიესის ფინალში, რათა პროლოგს საბოლოოდ განეთქვა მეფე ჰენრი მეხუთის სახელი.
ფინალში იგი ისევ ჰალია, ფოლსტაფის მეგობარი და სწორედ ჰალი ეარშიყება საფრანგეთის მეფის ასულ, კატარინას; მდაბიური სტილით მეტყველებს და მდაბიოსავით არშიყობს. თითქოს მეფე ჰენრი კი არა ფოლსტაფი იყოს და დოლ ტერშიტს ხურუშიანად ელაზღანდერობედეს.
ფოლსტაფი
. . . მუხლებზე დამისკუპდი, დოლ.
მეფე ჰერი სიყვარულზე კი ესაუბრება მეფის ასულს, მაგრამ, უცნაურია, ამაღლებულ მიჯნურობას და მარადიულ ერთგულებას კი არ ეფიცება, არამედ ფიზიკურ ლტოლვასა და ეროტიკულ განცდებს უმჟღავნებს.
მეფე ჰენრი
…სასტიკად მიყვარხართ, ჩემო მეფის ასულო… აუცილებლად ბრძოლით აგიღებ და შენც კარგი ჯარისკაცების დედა გახდები. ნუთუ ვერ მოვახერხებთ მე და შენ წმინდა დენისა და წმინდა გიორგის დღეებს შორის ერთი ბიჭი მოვაჭახრაკოთ, – ნახევრად ფრანგი, ნახევრად ინგლისელი…
და, როცა ხელზე კოცნაზე უარს მიიღებს, შეტევაზე გადადის:
მაშინ ტუჩებში გაკოცებთ კეიტ.
და მეფის ასულს მიმართავს არა როგორც სატრფოს, არამედ როგორც ტყვე ქალს:
აბა ახლა ახლა წყნარად და მოთმინებით! (კოცნის) თქვენს ტუჩებში, კეიტ, ჯადოსნური ძალაა.
ეს სცენა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ შექსპიროლოგებს და მეც გაოცებით შევცქერი გმირი მეფის ცელქ მოარშიყედ გადაქცევას.
რეიტინგების შემდგენლები არ მოიხსენიებენ უილიამ შექსპირის სახელგანთქმულ გმირებს შორის სერ ჯონ ფოლსტაფს და არც არის საჭირო, რადგან იგი ჰალთან ანუ პრინც ჰენრისთან, ანუ მეფე ჰენრი მეხუთესთან არის განუყრელად და ეს გახლავთ შექსპირის ბრძნული შეგონება, რომ სწორედ მაშინ, როცა ეპიკურ გმირს, ქველსა და ძლევამოსილ მეფეს ვასხამთ ხოტბას, არ დაგვავიწყდეს, ჩვენ წინაშეა ადამიანი და დაბალმიმეტური გმირი!
Paata Chkheidze – Henry the Fifth: The Historically Inept Hero in Drama (Part II)
The author begins by arguing that Henry V differs from Shakespeare’s other plays:
“Henry the Fifth differs from Shakespeare’s other works. When watching the performance or reading the Henriad tetralogy (Richard II; Henry IV, Part I; Henry IV, Part II; Henry V), Anglophone audiences encounter their past and are stirred by patriotic feelings.
However, in twenty-first-century experimental productions, patriotism has almost vanished. For foreign audiences or readers who do not—and need not—possess a sense of England’s national history, the perception of the play is perhaps even more alien. They become witnesses to England’s conquest of France—and recoil.”
The controversies of this play, the author argues, should command the attention of today’s professional readers.










