პაატა ჩხეიძე სტატია

ჰენრი მეხუთე

, , ,

დრამაში ხელმოცარული ისტორიული გმირი

I ნაწილი

ვინ არიან ყველაზე სახელოვანი შექსპირული პერსონაჟები?

შექსპიროლოგებს უყვართ  სიების შედგენა და ამ საკითხზე არსებული უამრავი სია-რეიტინგიდან ერთ-ერთი ასეთი გახლავთ:

ჰამლეტი, მეფე ლირი, მაკბეტი, რიჩარდ მესამე, იულიუს კეისარი, რომეო, ჯულიეტა, ოტელო, იაგო, ანტონიუსი, კლეოპატრა, შაილოკი და პრინცი ჰარი ანუ ჰალი, ანუ  მეფე ჰენრი V, რომელიც სამ პიესაში გვხვდება შექსპირული ქრონიკებიდან, ჰენრი მეოთხესა (I და II ნაწილები) და ჰენრი მეხუთეში.

ამ სიაში არ არის ფოლსტაფი, იგივე პიესებისა (ჰენრი IV, I და II ნაწ.) და „უინძორელი მხიარული ქალების“  ‘გმირი’, თუმცა, მგონია, რომ იგი გაცილებით უფრო პოპულარულია და დრამატურგიულად გამართული, ვიდრე პრინცი ჰარი ანუ მეფე ჰენრი მეხუთე.

უილიამ შექსპირის „ჰენრი IV (I და II ნაწილი)“  და „ჰენრი V“ ჟანრობრივად განისაზღვრება, როგორც პიესა-ქრონიკა, ისტორიული პიესა.

ჰენრი მეხუთე ისტორიული პიროვნება და ისტორიული პიესის პერსონაჟია. მაგრამ იგი, როგორც გმირი, და მასზე დაწერილი პიესაც ინგლისური რომანის ტრადიციას უფრო მოერგება, რადგან  ყველაფერი კარგად მთავრდება ანუ Happy End-ით.

 ამ მოსაზრებისაგან განსხვავებით, ნორთროპ ფრაი,  ამ პიესებს, იმდენად ქრონიკებად  არ მიიჩნევს, რამდენადაც მითოსურ, საგმირო თხზულებად და აქ „ჰენრი IV-ს“ ანიჭებს უპირატესობას; “ჰენრი IV-შია“ სწორედ უწესრიგობიდან წესრიგზე გადასვლა, რაც კომედიას ახასიათებს. ფრაის მიაჩნია, რომ ჰენრი V-ში დასრულდება კომედია, კანონიერება დაისადგურებს სამეფო კარზე, კვდება ჰენრი მეოთხე, ვინც ტახტი წაართვა რიჩარდ II-ს, რიჩარ II-ის კარზე აღზრდილი, ჰენრი V, დაიკავებს ტახტს და გააძევებს კომიკურ, კარნავალურ მამინაცვალს, სერ ჯონ ფოლსტაფს.

მართლაც, რაკი  „ჰენრი V“ დამოუკიდებელი პიესაცაა და მასში თავიდანვე ყველაფერი წესრიგშია – ჰენრი V საფრანგეთისაკენ გაილაშქრებს და დიდ გამარჯვებას მოიპოვებს – კომედია აღარ უნდა იყოს, უფრო ეპიკური დრამაა. ოღონდ სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ კომიკური პასაჟებიცა მრავლადაა ჰენრი V-ში.

სერ ჯონ ფოლსტაფი კომიკური პერსონაჟია, ირონიული გმირი, მაგრამ ზემოთ დასახელებულ ტრაგიკულსა და დრამატულ გმირებს, თუნდაც, ჰენრი მეხუთეს დიდად არ ჩამოუვარდება სახელგანთქმულობით.

ჰენრი მეხუთე, გმირი სარდალია, მრავალი გამარჯვების მომპოვებელი, ამიტომ, რა გასაკვირია, რომ ინგლისელთა გულსა და თვალში საპატიო ადგილი ეკავოს, თუმცა, აქ ეჭვი მიპყრობს, რადგან, ამ ბოლო დროს, ცოტა არ იყოს და, მინავლებულა პატრიოტული მგზნებარება ბრიტანეთში. 

არაინგლისელ მაყურებელსა თუ მკითხველს, ჰენრი მეხუთის გმირობანი ისე ვერ აღანთებს,  რომ განსაკუთრებით შეიყვაროს, ფრანგებისათვის კი სწორედ რომ ვერაფერი მოსაწონია.

ჰენრი მეხუთე არ იბრძვის სამშობლოს დასაცავად და გმირულად არ იღუპება ბრძოლაში. იგი თავისი მამის ტახტის გადასარჩენად და ინგლისის სამეფოს მამულების „შესანარჩუნებლად“ იბრძვის, ინგლისსა და საფრანგეთში. ასეთი გმირები თვით იმპერიულ ბრიტანეთშიც კი არ იყვნენ პოპულარულნი. ესეიში, „ინგლისი შენი ინგლისი“, ჯორჯ ორუელი  წერს,  ჩვენს პოეზიაში ინგლისელთა გმირული მარცხის ამსახველი ლექსები, ვთქვათ, ლორდ ტენისონის „მსუბუქი კავალერიის ბრიგადის შეტევა“, უფრო უყვართ, ვიდრე ათასობით გამარჯვების ამსახველი ლექსი თუ პოემაო.

ჰენრი მეხუთე ბრძოლაში რომ დაღუპულიყო ღალატისა თუ ამპარტავნების გამო, ან შეთქმულებს მოეკლათ, ეგებ, უფრო ჰყვარებოდათ ან ხსომებოდათ, მაგრამ იგი ხომ სნეულებით გარდაიცვალა, სრულიად ახალგაზრდა.

გამარჯვებებზე რომ იყოს, ედუარდ ვუდსტოკი (1330- 1376), ცნობილი როგორც შავი პრინცი,  ინგლისის მეფე ედუარდ III-ის უფროსი ვაჟი და ტახტის მემკვიდრე, თავისი დროის უდიდესი მხედართმთავარი და რაინდობის ნიმუში, ყველაზე წინ უნდა იდგეს, თუმცა შექსპირს მასზე პიესა არ დაუწერია და არც იგი დაღუპულა ბრძოლაში; რაღაც სენმა მოკლა.

* * *

1337-1453 წლები, ინგლისსა და საფრანგეთს შორის ასწლიანი ომის დროა. 1337 წელს ინგლისის მეფემ, ედუარდ მესამემ თავისი უფლებების აღდგენა მოითხოვა საფრანგეთის ტახტზე.

1377 წელს ედუარდ მესამე გარდაიცვალა; ინგლისის მეფე გახდა რიჩარდ მეორე (უდროოდ გარდაცვლილი შავი პრინცის ვაჟი).

1387 წელს დაიბადა პრინცი ჰენრი, ჰენრი ბოლინბროკისა (მოგვიანებით ჰენრი მეოთხე) და მერი დე ბოჰუნის ვაჟი.

1398 წელი ჰენრი ბოლინბროკი ინგლისიდან გააძევა რიჩარდ მეორემ. მისი ვაჟი, ჰენრი, რიჩარდ მეორის კარზე იზრდებოდა, უმამოდ, მძევლად.

1399 წელს რიჩარდ მეორე ტახტიდან ჩამოაგდო ჰენრი ბოლინგბროკმა და მეფედ  ეკურთხა.

1403 წელს ჰენრი მეოთხე და მისი ვაჟი შეებრძოლებიან აჯანყებულ ჰენრი პერსის (ჰარი ჰოტსპერი) შრუსბერის ბრძოლაში. ჰოტსპერი იღუპება ამ ბრძოლაში. შექსპირის პიესაში, ჰოტსპერს ორთაბრძოლაში კლავს პრინცი ჰენრი. საგულისხმოა, რომ იმ დროში ინგლისის მეფეები და პრინცები ჯერაც წინ მიუძღოდნენ ლაშქარს და  გმირულად იბრძოდნენ. 

1413 წელს გარდაიცვალა ჰენრი მეოთხე.  ტახტზე ავიდა პრინცი ჰენრი, მეფე ჰენრი მეხუთე.

1415 წელს ჰენრი მეხუთემ ომი წამოიწყო საფრანგეთთან, გაიმარჯვა აზენკურის ბრძოლაში, ალყა შემოარტყა რუანს და მალევე აიღო.

1420 წლის ზავის ძალით, ჰენრის მეხუთე საფრანგეთის მემკვიდრედ და რეგენტად აღიარეს. იგი დაქორწინდა კატრინ დე ვალუაზე, საფრანგეთის მეფის, შარლ მეექვსის ქალიშვილზე.

გამარჯვებით ტკბობა დიდხანს არ დასცალდა, ჰენრი მეხუთე ციებ-ცხელებით გარდაიცვალა, ოცდათექვსმეტი წლისა.

სავარაუდოდ, შექსპირის პიესების, „ჰენრი IV“-ისა და „ჰენრი V“-ის, წყარო უნდა ყოფილიყო, ანონიმური პიესა “ჰენრი მეხუთის ცნობილი გამარჯვებები”.

„ჰენრი IV“-ის პირველი ნაწილი, დედოფალ ელიზაბეთ პირველის სიცოცხლეში, 1598 წელს გამოქვეყნდა, მეორე ნაწილი კი – 1600 წელს. იმავე წელს დაწერა შექსპირმა „ჰენრი მეხუთე.“  იმ წელს აშენდა  თეატრი ‘გლობუსი’. იმ წლებში შექსპირს დაეღუპება ვაჟი, ჰამნეტი და ცოტა მოგვიანებით გარდაეცვალა მამა, ჯონ შექსპირი. 

1603 წელს გარდაიცვალა დედოფალი ელიზაბეთ პირველი.   ინგლისის ტახტზე ჯეიმზ I-ის სახელით ავიდა სკოტლენდის მეფე ჯეიმზ VI. იმავე წელს, 7 იანვარს: „ჰენრი V“ წარმოადგინეს მეფე ჯეიმზ I-ის კარზე,  ინგლისისა და სკოტლენდის გაერთიანებული სამეფოების სადიდებლად.

ამის შემდგომ, ‘ჰენრი V’ არცთუ იშვიათად იდგმებოდა სცენაზე და სამჯერ გადაიღეს ფილმად1.

ამ მხრივ თითქოს მართლაც უნდა იყოს ჰენრი მეხუთე ერთ-ერთი პოპულარული თუ საყვარელ გმირთაგანი, მაგრამ მისი ხსენება მაინც იშვიათია შექსპირის შემოქმედებაზე საუბრისას. ამას თავისი მიზეზი უნდა ჰქონდეს.

 ‘მეფე ჰენრი მეხუთე’ შექსპირის სხვა პიესებს არ ჰგავს. წარმოდგენის ყურებისას, ან/თუ  ჰენრიადის ტეტრალოგის წაკითხვისას, (რიჩარდ მეორე, ჰენრი IV, I, ჰენრი IV, II, ჰენრიV) ანგლოფონური აუდიტორია  შეხვდება წარსულს და იღვიძებს პატრიოტული გრძნობები.  თუმცა კი, ოცდამეერთე საუკუნის ექსპერიმენტულ დადგმებში, პატრიოტიზმი თითქმის გააქრეს. უცხოელი მაყურებლისა თუ მკითხველისათვის, რომელსაც არ გააჩნია და არც უნდა ჰქონდეს ინგლისის ეროვნული ისტორიის განცდა, პიესის აღქმა, ალბათ, კიდევ უფრო უცხოა. იგი მოწმე ხდება ინგლისის მიერ საფრანგეთის დაპყრობისა და ფრთხება. და, ეგებ, თანამედროვე კრიტიკოსმა პოსტკოლონიური მეთოდიც მოიმარჯვოს პიესის კითხვა-ანალიზისა თუ სპექტაკლის განხილვისას. ფრანგი მაყურებელს ან მკითხველს, პიესა ინგლისელებთან განცდილ მარცხს ახსენებს და სულაც არ არის სასიამოვნო. ამიტომაა, რომ თანამედროვე შექსპიროლოგიის ნაწილი პიესის დეფამილარიზაციას ცდილობს. თუმცა ეს არა იმდენად შკლოვსკისეული ‘გაუცნაურებაა’ (остранение), რამდენადაც ისტორიული მოვლენების დავიწყების, ფანტაზიაში გადატანის მცდელობა.

მეფე ჰენრი მეხუთე (1386–1422) ინგლისელთა კოლექტიურ წარმოსახვაში რჩება, როგორც ბრძოლებში გამარჯვებული, უძლეველი სარდალი.  საფრანგეთის მეფის, შარლ VI-ის, არმიის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლის შემდგომ, ბრძოლისა, რომელიც ჩრდილოეთ საფრანგეთის სოფელ აზენკურთან 1415 წლის 25 ოქტომბერს გაიმართა და ინგლისელებმა გაიმარჯვეს, ჰენრი V გახდა საფრანგეთის სამეფო ტახტის რეგენტი და დაქორწინდა საფრანგეთის მეფის ასულზე. ჰენრი საფრანგეთის ტახტს უნდა დაუფლებოდა მეფის სიკვდილის შემდგომ, მაგრამ მანამდე გარდაიცვალა, სანამ ამ მიზანს მიაღწევდა.  

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები შექსპირის ჰენრიადას ისტორიული ნაწილია; „ჰენრიადა“  დაწერილია ოსტატურად, ამაღლებული სტილით (Stilus Gravis),  და არც რაიმე შესამჩნევი დრამატურგიული ნაკლი აქვს, ობიექტური კორელატივიც, თითქოს, თავის ადგილზეა; მაგრამ უილიამ შექსპირის „ჰენრი IV“, და, ნაწილობრივ, „ჰენრი V“ ,  დრამატურგიული ფასეულობის დიდ ნაწილს დაკარგავდა, რომ არ ყოფილიყო ერთი „გმირი“: მსუქანი, ოხუნჯი, მოქეიფე, მშიშარა, მკვეხარა, თაღლითი, მუსუსი სერ ჯონ ფოლსტაფი.

ტომას სტერნზ ელიოტი, წიგნში, „საღვთო ტყე“,   აღნიშნავდა, რომ შექსპირისათვის ისტორიული პიესები  ერთგვარი ვარჯიში იყო და მათში მოჩანს  თუ როგორ გარდაიქმნა შექსპირი ქრონიკიორიდან დრამატურგად. კერძოდ, ჰენრი IV-ში იგი ხედავს დრამატურგიულ სიუხვეს, განსაკუთრებით ამაღლებული და მდაბალი ხასიათების დაპირისპირებისას.

კონტრასტი ელიოტის საყვარელი ხერხია. იგი აპირისპირებს ჰენრი V-ისა და ფოლსტაფის ზნეობრივ ასპექტებს. ელიოტი აღნიშნავს ჰენრის ჩამოყალიბებულსა და თავშეკავებულ ხასიათს, თუმცა ფოლსტაფის ხასიათის ემოციურსა და დრამატულ სირთულესაც აღნიშნავს. მან იცის, რომ ფოლტაფის ხასიათში არც სენტიმენტალურობაა და არც რომანტიკულობა, რაც მოსაწონად მიაჩნია.

ელიოტის აზრით, მეფე ჰენრი V-ის მიერ ფოლსტაფის გაძევება აუცილებელ სვლაა წესრიგისაკენ, თუნდაც არაჰუმანური იყოს მეფის ნაბიჯი.

ესეიში, „ჰამლეტი და მისი პრობლემა“ იგი წერს, შექსპირთან რამდენიმე ხასიათს ვხვდებით, რომლებიც საკუთარი ცხოვრების გზას პოვებენ პიესის მიღმაცო და მათ შორის ფოლსტაფსაც მოიაზრებს. ესე იგი, ფოლსტაფი სცდება შექსპირის თხზულებას და მთელ ლიტერატურულ სამყაროს მოედება, გავლენას ახდენს და მიმდევრებს გაიჩენს.

საგულისხმოა ფრენკ რეიმონდ ლივისისა და ლაინელ ჩარლზ ნაითსის კამათი ფოლსტაფის ხასიათის გამო.  ნაითსმა გამოაქვეყნა ესეი, სათაურით, „რამდენი შვილი ჰყავდა ლედი მაკბეტს?“, სადაც წერდა შექსპირის შესწავლა ხასიათებზე დაყრდნობით, შეცდომააო. განსაკუთრებით იმას იწუნებდა, რომ ხასიათებს აღიქვამდნენ რეალურ ადამიანებად. ფოლსტაფის ხასიათის ხიბლს იწუნებდა და ჰენრიადის პიესების ზნეობრივ მხარეს  უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევდა.
 ლივისი არ დაეთანხმა ნაითსის მოსაზრებებს, თუნდაც ფოლსტაფის შეფასებისას და, ჰენრი IV-ის ხასიათებისა და დრამატული სივრცის დასაცავად განაცხადა, ფოლსტაფის ხასიათი უმთავრესია, პიესების ემოციური და ზნეობრივი არსის განსაზღვრისასო.
ლივისი ამტკიცებდა, რომ ფოლსტაფი მხოლოდ გაფუყული მასხარა კი არ არის, არამედ სიცოცხლით სავსე, გონიერი შემფასებელია ირგვლივ არსებული ყოფისა, სამეფო კარის ფარისევლობისა და ომისმოყვარეობისა. ფოლსტაფი, ყველაზე მახვილგონიერი კაცია პიესებში და მისი გაძევება, მხოლოდ ზნეობრივი აუცილებლობა კი არაა, არამედ ტრაგიკული დანაკარგიცო. პრინცი ჰალის ზნეობრიობა და მისი შემობრუნება ტავერნიდან ტახტისაკენ, უკრიტიკოდ არ უნდა მივიღოთ, ხოლო ფოლსტაფის გაძევება, რაც პოლიტიკურად აუცილებელია, ღალატის ემოციურ ელფერსაც შეიცავსო.
ნაითსის სტრუქტურალისტური და აბსტრაქტული პოზიციის საპასუხოდ, ლივისი წერდა, რომ შექსპირის დრამატურგიული ფორმა და ხასიათები არ უნდა გაიმიჯნოს მათი ზნეობრივი და ემოციური ზემოქმედებისაგან. ფოლსტაფის გაძევება ცივი პოლიტიკური ქმედებაა, ტკივილიც ახლავს და წინააღმდეგობანიცო.
ნორთროპ ფრაი „ჰენრი IV“-ში ორ მსოფლიოს ხედავს, ისთჩიპის ფუნდუკისა, სადაცაა ფოლსტაფი ანუ მახვილგონიერება, თავაშვებულობა, უკანონობა და – სამეფო კარისა თუ ბრძოლის ველის მსოფლიოს, სადაცაა ჰენრი IV, ჰოტსპერი და ჰალის ბედისწერა.
ფრაი ორ მსოფლიოს უყურებს, როგორც შექსპირის კომიკური ტრადიციის ნაწილს, და  ქეიფ-დროსტარებას  წესრიგთან აპირისპირებს, უკანონობას კი – კანონთან. კომედიას ხომ ძირითადად ასეთი სტრუქტურა აქვს.
ფოლსტაფი კომიკური თავისუფლების მედროშეა და შორსაა პოლიტიკური პასუხისმგებლობის მსოფლიოსაგან. ფრაი მიიჩნევს, რომ ფოლსტაფი საზეიმო დროსტარების სულს განასახიერებს, რასაც მოგვიანებით მიხეილ ბახტინმა კარნავალურობა უწოდა.
ნორთროპ ფრაი პრინც ჰალს  ორსახოვან ხასიათად მიიჩნევს, რომელიც ორივე მსოფლიოში იმყოფება. ისთჩიპის ფუნდუკის „თავისუფლებაც“ მოსწონს და მაგრამ მაინც უბრუნდება სამეფო პასუხისმგებლობას. ამრიგად, ჰალი გარდამავალი ფიგურაა თავაშვებული ჰალიდან,  ჰენრი V-ის ეპიკურ გმირობისაკენ, მაგრამ ფოლსტაფის კომიკური და ადამიანური ენერგია ღრმადაა გამჯდარი მასში.
ფრაის აზრით, ფოლსტაფის გაძევება მეფე ჰენრი V-ის მიერ არა მხოლოდ პიროვნული, არამედ მითური აქტია – კომიკური მამა კვდება და ეპიკური მეფე იბადება.
ფოლსტაფი, ფრაის აზრით, ძველი, გარდასული კომიკური სულის განსახიერებაა. მას აძევებენ იმიტომ, რომ ქეიფისა და დროსტარების ჟამი გარდასულა და ისტორიული ჟამი იწყება.

თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობაც არ ივიწყებს სერ ჯონ ფოლსტაფს.

პროფ. დევიდ ელისი წერს, – იგი [ფოლსტაფი] ჭეშმარიტი ელიზაბეთური მასხარაა. შექსპირთან მრავალგან ვხვდებით სცენებს კომიკური, მასხარული ტიპებისათვის, მაგრამ სერ ჯონ ფოლსტაფი, ამავე დროს, მახვილგონიერი კარისკაციცააო. გავიხსენოთ თუ როგორ აღწერს იგი ქურდბაცაცებს,

  „დიანას მეტყევეები, სიბნელის რაინდები, მთვარის საყვარელი ბიჭები“;

 ისიც გავიხსენოთ, თუ როგორ პასუხობს ჰალს, როცა იგი ტყუილში გამოჭერილს ეკითხება,

რაო ჩემო გაბერილო! რამდენი ხანი იქნება, ჯეკსაკუთარი მუხლისთავები არ გინახავს?“;

– “შენოდენა რომ ვიყავი ვიყავი, ჰალ,  ჩემი წელი არწივის კლანჭის სიმსხოც კი არ ყოფილამამასახლისის ცერის ბეჭედში გავძვრებოდი: დარდი და ოხვრა დასწყევლოს ღმერთმა!  ბუშტივით გაბერავს ხოლმე კაცს

ჰო, მახვილგონიერებაში ფოლსტაფი მართლაც რომ სჯაბნის პრინცს, როცა მწუხარებას, რაც უნდა ათხელებდეს და ახმობდეს ადამიანს, გასუქებასა და გაბერვას აბრალებს; და, იხილეთ, რა მხატვრულ სახეებს ახვავებს, ‘არწივის ბრჭყალი,’, ‘მამასახლისის ცერის ბეჭედი’! ასეთი ფრაზები ფოლსტაფის მახვილ ჭკუასა და დახვეწილ გემოვნებაზე მიგვანიშნებსო, წერს პროფ. დევიდ ელისი.

პროფ. ჯონ ვ. დრეიპერი მიიჩნევს, რომ მე-19 საუკუნის კრიტიკა, როგორც ჩანს, იმდენად იყო დაბრმავებული ფოლსტაფის მახვილგონიერებით, რომ უგულებელყოფდა, ან ცდილობდა აეხსნა მისი აშკარა გადაცდომები და წარმოადგენდა, როგორც იუმორის ერთგვარ ფილოსოფოსს, თავისი ეპოქის მილიტარიზმის დაუნდობელსა და, ამავე დროს, კომიკურ კრიტიკოსს. ფოლსტაფი “miles gloriosus“-ის ტრადიციაში თავსდება, რომაული კომედიიდან ნასესხები თაღლითი, ტრაბახა ჯარისკაცის ტიპში; შექსპირმა ასეთად დახატა და აუდიტორიასაც ასეთი უნდა მიეღოო.

და მორჩა? მეტი დანიშნულება არა აქვს ფოლსტაფს? გაკვრითი პერსონაჟია? გაიელვებს და დავივიწყებთ? – ასე რომ იყოს „ჰნრი IV-ის“ (პირველი და მეორე ნაწილი) და „უინძორელი მხიარული ქალების“ მთავარი ‘გმირი’ არ იქნებოდა.

სერ ჯონ ფოლსტაფს ვერ ვუწოდებთ მხოლოდ დრამატურგიული კონვენციიდან ნასესხებ პერსონაჟს. (Miles Gloriosis)

 იგი ინგლისის არმიის ოფიცერია! ჰო, სცენაზე გამოდის თავის უმაქნის ჯარისკაცებთან და მეძავ დედაკაცებთან  ერთად, ყაჩაღობს, ტრაბახობს, ლოთობს, მრუშობს და ართობს მაყურებელს.  მაგრამ ომისათვის თათბირის დროსაც ვხედავთ მეფესა და სარდლებთან ერთად, ჯარისკაცების შერჩევისასაც, სამხედრო თაღლითობისასაც, ბრძოლისასაც და გამარჯვების მითვისებისასაც. ლოგიკურად, მართლაც ტრაბახა და თაღლითი ჯარისკაცი გამოდის.

მაგრამ მისი მოხერხებულობა და მახვილგონიერება სწორხაზოვანი პერსონაჟის ფარგლებს სცილდება და სრულფასოვანი დინამიკური ‘გმირი’ წარმოგვიდგება სცენაზე. იგი ვითარდება „ჰენრი მეოთხის“ პირველი ნაწილიდან მეორე ნაწილში და განვითარებას თვითონვე აღწერს:

ფოლსტაფი

ვისაც არ უნდა გადაეყარო, ყველას ჩემი დაცინვა გაუხდია საამაყო საქმედ. ამ თიხისაგან სულელურად შეკოწიწებული არსების – ადამიანის – ტვინს იმაზე უფრო სასაცილო ვერაფერი მოუგონია, რაც მე არ მითქვამს, ან რაც რაც ჩემზე არ უთქვამთ. მე ხომ ვარ და ვარ ჭკუამახვილი, მაგრამ სხვებიც რომ ჩემზე ილესავენ ჭკუას! (I. ii. 6-10)

ფოლსტაფის მახვილგონიერება და იუმორი უხვად გადმოსჩქეფს ყოველ პასაჟში, ტყუილად არ უწოდებდა დოქტორი ჯონსონი ‘შეუდარებელსა და მიუწვდომელს, გონიერებისა და ცოდვის ნაზავს; გონიერებისა, რომლითაც იხიბლები, მაგრამ არ მოიწონებ; ცოდვისა, რომელსაც იწუნებ, მაგრამ არ შეიძულებ.’

პროფ. დევიდ ელისი წერს, ფროიდს უთქვამს, მას [ფოლსტაფს] უღირს ღორმუცელად და თაღლითად ვაღიარებთ, მაგრამ ჩვენს მიერ მისი გმობა მთელი რიგი ფაქტორებით გაცამტვერდება, უპირველეს ყოვლისა მახვილგონიერებითა და იუმორის გრძნობითო.

ფრაის მიხედვით, ფოლსტაფი ირონიული გმირია; ბახტინის თეორიით, იგი რაბლესეული, გარგანტუას ტიპი უნდა იყოს, ბუმბერაზული აღნაგობით, მადითა და კარნავალური ცხოვრების წესით.

მაგრამ, ამავე დროს, ფოლსტაფი ტრადიციული გმირის  ნიშნებსაც ატარებს:

1. ბუნდოვანი წარმოშობა აქვს.

2. ბრძოლაში მონაწილეობს, ‘გმირობას ჩაიდენს’.

3.‘წარმატებას აღწევს’.

4.‘განადიდებენ’ და დაეცემა.

და მერე რა, რომ ყოველივე ეს ირონიულ-პაროდიულ კუთხით წარმოგვიდგება.

ირონიულ-პაროდიული კუთხით მიმადლებული აქვს ის, რაც – დრამატული და ტრაგიკული კუთხიდან თუ გავხედავთ – პრინცსა და მეფე ჰენრი მეხუთეს აკლიათ.

ვფიქრობ, ჰალი (არა ისტორიული ქრონიკის გმირი, პრინცი ჰარი, არამედ მისი ცუდი ვარიანტი) და ფოლსტაფი ტრაგიკომიკური გმირის ორი იპოსტასია; ამ ორიდან ერთი მაღლისაკენ და მეორე მდაბალისაკენაა მიმართული.

„ჰენრი IV“-ის გმირი – ნამდვილი, ტრაგიკული გმირი – ჰენრი ჰოტსპერია; ჭეშმარიტი მეომარი, ძლევამოსილი და ჰუბრისით შეპყრობილი, ამაღლებული და დაცემული:

ჰოტსპერი

ზეცასა ვფიცავ, არად მიჩანს მთვარეზე ავხტე

და ავაგლიჯო სათნოება მკრთალი სახიდან;

ანდა ჩავყვინთო ზღვის უფსკრულში, სადაც საზომად

საძირავი ქვაც ვერა სწვდება, და კულულებით

ამოვათრიო ჩაძირული პატიოსნება,

რომელსაც მხოლოდ იმ პირობით დავიხსნი ახლა,

თუ მე დამრჩება და არავინ შემეცილება,

 რადგან არ მიყვარს საზიარო მე არაფერი.

                                                     (მოქ. ს. 3)

Paata Chkheidze – Henry the Fifth: The Historically Inept Hero in Drama (Part I)

The author begins from the thesis that King Henry V is unlike Shakespeare’s other plays, noting:

“Henry the Fifth differs from Shakespeare’s other works. When watching the performance or reading the Henriad tetralogy (Richard II, Henry IV, Part I, Henry IV, Part II, Henry V), Anglophone audiences encounter their past and are stirred by patriotic feelings.

However, in twenty-first-century experimental productions, patriotism has almost vanished. For foreign audiences or readers who do not, and need not, possess a sense of England’s national history, the perception of the play is perhaps even more alien. They become witnesses to England’s conquest of France—and recoil.”

The controversies of this play, the author argues, should be of great interest to contemporary professional readers.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…