მერი მაცაბერიძის სტატია

„იშვიათი მოგონებები მომავალზე“

, , ,

2024 წლის 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, მეხუთედ გაიმართა თანამედროვე თეატრის მხატვრების გამოფენა თბილისის სცენოგრაფიის საერთაშორისო ბიენალე – 2024“.

„თბილისის სცენოგრაფიის საერთაშორისო ბიენალე სცენისა და კოსტიუმების არასაკონკურსო, საერთაშორისო მნიშვნელობის პრესტიჟული გამოფენაა, რომელიც წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას მსოფლიოს თეატრის მხატვრების, რეჟისორების, კურატორების, მსახიობების, ხელოვნებათმცოდნეების შესახვედრად. ეს არის გამორჩეული ადგილი გამოცდილების გაზიარების, ახალი თეატრალური ტენდენციებისა და ტექნიკური საშუალებების გაცნობა-აღმოჩენებისათვის.

თბილისის სცენოგრაფიის ბიენალე პირველი და ერთადერთი საერთაშორისო ფესტივალია კავკასიის რეგიონში, რომელსაც ორგანიზებას უწევს ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი (YTA UNION) – საქართველოს OISTAT ცენტრი. სცენოგრაფიის ბიენალე (თბილისის მერიის ხელშეწყობით) 2016 წლიდან ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იმართება საქართველოს დედაქალაქში, თბილისში.

წელს სცენოგრაფიის ბიენალე-2024 მასპინძლობდა 8 ქვეყნის თეატრისა და კინოს დიზაინერთა გამოფენას; კერძოდ, საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ლიეტუვას, პოლონეთის, ჩინეთისა და ბანგლადეშის სცენოგრაფთა ნამუშევრებს.

ბიენალეს ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე ღონისძიება: ორდღიანი საერთაშორისო სიმპოზიუმი „კულტურა და კრიზისები“, რომელიც გახსნა მრავალი საერთაშორისო ჯილდოს, მათ შორის PQ 2015 საპატიო პრემიის მფლობელმა, გამოჩენილმა ჩინელმა სცენოგრაფმა ლიუ სინლინმა (Liu Xinglin); რუსთაველის ეროვნულ თეატრში თეატრმცოდნე თამარ ბოკუჩავას წიგნის პრეზენტაცია „მითოსი რობერტ სტურუას თეატრში“; თბილისის კამერულ თეატრში ბელორუსი მხატვრის – ლიდა მალაშენკოს პლასტიკური გრიმის მასტერკლასი.

ბიენალეს საექსპოზიციო ნაწილი გაიმართა ქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების MOMA თბილისის მუზეუმში, ხოლო სიმპოზიუმს მასპინძლობდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. აღსანიშნავია, რომ სიმპოზიუმის ორგანიზება განხორციელდა მსოფლიო სცენოგრაფთა, თეატრის ტექნიკოსთა და არქიტექტორთა საერთაშორისო ორგანიზაციის OISTAT – ის ჩართულობით.

ბიენალეზე სცენოგრაფია წარმოდგენილი იყო სხვადასხვა მედიუმის საშუალებით და მოიცავდა სხვადასხვა ჟანრებს: საოპერო, დრამატული, საბავშვო თოჯინური დადგმის, ასევე კინოფილმების ფოტო/ვიდეო მასალას, თეატრალურ მაკეტებს, კოსტიუმებს, ინსტალაციებს, ვირტუალური რეალობის საშუალებით შექმნილი ციფრული ხელოვნების ნიმუშს. ყურადღება დაეთმო ეკოლოგიას და ინოვაციურ მიდგომებს თეატრის დიზაინში, რომელიც ასახავს მიმდინარე გლობალურ ტენდენციებს. საერთაშორისო გამოფენა მოიცავდა პროფესიულ/ნაციონალურსა და სტუდენტურ სექციებს.

საქართველომ პროფესიულ ნაწილში წარმოადგინა VR პროექტი „იშვიათი მოგონებანი მომავალზე“, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი ქართველი სცენოგრაფის – მირიან შველიძის (1947-2022) ხსოვნას. პროექტი წარმოადგენს რუსთაველის ეროვნული თეატრის ვირტუალურ მოდელში რეჟისორ რობერტ სტურუასა და მირიან შველიძის თანამშრომლობით განხორციელებულ დადგმებს შორის ისტორიულ მოგზაურობას. პროექტი 2023 წელს წარმოდგენილი იყო ჩეხეთის დედაქალაქში, პრაღის მე-15 კვადრიენალეზე ქვეყნებისა და რეგიონების გამოფენების სექციაში.

პროფესიული სექციაში სომხეთმა წარმოადგინა 2023 წელს პრაღის კვადრიენალეზე პრემირებული ინსტალაცია – მე ვხედავ, მე ვერ ვხედავ, რომელიც ინსპირირებულია 2020 წლის აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის აღების ფართომასშტაბიანი ოპერაციით. ასევე მეორე სომხური ინსტალაცია – „CONTENT“ეფუძნება აშტარაკის დრამატული თეატრის წარმოდგენას, რომელიც აერთიანებს ცნობილი სომეხი პოეტის, ეღიშე ჩარენცის ლექსს „გიჟმაჟი ბრბო“ და ახალგაზრდა პოეტი-მუსიკოსის, ნარეკ კოსმოსის მუსიკალურ კომპოზიციას; პროექტის კურატორი, ნელი ბარსეღიანი.

ასევე ომის თემას ეხება პროფესიულ სექციაში წარმოდგენილი უკრაინული ინსტალაცია ჩუგაისტერი“. პროექტის ავტორებმა – ლუდმილა ნაგორნამ და ეკატერინა ტიშჩენკომ  შექმნეს არტ ობიექტი საკუთარი გამოცდილების საფუძველზე და ზოგადად გამოცდილებებზე იმ ომისა, რომელსაც ამჟამად რუსეთი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, „სივრცეში ჯვარცმული ჩუგაისტერი (მითოლოგიური გმირი, რომლის სახელი დაარქვეს სამხედრო კამუფლაჟს) არის არა მხოლოდ მსხვერპლშეწირვის, არამედ გაუტეხლობისა და შეუდრეკელობის სიმბოლო“,- ამბობს ლუდმილა ნაგორნა.

ბელორუსიის პავილიონის კონცეფციას პორტალი“ ჰქვია. სწორედ ამ არქიტექტურული პორტალის საშუალებით გვეპატიჟება კურატორი ლიდია მალაშენკო, შევაბიჯოთ თეატრის ფანტასტიკურ სამყაროში, ვიმოგზაუროთ  დროსა და სივრცეში.

ლიეტუვას წარმოადგენს მხატვარი ნერინგა კერშულიტეს სცენოგრაფია ორიგინალურად გადაწყვეტილი თოჯინური სპექტაკლიდან „სამყაროს შესახებ“, რომელიც განხორციელდა საბავშვო თეატრში „ლელე“ (რეჟ. იუსტინა იუკონიტე).

პოლონეთის ეროვნული პავილიონის ექსპოზიცია პროფ. კატარჟინა პოდგორსკა-ღლონტის კურატორობით სხვადასხვა თაობის ექვსმა სცენოგრაფმა ქალმა შექმნა. თითოეული მათგანი სივრცით ხელოვნებაზე საკუთარ განსხვავებულ ხედვას გვთავაზობს: დრამის კოსტიუმებს, საოპერო დადგმების, მხატვრული ფილმების ფოტომასალებს, მაკეტებსა და ინსტალაციებს, რომელიც თავისთავად მხატვრულ ობიექტებს წარმოადგენს და შეესაბამება „კულტურისა და კრიზისის“ თემას.

ბანგლადეშის პავილიონის კურატორმა – შაიფულ ისლამმა სამი სცენოგრაფის ურბანული თეატრის ინსტალაციებისა და პერფორმანსების ფოტო ნამუშევრებით წარმოადგინა.

ეფექტურია ჩინეთის პროფესიული და სტუდენტური პავილიონების ციფრული – სარკეებიანი ინსტალაცია – „რეალ’იზმი“; წარმოდგენილია 33 პროფესიონალი მხატვრისა და ოთხი უმაღლესი სასწავლებლის – ცენტრალური დრამატული აკადემიის, ჩინეთის ეროვნული თეატრალური ხელოვნების აკადემიის, შანხაის თეატრალური აკადემიის, ჩინეთის კომუნიკაციების უნივერსიტეტის სტუდენტების ერთობლივი კომპოზიციით. კურატორი – ტან ძინი.

ექსპოზიცია 50 მ² ფართზეა განთავსებული. ძირს დაფენილი დამსხვრეული სარკის   ანარეკლების თამაში ჭერსა და კედლებზე ერთგვარ მისტიკურ, უზარმაზარ, დინამიკურ, მთლიან სივრცეს ქმნის. იატაკზე დამონტაჟებული 8 მონიტორში სპეციალურად შექმნილი ვიდეოკლიპები ჩინური სცენოგრაფიის საუკეთესო ნამუშევრებს გვაცნობს.  

სტუდენტურ სექციაში გარდა ჩინეთისა, საქართველოსა და პოლონეთის სტუდენტები იღებენ მონაწილეობას. საქართველოს სტუდენტური გამოფენა „კულტურა და კრიზისები“ აერთიანებს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტების: ნისა სამადბეგიშვილის, ნინი კერატიშვილის, თათია ჭიღლაძის,  ბუქარესტის თეატრისა და კინოს ეროვნული უნივერსიტეტის ქართველი კურსდამთავრებულის, სცენოგრაფ თინათინ გობეჯიშვილის ნამუშევრებს.

სტუდენტურ სექციაში პოლონეთი წარმოადგენს კარნეგი მელონ უნივერსიტეტის დრამის სკოლის კურსდამთავრებულ პოლონელ ხელოვანს, ასევე მაგდალენა აბაკანოვიჩის  სახელობის პოზნანის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებს.

თბილისის სცენოგრაფიის ბიენალეს წლევანდელმა სამაგალითო გამოშვებამ დიდი მოწონება დაიმსახურა ფართო მაყურებელში.   ვიმედოვნებთ, რომ შთაგონება და კრეატიულობა, რომელიც ბიენალეს ფარგლებში ნახა პროფესიულმა საზოგადოებამ, ხელს შეუწყობს არა მარტო სცენოგრაფიის, არამედ, ზოგადად, ვიზუალური ხელოვნების შემდგომ განვითარებას.

„იშვიათი მოგონებები მომავალზე“ კი კვლავაც გაგრძელდება…

Merry Matsaberidze – “Rare memories of the future”

The article reviews the “Fifth Tbilisi International Biennale of Scenography”, which is a non-competitive, prestigious exhibition of stage and costume design of international importance; it represents a unique platform for the world’s theater artists, directors, curators, actors, and art historians to meet. It is a unique place for sharing experiences, learning about and discovering new theatrical trends and technical means.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…