მერი მაცაბერიძის რეცენზია

ირაკლი გამრეკელის საიუბილეოდ

, , ,

ახლახან გამოვიდა სახელოვანი მხატვრისა და სცენოგრაფის – ირაკლი გამრეკელის დაბადებიდან 130 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი, ორ წიგნად გამოცემული წიგნი -ალბომი და კრებული; წიგნები გამოსაცემად მოამზადა ა(ა)იპ არტ ფუთიმ, საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური ხელშეწყობით, და დაიბეჭდა გამომცემლობა  „სეზანში“ (თბილისი, 2024).

აღსანიშნავია, რომ ამ ორი წიგნის პროექტის კონცეფციის, ალბომის ტექსტის, კრებულის შესავლის ავტორი და შემდგენელი ირაკლი გამრეკელის შემოქმედების მკვლევარი – ხათუნა კიკვაძეა.

 ირაკლი გამრეკელის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი ალბომისა და კრებულის პრეზენტაცია რუსთაველის ეროვნულ თეატრში (14-11-2024) გაიმართა, წიგნები გადაეცა იქ დამსწრე საზოგადოებას, რაც უდავოდ ძვირფასი საჩუქარია არა მხოლოდ სტუდენტი ახალგაზრდობისა და თეატრის მხატვრობით დაინტერესებული მკითხველისათვის, არამედ სამაგიდო წიგნია ქართულ სცენოგრაფიაზე მომუშავე ყველა მკვლევრისათვის.

იშვიათია, ალბომისა და მასთან ერთად კრებულის ყველა ძირითადი საკითხის მომცველი ნაშრომი, რომელიც ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევისათვის აუცილებელი კომპლექსური მიდგომის ჩინებული ნიმუშია. ავტორი სახარბიელო სრულყოფილებით იყენებს საარქივო მასალების კვლევის, ბიბლიოგრაფიული, ბიოგრაფიული, კომპარატიული და ხელოვნებათმცოდნეობითი ანალიზის მეთოდებს.

 წიგნი-ალბომი მოიცავს ირაკლი გამრეკელის მთლიან შემოქმედებას, ადრეული ეტაპის დაზგური მხატვრობიდან თეატრალური მხატვრობის და წიგნის გრაფიკის ჩათვლით. შესავალ სტატიაში ილუსტრაციის სახით მოცემულია ფოტოები ძველი სტატიებიდან. ალბომში შესულია ფოტო მასალა: მხატვრის ცხოვრების ამსახველი ფოტოები, დოკუმენტები, განხორციელებული სპექტაკლების, პროგრამების, აფიშების, წერილების და პრესაში გამოქვეყნებული სტატიების ფოტო ასლების ჩათვლით. ილუსტრაციები მიუყვება ტექსტის თხრობას და ავსებს მას თვალსაჩინო მასალით. ალბომში შესულია სამუზეუმო და კერძო კოლექციებში არსებული ირაკლი გამრეკელის ნამუშევრების ილუსტრაციები. წიგნი დაყოფილია შვიდ თავად: მხატვარი ირაკლი გამრეკელი; წიგნის დასურათება; გრაფიკა, ფერწერა. სცენოგრაფია 1922-1935; სცენოგრაფია 1936-1943; ოპერა და ბალეტი.

პირველი თავის შესავალ ტექსტში მოთხრობილია მხატვრის ბიოგრაფია, მისი პირველი დაზგური და გრაფიკული ნამუშევრები, ადრეული პერიოდის მხატვრობა, გამოფენებში მონაწილეობა. მასში აღწერილია მხატვრის შემოქმედების საწყისი პერიოდი – რეალისტური მხატვრობიდან ავანგარდით დაინტერესების ჩათვლით. მხატვრის მიერ შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები ექსპრესიონიზმის და კობო-ფუტურიზმის სტილში. შემდეგ ნაწილებში მოთხრობილია ირაკლი გამრეკელის სცენოგრაფიის შესახებ, რომელიც გაყოფილია ორ ნაწილად 1922-1935 წლები და მოიცავს ქართული პროფესიული თეატრისა და სცენოგრაფიის ჩამოყალიბების საწყის ეტაპს, ასევე, ქართული თეატრალური კონსტრუქტივიზმის ბრწყინვალე პერიოდს.          მომდევნო თავი ეძღვნება ირაკლი გამრეკელის შემოქმედებას 1936 წლიდან მხატვრის გარდაცვალების 1943 წლამდე. ბოლო თავი მიეძღვნა ირაკლი გამრეკელის საბალეტო და საოპერო მხატვრობას, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქართული კლასიკური მუსიკის და ქორეოგრაფიის განვითარებისთვის, სადაც სცენოგრაფიას დიდი ადგილი უკავია. წიგნი-ალბომი მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა დაბეჭდილი (336 გვერდი). კრებულში კი სრულყოფილად შესულია სხვადასხვა წლებში მხატვრის თანამედროვეთა და ირაკლი გამრეკელის შემოქმედების მკვლევართა სტატიები, ნაშრომები, ქრონოლოგიურად დალაგებული ნამუშევართა კატალოგი. ავტორი წერს, რომ კრებულის გამოცემის მთავარი მიზანი იყო, ხელოვნებათმცოდნეებისთვის, თეატრმცოდნეებისთვის, სახელოვნებო სასწავლებლის სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო მხატვრის შემოქმედების შესახებ არსებული ბიბლიოგრაფია, განსაკუთრებით კი, მხატვრის თანამედროვეთა შეფასებები. „კრებული – ირაკლი გამრეკელი“ მოიცავს მხატვრის შესახებ პუბლიკაციის ტექსტებს 1923 წლიდან 2013 წლის ჩათვლით (გვერდების რაოდენობა – 276). ირაკლი გამრეკელის მემკვიდრეობის გაცნობით მკითხველი ბევრ საინტერესო, მისთვის უცხო მასალას ამოიკითხავს. ასეთი მიდგომა ამდიდრებს და ამრავალფეროვნებს, ქართული თეატრალური მემკვიდრეობის ისტორიას.       

უნდა აღინიშნოს, ისიც, რომ წიგნის გამოსვლას წინ უსწრებდა პროექტის ფარგლებში „არტ ფუთის“ ირაკლი გამრეკელის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საიუბილეო, ერთთვიანი ვრცელი რეტროსპექტიული გამოფენა (14.03.2024), რომელიც საქართველოს ეროვნულ გალერეაში გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხელოვანის დაზგური მხატვრობა, წიგნის ილუსტრაცია და სცენოგრაფია 1916 წლიდან 1943 წლამდე.            

Meri MatsaberidzeOn the Anniversary of Irakli Gamrekeli

The reviewer responds to the publication of a book, album and collection dedicated to the 130th anniversary of the birth of the great Georgian scenographer – Irakli Gamrekeli.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…