მისიონერობიდან წმინდანობამდე
გოჩა კაპანაძის „ექვთიმე“ თბილისში ოზურგეთის თეატრის გასტროლზე ვნახე. რუსთაველის თეატრის მაყურებლებით გაჭედილ დიდ დარბაზში სპექტაკლი სრული ანშლაგით ჩატარდა.
ამთავითვე ვიტყვი, რომ „ექვთიმე“ ლამაზი სპექტაკლია, მართლაც კარგი ვიზუალით და სცენური ესთეტიზმის აქცენტით, ემოციური პასაჟებით. ამ სცენოგრაფიისთვის მხატვარ ლომგულ მურუსიძეს ალალი კომპლიმენტი! თუნდაც, მხოლოდ ხახულის კარედის ფინალური თაღი (როგორც ქართული საგანძურის ეფექტური რეპლიკა) რად ღირს!
ეთნოგრაფიულ-ევროპული ტიპაჟები და გემოვნებიანი კოსტიუმებიც თვალს სიამოვნებს.
სიამოვნებს ყურსაც – მუსიკალურ მენიუს ვგულისხმობ. აუდიო-მენიუს, რომელიც ფრაგმენტულად თავს უყრის ცხენთა ფლოქვების თქარათქურით ნაზავ ვერდის „რეკვიემს“, ჩაიკოვსკის, შოსტაკოვიჩის ოპუსებს, ივ მონტანისა და ედიტ პიაფის შანსონურ ჰიტებს, ჩვენი პატრიარქის საგალობელს („დავიღალე“) და სხვ.
მოკლედ, „თვალ-ყურის“ ფორმატი, რომ იტყვიან, აჟურშია. ის კი არადა, გარკვეული დეტალებით როგორც საკუთრივ გოჩა კაპანაძის, ისე ზოგადად ქართული სცენის საეტაპო სპექტაკლთა ცალკეული მომენტებიც კი გამახსენდა, რაც სრულიად ჯანმრთელი ასოციაციები იყო.
მთელი რიგი სცენები შთამბეჭდავად, მასშტაბურად და ადეკვატურად ილუსტრირებს მოვლენათა მსვლელობას. თუნდაც, ღია ქოლგებით ნაცეკვი ვალსის განშლა და ნინა პოლტორაცკაიას გასვლა მიღმურ სამყაროში; სააღდგომო სატრაპეზო მაგიდის ფუნქციონალური წრებრუნვა (ასოციაციური პარალელი თემურ ჩხეიძის „გუშინდელნთან“); ლიქოკელის სიკვდილი (რამაც გოჩა კაპანაძის ადრინდელი „ჯაყო“ გამახსენა).
ამავე კონტექსტშია იმ დროის პარიზის, როგორც გეოგრაფიულ-კულტურული ლოკაციის სულისკვეთებაც: სქროლის ქროლით, ივ მონტან-ედიტ პიაფის შლიაგერ-შანსონით, ეთერ ფაღავას (ნოე ჟორდანიას შვილიშვილის) საბალეტო ტრენაჟით.
ეს უკანასკნელი სწორი რეჟისორული სვლა და მართლაც ორგანული მიგნებაა იმ თვალსაზრისით, რომ მაშინდელი პარიზის ნამდვილი ბუმი ჯეროვან პატივს მიაგებდა საბალეტო ბრენდების მაღალ მოდას.
სანამ კონკრეტულად ამ მოდაზე გავვრცელდები, ცნობისათვის ჯერ სხვას ვიტყვი: მიუხედავად იმისა, რომ, პრინციპში, ბალეტის საწყისები იტალიაში ჩაისახა აღორძინების ეპოქაში, საბოლოოდ ფეხი მაინც პარიზში – ლუი XIV-ს ძალისხმევით მოიკიდა. ხოლო ჟანრის ფუძემდებლად, თეორეტიკოსად, პედაგოგად და რეფორმატორად მაინც ჟან-ჟორჟ ნოვერი (1727 – 1810) გვევლინება. სწორედ მან აქცია ბალეტი დამოუკიდებელ ჟანრად. ნოვერი ითვლება თანამედროვე ბალეტის მამად. მეტიც, – მას უწოდებენ „ეტუალს“ (etoile – ვარსკვლავი. ამ ტიტულს საკუთრივ საფრანგეთის გარდა ანიჭებდნენ რევოლუციამდელ რუსულ ბალეტში როგორც პრიმა ბალერინებს, ისე ბალერონებს). ნოვერს „ცეკვის შექსპირსაც“ კი უწოდებენ. მან უკუაგდო მანამდე სამეფო კარზე დამკვიდრებული პარიკებით ცეკვა. მანვე შეიტანა ბალეტში პანტომიმა. ნოვერი ავტორია, აგრეთვე, ქრესტომათიული თეორიული ნაშრომის ანუ წიგნის – „წერილები ცეკვაზე“. ნოვერის დაბადების დღე – 29 აპრილი კი ჩვენს დროში ცეკვის საერთაშორისო დღედ არის დადგენილი.
რაც შეეხება ჩემს პასაჟს, რომ ჩვენი ემიგრანტების დროინდელი პარიზი ჯეროვან პატივს მიაგებდა საბალეტო ბრენდების მაღალ მოდას; იმ მაღალ მოდას ვგულისხმობ, ეფექტურად რომ დემონსტრირებდა ტერფსიქორას – ცეკვის მითოლოგიური მუზის პრესტიჟულ მრევლს:
დიაგილევის „რუსულ სეზონებს“, სტრავინსკის ოპუსებს („ფასკუნჯი“, „კურთხეული გაზაფხული“, „კუზიანი კვიცი“, „პეტრუშკა“), ვაცლავ ნიჟინსკის, მიხაილ ფოკინის, მორის ბეჟარის, სერჟ (ანუ სერგეი მიხაილოვიჩ) ლიფარის, ტამარა კარსავინას, ანა პავლოვას, „შავ მარგალიტად“ წოდებული ტამარა ტუმანოვას (იგივე ხასიდოვიჩის), ამერიკამდელი ჯორჯ ბალანჩინის, ცოლ-ქმარ როლან პეტისა და ზიზი ჟერმენის, აგრეთვე, სხვათა მქუხარე არტს – ანტრეპრიზებსა და სოლოს.
სპექტაკლში ერთგან შოპენმაც კი გაიჟღერა. და ესეც ზუსტი ფონია იმ თვალსაზრისით, რომ ლევილის ქართველთა დარად, პარიზში ჟორჟ სანდთან შეკედლებული შოპენიც ემიგრანტი იყო: მთელი ცხოვრება სამშობლოს ნოსტალგია ტანჯავდა და 39 წლის ასაკში გარდაცვლილმა ანდერძი დატოვა – ჩემი გული პოლონეთში დაკრძალეთო! მისი ის ანდერძი სრულად აღასრულეს.
უდავოდ ეფექტურად მოქნილი სტრუქტურული სვლაა მბრუნავი სცენით ოპერირება, რაც არამარტო ტექნიკური ლავირებაა, არამედ სპექტაკლისეული კონცეპტიც არის. სწორედ რომ კონცეპტია, რადგან წარმოდგენის მხოლოდ დინამიკურ პლასტიკას არ განაპირობებს. ეს ისტორიული ბედის ბორბლის და მოვლენათა კარუსელის ტრიალიც არის. კოლიზიურად უგამოსავლო, მოჯადოებული წრებრუნვაც!
ტემპო-რიტმის შესანარჩუნებლად, ქრონომეტრაჟის შემცირებით სპექტაკლის კონცეპტი, ვფიქრობ, კიდევ უფრო მოიგებს.
სპექტაკლის საჟანრო მნიშვნელი აფიშაზე განსაზღვრულია როგორც მხატვრულ-დოკუმენტური ფანტასმაგორია და აქვე საგანგებოდ უნდა ვთქვა ამის თაობაზეც:
„მხატვრულ-დოკუმენტური“ ფაქტორი ამ შემთხვევაში თავისთავადი მოცემულობაა. და ამ მოცემულობით სპექტაკლის დაკვალიფიცირება (ანუ ამ საჟანრო მსაზღვრელის აფიშაზე ფიქსირება) პროფესიულად საჩოთირო და ნაივურია, ინფანტილურიც კი. ის, რომ ამბავი თეატრალური წარმოდგენის ფორმატშია მოქცეული, უკვე თავისთავად შემდგარი მხატვრული ფაქტია და პედალირებას აღარ საჭიროებს.
გარდა ამისა, რაკი საქმე ესოდენ მწვავე ისტორიულ მასალასთან გვაქვს და არა ბელეტრისტიკასთან, ცხადია, დოკუმენტურობაც ავტომატურად იგულისხმება და არც ეს საჭიროებს სპეციალურ აღნიშვნას. მით უმეტეს, რომ ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც მისთვის ცნობილ, მაგრამ სპექტაკლში არ ასახულ მაინცდამაინც იმ ერთ კონკრეტულ დოკუმენტს მოისაკლისებს, გული დაწყდება, გაგულისდება და გაწყრება.
რაც შეეხება „ფანტასმაგორიას“:
ფანტასმაგორიის, როგორც ასეთის, კონტექსტში, პრინციპში, მხოლოდ ცდუნების კოშმარული ხილვის სცენა ჯდება (სცენა, რომელიც სპექტაკლში მხატვრული გამონაგონია ანუ შეთხზული). გასაგებია, რომ მაცხოვრის ცდუნების სახარებისეულ პასაჟზე მინიშნება და აპელირება ემოციურად შთამბეჭდავია და ესოდენი პარალელი გმირის იმიჯს კიდევ უფრო
მეტ სიმაღლეს სძენს. მაგრამ ექვთიმე, როგორც თავგანწირული მეოხი და მაშვრალი, ოფიციალურად და რეალურად ისედაც მაინც უკვე წმინდანად განმაღლებულია და ამ ერთი სცენის გამო მთელი სპექტაკლის ფანტასმაგორიად დაკვალიფიცირება წარმოდგენისთვის ფასის დაგდება უფროა.
თუ მაინც და მაინც საჟანრო მნიშვნელით განვსჯით, სუფთა ჟანრი, როგორც ასეთი, თანამედროვეობამ დიდი ხანია გადაიაზრა და დღის წესრიგიდან მოხსნა.
და მაინც, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ გოჩა კაპანაძის „ექვთიმე“ პოლიტიკური ბაიოპიკია – როგორც ზოგადად ქვეყნის, ისე კონკრეტულად მთავარი გმირის პოლიტიკური ბედით განპირობებული ბაიოპიკი. მით უმეტეს, რომ პოლიტიკური ბაიოპიკი კიდევ უფრო მაღალი რეგისტრია, ვიდრე მხატვრულ-დოკუმენტური ფანტასმაგორია. და სპექტაკლის რეჟისორი ამ ფორმატს აშკარად მოერია!
მართლაც, იშვიათია ქვეყნისა და პიროვნების ბედის თუ ბიოგრაფიის ესოდენ ორგანული და სენსიტიური მთლიანობა. ზოგადად კი ბაიოპიკი არ არის გმირის ცხოვრებაში მომხდარი ბიოგრაფიულ-ქრონიკალური ფაქტებისა და მოვლენების მხოლოდ ასახვა. ბაიოპიკი იმ მოვლენათა შედეგებზე კონკრეტული პერსონის ზეგავლენაა, ზე-გა-ვლე-ნა!!!
ექვთიმე თაყაიშვილი კი სწორედაც იმ კონკრეტულ ანუ ემიგრანტულ ცხოვრებისეულ მოვლენებსა და ფაქტებზე გავლენის მიზნით დაშვრა: იმისთვის ეწამა, რომ ის საქვეყნო საგანძური როგორმე დაეცვა და მომავალი თაობებისთვის შეენარჩუნებინა!!! ეს მისი ეროვნული, პატრიოტული, ისტორიული, ღვთიური და ადამიანური მისია იყო. მისია, რისთვისაც ბოლომდე პირნათლად გადადო თავი.
იმასაც ვიტყვი, რომ პროფესიული ტაქტით არის მოწოდებული მოვლენათა და ადამიანთა მიმართ ინტელექტუალურ-ემოციური მიმართებაც და დამოკიდებულებაც.
ვფიქრობ, სამსახიობო ოსტატობის მხრივ კიდევ წასამუშავებელია – დონე მეტად ამოსაქაჩი. პრონონსი და მეტყველებაც მისახედია. ასევე – გამოთქმებიც. რიგი ფრაზები დარბაზში არ ისმის.
ცხადია, ვითვალისწინებ რუსთაველის თეატრში გამოსვლის გამო ოზურგეთელთა დასის პასუხისმგებლობასა და ღელვას. ვითვალისწინებ, აგრეთვე, იმასაც, რომ საკუთარ სტაციონარულ სივრცეში დადგმული ორიგინალიდან სხვა სცენაზე მორგების ადაპტაციამ გარკვეული რამ შეიწირა და „გზაში დაკარგა“. მაგრამ საიმიჯო სპექტაკლის სამომავლო საგასტროლო პერსპექტივაში, ვფიქრობ, არ იქნებოდა ურიგო აღნიშნულის გათვალისწინება.
საერთოდ, ექვთიმე თაყაიშვილის ფაქტორი პირადად ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. მამაჩემმა მოასწრო მისი სტუდენტობა და მას მერე მამას ექვთიმეს თემის კვლევა-ძიება არ შეუწყვიტავს.
სხვა დანარჩენთან ერთად მის კვალსაც დასდევდა და მასთან დაკავშირებულ ფაქტებს რუდუნებით აგროვებდა.
ჰო, კიდევ აუცილებლად უნდა ვთქვა სპექტაკლის ერთ პერსონაჟზე – მინისტრ რუხაძეზე.
თავის დროზე უშიშროების მაღალჩინოსანი – რეალური ვარლამ რუხაძე კონცერტმაისტერ ტატიანა დუნენკოს ქმარი იყო. რუხაძემ დახვრიტა თეატრალური ინსტიტუტის რექტორ ეთერ გუგუშვილის მამა. ეთერ ნიკალაევნამ კი რუხაძის ქალიშვილი ჩვენი სტუდენტობის დროს რექტორატში მიიღო სამუშაოდ. თუმცა, ის მალევე – ჩვენივე სტუდენტობის პერიოდში გარდაიცვალა (ცოდვის გენეტიკა?!).
ეს ბოლო ამბავი მთლიანობაში ერთგვარ მისტიკასაც კი ჰგავს: პოლიტიკურ-მორალურ-ბედისწერის ფაქტორთა პარადოქსული ნაზავით ჟრუანტელამდე შემზარავ მისტიკას!!!
მართლაც რომ C’est la vie ანუ ასეთია ცხოვრება!!!
რაც შეეხება წარმოდგენის შემეცნებით, საგანმანათლებლო, კულტურულსა და ისტორიულ მნიშვნელობას, ამ მხრივ აღარ გავვრცელდები. არა, რადგან ამ თვალსაზრისით სპექტაკლი ნამდვილად არ ტოვებს უკმარისობის განცდას.
Section – First row
Marina Buzukashvili – Eqvtime (from missionary to saint)
The review is about director Gocha Kapanadze’s play – “Ekvtime”; The author saw the performance of the Ozurgeti Theater on tour at the Rustaveli Theater.
The review focuses on the scenic aesthetics and emotional passages of the play.
It is noted that “several scenes impressively, extensively, and adequately illustrate the course of events”.