მაკა ვასაძე - რეცენზია

უსიყვარულო სამყაროში

, , ,

ირლანდიური წარმოშობის ბრიტანელი დრამატურგი – მარტინ მაკდონა, სარა კეინთან და პატრიკ მარბერთან ერთად, 90-ან წლებში დაბადებული თეატრალური მოძრაობის – „In-yar-face“ (პირში მოხლილი) ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. ალექს სიერჟის მოსაზრებით (ტერმინის „In-yar-face“ შემომტანი), მსგავსი დრამები  აუდიტორიას საყელოში სწვდება და იმდენხანს აჯანჯღარებს, სანამ მასთან არ მივა გზავნილი – აზრი, მნიშვნელობა იმისა, რაც მის გარშემო ხდება. თავად დრამატურგი კი ამბობს: „მინდა, დავწერო პიესები, რომლებიც ცოტათი შეაძრწუნებს ხალხს“.

მაკდონას პირველი პიესა – „ლინეინის სილამაზის დედოფალი“ 1996 წელს რვა დღეში დაიწერა. „თანამედროვე თეატრის სასწაული“ – ასე უწოდეს მას  ჟურნალისტებმა, თეატრის კრიტიკოსებმა და ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ჯილდო – ლოურენს ოლივიეს პრემია მიანიჭეს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მაკდონას პიესებმა მთელი მსოფლიო დაიპყრო. მის დრამებში კომედია და ტრაგედია იმდენად ოსტატურადაა გადაჯაჭვული, რომ სიცილისა და თანაგრძნობის ცრემლები  ემოციურად ერწყმის ერთმანეთს. მისი თითოეული პიესა აერთიანებს მძაფრ ინტრიგას, მოულოდნელ სიუჟეტურ განვითარებას, მახვილგონივრულ დიალოგებს, „შავი იუმორსა“ და ღრმა ფსიქოლოგიზმს.

მაკდონას პიესები წარმატებით იდგმება მსოფლიო სათეატრო სივრცეებში; მათ შორის – საქართველოშიც. ახალგაზრდა რეჟისორმა – დავით თარბამ ქალაქის თეატრის სცენაზე მაკდონას „ლინეინის სილამაზის დედოფლის“ საინტერესო ინტერპრეტაცია განახორციელა. ეს არის სამსახიობო ანსამბლზე აგებული წარმოდგენა, სადაც ყველაფერი (რეჟისურა, მხატვრობა, განათება, მუსიკალური გაფორმება) მსახიობთა მიერ პერსონაჟთა ხასიათების გამოძერწვასა და წარმოჩენას ემსახურება. მაკდონას ტექსტის თარგმანსა და სცენურ ვერსიაზე ქეთევან სამხარაძემ და ანა გოგიშვილმა იმუშავეს. რეჟისორმა დრამატურგიული მასალა თითქმის უცვლელად გადაიტანა სცენაზე.

აჩიკო შამახიას დეკორაცია „დაქცეული“ ბინის ასოციაციას იწვევს. სამზარეულო-სასადილოს გაჭვარტლული კედლები, სიძველისაგან მონჯღრეული მაგიდა, სკამები, სავარძელი, რადიო, ტელევიზორი, სამზარეულოს ნიჟარა და თაროები. ოთახს, სადაც ადამიანური დრამა გათამაშდება, ზემოდან შავი ჭერი დაჰყურებს და აღიქმება შავი ყორნის ფრთებად, ანდა, ღამურების საბუდებელ ადგილად. მოკლედ, გარემო, რომელშიც მოვლენები ვითარდება, მაყურებელზე დამთრგუნველ შთაბეჭდილებას ახდენს და ამძაფრებს ამბის დრამატულობას.

დავით თარბას სპექტაკლი, ისევე როგორც მაკდონას პიესა, გაუკუღმართებულ ადამიანურ ურთიერთობებზეა; საზოგადოებაზე, რომელშიაც ადამიანები გაუცხოვდნენ, აღარ ესმით ერთმანეთის; უფრო მეტიც, უახლოეს ადამიანებს შორის (დედა-შვილი), სიყვარულისა და პატივისცემის ნაცვლად, ზიზღმა დაისადგურა და გამუდმებით იმას ცდილობენ, ერთმანეთს ცხოვრება  ჯოჯოხეთად უქციონ.

ქეთი ცხაკაიას მეგ ფოლანს რეჟისორმა და მსახიობმა ორმაგი დატვირთვა მიანიჭეს – ე. წ. „შავი იუმორი“ პერსონაჟის გარეგნობაშიც ასახეს; უტრირებული სიმსუქნე, სპეციალურად შექმნილი კოსტიუმით (კოსტიუმები: გვანცა ჯავახიშვილი, სანდრო მარგველაშვილი), იმ ავადმყოფი და უსუსური ადამიანის იმიჯს უქმნის ქალს, რომელსაც მარტო დარჩენის ეშინია. ამავდროულად, ის ვამპირია, რომელმაც შვილს სიცოცხლე გაუმწარა, საკუთარ მონად აქცია. მსახიობის პლასტიკა, ჟესტიკულაცია, მიმიკა, მეტყველების მანერა, ხმის ტემბრი მოვლენათა განვითარების მიხედვით იცვლება. ქეთი ცხაკაია ოსტატურად, ფსიქოლოგიური ნიუანსებით ძერწავს პერსონაჟს. ხან მიამიტი, ბუნჩულა, უსუსური არსებაა, ხან – კეკლუცი ქალი, რომელიც საკუთარი შვილის კავალერს ეკეკლუცება, ხან კი გაიძვერა, ყველაფერზე წამსვლელი მოხუცი, ოღონდ კი მის კომფორტს არაფერი დაემუქროს. დროზე მირთმეული სუპი, ფაფა, ჩაი, საყვარელი სერიალების ყურება, რადიოთი ძველი სიმღერების მოსმენა  მეგის ცხოვრების არსს წარმოადგენს. სულ არ ედარდება, რომ ორმოც წელს მიღწეულ მის ქალიშვილს მხოლოდ ორჯერ აქვს კაცისთვის ნაკოცნი, საკუთარი ცხოვრება არ გააჩნია, მომავალშიც არაფერი სასიკეთო არ ელის. მეგისთვის მორინი საშუალებაა ცხოველური ინსტინქტების დასაკმაყოფილებლად. მიუხედავად ამისა, ქალიშვილს გამუდმებით ეკამათება, საკუთარი ფეკალიების სამზარეულოს ნიჟარაში ჩაცლასაც არ იშლის და ნერვებს უშლის  მორინს. მშვენივრად ესმის, რომ შვილის წასვლის შემთხვევაში  მოხუცთა თავშესაფარში გამოკეტვა ელის; იქ კი მის საყვარელ ცხიმში ჩაწყობილ თევზს, რომელსაც მორინი ასე გემრიელად ამზადებს, არავინ მიართმევს.

სწორედ ამიტომაც ქალიშვილის ცხოვრებაში ერთადერთ ნათელ მოვლენის – პატო დულის გამოჩენას სასტიკად ეწინააღმდეგება; კაცის გამოგზავნილ წერილებს ანადგურებს, ცეცხლს უკიდებს, რომ მორინმა არ ნახოს; ყველაფერზე მიდის; მორინის ფსიქიკური აშლილობის საბუთსაც კი აჩვენებს კაცს. განა მან არ გამოიყვანა შვილი საგიჟეთიდან? მეგი თვლის, რომ მორინი მისი მადლიერი უნდა იყოს და ვალდებულია, მთელი ცხოვრება ემსახუროს.  ქეთი ცხაკაიას პერსონაჟისადმი ორმაგი გრძნობა გიჩნდება; თან გეცოდება ცხოველად ქცეული არსება და თან ბრაზდები მეორე ადამიანისადმი, უფრო მეტიც, შვილისადმი უზურპატორული მოპყრობის გამო.

ანი იმნაძის მორინ ფოლანი ტრაგიკული ბედის ქალია. მას თითქოს ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ სრულყოფილად ეცხოვრა: გარეგნობა, ჭკუა, გამჭრიახობა, შრომისუნარიანობა. სამწუხაროდ, ყველაფერი პირიქით მოხდა: ლონდონში მუშაობისას ირლანდიელობის გამო იმდენად ამცირებდნენ,  რომ მისმა ფსიქიკამ ვერ გაუძლო და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. საკმაოდ ლამაზმა და მიმზიდველმა ქალმა ორმოც წელს ისე მიაღწია, რომ არასდროს ჰქონია მამაკაცთან სერიოზული ურთიერთობა. სამყაროსგან მოწყვეტილი ქალის ცხოვრება და საქმიანობა მოხუცი, უზურპატორი დედის მოვლით შემოიფარგლება. ანი იმნაძე სამსახიობო ოსტატობით, პროფესიონალიზმით ძერწავს კომპლექსებით აღსავსე პერსონაჟის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. მსახიობი ახერხებს თავისი გმირის შინაგანი ემოციური მუხტი მინიმალისტური ხერხებით გამოხატოს. უკიდურესად აღელვებულიც კი გარეგნულად საკმაოდ თავშეკავებულია. პლასტიკით, მიმიკით, ხმის ტემბრით, მეტყველების მანერით პერსონაჟის შინაგან მდგომარეობას ოსტატურად გადმოსცემს. დედაზე გაბრაზებული ხან ნერვიულად ხეხავს შარდის სუნით აყროლებულ სამზარეულოს ნიჟარას, ხან მაგიდას წმენდს, ხან თაროებს ალაგებს და ხანაც ფაფას უმზადებს მეგის. მის უღიმღამო ცხოვრებაში უეცრად გამოჩენილი პატო დული ის ნათელი წერტილია, რომელსაც უნდა ჩაეჭიდოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ცხოვრება ულმობელია. შემთხვევითობა (სახლში არ ყოფნა იმ დროს, როდესაც რეი წერილს მოიტანს პატოსგან) და უზურპატორი, ეგოისტი დედა მის შესაძლო ბედნიერებას ჩაშლიან. რეჟისორსა და მსახიობს ნელ-ნელა მივყავართ ტრაგიკულ ფინალამდე; წერილის შესახებ სიმართლის გაგების შემდეგ მორინი ცხელ ზეთს გადაასხამს მეგის და სადგურზე გარბის პატოსთან შესახვედრად; მეგი კვდება. მორინს ფსიქიკა ეშლება, ჰგონია რომ პატოს შეხვდა; არადა, კაცი ამერიკელ გოგონაზე დაინიშნა; მორინი მეგის სავარძელში ჯდება და სერიალის ყურებას იწყებს. ალბათ, ისიც მეგის უაზრო, ცხოველურ ინსტინქტებამდე დაყვანილ ცხოვრებას გააგრძელებს.

ირაკლი ჩხიკვაძის პატო დული ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე მამაკაცია. მას მართლა მოსწონს მორინი; ქალს ლინეინის სილამაზის დედოფალს უწოდებს; სურს, რომ დაქორწინდეს თავის სიყვარულზე და ემიგრაციაში წავიდეს. ბედისაგან დაჩაგრულ მორინს ქალად აგრძნობინებს თავს. 

მსახიობი ყოველგვარი სიყალბისა და პათეტიკის გარეშე ქმნის ლაღ, სიმპათიურ, მშრომელ პერსონაჟს, რომელსაც მიზნები აქვს. ის სწორად და რაციონალურად აფასებს თავის მშობლიურ მხარეს, სადაც ნორმალური სამსახური არ იშოვება; სადაც ადამიანებს, მართალია, ერთმანეთი უყვართ, მაგრამ ზედმეტად ერევიან სხვათა ცხოვრებაში და განიკითხავენ ყველას.

ირაკლი ჩხიკვაძის პატო არ ოცნებობს ოქროს კოშკებზე; მას ადამიანური ცხოვრება სურს და სჯერა, რომ მიაღწევს კიდეც დასახულ მიზანს.

ნიკოლოზ ჯაფარიძე პატოს ძმას, რეის განასახიერებს. ის ცოტათი მოსულელო, ეგზალტირებული არსებაა. მსახიობი იმ ახალგაზრდა, დაუღვინებელ, სულსწრაფ პერსონაჟს ქმნის, რომელსაც ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება არ შეუძლია. სწორედ ამ დაუდგრომლობის გამო არ ასრულებს ის უფროსი ძმის თხოვნას – ხელიდან ხელში გადასცეს მორინს წერილი (პატომ იცის, რომ მეგის წერილი ხელში არ უნდა ჩაუვარდეს). შედეგი საბედისწერო აღმოჩნდება დედა-შვილისთვის.

შემოქმედებითმა ჯგუფმა შექმნა სპექტაკლი თანამედროვე, დაუნდობელ სამყაროზე; სამყაროზე, სადაც ადამიანები გაუცხოვდნენ; სადაც დედა-შვილი ერთმანეთისადმი დაუნდობელია, სადაც ბატონობს შური და ეგოიზმი. ეს ყველაფერი კი ანგრევს მათ ცხოვრებას, ოცნებებს, მიზნებს.

სპექტაკლში დავით თარბა მოვლენებისა და ქმედების განვითარებისას ოსტატურად აერთიანებს მოულოდნელ სიუჟეტურ სვლებს, „შავ იუმორსა“ და ღრმა ფსიქოლოგიზმს. სამსახიობო ანსამბლი, ნიკა კოხრეიძის მუსიკალური გაფორმება, ანასტასია ონიანის განათება, გიორგი ტიელიძის ქორეოგრაფია ხელს უწყობს რეჟისორის ჩანაფიქრის წარმოჩენას და ორსაათიანი სპექტაკლის ყურებისას სცენაზე განვითარებული მოვლენები მაყურებელს ერთი წუთით არ აძლევს მოდუნების საშუალებას.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…