ჩეხოვის „თოლია“ ახალ თეატრში

ჩეხოვის „თოლია“ ახალ თეატრში

, , ,

ახალი დრამის ერთ-ერთი ფუძემდებლის, აბსურდის თეატრის წინამორბედის – ანტონ ჩეხოვის დრამატურგიული ნაწარმოებები დღესაც ინტენსიურად იდგმება მსოფლიო სათეატრო სივრცეებში. ბოლო პერიოდში საქართველოშიც ხშირად ახორციელებენ მოდერნისტი დრამატურგის პიესებს, „ალუბლის ბაღის“, „სამი დის“, „თოლიას“ საინტერესო კონცეფციები შესთავაზეს მაყურებელს გოგი მარგველაშვილმა და ანდრო ენუქიძემ. ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში დავით დოიაშვილმა 2022 წლის წლის სეზონში „თოლიას“ გამორჩეული, მრავალი ფიქრისა და ემოციის აღმძვრელი ინტერპრეტაცია შექმნა. ეგზისტენციალურ თეატრში არსებული, აბსურდისტებთან უკიდურეს ზღვრამდე მისული გლობალური გაუცხოება  ჩეხოვის დრამატურგიის, ამ შემთხვევაში კი „თოლიას“ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. პიესის პერსონაჟები, ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები თუ შეყვარებულები: ტრეპლევი, ნინა, არკადინა, ტრიგორინი, სორინი, მაშა, დორნი, პოლინა, მედვედენკო – საკუთარი თავის მუდმივ ძიებაში მყოფნი, ერთმანეთთან აბსოლუტურად გაუცხოებულები არიან. მათ სურთ ურთიერთობა, სიყვარული, მაგრამ საბოლოოდ მარტოსულებად რჩებიან. თითოეულ მათგანს თავისი ოცნება აქვს, მაგრამ არც ერთს არ უწერია ახდენა, მიუხედავად იმისა რომ ბევრს „შრომობენ“ ოცნებების რეალიზებისათვის. მათი ოცნებები ტრეპლევის მიერ მოკლული თოლიასავით „კვდება“.

ყველა დიდი დრამატურგის მსგავსად, ჩეხოვის პიესებშიც მრავალი ინტერპრეტაციის საშუალება არსებობს, ამიტომაც არიან ისინი მუდამ თანამედროვენი. დავით დოიაშვილმა „თოლიაში“ დრო არ დააკონკრეტა, გიორგი უსიტაშვილის სცენოგრაფია და ანანო მოსიძის კოსტიუმები, სპექტაკლში გამოყენებული რეკვიზიტი რეჟისორის ჩანაფიქრის თანმხვედრია. დეკორაცია: ძველებური ხალიჩა, მაგიდა, სანათური, წყლის გრაფინი, ტონეტის სკამი, ტახტი, პატეფონი, ყვავილებიანი ლარნაკი, სამოვარი, პიანინო მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის ეპოქის ანტურაჟს ქმნის, მაგრამ ეკრანზე გაშვებული კადრები და გივიკო ბარათაშვილის ტრეპლევის მაყურებელთან ან სხვა პერსონაჟებთან სცენის მიღმა განვითარებულ მოვლენებზე, კულისებიდან საუბარი, მობილური ტელეფონის მეშვეობით ცოცხალი (ონლაინ) ჩართვებით ხორციელდება, რასაც 21-ე საუკუნეში გადმოვყავართ. ანანო მოსიძის კოსტიუმების მოდელებსაც, რომლებშიც ფერთა სიმბოლიკას დიდი დატვირთვა ენიჭება, კონკრეტულ ეპოქას ვერ მივაკუთვნებთ.

დავით დოიაშვილმა სპექტაკლში რამდენიმე მთავარი ხაზი წამოსწია: ადამიანებს შორის გაუცხოება, საკუთარი თავის ძიება, სიყვარულის ძიება, თაობებს შორის დაპირისპირება, ყველაზე მთავარი კი, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, თანამედროვე სამყაროში მომავლის არ არსებობა. რეჟისორმა შეინარჩუნა დრამატურგის მიერ შექმნილი მეტაფორმა – პიესა პიესაში, სპექტაკლი სპექტაკლში (ტრეპლევი წერს პიესას პიესაში, დგამს სპექტაკლს სპექტაკლში) და ინტერაქტიურ დადგმაში მაყურებელიც მოვლენების მონაწილედ აქცია. ახალი თეატრის შენობიდან, სცენისა თუ მაყურებელთა დარბაზის კონსტრუქციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მოვლენათა რიგი ძირითადად სცენასა და ეკრანზე გაშვებული, სპეციალურად ამ დადგმისთვის შექმნილი, კინოკადრების მეშვეობით ვითარდება, მაგრამ პერსონაჟი-მსახიობები ხშირად მაყურებელთა დარბაზში მოქმედებენ და მაყურებელთან დიალოგსაც მართავენ.

დავით დოიაშვილი თითქმის უცვლელად მიყვება პიესას, შეიძლება ითქვას, არც ერთი სცენა, დიალოგი არ აქვს ამოღებული დადგმაში. ამასთანავე რეჟისორმა თითქმის სამსაათნახევრიან სპექტაკლში შეინარჩუნა ჩეხოვისეული ტექსტის მუსიკალობა და სპექტაკლი ისეთ რიტმში ააგო, რომ მაყურებელი არ დუნდება და აქტიურადაა ჩართული მოქმედებაში. ექსპრესიულობა და დაძაბულობა მთელი სპექტაკლის განმავლობაში ვითარდება და ფინალში კულმინაციას აღწევს, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ.

დარბაზში შესულ მაყურებელს ეკრანზე ღრუბლიანი ცის და ამ ცის კაბადონზე მოლივლივე თოლიების კადრები და ხმები ხვდება. ეკრანი იწევა და სცენის სიღრმეში პიანინოსთან გივიკო ბარათაშვილის ტრეპლევის და ნანკა კალატოზიშვილის მაშას „ორთაბრძოლა“ იწყება. ამ ორი ადამიანი-პერსონაჟის სულიერი მდგომარეობა რეჟისორმა და მსახიობებმა ფიზიკურ ქმედებაში ოსტატურად გამოხატეს. სხეულებრივ პლასტიკაში ასახული ექსპრესია, რომელიც ერთსა და იმავე ქმედებაში, პიანინოს ბგერებისა თუ ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, თავიდანვე ემოციურად მუხტავს მაყურებელს. რეჟისორმა, ქორეოგრაფმა კოტე ფურცელაძემ და მსახიობებმა – ძიებაში, გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების შინაგანი მდგომარეობა ვიზუალურად გამოძერწეს და სანახაობრივი თუ ემოციური თვალსაზრისით ისეთი შთამბეჭდავი სცენა შექმნეს, რომელიც არასდროს დაგავიწყდება. პიანინოს, როგორც „ორთაბრძოლის“ სიმბოლოს, სიკვდილ-სიცოცხლის მეტაფორას, მთელი სპექტაკლის განმავლობაში, სხვადასხვა არავერბალურ სცენაში აქვს დატვირთვა, რაც გარდა იმისა, რომ ძალიან ოსტატურად ხორციელდება, მაყურებელზე ფსიქო-ემოციურ ზეგავლენას ახდენს. სწორედ პიანინოს უკნიდან ამოძვრება დევი ბიბილეიშვილის მედვედენკო და მაშას მიმართავს – რატომ  ხარ სულ შავებში? ნანკა კალატოზიშვილის მაშა მელანქოლიური გამომეტყველებით უპასუხებს, რომ თავის თავს გლოვობს, უბედურია. პიესაშიც და სპექტაკლშიც პირველივე სცენაში სიყვარულზეა საუბარი და პირველივე სცენიდან ნათელი ხდება, რომ ალექსანდრე ბეგალიშვილის სორინის მამულში შეკრებილი ადამიანები უსიყვარულობაში ცხოვრობენ. ყოველი მათგანი ეძებს, ითხოვს სიყვარულს, იბრძვის სიყვარულისთვის, მაგრამ… სინამდვილეში ნამდვილ სიყვარულს არც ერთი არ განიცდის და არც ერთს არ შეუძლია. ბუბა გოგორიშვილის არკადინას არც თავისი შვილი კოსტია უყვარს და არც ტრიგორინი, რომელიც სწორედ იმისთვის უნდა გვერდით, რომ გამოჩენილი მწერალი, ცნობილი პიროვნებაა და ე. წ. „ვარსკვლავურ“ წყვილს წარმოადგენენ – მსახიობი და მწერალი;   დავით ბეშიტაიშვილის მელანქოლიურ ტრიგორინს, რომელსაც შეუძლია მთელი დღე ტბაზე თევზაობაში გაატაროს, არც არკადინა უყვარს და არც – ნინა ზარეჩნაია; ანასტასია ჭანტურაიას ნინას ტრეპლევი არ უყვარს, ტრიგორინში კი წარმატებული მწერალი ხიბლავს; მედვედენკოს სიყვარული, მაშასადამე, უფრო აკვიატებაა; ნანა ბუთხუზის პოლინას ექიმი დორნისადმი სიყვარული, დაუკმაყოფილებელი ქალის სექსუალური ლტოლვაა სიმპათიური, ინტელიგენტი მამაკაცისადმი; ბადრი ბეგალიშვილის შამრაევმა ხომ საერთოდ არ იცის რა არის სიყვარული, ერთი ხეპრე „სალდაფონია“, რომელსაც მოგების გარდა არც არაფერი ადარდებს და ცოლზე ძალადობს კიდეც; სორინი, მართალია, ფინალში აცხადებს, რომ მას ნინა უყვარს, მაგრამ ეს უფრო პირადი ცხოვრების არმქონე  ასაკში შესული მამაკაცის მარაზმია; ნანკა კალატოზიშვილის ინტელექტუალი მელანქოლიკი მაშას ტრეპლევისადმი სიყვარული მისთვის მიუღებელი ოჯახისგან, სოციუმისგან თავის დაღწევის გამოხატულებაა; გივიკო ბარათაშვილის ტრეპლევისთვის ნინასადმი გრძნობა დედის სიყვარულს მოკლებული შვილის თავგანწირული მისწრაფებაა. ტატო ჩახუნაშვილის ექიმი დორნის სიტყვებში: – ყველა როგორი ნერვიულია! როგორი ნერვიული!… და რა რაოდენობის სიყვარულია…  აისახება მარტოსულ ადამიანთა სიყვარულის ძიება, ყველა ნერვიულია, ვინაიდან ყოველი მათგანი უსიყვარულობის ჯადოსნურ წრეში ჩაკეტილი რჩება. უფრო მეტიც, კონსტანტინე ტრეპლევი და ნინა ზარეჩნაია, მომავალი თაობა, მსხვერპლად ეწირება გარშემო გამეფებულ უსიყვარულობას.

სპექტაკლში გამოყენებული კინოკადრები, მობილური ტელეფონით “Live” ჩართვები, მუსიკა (გიორგი შამანაური, ნინა სუბლატი), სცენაზე მიმდინარე ქმედებას, მოვლენათა რიგის განვითარებას კიდევ უფრო სახიერს ქმნის. რეჟისორი ამბავს რამდენიმე რაკურსში უყვება თუ უჩვენებს მაყურებელს, სცენაზე ქმედება სხვადასხვა ადგილას ერთდროულად მიმდინარეობს, ეკრანზე კი აისახება რეალური დროის თუ წარსულის  კადრები, რეჟისორი ახალი თეატრის ყველა ტექნიკურ საშუალებას იყენებს.

პიესაშიც და სპექტაკლშიც პირველივე სცენიდან იკვეთება დედა-შვილს, ძველ ტრადიციულ, დრომოჭმულსა და ახლის შექმნის მცდელობას შორის კონფლიქტი. გივიკო ბარათაშვილის კოსტია ტრეპლევი ბიძასთან სორინთან საუბრის დროს ახასიათებს – არკადინას. ჭკვიანი, ნიჭიერი, ქველმოქმედი, ამავე დროს ეჭვიანი, სხვისი წარმატების ვერ ამტანი (თვით ელეონორა დუზესიც კი), საკუთარ თავში შეყვარებული, ძუნწი, ეგოისტი. გივიკო ბარათაშვილი გვირილას იღებს და მაყურებელთან ჩამოდის, თან თითო ფოთოლს წყვეტს „ვუყვარვარ – არ ვუყვარვარ“ – ეკითხება საკუთარ თავს და მაყურებელს. რეჟისორმა თავიდანვე გაუსვა ხაზი ვაჟიშვილში დედისადმი არსებულ „ოიდიპოსის კომპლექსს“, რაც შემდეგ ერთ-ერთ სცენაში პირდაპირ აჩვენა. ამასთანავე რეჟისორმა ამ სცენამდე, როდესაც კოსტია მხურვალედ კოცნის დედას ტუჩებში, მაყურებელი თანდათანობით მიიყვანა. ეს კოცნა შეიძლება აღიქვა, როგორც დედაზე შურისძიება ტრიგორინის გამო, ტრიგორინის რომელიც არკადინასთვის უფრო ნიჭიერია, მომხიბვლელია ვიდრე საკუთარი შვილი, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ტრიგორინმა წაართვა ტრეპლევს ნინა. წითელ კაბაში გამოწყობილი ბუბა გოგორიშვილის არკადინა, ამ ეპიზოდში კოსტიასადმი ურთიერთობაში ჩვეულად იჩენს ქედმაღლობას, ამპარტავნებას, გულგრილ დამოკიდებულებას. გივიკო ბარათაშვილის კოსტია თავიდან მას დედობრივ სითბოს, მზრუნველობას სთხოვს, თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ თავზე ნაიარევის ადგილას სახვევის გამოცვლას, იხსენებს ბავშვობას, რა ბედნიერები იყვნენ მაშინ, ახსენებს დედას, როგორ ზრუნავდა ის დაჩაგრულ ქალზე, მის ბავშვებზე. ბუბა გოგორიშვილის არკადინა კი სახვევის გამოცვლისას იმგვარად მოქმედებს, რომ თავად კოსტიას აკეთებინებს ყველაფერს. მათ შორის ტრიგორინის გამო კამათისას დედა აქებს თავის საყვარელს და შვილს კი ამცირებს, უნიჭოს უწოდებს, შეუმდგარს და სწორედ აქ ამოხეთქავს კოსტიაში დაგროვილი ემოცია და ტუჩებში კოცნის არკადინას. ამ კოცნაში იგი ყველაფერს დებს – უსიყვარულობას, სასოწარკვეთას, მარტოსულობას, წარუმატებლობას, ეჭვიანობას, ეს კოცნა მისი გაუცხოებული სულის კივილია. გივიკო ბარათაშვილი ექსპრესიული, ნერვიული, ემოციური, ფიზიკურად მომხიბლავი, ჭკვიანი ახალგაზრდა კაცის სახეს ქმნის. მსახიობი პლასტიკით, ჟესტიკულაციით, მიმიკით, მეტყველების მანერით ვიზუალურად ძერწავს თავისი გმირის შინაგან ბუნებას. მეორე მოქმედებაში, როდესაც ამბავი ორი წლის შემდეგ გრძელდება (პიესაში მეოთხე მოქმედება) მისი პერსონაჟი თავიდან თითქოს უფრო დადინჯებული გეჩვენება. მაგრამ ეს სიდინჯე მოჩვენებითია. ნინას მოსვლისთანავე მასში ისევ ვლინდება ნერვიული ბუნება. ნინას სიტყვებზე, რომ მას ტრიგორინი ყველაფრისადა მიუხედავად ისევ უყვარს, უფრო მეტადაც კი – გივიკო ბარათაშვილის კოსტია თითქოს მოეშვება, იგი ხვდება, რომ მისთვის ყველაფერი დამთავრებულია. აქვე ერთი დეტალი აუცილებლად აღსანიშნია. ნინას გაქცევის შემდეგ, იგი ამბობს, ნეტა არავინ დაინახოს, თორემ დედას ეტყვიან და ეწყინება. ამის შემდეგ ანადგურებს ნაწერებს, გადის სცენიდან და თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს.

ანასტასია ჭანტურაიას ნინა ზარეჩნაია ენერგიული, მომხიბლავი, ზოგჯერ მიამიტი, ზოგჯერ თავდაჯერებული, მიზანსწრაფული ახალგაზრდა გოგოა. რეჟისორმა ეფექტურად გადაწყვიტა ნინას პირველი გამოჩენა. ეკრანზე მიდის კადრები, რომელშიც ნინა ცხენს მოაგელვებს  კოსტიას დაწერილ პიესაში მონაწილეობის მისაღებად. პიესა და დადგმა ორივე ახალგაზრდისთვის ოცნებების ასრულების, მომავლის რწმენის, მიზნების მიღწევის, ძველთან დაპირისპირების გამოხატულებაა. სწორედ დრომოჭმულ, ძველი ფორმების ხელოვნებას აკრიტიკებს ტრეპლევი კულისებიდან სორინთან ცოცხალი ჩართვებით საუბრისას. სოირინი ეტლში მჯდარი ეკრანს უყურებს, რომლიდანაც გივიკო ბარათაშვილის კოსტია დედამისის, მისი საყვარლის, სხვა მსახიობების ფოტოებს უჩვენებს და ეუბნება, რომ ყველა ეს ადამიანი, ძველი თეატრის წარმომადგენლები არიან, რომ ისინი აღარ არიან საინტერესოები, ვინაიდან ახლა სხვა ვარიაციები, ფორმებია საჭირო.  ანასტასია ჭანტურაიას ნინა სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ქალია. სხვების საუბრიდან ვიგებთ, რომ მას დედა ადრე გარდაეცვალა, დედის ქონება მამამ დედინაცვალს უანდერძა, მას გარკვეულწილად ჩაგრავენ, სორინის მამულში ყოფნას უკრძალავენ, ვინაიდან თავქარიან ხალხად მიაჩნიათ და მასზე ცუდი ზეგავლენის მოხდენის ეშინიათ. მიუხედავად ამისა ნინა არ ეპუება აკრძალვებს და სპექტაკლში მონაწილეობის მისაღებად სახლიდან იპარება. ეკრანზე გაშვებული კადრების შემდეგ, ნინა მაყურებელთა დარბაზში შემოიჭრება და სცენაზე ავარდება. ნინას არკადინას და ტრიგორინის პერსონები ხიბლავენ, ისინი ხომ წარმატებულები და ცნობილები არიან, ნინაც ოცნებობს მსახიობობაზე და დიდებაზე. ამიტომაც მას კოსტიასგან განსხვავებით, დიდად არ ანერვიულებს, სპექტაკლის მსვლელობისას მაყურებელთა კომენტარები, შეწყვეტილი წარმოდგენა და შეურაცხყოფილი კოსტიას გაქცევა. მას უფრო მეტად არკადიანას და ტრიგორინის საზოგადოებაში ყოფნა აინტერესებს. ანასტასია ჭანტურაიას ნინა თავიდანვე ეკეკლუცება ტრიგორინს, მისთვის ტრიგორინი მსახიობობაზე ოცნების ასრულების ტრამპლინია. ტრიგორინსა და ნინას შორის სასიყვარულო ეპიზოდი რეჟისორმა ვიზუალური ეფექტებით, ერთი და იმავე ქმედების განმეორებით (ტრიგორინის მცდელობა ხეზე ასვლის, რომლის ტოტზე ნინა ზის), ნინასა და ტრიგორინს შორის გამართულ სიტყვიერ ფლირტით სანახაობრივად მომხიბვლელი გახადა და ამავე დროს, ორივე პერსონაჟის ხასიათის თვისებებს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. ანასტასია ჭანტურაიას ნინა – ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, მიზანსწრაფული გოგო, გატაცებულია თავისზე უფროსი, საზოგადოებაში აღიარებული მამაკაცით და მის „მოსანადირებლად“ ყველა ხერხს მიმართავს, უკან არაფერზე იხევს. ზუსტად ისევე, როგორც პატარა ჯიუტი ბავშვი, რომელსაც რაიმე სათამაშოს არ აძლევენ და მანამდე არ მოისვენებს სანამ თავისას არ მიაღწევს. ნინა ტრიგორინის (წარმატებული ადამიანის) კანში ოცნებობს  ყოფნას, იხდის კაბას და ტრიგორინს აძლევს, თავად კი ტრიგორინის შლიაპას იხურავს და ლაბადას მოისხამს. დავით ბეშიტაიშვილის ტრიგორინი კი ოსტატურად ძერწავს შუახნის, კრიზისში მყოფი მამაკაცის აღტყინებას, ახალგაზრდა გოგოსადმი ლტოლვას, რომელიც მისივე სიტყვების პერიფრაზით შეიძლება ტრიგორინის ცხოვრებაში პირველი და უკანასკნელი სიყვარულია. ამ ეპიზოდში ბეშიტაიშვილის მოუქნელი მოძრაობები ინდიფერენტული ბუნებიდან თავის დაღწევის, ერთფეროვანი ცხოვრებიდან გაქცევის მცდელობის ვიზუალური გამოხატულებაა.  მანამდე და მას შემდეგაც დავით ბეშიტაიშვილის ტრიგორინის პლასტიკა, ჟესტიკულაცია, მეტყველების მანერა დინჯი და გაწონასწორებულია. მხოლოდ ცოტა ხნით ავლენს ემოციას, როდესაც ნინას ეფლირტავება და შემდეგ არკადინას სთხოვს რომ გაუშვას. დავით ბეშიტაიშვილის ტრიგორინმა ყველაზე უკეთ იცის საკუთარი ფასი, როგორც მწერლის და როგორც მამაკაცის. კარგად იცის, რომ მხოლოდ და მხოლოდ, პოპულარული, საშუალო დონის მწერალია, ხოლო როგორც მამაკაცი – პრინციპში, არარაობაა, თავად ამბობს: – „საკუთარი ნება არ გამაჩნია… არც არასდროს გამაჩნდა… უნიათო, დონდლო, მუდამ მორჩილი – ნუთუ ეს შეიძლება ქალს მოსწონდეს?“.

ბუბა გოგორიშვილის ირინა არკადინა ეფექტური, მომხიბლავი, ნიჭიერი, ეგოისტი, თავისნათქვამა, ქედმაღალი, ძლიერი ხასიათის ვამპირია. ეს არის ადამიანი, რომელმაც ხელოვნების მსახურებას ყოველგვარი ადამიანური გრძნობები შესწირა, მათ შორის დედობრივი სიყვარულიც. მისთვის სცენა, თამაში, მაყურებლის ოვაციები უმთავრესია, ყველაფერი დანარჩენი კი მეორეხარისხოვანია. ურთიერთობები შვილთან, ძმასთან, საყვარელთან, ახლობელ ადამიანებთან მისი სურვილებისამებრ ვითარდება. ირინა არკადინა შემოქმედი ქალია, რომელმაც ცხოვრებაში ყველაფერს თავისით მიაღწია, თითქოს ბედნიერი უნდა იყოს, მაგრამ სინამდვილეში ისიც მარტოსული ადამიანია. სპექტაკლში პიესის მსგავსად ჩართულია პასაჟები შექსპირის „ჰამლეტიდან“, ნაწყვეტები ჰამლეტისა და ჰერტრუდას დიალოგიდან ტრეპლევის სპექტაკლის სამზადისის დროს ჩნდება დედა- შვილის დიალოგში. როგორც ჰამლეტს სურს დედა-ჰერტრუდა დააშოროს კლავდიუსს, ასევე ტრეპლევს უნდა არკადინა-დედა ტრიგორინს ჩამოაშოროს, თუმცა  დავით დოიაშვილის გადაწყვეტით არკადინა და კოსტია შექსპირული ტექსტით „ეშაირებიან“ ერთმანეთს, ეს სიტყვიერი პაექრობა რეჟისორმა და მსახიობებმა გროტესკულად გამოსახეს. ჩეხოვთანაც და დოიაშვილის სპექტაკლშიც არკადინა (ისევე როგორც ჰერტრუდა) საკუთარი ბედნიერებისთვის იბრძვის, კოსტია კი (ჰამლეტის მსგავსად) ჭირვეული, ეჭვიანი „ბავშვივით“ იქცევა, ეჭვიანობას ტრიგორინზე, დედის კარიერაზე, მის გარშემო მუდმივად მოფუსფუსე თაყვანისმცემლებზე, რომელთა შორის ტრეპლევი არარაობად გრძნობს თავს. პიესიდან და პერსონაჟის ხასიათიდან გამომდინარე ბუბა გოგორიშვილის სცენაზე ყოველი შემოსვლა ეფექტურია. იგი მუდმივად მოითხოვს ყურადღების ცენტრში ყოფნას, ვერ იტანს როდესაც მისი თანდასწრებით სხვაზე საუბრობენ, ან სხვას აქებენ. მსახიობი ხაზს უსვამს თავისი პერსონაჟის ცინიკურ, ქედმაღლურ დამოკიდებულებას სხვების მიმართ. მხოლოდ ორ სცენაში ავლენს ადამიანურ, ემოციურ განცდას – მეორე მოქმედებაში კოსტიასთან დიალოგისას, როდესაც კოსტია ტუჩებში კოცნის, თითქოს იმ მომენტში იგი ჩამოიხსნის ვარსკვლავი მსახიობის ნიღაბს და ნამდვილი დედა ხდება, დედა რომელიც აცნობიერებს თავის დანაშაულს შვილის მიმართ.  და, ფინალურ სცენაში, როდესაც ხვდება, რომ კოსტიამ თავი მოიკლა. დანარჩენ დროს იგი თამაშობს, თამაშობს თანაგანცდას მომაკვდავი ძმის მიმართ, თამაშობს ტრიგორინისადმი სიყვარულს, თამაშობს ტრიგორინის დაკარგვის შიშს, აკი თამაშ-თამაშით აიძულებს უნებისყოფო საყვარელს მასთან დარჩენას.

ალექსანდრე ბეგალიშვილის სორინი თავიდანვე უძლური მოხუცია, რომელიც პირველივე სცენაში ინვალიდის ეტლით ჩნდება სცენაზე, მას ხელში ცოცხალი ქათამი უჭირავს.  ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება ოცნებობდა მწერლობაზე, ოჯახის შექმნაზე, გარეგნობის და გაუგებარი მეტყველების გამო ქალებს არ მოსწონდათ, მწერლადაც ვერ შედგა, მხოლოდ ჩინოვნიკური კარიერის შექმნა შეძლო, და ისიც დამსახურებულ პენსიას მოურავი შამრაევი სძალავს. მარტოსული, ხნიერი ადამიანი, რომელსაც ძალიან უნდა სიცოცხლე და ქალაქში წასვლა, უსახსრობის გამო სოფელშია გამოკეტილი და გასართობად ქათამიღა შერჩენია. ბეგალიშვილის სორინს თავისებურად უყვარს კოსტია, თანაუგრძნობს მას, ზრუნავს მასზე, იმავდროულად აღმოჩნდება, რომ ნინა ზარეჩნაია ჰყვარებია. მისი პერსონაჟიც დუალისტურია, სიცოცხლეს ეჭიდება და თან სასმელს ეძალება და ეწევა.

ტატო ჩახუნაშვილის ექიმი დორნი გაწონასწორებული, ინტელექტუალი, თავშეკავებული ადამიანია. მას არ ახასიათებს სხვა პერსონაჟების მსგავსად ზღვარგადასული ემოციები, ზუსტად იცის საკუთარი თავის ფასიც და ისიც თუ რა უნდა ცხოვრებიდან. არკადინასგან ვიგებთ, რომ ახალგაზრდობაში ქალებს ძალიან მოსწონდათ. დორნს ყველა ენდობა, მათ შორის მაშაც, რომელიც სწორედ დორნს მიმართავს – მიშველე თორემ რაღაც სისულელეს ჩავიდენო. უბედური, მელანქოლიური, საკუთარ მშობლებთან გაუცხოებული მაშა დორნისადმი მამობრივ გრძნობას განიცდის. დორნისა და პოლინას ურთიერთობა გაშარჟებულად გამოსახეს რეჟისორმა და მსახიობებმა. ნანა ბუთხუზი  პროვინციელი ქალის გროტესკულ ტიპაჟს ქმნის. მისი კოსტიუმი, ვარცხნილობა, პლასტიკა, მიმიკა, ჟესტიკულაცია, მეტყველების მანერა უტრირებულია, მაყურებელში ერთდროულად ღიმილის და სევდის აღმძვრელია. დორნისადმი ვნებას მსახიობი შუახნის, კლიმაქსის ასაკს მიღწეული ქალის თვისებებით გამოხატავს. დორნი მისი უხეში, ხეპრე ქმრის ანტიპოდია. ნანა ბუთხუზის პერსონაჟისადმი მაყურებელს სიმპათია უჩნდება, მართალია იგი ერთი გაუნათლებელი, სასაცილო, პროვინციელია, მაგრამ ქალია, მასაც უნდა, სულ ცოტათი მაინც, თავი სასურველად იგრძნოს. ბადრი ბეგალიშვილის გადამდგარი პორუჩიკი ილია შამრაევი კი ხეპრე, გაუთლელი, უხეში  ადამიანია, ნამდვილი სალდაფონია, რომელსაც არც მამობრივი სიყვარული აქვს მაშას მიმართ და არც მეუღლეზე მზრუნველობას იჩენს. მუდმივად ცდილობს ინტელექტუალთა წრეში საკუთარი თავის წარმოჩენას, მაგრამ მისი მცდელობები კომიკური ხასიათს იძენს. ილია შამრაევის კოსტიუმიც პერსონაჟის უგემოვნებობის გამომხატველია, რეჟისორმა და მხატვარმა მას ცისფერზოლებიანი შარვალი ჩააცვეს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის შინაგან ბუნებას, შამრაევი უხეში, რაღაც მომენტებში კი ბოროტი ჯამბაზია, მაგალითად, მედვედენკოსადმი მისი დამოკიდებულებაც კმარა. დევი ბიბილეიშვილი მედვედენკო ცხოვრებისგან დაჩაგრული ადამიანის ტიპაჟს განასახიერებს, მატერიალური გაჭირვება თვის თავში აეჭვებს, სინამდვილეშიც დიდი გამჭრიახი გონების პატრონიც არ არის.   იგი თითქოს ყველასთან ბოდიშს იხდის, ყველას ქედს უხრის, ყველა ზევიდან უყურებს, შამრაევი კი საკუთარ სიძეს აგდებულად ექცევა, მაშას თხოვნაზე ცხენები მისცეს სახლში წასასვლელად, უპასუხებს – ფეხითაც მივა, ეგეც გენერალი არ მყავდეს. პირველივე სცენაში მაშას და მედვედენკოს დიალოგში იკვეთება მათი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება. მაშაში მედვედენკო ძლიერ, გონიერ, შეძლებულ ქალს ხედავს, ყველაფერ იმას რაც მას არ გააჩნია, ამიტომაც მისი სიყვარული და ერთგულება ფინია ძაღლის მსგავსია. მაშა კი მედვედენკოს დიდი გონებრივი შესაძლებლობების ადამიანად არ თვლის, მასთან ადამიანურ ბედნიერებაზე საუბარს მალევე წყვეტს, ვინაიდან მედვედენკო ვერაფერს გაიგებს. ცოლად მიყვება მხოლოდ იმის გამო, რომ ოჯახურ ცხოვრებაში ჩაეფლოს და ტრეპლევი დაივიწყოს. ტრიგორინი და მაშა მონათესავე სულის ადამიანები არიან, ორივეს სურს თავი დააღწიოს ერთფეროვან, მელანქოლიურ ცხოვრებას, მაგრამ საბოლოოდ ამას ვერ ახერხებენ. მეორე მოქმედება რეჟისორმა მაშას და ტრიგორინის დიალოგით დაიწყო, ისინი სვამენ, ერთმანეთს უზიარებენ ფიქრებს საკუთარი ერთფეროვანი ცხოვრების შესახებ, ამ დროს მათი სხეულები გრძელ სარკეში ირეკლება, სარკეში რომელიც ადამიანთა გაორებული ცხოვრების სიმბოლოდ შეიძლება აღვიქვათ.

პირველი მოქმედების ბოლოსკენ კოსტია პორტატიული მაცივრით შემოდის, ნინასთან ურთიერთობის გარკვევის დროს, მოკლულ თოლიას იღებს საყინულიდან და ნინას ფეხებთან აგდებს და თან  ეუბნება – მე ტვინში ლურსმნები მაქვს ჩაჭედილი, რომელიც მტკივა. მეორე მოქმედებაში ვიგებთ, რომ ნინა კოსტიასადმი მიწერილ წერილებს ხშირად აწერს ხელს – თოლია. მათ ბოლო დიალოგში კი რამდენჯერმე იმეორებს – მე თოლია ვარ… მოკლული თოლია ორი ახალგაზრდას შეუმდგარი ცხოვრების, ოცნებების მსხვრევის, თაობათა შორის ბრძოლაში ძველის, დრომოჭმულის გამარჯვების სიმბოლოა. მართალია ფიზიკურად თოლია კოსტიამ მოკლა, მაგრამ სინამდვილეში მთავარი მკვლელი ტრიგორინია, რომელსაც თავად არაფერი ახლის შექმნა არ შეუძლია, საკუთარი უუნარობის, უმოქმედობის დასაძლევად ნინას ეპოტინება, საბოლოო ჯამში კი, სხვებთან ერთად ისიც დამნაშავეა მომავლის განადგურებაში.

დავით დოიაშვილმა ჩეხოვის ტრაგიკომედიას ტრაგიკული ფინალი გაუკეთა, სორინის სახლში შეკრებილი საზოგადოება ლოტოს თამაშობს, არკადინა თავის წარმატებულ გასტროლებზე ჰყვება, გაისმის სროლის ხმა, ეკრანზე ბალახებში გდია მკვდარი ტრეპლევი, სკამზე მჯდარი ნინა ზარეჩნაია კი ცეცხლში იწვის. ბუბა გოგორიშვილის წითელ კაბაში გამოწყობილი არკადინა, რომელიც ხვდება რომ კოსტიამ თავი მოიკლა, სიმღერის ფონზე (Tâches de Rousse – Les Mouettes, ჭორფლები-თოლიები), რომელიც სპექტაკლის მსვლელობისას რამდენჯერმე მეორდება და განმუხტვის ფუნქცია აკისრია, ნერვიულ ცეკვას იწყებს, მას სხვებიც აჰყვებიან. მელოდიური, ჟღერადი, მსუბუქი სიმღერის ფონზე ეკრანზე გაშვებული კადრები და სცენაზე მიმდინარე ქმედება, მაყურებელზე დიდ ემოციურ ზეგავლენას ახდენს.  ხვდები, რომ ნინა და კოსტია თაობათა ბრძოლაში მარცხდებიან, რომ კოსტიას და ნინას სიკვდილით ყველაფერი დამთავრდა, დამთავრდა სიყვარულის ძიება, დამთავრდა ცხოვრება, მომავალი აღარ არსებობს… გამოუვალობის გრძნობა ყელში გებჯინება.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…