ჩემო კედლებო...

„ჩემო კედლებო“…

, , ,

„...მერე რა, რომ წლები გავიდნენ,

ხმაში გამიჩნდა ბზარი…

ჩემო კედლებო, ისევ მიყვარხართ,

როგორც მიყვარდით მაშინ…

ამ სიტყვებით ამთავრებს თავის გამოსვლას ძველი ვოდევილების პერსონაჟი; თითქოს არაფერია განსაკუთრებული იმაში, რომ ვოდევილის გმირი გულისამაჩუყებელი სიმღერით ემშვიდობება მაყურებელს.

მაშ, რა ხდება დარბაზში, რატომ ღელავს ასე ძლიერ მაყურებელი, რატომ უმართავს ერთსულოვან ოვაციას მსახიობს? რატომ იქცა ეს შეხვედრა მსახიობთან ნამდვილ თეატრალურ ზეიმად? იმიტომ, რომ ამ სიტყვებს წარმოთქვამს ვასო გოძიაშვილი, რომელიც მსახიობის წარმტაცი ხელოვნებით ატყვევებს მაყურებელს; იმიტომ, რომ ამ სიტყვების მიღმა დგას მსახიობი, რომელიც ათეული წლის განმავლობაში ატყვევებდა ქართველ მაყურებელს, ანდამატივით იზიდავდა მას თეატრში და ისეთი ზეიმის მოწმედ ხდიდა, როცა გინდა სცენაზე წარმოსახული ცხოვრების გამოთვლილი წუთები უსასრულობად იქცეს.  

ჩემო კედლებო, ისევ მიყვარხართ,

როგორც მიყვარდით მაშინ…

სიმართლედ იღვრებოდა ეს სიტყვები მაყურებელთა დარბაზში. დიახაც, უყვარდა ვასო გოძიაშვილს მისი სცენური დიდების მოწმე კედლები, სადაც იბადებოდნენ, იძერწებოდნენ და საოცარი, მრავალსახოვნებით წარმოგვიდგებოდნენ გმირები სხვადასხვა ეპოქისა, ხასიათისა, მერე კი გადიოდნენ თეატრს გარეთ და ადამიანებს ეხმარებოდნენ საუკეთესო მისწრაფებების განხორციელებაში…

თუ გვინდა ვიცოდეთ, რა წვლილი შეიტანა ვასო გოძიაშვილმა თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში, ამის პასუხს ძალიან მოკლედ, ალბათ, ასე გამოვთქვამდით – ახალი ქართული თეატრი წარმოუდგენელია ვასო გოძიაშვილის ხელოვნების, მისი განუმეორებელი სცენური ქმნილებების გარეშე.

ქართულ სცენაზე მან მოიტანა ძველ თეატრთან დამაკავშირებელი ტრადიციების მადლი და ეშხი, მანვე მოიტანა ახალი ადამიანის გრძნობათა ღელვა და განცდათა სიმართლე. მისი ხელოვნება, აღჭურვილი ქართველი კაცის იუმორით, უსაზღვრო შემოქმედებითი ტემპერამენტითა და სიცოცხლის დამამკვიდრებელი პათოსით, ძალდაუტანებლად, შესაშური ბუნებრიობით აცოცხლებდა ჩვენს სცენაზე გარდასულ დღეთა თუ ჩვენი დროის ადამიანებს, რომელთა დიდებულ წარმოსახვას უდიდესი შემოქმედებითი სიხარული და ბედნიერება მოაქვს მაყურებლისათვის.

მსახიობის ასეთ მაღალ დანიშნულებაზე როდი ფიქრობდა პატარა ვასო, როდესაც სანახაობის სიყვარულმა საეკლესიო ცერემონიალის მონაწილე გახადა. აქ, საგალობლებით გაჭედილ თაღებქვეშ, პატარა ბიჭი მღელვარე ნაბიჯით მიაცილებდა კათალიკოსს საკურთხევლისაკენ და ეს მისთვის თეატრი იყო.

ბაზარში გამართულ წარმოდგენებში მონაწილეობაც თეატრის დაუოკებელმა სიყვარულმა გააბედვინა და როდესაც ფიქრობ, როგორ გახდა იგი ესტრადის ბრწყინვალე ვარსკვლავი, არ შეიძლება არ გაიხსენო ის ცნობილი საკავშირო კონკურსი, როდესაც აღტაცებულმა ჟიურიმ პირველი პრემია ჩვენი დროის ორ დიდ ოსტატს გაუყო. ესენი გახლდნენ არკადი რაიკინი და ვასო გოძიაშვილი. საესტრადო ხელოვნებაში ვასო გოძიაშვილი შეუდარებელი დარჩა ჩვენს დროში. გავიხსენოთ ოციანი წლების კოლორიტული თბილისი, ჯერ კიდევ ცოცხლად შემორჩენილი ეგზოტიკითა და ტიპაჟით, რომელიც ასე გამოკვეთილად აისახა ლადო გუდიაშვილის ხელოვნებაში, რომელმაც დასაბამი მისცა იოსებ გრიშაშვილის შემოქმედების თავისებურ ჰანგს ჩვენს პოეზიაში; თეატრსა და ესტრადაზე კი ეს დაუვიწყარი ძველი თბილისი, მისი ბოჰემა, მისი განუმეორებელი სურნელება ერთმა ადამიანმა აიყვანა ხელოვნების მაღალ ხარისხში და ეს არის ვასო გოძიაშვილი.

დღეს თეატრის გამოჩენილი ხელოვანი, მაშინ სრულიად ახალგაზრდა ბედის მაძიებელი მოკრძალებულად წარდგა პროფესიული ხელოვნების სამსჯავროზე. ეს იყო 1922 წელი. ახალგაზრდა ვასო პირველად მივიდა აკაკი ფაღავას სტუდიაში.

შემდეგ კი… იმისათვის რომ გავიგოთ, რა მოხდა შემდეგ, მოვუსმინოთ ვასო გოძიაშვილის მარად სათაყვანო ალექსანდრე იმედაშვილს.  „ძვირფასო შაქრო! – სწერდა იგი იმხანად შაქრო გომელაურს, – ალბათ, გაინტერესებს რა არის ახალი თბილისში. არაფერი განსაკუთრებული, მოწყენილობაა, მაგრამ ამას წინათ ვიყავი გამოცდაზე ფაღავას სტუდიაში. უნდა გითხრა, რომ გამოჩნდა ერთი ბიჭი, რომელიც, ჩემის აზრით, ქართული თეატრის მომავალი ვარსკვლავი იქნება“.

მართლაც, განა, ცხადლივ არ ჩანდა, რომ ეს ახალგაზრდა კაცი უხვად დაეჯილდოებინა განგებას სცენისათვის აუცილებელი ყველა ღირსებით: მშვენიერი გარეგნობა, შესანიშნავი ხმა, მუსიკალური ნიჭი, პლასტიკა, გამოკვეთილი მეტყველება და, რაც მთავარია, ბუნებით მომადლებული უნარი, რომელიც ყველა ამ სიკეთეს ისეთი შთაგონებით აანთებდა ხოლმე, რომ სამუდამოდ ატყვევებდა მაყურებელს. ვასო გოძიაშვილში ხომ ყველაფერი არტისტული, თეატრალური, ზეაწეული იყო.

ეს არტისტიზმი იხვეწება და ოსტატდება პირველად რუსთაველის თეატრში, კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის თავბრუდამხვევ რეპეტიციებზე, შემდეგ კი პირველი ნამდვილი გამარჯვება ახმეტელის სპექტაკლში „ანზორ“, ახმას როლი, პირველი წარმატებები და მთელი წყება ადრეული სცენური სახეებისა, რომლებშიც ფართოდ მჟღავნდება ის ნიშანდობლივი, რაც ასე დამახასიათებელი, გოძიაშვილისეული ხდება მომავალში – მთავარი გმირის როლს ასახიერებს იგი თუ ეპიზოდურს, ეს გმირი ყოველთვის გამორჩეულია, ბრწყინვალე თეატრალური მოვლენაა, სპექტაკლის სული და გულია.

პირველი წლების შემდეგ ვასო გოძიაშვილის შემოქმედებითი გზა მჭიდროდ უკავშირდება მარჯანიშვილის სახელობის თეატრს. აქ ამ თეატრის კედლებში სულ უფრო აღმავალი გზით მიიმართება მისი შემოქმედება; ამიტომ არის, რომ ასე ბუნებრივად ჟღერს ვასოს სიტყვები „ვოდევილში“ –  „ჩემო კედლებო, ისევ მიყვარხართ, როგორც მიყვარდით მაშინ“. ეს კი მაშინ დაიწყო, 1930 წელს და სიცოცხლის ბოლომდე გრძელდებოდა. ამ წლების განმავლობაში შექმნა მსახიობმა თავისი შესანიშნავი სცენური ქმნილებანი: დე სანტოსი დე მენგო, რუბინშტეინი და ზურია ხარატელი, ფიგარო და რობინზონი, დონ სეზარ დე ბაზან და გუდარეხვაი, ავეტიკა და ხლესტაკოვი, ბახვა და მეფე ერეკლე, ბესო და რიჩარდ მესამე, კეისარი და ძველი ვოდევილის მსახიობი, დიდი ილიას უკვდავი გმირის საკადრისი სცენური ორეული, იშვიათ თეატრალურ სახეთა შორის იშვიათი და განუმეორებელი ლუარსაბი, ეს დალოცვილი ლუარსაბი…

ჩვენ რომ მსახიობის სახეთა შექმნის ქრონოლოგიურ გზას გავყვეთ, იგი შორს წაგვიყვანს, რადგან უთვალავია, ურიცხვია შესრულებული როლები და ბრწყინვალედ ხორცშესხმული როლებიც ხომ ძალზე ბევრია…

ამ მდიდარი შემოქმედებითი გალერეიდან რამდენიმეც რომ გამოვყოთ და შევეცადოთ გავიხსენოთ, რამ განაპირობა ამ სახეთა პოპულარობა, ნამდვილი აღიარება მაყურებელში, ვფიქრობთ, ესეც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ნათელი გახდეს, რა დიდი შემოქმედებითი გაქანების მსახიობთან გვაქვს საქმე.

განა ხშირია სცენაზე მსახიობი, რომელიც ესოდენ ფართო დიაპაზონს ფლობდეს?

თეატრის რომელ ჟანრში გნებავთ, რომ ვასო გოძიაშვილს თავისი მდიდარი ინტუიცია არ ეცადოს და ნამდვილი წარმატებისათვის არ მიეღწიოს. ნუ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვით, რომ მსახიობის რეპერტუარში, დრამატულსა და ტრაგიკულ სახეებში, თქვენ შეიძლება ბალაგანური თეატრის ელემენტებიც შეიცნოთ, ხოლო კომედიურსა და გროტესკულ ნიღბებში ნამდვილი დრამის ინტონაციები ამოიკითხოთ; განა, გულის შემძვრელი არ არის ძველი ვოდევილების მსახიობის დრამატიზმით აღსავსე ამოძახილი, ან განა, ბალაგანურ თვალთმაქცობას არ იჩენს რიჩარდი, ეს დიდი ტრაგიკული პერსონაჟი, როდესაც დედოფალ ანას ხიბლავს. განა, მსახიობის დრამატულ ნიჭზე არ მეტყველებს რაბინთა ცრურწმენით გონებადაბნელებული ფანატიკოს დე სატოსის შემზარავი სახე? ან კიდევ, ჩეშმაკოვის ლაღი და მსუბუქი არტისტიზმი ქართულ სცენაზე თანამედროვე მიუზიკლის წინამორბედად არ შეგვიძლია მივიჩნიოთ? მაგრამ დავუბრუნდეთ დე სანტოსს. მისი დე სანტოსი ისეთი მძაფრი ცეცხლითა და მახვილით უსწორდება ყოველივე ნათელს, მისი რისხვა ისეთი სასტიკი, შემზარავია და კულმინაციური წყევლის სცენას მსახიობი ისეთი აღმავალი ექსპრესიულობით ასრულებს, რომ იქმნება დიდებული წინაპირობა აკოსტას პროგრესული იდეების სცენური დამკვიდრებისათვის.

ჩეშმაკოვი… ძნელი იყო დე სატოსის შემსრულებლის შეცნობა ამ ქარაფშუტა ქალაქელი ჩინოვნიკის სახეში, რომელიც მსახიობმა გააცოცხლა კოტე მარჯანიშვილის მართლაც მზესავით ელვარე სპექტაკლში „მზის დაბნელება საქართველოში“. როგორ შეიცვალა რაბინების მძიმე, სულისშემხუთველი სამყარო მსუბუქი ქალაქური იუმორითა და მომაჯადოებელი მუსიკალური ჰანგებით, რა სისხლხორცეულად, რა დიდებულად შეეწყო ეს პერსონაჟი კოტეს ხალისიან, საზეიმო განწყობით აღსავსე სპექტაკლს.

ისევ კონტრასტებს მივმართოთ და ახლა ზურია ხარატელი გავიხსენოთ. როდესაც ჩინებულ სპექტაკლ „ხარატაანთ კერას“ იხსენებ, არ შეიძლება ცოცხლად არ წარმოგვიდგეს სოფლის სახლში დაბალ სკამზე ჩამომჯდარი, მუდამ შუბლშეკრული ზურია ხარატელი – ომში წასულის მამა, რომელიც გამეხებით იცავს თავისი და შვილის ოჯახის ღირსებას; ამიტომ არის, იქნებ, ზურია ხარატელი ზედმეტად დაეჭვებული ოჯახის ერთგული რძლის მიმართ და სიტყვაც ამიტომ გაუხდა, იქნებ, მკაცრი. რა მთლიანი ხასიათი დაგვიხატა მსახიობმა, რა თავისებური კაცის სახით მოევლინა იგი მაყურებელს, როგორი ძარღვიანი, ჩვენებური სიტყვა მოგვასმენინა. ამიტომ იყო, რომ ასეთი ღრმა ინტერესით განიმსჭვალა მაყურებელი ზურია ხარატელის ვაჟკაცური მწუხარების მიმართ და თეატრიდან გამოსულს თან გამოჰყვა ომში წასულების დედ-მამათა მოუცილებელი ფიქრი.

ნაპოლეონი სპექტაკლიდან „მადამ სან ჟენ“… საკუთარი ღირსებებით გატაცებულ ნაპოლეონს მსახიობი თითქოს გარეშე თვალით უყურებდა, მსუბუქი ირონიით, ამიტომ იყო ასე ბუნებრივი ნაპოლეონის ცნობილი პოზის გათამაშება. განსაკუთრებით მოსწონდა მაყურებელს ნაპოლეონისა და კატრინის სცენები, სადაც ვასო გოძიაშვილი და თამარ ჭავჭავაძე კომედიის ისეთ ხალას ნიჭს ავლენდნენ, დიალოგში ისეთ ტემპერამენტს აქსოვდნენ, მაყურებელს ისე იყოლიებდნენ, რომ გეგონებოდათ დარბაზი წონასწორობას დაკარგავსო.

სულ სხვაგვარად დაგვიხატა მსახიობმა მეორე დიდი ისტორიული პიროვნების – ერეკლე მეფის სცენური პორტრეტი. აქ არ იყო მეფის იმპოზანტურობა, განყენებული ხასიათი, ეს იყო ერეკლეს ძალზე თბილი, ადამიანური სახე, რომელიც გამოირჩეოდა გონივრული სიდინჯითა და სიდარბაისლით. თქვენ გრძნობდით იმ მნიშვნელოვანსა და განსაკუთრებულს, რაც პატარა კახის სიტყვა-პასუხს იქით იმალებოდა.

ქართული დეკადის სპექტაკლი, შექსპირის ტრაგედია „რიჩარდ მესამე“ მოსკოვში… და აი, მოსკოვის ჟურნალ-გაზეთების („სოვეტსკაია კულტურა“, „ვეჩერნაია მოსკვა“, „დრუჟბა ნაროდოვ“, „ლიტერატურნაია გაზეტა“) ფურცლებზე იბეჭდება გამოჩენილი მოღვაწეების, ცნობილი რუსი კრიტიკოსების აღტაცების, გაოცების გამომხატველი წერილები.

„…რიჩარდის მიერ ტახტის თვალთმაქცური უარყოფის სცენაში მსახიობი ჭეშმარიტ შთაგონებამდე მაღლდება“; ანდა, „ჩვენ წინ მთელი სიმაღლით დადგა შექსპირული თემა დანაშაულისა, არაადამიანურობისა და ადამიანის საწინააღმდეგო ძალაუფლებისა. ჩვენ წინ მთელი ხმით აჟღერდა ვასო გოძიაშვილის ტრაგიკული ნიჭი“; ან კიდევ, „ამ ავაზაკს გოძიაშვილი უხვად ასაჩუქრებს აქტიორული ტალანტით, ჭკუით, რწმენის სიმტკიცით, იუმორით და მთელ მის სიმახინჯესთან ერთად მომხიბვლელობით, რომელსაც ხალხი ემორჩილება. თეატრს ესმის, რომ ამაშია პიესის ღრმა აზრი, რადგან სწორედ ეს თვისებები აძლევს მკვლელს თავისი მიზნის განხორციელების საშუალებას…“

ვასო გოძიაშვილის შემოქმედებას არაერთხელ აღუფრთოვანებია თეატრალური მოსკოვი. გავიხსენოთ მარჯანიშვილის თეატრის გასტროლები მოსკოვში და ის დიდი გამოხმაურება, რაც გამოიწვია მსახიობმა სუმბათაშვილის პიესაში „ღალატი“. ეს პიესა დიდხანს ამშვენებდა მოსკოვის მცირე თეატრის სცენას. რუსული სცენის ვეტერანებს დღესაც კარგად ახსოვთ „ღალატში“ მონაწილე სახელგანთქმული რუსი მსახიობები. ამიტომ იყო ასე საპასუხისმგებლო ბესოს როლის შესრულება იგივე მცირე თეატრის სცენაზე და თუ სწორედ სცენის ამ ვეტერანებმა სპექტაკლის შემდეგ პირადად მოინახულეს ვასო გოძიაშვილი, მადლობის ნიშნად მდაბლად დაუკრეს თავი, გასაგებია, რომ წარმატება ნამდვილი და მნიშვნელოვანი იყო როგორც მსახიობის, ასევე თეატრის ბიოგრაფიაში.

ვასო გოძიაშვილის მდიდარმა ფანტაზიამ, გამომგონებლობამ, მახვილი სიტყვისა და პლასტიკის მაღალმა ხელოვნებამ მთელი ძალით გაიბრწყინა ბომარშეს უკვდავ კომედიაში „ფიგაროს ქორწინება“. ფიგაროს სახეს თეატრალურ სამყაროში დიდი და ბრწყინვალე ისტორია აქვს, ქვეყნის რომელ გამოჩენილ ოსტატს არ გაუმდიდრებია თავისი რეპერტუარი ამ შესანიშნავი როლით. თავისებური, განსხვავებული იყო ჩვენი ვასო. იგი ჰგავდა ყველა ფიგაროს იმით, რომ სიცოცხლე და ჯანსაღი სული შემოჰქონდა სცენაზე; იმით, რომ უპირისპირდებოდა დახვეწილ, მაგრამ შინაგანად დაცარიელებულ არისტოკრატებს, თუმცა, განსხვავდებოდა კიდეც; განსხვავდებოდა იმით, რომ მისი ფიგარო თვითონაც არ იყო წმინდა წყლის; ეს ფიგარო არ არჩევდა ხერხებს მიზნის მისაღწევად. თანაც, ამავე დროს, როგორი სასიამოვნო, მომხიბვლელი, გონიერი იყო იგი; აი, სად გამოიყენა მსახიობმა მთელი თავისი გამოცდილება ბალაგანისა, მსუბუქი კომედიისა, ვოდევილისა და თუ გნებავთ, თბილისური ბოჰემისაც. ამიტომ იყო ეს ფიგარო ასე მჩქეფარე, ასე ცხოვრებისეული.

სად გაქრა ყოველივე ეს, ფიგაროსეული სიცოცხლის დამამკვიდრებელი პათოსი ამ მოხეტიალე მსახიობის რობინზონად მონათლულ ტრაგიკომიკურ სახეში? ოსტროვსკის პიესაში „უმზითვო“ რობინზონი მთავარი როლი არ არის. როგორც პიროვნებას, მას ხომ მართლაც უმცირესი ადგილი უჭირავს ოგუდალოვებისა და პარატოვების შემზარავ სამყაროში, სადაც შეუნიღბავად, აშკარად იყიდება ფულზე ყველა და ყველაფერი, იწიხლებიან მაღალი სულის ადამიანები.

მსახიობი ბრწყინვალედ იყენებდა ამ პერსონაჟის ტრაგიკომიკურ მდგომარეობას; იგი მკაცრად ამხელდა საზოგადოებას, რომელმაც ასე უმოწყალოდ გარიყა, ცხოვრების ფსკერზე გადაისროლა, მაგრამ მაინც ვერ დაუკარგა არსებობის ხალისი. ამიტომ იყო, რომ ამ სპექტაკლში გოძიაშვილი ტრაგიკული ინტონაციის ყველაზე მაღალ სიმებს ეხებოდა და ვაჭართა საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მამხილებლად გვევლინებოდა.

ახლა კი წარმოდგენით ძველი თბილისის ვიწრო ქუჩებს ვეწვიოთ და სადღაც, შაითან ბაზრის ან კიდევ მტკვრის გაყოლებით ორთაჭალის ბაღებს დავუაროთ, თუ გვინდა შევხვდეთ ძველი თბილისის მოქალაქეს – ყარაჩოხელ ავეტიკას, გოძიაშვილის მიერ ცხოვრების ორომტრიალიდან ცოცხლად ამოყვანილ ტიპს, რომელიც კარგა ხანია გასცდა თეატრის კედლებს და ამჯერად მხოლოდ იმიტომ დაგვიბრუნდა, რომ მსახიობის საუკეთესო გმირთა გალერეაში ჩარიცხულიყო.

როდესაც ავეტიკა სცენაზე გამოდიოდა, იკარგებოდა თეატრის პირობითობის განცდა, დეკორაციები და ბუტაფორია. სცენა როგორღაც ფართოვდებოდა და უხილავი ძალა თითქოს სხვა სამყაროში მიგვაქანებდა. ჯერ მარტო გარეგნობა რად ღირდა ავეტიკასი, ცოცხალი, მოძრავი თვალებითა და მუდამ გაოცებული გამომეტყველებით, თავის ამქარს ყოჩივით წინ რომ მიუძღოდა, თანაც შიშით გული რომ უკანკალებდა; ან რა ტონალობის ხმებს აჟღერებდა, ან რა შეკმაზული ქართულით ლაპარაკობდა, ან როგორ დადიოდა და მოძრაობდა! მსახიობს ბეწვის ხიდზე გაჰყავდა ავეტიკა, სინამდვილისა და გამონაგონის ისეთ ზღვარზე, როცა ოდნავი უზუსტობა და ყველაფერი იმსხვრევა, სინამდვილეს სიყალბე შეცვლის, რეალობას – ტყუილი, მაგრამ ამ ბეწვის ხიდზე ღირსეულად გასული ხომ შემოქმედებით მწვერვალზე აღმოჩნდება ხოლმე.

როდესაც საქმე ეხება პერსონაჟს, რომელიც მსახიობმა უნდა ამხილოს, სააშკარაოზე გამოიყვანოს, შეიძლება ითქვას, აქ გოძიაშვილს ბადალი არა ჰყავს; მას შეუძლია, მკაცრი მსაჯულიც იყოს თავისი გმირისა და – შემწყალებელიც. ვასო გოძიაშვილს აქვს უნარი, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანოს უარყოფით გმირს. მაგრამ გოძიაშვილისეული იუმორის და რაღაც განსაკუთრებულად შერბილებული სატირული ხერხების წყალობით მსახიობი არასოდეს გვამძიმებს, არასდროს თავს არ გვახვევს მხილების სიმძაფრეს; მსჯავრი თავისთავად იბადება ჩვენში. ასეთი იყო დიდი გოგოლის პიესის – „რევიზორის“ გმირი ხლესტაკოვი.

გავიხსენოთ თანამედროვე კომედიური პერსონაჟი სპექტაკლში – „ოქრო კაცი ბეწვის ხიდზე~. გედეონ ჭიჭინობელიძეს, მეცნიერებას ასე რომ მისძალებია, მხოლოდ პატივმოყვარეობა ამოქმედებს. იგი ისე გაკადნიერებულა, რომ სხვისი სამეცნიერო შრომით აპირებს და ახერხებს კიდეც, მეცნიერებაში ფეხის შედგმას. მოჩვენებითად ლამაზი ლექციების კითხვით, ახალგაზრდა, მიამიტ მსმენელს უგემოვნობასა და აზრის სიყალბეს შთააგონებს. გოძიაშვილი მძაფრ ირონიას მიმართავს გედეონის მხილებისას. ეს ერთი შეხედვით მომხიბვლელი მეცნიერ-მუშაკი სპექტაკლის ფინალისათვის ისეთი შემოძარცული რჩება, რომ ცდილობ, თვალი მოარიდო ამ ღირსებადაკარგულ კაცს…

მაგრამ მსახიობის შემოქმედებითი არსი მაინც სიცოცხლის სიყვარულში, დადებითის გამოვლენაში მდგომარეობს; ამას ემსახურება როგორც მისი უარყოფითის მხილების, ასევე დადებითის დამკვიდრების პათოსი. ასეთი იყო მისი რუბინშტეინი პიესაში – „ვის ემორჩილება დრო“. ამ პიესას, ალბათ, არ გავიხსენებდით, რომ მასში არ შექმნილიყო რუბინშტეინის დიდებული სახე; როდესაც ამ პირველხარისხოვან პერსონაჟს უყურებდით, გიკვირდათ, როგორ ალაგმა მსახიობმა თავის თავში გოძიაშვილისეული კომედიური ხერხები, სად გაქრა მისი ბობოქარი ტემპერამენტი, ხალისიანი სიტყვა, მკვეთრი მოძრაობები, როგორ გარდაიქმნა იგი ამ ჩია მოხუცად.

რა განუზომელი სევდა აღჰბეჭდოდა სახეზე მოხუც ებრაელ მესაათეს, როდესაც გერმანელი ფაშისტის დამამცირებელ სიტყვებს ისმენდა. ჩვენ წინ იდგა ერის ტკივილით შეძრწუნებული ადამიანი და იმდენად დიდი იყო ძალა მის სულში გამეფებული პროტესტისა ამ არაადამიანური მოვლენის წინააღმდეგ, რომ მაყურებელსაც სწორედ ასე განაწყობდა. სპექტაკლის აზრიც ხომ ეს იყო. და ეს სათქმელი გაცილებით უფრო მკვეთრად, ემოციურად, დრამატული დაძაბულობით ითქვა გოძიაშვილის მიერ, ვიდრე პიესის გმირი ამბობდა.

ვინ მოთვლის გოძიაშვილის მიერ გამოძერწილ სახეებს, მათ აღნუსხვას; ვინ იცის, რამდენი დრო მოუნდებოდა, მაგრამ არ შეგვიძლია განსაკუთრებული მღელვარებით არ გავიხსენოთ ჩვენი ლიტერატურისა და, გოძიაშვილის წყალობით, ჩვენი სცენის უკვდავი სახე; სახე, რომელიც მსოფლიო სამსახიობო მიღწევების საგანძურს კიდევ ერთი განუმეორებელი სცენური ქმნილებით დაამშვენებდა; გავიხსენოთ, რადგან მასთან შეხვედრა ყოველთვის ჭეშმარიტ ხელოვნებას გვაზიარებს, კიდევ ერთხელ გაგვაოცებს და მთელი ძალით გვაგრძნობინებს ჭეშმარიტი ხელოვნების მომხიბვლელ ძალას.

დიახ, სწორედ ასეა, ეს, უკაცრავად პასუხია, კაცი, ლუარსაბ თათქარიძე გახლავთ, ილიას დალოცვილი ნიჭით ნაძერწი ლუარსაბი, შემდეგ კი ვასო გოძიაშვილის მიერ სცენაზე გადმოტანილი და თეატრის ენით ბრწყინვალედ ამეტყველებული. რა მსუყედ, ილიასეული ძარღვიანობით, მადლიანი ქართული სიტყვით ცოცხლდება ლუარსაბი, რა ღრმა შინაარსი და იშვიათი სცენური ფორმაა შერწყმული ერთმანეთთან; რა ჰარმონიული და თუ გნებავთ, პოეტური სახეა; სახე, რომლითაც ამაყობს ქართული თეატრი, რომელიც გაუტოლდა დიდი ილიას ქმნილებას, ხორცი შეასხა მას და დღეს თითოეული მაყურებლის წარმოსახვაში სხვაგვარი ლუარსაბი არც კი არსებობს. ვასო გოძიაშვილმა შეძლო შეეკრიბა სკოლის მერხიდან შესისხლხორცებული ჩვენი წარმოდგენები ლუარსაბ თათქარიძეზე, ცოცხალ ადამიანად ექცია, ხელშესახები გაეხადა და დაემკვიდრებინა იგი, როგორც ერთადერთი წარმოდგენა ამ კლასიკურ გმირზე.

ვასო გოძიაშვილთან ყოველი შეხვედრა ზეიმს ჰგავდა; მისი გამოჩენა სცენაზე მუდამ იმის მაუწყებელი იყო, რომ მაყურებელს სიამოვნება არ მოაკლდებოდა, ხოლო თეატრიდან გასულს დიდხანს გაჰყვებოდა შემოქმედების სიხარული და მღელვარება… მსახიობის დაუოკებელი არტისტული ტემპერამენტი და რაღაც განსაკუთრებულად გადამდები შინაგანი სიხალისე, აზარტულობა გატყვევებდათ არა მარტო თეატრში, არამედ საკონცერტო დარბაზებში… დიახ, გაუზვიადებლად შეიძლება ითქვას, რომ 40-50-იანი წლების ქართულ ესტრადას არ ჰყოლია ვასო გოძიაშვილის სადარი მსახიობი; პირველობა ამ სარბიელზეც მას ეკუთვნოდა და განა მისი ხელოვნების მადლი დღემდე არ შემორჩა ჩვენს მეხსიერებას?..

სამამულო ომის მძიმე წლებში გოძიაშვილის ხელოვნება, მის მიერ გაცოცხლებული ფრონტული ცხოვრების ეპიზოდები და დაუვიწყარი ძველი თბილისის „ბოჰემა“ ერთგვარ სულიერ საზრდოს წარმოადგენდა მაყურებლისათვის, რომელსაც სჭირდებოდა ღიმილი, გამხნევება; სჭირდებოდა ნამდვილ ხელოვანთან შეხვედრა…

ვისაც იგი ესტრადაზე ერთხელ მაინც უნახავს, დაგვეთანხმება, რომ ეს იყო ქალაქური ჰანგებისა და ტიპაჟთა ბრწყინვალე დემონსტრაცია; ეს იყო მსახიობის მრავალსახეობის კალეიდოსკოპი, როდესაც მაყურებლის თვალწინ იშვიათი ოსტატობით ცოცხლდებოდა დარბაისელი ყარაჩოხელი თუ ყალთაბანდი კინტო, აღმოსავლეთ საქართველოს ტიპები თუ სხვა ეროვნების თბილისელთა სახეები და გიკვირდათ, როგორ იცვლიდა მსახიობი საკუთარ სახეს – რამდენი გამომგონებლობა, მადლიანი ხმა და სიმღერის ლაზათი ამშვენებდა მას. ყველაფერში ვლინდებოდა დახვეწილი ოსტატობა, ხოლო უსაზღვრო შემოქმედებითი სითამამე არსად სცილდებოდა ზომიერების ფარგლებს.

ეს ის დაუვიწყარი საღამოები გახლდათ, როდესაც სცენაზე ერთმანეთს ცვლიდა საუკეთესო საკონცერტო ნომრები; როდესაც მაყურებელთა დარბაზში ტალღებად გადადიოდა სიცილი და ტაში; აქ იყვნენ სიცილის ოსტატები – თაყაიშვილი და ჟორჟოლიანი, კვანტალიანი და გომელაური; აქ აღტაცებით ვუყურებდით ნონა გუნიას ქართულ ცეკვას, დავით გამრეკელი კი გვატყვევებდა დიდებული სიმღერით; ამ საღამოებში მონაწილეობდნენ ჩვენს ქალაქში სტუმრად მყოფი ხელოვნების ბრწყინვალე ოსტატები და მაინც, როგორც წესი, საღამოს აგვირგვინებდა ვასო გოძიაშვილის გამოსვლა და თითქოს ამას ელოდაო მაყურებელი, თითქოს მასთან შეხვედრისათვის ემზადებოდაო საგანგებოდ, მის გამოჩენას თან ახლდა დაუსრულებელი ტაში, ოვაცია, მაყურებელი დიდხანს არ ტოვებდა დარბაზს, დიდხანს უხმობდა საყვარელ მსახიობს სცენისაკენ, მერე კი გარეთ გასული თეატრის წინ ელოდებოდა მას…

ვასო გოძიაშვილი კინოხელოვნებაში შედარებით გვიან გამოჩნდა და მხოლოდ რამდენიმე გმირი განასახიერა ეკრანზე. მათ შორის ყველაზე მეტად მაყურებელს დაამახსოვრდა ავეტიკა ფილმიდან – „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“. ეს მისი ცნობილი თეატრალურ-სცენური სახეა და რა დასამალია, რომ სცენაზე იგი უფრო შთამბეჭდავი იყო, ვიდრე – ეკრანზე. ვასო გოძიაშვილი მთელი თავის არსებით თეატრის მსახიობად დარჩა; თუმცა ავეტიკაც და სიკოც – ფილმიდან „ქეთო და კოტე“  მაყურებლის დიდი სიყვარულით სარგებლობს და ალბათ იმით, რომელთაც არ ჰქონდათ ბედნიერება ენახათ იგი სცენაზე, ეს კინოპერსონაჟები ერთგვარ შთაბეჭდილებას მაინც შეუქმნიან ამ დიდად ნიჭიერ მსახიობზე.

წელს მას 75 წელი შეუსრულდებოდა. 5 წელია, რაც სცენაზე აღარ ცოცხლობენ მისი გმირები, მაგრამ მათ დავიწყება არ უწერიათ; ვასო გოძიაშვილის ხელოვნებაზე ილაპარაკებენ მოგონებებში, კიდევ ბევრჯერ დაიწერება აღფრთოვანებული სტრიქონები…

მას სიცოცხლეზე მეტად უყვარდა თეატრი. უყვარდა ბოლომდე, ერთგულად. ეს დიდი სიყვარული გამოხატა მან თავის დადგმაში – „ძველი ვოდევილები“, სადაც მისი უკანასკნელი გმირი, მოხუცი მსახიობი ხშირად იმეორებს გულისშემძვრელ სიტყვებს:

ჩემო კედლებო, ისევ მიყვარხართ,

როგორც მიყვარდით მაშინ…

1970 წ.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…