მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის – „საჩუქრის“ 2024 წლის პროგრამა კიდევ უფრო შემცირებული აღმოჩნდა, ვიდრე – შარშანდელი. „შაგრენის ტყავივით დამდნარი ფესტივალი“, როგორც მას შარშან ქეთი დოლიძემ, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა, 2023 წლის დახურვაზე უწოდა, სამი უცხოური სპექტაკლისგან შედგებოდა. წლევანდელი ფესტივალის უცხოურ წარმოდგენათა რიცხვი უკვე ორამდე შემცირდა. აღარ გავიმეორებ შარშანდელი სტატიის ტექსტს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უცხოური მაღალმხატვრული წარმოდგენების ნახვა ქართველი თეატრის შემქმნელებისა და მაყურებლისათვის. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ იმ რანგის წარმოდგენების ნახვა, რაც ყოველ წელს ჩამოაქვს ფესტივალს, მარტოოდენ პრესტიჟის საკითხი არ გახლავთ. წლების განმავლობაში „საჩუქარზე“ ნაჩვენები უცხოური სპექტაკლები ქართული სათეატრო აზროვნების განვითარებასაც განაპირობებს. ამდენად, აუცილებელია, რომ ფესტივალი მიუახლოვდეს მაინც იმ მასშტაბებს, რომელიც მას ბნელ ოთხმოცდაათიანებში ჰქონდა. ვფიქრობ, ერთი მხრივ, „საჩუქრის“ წარმოდგენების და, საერთოდ, მაღალი რანგის უცხოური დასების სპექტაკლების ჩვენება და, მეორე მხრივ, ქართული თეატრის საერთაშორისო ასპარეზზე გატანაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხად უნდა იქნეს განხილული და შესაბამისად დაფინანსებული.
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ მხოლოდ სპექტაკლების ჩვენებით არასდროს შემოიფარგლებოდა. ორი წელია ფესტივალი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მომავალ თაობას. წელს შარშანდელი სტუდენტური ფრინჩი კიდევ უფრო მნიშვნელოვანმა მოვლენამ – ბიენალე კოლეჯმა შეცვალა. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორები ვენეციის ბიენალეს დირექტორის – ჯანი ფორტეს და სამხატვრო ხელმძღვანელის – მიქელე პანელას პროექტის, ბიენალე კოლეჯის მონაწილეები გახდნენ; პროექტი გულისხმობს კონკურსის წესით სპექტაკლის დადგმისთვის საჭირო დაფინანსების მოპოვებას და 2025 წლის ფესტივალზე მის წარდგენას მსოფლიო კულტურის გამოჩენილი ოსტატების გვერდით. ეს დიდი სტიმული და ამავდროულად შესაძლებლობაა ქართველი ახალგაზრდებისთვის.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ცნობილი რუმინელი თეატრის მკვლევრის – ოქტავიან საიუს წიგნის – „ფედრა, ევრიპიდედან რასინამდე, სენეკადან სარა კეინამდე“ პრეზენტაცია; წიგნი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრმა“ გამოსცა.
საგანგებოდ უნდა აღვნიშნო ფესტივალის აფიშები და კატალოგი, რომელსაც ყოველ წელს დიდი გემოვნებით ქმნის დიზაინერი ბესო დანელია. საბედნიეროდ, კატალოგი კვლავ დაბეჭდილი სახით გამოდის და ინფორმაციის ძიება მხოლოდ ინტერნეტში არ გვიხდება.
„საჩუქრის“ წლევანდელ პროგრამაში ოთხი ქართული სპექტაკლი იყო წარმოდგენილი. ვფიქრობ, მათი შეფასება სამომავლოდ ცალკე უნდა მოხდეს. ამჯერად ორ უცხოურ დადგმას განვიხილავ.
სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიაა კაცობრიობის ისტორიაში. დიდი იმიტომაც, რომ ოიდიპოსი არავის ებრძვის – საკუთარი ბედისწერის გარდა; ამიტომ დამარცხებულიცაა და გამარჯვებულიც ერთდროულად. უნებლიე დანაშაული, რომლის თავიდან ასაცილებლადაც მცდელობა არ დაუკლია, მაინც ჩაიდინა; ჩაიდინა და პასუხიც აგო მთელი სიმკაცრით, რადგანაც ხალხის ტანჯვის მიზეზად იქცა.
შარშან ბედნიერება მქონდა, მენახა დიონისეს თეატრი ათენში. უდიდესი შთაბეჭდილება დამრჩა ამფითეატრის ხილვისას – ოიდიპოსის გათამაშება აქ კიდევ უფრო გენიალური და ტრაგიკული იყო და კათარსისამდე მიჰყავდა მაყურებელი…
„საჩუქრის“ საჩუქარი – „ოიდიპოს მეფე“ – დეკლან დონელანის და სცენოგრაფ ნიკ ორმეროდის დადგმა – რუმინეთის კრაიოვას მარინ სორესკუს ეროვნული თეატრში დაიდგა; თბილისში, ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენა გაიმართა აბრეშუმის ქარხნის დიდ სტუდიაში – ძალიან დიდ, გრძელ და უკიდურესად ძველ შენობაში. როგორც „გუგლში“ იძებნება, საწარმო აშენებულა 1883 წელს; აქ ერთ დროს სახელგანთქმული ქართული აბრეშუმის ქსოვილები იქსოვებოდა; დღეს კი არაერთ სპექტაკლსაც მასპინძლობს. „ოიდიპოს მეფეც“ ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა. დეკლან დონელანის და მარინ სორესკუს თეატრის წარმოდგენა მთელი სიგრძე-სიგანით იქნა გათამაშებული და პროცესში ინტერიერ-ექსტერიერიც იყო ჩართული.
სპექტაკლი, ფაქტობრივად, ფაბრიკის ეზოში დაიწყო; შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი, წითელჰალსტუხიანი, სიმპათიური ახალგაზრდა ხალხს უღიმოდა და შენობაში ეპატიჟებოდა. აუდიტორია წინასწარ იყო გაფრთხილებული, რომ სპექტაკლის მანძილზე ფეხზე უნდა ყოფილიყო; ასევე, რეკომენდებული იყო 16+.
სპექტაკლის სცენოგრაფს – ნიკ ორმეროდს დეკლან დონელანთან ერთად კომპანია აქვს დაარსებული და მრავალი ჯილდოსა თუ პრიზის მფლობელებიც არიან.
„ოიდიპოს მეფე“ იმგვარად არის წარმოდგენილი, რომ მისი გათამაშება ნებისმიერ დიდ შენობაშია შესაძლებელი. თებეს მოქალაქეები, ელექტორატი, მოწმეები თუ ქორო მაყურებლებიც ხდებიან.
წარმოდგენაში სრულიად უდეკორაციო სივრცეა – თუ არ ჩავთვლით ერთ პატარა, მართკუთხა, შემაღლებულ ადგილს, საიდანაც ძირითადად ისმოდა შარვალ კოსტიუმსა და წითელ ჰალსტუხში გამოწყობილი ოიდიპოსის ცოტა არ იყოს, პათეტიკური დაპირებები თუ ხელჯოხიანი მარგინალი ქალის, ტირესიას ავისმომასწავებელი წინასწარმეტყველებანი.
მაყურებელი მთელი სპექტაკლის მანძილზე, ოთხმოცი წუთი, ფეხზე იდგა; უფრო ზუსტად, თან დაჰყვებოდა პროტაგონისტს აბრეშუმის ფაბრიკის უზარმაზარ სივრცეში. ამთავითვე უნდა ითქვას, რომ არ არის პირველი შემთხვევა, როცა რეჟისორი მაყურებელს დაატარებს და წარმოდგენის მოქმედ პირად აქცევს. მიხეილ მარმარინოსის სპექტაკლის, დიმიტრი დიმიტრიადისის „ვკვდები როგორც ქვეყანა“- მაყურებლებიც ასევე მოგზაური მოქალაქეები იყვნენ. მაგრამ დეკლან დონელანის სპექტაკლში მუდმივად ხდება ინტერაქცია, სადაც აუდიტორიასთან ურთიერთობა ცოცხალი კონტაქტის სახეს ატარებს. რამონა დრაგულესკო (იოკასტე) , ვლად უდრესკუ, თამარა პოპესკუ, ეუჯინ ტიტუ, ალექს კალანგიუ, კორინა დრუქი, დრუნო ნოფერი, იულია კოლანი, ნიკუ ვიქოლი, რალუკა პაუნი, მარიან პოლიტიკი, ანჯელ რაპაპოკი, ბრუნო ნოფერი, იოანა ანდონი, ადელინა გალიჩენუ, როქსანა მატუ, პეტრი სტაფენესკუ, კატალინა ვინატორუ, იარინა ზიდარუ – ეს სპექტაკლში დაკავებული მსახიობების ჩამონათვალია; ყველა მათგანს ქოროს ფუნქციაც ჰქონდა შეთავსებული. ამასთანავე, ინტერაქციის მონაწილეებიც იყვნენ – შეიძლება, საცეკვაოდ გაეწვიეთ ან უკმაყოფილოდ გაეკრათ თქვენთვის მხარი. ოიდიპოსი (კლაუდიო მიჰაილი) პირადადაც მესაუბრა და სრული სერიოზულობით მაჯერებდა და მიხსნიდა თავისი პოზიციის მართებულობას.
სპექტაკლის დეკორაციის ორი ფრაგმენტი მოშორებით, სიღრმეში იდგა – მეფე პოლიბოსისა და დედოფალ მეროპეს სამყოფელს ასახავდა.
თვალს ჭრიდა გრძელი, ძვირფასი სერვიზით გაწყობილი მაგიდა; შემაძრწუნებლად ჩანდა პოლიბოსის განსასვენებელი ტახტი, რომელთანაც მამის სიკვდილით დამწუხრებული და თანაც უბედნიერესი ოიდიპოსი ცეკვავდა.
მაყურებლები ქოროც ვიყავით შეთავსებით და – თებეს მოქალაქეებიც.
არ ვიცი, „ოიდიპოს მეფე“ სხვა სივრცეში როგორ აღიქმება, მაგრამ აბრეშუმის ფაბრიკის დაფხავებული კედლების ფონზე, გრძელ სივრცეში, წარმოდგენის ფრაგმენტები მიაგავდა ოიდიპოსის ბედნიერი ბავშვობის იმ მოგონებებს, რომელიც აღარასოდეს ბრუნდება.
კლაუდიო მიჰაილის ოიდიპოსი თანამედროვე პოლიტიკურ ლიდერს ჰგავს. ექსტერიერიდან მოყოლებული ის ხალხის გვერდით იყო. კიბიდან შეუძღვა მათ ერთ-ერთ ოთახში, სადაც სარეანიმაციოდ გამზადებული პაციენტი იწვა; მღვდელიც იქვე იყო და – სამედიცინო პერსონალიც.
შავი ჭირი მძვინვარებდა თებეში; ჩვენს შემთხვევაში – პანდემია, სახელად – კორონა ვირუსი. სწორედ აქ დაიბადა თანამედროვე მეფე-ლიდერი (ხალხის არჩეული სფინქსის ამოცანის გამოცნობის გამო), რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო ხალხის ბედზე.
ამთავითვე უნდა ითქვას, რომ კლაუდიო მიჰაილი საოცრად ქარიზმატულია. მისი ოიდიპოსი ნებისმიერ ეპიზოდში უაღრესად დამაჯერებელია, მოაზროვნე; მუდმივად ცდილობს საკუთარი ემოციების მოთოკვასა თუ დაფარვას; პასუხისმგებლობის გრძნობაც გააჩნია, არაერთი სხვა თანამედროვე პოლიტიკური ლიდერისგან განსხვავებით.
სოფოკლეს განაჩენი, მითოსთან შესატყვისად, თვალების დათხრაა იოკასტეს თვითმკვლელობის შემდეგ. კლაუდიო მიჰაილის ოიდიპოსი კი ტანსაცმელს იხდის… მთლიანად, ფეხსაცმელსაც… საქართველოში დაწერილ რეცენზიებში ამ საკამათო გადაწყვეტაზე თითქმის არაფერს წერენ. არადა, ჩემთვის ეს ეპიზოდი არანაკლებ ტრაგიკულია, ვიდრე – თვალების დათხრა. მეფე-ლიდერი, ბოლომდე განძარცვული ყველა ამქვეყნიური რეგალიისგან, თითქოს თავის სრულიად შიშველ ათლეტურ სხეულს მიუგდებს ბრბოს, რომლის დასაცავადაც თავს სწირავდა. ოიდიპოსმა სტუდიის მთელი სიგრძე გადაკვეთა, წუთით გაუჩინარდა და ხელში დედის სხეულით დაბრუნდა უკან; მასთან ცეკვავდა; ეს არის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ცეკვა კაცობრიობის ისტორიაში; თავის დასჯის ერთგვარი ზღვარიცაა. ამის იქით უფსკრული იყო; უფსკრული, სადაც თვალებდათხრილი ოიდიპოსი, ჯოხით ხელში, გაუჩინარდა…
„ტრაგედიები გმირებზე კი არა, ჩვეულებრივ ხალხზეა, ჩვენზე.“ – ამბობს რეჟისორი. „ეს პიესა, ისევე როგორც უმეტესობა ტრაგედიებისა, ჩვენს უსაზღვრო შესაძლებლობაზეა მოვიტყუოთ თავი და პასუხისმგებლობა არ ავიღოთ იმაზე, რაც ჩავიდინეთ. ტრაგიკულ მოვლენათა მსვლელობა კი ეფექტს მხოლოდ იმ შემთხვევაში აღწევს, თუ გავაცნობიერებთ, რომ სრულებით არაა საჭირო ტრაგედიის გმირი თავად ვიყოთ, ეს ყველაფერი რომ განვიცადოთ.“ ეს სიტყვები დეკლან დონელანს ეკუთვნის; როგორი მართალია იგი…
„ოიდიპოს მეფე“ ფესტივალის იმ ნამდვილ საჩუქრად იქცა, კათარსისამდე რომ მიჰყავს მაყურებელი.
ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული „საჩუქრის“ პროგრამებს რომ გადავხედოთ, ყოველწლიურად ფესტივალზე მინიმუმ ერთი ბერძნული დადგმა მაინც შეგვხვდება. აღარაფერს ვამბობ ორიოდ წლის წინ ჩატარებულ ბერძნულ ფოკუსზე. ამაში ნამდვილად არის ლოგიკაც – ევროპული თეატრი ხომ საბერძნეთში წარმოიშვა. „სკენე“ თითქოს ყველა ბერძნისთვის საკრალური ადგილია, სადაც მოხვედრა თითოეულ მათგანს აქცევს აპოლონის იმ ქურუმად, რომელსაც თავგანწირვით ემსახურება.
„საჩუქრის“ მრავალწლიანი არსებობის მანძილზე ყველანაირი ბერძნული სპექტაკლი მინახავს და გამიანალიზებია – ოღონდ ასეთი – არასდროს. ევრიპიდის ლასკარიდასის „ლაპის ლაზული“ უდავოდ არის სიახლე ფორმითაც და კონცეფციითაც, რადგან საყვარელი და „უცოდველი“ მონსტრების, ვამპირების გროტესკულ სამყაროში მათ მსხვერპლს ორიოდ ჩონჩხი თუ გვახსენებდა. ამ ჩონჩხებს მთავარი მონსტრი – თავად ლასკარიდასი – ხან ჩაიხუტებდა და ხანაც – ეცეკვებოდა. ალბათ, სიყვარულით შემოეჭმებოდა კიდეც. ეს საშინელებათა დეტალები იყო. დანარჩენი კი ფეერიული და ზღაპრული სანახაობა აღმოჩნდა: კოსტიუმებიც (ქრისტოს დელიდიმოსი და ელეგია პაპაგეორგუ), სცენოგრაფიაც ( სოტორის მელანოსი) , მუსიკა და ხმის დიზაინიც (გიორგუს პულიოს).
ფანტასმაგორია, გროტესკი, ფეერია, ჯადოსნური სახილველი, იუმორი, სარკაზმი, ულამაზესი შოუ, კლოუნადა, კომიკური ბაკქანალია, კარნავალი… არ ვიცი, კიდევ რა ვუწოდო ვამპირების სამყოფელს. ეს იყო მწვანე ხეებით, სახეზე ნიღბებით, ყველგან მიყრილი ჩალითა და ბურბუშელათი (ცოტათი ჩვენს ჩიჩილაკს რომ გვაგონებს), ჯოხებზე წამოცმული ხელთათმანების ქნევით წარმოსახული ქაოსი.
სცენის სიღრმეში, უკანა ფონზე, გამოისახებოდა ხან ცოტა საშიში დრაკონი და ხანაც – ზღვის ცხენი. ყველაფერი უკიდურეს ტემპო რიტმში თამაშდებოდა. მთავარი ვამპირი (ევრიპიდას ლასკარიდასი) და მისი ამალა (ანგელოს ალაფოგიანისი, მარია ბრეგიანისი, ეფტიცია სტეფანუსი, დიმიტრი მაცუკასი და სპიროს ნტოგოსი) სცენის სიღრმეში თითქოს დაფრინავდნენ.
ამალის წევრები მუდმივად ცდილობდნენ, ესიამოვნებინათ მთავარი ვამპირისთვის.
ევრიპიდეს ლასკარისდასის პერსონაჟის ნიღაბი და კოსტიუმი ცალკე სანახაობა იყო – მუდმივად პირდაღებული, კბილებალესილი, გაწეწილი თმებითა და ბაკებით, ფეხებზე კლანჭებით.
სპექტაკლში დაკავებული მსახიობების პლასტიკა უმაღლეს შეფასებას იმსახურებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია მსახიობების „მეტყველება“; „დიალოგებს“ ნახევრად ზმუილით წარმოთქვამდნენ; უფრო ზუსტად – თითო მოკლე ფრაზას ან, სულაც, ერთ სიტყვას. მუნჯის ენა რომ დედას ესმის, იმგვარად…
ერთი, რაც ვერ გავიგე, ისაა, რატომ ჰქვია სპექტაკლს „ლაპის ლაზული“. წარმოდგენის შემდეგ გაღიმებულებმა დავტოვეთ დარბაზი. ლაპის ლაზული, ანუ ლაზურიტი, ნახევრადძვირფასი ლაჟვარდისფერი ქვა, ძალიან ლამაზია, მაგრამ ევრიპიდის ლასკარიდასის გამოცანა ვერ ამოვხსენი; თუმცა თავი იმითღა დავიმშვიდე, რომ ასტროლოგები ამ ქვის ტარებას მირჩევენ – ჰოროსკოპით ასე გეკუთვნისო.
Lela Tsifuria – Catharsis and smile
Lela Tsipuria’s letter concerns the Mikheil Tumanishvili International Arts Festival – “The Gift”, which was held in Tbilisi from November 3 to November 15, 2024. The author has reviewed two foreign performances of the festival – a joint performance of British director Declan Donnellan and the National Theater of Craiova – “Oedipus the King” and a joint performance of Euripides Lascaris and the Greek Theater “Osmosis” – “Lapis Lazuli”.