2025 წლის თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დასრულდა.
როგორც ყოველთვის, ფესტივალმა მაღალი რანგის უცხოურ სპექტაკლებთან ერთად ვრცელი ქართული პროგრამაც შემოგვთავაზა. მათ შორის იყო „ჰამლეტიც“, რომელიც თეატრალური კომპანია „ჰარაკის“ სპექტაკლია.
ყოფილი ღვინის ქარხანაში, აგურის ფაქტურის კედლებში გათამაშებულმა შექსპირის ტრაგედიამ, ლელა სამნიაშვილის ახალი თარგმანითა და მარიამ მეგვინიტეს ადაპტაციით, დიდი ინტერესი გამოიწვია. ქარხნის ინტერიერი და ფაქტურა კარგად მიესადაგებოდა ელსინორის, როგორც ციხის მეტაფორას (სცენოგრაფი თამრი ოხიკიანი). რეჟისორ სანდრო კალანდაძის გადაწყვეტით, სპექტაკლის ეპიზოდები ღვინის ქარხნის სხვადასხვა სივრცეში გათამაშდა.
სპექტაკლი დატვირთული იყო მეტაფორებით. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ორი ეპიზოდი – მეორე მოქმედებაში ე.წ. სათაგურის ეპიზოდის თავისუფალ ვერსია და მესამე მოქმედებაში საერთო საფლავის სცენა ჰამლეტისა და მისი შურისძიების ყველა მსხვერპლის გაჭრილ საფლავში ერთად „ჩასვლით“. ბექა ხაჩიძე, ანა ნიკოლაშვილი, ლაშა-გიორგი ლაშხი, ანანო მახარაძე, გიორგი გიორგანაშვილი, ანასტასია ჭანტურაია, გიორგი წერეთელი, ირაკლი სირბილაშვილი, გიგი რეხვიაშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე, შაკო მირიანაშვილი – სპექტაკლის მონაწილე მსახიობები – ერთად არიან გამწკრივებულნი საერთო სამარის კართან. ქვეყანას კი უცხო ძალა, ფორტინბრასი ეპატრონება. ან კი რომელი ანდერძის აღსრულება ღირს ასეთ მსხვერპლად? და ისევ ჰამლეტის დილემა, ყოფნა-არყოფნა. სად არის ხსნის გზა?
შექსპირი ნაჩვენები იყო ფესტივალის უცხოური პროგრამის ფორმატშიც; თელ-ავივის თეატრმა – გეშერი – რეჟისორ იტაი ტაირანის სპექტაკლი „რიჩარდ III“ შემოგვთავაზა. რიჩარდ III-ის როლში რუსი ებრაელი მსახიობი ქალის – ევგენია დოდინას ხილვა, ცხადია, მოულოდნელობის ეფექტს ქმნიდა. თუმცა სპექტაკლის მიმდინარეობისას გენდერული ჩანაცვლება თითქოს ორგანულიც გახდა. თანამედროვე სამყაროში მარტო კაცები ხომ არ ცხოვრობენ სისასტიკის კანონებით?
წარმოდგენაში შექსპირის ეპოქიდან არავითარი საგნობრივი მინიშნება არ გვხვდება, გარდა გვირგვინისა. თანამედროვე დიზაინის ინტერიერსა და პერსონაჟების კოსტიუმებში მხოლოდ შავი და თეთრი ფერებია გამოყენებული; თითქოს მუნჯი კინოს ესთეტიკიდანაა გადმოსული. სცენოგრაფიაში თანამედროვე ოფისის ან, თუნდაც, სასტუმროს საკონფერენციო დარბაზის ატმოსფერო იგრძნობა. კედლებზე შავი სკამებია მიმაგრებული. გრძელი თეთრი კიბე და მბრუნავი ვენტილატორები მუდმივი მოძრაობის ასოციაციას ბადებს. მაგრამ საითკენ მოძრაობის? ტრაგედიის გმირები გარდაუვალი დაღუპვისკენ მიექანებიან და რიჩარდ III-ის სისხლიან გზაზე მისი ახირებების, ეჭვების, შურისძიებისა და, საერთოდაც, ყოველგვარი სიბილწის მსხვერპლად ქცეულან; უსიტყვოდ ეგუებიან თავიანთ ბედს.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია ე.წ. პიარ კამპანია და არჩევნების სცენა – მონაზვნების სამოსელში ჩაცმული დები წარმატებით გაითამაშებენ ფარსს და რელიგიაც ამ ფარსის ნაწილად არის წარმოდგენილი.
სპექტაკლში გამოყენებულია ებრაული მუსიკა და ცეკვები. წარმოდგენა ეფექტურია, თუმცა, ვისაც რობერტ სტურუას „რიჩარდ III“ გვინახავს, ვერაფერი გაგვაკვირვებს.
„Traplord ხმაურიანი, თამამი, სარისკო, მოულოდნელად სენსიტიური და საოცრად ეფექტური სანახაობაა.“- ამგვარად ეხმაურება გავლენიანი გაზეთი „თაიმსი“ ივან მაიკლ ბლექსთოქის დადგმას. პერფორმანსი ენერგიული და ექსპრესიულია; ის რეპის, ჰიპ ჰოპისა და ქორეოგრაფიის ნაზავს წარმოადგენს. „2023 წლის ოლივიეს ჯილდოს მფლობელი ინტერდისციპლინური პერფორმანსი, რომელიც სიცოცხლის, სიკვდილისა და ხელახალი დაბადების თემებს იკვლევს. TRAPLORD მაყურებელს იწვევს ეჭვქვეშ დააყენოს ის სტერეოტიპები, რომელიც თანამედროვე დასავლურ საზოგადოებაში შავკანიანი მამაკაცების მიმართ არსებობს; მცდელობაა, თავი დააღწიონ იმ მდგომარეობას, როდესაც შავკანიანებს გმობენ მანამ, სანამ საერთოდ გამოჩნდებიან.“ ასეა წარდგენილი საფესტივალო ვებ-გვერდებზე TRAPLORD. და მაინც, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ წარმოდგენაში წარმოსახული შავკანიანი მამაკაცები სულაც არ არიან უწყინარნი; პირიქითაც, ისინი უკიდურესად აგრესიულები არიან ერთმანეთის მიმართ და პერიოდულად დარბაზისკენ მიშვერილი სანათებით თითქოს აუდიტორიაშიც ეძებენ სამსხვერპლოს. ერთ-ერთს ღორის ნიღაბიც მოურგია; წელს ზევით შიშველი მამაკაცების კუნთების დემონსტრირება რეჟისორის კონცეფციასაც გამოკვეთს. ეს ძალადობის სამყაროა, რომელიც ფინალისკენ თითქოს წყნარდება – ექვსი აგრესიული მამაკაცი ერთმანეთთან რიგდება და მაყურებელსაც თანხმობისკენ მოუწოდებს…
ბერძენი რეჟისორის – დიმიტრის კარანზასის სპექტაკლში „სახლი“ ორი მსახიობია, ქალი – ალექსია ქალთსიკი და კაცი – ფიდელ ტალამპუკასი. ისინი ტიპურ თანამედროვე ბინაში ცხოვრობენ და ყოველდღიური რუტინით არიან დაკავებულნი. წარმოდგენაში ისიც კი არ არის დაზუსტებული, რით არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან; უბრალოდ, ერთ საცხოვრებელ სივრცეს იყოფენ და ერთმანეთს არც ეკონტაქტებიან; მუდმივად თავიანთ ყოფით პრობლემებს აგვარებენ. სცენის შუა ნაწილში, მწვანე ფარდის მიღმა, კლიო ბობოტის სცენოგრაფიითა და გელი კალამპაკას ვიდეოინსტალაციით, გავდივართ კედლის იქით, სადაც ქუჩის ასფალტი, მტრედი და კუთხის ბორდიური ჩანს. თავდაპირველად ფანჯრის მიღმა სამყარო, უბრალოდ, ხედს ჰგავს – უძრავს, სტატიკურს, რომელიც შუშის იქითაა. არშემდგარი წყვილის ყოფითი ქმედებების პარალელურად კადრი იშლება და საერთო ხედზე თანდათან თანამედროვე სამყაროს ვრცელ ეპიზოდებს ვხედავთ – ომებს, კონფლიქტებს, ცნობილ პოლიტიკოსებს – სტალინსა თუ მერკელს, სტიქიურ უბედურებებს, აფეთქებებს… ვიდეოინსტალაცია იჭრება წყვილის სახლში და იწვევს უკიდურეს მშფოთვარებას, რომელიც აუდიტორიაზე გადმოდის. სპექტაკლის ფინალში მთელი დეკორაცია იშლება, ირგვლივ ყველაფერი ნადგურდება და ეკრანზე ასახულ ქაოსს ერწყმის. რეჟისორის სათქმელი და პოზიცია მკვეთრად გამოხატულია – რაც არ უნდა ვეცადოთ დისტანცირებას, როგორი კედლებითაც არ უნდა შემოვსაზღვროთ ჩვენი სამყოფელი, მაინც ამ სამყაროს ნაწილნი ვიქნებით და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები უცილობლად შემოიჭრება ჩვენს ცხოვრებაში. სცენაზე რჩება დაშლილი, განადგურებული გარემო.
„2013 წლის თებერვალში პაპი ბენედიქტ XVI გადადგა. ამ ცნობამ მსოფლიო შოკში ჩააგდო…“ ამ თემაზეა ლატვიელი რეჟისორის – ალვის ჰერმანისის სპექტაკლიც, რომელიც ნიუ რიგის თეატრში დაიდგა.
იოზეფ რატცინგერის, პაპი ბენედიქტ XVI-ის როლში მიხაილ ბარიშნიკოვია.
ფილმში ნაჩვენებია პაპის გადადგომის იდუმალებით მოსილი წინა დღე, რომელიც დატვირთულია ყოველდღიური რუტინითა და ყოფითი დეტალებით – საწოლიდან ადგომა, პირის დაბანა, შემოსვა, წითელი ფეხსაცმელების ჩაცმა – ყველაფერი სკრუპულოზური სიზუსტით არის ნაჩვენები ფილმში ან სპექტაკლ-ფილმში, როგორც გნებავთ, ისე ვუწოდოთ.
თუ თეატრის სპეციფიკას გავითვალისწინებთ, ფილმი წარმოდგენის ტემპო-რიტმს, ერთი ოთახის ინტერიერში გათამაშებულს, საკმაოდ ადუნებს; თუმცა, ბარიშნიკოვი ბრწყინვალედ ასრულებს თავის როლს. უაღრესად თავშეკავებული, მინიმალისტური გამომსახველობითი საშუალებებით ქმნის პაპის პორტრეტს. ფიქრების მდინარება, რომელიც ეკრანიდან მოდის, ანალიზის პროცესის ამსახველია; იდუმალება, რომელიც პაპის გადადგომას ახლავს, არსად ქრება და თითქოს იმ თეთრ ვერტმფრენს მიყვება…
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის უცხოური პროგრამის ბოლო ქორეოგრაფიული დადგმა – „მანა“ ისრაელის „ვერტიგო დანს კომპანიმ“ წარმოადგინა. სპექტაკლის რეჟისორი და ქორეოგრაფი ნოა ვერტაიმი იყო. თანაქორეოგრაფი – რინა ვერტაიმ-კორენი, კომპოზიტორი – რან ბანო. და კიდევ, ბრწყინვალე მოცეკვავეები: კორინა ფრაიმანი, მიკაჰ ამოსი, ედენ ბენ-შიმოლი, ზუზანა პრეტზერი, ილან გოლუბოვიჩი, ალმა კარვატ შემეში, ეიალ ელჩარარი, ნოა ისრაელი, ეშედ ვაისმანი, ნივ ქაბირი.
თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს ყოველ წელს ერთი ცნობილი თანამედროვე საცეკვაო დადგმა მაინც ჩამოაქვს. „მანა“ მართლაც განსაკუთრებული აღმოჩნდა. შავი ქვედაბოლოებით მოსილი ფეხშიშველი მოცეკვავეები თითქოს რაღაც უმშვენიერეს რიტუალებს ატარებდნენ სცენაზე. აქ სიყვარულის ახსნაც იყო, ტანჯვაც, განცდებიც, ტკივილიც და სიხარულიც. სპექტაკლის ბოლოს მაყურებლის დასთან შეხვედრაც მოეწყო.
ფესტივალი დასრულდა. თანამედროვე მსოფლიოს არაერთი საუკეთესო სპექტაკლი – თავისი ვნებებითა და განსაცდელებით, კიდევ ერთხელ გათამაშდა ქართულ სცენაზე და ერთი წლით დაგვემშვიდობა.
2026 წლის შემოდგომა ახალ სამყაროში ახალ თეატრალურ ვნებებს მოიტანს!
Lela Tsiphuria – Autumn of Theatrical Passions
The Tbilisi International Theatre Festival was founded in 2009, and its mission is to promote Tbilisi, its culture, unique creativity, and distinctive atmosphere. The festival takes place annually from late September to early October and is one of Georgia’s most important international events.
The author reviews Georgian and foreign productions presented at the 2025 Autumn Theatre Festival. She concludes:
“The festival has ended. Many of the best contemporary productions—full of passions and trials—have once again unfolded on the Georgian stage and now bid us farewell for a year.
Autumn 2026 will bring new theatrical passions into a new world!”










