თბილისის მე-15 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 22 სექტემბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართა. ფესტივალმა უმასპინძლა მსოფლიოში ცნობილ არაერთ ვარსკვლავს. მათ შორის – ჯონ მალკოვიჩს, ლუკაშ ტვარკოვსკის, ინგებორგა დაპკუნაიტეს და სხვებს. საფესტივალო პროგრამა სამი ნაწილისგან შედგებოდა – საერთაშორისო და ქართული პროგრამები, ვორქშოპები, ტრენინგები, დისკუსიები.
ფესტივალის დამფუძნებელია თბილისის მერია; პარტნიორები კი არიან VISA და „აჭარა ჯგუფი“.
ფესტივალი გაიხსნა რეჟისორ ლუკაშ ტვარკოვსკისა და პოლონური სტუდია „Theatregallery“-ის მულტიმედიური წარმოდგენით – „თანამშრომლები“. სამეცნიერო ფანტასტიკის ავტორია ოლგა რავნია; ტექსტის ადაპტაცია კი ეკუთვნის დრამატურგ იოანა ბედნარჩიკის. მოქმედება ვითარდება კოსმოსურ ხომალდზე, სადაც ადამიანები და ჰუმანოიდები ერთად არიან „ჩასახლებულები“. ექსპერიმენტის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ კადეტებად წოდებულსა და დანომრილ ჰუმანოიდებთან თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის პრეცედენტზე მოხდეს დაკვირვება და სამეცნიერო დასკვნების გამოტანა.
„სილქ ფაქტორი სტუდიის“ ცენტრში განთავსებული ოთხკუთხა „ხომალდის“ ნახევრად გამჭვირვალე კედლების იქით, განათებული სვეტის გარშემო ტრიალებს პერსონაჟების ცხოვრება. სპექტაკლის სცენოგრაფია ეკუთვნის ფაბიენ ლედეს, ხოლო ვიდეოინსტალაცია -იაკუბ ლეხის.
ვიდეო „ხომალდის“ შიგნით მიმდინარე ეპიზოდების გარე პროექციას ახდენს. ეს კადრები უშუალოდ სპექტაკლის მსვლელობას ასახავს ოთხივე მხარეს განლაგებულ ეკრანებზე და წარმოდგენაც ცოცხალ ვიდეო ტრანსლაციას ემსგავსება. წარმოდგენა ვიდეოსპექტაკლისა და ვიდეოფილმის ნაზავს ჰგავს – ცოცხალი ჩანართებით. ამგვარ გარემოში ხდება ადამიანთა და ჰუმანოიდთა სულის გაშიშვლება, ფინალში კი მათი სხეულების სრულად გაშიშვლების მოწმენიც ვხდებით. ორგანიზაცია, რომელიც ექსპერიმენტს ატარებს, ჰუმანოიდების გამორთვის, ანუ მათი „სიცოცხლის“ დასრულების ბრძანებას გასცემს. ადამიანები კი, რომლებიც მათთან თანამშრომლობდნენ, უკვე ნამდვილ, სასიყვარულო, მეგობრულ, კონკურენტულ ურთიერთობებში არიან „თანამშრომლებთან“; ურთიერთობებში, რომლის დეფიციტსაც, სავარაუდოდ, ისინი დედამიწაზე განიცდიდნენ. და სწორედ ამის გამო იღებენ ტრაგიკულ გადაწყვეტილებას – უარი თქვან ჰუმანოიდი თანამშრომლების გამორთვაზე და მათთან ერთად დაიღუპონ. როგორც ორგანიზაციის ტექსტური შეტყობინება გვაცნობს, ისინი ბიოლოგიურ მასალებად გარდაიქმნებიან და მომავალი კვლევების ობიექტებად იქცევიან… მაყურებელზე გავლენას ახდენს ელექტრონული მუსიკა და სინათლის ეფექტები; ვიდეოზე ჩანს ჰუმანოიდის თვალებიდან წამოსული ცრემლები, რაც ადამიანებს ყველაზე ჰუმანურ გადაწყვეტილებას მიაღებინებს და თავგანწირვისკენ უბიძგებს. ლუკაშ ტვარკოვსკის სახელოვნო ექსპერიმენტი ეფექტური სანახაობაა; რეჟისორმა ადამიანის არსზე დაგვაფიქრა და საერთაშორისო პროგრამის წარმატებულ დასაწყისად იქცა.
ფესტივალის განსაკუთრებული სტუმარი იყო Flow Projects და Bormio სპექტაკლით – „ბამბის მინდვრების სიმარტოვეში“; წარმოდგენაში თამაშობდნენ ჯონ მალკოვიჩი და ინგებორგა დაპკუნაიტე. სპექტაკლი გვიამბობს ადამიანთა განცდებს პანდემიებისა და ომების ეპოქაში.
„გამოგონებები“- ასე ჰქვია ესპანეთიდან, უფრო ზუსტად კი, კატალონიიდან ჩამოსული თეატრალური დასის – მალ პელოს წარმოდგენას. იოჰან სებასტიან ბახის გენიალური მუსიკა (ცოცხალი ინსტრუმენტული და ვოკალური შესრულებით) და ქორეოგრაფიული მოძრაობები მცირე სატექსტო ჩანართებთან ერთად – ასეთია სპექტაკლის სტრუქტურა.
პერფორმანსი უმეტესად ცარიელ სცენაზე თამაშდება. დეკორაცია, ფაქტობრივად, არც არის, თუ არ ჩავთვლით ბორბლებზე შემდგარ მცირე „სცენას“ მუსიკოსებისთვის, რომელსაც ენერგიულად დაათრევენ სხვადასხვა კუთხეში. სიღრმეში განთავსებულ ეკრანზე პერიოდულად იცვლება პეიზაჟები – კამერა მოძრაობს ტყეში, ხეებს შორის და მუსიკოსების თავებზე ჩამოცმულ ჩალის „ძნებს“ თითქოს პეიზაჟის გაგრძელებად აქცევს.
ეკრანზე გამოსახულება ფინალისკენ იცვლება – თეთრ ცხენსა და თოვლიან პეიზაჟს სინათლე შემოაქვს სცენაზე; მომღერალი და მოცეკვავე პერსონაჟები შავ ან მუქ ყავისფერ შარვლებსა და პერანგებში არიან ჩაცმულნი.
სცენას რამდენჯერმე გადაკვეთს კაფანდარა კაცი, ნაცრისფერკაპიუშონიანი მოსასხამით; იგი რაღაცით ბახის ეპოქიდან გადმოსულს ჰგავს.
ცოცხლად შესრულებული ბახის მუსიკის ფონზე მინიმალისტურ კოსტიუმებში გამოწყობილი მსახიობები ეფექტურად მოძრაობენ (ქორეოგრაფები – პეპ რამისი და მარია მუნიოსი);
თანამედროვე შავ შარვლებში შემოსილი მსახიობების ცეკვა ზოგ ეპიზოდში მიაგავს ბრეიგელის ტილოების მრავალრიცხოვან პერსონაჟთა ქაოსურობას; რეალურად კი ყველაფერი ისევე კარგად გათვლილ-მოწესრიგებული კომპოზიციური წყობაა, როგორც – ბრეიგელთან.
კატალონიური დასის ემოციურმა პერფორმანსმა მაყურებელი მარადიულობასა და ადამიანურობაზე დააფიქრა და დიდი მოწონება დაიმსახურა.
ემოციური აღმოჩნდა კიდევ ერთი უცხოური საფესტივალო სპექტაკლი – „ომის რეპორტიორები“, რომელიც ოთხმოცდაათიანი წლების ბოსნიის ომზეა; დავრწმუნდით, რომ ყველა ომი ერთმანეთს ჰგავს და ადამიანურ ტრაგედიებზეა აგებული. ჟიული რემაკლიმ, სებასტიან ფუკომ და ანსამბლმა დოკუმენტური თეატრი ფესტივალზე „ომის რეპორტიორები“ წარმოგვიდგინეს. ბოლო დროს ჟურნალისტის თვალით დანახული ომის გადაღება თუ მისი სპექტაკლად დადგმა ერთგვარ კლიშედაც კი იქცა. პირადად ჩემთვის, ეს ფაქტი დრამატურგიული დეფიციტის მანიშნებელი უფროა.
ვერც იმ კრიტიკოსების აღმატებულ შეფასებებს დავეთანხმები, რომელიც ფესტივალის ვებ-გვერდზეა ატვირთული…
სპექტაკლში ჟურნალისტებს ომის რეპორტაჟები რადიოსტუდიიდან მიჰყავთ. სულისშემძვრელია პატარა სანდროს დაღუპვის ისტორია. მსახიობს 2 წლის ბიჭუნას მულაჟი უზის კალთაში. სცენაზე ძლიერი აფეთქების სიმულაციაა… კვდება მომავალი; რჩება სრულიად მოუშუშებელი ტკივილები და ბრაზი, რადგან ნებისმიერი ომი ვიღაცისთვის გამდიდრების წყაროა და ის სანდროსნაირთა უმანკო სისხლს ითხოვს მსხვერპლად.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო კიდევ ერთი საერთაშორისო სპექტაკლი, რომელიც ორი თეატრის – სამეფო უბნისა და ჰესენის მიწის მარბურგის თეატრის HLTM (საქართველო-გერმანია) ერთობლივი დადგმაა (რეჟისორი – ნ. ხარატიშვილი). ის რუმინელი მწერლის – აგლაია ვეტერანის რომანის მიხედვით შეიქმნა, ადაპტაცია კი რეჟისორს ეკუთვნის. წარმოდგენაში დაკავებულია შვიდი მსახიობი ქალი: სასკია ბოდენ-დილინგი, ბაია დვალიშვილი, ანკე ჰოფმანი, ზენზი იუბერი, ნატა მურვანიძე, ანა რაუში, ანანო მახარაძე. სპექტაკლი ორ ენაზე თამაშდება – ქართულად და გერმანულად. ქალბატონები ცირკის მსახიობები არიან, რუმინეთიდან უკიდურეს გაჭირვებას გამოქცეულები. ისინი მშობლიურ ენაზე თამაშობენ. კამილა დემენის საცირკო და ეფექტურ კოსტიუმებში გამოწყობილი მსახიობები ხან სასოწარკვეთით, ხანაც იმედით დააბიჯებენ ოთახიდან ოთახში მუდმივ წრეზე და ისევ და ისევ ადამიანურობის ძიებაში არიან. ზაზა რუსაძის ვიდეოინსტალაცია კი წარმოდგენის ფერადოვან ფონს ქმნის.
ქართული პროგრამიდან გამორჩეული იყო ლევან წულაძის სპექტაკლი – „ოტელო“ („თეატრი სახელოსნო 42“).
მხატვარ ნინო სურგულაძის გადაწყვეტით სცენა, ფაქტობრივად, ცარიელია;
მარჯვენა მხარეს დათა დვალიშვილის ვიდეოინსტალაციაა – მოლივლივე ზღვის ფონზე მოჩანს სამი ასული – დეზდემონა (ანუკა გრიგოლია), ემილია (ანა ვასაძე) და ბიანკა (მარიამ ღვინიანიძე); ისინი თეთრებით მოსილ ნიმფებს უფრო ჰგვანან, ვიდრე სისხლიანი ტრაგედიის მონაწილეებსა და მსხვერპლებს.
რეჟისორმა „ოტელოს“ პერსონაჟთა რიცხვი თითქმის გაანახევრა. შესაბამისად, ტექსტმაც მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. ვფიქრობ, მსგავსი კუპიურები თანამედროვე თეატრში სრულიად გამართლებულია – 5 მოქმედებიანი ტრაგედია რთულად საყურებელი იქნებოდა.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის კიდევ ერთი წარმატებული სეზონი დასრულდა; მისი უმთავრესი თემა იყო ადამიანისა და ადამიანურის ძიების პროცესის ჩვენება სცენაზე.