ლელა წიფურია რეცენზია

ყოფნა-არყოფნის ზღვარი

, , ,

შექსპირის პიესების განხორციელება ყველა რეჟისორისა და მსახიობის ოცნებაა. გოჩა კაპანაძეს სხვადასხვა დროს აქვს ნათამაშები  პოლონიუსი და მესაფლავე – გიზო ჟორდანიას დადგმაში – რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე და ავთო ვარსიმაშვილის სპექტაკლში – ჰამლეტი.

რეჟისორის ქართულ-ჩინური „ჰამლეტი, რომელიც შანხაის თეატრალურმა კომპანიამ „GALAXY OF VAST DREAM“ წარმოადგინა, მრავალმხრივ მნიშვნელოვანი  მოვლენაა როგორც ქართული, ასევე ჩინური კულტურის ისტორიაში – „ჰამლეტი“ შექსპირის ენაზე, სხვადასხვა ეროვნებისა და სამსახიობო სკოლის მსახიობების შესრულებით; თანაც ჩინეთში, სადაც დომინანტური ეროვნული თეატრია და ევროპული კულტურა ახლა იკრეფს ძალებს.

სპექტაკლის პრემიერა ამა წლის მარტში შედგა შანხაიში.

გოჩა კაპანაძე  პირველი ქართველი რეჟისორია, რომელმაც ჩინეთში  „ჰამლეტი“   ინგლისურ ენაზე დადგა. პიესის ტექსტი საკმაოდ შეკვეცილია, პერსონაჟების რაოდენობა კი -გაერთიანებულ-გაზრდილი. წარმოდგენაში დამატებულია შექსპირის, იმავე წამყვანის (ლუკა თარხან-მოურავი)  პერსონაჟი, რომელიც მოვლენათა შემფასებლის ფუნქციასაც ითავსებს. სპექტაკლში არის მრავალი ჰამლეტი, არაერთი კლავდიუსი, ნიღბიანი პერსონაჟები, რომლებიც სხვადასხვა პერსონაჟის ფუნქციებსაც ითავსებენ და ინაწილებენ.  რეჟისორის ინტერპრეტაცია ერთნიშნად ბადებს განმეორებადობის, გადამრავლების  ასოციაციას. თითქოს პიესის გმირები დროსა და სივრცეში განფენილან; გვიჩნდება იმის განცდა, რომ ამ პერსონაჟებისა და თავად ჰამლეტის რაღაც ნაწილს ვატარებთ ყველანი  და თითოეული ჩვენგანი დგება მარადიული დილემის წინაშეც:  ყოფნა-არყოფნა. გოჩა კაპანაძის ინტერპრეტაციით, ჰამლეტი თავის მონოლოგის ბოლოს სვამს კითხვებს – ღირდა კი მამის ანდერძის შესრულება ასეთ დიდ მსხვერპლად? იქნებ, განრიდება სჯობს ომს, სადაც ყველა მარცხდება? არის კი შურისძიება გამართლებული, თუკი მას სახელმწიფო ეწირება?  როგორ ან სად გავექცეთ ყოფნა-არყოფნის ტრაგედიას? – ამ კითხვით სრულდება წარმოდგენაც.

ყველაფერი კი სულ სხვანაირად იწყება – მშვიდი, განათლებული ახალგაზრდა ბრუნდება სამეფოში, რომელიც ციხედ არის ქცეული; დიახ, ციხედ, სადაც თავისუფალი აზროვნება აკრძალულია და ყოველივე ერთი ახირებული, ძალად გამონარქებული კაცის ნება-სურვილს ემორჩილება; გაბატონებულია კაენის მოდგმა, რომელმაც ძმის მკვლელობით მოიპოვა ძალაუფლება. მხატვარ ლომგულ მურუსიძის შექმნილი სასახლის კარი რკინისგანაა ნაჭედი; იქვეა სამი რკინის კიბე, რკინის ტახტი, რომელზეც ჯაჭვებია მიმაგრებული. კიბეები წითელი გამჭვირვალე ნაჭრებითაა დრაპირებული. სცენის უკანა მხარეს კი მთელ სიმაღლეზე ცელოფნის ფარდებია ჩამოშვებული. სცენოგრაფია ქაოსურობის, მოუწესრიგებელი ყოფის ასოციაციას ბადებს.

ინვალიდის სავარძელში ჩამჯდარი, მკაცრი გამომეტყველების ჰერტრუდა (ჩენ იჰონგ) უხეშად იცილებს კლავდიუსის ხელს.  დედოფალი ფეხზე წამოდგება და სავარძელს კულისებისკენ გააგორებს. პერსონაჟების კოსტიუმებსა და რეკვიზიტშიც არის ჩინური კულტურისთვის დამახასიათებელი დეტალები. ფერებში მინიმალიზმია – შავი, თეთრი, რკინის ფაქტურა  და წითელი; სულ ეს არის… ინვალიდის ეტლში მოგვიანებით ოფელიაც ჩაჯდება; ჯაჭვებიანი რკინის ტახტსაც სხვადასხვა პერსონაჟი იკავებს პერიოდულად. რკინის ნივთების  დომინირება ყველა პერსონაჟის ერთი სისტემის მარწუხებში მოქცევის სიმბოლოდ აღიქმება. მარწუხები ადრე თუ გვიან ყველას მსხვერპლად აქცევს; მსხვერპლია ჰამლეტიც, რომლის შურისძიებასაც ყველა ეწირება; თუმცა, ყველაზე  ტრაგიკული სწორედ მისი ბედია. მსახიობი თეიმურაზ ძოწენიძე ტყავის პიჯაკით არის შემოსილი.

ჰამლეტი იძულებით  ხდება მკვლელი. მისი პირველი უნებლიე მსხვერპლი პოლონიუსია – იანგ ძინკუნ. ისიც ტყავის ტანისამოსითაა შემოსილი; მძაფრად ემოციური ჟესტებით გამოირჩევა და გრძელი, მიწებებული წამწამებით.

რძისფერი შიფონის კაბით შემოსილი  ნაზი და ჰაეროვანი ოფელია (განო გერლიანი) ჰამლეტის მეორე უნებლიე მსხვერპლია.

ქეთი ციციშვილის კოსტიუმები პერსონაჟების სულიერი მდგომარეობის შესატყვისია.  ჰამლეტისა და ოფელიას ეპიზოდი – „რას კითხულობთ უფლისწულო“ –  ეჭვების ზღვარზე მიმდინარეობს. ოფელია ცდილობს, ფეხზე წამოაყენოს ძირს დაცემული ჰამლეტი; ქალი, თითქოს, ფურცლებზე გაბნეული იმ სიტყვების აკრეფას ლამობს, რომელიც  სივრცეშია გაფანტული.

განო გერლიანი სპექტაკლში ყველაზე უცოდველ მსხვერპლად არის წარმოსახული.

ლაერტიც (გუო იე) ჰამლეტის უნებლიე მსხვერპლია.

გილდენსტერნი (ჰუანგ ძიუნჰაო ) და როზენკრანცი (მა ჰონგფეი) ჰამლეტის მსხვერპლთა რიცხვს მიეკუთვნებიან.

პერსონაჟები თითქოს სადაზვერვო-სადამსჯელო კლანის წარმომადგენლები არიან. წარმოდგენაში დიდ როლს ასრულებს განათებადიზაინი: დაი სიძირი, ჯანგ შუო.

აღმასრულებელი სცენოგრაფის, ირინე ლიუს შექმნილი ვიზუალური ეფექტები, წითელი სოფიტებით, სისხლიანი ტრაგედიის სრულ სურათს ქმნის.

სპექტაკლის პროდიუსერი რენ ძინგი.

პროგრამაში კომპოზიტორად სანდრო თედიაშვილია მითითებული, თუმცა  წარმოდგენაში ჟღერს ჰენდელიც, მალერიც, ყანჩელიც, აზარაშვილიც…

კლავდიუსი (მიხეილ იოსელიანი) შურისძიების ერთადერთი ობიექტია, რომელსაც შლეიფივით მიყვება ყველა დანარჩენი მსხვერპლის (პირველ რიგში კი ჰერტრუდას) სიცოცხლე.  სპექტაკლის მსვლელობისას ის სხვადასხვა ეტაპს გადის და მდგომარეობის შესაბამისად ტრანსფორმირდება.

ყველაზე დამამცირებელი ფინალური სცენაა – დაჩოქილი კლავდიუსი გვირგვინს გაუწვდის ჰამლეტს, რომელიც რკინის ტახტზე მიაგდებს უსარგებლოდ ქცეულ ნივთს. კმაყოფილი მხოლოდ მამის აჩრდილია – ჯენგ ილიანგ, რომელიც მოღიმარი სახით შესცქერის საიქიოსკენ მიმავალ შვილს. შურისძიება შედგა და თავად ჰამლეტიც მსხვერპლად იქცა.

ჩვენ კი კვლავ დავრჩით პირისპირ მარადიულ კითხვასთან – „ყოფნა?.. არ ყოფნა?.. საკითხავი, აი, ეს არის“!

Lela Tsiphuria – The Border of Being and Non-Being

The review discusses the Georgian-Chinese production of Hamlet staged by Georgian director Gocha Kapanadze and presented by the Shanghai-based company Galaxy of Vast Dream.

The premiere took place in Shanghai in March of this year.

According to the reviewer, “Gocha Kapanadze is the first Georgian director to have staged Hamlet in English in China. …The performance features multiple Hamlets, several Claudiuses, and masked figures who embody and share various characters’ functions.”

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…