(თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ქართული პროგრამა)
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მუდამ მაღალი ხარისხის უცხოურ და ქართულ სპექტაკლებს წარმოუდგენს მაყურებელს და ჩვენი სათეატრო ხელოვნების ერთგვარ პროპაგანდისტადაც გვევლინება. ფესტივალის დაარსების დღიდან ქართულ პროგრამაში ნაჩვენები სპექტაკლები ერთგვარად აჯამებს გასულ სეზონს – ამ ფესტივალზე მხოლოდ წლის ყველაზე წარმატებული დადგმები ხვდება. თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ქართული პროგრამა კიდევ ერთი რამით არის გამორჩეული: ფესტივალის ქართულ პროგრამაში წარმოდგენილია ქართული თეატრების სპექტაკლები, რომლებიც უცხოელი რეჟისორების მიერ არის დადგმული. ამჯერად სწორედ ორ ასეთ ნამუშევარს: „ლა ვენეციანასა“ და „ლურჯწვერას“ მიმოვიხილავთ. ასევე შემოგთავაზებთ დიმიტრი დიმიტრიადისის შესანიშნავი რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლის მიმოხილვას, რომელიც ქართველი სადადგმო ჯგუფის მიერ განხორციელდა და კულტურათა დიალოგის შედეგად გვევლინება.
***
ვენეციაში სწორედ ისეთი ამბებია, რომელიც სხვაგან ვერ მოხდება – იდუმალი ჟიგოლოს სასიყვარულო თავგადასავალი, რომელიც, ერთი მხრივ, კლასიკური მელოდრამის სამკუთხედის ყველა კომპონენტს შეიცავს და, მეორე მხრივ, სრული იდუმალებით არის მოცული. პიესის ავტორიც ანონიმურია, მეთექვსმეტე საუკუნის უცნობი დრამატურგი. ირინა ბაგაურის თარგმნილი კომედია მიიჩნევა რენესანსის ხალხური თეატრის შედევრად. გონდოლების, კარნავალებისა და ნიღბების ქალაქში უცნობის ფაქტორი ფრიად ხელსაყრელია – გამოიყენებს როგორც მოისურვებს და ვენეციიდან მალეც წავა, აქ არავის გაახსენდება. მტვირთავი ბერნარდოს (დავით დვალიშვილი) გონდოლაც ისე გაცურავს ვენეციის არხებში, რომ ვერავინ შეამჩნევს ვისთან მიჰყავს სიყვარულით დასატკბობად თავგადასავლების მაძიებელი ახალგაზრდა ჯულიო (გიორგი წერეთელი).
ინტრიგებითა და ვნებებით სავსე ვენეცია მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე რუმინელმა რეჟისორმა – ადრიან ჯურჯეამ გააცოცხლა. სცენაზე ორივე მხარეს მაყურებელთა სკამებია განლაგებული. პერსონაჟთა სამოქმედო არეალი კი მაყურებელთა შორის არის „გაჭრილი“ ვენეციური არხივით. როგორც ნამდვილ ვენეციას შეეფერება, სცენოგრაფმა ქეთევან ნადიბაიძემ და კოსტიუმების მხატვარმა ავთო მოდებაძემ სპექტაკლის დეკორაციაცა და კოსტიუმებიც ისე წარმოსახეს (ჰაეროვანი ფარდებით შექმნილი სივრცე), რომ ირგვლივ ვენეციის პეიზაჟი ირეკლება – არხებითა და გონდოლებით. სასიყვარულო სამკუთხედის მთავარი გმირები – სიყვარულის ობიექტი ქალბატონები – ელეგანტური გრძელი კაბებით შემოსილან; შუა საუკუნეების იტალიის კოსტიუმებს ნამდვილად არ ჰგავს მამაკაცების ჯინსები და ქურთუკები. შეყვარებული ქვრივი ქალბატონის – ნენას მოსამსახურესაც თანამედროვე კოსტიუმი აცვია. სამაგიეროდ, კონკურენტი ვალერიას მოსამსახურის – ორიას სამოსი თანამედროვეობისა და აღორძინების პერიოდის სრული სინთეზია: თანამედროვე მაისურსა და ჩექმებში ჩატანებულ მოტკეცილ შარვალზე გამჭვირვალე კრიოლინი აქვს გადაცმული. დეკორაციის ერთ მხარეს, ფარდებზე, ჩიტებისა და მთვარის აპლიკაციებია მიკრული. მეორე მხარეს კი ისარმომარჯვებული ამურია, სიტუაციის შესაფერისად. ბუტაფორიებში ვენეციის სიმბოლოებიც მოიძებნება – ანტიკური თაღი და ლომის ქანდაკება. და კიდევ რამდენიმე ჩარჩოში ჩასმული თვალი – სწორედ ისეთი, რენესანსის ეპოქის მხატვრები რომ ხატავდნენ. თვალის რამდენიმე გამოსახულება პერსონაჟებშიც და აუდიტორიაშიც ერთსა და იმავე ემოციას ბადებს – არ არის დაფარული, რომ არ გაცხადდეს, მაყურებლისთვის მაინც…
ადრიან ჯურჯეას სპექტაკლში როლების შექმნა უმთავრესია – „ლა ვენეციანა“ სამსახიობო სპექტაკლია. პერსონაჟის განცდების, ემოციების წარმოსახვა კი მხატვრული სახის შექმნის უმთავრესი მეთოდოლოგიაა. ლიკა ქობულაძე – დიდგვაროვანი ქვრივი ანჯელა – უკანასკნელ სიყვარულს ჩაჭიდებული ბანოვანის განსახიერებაა. მოშიშვლებული მხრებითა და მკერდზე ბაფთით ის ჯერ კიდევ მშვენიერი გარეგნობისაა. როგორც ბერნარდოს სიტყვებიდან ვიგებთ, ტემპერამენტიც უხვად აქვს; ლიკა ქობულაძე სიფაქიზით ახდენს ასაკში შესული ქალის კომპლექსების წარმოსახვას სცენაზე. საოცრად ნაზი და მოსიყვარულეა ახალგაზრდა ვაჟთან ურთიერთობისას. უხვად აჯილდოებს ბერნარდოს ჟიგოლოს მოყვანისთვის, ჯულიოს კი უძვირფასეს, ზურმუხტით შემკობილ ოქროს ჯაჭვს აჩუქებს. საბოლოოდ სწორედ ეს ჯაჭვი ხდება მისი მხილებისა და ვალერიას მრისხანების მიზეზი. ანჯელასგან განსხვავებით, ვალერია ხორციელ ვნებებს აყოლილი ქალია, რომელიც შესანიშნავად ახერხებს ქედმაღალი არისტოკრატის ნიღაბს ამოეფაროს და ქმრის ღალატს სიყვარული უწოდოს. თუმცა, რას ვიზამთ? ეს ხომ ვენეციაა, ნიღბების ქალაქი.
მოსამსახურეები – ლილე ფილფანი და ეკატერინე მახარობლიშვილი – ქალბატონების მესაიდუმლეები არიან; მათ სიამოვნებას ცდილობენ.
სპექტაკლში ხშირად ვხედავთ ვენეციის არხებში მოსეირნე ორ მამაკაცს; მათ შორისაა ნამდვილი არტისტიზმით დაჯილდოებული დავით დვალიშვილი – მტვირთავი. ის ერთმოქმედებიან სპექტაკლშიც კი ახერხებს პერსონაჟის სრულყოფილად წარმოსახვას. უხვი გასამრჯელოს მოლოდინში ლამის ემუდარება ჯულიოს, გაყვეს ქვრივთან. დაბეჯითებით ურჩევს თავგადასავლების მაძიებელ ჟიგოლოს არჩევანის გაკეთებას ქვრივის სასარგებლოდ. დავით დვალიშვილისგან განსხვავებით, ტყავის ქურთუკით მოსილი გიორგი წერეთლის ჯულიო სრულიად უემოციოა ყველა ეპიზოდში, პიკანტურ სცენებშიც კი.
ეს ვენეციაში მოხდა – ნიღბების ქალაქში, სადაც ყველა მცხოვრები თავის ჭეშმარიტ სახეს მალავს, რადგანაც მუდმივი კარნავალის მონაწილეა. მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ადრიან ჯურჯეას მიერ ჰაეროვან გარემოში ჩასახლებული მსახიობები მგრძნობიარე პერსონაჟებს თამაშობენ. ყველანი ერთად კი, სიყვარულისა და ვნებების ხლართებით, ესთეტიკურ სანახაობას ქმნიან სიყვარულის კარნავალზე ვენეციაში.
***
დიმიტრის დიმიტრიადისი სამართლიანად ითვლება თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს მწერლად. მისი თხზულებები მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი. 2022 წელს მწერალი საქართველოში იმყოფებოდა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის – „საჩუქრის“ მოწვევით ბერძნული ფოკუსის ფარგლებში. დიმიტრის დიმიტრიადისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმაც უმასპინძლა, სადაც მან შემდეგი სიტყვები თქვა: „ვკვდები როგორც ქვეყანა“ 1978 წელს დაიწერა და დღემდე აქტუალურ ტექსტად ითვლება. ვფიქრობ, რომ არსებული სინამდვილე განაპირობებს ტექსტის აქტუალობას. რეალობა ტექსტის განხორციელებას, გაცოცხლებას განაპირობებს. ვფიქრობ, რომ ტექსტი წინ უსწრებს სინამდვილეს, ჯერ ტექსტია და მერე დგება ის რეალობა, რაზედაც ნაწარმოები საუბრობს. მგონია, რომ სამწუხაროდ, კიდევ დიდხანს იქნება ეს ნაწარმოები აქტუალური“.
რაკი დიმიტრიადისის მშობლიური ბერძნული თეატრი ვახსენე, არ შეიძლება, არ გავიხსენოთ „ბერძნული ფოკუსის“ ფარგლებში ნაჩვენები ბერძნული თეატრის ერთ-ერთი გამოჩენილი რეჟისორის, მიხეილ მარმარინოსის შეხვედრა ახალგაზრდებთან. მარმარინოსმა ვრცელი ნაწყვეტები აჩვენა დიმიტრი დიმიტრიადისის ნაწარმოებზე დადგმული თავისი სპექტაკლიდან – „ვკვდები, როგორც ქვეყანა“. ვიდეოჩანაწერმა დაგვანახა, რამდენად ღრმა და მასშტაბურია წარმოდგენა.
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სპექტაკლი სრული ანშლაგით მიმდინარეობს. სპექტაკლის მოქმედება ხდება დამრეც ზედაპირზე, რომელიც ერთდროულად სახურავსაც გვაგონებს, დამბასაც და თვით პირამიდის კედელსაც. სპექტაკლის რეჟისორი და სცენოგრაფი მიხეილ ჩარკვიანი ამგვარად წარმოგვიდგენენ ქვეყნის მოდელს, რომელშიც ვცხოვრობთ და სადაც მოძრაობა სულაც არ არის უსაფრთხო. აღმართზე მფორთხავი ორი მამაკაცი თოკებით მიმაგრებული პატარა ჩემოდნებითა და მოსრიალე მერხებითა თუ ურიკებით კარგ ფიზიკურ მომზადებასთან ერთად, შეიძლება ითქვას, რომ თავგანწირვითაც გამოირჩევა.
დამრეც ზედაპირზე არც თუ უსაფრთხო მოძრაობის პარალელურად წარმოთქმული სიტყვები განსაკუთრებით მძაფრი და ემოციურია. ქვეყანა ოკუპირებულია; აქ ძალადობა არსებობის ფორმაა, მოძრაობა კი – თვითგადარჩენის ინსტინქტი; ყველა გაქცევას ცდილობს.
მარინა ჯოხაძე, კახა კინწურაშვილი, ეკატერინე დემეტრაძე, ბაია კერესელიძე, ქეთი ჯავახიშვილი, მაშო მაყაშვილი, გივიკო ბარათაშვილი, ანდრო ჭიჭინაძე, თორნიკე ლაზაშვილი, ლუკა ჯაფარიძე არ გვევლინებიან მხოლოდ და მხოლოდ დიმიტრიადისის ტექსტის დეკლამატორებად. განსაკუთრებით გამორჩეულია ეკა დემეტრაძისა და კახა კინწურაშვილის სამსახიობო ოსტატობა.
წარმოდგენის ბოლოს დამრეც ზედაპირზე ვიდეო ინსტალაციით გელათის ღვთისმშობლის მოზაიკა აღიბეჭდება – ჩვენი ტკივილი… „ვკვდები, როგორც ქვეყანა“; წარმოდგენა ყველა თაობის სათქმელს გამოხატავს…
***
ვერავინ დამაჯერებს, რომ ბავშვობაში, როდესაც შარლ პეროს “ლურჯწვერას“ გვიკითხავდნენ, არ შეგვშინებია და ყველაფრის მიუხედავად, იმ იდუმალ ოთახში შეხედვის სურვილი არ გაგვჩენია. ლურჯი წვერის გაზრდაც რაღაც მისტიკური საშინელების არქეტიპად მაქვს ჩარჩენილი მეხსიერებაში, მოსალოდნელი უბედურების მომასწავებლად.
ანდრი ჟოლდაკის შემოქმედებას ქართველი მაყურებელი მესამედ ეცნობა. პირველად 2014 წლის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის, „საჩუქრის“ პროგრამაში იყო ჩართული. პეტერბურგის კერძო თეატრმა – „ანდრეი მირონოვის ანტრეპრიზა“ ჟოლდაკის საოცარი სპექტაკლი – „მადამ ბოვარი“ წარმოგვიდგინა. უნდა ითქვას, რომ ყველაზე ეპატაჟურ რეჟისორთან, როგორც მას სათეატრო წრეებში უწოდებენ, ანდრი ჟოლდაკთან პირველი შეხვედრა მოულოდნელობით სავსე და უაღრესად ემოციური იყო. შემდეგ სპექტაკლებში ჟოლდაკისგან აღარავინ აღარაფერს მოელოდა სტანდარტულსა და ჩვეულებრივს. ყოველი ახალი წარმოდგენა ახალ სტერეოტიპებთან ბრძოლის მანიფესტია. მაგრამ „მადამ ბოვარი“ მაინც სხვა იყო, ჟოლდაკის ყველაზე შთამბეჭდავი და ლამაზი წარმოდგენა.
ქართულ თეატრში სპექტაკლის დასადგმელად ანდრი ჟოლდაკი პირველად ქეთი დოლიძემ მოიწვია. „ მეფე ლირი. ანდრი ჟოლდაკის წარმოსახვა“ 2019 წელს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის, „საჩუქრის“ პროგრამაში იყო ჩართული. ეს წარმოდგენაც ჟოლდაკის სტერეოტიპული ხედვის წინააღმდეგ მიმართული აქცია იყო, შექსპირის თემის ყველაზე უცნაური ხედვა.
სპექტაკლ „ლურჯწვერას“ თითქოს ცოტა აქვს საერთო ზღაპრულ ურჩხულთან. ამ პერსონაჟის ადეპტად წარმოდგენაში შაკო მირიანაშვილის პერსონაჟი მოიაზრება. ჟოლდაკის ფანტასმაგორიას საფუძვლად დაედო ნობელის პრემიის ლაურეატის – ლუიზ გლიკის პოეზია და ფედერიკო გარსია ლორკას „სისხლიანი ქორწილი“. სწორედ ლორკას პიესის ძირითადი თემა – სასიყვარულო სამკუთხედი არის რეჟისორის ფანტასმაგორიის ძირითადი სიუჟეტური ხაზი წარმოდგენის პირველ ნაწილში.
როგორ ტრანსფორმაციას განიცდის ლურჯწვერა და როგორ ვითარდება მისი ურთიერთობები „სისხლიანი ქორწილის“ პერსონაჟებთან? შაკო მირიანაშვილის ლურჯწვერა დედიკოს ბიჭის კლასიკური ნიმუშია. თუმცა სადედამთილო (ნანა ბუთხუზი) გააფთრებით იცავს შვილს და აგრესიით მოუწოდებს ლეონარდოს მკვლელობისკენ’ ლურჯწვერად გარდაქმნის მას. თუმცა ეს ლურჯწვერობაც სიმბოლურია: ცხადია, კაცს ლურჯი წვერები არ ამოსდის და ფემიციდიც უსისხლოდ მიმდინარებს; ქალები და კაცები, რომლებიც შაკო მირიანაშვილს უპირისპირდებიან, ან იგერიებენ მას, ან სცენის სიღრმეში განთავსებული ფანჯრებიდან თავად ხტებიან.
ლეონარდოს ცოლის (მარიამ ბალახაძე; სპექტაკლში მის პერსონაჟს სახელი არ აქვს) მოძრაობები კონვულსიურსაც ჰგავს ხშირად. უაზრო სიცილი და მუდმივი ზრუნვა ქმრის შენარჩუნებისთვის – პირველ მოქმედებაში ცოლი ასეთია და ისედაც გაწელილ პირველ აქტს მისი მუდმივი სირბილი სცენაზე საკმაოდ დამღლელს ხდის. მეორე და მესამე მოქმედებაში ცოლი ბევრად დადინჯებული და გაწონასწორებულია. ისტერიული სიცილიც ნაკლებად ისმის.
ნინო კასრაძეს ტრანსფორმაციის განსაკუთრებული უნარი აქვს და ყველა ახალ როლში სრულიად განსხვავებულია. „ლურჯწვერას“ სამივე მოქმედებაშიც სხვადასხვაგვარ პერსონაჟებს ქმნის – პატარა, თეთრწინდებიანი გოგონათი დაწყებული და შავად მოსილი ივდითიდ დასრულებული. მრავალფეროვანია ნინო კასრაძის გამომსახველობითი პალიტრა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია სპექტაკლის ფინალური ეპიზოდი – ერთ დროს მორცხვი და გაუბედავი, მკვლელად ტრანსფორმირებული ქმარი – (შაკო მირიანაშვილი) სადისტური დაჟინებით იმეორებს – „ჩემია“. ერთ ადგილას გაშეშებული ნინო კასრაძე კი უმწეობისგან კანკალებს…
ნანა ბუთხუზი, რომელიც დედამთილის როლს ასრულებს, მკაცრი და ეჭვიანია; რძლის გაქცევის გამო განრისხებულია. „მოკალი, მოკალი“- ისტერიულად გაკივის გამწარებული.
ლეონარდო სპექტაკლში ერთადერთი პერსონაჟია, რომელიც სახელით შემოდის პირველივე ეპიზოდიდან. ზუკა პაპუაშვილის გამორჩეული ჰაბიტუსი პერსონაჟს ზედმიწევნით ესატყვისება – მას ყველაფრის უფლება აქვს, პირველი სტუმარია ქორწილში, აქედანვე მოიტაცებს პატარძალს. ზუკა პაპუაშვილი ყველა ეპიზოდში თავდაჯერებული და მტკიცეა, განსაკუთრებით ცოლთან ურთიერთობის ეპიზოდებში.
წარმოდგენის ეპიზოდური როლების შემსრულებლებისგან (მარიამ ბალახაძე, ელენე თავართქილაძე, ანდრო ბარათაშვილი, მიხეილ აბრამიშვილი) განსაკუთრებით მიხეილ აბრამიშვილი გამოირჩევა. მისი საოპერო ხმა ჟოლდაკის ფანტასმაგორიას კიდევ უფრო ეპატაჟურს ხდის.
„ლურჯწვერას“ სცენოგრაფი დანიილ ჟოლდაკია. სტილი აღრეულია. სცენის ერთი ნახევარი თანამედროვე სამზარეულო-მისაღებს უჭირავს. მარჯვენა ნახევარში კი ბაროკოს ტიპის თაღიანი ბუხარია, კარადა და ა.შ.
სიმონ მაჩაბლის კოსტიუმები პერსონაჟების ცხოვრების პერიოდების იდენტურია და ზუსტად ასახავს მათ მდგომარეობას. კოსტიუმებში კარგად ჩანს მხატვრის გემოვნება და სტილი.
ანდრი ჟოლდაკის რიგით მეორე დადგმის პრემიერა ქართულ თეატრში დიდი წარმატებით განხორციელდა და თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ქართული პროგრამის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმოდგენად იქცა.
***
ასეთი იყო ლურჯწვერათა ამბავნი ლა ვენეციანადან ანუ ქართველ მსახიობთა საფესტივალო დღენი და ამბავნი, რომელიც სულ მალე ისევ გაგრძელდება…













