ლელა ოჩიაურის სტატია

უახლეს ქართულ თეატრზე, სპექტაკლებზე, პროცესებსა და ტენდენციებზე

, , ,

თეატრისა თუ კინოს კრიტიკოსები, ქორეოლოგები თუ მედიოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები თუ მუსიკისმცოდნეები, ბუნებრივია, წერენ სპექტაკლებზე, ფილმებზე, ქორეოგრაფიულსა თუ მედიაპროდუქციაზე, მხატვრობაზე, მუსიკოსებზე, პროცესებზე,  ტენდენციებზე (ამას პროფესიული  „ვალდებულება“ მოითხოვს) და იშვიათად  (ან  უფრო სწორი იქნება  – არასდროს)  წიგნებზე, რომელთა ავტორებიც ამ პროცესებს,  ტენდენციებს, ფილმებს, სპექტაკლებს  აფასებენ, აანალიზებენ, იკვლევენ. ვერ

ვიტყვი, რომ  ასეთი  ანალიტიკური თუ კვლევითი ხასიათის წიგნები, მონოგრაფიები,

კრებულები, სახელმძღვანელოები არ არსებობს და მათზე სალაპარაკოც არაფერია. მაგრამ

მათ, როგორც ვთქვი, კოლეგები არ განიხილავენ და ხმამაღლა, ოფიციალურად,

პროფესიულ დონეზე არც კამათისა თუ მსჯელობის საგნად აქცევენ ხოლმე. არადა, იყო ეს

ტრადიცია და საკმაოდ კარგი ტრადიციაც.

მინდა, ნავსის გატეხვა ვცადო და ერთ წიგნს გამოვეხმაურო (თუნდაც მისი გამოქვეყნების ფაქტის დასაფიქსირებლად და არა სრულად გასააანალიზებლად, თუმცა მასალა ანალიზისთვისაც და შეიძლება, საკამათოდაც, საამისო პირობას ქმნის), რომელიც სულ ახლახან გამოცა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრმა“  – „უახლესი ქართული თეატრის ტენდენციები“ (სატიტულო ფურცელზე მითითებულია – როგორც დამხმარე სახელმძღვანელო)  და რომლის ავტორია თეატრის კრიტიკოსი, ასოცირებული პროფესორი,  ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (სხვა რეგალიებსა და პოზიციებს აღარ ჩამოვთვლი) – ლაშა  ჩხარტიშვილი.  წიგნის რედაქტორია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მარინე (მაკა) ვასაძე, რეცენზენტები – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები: ასოცირებული პროფესორი მარინე ხარატიშვილი და პროფესორი გიორგი ცქიტიშვილი, სტილისტ-კორექტორი – მანანა სანადირაძე, დამკაბადონებელი – ეკატერინე ოქროპირიძე, ფოტოგრაფი – დმიტრო ნიკოლაენკო, მოდელი – ანასტასია სტრემოუჰოვა, ავტორის ფოტო – ლევან ქათამაძისა.

წიგნის გარეკანი. შეიძლება, თამამად ვთქვა, სახელოვნებო გამოცემების (სახელმძღვანელოებისა და სხვა მსგავსი) ყდების გაფორმების ტრადიციული, დამკვიდრებული და მიღებული სტანდარტებიდან თავისუფალია – წიგნის თანამედროვე დიზაინის მიმზიდველი ნიმუშია (დიზაინერი – ნიკა ბორაშვილი); ის არანაკლებ ზუსტად და აქტიურად, ოღონდ, მეტაფორულად გამოხატავს უახლესი ქართული თეატრის მდგომარეობას, არსსა და სახეს, ვიდრე, ფოტოები სპექტაკლებიდან ან მათი კოლაჟი, ან მხოლოდ წარწერა შეიძლებოდა ყოფილიყო.

ლაშა ჩხარტიშვილის წიგნი მოცულობითად და შინაარსობრივ-თემატურადაც დატვირთულია. სუფთა ტექსტი 345 გვერდია; ავტორი ცდილობს, მოიცვას ყველა ის ფაქტი თუ ამბავი, რომლებიც XXI საუკუნის პირველი 20-წლეულის  (2001 წლიდან 2020-ის ჩათვლით, ნაშრომის სტამბაში ჩაშვებამდე) ქართულ თეატრს წარმოადგენს და მის სახეს ქმნის,  ბოლოდროინდელი სიახლეებისა და პანდემიით შეცვლილი რეალობის ჩათვლით.

ჩვენი ცხოვრება და, შესაბამისად, ხელოვნებაში არსებული მოქმედება-მოძრაობები ამ ეტაპზე თითქოს სწორედ ასე იყოფა – პანდემიამდე და შემდგომ. ლაშა ჩხარტიშვილიც  უახლესი ქართული თეატრის (ხელოვნების) ამ ახალ (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით და სახელდახელოდ დადგენილ) პერიოდიზაციასაც იყენებს და მომავლისკენაც იხედება, არსებულის მიხედვით, ხვალინდელი დღის განსაზღვრასაც ცდილობს, თუმცა, ვფიქრობ, რთული საქმეა (იქნებ, შეუძლებელიც), რადგან, პირდაპირი მნიშვნელობითაც, არც პოსტპანდემიური დრო და არც პოსტპანდემიური თეატრის ეპოქა ჯერ, სამწუხაროდ, არ დამდგარა. თუმცა ის, რაც აქამდე ზოგადად იყო და რაც ახლაა, ავტორს, ასე თუ ისე, აძლევს ვარაუდის საშუალებასა და უფლებას, განსაზღვროს, რა მოხდება.

განვლილი და თანამედროვე ტენდენციების გამოსავლენად და იმის საჩვენებლად თუ გასაანალიზებლად, რა იყო და როგორ მოვიდა უახლესი ქართული თეატრი დღემდე, ლაშა ჩხარტიშვილი წიგნს რამდენიმე თემად და საკითხად, შესაბამის თემატურ, პრობლემურ ნაწილად  ყოფს, რომლებიც, თავის მხრივ, სხვადასხვა კონკრეტულ მიმართულებას, თემასა და საკითხს აერთიანებს/იფარებს.   

წიგნში ქრონოლოგიურად და თემატურადაა ასახული თანამედროვე და უახლესი ქართული თეატრის დეფინიცია და საზღვრები, გამოკვეთილია ძირითადი თემები, ქართული დრამატურგიის პრობლემები; გაკეთებულია ზოგადი ანალიზი; შესწავლილია უახლეს ქართულ თეატრში შექსპირის სცენური ინტერპრეტაციები, ექსპერიმენტები ტრადიციულსა და ალტერნატიულ სივრცეებში, სამსახიობო ხელოვნება, თეატრალური ფესტივალები საქართველოში; ასევე საუბარია, რას წერს მედია ქართული თეატრის შესახებ; ავტორი მიმოიხილავს პანდემიასა და ქართულ თეატრსაც!

ეს ყოველივე, ერთი მხრივ, ავტორის არჩევანი და ხედვაა და მეორე მხრივ, ის პირობა და მოცემულობა, რასაც რეალობა მას სთავაზობს.

თემატიკისა და  ძიების, მასალის შერჩევის (არის ეს ავტორი – დრამატურგი, რეჟისორი, მსახიობი, თუ სხვა) პრინციპი, სპექტაკლებისა თუ დრამატურგიის ამა თუ იმ მიმართულების გამოკვეთა, თეატრალური ფორმების თავისებურებების აქცენტირება, დინებებს გაყოლა, სიახლეები, „კლასიკური“ ფორმები თუ ახლის ძიებები – ის საკითხები და პრობლემებია, რომლებიც 20 წელია გასდევს ქართულ თეატრს და იცვლება ან არ იცვლება, რომლებიც სპეციფიკურ ნიშნებსა და მახასიათებლებს შეიცავს და რომლებიც, წიგნის ავტორის აზრით, წარმოადგენს და განსაზღვრავს კიდეც უახლესი ქართული თეატრის ტენდენციებს, ხასიათსა და თავისთავადობას – თავისი პლუსებითა და მინუსებით.

წიგნის ისედაც დიდი ფორმატისა და გარკვეულ თემატიკაზე, მიმართულებებზე, თეატრის შიგნით ძიების პროცესებზე, დასახულ ამოცანებზე კონცენტრირების გამო, ბევრი ავტორი, სპექტაკლი (მათ შორის – წარმატებული და მხატვრული ღირებულებებით გამორჩეულიც) და შეიძლება, თეატრიც კი, ლაშა ჩხარტიშვილის მზერის არეში ამჯერად ვერ მოხვდა, მაგრამ მისი აქტიური ბუნება და მუდამ პროცესების ეპიცენტრში ყოფნის სურვილი, დაკვირვება ამ პროცესებზე და მათი აღწერისას დაგროვილი მასალა, კრიტიკული წერილები თუ სამეცნიერო ნაშრომები  მაფიქრებინებს, რომ სულ მალე კიდევ ერთ ახალ კრებულსა თუ წიგნს ვიხილავთ.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…