პროლეტარიატი, როგორც სუბიექტი და რეპრეზენტაცია
IV
„ამქვეყნიურ სიკეთეებსა და ზენეტარებებზე [jouissances] ყველას თანასწორი უფლება, ყოველგვარი ავტორიტეტის მოშლა, ყოველგვარი მორალური შეზღუდვის უარყოფა, აი, თუკი საგანთა სიღრმეს ჩავყვებით, 18 მარტის ამბოხისა და იმ შემაძრწუნებელი გაერთიანების საფუძველმდებარე მიზეზი, რომელმაც ეს ამბოხი არმიით მოამარაგა.“
(18 მარტის ამბოხთან დაკავშირებით საპარლამენტო გამოძიება)
73. არსებული პირობების გამაუქმებელი რეალური მოძრაობა, საზოგადოებას ბურჟუაზიის ეკონომიკური გამარჯვების და აშკარად ამ გამარჯვების პოლიტიკურად თარგმნის მომენტიდან მართავს. საწარმოო ძალების განვითარებამ ძირი გამოუთხარა ძველ საწარმოო ურთიერთობებს, ყოველგვარი სტატიკური წესრიგი აქ მტვრითაა დაფარული. ყველაფერი ის, რაც ოდესღაც აბსოლუტურად ითვლებოდა, ახლა ისტორიულად ქცეულა.
74. ისტორიაში გადაგდებულობითაა [C’est en étant jetés dans l’histoire], ისტორიის მაკონსტიტუირებელ სამუშაოსა და ბრძოლებში მონაწილეობითაა, რომ ადამიანები იძულებულები ხდებიან თავიანთ ურთიერთობებს განხიბლულობაში გაუსწორონ თვალი. ამ ისტორიას არ გააჩნია მასში მიმდინარე რეალობისგან გარჩევადი რაიმე ობიექტი, თუმცა კი, ისტორიული ეპოქის უკანასკნელ არაცნობიერ მეტაფიზიკურ ხედვას შეუძლია, რომ წარმოებითი პროგრესი იმ მზერის ქვეშ მოაქციოს, რომელშიც ისტორია, საკუთრივ ისტორიისავე ობიექტად თვითგანიშლება. ისტორიის სუბიექტად ყოფნა მხოლოდ თვითწარმოებად მცხოვრებს თუ შეუძლია, მას, ვინც საკუთარივე ისტორიული სამყაროს ოსტატად და განმკარგველად ქცეულა, მას, ვინც, საკუთარივე თამაშის ცნობიერებად მყოფობს.
75. ხანგრძლივი რევოლუციური ეპოქის კლასთა ბრძოლები ბურჟუაზიის აღმასვლით დაიწყო და იმ ისტორიული აზროვნების, იმ დიალექტიკის თანხლებით ვითარდება, რომელიც არსებულის საზრისის კვლევა-ძიებაზე კი აღარ ჩერდება, არამედ ყოველივე არსებულის უკუგდების ცოდნამდე ადის და ამ მოძრაობაში ყოველგვარ განცალკევებასაც თან აუქმებს.
76. ჰეგელი სამყაროს კი არა, სამყაროს გარდაქმნას ინტერპრეტირებდა. მხოლოდ ამ გარდაქმნის ინტერპრეტაციითაა, რომ ჰეგელი ფილოსოფიის ფილოსოფიური დასასრულია. მას უნდა გაიგოს სამყარო, რომელიც თვითკეთებაშია. ეს ისტორიული აზრი კვლავაც მხოლოდ იმ ცნობიერებას ეკუთვნის, რომელიც ყოველთვის ძალზე გვიან მოდის, რომელიც გამართლებას post festum აცხადებს. ამგვარად, განცალკევებასაც იგი მხოლოდ აზრის სფეროში გასცდენია. პარადოქსი, რომელიც ყოველი რეალობის მნიშვნელობას ამ რეალობის ისტორიულ დასასრულზე დამოკიდებულებაში ხედავს და ამავდროულად, ამ მნიშვნელობას ისტორიისავე დასასრულის მაკონსტიტუირებლად ააშკარავებს, იმ უბრალო ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ მე-17 და მე-18 საუკუნეების ბურჟუაზიული რევოლუციების მოაზროვნეები, ჰეგელის ფილოსოფიაში სხვას არაფერს ეძებდნენ, თუ არა ამ რევოლუციების შედეგთან მორიგებას. „ბურჟუაზიული რევოლუციის ფილოსოფიად აღებულიც კი, ჰეგელი არ გამოხატავს ამ რევოლუციის მთლიან პროცესს, არამედ მხოლოდ მის საბოლოო დასკვნას. ამ აზრით, იგი არა რევოლუციის, არამედ რესტავრაციის ფილოსოფიაა.“ (კარლ კორში, თეზისები ჰეგელსა და რევოლუციაზე). ჰეგელმა უკანასკნელმა შეასრულა ფილოსოფოსის საქმე, „განდიდება ყოველივე იმისა, რაც არსებობს“; თუმცა იმას, რაც მისთვის უკვე არსებობდა, მხოლოდ ისტორიული მოძრაობის მთლიანობად შეეძლო ყოფნა. აზრის გარეგან პოზიციას, რომელიც სინამდვილეში შენარჩუნებულ იქნა, შენიღბვა მხოლოდ საკუთარი თავის სულის/გონების [l’Esprit] წინარე პროექტთან გაიგივებით შეეძლო, იმ აბსოლუტურ გმირთან გაიგივებით, რომელიც ყოველთვის იმას აკეთებდა, რაც უნდოდა და უნდოდა ის, რასაც აკეთებდა; ის, რისი შესრულებულობაც დღეს მთლიანად აწმყოს დამთხვევია. ამგვარად, ფილოსოფიას, რომელიც ისტორიის აზრში ესვენება, აღარ ძალუძს საკუთარი სამყაროს განდიდება, არამედ ამ სამყაროს მხოლოდ უკუგდება, ვინაიდან იმისთვის, რომ იმეტყველოს, მან თავიდანვე უნდა დაუშვას იმ მთლიანობითი ისტორიის დასასრული, რომელსაც ყველაფერი მიანიჭა. ამასთან ერთად, ის ერთადერთი ტრიბუნალიც, რომელზეც ჭეშმარიტების საკითხი შეიძლებოდა რომ გატანილიყო, გაუქმებულია.
77. მაშინ, როდესაც პროლეტარიატი საკუთარი არსებობით მოქმედებაში გამოააშკარავებს იმას, რომ ისტორიის ეს აზრი ჯერ კიდევ არაა დავიწყებული, დასკვნის უკუგდება იქვე მეთოდის დადასტურებადაც იქცევა.
78. ისტორიის აზრის ხსნა, ამ აზრის მხოლოდ პრაქტიკულ აზრად ქცევითაა შესაძლებელი; პროლეტარიატის, როგორც რევოლუციური კლასის პრაქტიკა კი არ შეიძლება იმ ისტორიულ ცნობიერებაზე ნაკლები იყოს, რომელიც ამ კლასის სამყაროს მთლიანობაზე ზემოქმედებს. რევოლუციურ მშრომელთა მოძრაობის ყველა თეორიული ნაკადი, იქნება ეს მარქსი, შტირნერი თუ ბაკუნინი, ჰეგელიანურ აზრთან კრიტიკული კონფრონტაციიდან გამომდინარეობს.
79. მარქსის თეორიისა და ჰეგელიანური მეთოდის ერთმანეთისგან განუცალკევებელი ხასიათი, თვითონვეა ამ თეორიის რევოლუციური ხასიათისგან, სახელდობრ, მისი ჭეშმარიტებისგან განუცალკევებელი. ეს პირველადი ურთიერთობა განზოგადებულად იგნორირდებოდა, არასწორად გაიგებოდა და იგმობოდა კიდევაც, როგორც გამოხატული სისუსტე იმისა, რაც შემდგომ მცდარად ჩაითვალა მარქსისტულ დოქტრინად. ბერნშტაინი თავის ნაშრომში, თეორიული სოციალიზმი და სოციალ-დემოკრატიული პრაქტიკა, სრულად ააშკარავებს ამ კავშირს დიალექტიკურ მეთოდსა და ისტორიულ ადგილდაკავებას [prise de parti historique] შორის, წუხს რა 1847 წლის მანიფესტის იმ არასამეცნიერო პროგნოზების თაობაზე, რომლებიც გერმანიაში პროლეტარული რევოლუციის გარდაუვალობას იუწყებოდნენ: „ეს ისტორიული თვითშთაგონება, იმდენად მცდარი იყო, რომ ახალბედა პოლიტიკური ვიზიონერიც კი ძნელად თუ შეძლებდა უკეთესის მოფიქრებას; იგი გაუგებარი იქნებოდა მარქსისთვისაც, რომელსაც უკვე იმ დროისთვის საფუძვლიანად შეესწავლა ეკონომიკა, რომ არა ამ ყველაფერში დანახული ჰეგელიანური ანტითეზისური დიალექტიკის ნარჩენი, რომლისგანაც, მარქსმა, არაუმეტეს ენგელსისა, არასდროს იცოდა თუ როგორ გათავისუფლებულიყო ბოლომდე. ამ საყოველთაოდ აურზაურიან დროში, ეს კიდევ უფრო მეტად საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის.“
80. ამობრუნება, რომელსაც მარქსი ბურჟუაზიულ-რევოლუციური აზრის „გადამისამართებით შენახვის“ გზით ახორციელებს, დროში საკუთარ თავთან შეხვედრისკენ მსწრაფი ჰეგელიანური სულის საწარმოო ძალთა მატერიალისტური განვითარების ტრივიალურ ჩანაცვლებაში არ მდგომარეობს, ვინაიდან ჰეგელიანური სულის ობიექტივაცია, მისივე გაუცხოების იგივეობრივია; ამ სულის ისტორიული ჭრილობები არ ტოვებენ ნაიარევებს. სინამდვილედ ქცეულ ისტორიას აღარ აქვს დასასრული. მარქსმა ჰეგელის განცალკევებული პოზიცია ყოველივე მიმდინარეს წინაშე ჩამოშალა, ამასთან ერთად უზენაესი გარეგანი აგენტის მჭვრეტელობაც ფრჩხილებში მოაქცია. თეორიამ მხოლოდ ის უნდა იცოდეს, რასაც იგი აკეთებს. ამის საპირისპიროდ, თანამედროვე საზოგადოებაში გაბატონებული აზრის მიერ განჭვრეტილი ეკონომიკის მოძრაობა, ჰეგელის წრიული სისტემის მცდელობაში არადიალექტიკური ნაწილის ამოუბრუნებელი მემკვიდრეობაა. იგი მტკიცებაა, რომელსაც ცნების განზომილება დაუკარგავს და რომელსაც საკუთარი თავის გამართლებისთვის საერთოდაც აღარ სჭირდება ჰეგელიანიზმი, ვინაიდან მის მიერ ნაქები მოძრაობა სხვა არაფერია, თუ არა სამყაროული აზრის გარეშე დარჩენილი სექტორი, ის, რისი მექანიკური განვითარებაც ქმედითად ბატონობს ყოველივეზე. მარქსის პროექტი გაცნობიერებული ისტორიის პროექტია. რაოდენობრიობა, რომელიც უბრალოდ ეკონომიკის საწარმოო ძალთა ბრმა განვითარებაში ჩნდება, ისტორიული აპროპრიაციის თვისებრიობად უნდა გარდაიქმნას. პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკა ამ წინარეისტორიის დასასრულის პირველი აქტია: „წარმოების ყველა ინსტრუმენტიდან ყველაზე ძლევამოსილი საწარმოო ძალაა, რომელიც თვითონვეა რევოლუციური კლასი.“
81. ის, რაც მარქსის თეორიას მჭიდროდ აკავშირებს სამეცნიერო აზრთან, იმ ძალების რაციონალური გაგებაა, რომლებიც საზოგადოებაში რეალურად მოქმედებენ. თუმცა მარქსის თეორია ფუნდამენტურად სამეცნიერო აზრის მიღმაა, იქ, სადაც თვითონ სამეცნიერო აზრი მხოლოდ ასეთი გადალახვითვეა შენახული. მარქსის თეორია უპირატესად ბრძოლის გაგებას შეეხება და არა კანონისას. „ჩვენ ერთადერთ მეცნიერებას ვცნობთ, ისტორიის მეცნიერებას“, ვკითხულობთ გერმანულ იდეოლოგიაში.
82. ბურჟუაზიული ეპოქა, რომელსაც ისტორიის მეცნიერულად დაფუძნება სწადია, იმ ფაქტს უგულებელყოფს, რომ ეს მეცნიერება ჯერ თვითონ ეკონომიკასთან ერთად უნდა იქნას ისტორიულად დაფუძნებული. ამის საპირისპიროდ, ისტორია ამ ცოდნაზე რადიკალურად დამოკიდებული მხოლოდ იმდენადაა, რამდენადაც თვითონ ისტორია აგრძელებს ეკონომიკურ ისტორიად არსებობას. თუ რამდენად შეიძლება, რომ ეკონომიკაში ისტორიის წილი (გლობალური პროცესი, რომელიც სახეს უცვლის საკუთრივ სამეცნიერო მონაცემების ბაზისს) სხვა ყველაფერთან ერთად სამეცნიერო დაკვირვების თვალთახედვიდანაც უარიყოფოდეს, იმ ზოგიერთი სოციალისტის დაანგარიშებების ამაოებითაც აშკარავდება, რომელთაც სჯეროდათ, რომ კრიზისების ზუსტი პერიოდულობისთვის მიეგნოთ. მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს მუდმივმა ინტერვენციამ შეძლო და მოახერხა კრიზისული ტენდენციების დაზღვევა, აზროვნების იმავე მოდელმა ამ წონასწორობაში გადამწყვეტი ეკონომიკური ჰარმონია დაინახა. ეკონომიკის გადალახვის პროექტს, ისტორიის ხელში ჩაგდების პროცესს, რომელმაც საზოგადოებრივი მეცნიერებები უნდა შეიმეცნოს და ისინი საკუთარ თავში შემოიკრიბოს, თვითონ არ შეუძლია იყოს მეცნიერული. ამ უკანასკნელ მოძრაობაში, რომელსაც სჯერა, რომ ისტორიის აწმყოზე სამეცნიერო ცოდნით ბატონობს, რევოლუციური თვალსაზრისი კვლავაც ბურჟუაზიულად რჩება.
83. სოციალიზმის უტოპიური ნაკადები, მიუხედავად იმისა, რომ არსებული სოციალური ორგანიზაციის კრიტიკის შიგნით ისტორიულად არიან დაფუძნებული, მაინც მართებულად კვალიფიცირდებიან, როგორც უტოპიურები იმდენად, რამდენადაც უარყოფენ ისტორიას, სხვანაირად რომ ვთქვათ, უარყოფენ მიმდინარედ არსებულ ნამდვილ ბრძოლას, ისევე, როგორც დროის მდინარებას უარყოფენ მათ მიერვე დასახული ბედნიერი საზოგადოების უცვლელი სრულყოფილების მიღმა (ოღონდ ამას აკეთებენ არა მეცნიერებაზე უარის თქმის შედეგად). უტოპისტი მოაზროვნეები ამის საპირისპიროდ, ერთიანად მოცულები არიან წინა საუკუნეებში დაგროვებული სამეცნიერო აზრით. ისინი ამ ზოგადი რაციონალური სისტემის სრულქმნას ეძიებენ. უტოპისტები საკუთარ თავს საერთოდ არ განიხილავენ განიარაღებულ წინასწარმეტყველებად, ვინაიდან სჯერათ მეცნიერული მტკიცებულების სოციალური ძალის; სენ-სიმონიზმის შემთხვევაში მეცნიერების მიერ ხელში ჩაგდებულ ძალაუფლებაზეც კია ლაპარაკი. ზომბარტის ნათქვამისა არ იყოს, „რანაირად სურდათ, რომ ბრძოლის მეშვეობით მიეტაცებინათ ის, რაც მხოლოდ დამტკიცებულ უნდა იქნას“? მიუხედავად ამისა, უტოპისტების სამეცნიერო კონცეფცია ვერ განივრცო ცოდნის იმ სფერომდე, რომლის მიხედვითაც სოციალური ჯგუფები არსებულ სიტუაციაში ინტერესებით მოქმედებენ, მათ დაქვემდებარებაშია ამ ინტერესების უზრუნველმყოფი ძალები, ისევე, როგორც მათივე პოზიციებთან შესაბამისი ყალბი ცნობიერების ფორმები. შესაბამისად, უტოპისტების კონცეფცია არსებითად მოკლებული იყო თვით მეცნიერების განვითარების ისტორიულ რელობას, რომელიც მეტწილად ზუსტად, რომ ამგვარი ფაქტორებიდან გამომდინარე მოქმედი სოციალური მოთხოვნით ორინტირდებოდა; ფაქტორები, რომლებიც ახარისხებდნენ არა მარტო იმას, რაც შესაძლოა, რომ დაშვებულიყო, არამედ იმასაც, რაც შეიძლებოდა, რომ გამოკვლეულიყო. უტოპიურმა სოციალისტებმა, რჩებოდნენ რა სამეცნიერო ჭეშმარიტების ექსპოზიციის წესის მძევლებად, ეს ჭეშმარიტება მისი წმინდად აბსტრაქტული გამოსახულების ამარა მიიღეს, რაც უკვე საზოგადოების ძალზე ადრეული სტადიისთვის იყო ნიშნეული. როგორც სორელმა შენიშნა, ასტრონომიის მოდელზე დაყრდნობით იყო, რომ უტოპისტები საზოგადოების კანონთა აღმოჩენასა და დემონსტრირებას აზროვნებდნენ. მათ მიერ ამხედველებული ისტორიისადმი მტრულად განწყობილი ჰარმონია იმ მცდელობიდან გამომდინარეობს, რომელიც მიზნად ისახავს ისტორიაზე ყველაზე ნაკლებად დამოკიდებული მეცნიერება მიუსადაგოს საზოგადოებას. იგი ცდილობს, რომ საკუთარი თავი ნიუტონიზმის მაგვარ ექსპერიმენტულ უმანკოებასთან ერთად ამოგვაცნობინოს, ხოლო უწყვეტად პოსტულირებული ბედნიერი ბედისწერა „მათი ყაიდის საზოგადოებრივ მეცნიერებაში იმ როლს თამაშობს, რომელიც რაციონალურ მექანიკაში მოქმედი ინერციის ანალოგიურია“ (მასალები პროლეტარიატის თეორიისთვის).
84. მარქსის აზროვნებაში დეტერმინისტულ-სამეცნიერო მხარე ზუსტად ის ნაპრალი აღმოჩნდა, რომლის გავლითაც (მარქსის სიცოცხლეშივე), „იდეოლოგიზაციის“ პროცესმა მუშათა მოძრაობისთვის დატოვებულ თეორიულ მემკვიდრეობაში შეაღწია. ისტორიის სუბიექტის მოსვლა კვლავაც მოგვიანებითშია უკუქცეული, ხოლო ეკონომიკა, როგორც ისტორიული მეცნიერება par excellence, სულ უფრო მეტად მიისწრაფვის მომავლიდან საკუთარივე თავის აუცილებელი უარყოფის უზრუნველყოფისკენ. თუმცა ის, რაც ამ გზით თეორიული ხედვის ველიდან უკუიქცევა, რევოლუციური პრაქტიკაა, რომელიც ამ უარყოფის ერთადერთი ჭეშმარიტებაცაა. ამგვარად, მნიშვნელობას იძენს ეკონომიკური განვითარების თვინიერი შესწავლა და იქვე, მწუხარების კვლავაც ჰეგელიანური სიმშვიდით მიღება; მწუხარების, რომელიც თავისი შედეგით „კეთილი განზრახვების სასაფლაოდ“ ნარჩუნდება. მავანი უეცრად აღმოაჩენს, რომ ახლა, რევოლუციათა მეცნიერების მიხედვით, ცნობიერება ყოველთვის ზედმეტად ადრე მოდის და ამდენად, სწავლებასაც საჭიროებს. „ისტორიამ ჩვენ და ყველა სხვასაც, ვინც ჩვენნაირად ფიქრობდა, დაგვანახა რომ ვცდებოდით. ისტორიამ ცხადად გვიჩვენა, რომ იმ დროს კონტინენტზე არსებული ეკონომიკური განვითარების მდგომარეობა კვლავაც საკმაოდ შორს იყო მომწიფებულობისგან…“, ამბობდა ენგელსი 1895 წელს. მთელი ცხოვრების განმავლობაში, მარქსი საკუთარი თეორიის ერთიანობის თვალსაზრისს ინარჩუნებდა, თუმცა ამ თეორიის გაბატონებული აზრის ნიადაგზე გადამისამართებულმა ექსპოზიციამ, ცალკეული დისციპლინების კრიტიკის ფორმის ქვეშ მისი დაზუსტება გამოიწვია, რამაც უმთავრესად პოლიტიკური ეკონომიის სახით, ბურჟუაზიული საზოგადოების ფუნდამენტური მეცნიერების კრიტიკაში ჰპოვა ასახვა. თეორიის ასეთმა დასახიჩრებამ [mutilation], რაც მოგვიანებით განსაზღვრულობადაც იქნა მიჩნეული, ჩამოაყალიბა „მარქსიზმი“.
85. მარქსის თეორიის ნაკლოვანება ბუნებრივად მისივე ეპოქის პროლეტარიატის რევოლუციური ბრძოლის ნაკლოვანებაც იყო. 1848 წლის გერმანიაში, მუშათა კლასმა არ გადადგა ნაბიჯი პერმანენტული რევოლუციისკენ, კომუნაც იზოლაციაში იქნა ჩახშობილი. ამგვარად, რევოლუციურმა თეორიამ კვლავაც ვერ მოახერხა საკუთარი ერთიანი არსებობის მოპოვება. მარქსის მიერ ბრიტანეთის მუზეუმში ამ თეორიის სამეცნიერო სამუშაოს განცალკევებულობაში დაცვა-დაზუსტებამდე დაყვანა, თეორიისავე კარგვას გულისხმობდა. მოგვიანებით, სწორედ რომ მუშათა კლასის განვითარების მომავალთან დაკავშირებული სამეცნიერო გამართლებები და ამ გამართლებებთან შერწყმული ორგანიზაციული პრაქტიკა აღმოჩნდა დაბრკოლებად პროლეტარული ცნობიერებისთვის.
86. ძალაუფლების რევოლუციურად ხელში ჩაგდების თვალსაზრისით, პროლეტარული რევოლუციის მეცნიერულად დაცვის ყოველგვარმა თეორიულმა უკმარისობამ, როგორც შემცველობის, ასევე წარმოდგენილი ფორმის სახით, შესაძლოა რომ ბურჟუაზიასთან გაიგივებულ პროლეტარიატთან დაგვაბრუნოს.
87. პროლეტარული ძალაუფლების სამეცნიერო ვარგისიანობასთან დაკავშირებული მტკიცებულების წარსულში განმეორებად ექსპერიმენტებზე დაფუძნების ტენდენცია, მანიფესტიდან მოყოლებული მარქსის ისტორიულ აზრს აბუნდოვანებს, აიძულებს რა მას, რომ წარმოების საშუალებების განვითარების ხაზობრივ გამოსახულებას მიემხროს, რომელიც კლასთა ბრძოლითაა ბიძგმიცემული და რომელიც ყოველ ჯერზე „მთლიანად საზოგადოების რევოლუციური გარდაქმნით ან ამ ბრძოლაში კლასთა საერთო განადგურებით“ სრულდება. მაგრამ ისტორიის დაკვირვებად რეალობაში, „წარმოების აზიურმა წესმა“, როგორც ეს თვითონ მარქსმა სხვაგან შენიშნა, კლასთა შორის ათასგვარი კონფრონტაციის მიუხედავად, საკუთარი უძრაობა შეინარჩუნა, ისევე, როგორც გლეხთა აჯანყებებს არასდროს დაუმარცხებია მსხვილი ფეოდალები და არც ანტიკურობის მონათა ამბოხებებს გაუმარჯვია თავისუფალ ადამიანებზე. ხაზობრივი სქემა საწყისშივე მხედველობაში არ იღებს იმ ფაქტს, რომ ბურჟუაზია ერთადერთი რევოლუციური კლასია, რომელსაც კი ოდესმე გაუმარჯვია და ამავდროულად ის ერთადერთი კლასიც, რომლისთვისაც ეკონომიკის განვითარება საზოგადოების დაუფლების მიზეზი და შედეგი იყო. იმავე გამარტივებამ მიიყვანა მარქსი კლასობრივი საზოგადოების მართვის საქმეში სახელმწიფოს ეკონომიკური როლის უარყოფამდე. თუკი ჩანდა, თითქოს აღმავალ ბურჟუაზიას ეკონომიკა სახელმწიფოსგან უნდა გაეთავისუფლებინა, ეს მხოლოდ იმდენად იყო ასე, რამდენადაც ძველი სახელმწიფო სტატიკურ ეკონომიკაში თვითონვე წარმოადგენდა კლასობრივი ჩაგვრის ინსტრუმენტს. ბურჟუაზიამ თავისი ავტონომიური ეკონომიკური შეძლება სახელმწიფოს დაუძლურების შუასაუკუნეობრივ ხანაში, ძალაუფლებრივი წონასწორობის ფეოდალური ფრაგმენტაციისას განივითარა. თუმცა მოდერნულ სახელმწიფოს, რომელიც მერკანტილიზმის გავლით ბურჟუაზიის განვითარებას უჭერდა მხარს და რომელიც საბოლოოდ „laisser faire, laisser passer“ პრინციპის დროს ბურჟუაზიისავე სახელმწიფოდ იქცა, მხოლოდ მოგვიანებით უნდა გამოეაშკარავებინა, რომ ეკონომიკური პროცესის დაანგარიშებად მართვაში, იგი ცენტრალური ძალაუფლებითაც აღჭურვილიყო. მიუხედავად ამისა, მარქსმა ბონაპარტიზმის ცნების ქვეშ მაინც შეძლო თანამედროვე სახელმწიფო ბიუროკრატიის მონახაზის, კაპიტალისა და სახელმწიფოს ურთიერთშერწყმის, „შრომაზე კაპიტალის ნაციონალური ძალაუფლების, სოციალურის დაქვემდებარებისთვის ორგანიზებული ამ საჯარო ძალის“ ჩამოყალიბების აღწერა, რომელშიც ბურჟუაზია ყველა იმ ისტორიულ სიცოცხლეს უარყოფს, რომელიც მასთან თავსებადობით არ დაიყვანება საგანთა ეკონომიკურ ისტორიამდე და თან სურს, რომ „იმავე პოლიტიკური არარათი იყოს გაკიცხული, რომლითაც ყველა სხვა კლასი“. მოდერნული სპექტაკლის სოციოპოლიტიკური საფუძვლები უკვე აქ იკვეთება; იგი პროლეტარიატს უარყოფითად განმარტავს, როგორც ერთადერთ პრეტენდენტს ისტორიულ ცხოვრებაზე.
88. ორადორი კლასი, რომელიც ქმედით შესაბამისობაშია მარქსის თეორიასთან, ორი წმინდა კლასი, რომლისკენაც მიგვიძღვის ყველა ანალიზი კაპიტალში, ბურჟუაზია და პროლეტარიატი, ისტორიის ორადორი რევოლუციური კლასია, თუმცა კი განსხვავებული მდგომარეობებით. ბურჟუაზიული რევოლუცია უკვე განხორციელდა. პროლეტარული რევოლუცია პროექტია, რომელიც წინარე რევოლუციის ბაზაზე განსხვავებული თვისებრიობითაა შობილი. ბურჟუაზიის ისტორიული როლის ორიგინალობის უგულებელყოფით, მავანი პროლეტარიატის იმ პროექტის კონკრეტულ ორიგინალობას ნიღბავს, რომელიც ვერაფერს მიაღწევს მანამ, სანამ საკუთარი ფერით არ შეიმოსება და „საკუთარი ამოცანების განუზომლობას“ არ გაიაზრებს. ბურჟუაზია ძალაუფლებაში იმიტომ მოვიდა, რომ იგი განვითარებადი ეკონომიკის კლასი იყო. პროლეტარიატს თვითონ ძალაუფლებად ყოფნა მხოლოდ ცნობიერების კლასად ქცევით შეუძლია. საწარმოო ძალთა მომწიფებას [mûrissement] მისითვე გამოწვეული მზარდი ჩამორთმევის შემოვლითი გზითაც კი არ შეუძლია ამგვარი ძალაუფლების უზრუნველყოფა. ძალაუფლების იაკობინურად მიტაცება ვერ იქნება მისი ინსტრუმენტი. არცერთ იდეოლოგიას არ შეუძლია, რომ პროლეტარიატს მისივე ნაწილობრივი მიზნების ზოგად მიზნებად შენიღბვაში ემსახუროს, რადგან პროლეტარიატს არცერთი იმ ნაწილობრივი რეალობის შენახვა არ ძალუძს, რომელიც ქმედითად მისია.
89. პროლეტარიატის ბრძოლაში მონაწილეობის განსაზღვრულ პერიოდში, თუკი მარქსი ზედმეტად ბევრს ელოდა სამეცნიერო წინხედვებისგან [prévision scientifique], რამაც ეკონომიზმის ილუზიების ინტელექტუალური საფუძვლის შექმნამდეც კი მიიყვანა, პერსონალურ დონეზე ცნობილია, რომ იგი ამ ილუზიებს არ დანებებია. 1867 წლის 7 დეკემბრის ცნობილ წერილში, რომელიც მან თან დაურთო სტატიას, სადაც თვითონვე აკრიტიკებდა კაპიტალს, სტატიაში, რომელიც ენგელსს პრესისთვის უნდა გადაეცა, როგორც ვითომდა მათი მოწინააღმდეგის კალმიდან გამოსული, მარქსმა ნათლად აჩვენა საკუთარი მეცნიერების საზღვრები: „…ავტორის სუბიექტურ ტენდენციას (რომელიც შესაძლოა, რომ თავს მას საკუთარი პოლიტიკური პოზიციითა და წარსულით მოხვევია), სხვანაირად რომ ვთქვათ, იმ საშუალებას, რომლითაც იგი წარმოაჩენს საკუთარ თავს და რომელშიც სხვებს წარმოუდგენს აქტუალური მოძრაობის, აქტუალური სოციალური პროცესის საბოლოო შედეგს, არაფერი აქვს საერთო მის ნამდვილ ანალიზთან.“ ამგვარად, მარქსი საკუთარივე ობიექტური ანალიზის „ტენდენციური დასკვნების“ მხილებით და მასზე თავსმოხვეულ ექსტრასამეცნიერო არჩევანთან კავშირის მქონე „შესაძლოას“ ირონიით, ამავდროულად ამ ორი ასპექტის ურთიერთშერწყმის მეთოდოლოგიურ გასაღებსაც გვიჩვენებს.
90. ცნობიერებისა და მოქმედების ურთიერთშერწყმა თვითონ ისტორიულ ბრძოლაში ისეთნაირად უნდა განხორციელდეს, რომ ამ ცნებათაგან თითოეული საკუთარი ჭეშმარიტების გარანტიას მეორეში ათავსებდეს. პროლეტარული კლასის სუბიექტად კონსტიტუირება, რევოლუციური ბრძოლების ორგანიზება და რევოლუციურ მომენტში საზოგადოების ორგანიზებაა. აქვე უნდა არსებობდეს ცნობიერების პრაქტიკული პირობები, რომლებშიც პრაქსისის თეორია პრაქტიკულ თეორიად გადაქცევითაა დადასტურებული. თუმცა, რევოლუციური თეორიის მიერ ორგანიზებასთან დაკავშირებული ეს ცენტრალური საკითხი, ყველაზე ნაკლებ იყო გათვალისწინებული მუშათა მოძრაობის დაფუძნების ეპოქაში, სხვანაირად რომ ვთქვათ, მაშინ, როდესაც რევოლუციური თეორია ჯერ კიდევ ისტორიის აზროვნებიდან გამომავალი ერთიანი ხასიათით იყო გამსჭვალული (რომელსაც ამოცანად მართებულად დაესახა ერთიან ისტორიულ პრაქტიკამდე განვითარება). რევოლუციური თეორიისთვის ეს საკითხი შეუსაბამობის წერტილია, რომელიც ბურჟუაზიული რევოლუციიდან ნასესხები ეტატისტური და იერარქიული გამოყენებითი მეთოდების აღდგენას უშვებს. თეორიის ამგვარი უარყოფიდან აღმოცენებულმა მუშათა მოძრაობის ორგანიზების ფორმებმა, თავის მხრივ, ხელი შეუშალა ერთიანი თეორიის შენარჩუნებას, რამაც შედეგად მისი სხვადასხვანაირად სპეციალიზებულ და დანაწევრებულ ცოდნებად განზავება გამოიწვია. შედეგად, თეორიისგან ამ იდეოლოგიურ გაუცხოებას აღარ შეუძლია მის მიერვე ნაღალატევი ერთიანი ისტორიული აზროვნების პრაქტიკული დამოწმების აღიარება, მაშინაც კი, როდესაც ასეთი დამოწმება მუშათა სპონტანურ ბრძოლაში წარმოჩინდება. მას მხოლოდ ამ ბრძოლის ვლენისა და მეხსიერების ჩახშობა შეუძლია. არსებითი ისაა, რომ ამ ბრძოლაში წარმოშობილი ეს ისტორიული ფორმები სწორედ რომ იმ პრაქტიკულ გარემოს განასახიერებენ, რომელიც თეორიასვე სჭირდებოდა იმისთვის, რომ ჭეშმარიტებად ჩათვლილიყო. ეს ფორმები თეორიის იმ მოთხოვნებს წარმოადგენენ, რომელთა თეორიული ფორმულირებაც არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭო არ ყოფილა თეორიული აღმოჩენა, მისი პრაქტიკაში არსებობაც კი უკვე მშრომელთა საერთაშორისო ასოციაციის უმაღლეს თეორიულ ჭეშმარიტებას წარმოადგენდა.
91. ბრძოლებში ინტერნაციონალის პირველმა წარმატებებმა, იგი მასშივე რჩენილი გაბატონებული იდეოლოგიის დამაბნეველი გავლენებისგან გაათავისუფლა. თუმცა მარცხმა და ჩახშობამ, რომელსაც ინტერნაციონალი მალევე გადააწყდა, წინა პლანზე პროლეტარული რევოლუციის იმ ორ კონცეფციას შორის კონფლიქტი წამოსწია, რომელთაგანაც ორივე, კლასის ცნობიერი თვითემანსიპაციის [l’auto-émancipation consciente] მიტოვების ავტორიტარულ განზომილებას შეიცავდა. მართლაც, მარქსისტებსა და ბაკუნინისტებს შორის კამათი, რომელიც თანდათან შეურიგებელ განხეთქილებაში გადაიზარდა, ორგვარი იყო; იგი ერთდროულად მიემართებოდა, როგორც ძალაუფლების საკითხს რევოლუციურ საზოგადოებაში, ასევე მოძრაობის მიმდინარე ორგანიზების თავისებურებებსაც, და ეს ხდებოდა ისეთნაირად, რომ ერთი ასპექტიდან მეორეზე გადასვლისას, მოწინააღმდეგეთა პოზიციებიც თან იცვლებოდა. ბაკუნინი სახელმწიფო ძალაუფლების ავტორიტარული გამოყენების გზით კლასების გაუქმების ილუზიას უტევდა, წინასწარ ჭვრეტდა რა გაბატონებული ბიუროკრატიული კლასის აღდგენას და ყველაზე უფრო განსწავლულთა ან ასეთნაირად მიჩნეულთა დიქტატურას. მარქსს, რომელსაც სჯეროდა, რომ ეკონომიკურ წინააღმდეგობათა განუცალკევებელი მომწიფება და მუშათა დემოკრატიული განათლება, პროლეტარული სახელმწიფოს როლს ობიექტურად თვითდადგენილი ახალი სოციალური ურთიერთობების ლეგალიზაციის უბრალო ფაზამდე დაიყვანდა, ბაკუნინს და მის მიმდევრებს კონსპირაციულ-ელიტისტურ ავტორიტარიზმში ამხელდა, რომელსაც თავი განსჯისეულად ინტერნაციონალის ზემოთ მოექცია და ჩამოეყალიბებინა ყველაზე უფრო თავზეხელაღებულ რევოლუციონერთა ან მხოლოდ ასეთნაირად თვითმიჩნეულთა უპასუხისმგებლო დიქტატურის საზოგადოებისთვის თავსმოხვევის ექსტრავაგანტული გეგმა. ბაკუნინი თავის მიმდევრებს მართლაც, რომ ამგვარ პერსპექტივაზე დაყრდნობით იბირებდა: „სახალხო ქარიშხლის შუაგულში უხილავ მესაჭეებად მყოფებმა, ჩვენ ის უნდა ვმართოთ არა მოჩვენებითი ძალაუფლებით, არამედ ყველა მოკავშირის კოლექტიური დიქტატურის მეშვეობით. დიქტატურით ლენტის [écharpe], სახელწოდების, ოფიციალური უფლების გარეშე, იმდენად ძლევამოსილით, რომ მას აღარაფერი ემჩნეოდეს ძალაუფლების.“ ასეთნაირად უპირისპირდებოდა ერთმანეთს მშრომელთა რევოლუციის ორი იდეოლოგია, რომელთაგან ერთიც და მეორეც ნაწილობრივ მართებულ კრიტიკას შეიცავდა, მაგრამ ისტორიული აზრის ერთიანობის კარგვით, ორივე მათგანი თავს იდეოლოგიურ ავტორიტეტად იმკვიდრებდა. ისეთი ძლიერი ორგანიზაციები, როგორებიც გერმანული სოციალ-დემოკრატია და იბერიული ანარქისტული ფედერაციაა, ამ იდეოლოგიებიდან ერთსა თუ მეორეს ერთგულად ემსახურებოდა. შედეგი კი ყველგან დიდად განსხვავდებოდა სასურველისგან.
92. პროლეტარული რევოლუციის, როგორც უშუალო აწმყოს მიზნის ხედვის ფაქტი, ერთდროულად აყალიბებს რეალური ანარქისტული ბრძოლის სიდიადეს და სისუსტეს (რადგანაც თავის ინდივიდუალისტურ ვარიანტებში, ანარქიზმის პრეტენზიები კვლავაც ღიმილის მომგვრელად რჩება). თანამედროვე კლასთა ბრძოლების ისტორიული აზრიდან, კოლექტივისტური ანარქიზმი მხოლოდ დასკვნას ინარჩუნებს, რომლის აბსოლუტური მოთხოვნაც იქვე ითარგმნება მეთოდისადმი ანარქისტულად განზრახულ ზიზღში. ამდენად, პოლიტიკური ბრძოლის ანარქისტული კრიტიკა აბსტრაქტულია, მაშინ, როდესაც ეკონომიკური ბრძოლის მისეული არჩევანი მხოლოდ იმ განსაზღვრული გადაწყვეტილების ილუზორულ ფუნქციადაა ჰოყოფილი, რომელიც საყოველთაო გაფიცვისა თუ ამბოხის დღეს, ამ ბრძოლის ნიადაგიდან ცალკეულ დარტყმადაა ამოგლეჯილი [arrachée]. ანარქისტებს აქვთ განსახორციელებელი იდეალი. ანარქიზმი სახელმწიფოს და კლასების კვლავაც იდეოლოგიური უარყოფაა, სხვანაირად რომ ვთქვათ, ანარქიზმი თვით განცალკევებული იდეოლოგიის სოციალური პირობების უარყოფაა. იგი წმინდა თავისუფლების იდეოლოგიაა, რომელიც ყველაფერს ათანაბრებს და რომელიც ისტორიული ღვარძლის ყოველგვარ იდეასაც თან აუფასურებს. ამ ათასგვარ და ნაწილობრივ საჭიროებათა ურთიერთშერწყმის ხედვის წერტილმა, ანარქიზმს სიცოცხლის მთლიანობის სასარგებლოდ და არა პრივილეგირებულად კრიტიკული სპეციალიზაციების გარშემო, არსებულ პირობებზე უარის თქმის ასახვის ღირსება შესძინა. თუმცა აბსოლუტურობად მიჩნეულმა ამ ურთიერთშერწყმამ, ინდივიდუალურ ახირებასთან შესაბამისობით, მანამ, სანამ თვითონ განხორციელდებოდა ქმედითად, ანარქიზმივე დაგმო მასში ზედმეტად იოლად შესამჩნევი არათანმიმდევრულობის გამო. ანარქიზმს განმეორებით სათქმელად და ყოველ ცალკეულ ბრძოლაში ასამოქმედებლად ერთი და იგივე მარტივი მთლიანობითი დასკვნა ჰქონდა, რადგანაც ეს პირველადი დასკვნა უკვე დასაწყისშივე მოძრაობის ხელშეუვალი მიზანბოლოს [l’aboutissement intégral] იგივეობრივი იყო. შესაბამისად, ბაკუნინს 1873 წელს, მაშინ, როდესაც იგი იურას ფედერაციას ტოვებდა, შეეძლო დაეწერა: „უკანასკნელი ცხრა წლის განმავლობაში, ინტერნაციონალის შიგნით იმაზე მეტი იდეა განვითარდა, ვიდრე ეს სამყაროს ხსნისთვის იქნებოდა საჭირო; მხოლოდ იდეებს, რომ მართლაც შეეძლოთ სამყაროს ხსნა… და მე გამოვიწვევ ნებისმიერს, ვინც ახალი იდეის გამოგონებას შეეცდება. იდეების დრომ ჩაიარა, ახლა ფაქტებისა და მოქმედებების დრო დგება.“ ეჭვგარეშეა, რომ ეს კონცეფცია პროლეტარიატის ისტორიული აზრიდან საკუთარ თავში ინახავს იდეების პრაქტიკებად ქცევით დაუეჭვებლობას, მაგრამ იგი იმავწამს ტოვებს ისტორიულის ნიადაგს, როგორც კი უშვებს, რომ პრაქტიკისკენ გზის ადეკვატური ფორმები უკვე მოძიებულია და ამიერიდან მხოლოდ უცვლელობაშია დანთქმული.
93. ანარქისტები, რომლებიც იდეოლოგიური რწმენის საფუძველზე თავს აშკარად განისხვავებენ მშრომელთა მოძრაობის კრებითობისგან, ერთმანეთს შორის კომპეტენციების განცალკევებას კვლავაწარმოებენ. ანარქისტულ ორგანიზაციებზე არაფორმალური ბატონობისთვის ხელსაყრელ ნიადაგს ისინი მათივე იდეოლოგიური პროპაგანდისტებისა და დამცველების მეშვეობით, ზოგად წესთან თანხმობაში მყოფი იმ უფერული სპეციალისტების დახმარებით ამზადებენ, რომელთა ინტელექტუალური ქმედითობაც, უმთავრესად მხოლოდ გარკვეულ ჭეშმარიტებათა უბრალო განმეორებითაა შემოფარგლული. თვითონ ორგანიზაციის შიგნით, გადაწყვეტილების ერთსულოვნებისადმი იდეოლოგიურმა პატივისცემამ, მეტადრე კონტროლის მიღმა დარჩენილ მმართველობას, თავისუფლების სპეციალისტებს თუ არგო. რევოლუციური ანარქიზმი განთავისუფლებული ხალხისგან ამ საშუალებებითვე ელოდა ერთსულოვნების იმავე სახეობას. უფრო მეტიც, აქტუალურ ბრძოლაში შეჯგუფებულ უმცირესობასა და თავისუფალ ინდივიდთა საზოგადოებას შორის არსებული დაპირისპირების მხედველობაში მიღებაზე უარის თქმამ, საერთო გადაწყვეტილების მომენტში, ანარქისტების უწყვეტ განცალკევებას დაუდო სათავე, როგორც ამას ესპანეთში ანარქისტების უსასრულო ამბოხებების მაგალითი ცხადყოფს, რომელიც ყოველ ჯერზე ადგილობრივ სიბრტყეზევე დაისაზღვრა და დაიმსხვრა.
94. ნამდვილ ანარქიზმში მეტ-ნაკლები სიაშკარავით შენარჩუნებული ილუზია იმ რევოლუციის უწყვეტი გარდაუვალობაა, რომელიც იდეოლოგიის საფუძვლიანობას და ამ იდეოლოგიისგან გამომავალ პრაქტიკული ორგანიზების საშუალებას წამიერ აღსრულებულობაში ადასტურებს. 1936 წელს ანარქიზმი მართლაც წინ წარუძღვა სოციალურ რევოლუციას და ოდესმე არსებული პროლეტარული ძალაუფლების ყველაზე უფრო სრულქმნილ მონახაზს. ამ ვითარების გათვალისწინებით ერთი მხრივ, ის უნდა აღინიშნოს, რომ საყოველთაო ჯანყის ადრეული სიგნალი სამხედრო გადატრიალება [pronunciamiento de l’armée] იყო. მეორე მხრივ, იმდენად, რამდენადაც ეს რევოლუცია პირველივე დღეებში არ დასრულებულა, რაც ქვეყნის ნახევარზე უცხოური ძალების მიერ მტკიცედ მხარდაჭერილ ფრანკისტთა ძალაუფლების შედეგი იყო (და ეს მაშინ, როდესაც საერთაშორისო პროლეტარული მოძრაობის დარჩენილი ნაწილი უკვე დამარცხებულიყო), ან კიდევ რესპუბლიკელთა ბანაკში ბურჟუაზიული ძალების ან სხვა ეტატისტურად განწყობილ მშრომელთა დაჯგუფებების არსებობის შედეგი, ორგანიზებულმა ანარქისტულმა მოძრაობამ ვეღარ შეძლო არათუ რევოლუციის ნახევარგამარჯვებების განვრცობა, არამედ ამ გამარჯვებების დაცვაც კი. რევოლუციის აღიარებული მეთაურები მინისტრებად და იმ ბურჟუაზიული სახელმწიფოს მძევლებად იქცნენ, რომელმაც რევოლუცია სამოქალაქო ომში დამარცხების გამო გაანადგურა.
95. მეორე ინტერნაციონალის „ორთოდოქსული მარქსიზმი“ სოციალისტური რევოლუციის მეცნიერული იდეოლოგიაა, რომელიც მთელ თავის ჭეშმარიტებას ეკონომიკის ობიექტურ პროცესთან და ორგანიზაციით განათლებული მუშათა კლასის მიერ ამ საჭიროების აღიარების პროგრესთან აიგივებს. ამ იდეოლოგიამ ხელახლა აღმოაჩინა იმ პედაგოგიური დემონსტრირების სარწმუნოობა, რომელიც უტოპიურ სოციალიზმს ახასიათებდა, მაგრამ ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ორთოდოქსული მარქსიზმი ასეთ სარწმუნოობას ისტორიული მსვლელობის მჭვრეტელობითი დამოწმებით იგულებს. თუმცა ასეთმა დამოკიდებულებამ ისევე დაკარგა მთლიანი ისტორიის ჰეგელიანური განზომილება, როგორადაც უტოპისტურ კრიტიკას გამოეცალა ხელიდან აწმყო მთლიანობის უძრავი გამოსახულება (თავის უმაღლეს წერტილს ფურიესთან რომ მიაღწია). ამგვარ სამეცნიერო დამოკიდებულებას მხოლოდ ეთიკური არჩევანის სიმეტრიის აღდგენა შეუძლია; მისგანვე გამომდინარეობს ჰილფერდინგის როშვა, რომლის მიხედვითაც სოციალიზმის აუცილებლობის აღიარება არაფერს „მიუთითებს პრაქტიკულად ასათვისებელ დამოკიდებულებებზე. რადგან ერთია აუცილებლობის აღიარება და მეორეა საკუთარი თავის ამ აუცილებლობის სამსახურში ჩაყენება“ (ფინანსური კაპიტალი). ისინი, რომლებმაც ვერ ამოიცნეს, რომ მარქსისთვის და რევოლუციური პროლეტარიატისთვის ისტორიის ერთიანი აზრი არაფრით განირჩეოდა პრაქტიკულად ასათვისებელი დამოკიდებულებისგან, თვითონვე ჩვეულებრივ იქცნენ მათ მიერვე თანადროულად აღიარებული პრაქტიკის მსხვერპლად.
96. სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის იდეოლოგიამ ძალაუფლება იმ პროფესორებს მიანიჭა, რომლებიც მუშათა კლასს ანათლებდნენ, რის შედეგადაც ორგანიზაციამ ამ პასიური სწავლა-სწავლების [apprentissage] შესაბამისი ფორმა მიიღო. მეორე ინტერნაციონალის დროინდელი სოციალისტების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბრძოლებში მონაწილეობა მართლაც რომ კონკრეტული იყო, თუმცა ღრმად არაკრიტიკული. ეს ბრძოლა რევოლუციური ილუზიის სახელით აშკარად რეფორმისტული პრაქტიკის მიხედვით იმართებოდა. ამგვარად, რევოლუციური იდეოლოგია იმათი წარმატების ხელით უნდა მომსპარიყო, რომლებიც ამ რევოლუციას წინ მიუძღოდნენ. მოძრაობაში დელეგატებისა და ჟურნალისტების განცალკევებამ, ბურჟუაზიული ცხოვრების წესისკენ საბოლოოდ უბიძგა იმათ, რომლებიც ბურჟუა ინტელექტუალებს უკვე გადაებირებინათ. სამუშაო ძალის ბროკერებად ქცეული პროფკავშირული ბიუროკრატია, სარფიანად გასაყიდ საქონლად სახავდა იმათ, რომლებიც ინდუსტრიულ მშრომელთა ბრძოლებიდან მოეწყვიტათ და გადაებირებინათ. იმისთვის, რომ მათ ქმედითობას რაიმე მაინც შერჩენოდა რევოლუციურის, აუცილებელი იყო, რომ კაპიტალიზმს ამ რეფორმიზმის ეკონომიკური მხარდაჭერა ხელსაყრელ შეუსაბამობად ეცნო, და მათი ლეგალისტურად მღელვარე ბუნებიდან გამომდინარე პოლიტიკურად აეტანა ისინი. ასეთნაირ შეუსაბამობას, რომელსაც ისტორია განუწყვეტლივ ამხელს, მათი მეცნიერება უზრუნველყოფს.