სპექტაკლისებური დრო
VII ნაწილი
ჩვენ სხვა აღარაფერი გაგვაჩნია, თუ არა დრო,
რომლითაც ისინიც კი ხარობენ, თავზემოთ ჭერის გარეშე რომ დარჩენილან.
ბალთაზარ გრასიანი (ეზოსკაცი)
147. წარმოების დრო, სასაქონლო დრო, ერთმანეთის ფარდი ინტერვალების უსასრულო დაგროვებაა. იგი შეუქცევადი დროის აბსტრაქციაა, რომლის ყოველმა სეგმენტმაც ქრონომეტრზე ამ სეგმენტების ერთადერთი რაოდენობრივი თანასწორობა უნდა დაამტკიცოს. თავის ქმედით რეალობაში ეს დრო გაცვლად თვისებრიობაში წარმოგვიდგება. სასაქონლო დროის სოციალური ბატონობითაა, რომ „დრო ყველაფერია, ადამიანი კი არაფერი; მეტწილად დროის ცარიელი გარსი“ (ფილოსოფიის სიღატაკე). ეს ღირებულებაჩამოცლილი დროა; იგი დროის, როგორც „ადამიანური განვითარების ველის“ სრული ამობრუნებაა.
148. ადამიანური განუვითარებლობის ზოგადი დრო, იმ მოხმარებადი დროის დამატებითი ასპექტის სახითაც არსებობს, რომელიც საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებას, განსაზღვრული წარმოებიდან ფსევდოციკლურ დროდ უბრუნდება.
149. სინამდვილეში ფსევდოციკლური დრო სხვა არაფერია, თუ არა წარმოების სასაქონლო დროის მოხმარებადი შენიღბვა. იგი საკუთარ თავში თან მოიცავს ჰომოგენურად გაცვლადი ერთეულებისა და თვისობრივი განზომილების ჩახშობის არსებით მახასიათებლებს. მაგრამ ყოველდღიურად კონკრეტული ცხოვრების ჩამორჩენილობისა და ამ ჩამორჩენილობის შენარჩუნებისთვის გადადებული დროის მეორად ნაწარმად მოცემის გამო, იგი ფსევდოვალორიზაციებით უნდა დაიტვირთოს და თან ყალბად ინდივიდუალიზებული მომენტების განგრძობითობადაც უნდა გამოჩნდეს.
150. ფსევდოციკლური დრო მოდერნული ეკონომიკის გახანგრძლივების მოხმარებაა, ამ უკანასკნელის გაზრდილი რჩენაა. მასში ყოველდღიურად ნაცხოვრებს ჩამორთმეული აქვს გადაწყვეტილება, იგი დაქვემდებარებულია არა ბუნებით წესრიგზე, არამედ გაუხოებულ შრომაში განვითარებულ ფსევდობუნებაზე; ამგვარადაა, რომ ეს დრო ერთობ ბუნებრივად აღმოაჩენს იმ ძველ ციკლურ რიტმს, რომელიც წინარეინდუსტრიული საზოგადოებების გახანგრძლივებას არეგულირებდა. ამასთან ერთად, ფსევდოციკლური დრო, ციკლური დროის ბუნებრივი ნაკვალევებიდანაცაა ამოზრდილი, იგი ამ ნაკვალევებიდან ახალ ჰომოლოგიურ კომბინაციებს თხზავს [compose] – დღე და ღამე, შრომა და საკვირაო დასვენება, საშვებულებო პერიოდების კვლავდაბრუნება.
151. ფსევდოციკლური დრო ინდუსტრიის მიერ გარდაქმნილი დროა. დრო, რომლის საფუძველიც სასაქოლო წარმოებაა, თავადვეა ის მოხმარებადი საქონელი, რომელიც ერთიანად კრებს ყველაფერს, რაც მანამდე, ძველერთიანი საზოგადოების რღვევის ფაზაში, კერძო, ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების სფეროებად განირჩეოდა. მოდერნული საზოგადოების მოხმარებადი დროის მთლიანობა, ახლად მრავალყოფილი [diversifiés] ნაწარმების ნედლ მასალადაა მოპყრობილი; ეს ნაწარმები კი ბაზარზე თავს სოციალურად ორგანიზებული დროის გამოყენებად იდგენენ. „ნაწარმს, რომელიც უკვე მოხმარებისთვის ხელსაყრელი ფორმით არსებობს, თავის მხრივ კვლავაც შეუძლია, რომ სხვა ნაწარმისთვის თვითონვე იქცეს ნედლ მასალად“ (კაპიტალი).
152. თავის ყველაზე მაღალგანვითარებულ სექტორში, კონცენტრირებული კაპიტალიზმი დროის „სრულად აღჭურვილი“ ბლოკების გაყიდვაზე ორიენტირდება. ყოველი ცალკეული ბლოკი იმ ერთადერთ გაერთიანებულ საქონელს ამკვიდრებს, რომელსაც საკუთარ თავში სხვადასხვაგვარი საქონლის გარკვეული ოდენობა უკვე თან მოუცავს. ასეთნაირადაა, რომ „მომსახურებისა“ და მოცალეობის განვრცობად ეკონომიკაში, დაანგარიშებული გადახდის წესი, ფორმულით „ყველაფერი ჩართულია“, შეიძლება მიესადაგოს სპექტაკლისებურ გარემოს, შვებულებათა კოლექტიურ ფსევდოგადაადგილებებს, კულტურული მოხმარების აბონემენტს, და თვითონ სოციალურობის გაყიდვასაც კი, „ვნებიანი საუბრებისა“ და „ადამიანებთან შეხვედრების“ სახით. ამ ტიპის სპექტაკლისებური საქონელი, რომელსაც აშკარად მხოლოდ მისი თანმდევი რეალობების ზრდადი უკმარისობის ფუნქციად შეუძლია არსებობა, გადახდის საკრედიტო სისტემის განვითარებასთან ერთად, ცხადია რომ გაყიდვების მოდერნიზაციის რეპრეზენტაციულ ფორმებს შორისაც ჩნდება.
153. მოხმარებადი ფსევდოციკლური დრო სპექტაკლისებური დროა, ერთდროულად, როგორც გამოსახულებათა მოხმარების დრო (ზღვარდებული აზრით), და როგორც დროის მოხმარების გამოსახულება (აზრის მთელი განფენილობით). გამოსახულებათა მოხმარების დრო, ყოველგვარი საქონლის ეს შუამავალი, განუცალკევებელია იმ ველისგან, სადაც სპექტაკლის ინსტრუმენტები სრულად განიწვრთნებიან და სადაც მიზანი, რომელსაც ეს ინსტრუმენტები გლობალურად წარმოადგენენ, ყველა ცალკეული მოხმარების ადგილად და ცენტრალურ ფიგურადაა მიჩნეული. ცნობილია, რომ მოდერნული საზოგადოების მიერ გამუდმებით ნაძიები დროის დაზოგვა, შეეხება იგი ტრანსპორტის სიჩქარეს თუ დაფასოებული წვნიანების გამოყენებას, შეერთებული შტატების მოსახლეობისთვის იმ ფაქტის ძალით ითარგმნება პოზიტიურად, რომ დღის განმავლობაში ისინი ტელევიზორის ყურებას საშუალოდ სამიდან ექვს საათს უთმობენ. თავის მხრივ, დროის მოხმარების სოციალურ გამოსახულებაზე, ექსკლუზიურად მოცალეობისა და შვებულების მომენტები ბატონობს, მომენტები, რომლებიც მანძილითაა რეპრეზენტირებული და ყველა სხვა სპექტაკლისებური საქონლის მსგავსად, პოსტულატის მეშვეობითაა სასურველად დადგენილი. ეს საქონელი აქ ამოთქმულადაა [explicitement] მოცემული, როგორც რეალური ცხოვრების მომენტი, რომლის ციკლური შემობრუნებაც მოლოდინის საგანია. თუმცა ცხოვრებისთვის მინიჭებულ ამ მომენტებშიც კი, კვლავაც სპექტაკლი რჩებად იმად, რაც დანახვისა და კვლავწარმოებისთვისაა გადადებული; ამ გზით იგი სულ უფრო ინტენსიურდება. ის, რაც ოდესღაც ნამდვილ ცხოვრებად იყო წარმოდგენილი, ახლა უბრალოდ გამომჟღავნებულა, როგორც ყველაზე ნამდვილად სპექტაკლისებური ცხოვრება.
154. ეს ეპოქა, რომელიც საკუთარ თავს, საკუთარ დროს მრავალგვარი დღესასწაულის არსებითად ნაჩქარევ დაბრუნებად დემონსტრირებს, ამავდროულად ზეიმის გარეშე დარჩენილი ეპოქაა. ის, რაც ციკლურ დროში კომუნიტეტის მხრიდან სიცოცხლის ხელგაშლილ ხარჯვაში მონაწილეობის მომენტს წარმოადგენდა, კომუნიტეტისა და ფუფუნების გარეშე დარჩენილი საზოგადოებისთვის შეუძლებლობად იქცევა. მაშინ, როდესაც სპექტაკლისებური საზოგადოების ვულგარიზებული, დიალოგისა და ძღვენის პაროდიებად მოცემული ფსევდოღონისძიებები, ეკონომიკური ხარჯვის სიჭარბეს ახალისებენ, ამას მხოლოდ იმ სიცრუის უკან მობრუნებასთან მივყავართ, რომელიც მუდამ ახალი სიცრუის დანაპირებითაა ანაზღაურებული. გადარჩენის მოდერნულმა დრომ სპექტაკლში, მით უფრო ხმამაღლა უნდა იტრაბახოს, რაც უფრო მეტად შემცირებულია მისი სახმარი ღირებულება. დროის რეალობა აქ დროის რეკლამას ჩაუნაცვლებია.
155. ძველი საზოგადოებების მიერ ციკლური დროის მოხმარება თუ ამ საზოგადოებათა რეალურ შრომასთან იყო თანხმობაში, განვითარებული ეკონომიკის ფსევდოციკლური მოხმარება წინააღმდეგობაში მოდის მისი წარმოების აბსტრაქტულად შეუქცევად დროსთან. მაშინ, როდესაც ციკლური დრო გაუძრავებული ილუზიის, ნამდვილად ნაცხოვრების დრო იყო, სპექტაკლისებური დრო ტრანსფორმირებადი რეალობის, ილუზიურად ნაცხოვრების დროა.
156. ის, რაც დღენიადაგ ახალია საგანთა წარმოების პროცესში, არ იძებნება მოხმარებაში, რადგან ეს უკანასკნელი ბოლომდე იგივეს გაფართოებულ კვლავდაბრუნებად რჩება. ვინაიდან მკვდარი შრომა კვლავაც აგრძელებს მცხოვრებ შრომაზე [travail vivant] ბატონობას, სპექტაკლისებურ დროში წარსული მბრძანებლობს აწმყოზე.
157. ზოგადი ისტორიული ცხოვრების უკმარისობის მეორე მხარედ მოცემული ინდივიდუალური ცხოვრება, კვლავაც უისტორიოდ აგრძელებს არსებობას. ფსევდოხდომილებები, რომლებიც სპექტაკლისებურ დრამატიზაციაში წარმოდგებიან, იმათაც კი არ უცხოვრიათ, ვინც მათ შესახებ ინფორმაციას ფლობდა. უფრო მეტიც, სპექტაკლის მანქანური სისტემის ყოველი იმპულსით, ეს ხდომილებები მათივე გამალებული ადგილმონაცვლეობის [remplacement précipité] გაუფასურებაში იკარგებიან. მეორე მხრივ, ის, რაც ნამდვილად იქნა ნაცხოვრები, ურთიერთობის გარეშეა გახევებული საზოგადოების ოფიციალურად შეუქცევად დროში, იგი პირდაპირ დაპირისპირებაშია ამ დროის მოხმარებადი ქვენაწარმის ფსევდოციკლურ რიტმთან. განცალკევებული ყოველდღიურობის ამგვარად ნაცხოვრები ინდივიდუალობა ენის, კონცეპტის გარეშეა, იგი საკუთრივ წარსულზე კრიტიკული წვდომის გარეშეა მიტოვებული; ეს წარსული აღარსადაა აღბეჭდილი. ასეთი ინდივიდუალობა არაკომუნიკაციურია. იგი მცდარად გაგებული და დავიწყებულია თვითონ დავიწყებადის [non-mémorable] სპექტაკლისებურად ყალბი მეხსიერების სასარგებლოდ.
158. სპექტაკლი, როგორც ისტორიისა და მეხსიერების პარალიზების მიმდინარე სოციალური ორგანიზება, როგორც ისტორიული დროის ბაზაზე აღმართული ისტორიისავე მიტოვებულობა, დროის ყალბი ცნობიერებაა.
159. მშრომელების სასაქონლო დროით განკარგულ „თავისუფალი“ მწარმოებლებისა და მომხმარებლების სტატუსამდე დაყვანის წინაპირობას, მათი დროის ძალადობრივი ექსპროპრიაცია წარმოადგენდა. დროის სპექტაკლისებური დაბრუნება მწარმოებლის მხოლოდ ამ პირველად განფლობასთან [première dépossession] ერთად იქცა შესაძლებლად.
160. დაუყვანადი ბიოლოგიური ნაწილი, რომელიც კვლავაც შრომის მდგენელად რჩება, როგორც ღვიძილისა და ძილის ბუნებრივ ციკლზე დამოკიდებულების ფარგლებში, ასევე სიცოცხლის ცვეთის ინდივიდუალურად შეუქცევადი დროის სიცხადეში, მოდერნული წარმოების თვალთახედვიდან უბრალო დანამატადაა გაგებული. წარმოების მოძრაობის ოფიციალური მოწოდებებისა და იმ მოხმარებადი მონაგარის ფარგლებში, რომელთა სიმრავლეც ამ უწყვეტი გამარჯვების ხელშესახებ თარგმნას წარმოადგენს, შემადგენელი ელემენტები აღარაფრად არიან მიჩნეულნი. სამყაროს გაყალბებულ ცენტრში გაუძრავებული სპექტაკლის მაყურებლის ცნობიერება, თავის ცხოვრებისეულ ხანგრძლივობაში ერთმანეთისგან ვეღარ ასხვავებს თვითრეალიზებისა და კვდომის გზებს. ვინაც კი დათმო საკუთარი სიცოცხლის ხარჯვა, ის ვეღარც საკუთარ სიკვდილს უსწორებს თვალს. სიცოცხლის დაზღვევის რეკლამა ასეთნაირად მყოფს ირიბად მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ეკონომიკური დანაკარგის შემდეგ იგი თვითონვე იქნება დამნაშავე სისტემის მარეგულირებელი უზრუნველყოფის გარეშე კვდომაში. სიკვდილის ამერიკული წესი დაჟინებით ხაზს უსვამს მის უნარს, რომ მომხმარებლის რეკლასთან შეხვედრისას, სიცოცხლის მოჩვენებათა უდიდესს ნაწილს თან ინარჩუნებდეს. სარეკლამო ბომბთა ცვენის ყველა სხვა ფრონტზე, დაბერება პირდაპირ და ცალსახად აკრძალულია. ნებისმიერის შემთხვევაში საქმე „კაპიტალი-ახალგაზრდობის“ მართვას შეეხებოდა, რომელსაც უღიმღამო გამოყენების გამო, მაინც ვერ ექნებოდა პრეტენზია ფინანსური კაპიტალის ხანგრძლივი და ჯამური რეალობის გაშინაგანებაზე. სიკვდილის სოციალური დაუსწრებლობა, სიცოცხლის სოციალური დაუსწრებლობის იგივეობრივია.
161. დრო აუცილებელი გაუცხოებაა, როგორც ეს ჰეგელმა აჩვენა. დრო ის გარემოა, სადაც სუბიექტი თავს დაკარგულობით იხორციელებს, სადაც იგი სხვა იმისთვის ხდება, რომ საკუთარივე თავის ჭეშმარიტებად იქცეს. ამის საწინააღმდეგო ზუსტად რომ გაბატონებული გაუცხოებაა, რომელიც უცხო აწმყოს მწარმოებლის მიერ გამოიცდება. ასეთნაირ სოციალურ გაუცხოებაში, საზოგადოება, რომელიც სუბიექტს ძირფესვიანად აცალკევებს და ძარცვავს ქმედითობისგან, ყველაფერ სხვამდე საკუთარივე დროიდან აცალკევებს სუბიექტს. გადალახვადი სოციალური გაუცხოება დროში მცხოვრები გაუცხოების შესაძლებლობებს და რისკებს კრძალავს და აქვავებს.
162. მოდის მოჩვენებითობები განჭვრეტილი ფსევდოციკლური დროის უნაყოფო ზედაპირზე აუქმებენ და კვლავერწყმიან ერთმანეთს; მათ ქვეშ არსებული ეპოქის დიადი სტილი კი მუდამ რევოლუციის ცხადი და საიდუმლო აუცილებლობით ორიენტირდება.
163. დროის ბუნებრივი ბაზისი, დროის დინების გრძნობადი მონაცემი, ადამიანურად და სოციალურად ადამიანისთვისავე არსებობის გზით იქცევა. ეს ადამიანური პრაქტიკის დავიწროებული მდგომარეობაა, განსხვავებულ ფაზებში გამომწყვდეული შრომაა, რომელმაც აქამდე ერთდროულად გაადამიანურა [humanisé] და თან განადამიანურა [déshumanisé] დრო, ერთი მხრივ, როგორც ციკლური დრო და მეორე მხრივ, როგორც ეკონომიკური წარმოების განცალკევებულად შეუქცევადი დრო. უკლასო საზოგადოების, განზოგადებული ისტორიული ცხოვრების რევოლუციური პროექტი, ინდივიდებისა და ჯგუფების შეუქცევადი დროის ლაღი მოდელის სასარგებლოდ, დროის სოციალური საზომის ქრობის პროექტია; ეს მოდელი ერთდროულად იტევს დამოუკიდებლად ურთიერთშეკავშირებულ დროთა სიმრავლეს. დროის შუაგულში იგი იმ პროგრამის ერთიანი განხორციელებაა, რომელშიც კომუნიზმი ახშობს „ყველაფერს, რაც კი ინდივიდებისგან დამოუკიდებლად არსებობს“.
164. სამყარო უკვე თან სდევს დროის ოცნებას, რომელსაც ახლა ცნობიერებაც უნდა მიედევნოს, რათა სინამდვილეში იცხოვროს იგი.
ტერიტორიის დაგეგმარება
VII ნაწილი
„და ის ვინც, თავისუფლად ცხოვრებას ჩვეული ქალაქის მმართველი გახდება და მას არ გაანადგურებს, დაე აქეთ ელოდოს მისგან განადგურებას, ვინაიდან თავისი აჯანყებების თავშესაფრად ამ ქალაქს მუდამ ხელთ ექნება თავისუფლებისა და ძველი წეს-ჩვეულებების სახელი, რომელიც არც დროთა სვლის და არც რაიმე სარგებლის გამო არასდროს მიეცემა დავიწყებას. და რაც არ უნდა აკეთო და რითიც არ უნდა მოამარაგო ეს ქალაქი, მკვიდრი მოსახლეობის დევნისა და მიმოფანტვის გარეშე, ის არასდროს დაივიწყებს ამ სახელს და ამ წეს-ჩვეულებებს…“
მაკიაველი (მთავარი)
165. კაპიტალისტურმა წარმოებამ გააერთიანა სივრცე, რომელიც აღარაა დასაზღვრული გარეგანი საზოგადოებებით. ეს გაერთიანება ბანალიზაციის ექსტენსიური და ინტენსიური პროცესიცაა. ბაზრის აბსტრაქტული სივრცისთვის სერიულად წარმოებული საქონლის დაგროვებამ, რომელმაც ყველა სახის რეგიონალური და ლეგალური ბარიერი, შუა საუკუნეებში ხელოსნური ნაწარმის ხარისხის უზრუნველმყოფი ყველა ტიპის კორპორაციული შეზღუდვა გაარღვია, ამავდროულად ადგილთა ავტონომია და თვისებრიობაც თან შეიწირა. გაერთნაირების ეს შეძლება [Cette puissance d’homogénéisation] ის მძიმე არტილერიაა, რომელმაც ჩინეთის მაღალი კედლებიც კი ჩამოშალა.
166. საკუთარ თავთან სულ უფრო მეტად გაიგივებისთვისაა, უძრავ მონოტონურობასთან შეძლებისდაგვარი მიახლოებისთვისაა, რომ საქონლის თავისუფალი სივრცე ამიერიდან ყოველწამიერად სახეცვლილი და რეკონსტრუირებულია.
167. საზოგადოება, რომელიც გეოგრაფიულ მანძილს შლის, სპექტაკლისებური განცალკევების სახით შინაგანად თვითონვე შემოიკრებს მანძილს.
168. ტურიზმი, როგორც საქონელთა წრებრუნვის ქვენაწარმი, როგორც მოხმარებად მიჩნეული ადამიანური წრებრუნვა, ფუნდამენტურ ბანალურობად ქცეულის მოცალეობაში დათვალიერებამდეა დაყვანილი. განსხვავებული ადგილების მონახულების ეკონომიკური დაგეგმარება უკვე თვითონვეა ამ ადგილების თანაფარდობის გარანტია. იმავე მოდერნიზაციამ, რომელმაც მოგზაურობას დრო გამოაცალა, სივრცე რეალობის გარეშე დატოვა.
169. საზოგადოებამ, რომელიც მთელ თავის გარემოცვას მოდელირებს, საკუთარივე ტერიტორიის სახით, მოდელირების ამ პროცესში ნაგულისხმები ამოცანების კონკრეტულ ბაზისად გადამუშავებისთვის სპეციალური ტექნიკა ააგო. ურბანიზმი კაპიტალიზმის მიერ სწორედ რომ ამ ბუნებრივი და ადამიანური გარემოს ხელში ჩაგდებაა, რაც ლოგიკურად იმ აბსოლუტური ბატონობისკენ ვითარდება, ამჟამად სივრცის მთლიანობის საკუთარივე თავის მორთულობად გადაკეთება რომ შეუძლია და უნდა.
170. ურბანიზმში დაკმაყოფილებული კაპიტალისტური საჭიროება, როგორც სიცოცხლის ხილვადი გაყინვა [glaciation visible], ჰეგელიანური ტერმინების გამოყენებით შეიძლება გამოიხატოს, როგორც „სივრცის მშვიდობიანი თანაარსებობის“ აბსოლუტური გაბატონება „დროის მიმდინარეობაში განცდილ მშფოთვარე გახდომაზე“.
171. კაპიტალისტური ეკონომიკის ყველა ტექნიკური ძალა თუ განცალკევებათა გამომწვევად უნდა იქნას გაგებული, ურბანიზმის შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ამ ძალების განზოგადებული ბაზისის აღჭურვილობასთან, იმ ნიადაგის მოპყრობილობასთან, რომელიც ამ ძალების განთავსებისთვისაა ხელსაყრელი; ეს უკანასკნელი თვითონ განცალკევების ტექნიკაა.
172. ურბანიზმი იმ უწყვეტი ამოცანის მოდერნული აღსრულებაა, რომელიც კლასობრივ ძალაუფლებას მშრომელთა გათითოკაცების შენარჩუნებით დარაჯობს; იმ მშრომელების, რომლებიც წარმოების ურბანულ პირობებს სახიფათოდ შეუყრია ერთად. მუდმივი ბრძოლა, რომელიც ასეთი შეხვედრის შესაძლებლობის ყველა ასპექტის წინააღმდეგ უნდა იწარმოებოდეს, ურბანიზმში თავის უპირატეს ველს პოულობს. საფრანგეთის რევოლუციის გამოცდილებიდან მოყოლებული, ყოველი დამკვიდრებული ძალაუფლების ძალისხმევა, რომ ქუჩაში წესრიგის უზრუნველმყოფი საშუალებები გაეძლიერებინა, საბოლოო ანგარიშით ქუჩის ჩახშობაში აღწევდა კულმინაციას. „შორ მანძილებზე მოქმედ მასობრივ საკომუნიკაციო საშუალებებთან ერთად, მოსახლეობის იზოლაცია კონტროლის გაცილებით უფრო ეფექტიანი საშუალება გამოდგა“, აღნიშნავს ლუის მამფორდი, წიგნში, ქალაქი ისტორიაში, აღწერს რა „ამიერიდან ცალმხრივ სამყაროს“. მაგრამ იზოლაციის ზოგადმა მოძრაობამ, რომელიც ურბანიზმის რეალობაა, წარმოებისა და მოხმარების დაგეგმილ საჭიროებებთან შესაბამისობით, მშრომელთა გაკონტროლებული რეინტეგრაციც უნდა მოიცვას. სისტემაში ინტეგრაციამ იზოლირებული ინდივიდები, ხელახლა ერთად იზოლირებულ ინდივიდებად უნდა მოიხელთოს: საწარმოები, როგორც კულტურის სახლები, საშვებულებო აგარაკები, როგორც „დიდებული ანსამბლები“, სპეციალურადაა ორგანიზებული ამგვარი ფსევდოკოლექტიურობის მიზნებისთვის; ის, რაც ოჯახურ გარემოში იზოლირებულ ინდივიდსაც თან სდევს. სპექტაკლისებური შეტყობინებების მიმღები აპარატების ფართო გამოყენება, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ საკუთარი იზოლაცია გაბატონებული გამოსახულებებით კვლავდაასახლოს; გამოსახულებებით, რომლებიც თავიანთ სრულ ძალაუფლებას მხოლოდ ამ იზოლაციით იძენენ.
173. პირველად ახალი დროის არქიტექტურა, რომელიც ყველა აქამდელ ეპოქაში გაბატონებული კლასების დაკმაყოფილებას ხმარდებოდა, პირდაპირ ღარიბებისკენაა წარმართული. ფორმალური სიღატაკე და საცხოვრებელი გარემოს ახალი გამოცდილების გიგანტური განვრცობა, ორივე არქიტექტურის მასობრივი ხასიათის შედეგია, რომელიც თავის მხრივ, ერთდროულადაა ამ არქიტექტურის დანიშნულებითა და კონსტრუქციის მოდერნული პირობებით განპირობებული. ავტორიტარული გადაწყვეტილება, რომელიც ტერიტორიას, როგორც აბსტრაქციის ტერიტორიას, აბსტრაქტულად აგეგმარებას, აშკარაა რომ კონსტრუქციის ამ მოდერნული პირობების ცენტრია. ერთი და იგივე არქიტექტურა ჩნდება ყველგან, სადაც კი ამ თვალსაზრისით, ჩამორჩენილი ქვეყნების ინდუსტრიალიზაცია იწყება. ისინი ნაყოფიერ ნიადაგს წარმოადგენენ ახალი ტიპის სოციალური არსებობისთვის, რომელიც ინერგება კიდეც ამ ქვეყნებში. ისევე ცხადად, როგორც ეს თერმობირთვული შეიარაღების ან შობადობის საკითხებშია – არქიტექტურა უკვე მემკვიდრეობითობაზე მანიპულაციური ზემოქმედების შესაძლებლობასაც კი აღწევს – ურბანიზმში საზოგადოების მატერიალური ძალაუფლების ზრდაში გადალახული ზღურბლი და ამავე ძალაუფლებაზე ცნობიერად გაბატონების დაგვიანებულობაა განფენილი.
174. აწმყო მომენტი თავად უკვე ურბანული გარემოს თვითგანადგურებაა. „ურბანული ნარჩენების უფორმო მასებად“ (ლუის მამფორდი) დაფარულ სასოფლო დასახლებებში ქალაქების მომრავლება, პირდაპირ წესად მოხმარების იმპერატივებითაა დასახული. ავტომობილის დიქტატურა, სასაქონლო სიუხვის პირველი ფაზის ეს საპილოტე ნაწარმი, რომელიც ამქვეყნად გზატკეცილის უპირატესობით დამკვიდრდა, ადგილს უცვლის ძველ ცენტრებს და სულ უფრო მეტად იმპულსირებულ მიმოფანტვას აკანონებს. ამასთან ერთად, ურბანული ქსოვილის დაუსრულებელი რეორგანიზების მომენტები, „გამანაწილებელი ქარხნების“ ირგვლივ დროის მცირე მონაკვეთით იმ გიგანტური სუპერმარკეტების მსგავსად პოლარიზდებიან, რომლებიც შიშველ მიწაზე, სადგომის ცოკოლზე არიან აღმართულები; და ეს გამალებული მოხმარების ტაძრები, თვითონვე არიან იმ ცენტრიდანული მოძრაობისკენ მიქცეულები, რომელიც მათვე იმავწამს უკუაგდებს, როგორც კი აგლომერაციის ნაწილობრივი გადაწყობის გამო, ისინი ზედატვირთულ [surchargés] მეორად ცენტრებად გადაიქცევიან. თუმცა, მოხმარების ტექნიკური ორგანიზება ზოგადი ქრობის მხოლოდ პირველადი მონახაზია, რამაც ქალაქი ამ გზით საკუთარივე თავის მოხმარებამდე მიიყვანა.
175. ეკონომიკურმა ისტორიამ, რომელიც ერთიანად ქალაქი-სოფლის ოპოზიციის ირგვლივაა განვითარებული, წარმატების იმ საფეხურს მიაღწია, რომელიც ერთდროულად აუქმებს ორივე ცნებას. მთლიანი ისტორიული განვითარების მიმდინარე უძრაობა, მხოლოდ ეკონომიკის დამოუკიდებელი მოძრაობის მიდევნების სასარგებლოდ იმ მომენტს ამწიფებს, რომელთან ერთადაც ურთიერთგახლეჩილობის გადალახვის მაგივრად, ქალაქი და სოფელი ქრობას, თანადროულ ჩამოშლასაა დაქვემდებარებული. ქალაქისა და სოფლის ორმხრივი ცვეთა [L’usure réciproque], ისტორიული მოძრაობის კრახის შედეგი, რომლითაც არსებული ურბანული რეალობა უნდა დაძლეულიყო, ახლა მათივე დაშლილი ელემენტების იმ ეკლექტურ ნაზავშიღა მოჩანს, რომელიც ინდუსტრიალიზაცის შიგნით ყველაზე მოწინავე ზონებს ფარავს.
176. უნივერსალური ისტორია ქალაქში დაიბადა; სიმწიფეც ქალაქის სოფელზე გადამწყვეტი გამარჯვებისას შეიძინა. მარქსი ბურჟუაზიის ყველაზე დიდ რევოლუციურ დამსახურებად იმ ფაქტს მიიჩნევდა, რომ „ბურჟუაზიამ სოფელი ქალაქს დაუქვემდებარა“, ქალაქს, რომლის ჰაერიც ათავისუფლებს. მაგრამ, ქალაქის ისტორია თუ თავისუფლების ისტორიაა, იგი ამავდროულად ტირანიის, სახელმწიფო ადმინისტრაციის ისტორიაცაა, რომელიც ერთდროულად აკონტროლებს სოფელს და თვითონ ქალაქსაც. და მაინც, ქალაქს მხოლოდ ისტორიული თავისუფლებისთვის ბრძოლის ველად და არა ამ თავისუფლების მფლობელად ყოფნა შეეძლო. ქალაქი ისტორიის შუაწერტილია, რადგან იგი ერთდროულადაა, როგორც ისტორიული წამოწყების შემძლე სოციალური ძალაუფლების კონცენტრაცია, ასევე წარსულის ცნობიერებაც. ამდენად, ქალაქის ლიკვიდაციის აწმყო ტენდენცია, მხოლოდ სხვა მხრივ, ეკონომიკის ისტორიულ ცნობიერებაზე დაქვემდებარების ჩამორჩენას გამოხატავს; საზოგადოების გაერთიანებას, რომელიც ისევ ხელთ იგდებს ძალაუფლებას, რომელსაც იგი ჩამოაშორეს.
177. „სოფელი ამის საწინააღმდეგოდ, იზოლაციასა და განცალკევებას დემონსტრირებს“ (გერმანული იდეოლოგია). ქალაქების გამანადგურებელი ურბანიზმი ფსევდოსოფელს აღადგენს, რომელშიც დაკარგულია, როგორც ძველი სოფლისთვის ჩვეული ბუნებრივი ურთიერთობები, ასევე ისტორიული ქალაქისთვის დამახასიათებელი პირდაპირი და პირდაპირად შეკითხული სოციალური ურთიერთობები. სახეზე გვაქვს ახალი ყალბი გლეხობა, რომელიც საცხოვრებელი გარემოს პირობებითა და „დაგეგმარებული ტერიტორიის“ შიგნით მოქმედი სპექტაკლისებური კონტროლითაა ხელახლა შექმნილი. სივრცეში გაფანტულობა და შეზღუდული თვალსაწიერი [mentalité bornée], რაც გლეხობას ყოველთვის ხელს უშლიდა, რომ დამოუკიდებელი მოქმედება წამოეწყო და ქმნად ისტორიულ ძალად თვითდადგენილიყო, კვლავაც მწარმოებელთა დახასიათებად იქცა – სამყაროს მოძრაობა, რომელსაც ისინი თვითონვე ამზადებენ, ისევე სრულიად მიუწვდომელი რჩება მათთვის, როგორც ეს შრომის ბუნებრივი რიტმის შემთხვევაში იყო აგრარული საზოგადოებისთვის. მაგრამ მაშინ, როცა ეს გლეხობა, რომელიც „აღმოსავლური დესპოტიზმის“ ურყევი ბაზისი იყო და რომლის დანაწევრებამაც ბიუროკრატიული ცენტრალიზაცია მოითხოვა, კვლავ წარმოჩინდება, როგორც მოდერნული სახელმწიფო ბიუროკრატიზაციის პირობების ზრდის პროდუქტი, მისი აპათია ახლა ისტორიულად უნდა იქნას დამზადებული და შენარჩუნებული; ბუნებრივმა უმეცრებამ შეცდომის ორგანიზებულ სპექტაკლს დაუთმო ადგილი. ტექნოლოგიური ფსევდოგლეხობის „ახალი ქალაქები“ მიწაზე, ისტორიული დროიდან (რომელზეც თვითონ დაშენდნენ) წყვეტის აშკარა ნიშანს ტოვებენ; მათი დევიზი შეიძლება ასეც წავიკითხოთ: „სწორედ აქ არასდროს არაფერი მოხდება და არც არასდროს მომხდარა რაიმე.“ ეს ცხადად ასეა, რადგანაც ისტორია, რომელიც ქალაქებში უნდა გამოთავისუფლდეს, ჯერაც არ გამოთავისუფლებულა თვითონ, და ეს მაშინ, როცა ისტორიული დაუსწრებლობის ძალებს საკუთარი ექსკლუზიური ლანდშაფტის თხზვა დაუწყიათ.
178. ისტორია, რომელიც ამ მიმწუხრისებულ სამყაროს [monde crépusculaire] ემუქრება, ამავდროულად ის ძალაცაა, რომელსაც სივრცის ნაცხოვრებ დროზე დაქვემდებარება შეუძლია. პროლეტარული რევოლუცია ადამიანური გეოგრაფიის ის კრიტიკაა, რომლის გავლითაც ინდივიდებმა და კომუნიტეტებმა არა მხოლოდ მათი შრომის, არამედ მათივე მთლიანი ისტორიის აპროპრიაციასთან შესაბამისი ადგილმდებარეობები და ხდომილებები უნდა ააგონ. თამაშის ამ მოძრავ სივრცესა და თამაშის წესებად თავისუფლად არჩეულ ამგვარ ვარიაციებში, ადგილის ავტონომია მიწაზე ექსკლუზიური მიჯაჭვულობის კვლავწარმოდგენის გარეშე მოიძიება, რასაც თან ახლავს მოგზაურობის რეალობისა და ყოველგვარი მნიშვნელობის საკუთარ თავშივე მომცველ მოგზაურობად გაგებული სიცოცხლის კვლავდაბრუნება.
179. ურბანიზმთან დაკავშირებით ყველაზე დიდი რევოლუციური იდეა არ არის საკუთრივ ურბანისტული, ტექნოლოგიური ან კიდევ ესთეტიკური. ეს იდეა იმ გადაწყვეტილებაში კონცენტრირდება, რომელმაც ტერიტორია მშრომელთა საბჭოების ძალაუფლების საჭიროებებთან, პროლეტარიატის ანტიეტატისტურ დიქტატურასთან, აღმასრულებელ დიალოგთან შესაბამისობით ინტეგრალურად უნდა აღადგინოს. საბჭოების ძალაუფლება, რომელიც ქმედითი მხოლოდ არსებული პირობების მთლიანობაში გარდაქმნით შეიძლება იყოს, თავისთვის ნაკლებ ამოცანას ვერც დაისახავს, თუკი მას უნდა, რომ იყოს აღიარებული და თან საკუთარ თავს აღიარებდეს მისსავე სამყაროში.
თარგმანი ლაშა ხარაზისა
გაგრძელება შემდეგ ნომერში