გი დებორი

სპექტაკლის საზოგადოება – VI

, , , ,

დრო და ისტორია

VI ნაწილი

„ო, მეგობრებო, ხანმოკლეა წუთისოფელი…

და თუ ვცხოვრობთ ჩვენ, დაე ვიცხოვროთ მეფეთა თელვით.“ 

შექსპირი (ჰენრი IV)

125. ადამიანი, „ნეგატიური მყოფი [l’être négatif], რომელიც განუმეორებელია იმდენად, რამდენადაც ახშობს ყოფიერებას“, დროის იგივეობრივია. ადამიანის მიერ საკუთარი ბუნების შეთვისება, სამყაროს განშლილობის [déploiement] მისეულად ხელში ჩაგდებაცაა. „ისტორია თავადაა ბუნებითი ისტორიის, ბუნების ადამიანად გარდაქმნის რეალური ნაწილი“ (მარქსი). საპირისპიროდაც, „ბუნებით ისტორიას“ ადამიანური ისტორიის პროცესის გარდა სხვა ქმედითი არსებობა არ გააჩნია, ეს პროცესია ის ერთადერთი ნაწილი, რომელიც ისტორიულ მთელს იმ თანამედროვე ტელესკოპის მსგავსად იხელთებს, რომელიც დროში სამყაროს ყველაზე შორეულ პერიფერიებში გაბნეულ ვარსკვლავთშორის ღრუბლებს თავის ხედვის არეალში იკრებს. ისტორია ყოველთვის არსებობდა, მაგრამ არა ყოველთვის ისტორიული ფორმით. ადამიანის გადროებითება [temporalisation], როგორადაც ეს საზოგადოების შუამავლობით წარმოჩინდება, დროის გაადამიანურებას [humanisation] უდრის. დროის არაცნობიერი მოძრაობა ისტორიულ ცნობიერებაში მჟღავნდება და ჭეშმარიტებადაც იქვე იქცევა.

126. საკუთრივად ისტორიული მოძრაობა, რომელიც კვლავაც დაფარული რჩება, „ადამიანის ნამდვილი ბუნების“ ნელი და არაგრძნობიერი ჩამოყალიბებით იწყება, „ბუნება, რომელიც ადამიანურ ისტორიაში იშვა – ადამიანური საზოგადოების წარმომქმნელ აქტში – “; თუმცა საზოგადოებამ, რომელმაც შემდეგ ტექნიკა და ენა დაიოსტატა, საკუთარივე ისტორიის წარმოებულად ყოფნა (თუკი ის ასეთად უკვე ინიშნება) მარადიული აწმყოს ცნობიერებაში ამჯობინა. უძველესის მეხსიერებით დასაზღვრულ ყოველგვარ ცოდნას აქ მცხოვრები მუდამ თან დაატარებს. სიკვდილი და გამრავლება აქ არ გაიგება დროის კანონებად, დახურული სივრცის მსგავსად დრო მასში გაუძრავებულია. და მაშინ, როდესაც უფრო რთული მოწყობის საზოგადოება შეძლებს და გააცნობიერებს დროს, მის მიერ განსახორციელებელი სამუშაო უმთავრესად დროზე უარის თქმა იქნება, ვინაიდან დროში ეს საზოგადოება იმას კი არ დაინახავს, რაც ხდება, არამედ იმას, რაც კვლავაც დაბრუნებულია. სტატიკური საზოგადოება დროს, ბუნების მისეულად უშუალო გამოცდილების მიხედვით ციკლური დროის მოდელში აორგანიზებს.

127. მომთაბარე ხალხების გამოცდილებაზე უკვე კარგა ხანია ციკლური დრო ბატონობს, ვინაიდან გადაადგილებისას ისინი სწორედ რომ ამ დროის პირობებს აწყდებიან ყოველწამიერად. ჰეგელი ერთგან შენიშნავს, რომ „მომთაბარეების ხეტიალი მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობაა, რადგანაც ეს ხეტიალი ერთსახოვან სივრცეებადაა დასაზღვრული“. საზოგადოება, რომელიც თავს ლოკალურად იფიქსირებს, ინდივიდუალიზებული ადგილების განკარგვით, სივრცეს შემცველობას ანიჭებს, რის შედეგადაც ამ ლოკალიზაციის შინაგანობაში თავს გამომწყვდეულად პოულობს. მსგავს ადგილებში დროისმიერი დაბრუნება [retour temporel], იმავე ადგილას დროის წმინდა დაბრუნებაა, ჟესტების სერიის განმეორებაა. მწყემსური მომთაბარეობიდან მჯდომარე მიწათმოქმედებაზე გადასვლა ზანტი და შემცველობის გარეშე დარჩენილი თავისუფლების დასასრულია; ეს გადასვლა შრომის დასაწყისია. სეზონთა რიტმით განპირობებული სასოფლო-სამეურნეო წარმოების წესი ზოგადად, სრულად ჩამოყალიბებული ციკლური დროის ბაზისია. მარადისობა ამ დროის შინაგანობაა – იგივე მარადიულად ბრუნდება მიწაზე. მითი აზრის ერთიანი კონსტრუქციაა, იგი მთლიან კოსმოსურ წესრიგს იმ წესრიგის გარშემო უზრუნველყოფს, რომელიც ამ საზოგადოებამ თავის საზღვრებში უკვე განახორციელა კიდეც.

128. დროის სოციალური მითვისება, ადამიანური შრომით ადამიანის წარმოება, კლასებად დაყოფილ საზოგადოებაში ვითარდება. ძალაუფლება აქ ციკლური დროით განკარგული საზოგადოების უკმარისობიდან თვითკონსტიტუირდა. კლასი, რომელიც სოციალურ შრომას აორგანიზებს და რომელიც შეზღუდულ ნამატ ღირებულებას ისაკუთრებს, ამავდროულად ამ სოციალური შრომის ორგანიზების დროით ნამატ ღირებულებასაც თან ითვისებს. გაბატონებული კლასი მხოლოდ საკუთარი თავისთვის ფლობს მცხოვრების შეუქცევად დროს [le temps irréversible du vivant]. ერთადერთი სიმდიდრე, რომელიც შეიძლება რომ ძალაუფლების სექტორში კონცენტრირებული არსებობის სახით, მატერიალურად ძვირად ღირებული დღესასწაულებისთვის იხარჯებოდეს, ამავდროულად საზოგადოების ზედაპირზე ისტორიული დროის ფლანგვის დანახარჯადაცაა მოცემული. ისტორიული ნამატი ღირებულების მფლობელები, ნაცხოვრებ ხდომილებათა ცოდნას და ზენეტარებას ყველგან თან დაატარებენ. დროის კოლექტიური ორგანიზაციისგან განცალკევებული დრო, რომელიც სოციალური ცხოვრების ბაზისზე განმეორებით წარმოებასთან ერთად ბატონობს, მისივე გაუძრავებული კომუნიტეტის გვერდის ავლით მიედინება. ასეთი დრო თავგადასავლისა და ომის ადგილია, სადაც ციკლური საზოგადოების ოსტატები საკუთარი პერსონალური ისტორიებით მიმოდიან, სადაც დრო უცხო ერთობების ურთიერთშეჯახებაში, საზოგადოების უძრავი წესრიგის რღვევაში ჩნდება. აქედან გამომდინარეა, რომ ისტორიაც ადამიანთა წინაშე უცხო ფაქტორად ვლინდება, რაღაცად, რაც მათ არ სურდათ და რომლის წინააღმდეგაც, როგორც თვითონ სჯეროდათ, თავშესაფარი ეპოვათ. მაგრამ ამ შემოვლითი გზიდან ადამიანის უარყოფითი შფოთიც თან ბრუნდება, რომელიც განვითარების დასაწყისში მიძინებულიყო.

129. ციკლური დრო თავისთავად კონფლიქტის გარეშე დროა; და მიუხედავად ამისა, კონფლიქტი დროის ამ სიყრმეში [cette enfance du temps] მაინც ჩაწერილია. ისტორია უპირველეს ყოვლისა, ოსტატთა პრაქტიკულ მოქმედებაში ისტორიად არსებობისთვის იბრძვის. ეს ისტორია ზერელედ ქმნის შეუქცევადს. ციკლური საზოგადოების ამოუწურავი [inépuisable] დროის შინაგანობაში, ამ ისტორიის მოძრაობა მის მიერვე ამოწურვად დროს ქმნის.

130. „ცივ საზოგადოებებად“ ისინი იწოდებიან, რომლებმაც ისტორიაში საკუთარი მონაწილეობა უკიდურესად შეანელეს, რომლებმაც მუდმივ წონასწორობაში შეინარჩუნეს, როგორც შინაგანი დაპირისპირებები, ასევე ოპოზიცია ბუნებრივ და ადამიანურ გარემოსთან. თუკი ამ მიზნით დამკვიდრებული ინსტიტუტების უკიდურესი ნაირგვარობა, ადამიანური ბუნების თვითქმნის პლასტიურობას მოწმობს, ეს მოწმობა მხოლოდ გარეგანი დამკვირვებლისთვისაა ხილვადი, იმ ეთნოლოგისთვის, რომელიც ისტორიული დროიდან დაბრუნებულა. ამ ტიპის საზოგადოებებში, განსაზღვრული სტრუქტურირება ცვალებადობას გამორიცხავს. არსებული სოციალური პრაქტიკების აბსოლუტურ კონფორმიზმს, რომელთანაც ყოველი ადამიანური შესაძლებლობა აქ მუდამ თან იგივდება, ფორმის გარეშე დარჩენილ ცხოველურობაში უკუვარდნის შიშის გარდა სხვა გარეგანი ზღვარი არ გააჩნია. ადამიანად დარჩენა აქ, მარად იგივედ დარჩენას ავალდებულებს ადამიანს.

131. პოლიტიკური ძალაუფლების დაბადება, რომელიც ჩანს, რომ უკანასკნელ დიდ ტექნიკურ რევოლუციებთანაა კავშირში, (ისეთთან, როგორიცაა მაგალითად, რკინის გადადნობა) იმ პერიოდის ზღურბლზე, რომელსაც ინდუსტრიის გამოჩენამდე რამენაირად საგულისხმო ძვრები აღარ განუცდია, ამავდროულად იმ მომენტსაც მონიშნავს, როდესაც სისხლით ნათესაური კავშირების რღვევა დაიწყო. აქედან მოყოლებული, თაობათა მიმდევრობა წმინდად ბუნებრივი ციკლურობის სფეროს იმისთვის ტოვებს, რათა ხდომილებაზე, ძალაუფლებათა თანამიმდევრობაზე ორიენტირდეს. შეუქცევადი დრო იმისი დროა, ვინც ხელმწიფობს [règne]; დინასტიებია ამ დროის პირველადი საზომი. ნაწერია [L’écriture] მისი იარაღი. ნაწერში ცნობიერებათა შორის შუამავლობით, ენა თავისი დამოუკიდებელი რეალობის სისრულეს აღწევს. მაგრამ ეს დამოუკიდებლობა განცალკევებული ძალაუფლების ზოგადი დამოუკიდებლობის იგივეობრივია, იმ შუამავლობის მსგავსად, რომელიც საზოგადოებას აყალიბებს. ნაწერთან ერთად ჩნდება ცნობიერება, რომელიც მცხოვრებთა უშუალო ურთიერთობაში აღარ ექვემდებარება ტარებას და გადაცემას – იმპერსონალური მეხსიერება, რომელიც საზოგადოების ადმინისტრირების მეხსიერებაა. „ნაწერები სახელმწიფოს აზრებია; არქივები მისი მეხსიერება“ (ნოვალისი).       

132. ქრონიკა ძალაუფლების შეუქცევადი დროის გამოხატულებასთან ერთად ის ინსტრუმენტიცაა, რომელიც ამ დროის ნებაყოფლობით წინსვლას მისივე წინარე მონახაზის დასრულებით ინარჩუნებს. ეს ასეა, რადგან დროის ამგვარი მიმოსვლა ყოველ ცალკეულ ძალაუფლებრივ ძალასთან ერთად იშლება, უკუიქცევა რა გლეხთა მასებისთვის ნაცნობ იმ ციკლური დროის ინდიფერენტულ დავიწყებულობაში, რომელიც იმპერიებისა და ამ იმპერიების ქრონოლოგიების ჩამოშლის დროსაც კი არ იცვლება. ისტორიის მფლობელებმა დროს საზრისი მიანიჭეს – მიმართულება, რომელიც ამავდროულად მნიშვნელობაცაა. მაგრამ ეს ისტორია განცალკევებულობაში განიშლება და განცალკევებაშივე ნებდება. იგი უცვლელად ტოვებს საზოგადოების სიღრმეს, ვინაიდან საერთო რეალობისგან ბოლომდე განცალკევებული რჩება. აქედან გამომდინარეა, რომ აღმოსავლეთის იმპერიების ისტორია, ჩვენთვის რელიგიების ისტორიამდეა დაყვანილი – ნანგრევებზე მიმოფანტულ ამ ქრონოლოგიებს ილუზიების აშკარად ავტონომიური ისტორიის გარდა სხვა არაფერი დაუტოვებიათ. ოსტატები, რომლებიც მითის დაცვის ქვეშ ისტორიას კერძო საკუთრებად განკარგავენ, ყველაფერ სხვამდე თვითონ ილუზიის წესს ფლობენ. ასე მაგალითად, ჩინეთსა და ეგვიპტეში ამ ოსტატებს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ მონოპოლია სულის უკვდავებაზე, ისევე, როგორც მათი პირველი აღიარებული დინასტიები ემყარებოდა წარსულის წარმოსახვით მოწყობას. თუმცა, ოსტატების მხრიდან ისტორიის ილუზორული ფლობის ფაქტი, ამავდროულად ყველა შესაძლებელი ფლობის გამოხატულებაცაა, ეს ასეა, როგორც საერთო, ასევე ამ ოსტატების მიერ დასაკუთრებული ისტორიის შემთხვევაშიც. მათი ისტორიულად ქმედითი ძალაუფლების ზრდა, ილუზორულად მითიურის ფლობის ვულგარიზაციასთანაა დაწყვილებული. ეს ყველაფერი იმ უბრალო ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ ოსტატებმა იმდენად, რამდენადაც მოახერხეს და ციკლური დროის მუდმივობა მითიურად უზრუნველყვეს, როგორადაც ეს მაგალითად, ჩინეთის იმპერატორის სეზონურ რიტუალებში გამომჟღავნდა, თვითონ მათ შეძლეს და ამ დროისგან შედარებითი თავისუფლება მოიპოვეს.

133. როდესაც ღვთაებრივი ძალაუფლების ახსნა-განმარტების გარეშე დარჩენილი მშრალი ქრონოლოგია თავის მსახურებს მიმართავს, მას სურს, რომ მხოლოდ და მხოლოდ მითის მცნებების ამქვეყნიურ აღსრულებად იქნას გაგებული. მისი გადალახვა და ცნობიერ ისტორიად ქცევა, განვრცობილი ჯგუფების მხრიდან ისტორიაში რეალური მონაწილეობის ცხოვრებას მოითხოვს. ამ პრაქტიკული კომუნიკაციიდან, იმათ შორის, რომლებმაც ერთმანეთი განმხოლოებული აწმყოს [présent singulier] მფლობელებად აღიარეს და რომლებმაც ხდომილებების თვისობრივი სიმდიდრე მათ ქმედითობად და ნავსაყუდლად, მათ ეპოქად გამოცადეს, ისტორიული კომუნიკაციის ზოგადი ენა წარმოიშობა. მათ, ვისთვისაც შეუქცევადი დრო არსებობდა, ამ დროში ერთდროულად დავიწყებულობის სახსოვარი და მუქარა აღმოაჩინეს: „ჰეროდოტე ჰალიკარნასელი აქ თავისი კვლევა-ძიების შედეგებს იმისთვის წარმოადგენს, რომ დრომ ადამიანთა შრომა არ გააუქმოს…“    

134. ისტორიაზე მსჯელობა განუცალკევებელია ძალაუფლებაზე მსჯელობისგან. საბერძნეთი საზოგადოების ოსტატთა დემოკრატია იყო, ის იყო წამიერება, სადაც ძალაუფლება და ძალაუფლების ცვლილება განიხილებოდა და გაიგებოდა. ბერძნული დემოკრატია დესპოტური სახელმწიფოს მიერ გაშინაგანებული მდგომარეობების საპირისპირო იყო. დესპოტური ძალაუფლება თვითშეკრებილი წერტილის მიუწვდომელ წყვდიადში [l’inaccessible obscurité] მხოლოდ საკუთარ თავთანაა ანგარიშვალდებული (ამას ცხადყოფს სასახლის რევოლუციები, რომელთა წარმატება-წარუმატებლობა დესპოტიაში, ურთიერთიგივეობრივად განხილვის მიღმა რჩება). თუმცა ისიც მართალია, რომ ბერძნულ კომუნიტეტებს შორის გაზიარებული ძალაუფლება, მხოლოდ იმ სოციალური ცხოვრების ხარჯზე არსებობდა, რომლის წარმოებაც მონათა კლასისთვის ბოლომდე განცალკევებული და უძრავი დარჩა. ბერძნების წარმოდგენით მხოლოდ ისინი ცხოვრობდნენ, რომლებიც არ შრომობდნენ. ბერძნულ პოლისებს შორის დაყოფის პროცესში და უცხოთა ქალაქების ექსპლუატაციისთვის ბრძოლაში, ყოველი მათგანისთვის შინაგანად საფუძველმდებარე განცალკევების პრინციპი, გარეთ მატერიალიზდა. საბერძნეთმა, რომელიც უნივერსალურ ისტორიაზე ოცნებობდა, დაპყრობის საფრთხის წინაშე არათუ გაერთიანება, არამედ მისივე დამოუკიდებელი ქალაქების ერთიან კალენდარზე გადასვლაც კი ვერ უზრუნველყო. საბერძნეთში ისტორიული დრო გაცნობიერდა, მაგრამ ეს დრო ჯერ კიდევ არ იყო თვითცნობიერი.     

135. ბერძნული პოლისებისთვის ნაცნობი ადგილობრივად ხელსაყრელი პირობების ქრობის შემდეგ, დასავლეთის ისტორიული აზრის უკუგანვითარებას თან არ ხლებია ანტიკურობის მითიური ორგანიზაციების განახლება. ხმელთაშუა ზღვისპირელი ხალხების ურთიერთშეტაკებებისა და რომაული სახელმწიფოს ფორმირება-ჩამოშლის შედეგად ნახევრად ისტორიული რელიგიები წარმოიშვა, რომლებიც როგორც დროის ახალი ცნობიერებისთვის, ასევე განცალკევებული ძალაუფლების განახლებული თავდაცვითი საფარისთვისაც, ფუნდამენტურ ფაქტორებად იქცნენ.

136. მონოთეისტური რელიგიები ერთგვარ კომპრომისს წარმოადგენდნენ მითსა და ისტორიას, წარმოების კვლავაც განმკარგველ ციკლურ დროსა და იმ შეუქცევად დროს შორის, სადაც ხალხები ერთმანეთს უპირისპირდებიან და შემადგენლობასაც ხელახლა იძენენ. იუდაიზმიდან გამოსული რელიგიები შეუქცევადი დროის უნივერსალურად აბსტრაქტულ აღიარებას წარმოადგენენ, დემოკრატიზებულს, ყველასადმი გახსნილს, მაგრამ წარმოსახვისმიერს. დრო ერთიანად მიმართულია ერთადერთი და საბოლოო ხდომილებისკენ – „ღმერთის საუფლო ახლოსაა“. ეს რელიგიები ისტორიის ნიადაგზე წარმოიშვნენ და მასზევე დამკვიდრდნენ. ისტორიაში არსებობის მიუხედავად, ისინი მაინც რადიკალურ დაპირისპირებაში დარჩნენ თვითონ ისტორიასთან. ნახევრად ისტორიული რელიგია თვისობრივ ამოსავალ წერტილს ამკვიდრებს დროში: ქრისტეს დაბადება, მუჰამედის გაქცევა, თუმცა მისი შეუქცევადი დრო – იმ ქმედითი დაგროვების წარმოდგენით, რომელმაც ისლამის შემთხვევაში შეიძლება რომ დაპყრობის ფორმა მიიღოს, რეფორმაციის დროინდელი ქრისტიანობის შემთხვევაში კი კაპიტალის ზრდის სახე – სინამდვილეში უკუთვლის მსგავსადაა ამობრუნებული რელიგიურ აზროვნებაში. ჭეშმარიტად სხვა სამყაროში შესვლის მოლოდინი იმ დროში, რომელიც მცირდება… უკანასკნელი სამსჯავროს მოლოდინი. მარადისობა ციკლური დროიდან გადმოდინდა. იგი ციკლური დროის მიღმაა. მარადისობა ის ელემენტია, რომელიც დროის შეუქცევადობას ამცრობს [rabaisse], ის, რაც შეუქცევადი დროის მეორე მხარეს (იქ, სადაც ციკლურმა დრომ შესვლისთანავე გაიუქმა თავი), საკუთარი თავის წმინდად პუნქტუალურ ელემენტად განთავსებით, ისტორიას ისტორიის შიგნითვე ახშობს. ბოსუე კვლავაც იტყვის: „იმ დროის საშუალებით, რომელიც მიედინება, ჩვენ შევდივართ მარადისობაში, რომელიც თვითონ აღარსად იძვრის.“

137. შუა საუკუნეები, ეს დაუსრულებელი მითიური სამყარო, რომელსაც თავისი სრულყოფილება საკუთარივე თავის გარეთ დაეგულებინა, იმ მომენტს მონიშნავს, რომელშიც წარმოების უმთავრესი ნაწილის კვლავაც განმკარგავი ციკლური დრო, ისტორიამ რეალურად ჩაყლაპა. სიცოცხლის ხნიერებათა თანმიმდევრულობაში [dans la succession des âges de la vie], მოგზაურობად მიჩნეულ სიცოცხლეში, გარკვეული სახის შეუქცევადი დროითობა ყველას მიერ ინდივიდუალურადაა აღიარებული, როგორც სამყაროში უკან მობრუნების გარეშე დარჩენილი გზა, რომლის საზრისიც სადღაც სხვაგანაა. მომლოცველი ის ადამიანია, რომელიც ციკლურ დროს იმისთვის ტოვებს, რათა ქმედითობაში იქცეს იმ მოგზაურად, რომელიც სიმბოლოს სახით თითოეულია. პიროვნულად ისტორიული სიცოცხლე თვითშესრულებულობას ყოველთვის ძალაუფლების სფეროში, ძალაუფლებით მართულ ბრძოლებში მონაწილეობაში, ძალაუფლების სადავო ბრძოლებში პოულობს. მაგრამ თვითონ ძალაუფლების დრო, ქრისტიანულ ეპოქაზე ორიენტირებული დროის ზოგადი გაერთიანების ქვეშ, იარაღასხმული რწმენის სამყაროში, იქ, სადაც ოსტატთა თამაშები ერთგულებისა და დავალებული ერთგულების გამოწვევის გარშემო ვლინდება, უსასრულოდაა გაზიარებული. ამ ტიპის ფეოდალურმა საზოგადოებამ, რომელიც „დაპყრობისას განვითარებული დამპყრობელი არმიის ორგანიზაციული სტრუქტურის“ და „დაპყრობილ ქვეყანაში აღმოჩენილი საწარმოო ძალების„ (გერმანული იდეოლოგია) ერთმანეთთან შეხვედრის შედეგად წარმოიშვა (ამ საწარმოო ძალების ორგანიზებისას მხედველობაშია მისაღები მათი რელიგიური ენაც), საზოგადოებაზე ბატონობა ეკლესიასა და სახელმწიფო ძალაუფლებას შორის დაჰყო, რომელიც თავის მხრივ, სუზერენიტეტსა და ტერიტორიული მფლობელობებისა და ურბანული კომუნების ვასალიტეტს შორის არსებულ რთულ ურთიერთობებად ქვეიყოფოდა. შესაძლებელი ისტორიული ცხოვრების ამგვარ სხვადასხვაგვარობაში, შეუქცევადი დრო, რომელიც არაცნობიერად თან დაატარებდა ღრმა საზოგადოებას, საქონელთა წარმოებაში ბურჟუაზიის მიერ ნაცხოვრებ დროს, ქალაქების დაარსებისა და განვრცობის რეალობას, სამყაროს კომერციულობაში აღმოჩენას (პრაქტიკულ ექსპერიმენტირებას, რომელმაც სამუდამოდ ჩამოშალა კოსმოსის ყველა მითიური ორგანიზება), ნელ-ნელა თვითგამომჟღავნდა, როგორც ეპოქის უცნობი სამუშაო, როდესაც ამ სამყაროს დიადი ოფიციალური ისტორიული წამოწყება ჯვაროსნებთან ერთად დაემხო.              

138. შუა საუკუნეების დაისისას, საზოგადოებაში შეჭრილი შეუქცევადი დრო, ძველ წესრიგზე მიბმული ცნობიერებით სიკვდილით შეპყრობილობის ფორმის ქვეშაა ნაგრძნობი. ეს სამყაროს რღვევით განცდილი მელანქოლიაა, ის უკანასკნელი დროისმიერი ადგილია, სადაც მითის თავდაცვისუნარიანობა ჯერ კიდევ აწონასწორებდა ისტორიას; ამ მელანქოლიის გამოა, რომ ყველა ამქვეყნიური საგანი ამ დროს მხოლოდ თვითრყვნისკენაა მიმართული. ევროპის გლეხთა დიდი აჯანყებებიც ერთგვარი მცდელობა იყო, რომ მათ იმ ისტორიისთვის ეპასუხათ, რომელმაც ისინი ძალადობრივად მოსწყვიტა ფეოდალური მეურვეობით გარანტირებულ პატრიარქალურ თვლემას [sommeil patriarcal]. ყოველივე ეს სამოთხის ამქვეყნიური მოწევნის მილენიალისტური უტოპიაა, რომელიც მოწინავე სცენად ხელახლა აღადგენს იმას, რაც ჯერ კიდევ ნახევრად ისტორიული რელიგიის საწყისში იყო მოცემული, მაშინ, როდესაც ქრისტიანული კომუნები იმ იუდაისტური მესიანიზმის მსგავსად, რომლიდანაც თვითონ გამოვიდნენ, ეპოქის წუხილებსა და უბედობებზე პასუხს ღვთის სამეფოს გარდაუვალ განხორციელებაში ელოდნენ, რითიც ანტიკურ საზოგადოებაში შფოთისა და რღვევის ფაქტორებს ამრავლებდნენ. იმპერიის შიგნით ძალაუფლების გაზიარებით, ქრისტიანობამ უბრალო ცრურწმენად უკუაგდო ამ იმედის ნარჩენები. ავგუსტინისეული ჰოყოფის მნიშვნელობაც ასეთია, იგი მოდერნული იდეოლოგიის ყველანაირად დამაკმაყოფილებელ არქეტიპად წარმოგვიდგება, რომლის მიხედვითაც ამქვეყნად დამკვიდრებული ეკლესია უშორესი დროიდან მოყოლებული სწორედ ის სამეფო იყო, რომელზეც წინასწარმეტყველება ლაპარაკობდა. მილენიალისტი გლეხობის სოციალური ამბოხი იმთავითვე ბუნებრივად განიმარტა, როგორც ეკლესიის ნგრევის ნება. მაგრამ მილენარიზმი ისტორიულ სამყაროში განიშლება და არა მითის ნიადაგზე. თანამედროვე რევოლუციების მოლოდინები არ წარმოადგენენ მილენარიზმის რელიგიური ვნების ირაციონალურ გაგრძელებებს, როგორც ეს ნორმან კონს სწამდა, რომ ეჩვენებინა თავის წიგნში, ათასწლეულზე მიდევნება. ამის საპირისპიროდ, მილენარიზმი (უკანასკნელად ვლაპარაკობ რა რელიგიის ენით) რევოლუციური კლასობრივი ბრძოლაა, რომელიც თავისთავად უკვე მოდერნული რევოლუციური ტენდენციაა, რომელსაც კვლავაც არ ჰყოფნის ისტორიულად ყოფნის ცნობიერება. მილენიალისტები უნდა დამარცხებულიყვნენ, რადგან მათ ვერ ამოიცნეს რევოლუცია, როგორც მათივე მოქმედების საკუთრივი წესი. ის ფაქტი, რომ მოქმედებისთვის მილენიალისტები ღმერთის გადაწყვეტილების გარეგან ნიშანს ელოდნენ, აზრად თარგმნილი ის პრაქტიკაა, რომელშიც ამბოხებული გლეხები მათი სოციალური ფენის გარეთ მდგომ მეთაურებს უნდა გაჰყოლოდნენ. საზოგადოების ფუნქციონირებასთან და კლასობრივი ბრძოლის მართვის წესთან დაკავშირებით, გლეხთა კლასმა ვერ შეიძინა მართებული ცნობიერება; ეს იმიტომ, რომ მოქმედებასა და ცნობიერებაში გლეხთა კლასს ერთიანობის პირობები აკლდა, რის გამოც საკუთარ ბრძოლებს იგი ამქვეყნიური სამოთხის წარმოსახვითთან [l’imagerie] შესაბამისობით მიუძღოდა.         

139. რენესანსის სახით არსებული ისტორიული ცხოვრების ახლებური ფლობა, რომელმაც ანტიკურობაში აღმოაჩინა საკუთარი წარსული და უფლებრიობა, საკუთარ თავში მარადისობისგან მხიარულ წყვეტასაც თან დაატარებს. რენესანსის შეუქცევადი დრო ცოდნათა უსასრულო შეგროვებასა და დემოკრატიული კომუნების გამოცდილებიდან გამოსულ ისტორიულ ცნობიერებასთან ერთად იმ ძალების ერთობლიობაცაა, რომლებმაც მაკიაველის გავლით დესაკრალიზებული ძალაუფლების გაგონიერებით, სახელმწიფოსთან დაკავშირებული უთქმელი გამოთქვეს. იტალიური ქალაქების დოვლათიან ცხოვრებაში, დღესასწაულების ხელოვნების შუაგულში, სიცოცხლე შეიმეცნება, როგორც დროის მდინარებით განცდილი ზენეტარება. თუმცა, დროის მდინარებით განცდილი ზენეტარება თვითონვე მიედინება. ლორენცო მედიჩის სიმღერა, რომელსაც ბურკჰარდტი „რესესანსის თვით სულის“ გამოხატულებად მიიჩნევს, ის ხოტბაა, რომელიც ისტორიის ამ მყიფე დღესასწაულმა საკუთარ თავს აღუვლინა. „რა მშვენიერია ახალგაზრდობა, რომელიც ასე სწრაფმავალია.“

140. აბსოლუტური მონარქიის მხრიდან ისტორიული ცხოვრების მონოპოლიზაციისკენ მუდმივი მოძრაობა, ბურჟუაზიული კლასის სრული გაბატონებისთვის დათმობილი ეს გარდამავალი ფორმა, თავის ჭეშმარიტებაში ბურჟუაზიის ახალი შეუქცევადი დროის რაობას ააშკარავებს. აქ საქმე გვაქვს ციკლურობისგან პირველად გათავისუფლებულ შრომის დროსთან, ციკლურობისგან, რომელზეც მიბმულია ბურჟუაზია. ბურჟუაზიასთან ერთად შრომა იმ შრომად იქცა, რომელსაც ისტორიული პირობების გარდაქმნა შეუძლია. ბურჟუაზია პირველი გაბატონებული კლასია, რომლისთვისაც შრომა ღირებულებაა. ბურჟუაზიამ, რომელიც ყოველგვარ პრივილეგიას ახშობს და რომელიც არ ცნობს არცერთ იმ ღირებულებას, რომელიც შრომის ექსპლუატაციით არაა ნიშანდებული, როგორც გაბატონებულმა კლასმა შრომასთან სათავისოდ გამართლებულად გააიგივა საკუთარი ღირებულება და თან შრომის პროგრესიც საკუთარ პროგრესად გამოაცხადა. კლასი, რომელიც საქონელს და კაპიტალს აგროვებს, შრომის სახეცვლილებით, შრომის მწარმოებლურობის აწყვეტით [déchaînant], განუწყვეტლივ სახეს უცვლის ბუნებას. სოციალური ცხოვრების მთლიანობა უკვე კარგა ხანია სასამართლოს ორნამენტულ სიღარიბეში, ცივი სახელმწიფოებრივი ადმინისტრაციის შემკულობაშია კონცენტრირებული, რომელიც „მეფის საქმეში“ აღწევს თავის უმაღლეს წერტილს. ყოველი ცალკეული ისტორიული თავისუფლება აქ საკუთარ მარცხს უნდა დათანხმებოდა. ფეოდალების შეუქცევადი დროით თამაშის თავისუფლება მათ მიერ ფრონდას უკანასკნელ ბრძოლებში განცდილი მარცხით ან კიდევ ჩარლზ-ედუარდისთვის შოტლანდიელების ამბოხით იქნა მოხმარებული. ამ დროს სამყარომ საფუძველი იცვალა.

141. ბურჟუაზიის გამარჯვება ღრმად ისტორიული დროის გამარჯვებაა, გამომდინარე იქიდან, რომ იგი საზოგადოების უწყვეტად და სრულად გარდამქმნელი ეკონომიკური წარმოების დროა. მანამ, სანამ აგრარული წარმოება შრომის მთავარ ფორმად რჩება, საზოგადოების საფუძველში რჩენილი ციკლური დრო ტრადიციის კვლავაც იმ შეზავებულ ძალებს კვებავს, რომლებიც მოძრაობას აფერხებენ. მაგრამ ბურჟუაზიული ეკონომიკის შეუქცევადი დრო ამ ტიპის გადმონაშთებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძირფესვიანად თხრის. ისტორია, რომელიც მანამდე, მოჩანდა რომ გაბატონებულ კლასში შემავალი ინდივიდების ერთადერთი მოძრაობა იყო და ამდენად იწერებოდა კიდევაც, როგორც ხდომილებისეული ისტორია [histoire événementielle], ახლა გაგებულია, როგორც ზოგადი და სასტიკი მოძრაობა, რომელშიც ინდივიდები მსხვერპლად არიან შეწირულნი. ისტორიამ, რომელმაც საკუთარი ბაზისი პოლიტიკურ ეკონომიაში აღმოაჩინა, ახლა იმის არსებობის შესახებ უწყის, რაც ოდესღაც მისივე არაცნობიერი იყო, თუმცა რაც მიუხედავად ამისა, კვლავაც იმ არაცნობიერად რჩება, რომლის დღის შუქზე ამხედველებასაც იგი (ისტორია) ჯერ კიდევ ვერ ახერხებს. მხოლოდ ეს ბრმა წინარე ისტორიაა, ახალი განწირულობა, რომელზეც არავის ბატონობს, და რომელიც სასაქონლო ეკონომიკამ თავისებურად გაადემოკრატიულა.      

142. ისტორია, რომელიც საზოგადოების სავსე სიღრმეშია წარმოდგენილი, საკუთარი თავის ზედაპირზე კარგვისკენაა მიდრეკილი. შეუქცევადი დროის ტრიუმფი ამავდროულად მისი საგანთა დროდ გარდასახვაცაა, ვინაიდან ამ დროის გამარჯვების იარაღი, საქონლის კანონებთან სრულ შესაბამისობაში, სწორედ რომ ობიექტების სერიული წარმოება იყო. შესაბამისად, უძირითადესი ნაწარმი, რომელიც ეკონომიკურმა განვითარებამ ფუფუნებითი უკმარისობიდან [rareté luxueuse] ყოველდღიური მოხმარებისკენ გადაამისამართა, ისტორიაა; ოღონდ ისტორია აღებული მხოლოდ საგანთა აბსტრაქტულ მოძრაობაში, რომელიც სიცოცხლის ყველა თვისობრივ გამოყენებაზე უპირობოდ ბატონობს. მაშინ, როდესაც წინარე ციკლური დრო მხარს უჭერდა ინდივიდებისა და ჯგუფების მიერ ნაცხოვრები ისტორიული დროის ზრდად ნაწილს, წარმოების შეუქცევადი დროის ბატონობა სხვას არაფერს აკეთებს, თუ არა ცდილობს, რომ სოციალურად აღმოფხვრას ეს ნაცხოვრები დრო.

143. ამგვარად, საზოგადოებას ბურჟუაზიამ შეაცნობინა და თავს მოახვია შეუქცევადი ისტორიული დრო, თუმცა მისი გამოყენების საშუალება კი არ მისცა. „ისტორია მართლაც იყო, მაგრამ ახლა იგი აღარსადაა“, რადგან ეკონომიკის მფლობელთა კლასი, რომელსაც არ შეუძლია რომ ეკონომიკურ ისტორიას რამენაირად ჩამოსცილდეს, შეუქცევადი დროის ყველა სხვა გამოყენების ფორმას, როგორც უშუალო საფრთხე ისე იგერიებს. გაბატონებულმა კლასმა, რომელიც საგნებზე გამოდევნებული სპეციალისტებისგან შედგება, რომლებიც შესაბამისად, თვითონვე არიან საგანთა მფლობელები, საკუთარი ბედისწერა ამ გასაგნებული ისტორიის შენარჩუნებას, ისტორიის შიგნით ამ ახალი უძრაობის მუდმივობას უნდა მიაბან. პირველადაა რომ საზოგადოების ბაზისად მყოფი მშრომელი, ისტორიისთვის აღარაა მატერიალურად უცხო [matériellement étranger], ვინაიდან ახლა სწორედ რომ ეს ბაზისი ამოძრავებს საზოგადოებას შეუქცევადად. მოთხოვნაში, რომ ცხოვრობდეს იმ ისტორიულ დროში, რომელსაც თვითონვე აკეთებს, პროლეტარიატი საკუთარი რევოლუციური პროექტის უბრალო და დაუვიწყარ ცენტრს პოულობს; აქამდე ამ პროექტის წარუმატებლად აღსრულების ყოველი მცდელობა, ახალი ისტორიული ცხოვრების შესაძლებელ ათვლის წერტილს მონიშნავს.   

144. ძალაუფლების განმკარგველი ბურჟუაზიის შეუქცევადი დრო, თავდაპირველად საკუთარი სახელის ქვეშ თვითწარმოდგინდა, როგორც აბსოლუტური საწყისი, რესპუბლიკის 1-ელი წელი. თუმცა ზოგადი თავისუფლების რევოლუციურმა იდეოლოგიამ, რომელმაც ღირებულებათა მითიური ორგანიზაციის უკანასკნელი ნარჩენები და საზოგადოების ტრადიციული რეგლამენტირების ყოველგვარი ფორმა ჩამოშალა, ვაჭრობის განზოგადებული თავისუფლების სახით ის რეალური ნება გამოააშკარავა, რომელსაც მანამდე რომაული სამოსით ნიღბავდა. სასაქონლო საზოგადოებამ, რომელმაც ახლა აღმოაჩინა, რომ მას კვლავაც უნდა აღედგინა ის პასიურობა, რომელიც საკუთარი წმინდა ხელმწიფების დამკვიდრების მიზნით ფუნდამენტურად შეერყია, „ქრისტიანობაში აბსტრაქტული ადამიანის კულტთან ერთად მეტად ხელსაყრელი რელიგია აღმოაჩინა“ (კაპიტალი). ამგვარად, ბურჟუაზიამ კომპრომისს მიაღწია ქრისტიანობასთან, რაც დროის წარმოდგენაშიც გამოიხატა; ბურჟუაზიამ საკუთარი კალენდარი უკუაგდო, საკუთარი შეუქცევადი დრო კი ქრისტიანულ დროებაში გაახვია, რომლის თანმიმდევრულობაც თან გააგრძელა.

145. კაპიტალიზმის განვითარებასთან ერთად, შეუქცევადი დრო სამყაროულად ერთიანდება. უნივერსალური ისტორია რეალობად იქცევა, რადგან მთელი სამყარო ამ დროის განვითარების ქვეშაა შემოკრებილი. მაგრამ ეს ისტორია, რომელიც ყველგან და თანადროულად ერთსახოვანია, კვლავაც ისტორიის მხოლოდ შორის-ისტორიულ [intra-historique] უკუგდებად რჩება. იგი ერთმანეთის თანაბარ აბსტრაქტულ ფრაგმენტებად დანაწევრებული ეკონომიკური წარმოების დროა, რომელიც მთელი პლანეტის მასშტაბით ერთსა და იმავე დღედ მანიფესტირდება. გაერთიანებული შეუქცევადი დრო მსოფლიო ბაზრის და შესაბამისად, მსოფლიო სპექტაკლის დროა. 

146. წარმოების შეუქცევადი დრო უწინარეს ყოვლისა საქონელთა საზომია. ამგვარადაა, რომ დრო, რომელიც საკუთარ თავს მთელი მსოფლიოს განფენილობით ოფიციალურად იდგენს, როგორც საზოგადოების ზოგადი დრო, მონიშნავს რა მხოლოდ საკუთარივე თავის მაფორმირებელ სპეციალიზებულ ინტერესებს, სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა ცალკეული დრო.  

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…