გი დებორის ესე

სპექტაკლის საზოგადოება – V

, , , ,

პროლეტარიატი, როგორც სუბიექტი და რეპრეზენტაცია

97. ბერნშტაინს, ვინაიდან იგი პოლიტიკური იდეოლოგიისგან ყველაზე შორს მდგომი და ბურჟუაზიული მეცნიერების მეთოდოლოგიასთან ყველაზე უფრო უტყუარად მორიგებული სოციალ-დემოკრატი იყო, ჰქონდა იმის პატიოსნება, რომ როგორც მინიმუმ რეალობის ამ შეუსაბამობის ჩვენება ნდომებოდა. რევოლუციური იდეოლოგიისგან განდგომით, ინგლისელი მშრომელების რეფორმისტულმა მოძრაობამაც ცხადყო ეს რეალობა; და მაინც, ყველაფერ სხვამდე თვითონ ისტორიული განვითარებით გამოაშკარავდა აღნიშნული შეუსაბამობა. სხვა მხრივ ილუზიებით სავსე ბერნშტაინმაც კი უარყო წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ კაპიტალისტური წარმოების კრიზისი სოციალისტებს სასწაულებრივად წაადგებოდა, რომლებსაც რევოლუციის მემკვიდრეობით მიღება სწორედ და მხოლოდ ამ სახით კანონდებული კურთხევით სურდათ. ღრმა სოციალური მღელვარების მომენტი, რომელმაც პირველ მსოფლიო ომთან ერთად იფეთქა, მიუხედავად იმისა, რომ ნაყოფიერი გამოდგა საგანთა გაცნობიერების თვალსაზრისით, მანვე ორგზის გამოამჟღავნა, რომ სოციალ-დემოკრატიულ იერარქიას არც გერმანელი მშრომელები გაენათლებინა რევოლუციურად და არც თეორეტიკოსებით მოემარაგებინა ისინი: პირველად მაშინ, როდესაც პარტიის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იმპერიალისტურ ომს დაუჭირა მხარი, ხოლო მეორედ მაშინ, როდესაც დამარცხებისას სპარტაკიანელი რევოლუციონერების პირისპირ აღმოჩნდა. ყოფილ მშრომელს, გვარად ებერტს კვლავაც სჯეროდა ცოდვის, აღიარებდა რა რომ სძულდა რევოლუცია, „როგორც ცოდვა“. ისვე იქცა იმ სოციალისტური რეპრეზენტაციის წინამორბედად, რომელიც ოდნავ მოგვიანებით რუსეთის პროლეტარიატს, როგორც თავის აბსოლუტურ მტერს დაუპირისპირდა და თან ჩამოაყალიბა ამ ახალი გაუცხოების ზუსტი პროგრამაც, ფორმულირებით: „სოციალიზმი ნიშნავს ბევრ შრომას.“                

98. ლენინი, როგორც მარქსისტი მოაზროვნე, ერთგული და თანმიმდევრული კაუცკიანელი იყო, რომელსაც „ორთოდოქსული მარქსიზმის“ რევოლუციური იდეოლოგია რუსული პირობებისთვის მოერგო. პირობებისთვის, რომლებიც ადგილს არ ტოვებდა მეორე ინტერნაციონალში მხარდაჭერილი რეფორმისტული პრაქტიკისთვის. პროლეტარიატის გარეგანი დირექტორატი, რომელიც დისციპლინირებული იატაკქვეშა პარტიის საშუალებით მოქმედებდა, „პროფესიონალ რევოლუციონერებად“ ქცეულ ინტელექტუალებს ექვემდებარებოდა, რამაც შედეგად იმ პროფესიის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი, რომელსაც კაპიტალისტურ საზოგადოებაში მოქმედ არცერთ მმართველ პროფესიასთან არ სურდა შერიგება (უფრო მეტიც, ცარისტულ პოლიტიკურ რეჟიმს არც შეეძლო მათთვის ათვლის იმგვარი წერტილის „შეთავაზება“, რომლის საფუძველიც ბურჟუაზიული ძალაუფლების განვითარებული საფეხური იქნებოდა). შესაბამისად, იგი საზოგადოების აბსოლუტური განკარგვის პროფესიად იქცა.              

99. ბოლშევიკების ავტორიტარულმა იდეოლოგიურმა რადიკალიზმმა ომთან და ამ ომის პირისპირ დამარცხებულ სოციალ-დემოკრატიულ ინტერნაციონალთან ერთად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით განივრცო თავი. მუშათა მოძრაობის დემოკრატიული ილუზიების სისხლიანმა დასასრულმა მთელი სამყარო რუსეთად აქცია; ამ კრიზისული ეპოქით წარმოქმნილმა ბოლშევიზმმაც, რომელიც პირველ რევოლუციურ წყვეტას ჩასდგომოდა სათავეში, ყველა ქვეყნის პროლეტარიატს გაბატონებულ კლასთან მისეული, „რუსულად ლაპარაკის“ იერარქიული და იდეოლოგიური მოდელი შესთავაზა. ლენინს მეორე ინტერნაციონალის მარქსიზმი არ დაუგმია მისი რევოლუციურ იდეოლოგიად არსებობის გამო, მან ის სწორედ რომ ასეთნაირად აღარ არსებობის გამო უარყო.       

100. ის ისტორიული მომენტი, რომელშიც ბოლშევიზმი თავისთვის ზეიმობდა რუსეთში, ხოლო სოციალ-დემოკრატია ძლევამოსილად იბრძოდა ძველი სამყაროსთვის, საგანთა წესრიგის იმ სრულქმნილ დაბადებას აღნიშნავს, რომელიც მოდერნული სპექტაკლის ბატონობის გულისგულშია. მასში მუშათა რეპრეზენტაცია თავს რადიკალურად იპირისპირებს კლასთან.       

101. 1918 წლის 21 დეკემბერს, როზა ლუქსემბურგი გაზეთში (Die Rote Fahne) წერდა: „ყველა აქამომდელ რევოლუციაში, მებრძოლები ღია სახით უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს: კლასი კლასის წინააღმდეგ იყო, პროგრამა პროგრამის წინააღმდეგ. მიმდინარე რევოლუციაში კი ძველი წესრიგის დამცავი რაზმები არა მმართველი კლასის ნიშანქვეშ, არამედ ‘სოციალ-დემოკრატიული პარტიის’ დროშით გამოდიან. რევოლუციის ცენტრალური კითხვა, (კაპიტალიზმი თუ სოციალიზმი?) ღიად და პატიოსნად რომ დასმულიყო, პროლეტარიატის უზარმაზარ მასაში დღეს არავითარი ეჭვი, არავითარი ყოყმანი აღარ იარსებებდა.“ ამგვარად, განადგურებამდე რამდენიმე დღით ადრე, გერმანიის პროლეტარიატის რადიკალურმა ფრთამ, მანამდელი პროცესით მთლიანობაში წარმოქმნილი ახალი პირობების საიდუმლო აღმოაჩინა, (რასაც მშრომელთა რეპრეზენტაციამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი), რომლის არსიც არსებული წესრიგის დაცვის სპექტაკლისებურ ორგანიზებასა და იმ მოჩვენებათა სოციალურ ბატონობაში მდგომარეობდა, რომლებთან ერთადაც „ცენტრალური კითხვის ღიად და პატიოსნად“ დასმა შეუძლებელი ხდებოდა. პროლეტარიატის რევოლუციური რეპრეზენტაცია ამ ეტაპზე ერთდროულად იქცა საზოგადოების გაყალბების, როგორც პრინციპულ ფაქტორად, ასევე მის ცენტრალურ შედეგადაც.  

102. პროლეტარიატის ბოლშევიკურ მოდელზე ორგანიზება, რაც რუსეთის შეფერხებული განვითარებით და რევოლუციურ ბრძოლაში მოწინავე ქვეყნების მშრომელთა მოძრაობის უკან დახევით იყო განპირობებული, რუსეთის შეფერხებულ განვითარებაში ყველა იმ პირობასაც წააწყდა, რომელიც ორგანიზების ბოლშევიკურ ფორმას კონტრრევოლუციური ამობრუნებისკენ მიუძღოდა, იმისკენ, რასაც ეს ფორმა თავის ჩანასახოვან მდგომარეობაშივე არაცნობიერებად უკვე შეიცავდა. 1918-1920 წლებში, პრინციპის Hic Rhodus, hic salta პირისპირ ევროპის მშრომელთა მოძრაობების განმეორებადმა უკან დახევამ, რომელსაც თან ახლდა ამ მოძრაობებში ჩართული რადიკალური უმცირესობის ძალადობრივი განადგურება, ხელი შეუწყო პროცესის სრულქმნას და სამყაროსთვის ცრუ შედეგის, როგორც პროლეტარიატის საკითხის ერთადერთი გადაწყვეტის ჰოყოფას. რეპრეზენტაციაზე სახელმწიფო მონოპოლიის ხელში ჩაგდებამ და მშრომელთა ძალაუფლების დაცვამ, რამაც გაამართლა კიდევაც ბოლშევიკური პარტია, მისგან ის აქცია, რაც ის უკვე იყოპროლეტარიატის მესაკუთრეთა პარტია, რომელიც არსებითად აუქმებდა საკუთრების წინარე ფორმებს.         

103. ოცი წლის განმავლობაში რუსეთის სოციალ-დემოკრატიის განსხვავებული ტენდენციებით მუდამ არადამაკმაყოფილებელ თეორიულ დებატებში წინჭვრეტილი ცარიზმის ლიკვიდაციის ყველა პირობა, შეეხებოდა იგი ბურჟუაზიის სიმყიფეს [faiblesse], გლეხთა უმრავლესობის უარყოფით სიმძიმეს, კონცენტრირებული და ბრძოლისუნარიანი, თუმცა უკიდურესად მცირე ოდენობით არსებული პროლეტარიატის გადამწყვეტ როლს თუ კიდევ რაიმე სხვას, საბოლოოდ გადაწყვეტის იმ პრაქტიკაში გამომჟღავნდა, რომელიც ჰიპოთეზის სახითაც კი არ ყოფილა ამ დებატებში წარმოდგენილი. პროლეტარიატის განმკარგველმა რევოლუციურმა ბიუროკრატიამ, სახელმწიფოს მიტაცებით [s’emparant de l’État] საზოგადოებაში ახალი კლასობრივი ბატონობა დაამყარა. მკაცრად ბურჟუაზიული რევოლუცია შეუძლებელი იყო; „მშრომელთა და გლეხთა დემოკრატიული დიქტატურა“ საზრისს იყო გამოცლილი. საბჭოების პროლეტარულ ძალაუფლებას არ შეეძლო საკუთარი თავის ერთდროულად მესაკუთრე გლეხთა კლასის, ნაციონალური და ინტერნაციონალური თეთრი რეაქციის და იმ რეპრეზენტაციის წინააღმდეგ შენარჩუნება, რომელშიც სახელმწიფოს, ეკონომიკის, გამოხატვის და მალევე აზრის აბსოლუტური ოსტატების მშრომელთა პარტიად გამომზეურებულიყო და თვითგაუხოებულიყო. ტროცკისა და პარვუსის პერმანენტული რევოლუციის თეორია, რომელიც ლენინმა 1917 წლის აპრილში გაიზიარა, ბურჟუაზიის სოციალურ განვითარებას ჩამორჩენილი ქვეყნებისთვის ერთადერთ ჭეშმარიტებად ქცეულიყო; ოღონდ ეს თეორია ასეთად მხოლოდ იმ უცნობი ფაქტორის წარმოდგენის შემდეგ იქცა, რომელიც ბიუროკრატიის კლასობრივ ძალაუფლებას შეეხებოდა. დიქტატურის იდეოლოგიის უზენაესი რეპრეზენტაციის ხელში კონცენტრაციას, ბოლშევიკური დირექტორატის შიგნით ყველაზე თანმიმდევრულად ლენინი იცავდა. ლენინი ყოველ ჯერზე მართალი იყო თავის ოპონენტებთან კამათში, როდესაც მხარს უკვე წინარე არჩევანით ნაგულისხმევ გადაწყვეტილებას უჭერდა, აბსოლუტური უმცირესობის ძალაუფლების თაობაზე. დემოკრატია, რომელიც ეტატისტურად ჩამორთმეოდათ გლეხებს, მშრომელებისთვისაც ასევე უნდა დარჩენილიყო, რამაც საბოლოო ჯამში დემოკრატია, პროფკაშირების კომუნისტი ლიდერებით დაწყებული, პარტიის მთლიანობით გაგრძელებული და პარტიული იერარქიის უმაღლესი ეშელონით დამთავრებული ყველას და ყველაფერს ჩამოაშორა. მეათე კონგრესზე, მაშინ, როდესაც კრონშტადტის საბჭო ცეცხლში გახვეულიყო და ცილისწამებათა მორევში ჩაფლულიყო, ლენინმა „მუშათა ოპოზიციად“ ორგანიზებული მემარცხენე ბიუროკრატების წინააღმდეგ ერთი ასეთი დასკვნა გააკეთა, რომლის ლოგიკის განვრცობასაც სტალინი სამყაროს სრულყოფილ დაყოფამდე აპირებდა: „ან აქ ან იქ, ქვემოთ იარაღით, მაგრამ არა ოპოზიციით… ჩვენ საკმარისად ვიყოლიეთ ოპოზიცია.“ 

104. სახელმწიფო კაპიტალიზმის ერთადერთ მესაკუთრედ დარჩენილმა ბიუროკრატიამ, კრონშტადტის შემდეგ, „ახალი ეკონომიკური პოლიტიკის“ დროს, თავისი საშინაო ძალაუფლება გლეხობასთან დროებითი ალიანსით გაინაღდა. საგარეო ძალაუფლებას იგი მესამე ინტერნაციონალის ბიუროკრატიულ პარტიებში ჩარიცხული და რუსული დიპლომატიის მიერ დამატებით ძალად გამოყენებული მშრომელების მეშვეობით იცავდა, რომლებიც ძირს უთხრიდნენ რევოლუციური მოძრაობის მთლიანობას და მხარს იმ ბურჟუაზიულ მთავრობებს უჭერდნენ, რომელთა მხრიდან დახმარებასაც საერთაშორისო პოლიტიკაში ელოდნენ (1925-27 წლებში, გომინდანის ძალაუფლება ჩინეთში, სახალხო ფრონტი ესპანეთსა და საფრანგეთში და ასე შემდეგ). ბიუროკრატიულმა საზოგადოებამ გლეხობაზე განხორციელებული ტერორის სახით ბოლომდე მისდია საკუთარ ამოცანას იმისთვის, რომ ისტორიაში ყველაზე სასტიკი პირველადი კაპიტალისტური დაგროვება განეხორციელებინა. სტალინური ეპოქის ინდუსტრიალიზაცია ბიუროკრატიის ამ რეალობას საბოლოოდ ააშკარავებს. იგი ეკონომიკის ძალაუფლების გაგრძელებაა, საბაზრო საზოგადოების არსებითობები აქ შრომა-საქონლითაა დახსნილი. ეს ყოველივე დამოუკიდებელი ეკონომიკის მტკიცებულებაა, რომელიც საზოგადოებაზე მისივე მიზნების კვლავქმნისთვის აუცილებელი კლასობრივი დომინაციის წერტილიდან ბატონობს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ბურჟუაზიამ შექმნა ავტონომიური ძალაუფლება, რომელიც მანამ, სანამ ეს ავტონომია ნარჩუნდება, შეუძლია რომ ბურჟუაზიის გარეშე იარსებოს. ტოტალიტარული ბიუროკრატია არ არის ბრუნო რიცის აზრით გაგებული „ისტორიის მესაკუთრე უკანასკნელი კლასი“, იგი მხოლოდ სასაქონლო ეკონომიკის ჩანაცვლების გაბატონებული კლასია. კაპიტალისტური კერძო საკუთრების ქრობა, ბიუროკრატიული კლასის კოლექტიურ საკუთრებაში კონცეტრირებული გამარტივებული, ნაკლებ სხვადასხაობითი [moins diversifié] ქვენაწარმითაა ჩანაცვლებული. გაბატონებული კლასის ასეთნაირი განუვითარებლობის ფორმა, ეკონომიკური ქვეგანვითარების გამოხატულებაცაა, რომელსაც პერსპექტივად სხვა არაფერი რჩება, თუ არა მსოფლიოს ცალკეულ რეგიონებში, ამ დაგვიანებული განვითარებისთვის გადასწრება. იერარქიულ-ეტატისტური კადრებით სწორედ განცალკევების ბურჟუაზიულ მოდელზე მოწყობილმა მუშათა პარტიამ აღჭურვა მმართველი კლასის ეს დამატებითი გამოშვება. სტალინის ციხეში ყოფნისას ანტონ ჩილიგამ შენიშნა, რომ: „ორგანიზაციის ტექნიკური საკითხები სოციალური საკითხები აღმოჩნდა“ (ლენინი და რევოლუცია).

105. რევოლუციური იდეოლოგია, განცალკევებულის შეწყობილობა [la cohérence du séparé], რომლის უმაღლეს ნებაყოფლობით ძალისხმევასაც ლენინიზმი აკონსტიტუირებს, რომელიც მისგანვე უკუქცეულ რეალობაზე მართვას ინარჩუნებს, შეუწყობლობაში თავის ჭეშმარიტებას სტალინიზმთან ერთად დაუბრუნდა. აქედან მოყოლებული იდეოლოგია მიზანია და არა იარაღი. ტყუილი, რომელიც აღარაა შეკითხული, სიგიჟედ იქცევა. რეალობა, ისევე, როგორც მიზანი ტოტალიტარულ იდეოლოგიურ მოწოდებაშია განზავებული. ყველაფერი, რასაც ეს იდეოლოგია ამბობს, ყოველივე ისაა, რაც არის. იგი სპექტაკლის ადგილობრივი პრიმიტივიზმია, რომლის როლიც მიუხედავად ამისა, არსებითია სამყაროული სპექტაკლის განვითარებაში. აქ მატერიალიზებულ იდეოლოგიას, სიჭარბის საფეხურამდე მიღწეული კაპიტალიზმის მსგავსად, სამყარო არ გარდაუქმნია ეკონომიკურად. მან მხოლოდ აღქმა გარდაქმნა პოლიციურად.

106. იდეოლოგიურ-ტოტალიტარული კლასი ძალაუფლებაში, ამობრუნებული სამყაროს ძალაუფლებაა. რაც უფრო ძლიერია ეს ძალაუფლება, მით უფრო მეტად ჰოყოფს იგი მისსავე არარსებობას, ძალა აქ ყველაფერ სხვამდე საკუთარივე თავის არარსებობის ჰოყოფას ემსახურება. იგი მხოლოდ ამ თვალსაზრისითაა მოკრძალებული, ვინაიდან მისი ოფიციალური არარსებობა ისტორიული განვითარების საბოლოო სიტყვას უნდა დაემთხვეს, რომელიც მისივე უცდომელი ბრძანებით ამავდროულად ყველას ივალდებულებს. საყოველთაო გავრცელებულობით ბიუროკრატია ცნობიერებისთვის უხილავ კლასად უნდა რჩებოდეს, და ამას ისეთნაირად უნდა აკეთდებს, რომ სოციალური ცხოვრების მთლიანობა შეშლილობას უახლოვდებოდეს. აბსოლუტური ტყუილის სოციალური ორგანიზება ამ ფუნდამენტური წინააღმდეგობიდან გამომდინარეობს.     

107. სტალინიზმი ტერორის ბატონობა იყო თვითონ ბიუროკრატიულ კლასში. ტერორიზმი, რომელიც ამ კლასის ძალაუფლებას აფუძნებს, საკუთრივ ამ კლასსაც უტევს, ვინაიდან იგი, როგორც მესაკუთრე კლასი, არავითარ იმ იურიდიულ უზრუნველყოფას, არავითარ იმ აღიარებულ არსებობას არ ფლობს, რომელსაც თავის ყველა წევრზე სათითაოდ განავრცობდა. ბიუროკრატიის რეალური საკუთრება დაფარულია; მესაკუთრედ ის მხოლოდ ყალბი ცნობიერების გზით ქცეულა. ყალბი ცნობიერება თავის აბსოლუტურ ძალაუფლებას მხოლოდ აბსოლუტური ტერორით ინარჩუნებს, სადაც ყოველგვარი ჭეშმარიტი მოტივი კარგვისთვისაა გადადებული. ძალაუფლებით აღჭურვილი ბიუროკრატიული კლასის წევრები საზოგადოების განკარგვის უფლებას მხოლოდ კოლექტიურად ფლობენ, რასაც ისინი ფუნდამენტურ ტყუილში მონაწილეობის სახით უზრუნველყოფენ კიდევაც. მათ სოციალისტური საზოგადოების წინამძღოლი პროლეტარიატის როლის შესრულება უნდა მოირგონ, ისინი ბოლომდე იდეოლოგიური ორგულობის ერთგულ მსახიობებად უნდა დარჩნენ. ოღონდ ამ ცრუ ყოფნაში ქმედითად მონაწილეობა, საკუთარ თავს ყველაფერ სხვამდე უტყუარ მონაწილეობად უნდა ცნობდეს. არცერთ ბიუროკრატს არ შეუძლია, რომ ძალაუფლებაზე თავის უფლებას ინდივიდუალურად დაუჭიროს მხარი, ვინაიდან დადასტურება იმისა, რომ იგი სოციალისტი პროლეტარია, მას იქვე ბიუროკრატიის წინააღმდეგ მყოფად ააშკარავებს; ბიუროკრატად ყოფნის მტკიცება კი შეუძლებელია, რადგან ბიუროკრატიის ოფიციალური ჭეშმარიტება აქ ისაა, რომ იგი არ არსებობს. ამდენად, ყოველი ცალკეული ბიუროკრატი აბსოლუტურად დამოკიდებულია იდეოლოგიის ცენტრალურ გარანტიაზე, რომელიც თავის „სოციალისტურ ძალაუფლებაში“ ყველა იმ ბიუროკრატის კოლექტიურ მონაწილეობას აღიარებს, რომელიც მას არ გაუნადგურებია. თუკი ერთად აღებული ბიუროკრატები ყველაფერს გადაწყვეტენ, ბიუროკრატიული კლასის შეწყობილობა მხოლოდ ცალკეულ პიროვნებაში კონცენტრირებული ტერორისტული ძალაუფლებით იქნება უზრუნველყოფილი. საკუთარი, განუწყვეტლივ შესწორებული საზღვრის უდავო ფიქსაციით, ძალაუფლების სიცრუის ერთადერთი პრაქტიკული ჭეშმარიტება ამ პიროვნებაში იკრებს თავს. სტალინი უაპელაციოდ წყვეტს, თუ ბოლოს და ბოლოს ვინ უნდა იყოს მფლობელი ბიუროკრატი, სხვანაირად რომ ვთქვათ, ვინ უნდა ჩაითვალოს „ძალაუფლებაში მყოფ პროლეტარად“ ან „მიკადოს და ვოლ სტრიტის მიერ ნაყიდ მოღალატედ“. ბიუროკრატიული ატომები თავიანთი კომუნალური უფლების არსს მხოლოდ სტალინის პიროვნებაში პოულობენ. სტალინია სამყაროს სუვერენი, რომელიც ამ გზით საკუთარ თავს იმ აბსოლუტურ პიროვნებად შეიცნობს, რომლის ცნობიერებისთვისაც აღარ არსებობს უფრო მაღალი ინსტანციის სული. „სამყაროს სუვერენი ქმედითად აცნობიერებს იმას, რაც ის არის – გამანადგურებელ ძალადობაში უნივერსალურად ქმედებაუნარიანი შეძლება, რასაც იგი დაქვემდებარებულების თვითობის საწინააღმდეგოდ, თვითგარჩევადობაში ანამდვილებს.“ ამასთან ერთად, სუვერენი ის შეძლებაცაა, რომელიც ბატონობის ნიადაგს განსაზღვრავს, იგი „ამ ნიადაგის ამაოხრებელი შეძლებაა“.

108. მაშინ, როდესაც აბსოლუტურ ძალაუფლებას მიდევნებული და აბსოლუტურობად ქცეული იდეოლოგია, დანაწევრებული ცოდნიდან ტოტალიტარული ტყუილით ნაცვლდება, ისტორიული აზრი იმდენად სრულყოფილად ნადგურდება, რომ თვითონ ისტორია, ცოდნის ყველაზე ემპირიულ დონეზეც კი ვეღარ არსებობას. ტოტალიტარულად ბიუროკრატიული საზოგადოება სამარადისო აწმყოში ცხოვრობს, სადაც ყოველივე მომხდარი [tout ce qui est advenu] მისთვის მხოლოდ პოლიციაზე ხელმისაწვდომ სივრცედაა მოცემული. ჯერ კიდევ ნაპოლეონის მიერ ფორმულირებულმა „მოგონებათა ენერგიის მონარქიულად მართვის“ პროექტმა, თავისი მთლიანობითი კონკრეტიზაცია, არა მხოლოდ მნიშვნელობების, არამედ ფაქტების თვალსაზრისითაც, წარსულის პერმანენტულ მანიპულაციაში ჰპოვა. თუმცა, ყოველგვარი ისტორიული რეალობისგან გათავისუფლებაში გადახდილი ფასი იმ რაციონალური დამოწმების კარგვაცაა, რომელიც კაპიტალიზმის ისტორიული საზოგადოებისთვის აუცილებელზე აუცილებელია. ცნობილია თუ რად დაუჯდა რუსეთის ეკონომიკას ჭკუიდან გადამცდარი იდეოლოგიის სამეცნიერო გამოყენება; ამის დასტურად ლისენკოს გაქნილობაც გამოდგება. ტოტალიტარული ბიუროკრატიის მიერ ინდუსტრიალიზებული საზოგადოების ადმინისტრირების წინააღმდეგობა მისი მხრიდან ერთდროულად რაციონალურის საჭიროებასა და რაციონალურისავე უარყოფას შორისაა მოქცეული, რაც ნორმალურ კაპიტალისტურ განვითარებასთან შედარებით ამ მოდელის პრინციპული უკმარისობაცაა. ბიუროკრატია კაპიტალიზმისგან განსხვავებულად წყვეტს სოფლის მეურნეობის საკითხს, ირეალიზმის საფუძველსა და განზოგადებულ ტყუილზე ავტორიტარულად დაგეგმარებული, საბოლოო ჯამში იგი კაპიტალიზმს ინდუსტრიულ წარმოებაშიც ჩამორჩება.  

109. ორ ომს შორის რევოლუციურ მშრომელთა მოძრაობა, სტალინური ბიუროკრატიისა და ფაშისტური ტოტალიტარიზმის (რომელმაც ორგანიზების ფორმა რუსეთში ნაცადი ტოტალიტარული პარტიიდან ისესხა) შეერთებული მოქმედებით განადგურდა. ფაშიზმი კრიზისით და პროლეტარული სუბვერსიით დამუქრებული ბურჟუაზიული ეკონომიკის უკიდურეს დაცვას წარმოადგენდა, კაპიტალისტური საზოგადოების ალყაშემორტმულ მდგომარეობას, რომლითაც ეს საზოგადოება ერთდროულად საკუთარ თავსაც გაურბოდა და თან მართვაში სახელმწიფოს მასიური ინტერვენციით საკუთარ თავსვე იმარაგებდა პირველადი გადაუდებელი რაციონალიზაციით. მაგრამ ასეთი რაციონალიზაცია თვითონვეა საკუთარი საშუალებების განუზომელი ირაციონალურობით დამძიმებული. მიუხედავად იმისა, რომ ფაშიზმი კონსერვატიული ბურჟუაზიული იდეოლოგიის ძირეული ელემენტების დაცვისკენ (ოჯახი, საკუთრება, მორალური წესრიგი, ერი) ისწრაფვის, ხელახლა აერთიანებს რა ამით წვრილბურჟუაზიასა და კრიზისით შეშინებულ თუ სოციალისტური რევოლუციის უძალობით გულგატეხილ უმუშევრებს, იგი თვითონ, მაინც არაა ფუნდამენტურად იდეოლოგიური. ფაშიზმი თავს იმად წარმოაჩენს, რაც ის არის. იგი თავს წარმოაჩენს, როგორც მითის ძალადობრივი აღორძინება, რომელიც არქაული ფსევდოღირებულებებით (რასა, სისხლი, ბელადი) განსაზღვრულ კომუნიტეტში ითხოვს მონაწილეობის მიღებას. ფაშიზმი ტექნიკურად აღჭურვილი არქაიზმია. მითის მისეულად დაშლილი ერზაცი ყველაზე მოდერნული განპირობების საშუალებების [moyens de conditionnement] და ილუზიების სპექტაკლისებურ კონტექსტშია აღდგენილი. ამგვარად, მოდერნულად სპექტაკლისებურის ჩამოყალიბებაში, ფაშიზმი ფაქტორია, ისევე, როგორც მუშათა ძველი მოძრაობების განადგურებაში ფაშიზმის წილი, მას მიმდინარე საზოგადოების ფუძემდებლურ ძალად აქცევს. მაგრამ, ვინაიდან ფაშიზმი კაპიტალისტური წესრიგის შენარჩუნების ყველაზე ძვირადღირებული ფორმაც აღმოჩნდა, სცენის წინა ხაზი მას კაპიტალისტური სახელმწიფოს დიადი როლებისთვის უნდა დაეთმო. ფაშიზმი იმავე წესრიგის უფრო რაციონალური და უფრო ძლიერი ფორმებითაა ჩანაცვლებული.  

110. მას შემდეგ, რაც რუსეთის ბიუროკრატიამ საბოლოოდ და წარმატებით წაშალა ბურჟუაზიული საკუთრების კვალი (ის რაც ეკონომიკაზე ბიუროკრატიის ბატონობას მნიშვნელოვნად აბრკოლებდა), მას შემდეგ, რაც ბიუროკრატიამ ეს საკუთრება სათავისო გამოყენებისთვის განავითარა და საგარეო ურთიერთობებში წამყვან ძალებს შორის აღიარებაც მოიპოვა, მას ამ სამყაროთი მშვიდად ტკბობა და თან ამ სამყაროდან იმ თვითნებური ნაწილის ამოძირკვა სურდა, რომელიც ამ სამყაროს იძულებით მიენიჭა. სტალინიზმის სახით ბიუროკრატია მისსავე პირველწყაროს გმობს. თუმცა ასეთი გმობა არსებითად კვლავაც სტალინურ, თვითნებურ, განუმარტავ, უწყვეტად შესწორებულ ჟესტად რჩება, ვინაიდან ამ პირველწყაროს იდეოლოგიური ტყუილი შეუძლებელია გამომჟღავნებულ იქნას. ამგვარად, ბიუროკრატიას არ შეუძლია საკუთარი თავის არც კულტურულად და არც პოლიტიკურად გათავისუფლება, რადგან მისი, როგორც კლასის არსებობა, იმ იდეოლოგიურ მონოპოლიაზეა დამოკიდებული, რომელიც მთელს თავის სიმძიმილში [lourdeur], საკუთრებაზე ბიუროკრატიის ერთადერთი წვდომაა. იდეოლოგიამ უეჭველია, რომ დაკარგა საკუთარი თავის პოზიტიურად ჰოყოფის ვნება, თუმცა თავის განუსხვავებელ ტრივიალურობაში, იგი ჯერ კიდევ ინარჩუნებს უმცირესი კონკურენციის აკრძალვის რეპრესიულ ფუნქციას, აზროვნების მთლიანობის ტყვეობაში რჩენის ამ მექანიზმს. ბიუროკრატია ასეთნაირად ებმის იდეოლოგიას, რომლისაც აღარავის სჯერა. ოდესღაც ტერორისტული ახლა იმ მასხარაობად ქცეულა, რომელსაც საკუთარი თავის შენარჩუნება მხოლოდ იმ ტერორიზმის ფონად შენახვაში შეუძლია, რომლის თავიდან მოშორებაც სურს. ამდენად, როდესაც კი ბიუროკრატიას კაპიტალიზმის ნიადაგზე საკუთარი აღმატებულობის ჩვენება სურს, იგი კაპიტალიზმის ღარიბ ნათესავადაა თვითღიარებული. გამომდინარე იქიდან, რომ ბიუროკრატიის ქმედითი ისტორია წინააღმდეგობაშია მისსავე უფლებასთან, რამდენადაც მისი მოუხეშად შენარჩუნებული [grossièrement entretenue] უმეცრება წინააღმდეგობაშია მისსავე სამეცნიერო პრეტენზიებთან, ბიუროკრატიის პროექტი ბურჟუაზიას გაეჯიბროს სასაქონლო სიჭარბის წარმოებაში, იმ ფაქტითაა შეფერხებული, რომ ასეთი სიჭარბე საკუთარ თავშივე ატარებს მისეულად ნაგულისხმევ იდეოლოგიას და როგორც წესი, მასვე თან ახლავს სპექტაკლისებურად ყალბი არჩევანის განუსაზღვრელად განვრცობილი თავისუფლება, ან ფსევდოთავისუფლება, რომელიც ბიუროკრატიულ იდეოლოგიასთან ბოლომდე შეუთავსებლად რჩება.       

111. განვითარების მიმდინარე მომენტში, ბიუროკრატიის იდეოლოგიური მესაკუთრის სახელი უკვე საერთაშორისო მასშტაბით იშლება. ძალაუფლებამ, რომელიც ნაციონალურ ნიადაგზე თვითდამკვიდრდა, როგორც ფუნდამენტურად ინტერნაციონალური მოდელი, უნდა აღიაროს, რომ მას აღარ შესწევს ძალა ყოველი ცალკე აღებული ნაციონალური საზღვრის მიღმა, საკუთარი ცრუ შეწყობილობა მოჩვენებითობაში შეინარჩუნოს. ურთიერთკონკურენტული ინტერესების მატარებელი ბიუროკრატიების არათანაბარი ეკონომიკური განვითარების შედეგად, მოწინავე ბიუროკრატ(ი)ებმა წარმატებით გაართვეს თავი მათივე „სოციალიზმის“ ცალკეული ქვეყნის გარეთ ფლობას, რამაც თავის მხრივ, რუსულ და ჩინურ ტყუილებს შორის საჯარო და სრული კონფრონტაცია გამოიწვია. აქედან მოყოლებული, ძალაუფლებით აღჭურვილი ყოველი ბიუროკრატია ან კიდევ სტალინიზმის პერიოდში ეროვნულ მუშათა კლასებში მიტოვებული ძალაუფლების კანდიდატი ყოველი ტოტალიტარული პარტია, საკუთარ გზას უნდა მიჰყვეს. შინაგანი უარყოფისკენ მიმართულმა მანიფესტაციებმა, რომლებიც სამყაროსთვის თვალსაჩინო, აღმოსავლეთ ბერლინში ბიუროკრატების წინააღმდეგ ორგანიზებული მუშათა ამბოხით შეიქნა (მოთხოვნით “მმართველობა მეტალურგებს”), და რომელთაც მანამდე ერთხელ უკვე უნგრეთის მუშათა საბჭოების ძალაუფლებამდეც კი მიაღწეს, უცნაურად, მაგრამ ის დაადასტურეს, რომ ბიუროკრატიული მისტიფიკაციის მოჩვენებითი ალიანსის სამყაროული ჩამოშლა, საბოლოო ანალიზით, კაპიტალისტური საზოგადოების მიმდინარე განვითარებისთვის ყველაზე არახელსაყრელი ფაქტორია. ბურჟუაზია კარგავს მეტოქეს, რომელიც არსებული წესრიგის ყოველგვარი უარყოფის ილუზორული ერთიანობით, მას ობიექტურად გვერდში უდგას. სპექტაკლისებური შრომის ასეთნაირი დანაწილება საკუთარ სასრულობას მაშინ ხედავს, როდესაც ფსევდორევოლუციის როლიც თავის მხრივ დანაწილებას იწყებს. მუშათა მოძრაობის ქრობის სპექტაკლისებური ელემენტი ადრე თუ გვიან თვითონვე გაქრება.

112. ლენინისტურ ილუზიას იმ ტროცკისტულ ტენდენციათა გარდა სხვა აქტუალური საფუძველი აღარ შერჩენია, რომლებშიც პროლეტარული პროექტის იდეოლოგიის იერარქიულ ორგანიზაციასთან გაიგივება, მყარად [inébranlablement] უძლებს მისივე ყოველგვარი შედეგის გამოცდილებას. მანძილი, რომელიც ტროცკიზმს საზოგადოების მიმდინარე მდგომარეობის რევოლუციური კრიტიკისგან აცალკევებს, ამავდროულად მასვე უნარჩუნებს იმ პოზიციებზე დაკვირვებისთვის საჭირო მოკრძალებულ დისტანციას, რომელთა სიმცდარეც რეალურ ბრძოლაში გამოყენებისთანავე დადასტურდა. 1927 წლამდე ტროცკი მაღალი ბიუროკრატიისადმი ფუნდამენტურად სოლიდარული რჩებოდა, რადგან საგარეო ურთიერთობათა სფეროში ჭეშმარიტად ბოლშევიკურად მოქმედებას ცდილობდა (ცნობილია, რომ ამ დროისთვის, სახელგანთქმული „ლენინის ანდერძის“ გადამალვის მიზნით, იგი იმდენად შორს წავიდა, რომ ცილისწამებით ჩამოიშორა თანამებრძოლი მაქს ისტმანი, რომელსაც ეს ანდერძი გაეხმაურებინა). ტროცკი მისივე ფუნდამენტურმა პერსპექტივამ გაწირა, ვინაიდან მაშინ, როდესაც ბიუროკრატია შედეგების საფუძველზე საკუთარ თავს შიდა კონტრრევოლუციურ კლასად შეიცნობს, მანვე ისიც უნდა გადაწყვიტოს, რომ რევოლუციის სახელით, როგორც შიგნით, ისე გარეთაც ქმედითად კონტრრევოლუციური რჩებოდეს. მეოთხე ინტერნაციონალისთვის ტროცკის შემდგომი ბრძოლაც იმავე შეუსაბამობას შეიცავდა. მთელი ცხოვრების განმავლობაში იგი უარს ამბობდა, რომ ბიუროკრატიაში ცალკე არსებული კლასის ძალაუფლება ეცნო, რადგან რუსეთის მეორე რევოლუციის მიმდინარეობისას, ორგანიზაციის ბოლშევიკური ფორმის უპირობო მიმდევარი გამხდარიყო. 1923 წელს, როდესაც ლუკაჩმა აჩვენა, რომ ეს ფორმა როგორც იქნა თეორიასა და პრაქტიკას შორის მოძიებული შუამავლობა იყო, სადაც პროლეტარები აღარ წარმოადგენდნენ მათივე ორგანიზაციაში წარმოშობილი ხდომილებების „სპექტაკლისებურ მაყურებლებს“ და ახლა უკვე ცნობიერად ირჩევდნენ და ცხოვრობდნენ ამ ხდომილებებს, იგი ბოლშევიკური პარტიის ღირსებად ყველაფერ იმას აღწერდა, რაც ეს პარტია არ ყოფილა. ლუკაჩი მის მიერ გაწეული უღრმესი თეორიული სამუშაოს მიუხედავად, მაინც იდეოლოგად რჩებოდა, რომელიც პროლეტარული მოძრაობიდან ყველაზე ვულგარულად გამიჯნული ძალაუფლების სახელით ლაპარაკობდა, რომელსაც სჯეროდა და სხვასაც აჯერებდა, რომ თვითონ მას, მთელი თავისი პიროვნებით, ამ ძალაუფლების საკუთრივობაში საკუთარივე თავი აღმოეჩინა. მაშინ, როდესაც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა გამოააშკარავა, რომ ეს ძალაუფლება არაფრად აგდებდა და თავიდან იცილებდა ლაქიებს [valets], დაუსრულებელ თვითგმობაში მყოფმა ლუკაჩმა კარიკატურული სიმკაფიოვით აჩვენა ის, თუ ზუსტად რასთან აიგივებდა თავს, რომ ძალაუფლების ეს ფორმა წინააღმდეგობაში მოდიოდა, როგორც თვითონ მასთან, ასევე ყველაფერ იმასთანაც, რასაც იგი წიგნში, ისტორია და კლასობრივი ცნობიერება იცავდა. ლუკაჩი ყველაზე უკეთ ნათელყოფს იმ ფუნდამენტურ წესს, რომლითაც ამ საუკუნის ყველა ინტელექტუალი განისჯება – ის, რასაც ისინი ეთაყვანებიან, სიზუსტეში აისახავს მათსავე საძულველ რეალობას. თუმცა ლენინი თავისი მოქმედებების კონტექსტში, თითქმის არც მოითხოვდა ამ სახის ილუზიებს, ესმოდა რა რომ „პოლიტიკურ პარტიას არ შეუძლია საკუთარი წევრები იმის დანახვაში გამოცადოს, არის თუ არა წინააღმდეგობები მათ ფილოსოფიასა და პარტიის პროგრამას შორის“. რეალური პარტია, რომლის საოცნებო პორტრეტიც ლუკაჩს დაუდევრად წარმოედგინა, შეწყობილი მხოლოდ ერთი ზუსტი და ნაწილობრივი ამოცანისთვის იყო, რომ მიეტაცებინა სახელმწიფოს ძალაუფლება.

113. მიმდინარედ არსებული ტროცკიზმის ნეოლენინისტური ილუზია, გამომდინარე იქიდან, რომ იგი მოდერნული კაპიტალისტური საზოგადოების ბურჟუაზიული და ბიუროკრატიული რეალობის მიერ მუდმივად უარყოფილია, თვითგანხორციელების უპირატეს ველს ფორმალურად დამოუკიდებელ, „ქვეგანვითარებულ“ ქვეყნებში პოულობს; იქ, სადაც ეტატისტური და ბიუროკრატიული სოციალიზმის ნებისმიერი სახესხვაობა, ადგილობრივად გაბატონებული კლასის მიერაა მანიპულირებული, როგორც ეკონომიკური განვითარების უბრალო იდეოლოგია. ამ კლასების ჰიბრიდული შედგენილობა მეტნაკლები სიცხადითაა მიბმული ბურჟუაზიულ-ბიუროკრატიული სპექტრის გრადაციაზე. საერთაშორისო მასშტაბით, არსებული კაპიტალისტური ძალაუფლების ორ პოლუსს შორის ამ კლასების მიერ ავტორიზებული თამაშები, ისევე, როგორც მათი იდეოლოგიური კომპრომისები (აღსანიშნავია ისლამიზმის შემთხვევა), მათი სოციალური საფუძვლის ჰიბრიდულ რეალობას გამოხატავს, იმას, რაც იდეოლოგიური სოციალიზმის ამ უკანასკნელ ქვეპროდუქტს პოლიციის გარდა ყველაფერ სერიოზულს აცლის. ბიუროკრატიას შეუძლია, რომ ეროვნული ბრძოლისა და გლეხების აგრარული ამბოხის წინამძღოლობით ჩამოყალიბდეს. შემდეგ უკვე, როგორც ეს ჩინეთში მოხდა, იგი ინდუსტრიალიზაციის სტალინური მოდელის გამოყენებისკენ იმ საზოგადოებებში ისწრაფვის, რომლებიც 1917 წლის რუსეთზე ნაკლებ განვითარებულები არიან. ნაციის ინდუსტრიალიზების შემძლე ბიუროკრატია შეიძლება, რომ ძალაუფლებით აღჭურვილი არმიის რიგებიდან გამოსული წვრილი ბურჟუაზიიდან ჩამოყალიბდეს, როგორც ამას ეგვიპტის მაგალითი აჩვენებს. გარკვეულ ისტორიულ მონაკვეთებში, მაგალითად დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ბოლოს ალჟირში, ამ ბრძოლის განმავლობაში პარასახელმწიფოებრივ მმართველობად თვითკონსტიტუირებული ბიუროკრატია მოწყვლად ეროვნულ ბურჟუაზიასთან შერწყმის მიზნით, კომპრომისისთვის საჭირო წონასწორობის წერტილის მოძიებას ცდილობდა. შავი აფრიკის ყოფილ კოლონიებში, რომლებიც კვლავაც ღიად მიბმულები რჩებიან დასავლურ (ამერიკულ და ევროპულ) ბურჟუაზიაზე, ადგილობრივი ბურჟუაზია ყველაზე ხშირად, ტომთა ტრადიციული ბელადების ძალაუფლებით მისაკუთრებული სახელმწიფოთი ფორმირდება. ამ ქვეყნებში, სადაც უცხოური იმპერიალიზმი ეკონომიკის ჭეშმარიტ პატრონად რჩება, კომპრადორებმა ადგილობრივ ნაწარმთა გაყიდვის სანაცვლოდ, კომპენსაციად ადგილობრივი სახელმწიფოს საკუთრება მიიღეს; სახელმწიფო, რომელიც ადგილობრივი მასებისგანაა დამოუკიდებელი, მაგრამ არა იმპერიალიზმისგან. ასეთ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ხელოვნურ ბურჟუაზიასთან, რომელსაც არ შეუძლია დაგროვება, იგი უბრალოდ ადგილობრივი შრომის ნამატი ღირებულებიდან იმ წილს ფლანგავს, რომელიც მფარველი სახელმწიფოების ან მონოპოლიების მხრიდან გაღებული უცხოური სუბსიდიების სახით უკანვე უბრუნდება. ამ სახის ბურჟუაზიული კლასების აშკარა უუნარობა რამენაირად დააკმაყოფილონ ბურჟუაზიის ნორმალური ეკონომიკური ფუნქცია, ყოველ მათგანს ადგილობრივ თავისებურებებთან მეტნაკლებად მორგებული და ბიუროკრატიული მოდელიდან ამოზრდილი დამხობის წინაშე აყენებს, რომელსაც თავად სურს ამ ბურჟუაზიის მემკვიდრეობის ხელში ჩაგდება. მაგრამ ინდუსტრიალიზაციის ფუნდამენტურ პროექტში ბიუროკრატიის წარმატება, აუცილებლობით შეიცავს მისივე ისტორიული მარცხის პერსპექტივასაც. კაპიტალის დაგროვებით, იგი პროლეტარიატსაც თან აგროვებს და ამდენად, საკუთარ თავსვე უარყოფს იმ ქვეყანაში, რომელშიც იგი ჯერ კიდევ არ არსებულა.   

114. ამ რთულ და საზარელ განვითარებაში, რომელმაც კლასობრივი ბრძოლების ეპოქა ახალი პირობებისკენ გადაამისამართა, ინდუსტრიული ქვეყნების პროლეტარიატმა სრულად დაკარგა საკუთარი ავტონომიური პერსპექტივის ჰოყოფის შეძლება, საბოლოო ანგარიშით, დაკარგა ილუზიებიც, მაგრამ არა თავისი ყოფნა [mais non son être]. პროლეტარიატი არ ჩახშობილა. იგი მოდერნული კაპიტალიზმის გაინტენსიურებულ გაუცხოებაში [l’aliénation intensifiée], დაუყვანელ არსებულად სახლობს. პროლეტარიატია მშრომელთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომელთაც საკუთარი სიცოცხლის განკარგვის ყოველგვარი ძალაუფლება დაკარგეს და რომლებიც, როგორც კი ამას გააცნობიერებენ, თავს ხელახლა განიმარტავენ პროლეტარიატად, ამ საზოგადოების მოქმედებაში მოყვანილ უარყოფად. პროლეტარიატი ობიექტურად დასტურდება გლეხობის ქრობისა და ქარხნული შრომის ლოგიკის განვრცობით, რომელიც ინტელექტუალურ პროფესიებთან ერთად ახლა უკვე „მომსახურებათა“ დიდ ნაწილსაც ესადაგება. სუბიექტურადაა, რომ პროლეტარიატი კვლავაც შორეულადაა მოწყვეტილი საკუთარ პრაქტიკულ კლასობრივ ცნობიერებას; და ეს ასეა, როგორც (თეთრსაყელოიან) დასაქმებულებს შორის, ისე იმ ინდუსტრიული მშრომელების შემთხვევაშიც, რომლებსაც სხვა აღარაფერი დარჩენიათ, თუ არა ხელახლა აღმოაჩინონ ძველი პოლიტიკის უძალობა და მისტიფიკაცია. და მაშინ, როდესაც პროლეტარიატი აღმოაჩენს, რომ მისივე გარეთფენილი ძალა [force extériorisée] არა მხოლოდ გაწეული შრომის ფორმის ქვეშ, არამედ პროფკავშირების, პარტიებისა თუ იმ სახელმწიფოებრივი შეძლების ქვეშაც, რომელიც თვითგათავისუფლებისთვის ჩამოაყალიბა, კაპიტალისტური საზოგადოების უწყვეტ გაძლიერებას უწყობს ხელს, იგი კონკრეტული ისტორიული გამოცდილებით იქვე იმასაც აღმოაჩენს, რომ ის არის კლასი, რომელიც ყოველი გაყინული გარეთფენის და ძალაუფლების ყოველგვარი სპეციალიზაციის სრული მტერია. პროლეტარიატი თან დაატარებს რევოლუციას, რომელიც საკუთარი თავის გარეთ არაფერს ტოვებს, იგი თან დაატარებს წარსულზე აწმყოს უწყვეტი ბატონობის მოთხოვნასა და განცალკევების სრულ კრიტიკას. სწორედ აქ უნდა მოიძიოს მან მოქმედების შესაბამისი ფორმა. საკუთარი სიღატაკის ვერავითარი რაოდენობრივი გაუმჯობესება, ვერავითარი იერარქიული ინტეგრაციის ილუზია, პროლეტარიატისთვის ვერ გამოდგება მისივე უკმაყოფილების განკურნების ხანგრძლივ საშუალებად, რადგანაც პროლეტარიატს საკუთარი თავის ჭეშმარიტად ამოცნობა არც ცალკეულ ცდომილებაში შეუძლია და არც ამ ცალკეული ცდომილების გამოსყიდვაში ან ამგვარ ცდომილებათა დიდძალ რაოდენობაში – მას ეს მხოლოდ აბსოლუტურ ცდომილებაში, სიცოცხლის განაპირას უარყოფილად დარჩენილს შეუძლია.     

115. სპექტაკლისებური მოწყობით გაუგებრად და გაყალბებულად დატოვებულ უარყოფის ახალ ნიშნებზე მიყოლებით, რომლებიც ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში მრავლდებიან, მავანს შეუძლია იქვე დაასკვნას, რომ ჩვენს თვალწინ ახალი ეპოქა იბადება. მშრომელთა დაშლის პირველი მცდელობის შემდეგ, ახლა კაპიტალისტური სიჭარბეა ის, რაც დაეცა. მაშინ, როდესაც დასავლეთის მშრომელთა ანტიპროფკავშირულ ბრძოლებს პირველ რიგში თვითონ პროფკავშირები ჩაახშობენ და მაშინ, როდესაც ახალგაზრდების ამბოხით სავსე სოციალური დინებები სათავეს დაუდებენ ინფორმირებულ პროტესტს, რომელიც საკუთარ თავში აუცილებლობით იგულისხმებს ძველი სპეციალიზებული პოლიტიკის, ხელოვნებისა და ყოველდღიური ცხოვრების უკუგდებას, დანაშაულის ნიღაბქვეშ ამ ორი სახით გამომჟღავნებული ახალი სპონტანური ბრძოლა დაიწყება. ეს ნიშნები კლასობრივი საზოგადოების წინააღმდეგ მეორე პროლეტარულ იერიშს გვაუწყებენ. და მაშინ, როდესაც ამ ჯერ კიდევ უძრავ არმიაში დაკარგული ბავშვები ხელახლა გამოჩნდებიან ბრძოლის ველზე, (ველზე, რომელიც ერთდროულად სხვადაც ქცეულა და იგივედაც რჩება) ისინი ახალ “გენერალ ლადს” გაჰყვებიან, იმას, ვინც მათ ამჯერად ნებადართული მოხმარების მანქანების განადგურებისკენ გადაისვრის.                   

116. „როგორც იქნა აღმოჩენილმა იმ პოლიტიკურმა ფორმამ, რომელშიც შრომა შეიძლება, რომ ეკონომიკურად გათავისუფლდეს“, ამ საუკუნის მუშათა რევოლუციურ საბჭოებში ცხადი სახე შეიძინა. ასეთი საბჭოები საკუთარ თავში იკრებენ გადაწყვეტილებისა და აღსრულების ყველა ფუნქციას, ერთმანეთთან ფედერაციულ კავშირებს კი იმ დელეგატების მეშვეობით ამყარებენ, რომლებიც ქვემდგომთა წინაშე არინ პასუხისმგებლები და რომელთა უკან გამოხმობაც ნებისმიერ დროს შეიძლება. მათი ქმედითი არსებობა კვლავაც მხოლოდ მოკლე მონახაზს წარმოადგენს, კლასობრივი საზოგადოების დამცველი სხვადასხვა ძალის მიერ უმალ ბრძოლაში გამოწვეულს და დამარცხებულს, ხშირად ყალბი ცნობიერებით დამძიმებულსაც. პანეკუკი დაჟინებით და სამართლიანად მიუთითებდა იმ ფაქტზე, რომ მუშათა საბჭოების ძალაუფლების არჩევა გადაწყვეტილების მაგივრად „პრობლემებს აჩენდა“. თუმცა სწორედ ეს ძალაუფლებაა ის ადგილი, სადაც პროლეტარული რევოლუციის პრობლემებმა შეიძლება, რომ საკუთარი ჭეშმარიტი გადაწყვეტილება იპოვონ. ამ ადგილას ისტორიული ცნობიერების ობიექტური პირობები კვლავგაერთიანებულია, პირდაპირი ქმედითი კომუნიკაცია მოქმედებაშია მოყვანილი, სპეციალიზაცია, იერარქია და განცალკევება დასრულებულია, არსებული პირობები „ერთობის პირობებადაა“ გარდაქმნილი. აქ პროლეტარული სუბიექტი შეიძლება, რომ საკუთარი ბრძოლიდან მჭვრეტელობის გარეშე წარმოიქმნას. ამ სუბიექტის ცნობიერება იმ პრაქტიკულ ორგანიზებას უდრის, რომელსაც იგი საკუთარ თავს ანიჭებს, ვინაიდან თვითონ ეს ცნობიერება განუცალკევებელია ისტორიაში შეწყობილი შეჭრისგან.

117. საბჭოების ძალაუფლებაში, რომელმაც საერთაშორისოდ უნდა გააძევოს ყველა სხვა ძალაუფლება, პროლეტარული მოძრაობა საკუთარივე თავის ნაწარმია, და ეს ნაწარმი მწარმოებელიც თვითონაა. იგი თვითონვეა საკუთარი თავის მიზანი. მხოლოდ ასეთ ძალაუფლებაშია სიცოცხლის სპექტაკლისებური უარყოფა თავის მხრივ უარყოფილი.    

118. საუკუნის პირველ მეოთხედში საბჭოების არსებობა, პროლეტარული მოძრაობის უმაღლესი რეალობა იყო, რეალობა, რომელიც შეუმჩნეველი ან შენიღბული დარჩა, ვინაიდან დროის შეკრებილი ისტორიული გამოცდილებით უკუგდებული და მოცილებული, იგი დანარჩენ მოძრაობასთან ერთად გაქრა. პროლეტარული კრიტიკის ახალ მომენტში, ეს შედეგი დამარცხებული მოძრაობის ერთადერთ დაუმარცხებელ წერტილად ბრუნდება. ისტორიულ ცნობიერებას, რომელმაც იცის, რომ ეს მისი არსებობის ერთადერთი ადგილია, ახლა შეუძლია, რომ იგი აღიაროს არა იმ ყოველივეს პერიფერიაზე, რაც უკუმიიქცევა, არამედ იმ ყოველივეს ცენტრში, რაც ზევით მიიწევს.

119. საბჭოების ძალაუფლებამდე არსებულმა რევოლუციურმა ორგანიზაციამ, რომელმაც საკუთარი ფორმა ჯერ კიდევ ბრძოლით უნდა მოიპოვოს, ყველა ამ ისტორიული მიზეზის გამო უკვე იცის, რომ იგი არ წარმოადგენს კლასს. მან მხოლოდ საკუთარი თავი უნდა აღიაროს განცალკევების სამყაროსგან რადიკალურ განცალკევებაში მყოფად.

120. რევოლუციური ორგანიზაცია პრაქტიკული ბრძოლებით არაერთმხრივ კომუნიკაციაში შესული პრაქსისის თეორიის იმნაირად შეწყობილი გამოხატულებაა, რომელიც თანდათანობით პრაქტიკულ თეორიად იქცევა. მისი საკუთრივი პრაქტიკა, ამ ბრძოლებში კომუნიკაციის განზოგადება და შეწყობილობის შენარჩუნებაა. სოციალური განცალკევების ქრობის რევოლუციურ მომენტში, ამ ორგანიზაციამაც უნდა ცნოს საკუთარი ქრობა, როგორც განცალკევებული ორგანიზაცია.

121. რევოლუციური ორგანიზება საზოგადოების მხოლოდ ერთიანი კრიტიკა შეიძლება იყოს, სხვანაირად რომ ვთქვათ, კრიტიკა, რომელიც სამყაროს არცერთ წერტილში, განცალკევებული ძალაუფლების არცერთ ფორმასთან არ ზავდება, რომელიც გაუცხოებული სოციალური ცხოვრების ყველა ასპექტის წინააღმდეგ გლობალურადაა გამოცხადებული. კლასობრივი საზოგადოების წინააღმდეგ რევოლუციური ორგანიზების ბრძოლაში, იარაღი თვითონ მებრძოლთა არსებაა. რევოლუციურ ორგანიზებას არ შეუძლია, რომ საკუთარ თავში კვლავაწარმოოს გაბატონებული საზოგადოებისთვის ჩვეული ხლეჩისა და იერარქიის პირობები. მან უწყვეტად უნდა იბრძოლოს საკუთარი თავის მბრძანებელ სპექტაკლში დეფორმირების წინააღმდეგ. რევოლუციური ორგანიზების მთლიანობით დემოკრატიაში მონაწილეობის ერთადერთი საზღვარი, მისი ყველა წევრის მხრიდან ამ კრიტიკის შეწყობილობის აღიარება და ქმედითი თვითაპროპრიაციაა, შეწყობილობის, რომელიც მართებულად რომ ითქვას, კრიტიკულ თეორიასთან ერთად, ამ თეორიასა და პრაქტიკულ ქმედითობას შორის არსებულ ურთიერთობაში უნდა დამტკიცდეს.           

122. მაშინ, როდესაც არსებულის ყველა დონეზე მუდმივად ბიძგმიცემული კაპიტალისტური გაუცხოება, მშრომელებისთვის სულ უფრო მეტად ართულებს საკუთარივე სიღატაკის აღიარებისა და სახელდების მდგომარეობას, რითიც მათ ამ სიღატაკის მთლიანობაზე უარის თქმას ან არაფერს შორის ალტერნატივაში ათავსებს, რევოლუციურმა ორგანიზებამ უნდა გაიაზროს, რომ მას აღარ შეუძლია გაუცხოებას გაუცხოებული ფორმებითვე ებრძოლოს.   

123. პირველადაა, რომ პროლეტარული რევოლუცია ერთიანადაა დამოკიდებული იმ აუცილებლობაზე, რომ თეორია, როგორც ადამიანური პრაქტიკის გონისმიერება [intelligence], მასების მიერ იყოს აღიარებული და ნაცხოვრები. იგი მოითხოვს, რომ მშრომელები დიალექტიკოსებად იქცნენ და საკუთარი ნააზრევი პრაქტიკაში აღბეჭდონ. ამდენად, ასეთი რევოლუცია უთვისებო ადამიანებიდან იმაზე გაცილებით მეტს მოითხოვს, ვიდრე ბურჟუაზიულმა რევოლუციამ მოითხოვა იმ კვალიფიციური ადამიანებისგან, რომელთაც რევოლუციის განხორციელება გადააბარა. ეს ასეა, რადგან ბურჟუაზიული კლასის მიერ ჩამოყალიბებული ნაწილობრივი იდეოლოგიური ცნობიერება, ეკონომიკის სახით სოციალური ცხოვრების იმ ცენტრალურ ნაწილს დაეფუძნა, რომლის ძალაუფლებასაც ეს კლასი უკვე ფლობდა. კლასობრივი საზოგადოების უსიცოცხლობის [non-vie] სპექტაკლისებურ ორგანიზაციამდე განვითარება, რევოლუციურ პროექტს იმის გამოაშკარავებისკენ მიუძღვის, რაც ის არსებითად უკვე იყო.

124. რევოლუციური თეორია ახლა ყველა რევოლუციური იდეოლოგიის მტერია და მან იცის, რომ ის არის.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…